აღმოჩენა და პყრობა აწინდელთა მეპატრონეთა კახეთისათა
[edit]ხოლო განუდგნენ რა ო̃ჱ მეფესა გიორგის ქ{რისტე}სა ჩ̃უჲვ, ქარ{თულსა} რ̃ნდ, და დავით დაიპყრა კახეთი. არამედ ამ დავითისასა, არა ვითარცა კახნი იტყჳან, სარწმუნო არს და საგონებელი ეგრეთ, რამეთუ იყო ესე დავით ძე ალექსანდრესი ძისა დავითისა და ამან ალექსანდრემ განჰყო ძენი თჳსნი: უხუცესსა ბაგრატს მისცა იმერეთი, მეორესა გიორგის მისცა ქართლი, სომხითი და სამცხე-კლარჯეთი, მესამეს ამ დავითს მისცა ჰერეთი და კახეთი. არამედ ამას ვიხილავთ არა ესრეთ, რამეთუ ვინაჲთგან არა იყო ჩუეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა. გარნა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლთა, ვითარცა საჩინო არს, გარნა თუ ძეთა დასხმიდნენ არა მეფედ, არამედ ერისთავად და მორჩილად მეფეთა. და ვინაჲთგან არცა ეგდენ დიდ არს, რათა დგეს წინაშე მტერთა სამ სამეფოდ. მეორედ ვიუწყებთ ცხოვრებათა, გუჯრებთა და ქრონიკონებთაგან, რამეთუ იყო ერთმეფობა ბრწყინვალის მეფის გიორგიდამ, ვიდრე ო̃ჱ მეფის გიორგისამდე, ვითარცა ჟამსა ბაგრატ მეფისასა, მოსლვასა თემურისასა და ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელისასა; რამეთუ არა ძალ-ედვათ ქმნად იგინი, რომელნი აღწერილ არიან და სხუანიცა. მესამედ, არა იყო იგი ალექსანდრე მეფე ქართლისა არცა ძე დავითისა, არამედ იყო ძე ბაგრატისა, მიქელ მეფის ძისა იმერთასა, და არცა ესუა ამ ალექსანდრეს სამნი იგი ძენი, არამედ მხოლოდ დიმიტრი, და ამ დიმიტრის ძე ბაგრატ განუდგა გიორგის ჱ მეფესა, და უკეთუ მცხეთის აღმაშენებელის ალექსანდრეს ძენი იყვნენ იგინი, არა ესუა ალექსანდრეს იგინი, არამედ ვახტანგ შემდგომად მისა მეფე, ბ̃ გიორგი, ო̃ჱ მეფე, და მესამე დიმიტრი, რომელი წარავლინა წინაშე ყეენისა და პატივცემული მოუვლინა. ესენი ყოველნი გუჯრითა და ქრონიკონებითა ესრეთ არიან. და კუალად უკეთუ მის ზეითის ალექსანდრეს ძე იყოს დავით, ვერ მოსწუდებიან დავით, გიორგი და ალექსანდრე ავგიორგისამდე, ვინაჲთგან ვსცნობთ ქრონიკონსა სიკუდილსა ალექსანდრესსა აეგიორგისაგან, რომელს რიცხუს მოკლა, რამეთუ გარდაჴდნენ მის ალექსანდრედამ ავგიორგისამდე წელნი რ̃კბ. მეოთხედ, რამეთუ მცხეთის აღმაშენებელის ალექსანდრესი წარმოვაჩინეთ. გარნა ესეცა იუწყე, რამეთუ ამის წინათთა მეფეთა ჟამთა შინა, ანუ ცხოვრებათა, ანუ გუჯართა და ქრონიკონებთა შინა არა სადა ვიხილავთ კახთა მეპატრონეთა მოჴსენებასა, არათუ შემდგომად ალექსანდრე ო̃ვ მეფისა.
კუალად ვინამენი იტყჳან ძეთა აღსართანისათა ყოფად მათ. არამედ ესე უმეტეს შეუმგზავსებელ არს თქმად. ვინაჲთგან აღსართანის ნათესავი მოსწყდა ჟამსავე დავით აღმაშენებელისასა, ვითარცა ითქუა. მეორედ არა იქმნას გუარი ტ̃ჲგ წელსა, არა თუ იყოს ჩინებული და დაადგრეს მოსაჴსენებელად, მესამედ, რამეთუ არა სადამე ვიხილავთ კუალად მოჴსენებასა, ანუ ყოფნასა მათსა აღმაშენებელიდამ ო̃ჱ მეფის გიორგისამდე. ხოლო არამედ ბაგრატიონთა ჩამომავლობა მათი ძალ-უცს ყოფად, ამისთჳს რამეთუ ჩუეულება იყო საქართველოს ნათესავთაგან მაშინ, რამეთუ არა ვისმე იპატრონებდიან, უკეთუ ჰყვათ მემკჳდრე მეფეთა ნათესავი. გარნა უკეთუ განდგა გრიგოლი და მას ჟამსა შინა სხუანი არღარა ვინ იყო მეფეთა ნათესავი. მეორედ, უკეთუ მონათესავეთაგანი მეფეთა არა იყოს დავით, მასვე ჟამსა ვერ იკადრებდა მეფედ წოდებად და სწორყოფად და ვერცა გუარობათა მეფეთასა, ვითარცა ათაბაგი, დადიანი და გურიელი და სხუანი. არამედ თუცა ესენიცა განდგნენ, გარნა არა მეფედ, არამედ მთავრად, ვინაჲთგან განმკჳდრებულნი აქუნდათ საერისთონი თჳსნი პირველვე. გარნა ზნენი მათნი ჰფარვენ, ვინაჲთგან არიან მესისხლენი მამა-ძმათა თჳსთა ცუდად და კეთილშემძლებელთა წარჩინებულთა თჳსთა და სხუათა მიყოლითა და მინდობითა საქმეთა თჳსთა განმართვენ და ჰყოფენ, და არა თჳთ თავით თჳსით. რამეთუ არა სადა ცხოვრებასა შინა ვიხილავთ ესრეთთა ბაგრატიონთა ტომსა. არამედ ვინაჲთგან ბნელი და უჩინო არს ცხოვრება და ძნიად გამოსაკულეველი. გარნა რაოდენ შესაძლებელ არს გუჯრებთა, სიგლებთა და ქრონიკონებთაგან წარმოვაჩინოთ, რამეთუ ესე დავით ანუ არს ჰერთა და კახთა ერისთავთაგანი ერთი განდგომილი, ვითარცა გრიგოლი მთავარი. არამედ ესე უღონოებს, ვინაჲთგან საგონებელ არს სხუათა ერისთავთა არა დამორჩილებად მისდა. ხოლო უკეთუ გრიგოლისას იტყჳ, იგი იყო თჳთ კახეთის ერისთავი და დაიპყრა კახეთი და არა ჰერეთი, რამეთუ არა ერჩდა ადარნასე. გარნა ვსწერთ ჩუენ მეფის ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელის ძის დიმიტრის ძედ დავითს, რომელსა აქუნდა საერისთოდ ანუ საუფლისწულოდ (ვითარცა ჩუეულება არს საქართველოსი) კახეთს ანუ ჰერეთსა შინა. ამისთჳს რამეთუ ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელს არა ესუა ძე, თჳნიერ რომელი ზეით აღვსწერეთ, მოწმობითა მითვე აღწერილითა და ამითი ბაგრატიონობა მისი და ჩამომავალთა მისთა დიმიტრისაგან და თჳნიერ მისა არა. და თუ ვის გნებავს უმეტეს ამათგანი ანუ მოწმობითა სხუა იგულვეთ. ხოლო ჩუენი გამოკულეული ქუემორე საჩინოდ არს.
ა̃. მეფე დავით, ე̃ წელი მეფა
[edit]ხოლო რაჟამს იძლია ო̃ჱ მეფე გიორგი ჩიხორს ბაგრატისაგან და შემდგომად თავრიჟ გილაქის თემურისაგან, მერმე შეპყრობილ იქმნა ყუარყუარე ათაბაგისაგან და დაიპყრა ქართლი ბაგრატ მეფემან იმერთამან და იწყო პყრობად კახეთისად. ამისთჳს შეიზრახნენ მაშინ ჰერკახთა წარჩინებულნი და ერისთავნი და არა ინებეს მეფედ თჳსად ბაგრატ, ვინაჲთგან განდგნენ სხუანიცა და გამოირჩიეს მუნვე მყოფი ერისთავთაგანი ანუ გამოკულეული ჩუენი ესე ო̃ვ მეფის ალექსანდრეს ძის დიმიტრის ძე დავით და დასუეს, ვითარცა მეფე, რათა აქუნდესთ თავისუფლება შლილობათა ამათ შინა. ხოლო ოდეს განთავისუფლდა ო̃ჱ გიორგი მეფე, შეკრებული სპითა ათაბაგითურთ მოვიდა დავითს ზედა.
მაშინ კუალად დაუტევეს ჰერ-კახთა დავით და მიერთუნენ მეფესა გიორგის, და დაიპყრა მეფემან გიორგი ჰერ-კახნი. ხოლო დავით ივლტოდა დედაწულით თჳსით დიდოეთს და დიდოთა შეიწყნარეს იგი და პატივ-სცეს კეთილად. მაშინ გიორგი მეფემან ვერღარა ავნო დავითს მუნ, ვინაჲთგან აქუნდა შინაგანი განუსუენებლობა. არამედ შემდგომად სიკუდილისა მეფისა გიორგისა ჩამოიყვანეს კუალად დავით დიდოეთიდამ ჰერ-კახთა და დასუეს უმეტეს მტკიცედ მეფედ კახთა და იტყჳანცა, რამეთუ აკურთხეს ბოდბეს ქ{რისტ}ეს ჩ̃უჲთ, ქარ{თულსა} რ̃ნზ. რამეთუ იხილეს განსუენება თჳსი ჰერ-კახთა ამის გამო, ვინაჲთგან კოსტანტინე მეფესა აქუნდა მას ჟამსა დიდი განუსუენებლობა. არამედ კურთხევასა კოსტანტინესსა წარვიდნენ რომელნიმე ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი ჰერ-კახთანი, და არცა უტევებდა კოსტანტინე მეფე პყრობად დავითს მარტყოფს, საგურამოს, და ხერკსა, და ვერ ბრძო დავით კოსტანტინეს, ვინაჲთგან ეშინოდა ერისთავთა თჳსთაგან, არამედ მცდელობდა განმკჳდრებასა ჰერ-კახთასა, გარნა მცირედისა შემდგომად დასნეულდა ვითარებასა შინა და მოკუდა ქ{რისტე}სა ჩ̃უოა, ქარ{თულსა} რ̃ნთ.
ბ̃. მეფე გიორგი, კ̃ა წელი მეფა
[edit]შემდგომად დავითისა დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ კახთა (ანუ ვითარცა სხუანი იტყჳან ლევან) და ეკურთხა ბოდბეს. ხოლო ესე გიორგი, ვინაჲთგან მცდელობდა მეფე კოსტანტინე ჰერ-კახთა ერისთავთა თანა კუალად შეერთებასა და ერთმეფობასა, ამისთჳს მიერთო იმერთა მეფესა ბაგრატს და დაიპყრა სრულიად კახეთი. მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხნა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, ვითარცა არიან დღემდე: მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა, ჭიაურისა, შილდა-ყუარელისა, მარტყოფისა, გრემისა, პანკისისა და სხუანიცა, და განჰყო ოთხ სადროშოდ, ვითარცა აღვსწერეთ, და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა, რათა არა განიმკჳდრონ მთავართა და დაიპყრან შეუცვალებელად, და ამით ერთგულ-ყვნა მრავალნი.
კუალად ჰყო ალავერდელი ეპისკოპოსად, რამეთუ იყო აქამომდე ამბა და მონასტერი და მისცა სამწყსო და ხარისხი თავ კახთა ეპისკოპოსთა. კუალად ჰყო გრემი ქალაქი და ტახტი ჰერ-კახთა და შენობა დიდი. ამანვე მოსპო სახელი ჰერეთისა და იწოდა, ვითარცა აღვსწერეთ, არა მისცა მთავართა ძალი, არამედ თჳთ დაიპყრა. გარნა თუ იწოდა თჳსთაგან მეფედ. არამედ გარემონი თჳსნი კახ-ბატონად უწოდებდენ. ამათ არა მორჩილებდნენ თუშნი და ფშავ-ჴევსურნი. არამედ დიდოეთი ერთგულებისათჳს დავითისა ერთგულებდენ ამათ და მსახურებდნენ.
ხოლო მოსლვასა უზუნ-ასან ყეენისასა, რა მოსრნეს ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი, ამან გიორგი უძღუნა ყეენსა ძღუენი დიდი და ტყუენი ქალ-ყრმანი და აღუთქუა მორჩილება და დაადგრა მშჳდობით. ხოლო შემდგომად ეზრახა გიორგის მეფე კოსტანტინე მწეობასა სპარსთა და სარკინოზთა ზედა და არა ინება გიორგიმ, რათა არა იქმნას კუალად შეერთება. მერმე მოსლვასა იაყუფ ყეენისასა ეგო კუალად გიორგი მშჳდობით. გარნა მცდელობდა ურჩთა შეცულასა და თჳსთა ამაღლებასა. აღაშენა კახეთი და განავსნა, ვინაჲთგან აქუნდა მშჳდობა: შემდგომად მოკუდა მეფე გიორგი ქ{რისტ}ესა ჩუჟბ. ქარ{თულსა} რ̃პ.
გ̃. მეფე ალექსანდრე ა̃, ი̃თ მეფა
[edit]დაჯდა შემდგომად გიორგისა ძე მისი ალექსანდრე, მკურთხევი ბოდბესვე მეფედ (ვინამენი იტყჳან ალავერდს). ესე ალექსანდრე იყო შუენიერი, ჰაეროვანი, ახოვანი, მოისარ-მოასპარეზე, საჩინო და უებრო, კეთილ-უბოროტო, მოწყალე, მშჳდი და მდაბალი. ამას ესხნეს ძენი: გიორგი და დიმიტრი. ესე დაზავდა მეფესა ქართლისასა კოსტანტინეს და განაჩინეს საზღვარი აღწერილი და იყო მიერით მშჳდობა და მეგობრობა ურთიერთთა.
ხოლო ჟამსა ალექსანდრესსა გამოჩნდა შაჰისმაილ, ძე შიხისა, და აღიღო შაჰისმაილ ადრიბეჟანი და შირვანი ქ{რისტ}ესა ჩ̃ფ, ქარ, რ̃პჱ, თათრულსა ქრონიკონს შ̃ზ. ამან ალექსანდრემ წარუვლინა შაჰისმაილს შირვანს ძე თჳსი დიმიტრი ძღუნითა დიდითა და ტყჳთა ქალ-ყრმითა და მიუმცნო მორჩილება. ხოლო შაჰისმაილ პატივით შეიწყნარა და წარმოუვლინა დიმიტრი ნიჭითა და ზავითა მშჳდობისათა.
ამანვე ალექსანდრემ უმეტესად დაიმშჳდა კახეთი და მოიმტკიცა თჳსად, აღაშენა და განავსო და მართვიდა კეთილად, არამედ ძე მისი გიორგი იყო ბოროტ-მეშურნე და მესისხლე. გარნა ვერ იჩენდა შიშითა მამისათა, გარნა ეტყოდა მამასა კირთებასა ქართლისასა და გარემოსთა თჳსთა. ხოლო ალექსანდრე არცაღათუ ისმენდა და ასწავებდა ძესა სიმშჳდესა და უშფოთველობას, რამეთუ აქუს აღძრვა დიდი რისხჳსა ღუთისა შფოთსა. არამედ გიორგი ამისი არა მსმენელი ეშურვა მეფობასა მამისასა, რათა ჰყოს წადიერება თჳსი. გარნა იცა ჟამიცა მარჯუე საფურცლეს მდგომის მამისა ზედა უგრძნეულოსა ძისაგან ესე ვითარისათჳს, მოკლა ღალატად გიორგიმ მამა თჳსი, მეფე ალექსანდრე და შეიპყრა ძმაცა თჳსი დიმიტრი, რათა არა ივლტოდეს სპარსეთად, რამეთუ აქუნდა შური მიერ ჟამითგან, რაჟამს წარავლინა მამამან თჳსმან წინაშე ყეენისა და აღმოჴადნა მასცა თუალნი ქ{რისტე}სა ჩ̃ფია, ქარ{თულსა} რ̃ჟთ, და მიერ ჟამითგან უწოდეს ავგიორგი.
დ̃. მეფე გიორგი, ბ̃ წელი მეფა
[edit]და დაჯდა მამისა და ძმისა მკლველი ესე გიორგი მეფედ კახთა და დაიპყრა კახეთი სრულიად. არამედ არათუ კმა იყო სიბოროტე იგი და კუალად აღივსო შურითა და იწყო კირთებად დავით ქართველთა მეფისა და რბევად და ოჴრებად შიდა ქართლისა მონათესავეთა და ერთსჯულთა თჳსთა, ვითარცა აღვსწერეთ. ხოლო შემდგომად მოკლეს ავგიორგი ქ{რისტე}სა ჩ̃ფიგ, ქარ{თულსა} ს̃ა.
ე̃. დავით ქართლის მეფე, ზ̃ წელი მეფა
[edit]მაშინ შთამოვიდა მეფე დავით კახეთს და დაიპყრა სრულიად კახეთი. ხოლო ყრმა მცირე ძე ავგიორგისა შჳდის წლისა ოდენ დედით თჳსით დამალა სალთხუცესმან ჩოლაყაშვილმან გარსევან (და ჰყო ერთგულება დიდი) სახლსა თჳსსა და ზრდიდა მას. ხოლო დედა მისი ცოლი ავგიორგისა მეყვისი ნათესავი იყო გარსევანისა. ხოლო შემდგომად ყრმისა ამის ლევანისა ყოფნა ეუწყა მეფესა დავითს და ამისთჳს წარმოევლინა ბაგრატ ძმა თჳსი სპითა. ესე ჩამოვიდა კახეთს. ამან დასდვა შიში დიდი და შეიფიცნა სრულიად არა ყოფისა და უწყებისათჳს ლევანისა. არამედ გარსევან ჰყო მცბიერობა იგი, რომელიცა აღვსწერეთ და მერმე გულპყრობილი ბაგრატ უკუნიქცა ქართლსამე სპითურთ. ხოლო გარსევან წარიყვანა ლევან ციხესა შინა ოჩანისასა. არამედ შემდგომად მოსლვისა შაჰისმაილ ყეენისასა ქ{რისტე}სა ჩ̃ფიჱ, ქარ{თულსა} ს̃ვ გამოიყვანეს ლევან ოჩანის ციხიდამ ზემოურთა კახთა და ჩამოიყვანეს კახეთს. მაშინ მიერთუნენ ყოველნი კახნი და დაიპყრა ყოველი კახეთი.
ამისმან მცნობმან მეფემან დავით გარდმოვლო გომბორი სპითა დიდითა. არამედ ვერ წინააღუდგა ლევან და შევიდა ციხესა შინა თავსა მაღრანისასა, ამას მოადგა დავით მეფე და შეამჭირვა ფრიად. არამედ ზაკვითა მთავარეპისკოპოზისათა განმაგრდა დედა ლევანისა ციხესა შინა და უკუნიქცა დავით მეფე ქართლს ოსმალთა ზედა. მაშინ გამოვიდა ლევან ციხიდამ, შემოიკრიბნა კახნი და წარუვლინა ფარულად კაცი გურიელს მამიას და მოითხოვა ასული მისი თინათინ ცოლად და ითხოვა მწე-ყოფად მისგან: რამეთუ ჟამსა მას მეგობარნი იყვნენ ათაბაგი და გურიელი. სოლო გურიელმან მოსცა ასული თჳსი და აღუთქუა მწე-ყოფად, არამედ, მოსრნა რა ოსმალნი დავით მეფემან შთამოვიდა კუალად კახეთს სპითურთ და მოადგა ლევანს მაღაროს მყოფსა, რამეთუ მიერთუნენ დავითს ზემოურნი კახნიცა. ეწყო მუნ ლევან სიმაგრით-გამო მცირითა სპითა, იძლია დავით მეფე და წარვიდა ლტოლვილი ტფილისს. მაშინ ლევან შემოიკრიბნა ყოველნი სრულიად კახნი, მივიდა ბოდბეს და ეკურთხა მეფედ ქ{რისტე}სა ჩ̃ფკ, ქარ{თულსა} ს̃ჱ.
ვ̃. მეფე ლევან ნ̃დ წელი მეფა
[edit]ხოლო დაჯდა ლევან კახთა მეფედ და დაიპყრა საზღვარი კახეთისა. მაშინ ესმა, რამეთუ ეძლო გურიელს დავით მეფისათჳს და იდგა მუხრანს, წარვიდა სპითა ლევან მსწრაფლ და მივიდა მუხრანს. არამედ გურიელი აიძულებდა და განაზრახებდა, რათა ჰყოს ზავი და სიყუარული დავით მეფისა თანა, ვინაჲთგან დავით მეფე წადიერებდა კუალად ბრძოლასა და შურ-გებასა გურიელისასა. სთნდა ესე ლევანს და ეზრახნენ დავით მეფესა და მისცეს, რა იგი ინება, და ჰყვეს ზავი განჩინებითა საზღვრისათა და მტერ-ყოფა მტერთა ზედა, და სიყუარული მტკიცე, და შემდგომად ურთიერთთა ხილვისა წარვიდა გურიელი თჳსად. ხოლო ლევან მოვიდა კახეთს და წარავლინა მოყვანებად ცოლისა თჳსისა. არამედ ქალსა მას ეხილვა სიზმარსა შინა, "რამეთუ წარგიყვანს დიდებული ვინმე ცოლად და მთასა ერთსა იხილო მოგზაურმან შინდი თეთრი, მდგომარე შუენიერს ადგილს, აღაშენე მუნ მას ზედა მონასტერი ღუთისმშობლისა". ხოლო წარმოყვანილი მოიყვანეს რა შუამთას, გარდაჴდნენ განსუენებად და სამჴრობად, მაშინ იხილა თინათინ შინდი იგი სიზმარხილული და აღუთქუა აღშენება ტაძრისა, ვითარცა სმენოდა; მუნიდამ მოიყვანეს გრემს და ჰყო ქორწილი ჯეროვანი ლეონ.
ხოლო ამან ლეონ აშუელნა დავითს ქართველთ მეფესა სპანი შაჰისმაილს ზედა. ამანვე ლევან იხილა სიზმრივ ხატი სიონისა ღუთისმშობელისა, რომელი განძარცვა შაჰისმალ, რამეთუ არს ნათლუხის ჭალასა შინა, წარვიდა და ჰპოვა იგი და წარმოიღო და შეამკო და წარავლინა კუალად ტფილისსვე სიონსა შინა.
ხოლო შემდგომად ლევანს უშვა ცოლმან თინათინ ძე ალექსანდრე ქ{რისტე}სა ჩ̃ფკზ, ქარ{თულსა} ს̃იე. შემდგომად კუალად უშვა ძე იესე, მერმე განუტევა ცოლი თჳსი თინათინ ლევან, ნებითავე თინათინისათა, ვინაჲთგან იყო ლევან ფრიად მეძავი და არღარა ინება მეუღლეობა მის თანა. მრისხანემან ამისსთჳს ლევან წარატანა ძენიცა თინათინს.
ხოლო თინათინ მოვიდა შუამთას და აღაშენა მონასტერი შინდსა მას ზედა მზითვითა თჳსითა და დაუდგინა მოძღუართ-მოძღუარი და შესწირნა დაბნები მოყიდულივე თჳსი და იყოფოდა მუნ სიკუდიდმდე.
ხოლო შემდგომად მისა მოიყვანა ლევან ცოლად ასული შამხლისა და იქორწინა მის თანა; და შემდგომად მიდგომილმან უშვნა ოთხნი ძენი შემდგომად შემდგომადი: გიორგი, ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო. ხოლო ესე ლევან მეფე, გიორგი და ბაგრატ მეფენი წარვიდნენ იერუსალიმს, ვითარცა აღვსწერეთ, და შემდგომად ოდეს მოვიდა შაჰთამაზ და შემუსრა ტფილისი, უკუნიქცა და დადგა ყარაბაღს, მივიდა მუნ ლევან წინაშე შაჰთამაზის ქ{რისტე}სა ჩ̃ფლვ, ქარ{თულსა} ს̃კდ.
ამას პატივ-სცა შაჰთამაზ, ანიჭა და გამოუტევა თჳსადვე, არამედ მპყრობელი შაქ-შირვანისა ასანბეგ მორჩილებდა შაჰთამაზს და განზრახჳთა ყეენისათა ეკირთებოდა კახეთს ასანბეგ, რამეთუ უკეთუ ავნოს ლევანს, იქმნას მის მიერ ნიჭული ასანბეგ, ვინაჲთგან კახეთი იყო ფრიად შენი და მაგარი. ამისი მხილველი ლევან ეზრახა მშჳდობასა და არა ინება მშჳდობა ასანბეგ, ამისთჳს შემოიკრიბნა სპანი ლევან და მიუჴდა შაქს, ეკუეთა ასანბეგ და ბრძოლასა ძლიერსა იძლია და ვერღარა გაუსწრა და მოკლეს ასანბეგ და მოსწყჳდნეს სპანი მისნი, მოაოჴრა და მოსტყუევნა შაქი, აღიღო ალაფი დიდი და მოვიდა გრემს ლევან.
არამედ ამას წინათთა კახთა მეფეთა არღარა მორჩილებდნენ ფშავ-ჴევსურნი და თუშნი; და ამან ლევან დაიპყრნა არა ძალითა, არამედ აღუთქუა, რათა ცხოვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს, და მისცა შეწირულობა ლაშას ჯუარსა თიანეთსა შინა, და მიერითგან მოსცემდენ ლაშკარსა და ბეგარასა.
კუალად ოდეს დაიპყრა რუსთა მეფემან იოანე ყაზანი და აშტარხანი და თერგი და დასხნა ყაზახნი თერგს და თარღუს მცველნი თჳსნი, ამან ლევან წარუვლინა და ითხოვა სპა მისი მცველად ციხეთა კახეთისათა. მან მოუვლინა და დაადგინნა რუსნი. არამედ განძლიერდა რა შაჰთამაზ, წარგზავნნა სპანი რუსნი რუსეთადვე და აუწყა განძლიერება შაჰთამაზისა, რათა არა მოსწყდენ სპანი თქუენნი ქუეყანასა ჩემსა.
ხოლო შემდგომად მოტყუევნისა შაქისა ლევანისაგან ქ{რისტე}სა ჩ̃ფმზ, ქარ{თულსა} ს̃კე ეზრახნენ მეფე ლუარსაბ და მესხნი ლევანს მტერობად სპარსთა. მაშინ ლევანცა აღუთქუა ასანბეგის ყოფილისათჳს და უწყეს სამთავე რბევა და ოჴრება ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა.
ხოლო შირვანელთა დაისუეს ძე ასანბეგისა დავრიშ-მაჰმად, და ესე არა დაემორჩილა შაჰთამაზს. არამედ განამაგრნა ციხენი და სიმაგრენი, და დაადგრა თჳსად. ამისა შემდგომად მოცალე შაჰთამაზ მოვიდა ყარაბაღს სპითა და იწყეს საქართველოსათა მაგრებად ციხესიმაგრეთა. მხილველი შაჰთამაზ ეზრახა ფიცით ლევანს: "უკეთუ მორჩილ მექმნე, იყო თავისუფალ ქუეყანით შენით უვნოდ და მოგანიჭო ნიჭნიცა დიდნი". ამისმან მსმენელმან ლევან და მტერობისათჳს დავრიშ-მაჰმადისა და ფიცისა და ქუეყანისა თჳსისა უვნებლობისათჳს განუტევა სიყუარული საქართველოსათა და მივიდა ყარაბაღს წინაშე ყეენისა. მან პატივ-სცა და ანიჭნა დიდნი. მერმე წარავლინა ყეენმან სპანი შირვანს, ამათ დაესხა დავრიშ-მაჰმად და მოსწყჳდნა სრულიად სპანი შაჰთამაზისანი ქ{რისტე}სა ჩ̃ფმჱ, ქარ, ს̃ლვ, თათრულს შ̃ნე.
ესმა რა შაჰთამაზს, აღიმჴედრა და შევიდა შირვანს, ეზრახა დავრიშ-მაჰმადს დამორჩილებასა და მიუტეოს ყოველნი შეცოდებანი. ხოლო მან არა ინება, არამედ დაესხა კუალად სპათა შაჰთამაზისათა და იძლია მათგან დავრიშ-მაჰმად და ლტოლვილი შევიდა ციხესა შინა გულისტანს. მაშინ წარავლინნა სპანი და მეფე ლევან სპითა თჳსითა ყეენმან მიდგომად გულისტანისად და ბრძოლად ძლიერად. ხოლო მცირედისა შემჭირდა დავრიშ-მაჰმად და განივლტო ციხიდამ. მცნობი ლევან ეწია სპითა თჳსითა და მოკლა დავრიშ-მაჰმად და მოსწყჳდნა მისთანანი და მოართუა თავი მისი შაჰთამაზს. ამისთჳს მიანიჭა ნიჭი დიდი ლევანს და გამოუტევა კახეთს: ხოლო შაჰთამაზ დაიპყრა შირვანი და დასუა ბეგლარბეგი და სულტანნი თჳსნი და განვიდა კუალად ყარაბაღს. მუნიდამ მისრულმან აღიღო ტფილისი, ეზრახა ათაბაგსა, მოიმტკიცა იგიცა და წარვიდა სპარსეთად.
ხოლო ლევან მდიდარი და ქუეყანა-აღვსილი იყო მშჳდობით. არამედ უკეთუ კავკასთა ლეკნი ლევანს არ მორჩილებდენ, გარნა ვერცარას ჰყოფდენ სავნოს მისსა. გარნა თქმულ არს, რამეთუ ჟამსა ლევანისასა მოუჴდა ლეკი ვინმე დაღისტნისა გაღმა მჴარს და წარიყვანა ზროხა ერთი. ჰსცნა ესე ლევან, შემოიკრიბნა იდუმალ სპანი გაღმა მჴარსა შინა და წარვიდა ეტიკითა, ვლო დღე და ღამე, მიუჴდა და შეიპყრა კაცი იგი დედაწულითა და ქონებითა, წარმოიყვანა და მოვიდა მესამეს დღეს მუნავე და მოსწყჳდნა იგინი, რათა არა კადნიერ იქმნენ სხუანი კუალად კირთებად კახეთისა. ამანვე ლევან მოიყვანა ლეკნი და დასხნა ფიფინეთს ზიდვად ყინულისად ზაფხულის კავკასიდამ, რომელთაგან შეუდგა ბოროტი ქუემორე თქმულნი.
ხოლო შემდგომად მოვიდა კუალად შაჰთამაზ შირვანს და მივიდა წინაშე მისსა ლევან. და ამან შეიწყნარა პატივით, მერმე გამოუტევა ლევან და ძე მისი იესე წარიყვანა სამცხეს. არამედ უკუნ-იქცა რა შაჰთამაზ წარმოევლინა იესეცა ლევანს ნიჭითა. ხოლო კუალად მოსლვასა შაჰთამაზისასა სამცხეს და მოტყუევნასა ქართლისასა დაადგრა ლევან მშჳდობით ქუეყანითურთ.
კუალად მოკლეს რა ლუარსაბ მეფე, განიზრახა ლევან, რამეთუ ოდეს მოვიდა შაჰთამაზ და არა მივიდა მისთანა და სიკუდილსა ლუარსაბისასა მოსწყდნენ სპანი ყეენისანი უმრავლესნი, ესე არა მიზეზჰყო ყეენმან შურისგებად, ვინაჲთგან მზახლებულცა იყო სჳმონ მეფისად და მიეცა ასული თჳსი შამხლის ქალის ნაშობი და კახეთიცა ენება მისგან შობილისათჳს და არა განტევებულის ძის ალექსანდრესათჳს. ამ მიზეზთათჳს წარავლინა ძე თჳსი იესე წინაშე ყეენისა ძღუნითა და ტყჳთა ქალ-ყრმითა და აუწყა თჳსი არა რისა შეცოდება ქ{რისტე}სა ჩ̃ფნჱ, ქარ{თულსა} ს̃მვ. ხოლო მეორესა წელსა აქორწინა ასულსა თჳსსა ზედა მეფე სჳმონ და მისცა დიდითა მზითვითა. შემდგომად წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ფჲა, ქარ{თულსა} ს̃მთ ეზრახა ლევანს სჳმონ მეფე, რათა მწე-ეყოს განსხმად ქართლისაგან სპარსთა ზედა, არამედ ლევან სათნოთი ყეენისათი ვერ მყოფი ამისი. გარნა ძე მისი გიორგი მივიდა სპითა ძეგუს სჳმონ მეფისა თანა. ამათ დაესხა შავერდი სულტანი, მოკლეს გიორგი და მოსწყჳდნეს კახნი და ნეშტნი მოვიდნენ წინაშე ლეონისა.
მსმენელმან ლევან იგლოვა მწუხარემან მწარედ ძე თჳსი, რამეთუ ენება კახეთი მისთჳს. არამედ შემდგომად ამისა მეფობდა კუალად უშფოთველად და აღამაღლნა ძენი შამხლის ქალის ნაშობნი და დაამდაბლა ალექსანდრე და მოუდგინნა ყოველნი კახნი მათ. ხოლო ალექსანდრე იყო დედით თჳსით შუამთას დაბნებთა შინა. არამედ სლვითა ყიზილბაშთა შინა კახთა ისწავეს წესნი მათნი, სმა, ჭამა, განცხრომა და უშუერი კეკლუცობა, ტანთმოსა მათი. ამით დაუტევებდენ მცირედ მცირედ ზნეთა საქართველოსათა და შემოიღებდენ სპარსთასა, გარნა უფროსად ალექსანდრეს და თეიმურაზის ჟამთა შინა.
ხოლო შემდგომად ამისა მოკუდა ლევან მეფე სავსე სიბერითა ქ{რისტე}სა ჩ̃ფოდ, ქარ{თულსა} ს̃ჲბ, და დაუტევა ქუეყანა სრულიად შენი. არამედ შემდგომად მისსა დაიპყრა კახეთი ძემან მისმან ელიმურზამ, ხოსრომ და ვახტანგ.| ხოლო ალექსანდრემ შემოიკრიბნა ზემოურნი კახნი, მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს მეფედ. არამედ ამ ალექსანდრეს პირველვე მოეყვანა ასული ბარძიმ ამილახორისა ცოლად და მოყურობდა დაუთხანცა მეფე ქართლისა. ამათ ეზრახა შეწევნად ალექსანდრე და ნებითა დაუთხანისათა მოვიდნენ ამილახორი ბარძიმ და ქსნის ერისთავი ელიზბარ სპითა შემწედ.
ამისნი მხილველნი კახნი მრავალნი განივლტოდენ ელიმურზისა და ძმათა მისთაგან და მოერთოდნენ ალექსანდრეს. ხოლო მათ მოიცეს ძალი შამხლისაგან და ლეკთაგან და ეწყუნენ თორღას ურთიერთს, და ბრძოლასა ძლიერსა იძლივნენ ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო და მოსწყჳდნეს სამნივე ძმანი მუნ და მოსრნეს მათთანანი სპანიცა და ალექსანდრემ დაიპყრა კახეთი ამასვე ქრონიკონსა.
ვ̃. მეფე ალექსანდრე ბ̃, ლ̃ბ წელი მეფა
[edit]დაჯდა ალექსანდრე მეფედ კახთა და დაიპყრა სრულიად კახეთი. ხოლო ესხნეს ძენი ოთხნი: დავით, გიორგი, ერეკლე და კოსტანტინე და ნათესავი ალექსანდრესი ჰყვა დაუთხანს ცოლად. არამედ ძემან მისმან ერეკლემ იკლო რაიმე და გაპარვით წარვიდა წინაშე სულტნისა სტამბოლს (იტყჳან სიამაყითა ძმისა თჳსისა დავითისაგან). ესმა ესე შასთამაზს და ჰგონა განდგომა ალექსანდრესი, განრისხნა და წარმოემართა კახეთსა ზედა, მოვიდა ყარაბაღს და მიუწოდა ალექსანდრეს. მაშინ განიზრახა ალექსანდრემ: "თუ რაი ჰყოს". არამედ ეტყოდა ჩოლაყასშვილი ოთარი კახთა ამისთჳს: "თქუენ იტჳრთეთ რაოდენი სისხლი დაინთხეს და მე განვარინო კახეთი მოსრვისაგან". მაშინ აღუთქუეს კახთა ფიცით. "ჩუენ მივაგოთ ქრისტესა სიტყუა შენთჳს, ოდეს მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკუდართა".
ხოლო ვინაჲთგან მომკუდარ იყო ქაიხოსრო ათაბაგი და ძენი მისნი იყვნენ მცირენი და პატრონობდა დედისიმედი სამცხეს და უწყოდა გლისპობა მისი ოთარმან, ამისთჳს მიუწერა: "რამეთუ ნებავს ვარაზას სიკუდილი შენი და ძეთა შენთა და თავისად დაპყრობა სამცხისა, ამისთჳს მოჰყავს შასთამაზ, რათა მოსრნასცა ურჩნი თჳსნი, რამეთუ თჳთცა უწყი რავდენგზის მოგაყივნა ბოროტად", ამისმან მსმენელმან დედისიმედმან არღარა გამოიკითხა და მოკლა ვარაზა. ხოლო მსმენელს შასთამაზს აღუძნდა სიკუდილი ვარაზასი, რამეთუ იყო ცოლის ძმა, დაუტევა კახეთი, შევიდა და მოსწყჳდა სამცხე და უმეტეს ოცხე ქ{რისტე}სა ჩ̃ფოდ, ქარ{თულსა} ს̃ჲბ და უკმოქცეულსა წარუვლინა ალექსანდრემ ძე თჳსი კოსტანტინე ძღუნითა დიდითა და ტყჳთა და აუწყა: "რამეთუ ძე ჩემი წარვიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდველი". მაშინ დამცხრალმან მრისხანებისაგან შასთამაზ შეიწყნარა ძღუენი და ტყუენიცა და წარიყვანა კოსტანტინე და წარვიდა სპარსეთად და დაუტევა კახეთი უვნოდ, და შემდგომად შასთამაზის სიკუდილისაცა იყო ალექსანდრე მშჳდობით, რამეთუ ჟამსა ამისსა ესრეთ შენ იყო კახეთი, ვითარ ძნიად სადამე იპოებოდა სანადირონი და ალექსანდრე ფრიად მოყუარე იყო ნადირობისა, რამეთუ იტყოდაცა: "ახ, ნეტარძი ოჴერ მექმნეს კახეთი, რათა მაქუნდეს სანადირონი მრავლად", რომელიცა ექმნა ძის ძესა მისსა თეიმურაზს, არამედ ვერცაღა თუ იგი მოცალეობდა ნადირობად. გარნა ალექსანდრესაცა ამ ჟამთა მოერთუა ბაზიერთაგან უცხოთა ფრინველთა მოსლვა ალონსა შინა. მსწრაფლ წარვიდა და იხილნა ფარშამანგნი, ინება შეპყრობა მათი ცოცხალთა. არამედ არცა ერთმან მიხედა ბაზმან, თჳნიერ წითლის ქორისა, და მით შეიპყრნა ყოველნი რაოდენნიცა იყვნენ, მოიყვანნა გრემს და მოშენდნენ მათგან მრავალნი. გარნა დაუსახევდა კახეთს, ვითარცა არაკთა იგავთა შინა ცხოვრისა მისლვა ყაპუზუნათა ქუეყანასა.
შემდგომად გამოვიდა რა ლალა-ფაშა ქ{რისტე}სა ჩ̃ფოჱ, ქარ{თულსა} ს̃ჲე, ტფილისიდამ ეზრახა ალექსანდრეს. ხოლო მან აღუთქუა მისლვა მის თანა და წარჰყეესცა სპითა შირვანს, უკეთუ დაუტეოს კახეთი უვნოდ. ამან მოსცა პირი მტკიცე და მიეგება სათისჭალას ალექსანდრე სპითა ლალა-ფაშას და წარუძღუა შირვანს. ხოლო ლალა-ფაშამ აღიღო შირვანი, შაქი, ურჩნი მოსრნა და აღაშენა ციხე შირვანს, შეაყენნა მცველნი თჳსნი და დასუა ფაშა. მერმე უკუმოიქცა, შემოვლო მტკურის პირი და მიჰყვა ალექსანდრე არაგუამდე, მერმე გამოუტევა ალექსანდრე და მოვიდა კახეთს მშჳდობით: ხოლო ლალაფაშა დადგა მუხრანს და სჳმონ მეფეცა მოვიდა ტყუეობისაგან.
ამისთჳს ივლტოდა დაუთხან სტამბოლს და ლალა-ფაშაცა წარვიდა და დაიპყრა ქართლი სჳმონ. მერმე შურ-აგო ამილახორსა. ამათმან უთმინომან ალექსანდრემ და დისა თჳსისა არა კეთილისმნებებელმან შემოიკრიბნა სპანი თჳსნი კახნი და უგრძნეულად დაესხა დიღვამს სჳმონს ქ{რისტე}სა ჩ̃ფპ, ქარ{თულსა} ს̃ჲჱ. ხოლო სჳმონ ივლტოდა და შეუსია დასა თჳსსა და აიალაფა სიმდიდრე სჳმონისა და წარვიდა გამაუპატიო დისა თჳსისა.
შემდგომად მცირედისა მოუჴდა სჳმონ ჭოტორს და ალექსანდრეცა ეკუეთა სპითა, იძლია ალექსანდრე უჯერო-ყოფისათჳს და მოვიდა მარაროს, არამედ სჳმონ შეიპყრნა კახნი და უყო რა იგი აღვწერეთ. გარნა საგანძურნი ალექსანდრესნი არღარა წარმოსცნა.
ამავ ქრონიკონსა მოვიდა ძმა ალექსანდრესი იესე, რამეთუ არა დაეტევა ქრისტე და გამოეშუა ყეენსა, არამედ შემდგომად მცირედისა მოკუდა იესე.
ხოლო მოეყვანა ალექსანდრეს ძისა თჳსისა დავითისათჳს ცოლი ასული აშოთანისა ქეთევან, და იყო აშოთან სანდო და გამზრახი სჳმონისა. ამან აშოთან ზავ-ჰყო და დაიზავნენ სჳმონ და ალექსანდრე და შემდგომად იყო მათ შორის სიყუარული და ერთობა დიდი.
ხოლო სპარსთა შეიპყრეს შახუდაბანდა და დასუეს შააბაზ ქ{რისტე}სა ჩ̃ფპზ, ქარ{თულსა} ს̃ოე, თათრულს შ̃ჟე, ძე შახუნდაბანდასი და მან იწყო პყრობად ქუეყანათა. ხოლო მოითხოვა მანუჩარ დადიანმან ასული ალექსანდრესი ნესტანდარეჯან და ალექსანდრემ მისცა ზითვითა დიდითა ქ{რისტე}სა ჩ̃ფჟა, ქარ{თულსა} ს̃ოთ. არამედ შემდგომად შობისა ყრმისა ლევანისა მოკუდა ნესტანდარეჯან. ხოლო ალექსანდრემ შემდგომად წარმოიყვანა ყრმა იგი ლევან და ზრდიდა თჳთ. შემდგომად მოვიდა შააბაზ დაპყრობად ერევნისა, ქ{რისტე}სა ჩ̃ქბ, ქარ{თულსა} ს̃ჟ, თათრულს ჩ̃იბ. და მიუწოდა ალექსანდრეს სპითა თჳსითა. მაშინ წარსლვად იყო ქართველთა მეფე გიორგიცა, შეკრბნენ ესენი და წარვიდნენ ზოგად ერთობისათჳს. ხოლო შააბაზ პატივ-სცა დიდად. არამედ შემდგომად აღებისა ერევნისა მიუღო ალექსანდრეს კაკი და მის წილ მოსცა შჳდასი თუმანი ყოველს წელს, კუალად მოსცა ნიჭი და გამოუტევა კახეთს.
ამ ჟამებთა მოეგზავნა იერუსალიმის პატრიაქსა და მოეთხოვა საჴსრად ვალთა თჳსთათჳს ვეცხლნი. ესე აუწყა ალექსანდრემ კახთა და მათ აღუთქუეს და დაადგინეს ალავერდელი ძმა ოთარ ჩოლაყაშვილისა, რათა შეკრიბოს და წარიღოს იერუსალიმს. ხოლო მან შეკრიბა ხუთიათასი დრაჰკანი და წარვიდა. არამედ იყო დაჲ ალექსანდრესი, რომელსა აღერჩია ენქრატისობა და სცხორებდა ალავერდს. გარნა ამას ფარულად თანაეყოფოდა ალავერდელი. ხოლო ქალმან მან სცნა წარსლვა ალავერდელისა და მიდგომით ყოფა მისი, აღუძნდა და მსწრაფლ მოსწია კაცი თჳსი და აუწყა ალავერდელსა. არამედ ალავერდელი მიწურვილ იყო მისლვად, და სცნა რა ესე უკმოიქცა, წარიპარა ქალი იგი და წარვიდა იმერეთს. ხოლო ოქრო იგი წარმოუვლინეს ალექსანდრესვე და კრულ-ჰყო პატრიაქმან ალავერდელი. შემდგომად მიიყვანა ალექსანდრემ ბერი იგი, ვინაჲთგან განკრეჭილ იყო და ექორწინა ქალი იგი, მისცნა მცირედნი მამულნი და იყოფოდა მას შინა.
ხოლო ვინაჲთგან იყენენ სიყუარულსა მტკიცესა ალექსანდრე და გიორგი მეფენი და გიორგი მეფე ძეთა ალექსანდრესთა უფროს მონათესაობდა, ისტუმრნა გიორგი მეფემან დავით და გიორგი ძენი ალექსანდრესნი ტფილისს. მისრულთა მოეგება და დაასადგურნა ისნს, რომელ არს ავლაბარი და მარადღე ანადიმებდა, ანადირებდა და ასპარეზობდნენ. ხოლო დღესა ერთსა კუალად ნადიმსა ზედა იწვია გიორგი მეფემან ტფილისს ესენი. მაშინ განეზრახა ზრახუა ბოროტი გიორგის და არა ინება წარსლვა მიზეზითა ღჳნის წყენისათა, და წარვიდა დავით. ხოლო ესე დავით იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და სძულობდნენ კახნი. არამედ გიორგი იყო შუენიერ-ჰაეროვანი, უხჳ, მშჳდი და ტკბილი ყმათათჳს. მაშინ გიორგიმ ჰგონა სიმთვრალე დავითისა, ამისთჳს განაცსადა მანკიერება თჳსი და მიუწოდა კახთა. შემოიფიცნა მოკლვად ძმისა თჳსისად და დაპყრობად კახეთისად. ესმა ესე ბარამ ჩოლაყაშვილსა, რომელი იყო ღ{ვ}თის მოშიში, წარვიდა და აუწყა დავითს ნადიმსა ზედა მჯდომსა. მსმენელი დავით მყის ადგა და წარმოვიდა და მოეიდა კარავსა გიორგისასა და იხილა რამეთუ იჭურვოდა და მისთანანიცა. შერისხნა დავით გიორგის და რქუა: "იჭურვი სიკუდიდ ჩემდა და აწ ვარ წინაშე შენსა და რაი იგი ძალგიძს ჰყავ". შეიპყრა გიორგი ძმა თჳსი დავით და მისთანანი ყოველნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქგ, ქარ{თულსა} ს̃ჟა, წარმოიყვანა და პატიმარ-ჰყო თორღას ციხესა შინა და ათორმეტი ფუცებულნი გიორგისანი გარდმოჰყარნა ჭოეთის ციხიდამ და სხუანი პატიმარ-ჰყვნა.
ვ̃. მეფე დავით ბ̃
[edit]არამედ ჰყო ბოროტი ესე დიდი და შეიმოკლნა დღენი, რამეთუ მიუღო მამასა თჳსსა მეფობა და პატიმარ-ჰყო მამა თჳსი და მართვიდა თჳთ კახეთსა დამპყრობელი მისი. გარნა შემდგომად ექუსისა თთჳსა მოკუდა დავით და გამოვიდა ალექსანდრე პყრობილებისაგან, დაიპყრა კახეთი მანვე და გამოიყვანაცა ძე თჳსი პატიმრობისაგან, რამეთუ არღარა ჰყვა ძე თჳნიერ გიორგისა. ხოლო დავითს დაშთა ქეთევანის თანა ძე მხოლო თეიმურაზ და ზრდიდა მას პაპა ფუფუნებით დედისა თანა. არამედ ვინაჲთგან მოხუცებული იყო ალექსანდრე, ამისთჳს განიზრახა ქეთევან, რამეთუ "თუ მოკუდეს ალექსანდრე, დაიპყრას გიორგიმ კახეთი და შურ-აგოს ძესა ჩემსა". ამისთჳს მოიყვანა ჩოლაყაშვილი შერმაზან, აფუცა და წარატანა ძე თჳსი და წარგზავნა წინაშე შააბაზისა.
ხოლო შააბაზ კეთილად შეიწყნარა და პატივსა უყოფდა თეიმურაზს და ისწავებდა წიგნსა და ენასა სპარსთასა. არამედ შააბაზ განიზრახა, ვინაჲთგან არს თეიმურაზ ჴელთა ჩემთა და კახეთი არს უმკჳდრო თჳნიერ ორისა, იჴმია ხუანჯი, რათა მოსრნას იგინი, რამეთუ ენება დამორჩილება ქართლ-კახეთისა და მაჰმადიანობა მათი. მოიყვანა კოსტანტინე ძე ალექსანდრესი პირველ წარვლინებული, რომელი იყო ფრიად მაჰმადიანი და შემყუარე სჯულთა მათთა. ეტყოდა შააბაზ: "მომკუდარ არს დავით ძმა შენი და არს მამა შენი მოხუცებული და ძმა შენი გიორგი, აწ ვინაჲთგან ხარ შენ რჯულსა ჩემსა მტკიცედ და მეფობისა ჩემისა სარწმუნო, მოგცნე სრულიად სპანი შირეანისანი შემწედ, ხალათი და ნიჭი მამისათჳს, წარვედ და მოჰკალ ორნივე და შენ დაიპყარ კახეთი და ჰყავ მაჰმადიან". ხოლო კოსტანტინემ აღუთქუა ყოფად ყოველნი და წარმოვიდა ნიჭითა და დიდებითა დიდითა. არამედ ამასვე ჟამსა წარმოევლინა მანუჩარ დადიანსა წარჩინებული თჳსი, წარყვანებად ძისა თჳსისა ლევანისად; შეწუხდა ალექსანდრე, გარნა წარუვლინა ნიჭითა დიდითა და მიიყვანეს დადიანისა თანა ლევან. ამავ ჟამსა მოერთო მახარებელი ძის მოსლვისა, მხიარულმან შემოიკრიბნა სპანი და მიეგება ბაზარს მოსრულს კოსტანტინეს და იყო სიხარული და შუება დიდი ყოველთაგან, შთაიცვა ხალათი ყეენისა ალექსანდრემ და იხარებდა ძისა თანა.
ხოლო დღესა ერთსა ეტყოდა კოსტანტინე მამასა: "მაქუს სიტყუა თავისწინაობასა შინა ბრძანებული ყეენისა". ამისთჳს ალექსანდრემ უბრძანა ყოველთა კახთა განსლვა. გარნა დაშთნენ რუსთველი და ძმა მისი აბელ მუნვე. მაშინ გამოვიდნენ პაემნით მობირებულნი სპანი და მოურთნეს მახჳლნი და მოჰლეს მეფე ალექსანდრე და ძე მისი გიორგი მისთანა და კუალად რუსთველი და აბელცა მათ თანა ქ{რისტე}სა ჩ̃ქე, ქარ{თულსა} ს̃ჟგ.
ზ̃. მეფე კოსტანტინე
[edit]ხოლო იხილეს რა ესე ივლტოდნენ კოსტანტინესაგან კახნი სრულიად, არამედ ეზრახა კოსტანტინე და აღუთქუა ნიჭი დიდი და ზოგთა შიში ყეენისა გამო და მიერთმოდიან კახნი და იწყო დაპყრობა კახეთისა. მერმე მოუგზავნა ქეთევანს, ცოლსა დავით ძმისა თჳსისასა: "რამეთუ ჯერ არს სჯულსა მაჰმადისასა შერთვა რძლისა და აწ მე დავიპყარ კახეთი ნებითა ყეენისათა, შემირთევ და იყავ კუალადცა დედოფალი და, უკეთუ არა ინებო, მე ძალით ვყო ესე". ამის მსმენელსა ქეთევანს შეუძნდა ესე და ევედრა კახთა: "რათა შეეწიონ არა-ყოფად ამისად და, უკეთუ არა, წარვიდეს სამშობლოსა თჳსსა ქართლს". ამისთჳს კახნი შემოკრბნენ წინაშე ქეთევანისა და ყვეს ფიცი და აღთქმა წინაშე ღ{ვ}თისა ამის არა-ყოფისათჳს.
ესმა ესე კოსტანტინეს და მომართა სპითა ბრძოლად. ეკუეთნენ კახნი, ქეთევანისა თანა მყოფნი, და სძლეს კოსტანტინეს, მოკლეს კოსტანტინე და მოსწყჳდნეს სპანი მისნი პირითა მახჳლისათა და მოვიდნენ კახნი გამარჯვებულნი წინაშე ქეთევანისა. მიერითგან განაგებდა კახეთს გრემს მყოფი ქეთევან დედოფლობით. ამანვე მოიღო ალექსანდრე ძით გიორგით და დაფლა ალავერდს. ხოლო მიესმა შააბაზს ყოველი ყოფილი კახეთისა, შეუძნდა და განიგულა განდგომილება კახთა და მკჳდრობა ქართველთა მეფისა. რათა არა დაიპყრას მეფემან ქართლისამან ამისთვს მიუწოდა მყის თეიმურაზს და ეტყოდა: "ბოროტსა კოსტანტინეს მოუკლავს მამა და ძმა თჳსი, რომელი წარვავლინე მშვიდობის ყოფად და ხილვად მამა-ძმისად. არამედ აწ მისდაცა უგიათ პასუხი კახთა და მოუკლავთ იგიცა. აწ წარვედ შენ მოსწრაფედ, რათა არა შფოთი რაიმე იქმნას კახეთს მათ შორის". მისცნა ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა (იხილე აქა ზაკულება ბოროტი). ხოლო უცნობელად მოვიდა მალემსრბოლად ქისიყს თეიმურაზ ყოვლითა თჳსითა მუნ მყოფითა კახით. ქისიყს ისტუმრა გლეხმან ერთმან და უძღუნა ცხრა წულნი აკუნით, მუნიდამ აცნობა დედასა თჳსსა ქეთევანს დედოფალსა მისლვა თჳსი. შემდგომად მივიდა გრემს და იყო სიხარული დიდი დედაშვილისაგან და ყოველთა კახთა. მერმე მივიდა და ეკურთხა ბოდბეს ქ{რისტე}სა ჩ̃ქე, ქარ{თულსა} ს̃ჟგ (მეფე არჩილ იტყჳს მცხეთას, არა სარწმუნოდ).
ჱ̃. მეფე ბატონი თეიმურაზ ა̃ , ი̃ წელი მეფა
[edit]ხოლო დაჯდა მეფედ ბატონი თეიმურაზ. მაშინ იყო წლისა ი̃ვ და განაგებდა კახეთსა. მერმე მოიყვანა ცოლი ასული მამია გურიელისა ანნა და ჰყო ქორწილი დიდებული თორღას. არამედ ვინაჲთგან იყო კახეთი მორჭმული და შენობიანი, მარადის იშუებდა თეიმურაზ და ნადირობდა და ნადიმობდა; ხოლო შემდგომად მიუდგა ცოლი მისი და უშვა ძე ლევან; კუალად მიუდგა და უშვა ძე ალექსანდე. და მოკუდა ანნა ქ{რისტე}სა ჩ̃ქი, ქარ{თულსა} ს̃ჟჱ. ამისთჳს ჰყო თეიმურაზ მწუხარება და გლოვა დიდი. ესე ესმა შააბაზს და ამისთჳს მიუწოდა თეიმურაზს, რათა განაგდოს გლოვა და იხარებდეს მის თანა.
მაშინ თეიმურაზს სარწმუნოდ სჩნდა შააბაზ და წარვიდა მის წინაშე შავით მოსილი. ხოლო პირველად დედისაგან წარგზავნილმან შესძღუნა ძმა და ტყუენი შააბაზს თეიმურაზ, და აწ მისრულმან დაჲ თჳსი და ტყუენი ქალ-ყრმანი წარჩინებულთა კახთა შვილნი. ხოლო შააბაზ კეთილად შეიწყნარა და პატივ-სცა და ნიჭვიდა მრავალსა. განძარცვა გლოვა, ანადიმებდა და ანადირებდა მარადღე. შემდგომად ეტყოდა შააბაზ თეიმურაზს საიდუმლოდ: "შეირთევ დაჲ ლუარსაბ მეფისა და იქმენ ქჳსლ ჩემდა და მოყუარე მისი, რათა არღარა იყოს თქუენ შორის შური". ამისთჳს თეიმურაზ მიუგო ვედრებით: "რამეთუ არს პაპაის ასულისა ჩემისა ძის ძე და ესე არა ჯერ არს რჯულსა ჩუენსა ყოფად". განრისხნა შააბაზ და აიძულებდა თეიმურაზს ყოფად ამისად. მაშინ ვინაჲთგან არღარა იყო სხუა ღონე დართო ამანცა ნება (ესე ჰყო შააბაზ, რამეთუ მიზეზობდა და რათა დაამდაბლოს და ნებისა თჳსისად ჰყოს, რათა შერიოს რჯულითა და მერმე მაჰმადიან ჰყოს და კუალად იხილოს, თუ მისცეს ლუარსაბ დაჲ თჳსი, რომელი არა წარუვლინა მას უხუცესი, არამედ უმრწემესი).
და კუალად მისწერა შააბაზ ლუარსაბ მეფესა, რათა მისცეს დაჲ თჳსი თეიმურაზს. შემდგომად გამოუტევა თეიმურაზ ნიჭითა დიდითა, მოვიდა კახეთს და მოითხოვა ხუარაშან. მაშინ მოსცა ლუარსაბ დიდითა დიდებითა და ქმნა ქორწილი გრემს თეიმურაზ ქ{რისტე}სა ჩ̃ქიბ, ქარ{თულსა} ტ̃, და განაგებდა კახეთს ნებისაებრ.
არამედ უკეთუ მტერობდნენ ლეკნი, გარნა ვერ იკადრებდენ ცხადად თჳნიერ პარვით. ამისთჳს წარავლინა თეიმურაზ ომანიშვილი ქაიხოსრო, რამეთუ იყო იგი ახოვანი, შემმართებელი. ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დადგა მთასა ზედა, უწყო რბევა, სრვა და ოჴრება, და ვითარ ვერ წინააღუდგნენ, ითხოვა ბუკი თეიმურაზისაგან, რამეთუ მოშიშარ იქმნებიან უფროსად. არამედ კახთა შეასმინეს ბატონს თეიმურაზს: "ნებავს კახეთი და მისთჳს ითხოვს ბუკსაცა". ამისთჳს მოიყვანა ქაიხოსრო და მოჰკლა იგი ღალატად.
ამის მხილველთა კახთა რომელთამე იწყეს ქუეგამხედველობა მეფისა. ხოლო შააბაზს მიერ ჟამითგან, ოდეს მოკლეს კახთა კოსტანტინე, შურ აქუნდა და ვერ ჰპოვა ჟამი შურ-გებისა უცალოებითა შინაგანითა, ვინაჲთგან ეერ სრულ ექმნა ნება თჳსი. გარნა აწ ჰპოვა მიზეზი, წარმოემართა და მოვიდა უცნობელად განჯას ქ{რისტე}სა ჩ̃ქიე, ქარ{თულსა} ტ̃გ, თათრულსა ჩ̃კდ.
მოსლვა შააბაზისა
[edit]განჯიდამ მოუმცნო თეიმურაზს: "მე მივალ ბრძოლად ოსმალთა. ამისთჳს აწ მომეც მძევლად ძე შენი, რათა არა ემწო ოსმალთა, ვითარცა ჰყო პაპამან შენმან, და ვსცნა ამით ერთგულება ჩემი შენგან". ესმა რა ესე თეიმურაზს, უცხოდ აღუჩნდა, რამეთუ არა იყო ბრძოლა ოსმალთა, გარნა იცოდა მანკიერება მისი, რამეთუ იყო ესე მიზეზი და შააბაზ იყო მცბიერი, ხუანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკჳდრეთა.
მაშინ თეიმურაზ ეზრახა კახთა და მათ ყოველთა განუზრახეს წარვლინება ძისა. გარნა არა ინება თეიმურაზ. არამედ იძულებითა კახთაგან წარუვლინა უმრწემესი ძე ალექსანდრე და წარატანაცა დედა თჳსი ქეთევან და ნოდარ ჯორჯაძე, ჰგონებდა პატივის ცემასა დედისასა შააბაზისაგან, რათა ევედროსცა შეწყალებად და უკუნქცევად. ხოლო შააბაზ რა იხილნა იგინი, განრისხებულმან მოუთხრა კუალად თეიმურაზს: "არათუ ვარ ძიძა და მზრდელი ძისა შენისა, წარმომივლინე ძე შენი უხუცესი (რამეთუ ენება სრულიად ყოველთა ჴელთგდებად), უკეთუ გნებავს ერთობა ჩემთანა, და მე ვსცე პატივი დედასა შენსა და უკუნ-ვიქცე". შეუძნდა ფრიად თეიმურაზს და არღარა ლამოდა წარვლინებასა, ვინაჲთგან მოემცნო დედასაცა თჳსსა არა წარვლინებად მეორისა ძისა. არამედ კახნი აიძულებდნენ და ეტყოდნენ, "არა ორგზის იყავა მისთანა, მოგცა ნიჭი და პატივი დიდი, რად მოსწყუედ კახეთსა ერთისა ყრმისათჳს, ვინაჲთგან უწყით, რამეთუ ავნებს არარასა". მაშინ უღონო ქმნილმან თეიმურაზ წარუვლინა უხუცესიცა ძე თჳსი ლევან და წარატანა დავით ასლანისშვილი. მერმე რა ჴელთ იგდო იგინი შააბაზ, აუწყა თეიმურაზს: "აწ ვსცან, რამეთუ ხარ ერთგული დიდი ჩემი, ვინაჲთგან არა რიდე ძეთა შენთა ჩემთჳს, მოვედ შენცა და აღგავსო ნიჭითა და განგიტეო ქუეყნითურთ მშჳდობით".
ამისი მსმენელი თეიმურაზ და კახნი იუწყებდენ ზაკუასა შააბაზისასა. რამეთუ ნებავს მოსრვა მათი და მოოჴრება კახეთისა. ამისთჳს ეზრახა თეიმურაზ მეფესა ლუარსაბს, რათა შეეწიოს: "ვინაჲთგან სწადს მოოჴრება საქართველოსი. იხილე რამეთუ მტერი შენი მოურავი არს მის თანა, რომელსა მოჰყავს ყეენი მტრად შენდაცა". ხოლო ლუარსაბ მოსცა პირი მტკიცე და შემოიკრიბნა თეიმურაზ სპანი კახთანი და გაავლო მუკუზნიდამ გაღმა მჴრამდე ჯებირი და დადგა, ესმა შააბაზს მაგრება თეიმურაზისა, წარმოავლინა იდუმალ სპანი და გარდმოადგინა ჟალეთს და თჳთ გამოვიდა მტკუარს და მომართა კახეთს, შეპყრობილთ კახთა მწყემსთა ყიზილბაშთაგან მისცნა ხალათნი და გამოუტევნა. იხილეს რა ესე კახთა ივლტოდნენ თეიმურაზისაგან და მიერთმოდნენ შააბაზს, და იგი ფრიად პატივს უყოფდა და მისცემდა ბოძსა. ამისთჳს თეიმურაზ ვერღარა წინააღუდგა და წარმოვიდა დედაწულით. ხოლო მომავალმან იხილა ჟალეთს სპანი ყიზილბაშთანი, ეკუეთა ძლიერად, სძლო და მოსწყჳდნა უმრავლესნი და სხუანი ივლტოდნენ, ადიდო ალაფი ყიზილბაშთა მათ და მოვიდა მუხრანს ლუარსაბ მეფისა თანა. ხოლო ლტოლვილნი ყიზილბაშნი მივიდნენ წინაშე შაჰაბაზისა, განძჳნდა და წარმოემართა ორთა მეფეთა ზედა. არამედ ესენი წარვიდნენ იმერეთს, რამეთუ უკეთუ ენებათ მეფეთა ბრძოლა, გარნა არა ინებეს ქართველთა და კახთა ბრძოლა შააბაზისა. ხოლო შააბაზ შემოვლო კახეთი, ქართლი და დადგა გორს და იქმნა რა იგი აღვსწერეთ. გარნა უკუნ იქცა რა, დაუტევა განმგედ კახეთისა ნოდარ ჯორჯაძე და დავით ასლანისშვილი, და თჳთ მისრულმან აშრაფს წარავლინნა დედა და ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად, რომელნი განჯიდამვე წარავლინნა აშრაფს. არამედ თეიმურაზ იყო იმერეთს პატივით გიორგი მეფისაგან. გარნა შემდგომად სამისა თთჳსა წარუვლინეს ნოდარ და დავით ბატონს თეიმურაზს კაცი და მიუთხრეს: "მოვედ და ეპატრონე კახეთს საბატონოსა შენსა".
მოვიდა თეიმურაზ კახეთს, ექუსი თთუე მეფა
[edit]წარმოსრულს იმერეთიდამ თეიმურაზს მოჰყვნენ თჳთ გიორგი მეფე, ლევან დადიანი და მამია გურიელი არაგუამდე უვნებლობისათჳს ქართველთასა და მუნ მოეგებნენ ყოველნი კახნი სრულიად. ხოლო იმერთა მეფე და მთავარნი უკუნ-იქცნენ თჳსადვე და თეიმურაზ დაიპყრა კუალად კახეთი. ესე მიესმა შააბაზს, განრისხნა და წარმოემართა სპითა ძლიერითა. არამედ წინარე წარმოავლინა ალიყულიხან მსწრაფლად სპითა დიდითა შეკრვად არაგჳს პირისა, რათა არა ივლტოდეს თეიმურაზ კუალად იმერეთს.
სცნა თეიმურაზ მოსლვა ალი-ყულიხანის არაგუსა ზედა, შემოიკრიბნა სპანი და დაესხა შუადღე წიწამურს ზეით და ძლიერითა ბრძოლითა ივლტოდნენ ყიზილბაშნი და მოსრვიდნენ კახნი, რამეთუ მცირედნიღა გარდაეხუეწნენ და აღიღო ალაფი და საჭურველი და საჭურჭლე მათი თეიმურაზ. არამედ ლტოლვილნი ყიზილბაშნი მივიდნენ წინაშე შააბაზისა. ხოლო იგი განძჳნდა, ვითარცა ვეშაპი და წარმოვიდა მსწრაფლად მაშინ კახთა მგონებელთა, ვითარცა უყოთ წინარე შააბაზ უვნებელობა და ბოძნი, მისთჳს არცა აწ ინებეს ბრძოლა და მაგრება. ამით უღონო იქმნა თეიმურაზ, წარვიდა იმერეთსავე, გარნა განჰყვნენ მრავალნი დიდნი და მცირენი დედაწულითურთ.
ბ̃ მოსლვა შაჰაბაზისა
[edit]ხოლო შააბაზ მოვიდა კახეთს და მუნიდამ ტფილისს ქ{რისტ}ესა ჩ̃ქივ, ქარ{თულსა} ტ̃დ, თათრულს ჩ̃კდ. ეზრახა ლეკთა: "რამეთუ მნებავს მოწყუედა კახეთისა და რომელნი შემოვიდნენ თქუენ კერძთა მთათა შინა, თქუენ მოსრენით და ტყუე-ყვენით იგინი და აღგავსნე მეცა ნიჭითა". მსმენელთა მათ სიხარულით აღუთქუეს.
მაშინ შააბაზ წარმოავლინა ტფილისიდამ სპანი დიდნი ხერკსა და ერწო-თიანეთსა ზედა. ხოლო თჳთ ჩამოვიდა კახეთს, მოსრნა, მოსტყუევნა, აჰყარნა და მოაოჴრნა, განძარცუნა ეკლესიანი, ხატნი და ჯუარნი შემუსრნა და სამკაულნი მათნი ჰყო ხარჭათა თჳსთა აღსამკობელად. გარნა ვიეთნიმე მორჩნენ ფშავს, ჴევსურეთს, თუშეთს და სიმაგრეთა, კლდეთა, ტყეთა და მთათა შინა. არამედ ლეკთაცა უყვეს ეგრეთ, ვითარცა აღუთქუეს შააბაზს.
ფეიქარ ხან კახთა
[edit]შემდგომად დაუტევა ფეიქარხან სპითა კახეთს და თჳთ წარვიდა და წარიყვანნა აყრილნი კახნი ტყუედ და დასხნა რომელნიმე მაზანდარას, ხუარასანს და ფერიას (რომელნი უძღოდენ ძეთა მისთა ჯაზაირჩად), გარნა თეიმურაზის ყოფასა იმერეთს იქმნა სიყმილი დიდი. შემჭირვებულმან თეიმურაზ წარავლინა კაცი წინაშე ხონთქარისა სტამბოლს და ითხოვა სადგური და შეწევნა მისგან. შემდგომად მცირედ ამისა, ჩავიდა გურიას, ისტუმრა მამია გურიელმან და პატივსა უყოფდა. ხოლო მუნ მოუვიდა წარგზავნილი სტამბოლიდამ და აღეთქუა შუელა და მწე-ყოფა ხონთქარსა და მიებოძა გონია და ახალციხის გარემოს რომელნიმე დაბნები.
მაშინ გურიულთა შთააგდეს შური მამია გურიელისა თანა, რამეთუ ნებავს თეიმურაზს გურია, ვინაჲთგან მოსცა ხონთქარმანცა გონია. ამისი მცნობი თეიმურაზ წარვიდა ახალციხეს მოცემულთა დაბნებთა შინა და მუნ ისტუმრა ათაბაგმან მანუჩარ კეთილად. შემდგომად განიზრახა წარსლვა სტამბოლს, ვინაჲთგან აღეთქუა ხონთქარს შეწევნა და აუწყა ესე ათაბაგს. ხოლო ათაბაგმან მისცა ოლთისი, მივიდა მუნ თეიმურაზ და დაუტევა დედოფალი ხუარაშან და დედაწულნი კახთა ოლთისს და მოუდგინა ნოდარ სალთხუცესი და თჳთ წარვიდა შჳდასითა კაცითა აღკაზმულითა ფრიად მდიდრად. ესე ესმა შააბაზს და ჰგონა მწე-ყოფა სულტნისაგან ბატონის თეიმურაზისა. ამისთჳს მოიყვანნა ძენი თეიმურაზისანი ისპაანს და გამოასაჭურისნა ქ{რისტე}სა ჩ̃ქკ, ქარ{თულსა} ტ̃ჱ (ალექსანდრე მოკუდა მით, ხოლო ლევან იქმნა ხელ და ვიდოდა უპატიოდ, შემდგომად მოკუდა იგიცა).
კუალად უბრძანა შააბაზ ამირ-გუნახანს, ერევნის ბეგლარბეგს: "წარვედ და დაესხი ოლთისს თეიმურაზის დედოფალს სპითა და წარმოგზავნე წინაშე ჩემსა ტყუედ". მაშინ იყო ზამთარი, გასთხარა მთა თოვლიანი ამირ-გუნახან. არამედ იხილა სიზმრივ დედოფალმან ხუარაშან, რამეთუ დაესხნენ სპანი და იავარ-ჰყვეს იგი; მყის განიფრთხო და შევიდა ციხესა შინა ყოვლითა თჳსითა და განამაგრა ციხე. ხოლო განთიად დაესხა ამირ-გუნახან სპითა და, ვითარ ვერღარა რაჲ ჰპოვა, უკუნ-იქცა და წარვიდა.
არამედ მას ჟამსა მუნ არა იყო ნოდარ; სცნა რა, შეიკრიბნა მუნებურნი და კახნი მისთანა მყოფნი, დევნა უყო ამირ-გუნახანს, მიეწია, მოსრნა სპანი მისნი, და ივლტოდა ამირ-გუნახან. აღიღო ალაფი მათი და მოვიდა წინაშე დედოფლისა გამარჯუებული.
ხოლო თეიმურაზ, მისრული სტამბოლს, კეთილად შეიწყნარა სულტანმან მუსტაფამ. შემდგომად სთხოვა შეწევნა, არამედ ხონთქარს აქუნდა ბრძოლა დასავლით, არღარა მოსცა სპანი, არამედ ანიჭნა დიდ-დიდნი და გამოუტევა.
მას ჟამსა იყვნენ ანატოლსა შინა ჯალადნი მრავალნი და ესენი უყოფდენ თეიმურაზს ბრძოლასა მრავალგზის, არამედ მარადის მძლედ მოსწყჳდნა თეიმურაზ, რამეთუ დღესა ერთსა შჳდგზის ეკუეთნენ სხუადასხუანი. გარნა ყოველნი მოსრნა ძალითა ზენათი, რამეთუ ერთიცა კაცი არა დამკლე ექმნა თეიმურაზს და მოვიდა ოლთისს მძლეველი. გარნა დახუდენ მუნცა ძლევა-შემოსილნი მშჳდობით. მერმე კუალად მოვიდა გონიას თეიმურაზ და იყოფოდა მუნ წარსლვად რუსეთს შავის ზღჳთ.
ხოლო კახეთი იყო ხიზნვით და ფეიქარხან აშენებდა მოსაბრუნს და ასახლებდა ელთა და მცდელობდა დამორჩილებასა და მონდობასა კახთასა. გარნა რომელნიმე იყვნენ მისთანა. შემდგომად მოვიდა მოურავი ყარჩიხანით ქ{რისტე}სა ჩ̃ქკგ, ქარ{თულსა} ტ̃ია, და დადგნენ საფურცლეს და მიუწოდეს კახთა, მისრულთა შეიყეანდენ მოვლებულს თეჯირსა შინა წინაშე ხანისა, რეცა ხალათის მიცემად. არამედ მოჰკუეთდენ მუნ თავსა და მოსწყჳდნეს მრავალნი. შემდგომად სცნეს კახთა და იკრნეს ჴრმალნი, გამოვლნეს ბრძოლით და განერნეს, მერმე მოკლეს ყარჩიხან მოურავმან და ზურაბ, მიუვლინეს თეიმურაზს, რათა მოვიდეს და დაიპყრას კახეთი. ისმინა, წარმოვიდა და დაიპყრა კახეთი.
მოსლვა თეიმურაზისა გონიადამ კახეთს. ი̃ა წელი მეფა
[edit]ხოლო ქართველთა რა ვერღარა შეიპყრეს ფეიქარხან წაგურად ლელა ბატონიშვილისად, ამისთჳს სთხოვეს მოურავმან და ზურაბ თეიმურაზს ასული თჳსი დარეჯან ცოლად ზურაბისათჳს. ამით განიგულა თეიმურაზ დაპყრობა ქართლისა და მისცა ასული თჳსი ზურაბს. მერმე მოიყვანეს თეიმურაზ მეფედ ქართლს და ეპყრა კახეთიცა.
ესმა შააბაზს, წარმოავლინა ყორჩიბაში სპითა დიდითა, მოვიდა და დაიბანაკა ალგეთსა ზედა და იქმნა ყოფილი, ვითარცა აღვწერეთ, და შემდგომად მარაბდის ლტოლვისა წარვიდა თეიმურაზ იმერეთს და კახეთი იყო თჳსად და შემდგომად წარსლვისა ყორჩიბაშის ჩამოვიდა კუალად კახეთს ბატონი თეიმურაზ და დაიპყრა კახეთი ქ{რისტე}სა ჩ̃ქკდ, ქარ{თულსა} ტ̃იბ.
ამ ჟამთა კახთა მცირედ იწყეს შენობა და მოსახლობა, არამედ კუალად მიესმა ესე ყოველი შააბაზს, განრისხნა და განძჳნდა, მიუწერა შირაზის ბეგლარბეგსა, რათა გაამაჰმადიანოს დედა თეიმურაზისა ქეთევან დედოფალი, და უკეთუ არა ჰყოს გმობა ქრისტესი, მოკლას ტანჯვითა ფიცხელითა. და ამან მოკლა ქრისტესთჳს ტანჯვითა ფერად-ფერადითა, ვითარცა მოგვითხრობს მეტაფრასი მისი ქ{რისტე}სა ჩ̃ქკდ, ქარ{თულსა} ტ̃იბ, სეკდენბერს ი̃ბ. ხოლო შთავარდა რა შური მოურავსა და ზურაბსა შორის, მაშინ მოუწოდა ზურაბ ერისთავმან ბატონს თეიმურაზს დაპყრობად ქართლისად და მივიდა დუშეთს. არამედ მოვიდა მოურავიცა სპითა ძლიერითა და დიდითა. გარნა იყო თეიმურაზისა თანა ზურაბ ერისთავი, ამილახვარი იოთამ და კახნი მისნი. გარნა ბრძოლასა შინა აღასრულა თქმული თჳსი ედიშერ, რომელი ეტყოდა კახთა და სპათა: "ეცადენით სიკუდილსა მოურავისასა, რამეთუ იგი აღაშფოთებს ყოველთა". მისრულმან ედიშერ ჰკრა შუბი მოურავსა და დალეწა მკერდსა მისსა ზედა. ხოლო მოურავმან ჰკრა თავსა შიშუელსა და განუპო ჴრმლითა, მერმე მოვიდა მოურავი, ჰკრა ბატონს თეიმურაზს ლახტი ბეჭსა ზედა, არღარა დაადგრა და წარვიდა. არამედ სძლეს მოურავსა და ივლტოდა ქ{რისტე}სა ჩ̃ქკგ, ქარ{თულსა} ტ̃იდ. ამათ მოსრნეს და შეიპყრნეს მრავალნი, ხოლო პყრობილთა დაჰკუეთნა ცხჳრნი და რომელთამე ყურნი ბატონმა თეიმურაზ და განუტევნა. და თჳთ ჩავიდა და დაიპყრა ქართლი და განაგებდა მწეობითა ზურაბისათა.
შასეფი. თათრულსა ქ{ორონი}კ{ო}ნს ჩ̃ლჱ.
[edit]ხოლო ქ{რისტე}სა ჩ̃ქკჱ, ქარ ტ̃ივ, თათრულს ჩ̃ლჱ მოკუდა შააბაზ და დაჯდა ძის წული მისი შასეფი. ამ ჟამად განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა მორჩილ ექმნა ბატონს თეიმურაზს. გამოიყვანა სჳმონ მეფე ტფილისიდამ და თეიმურაზ ჩამოვიდა კახეთს და მცირედისა ჟამისა მივიდა უფადარს წარსლვად წინაშე ყეენისა. არამედ მოუწერა ზურაბს: "მე წარსრულ ვარ, გარნა ვსცნობ შემდგომსა შენდა სჳმონისასა, რამეთუ არა ჯერ იყო განწირვა სიძისაგან სიმამრისა". შემდგომად მცირედთა დღეთა უფადარს მოართუეს თავი სჳმონ მეფისა ზურაბის წარმოგზავნილი თეიმურაზს და კუალად მიეწოდა დაპყრობად ქართლისა და მოეთხრა: "ვითარცა გაგწირვედი უკუდავად". უკმოიქცა თეიმურაზ და დაიპყრა ქართლი.
ხოლო ვინაჲთგან არღარავინ ჰყვა მეტოქი და წინააღმდგომი და უმრავლდებოდა სპანი ქართლ-კახეთისა პყრობითა, მოიჴსენა შური წუქეთის სულთნისა, რამეთუ ოდეს აჰყარა შააბაზ კახეთი, მან უბოროტესნი უყო კახთა და წარვიდა სპითა დიდითა. არამედ ალონსა შინა მორბედსა ცხენსა ბატონის თეიმურაზისასა უბრკმა და შემუსრა ბეჭი მისი. ამისთჳს მტკივნეული ვერღარა წარვიდა თჳთ. გარნა წარავლინა ზურაბ ყოვლითა სპითა.
ესე მივიდა და დაესხა უგრძნეულოდ და გამაგრდა სულტანი ძლიერად. მაშინ უბრძანა ზურაბ ყოველთა სპათა მკჳრცხლად შეჴდომად სულტანისა და მათ მყის აღმასრულებელთა წარუხუნეს სიმაგრენი, მოჰკლეს სულთანი და მოსწყჳდნეს მისთანანი ყოველნი და მოაოჴრნეს სანახებნი მისნი და წარმოვიდნენ გამარჯუებულნი ალაფითა დიდითა და მოვიდნენ წინაშე თეიმურაზისა.
ამისა შემდგომად მოიჴსენა შური ზურაბ ერისთავისა ბატონმან თეიმურაზ და საფურცლეს მდგომმან ღალატით მოკლა იგი, მერმე შევიდა დუშეთს და წარმოიყვანა ასული თჳსი დარეჯან და დადგა საფურცლესავე. ეზრახა მეფესა გიორგის იმერთასა, რათა შერთოს ასული მისი დარეჯან ძესა მისსა ალექსანდრეს. სათნო იყო გიორგი მეფემან და წარმოუვლინა ძე თჳსი ალექსანდრე. ესე მოვიდა საფურცლეს, აქორწინა ქინძარას მცირეს ეკლესიასა შინა და განუტევა მზითვითა დიდითა ქ{რისტე}სა ჩ̃ქკთ, ქარ{თულსა} ტ̃იზ.
შემდგომად შეიკრიბნა სპანი ორთავე ქუეყანათა თეიმურაზ და მიუჴდა ულუკოსორს, რამეთუ იგინი უჴდებოდნენ, აოჴრებდნენ და სტყუენვიდნენ კახეთს, მოსწყჳდნა, მოსტყუევნნა და მოაოჴრნა და მოვიდა გამარჯუებული. კუალად შეიკრიბნა სპანი ორნივე, წარვიდა და მოსტყუევნა არაზს შიგნითი, ბარდა, ყარაბაღი, შამშადილო და ყაზახი, და მოვიდა ალაფითა და იავარითა დიდითა გამარჯუებული.
ხოლო იყო უნდილაძე დავით განჯის ბეგლარბეგი, ესე ერთგულ და ნამსახურ იყო შააბაზისა. არამედ შაჰსეფიმ მიზეზითა ცუდითა შეიპყრა ძმა მისი და მოკლა იგი და ძეთა მისთა აღმოჴადნა თუალნი. შეშინდა ესე დავით და მოვიდა თეიმურაზისა თანა სპითა და დედაწულითა ყაჯარისათა. ხოლო თეიმურაზ შეიწყნარა და დაასადგურა იორის პირსა ზედა. ესმა ესე შასეფის და მოითხოვა იგი ბატონის თეიმურაზისაგან. გარნა მან არა მისცა, არამედ ევედრა, რათა შეიწყალოს და მიუტეოს შეცოდებანი. მსმენელი ამისი შასეფი განრისხნა, მოუწოდა ხოსრო-მირზას, მისცა მას ქართლი და წარმოატანა როსტომ-ხან სპასალარი და მოვიდნენ ხუნანს. ამისთჳს მოიყვანა თეიმურაზ ბარათიანთ ცოლნი საფურცლეს, რათა არა მიერთნენ როსტომს და ლამოდა ბრძოლასა. არამედ მას ღამესა განივლტვნენ ბარათიანნი და მივიდნენ წინაშე როსტომისა. მაშინ ინება ბარათიანთა ცოლთა დაჭრა ცხჳრპირთა თეიმურაზ. არამედ არა აუფლა ხვარაშან დედოფალმან და წარვიდა იმერეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქლდ, ქარ{თულსა} ტ̃კბ. თჳთ ბატონმან თეიმურაზ შთაუსწრა იმერეთს. ხოლო ეწივნენ ხიზანთა სპანი ყიზილბაშნი, მოსწყჳდნეს და ტყუე-ჰყვნეს, უკუნ-იქცნენ და მივიდნენ ტფილისს.
ხოლო როსტომ დაიპყრა ქართლი, წარმოავლინეს სალიმხან და დასუეს კახეთს, არამედ ვერ მიენდვნენ კახნი თჳთოთაგან კიდე და იყოფოდა სალიმხან მოსაბრუნს. შემდგომად მოკლა როსტომ მეფემან დათუნა ერისთავი. წარუგზავნა ზაალ ძმამან დათუნასმან ბატონს თეიმურაზს ფიცი და აღთქმა დიდი, რათა მოვიდეს და მეფედჰყოს ქართლს. ესე ირწმუნა თეიმურაზ, წარმოსრულმან მოვლო დუალეთსა ზედა, რამეთუ ქართლს ვერღარა გამოვლიდა როსტომის გამო და მოვიდა დუშეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქლვ, ქარ{თულსა} ტ̃კდ.
მოსლვა ბატონის თეიმურაზისა დუშეთს, ი̃ბ წელი აწ მეფა
[edit]მაშინ იწყეს მტერობა როსტომისა და ვერა რაჲ ავნეს, მერმე კუალად შეუჩინეს მოღალატენი და ვერცა რაჲ მით ავნეს, რამეთუ აქუნდა ძალი დიდი ყეენისაგან და მორჩილებდენ ყიზილბაშნი. ამისთჳს დაუტევეს როსტომ და მოუჴდნენ სალიმხანს, მპყრობელსა კახეთისასა, მაშენებელსა მოსაბრუნსა შინა სასახლისასა. აგრძნა სალიმხან და ივლტოდა, არამედ მოსწყჳდნეს სპანი მისნი და აღიღეს იავარი მისი, მოიქცა და დაიპყრა კახეთი, მოვიდა და დადგა კუალად დუშეთსვე და მცდელობდა მტერობასა როსტომისასა სამს წელს დუშეთს მდგომი. არამედ განიგულა სიკუდილი ზაალისა და დაპყრობა არაგუ-ბაზალეთისა და განიზრახვიდა კახთა თანა: "თუ რომლის ძლით ჰყოს ესე". უთხრეს ესე ზაალს და ფარულად მოასმინეს განზრახუა თეიმურაზისა. ამისთჳს იწყო ზაალ კრძალვა მისგან. ჰსცნა ბატონმან თეიმურაზ უნდობლობა ზაალისა და წარმოვიდა და ჩამოვიდა კახეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქლთ, ქარ{თულსა} ტ̃კზ, და იწყეს უმეტეს აწ შენობად და მოსახლობად კახთა, რამეთუ ჩამოვიდოდნენ ხიზანნი და დაეშენებოდნენ.
ამ ჟამებთა წარუვლინა ყეენსა ბატონმან თეიმურაზ ძღუენი დიდი და ითხოვა შენდობა. ხოლო ყეენმან შეიწყნარა ძღუენი, და მოსცა კახეთი თეიმურაზს და ხალათი და მოემცნო პირველისა შენდობა და აწ ერთგულად ყოფნა. და ესრეთ მრავალგზის წარუვლინებდა ძღუენსა, ხოლო შასეფი ნიჭვიდა და სწყალობდა და დაზავდა მის თანა. არამედ იხილა ამით, რამეთუ აქუს მცირედი სიმშჳდე, განიზრახა თეიმურაზ შესლვად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი. შემოკრებულითა კახითა შეუჴდა და შემუსრნა რაოდენიმე კოშკნი და მოწუა დაბნები. არამედ დიდოთა მოიმწნეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა, მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა, და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა, და მოსწყჳდნეს მრავალნი კახნი, ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყუელი: "ვაი დარბაისელ ეპისკოპოს მოწყუედილსა". ქ{რისტე}სა ჩ̃ქმ, ქარ{თულსა} ტ̃კჱ.
შემდგომად ამისა მიუწოდეს ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან ევდემოზ, ზაალ ერისთავმან, ამილახორმან და ნოდარ ციციშვილმან. ხოლო მივიდა რა მუხრანს თეიმურაზ, გაემარჯვა როსტომს ნოდარსა ზედა, ამისთჳს უკუმოიქცა და მოვიდა კახეთსავე. მერმე კუალად მოემცნო კათალიკოზს ევდემოზს გაქცევისათჳს ნოდარისა: "რად უკუნიქეც, აწ მოვედ და ჰყოცა რა იგი გნებავს". კუალად ირწმუნა თეიმურაზ და მივიდა მუხრანს, მუნ მოერთო ზაალ ერისთავიცა, არამედ სცნეს, რამეთუ როსტომ შესრულ იყო ციხესა შინა გორს და ამათ არა ძალ-ედვა გარმოდგომა მისი, ვინაჲთგან აქუნდა ნიჯადი ყეენისაგან დიდი. ამისთჳს უკმოიქცა თეიმურაზ. არამედ ავნო დიდი მუხრანის ბატონმან ვახტანგ და მოვიდა კახეთს.
ხოლო შემდგომად მოუჴდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირე-სპოსანს, თჳნიერ ქისიყელთაგან, ბატონს თეიმურაზს და შემოუსია სპანი ქ{რისტე}სა ჩ̃ქმგ, ქარ{თულსა} ტ̃ლა. მაშინ ეწყუნენ სიმაგრით გამო კახნი და აოტნეს სპანი როსტომისანი და წარვიდა როსტომ ტფილისს. ხოლო კახთა აღიღეს ალაფი და მოვიდნენ წინაშე თეიმურაზისა. გარნა ამითცა ვერცარა ავნეს როსტომს და ეგო მტკიცედ. იხილა ესე ზაალ ერისთავმან და დამორჩილდა როსტომს. ხოლო როსტომ წარავლინა ზაალ წინაშე ყეენისა და შემდგომად მოსლვისა ზაალისა ისპაანიდან და მცირედისა შემდგომად შემოიკრიბნა კუალად როსტომ სპანი ძლიერნი და წარმოემართა ბატონს თეიმურაზსა ზედა.
მაშინ იდგა თიანეთს თეიმურაზ, შემოიკრიბნა მანცა სპანი თჳსნი. არამედ მტერ იყვნენ რევაზ სალთხუცესი და ბიძინა სუფრაჯი ჩოლაყაშვილნი, და არა ინება ბიძინამ მორჩილება რევაზისა, ვინაჲთგან რევაზ თავ სპათა იყო: "უკეთუ სძლოს რევაზ იქმნების მიზეზი ძლევისა". ამისთჳს აიძულებდა ბატონს თეიმურაზს ბიძინა: "რათა წარავლინოს იგი ერწოს და მუნ ბრძოს მან, რამეთუ უკეთუ დაიპყრან მათ ერწო, ვერცა ჩუენ დავმაგრდეთ თიანეთს", არა ენება ესე თეიმურაზს. გარნა იძულებულმან მისცა ნება, რათა არა იქმნეს მუნ სპათა მისთა შორის შფოთი ბრძოლათა შინა და წარვიდა ბიძინა ერწოს, და ამით განეყო სპანი თეიმურაზს. მაშინ მოვიდა ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი მისთანა უღლისს, ეწყო რევაზ და იყო ბრძოლა ცემითა თოფთათა ძლიერი, ვიდრე უკუდრკენცა იგინი. არამედ დაადგრა ვახტანგ მუხისა თანა ერთისა მცირითა სპითა, მუნიდამ მოხუდა რევაზს თოფი და განვლო ზურგით კერძ. ესე არა აგრძნა სპათა, გარნა განამაგრნა იგინი, მოვიდა და ამბორს უყო ჴელსა ზედა თეიმურაზს, მერმე მივიდა და მოკუდა მუნვე.
იხილეს სპათა ჩუენთა და მოუძლურდებოდნენ. ხოლო იგინი მოეტევნენ და ივლტოდნენ კახნი. და ჩამოვიდა ბატონი თეიმურაზ შიგნით-კახეთს და ბიძინაცა უკუმოიქცა უქმად, მოუდგა როსტომ თეიმურაზს. არამედ ამავეს დღესა ეწყუნენ მაღაროს ძესა თეიმურაზისასა დავითს სპანი ყიზილბაშნი, მოგზავნილნი როსტომ მეფისაგან, იძლია მუნ დავითცა და მოკლეს იგი და სპანი მისთანანი მოსრნეს ქ{რისტე}სა ჩ̃ქმჱ, ქარ{თულსა} ტ̃ლვ, თათრულს ქ{ორონი}კ{ო}ნს ჩ{ვე}ნჱ და მოადგნენ თეიმურაზს ორგნითვე.
ამისმან მხილველმან თეიმურაზ და უღონო ქმნილმან წარავლინა დედოფალი ხვარაშან ვედრებად როსტომისა თანა (რამეთუ იყო ბიძის ძის ასული როსტომისა), მისრული შეიტკბო და პატივსცა კეთილად და მოსცა საჩუქარი საკიდარნი და წარუძღუანა კათალიკოზი და განუტევა იმერეთს. მოეგება სიძე თჳსი ალექსანდრე და დაასადგურა პატივითა. მაშინ უთხრეს სიკუდილი ძისა თჳსისა დავითისა თეიმურაზს, ჰყო გლოვა და მწუხარება დიდი.
როსტომ მეფემან თ̃ წელი მეფა
[edit]ხოლო როსტომ დაიპყრა კახეთი და მისცა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი და ხერკი. არამედ კახნი უმეტეს იყვნენ თჳსად და ზაალის თანა, ხოლო თეიმურაზ შემდგომად გლოვისა იწვია ლევან დადიანმან (რამეთუ იყო პაპის ასულის წული ლევან თეიმურაზისა). წარსლვისა არა მნებელსა თეიმურაზს განუზრახვიდა მეფე ალექსანდრე, რათა ჰყოს მათ შორისცა ზავი. ესე განიხილა თეიმურაზ თჳსად უმჯობესად, რამეთუ უკეთუ შეაერთოს იგინი, მოიცეს მათგან ძალი. ამისთჳს წარვიდა და მისრულსა მოეგება დადიანი ლევან, პატივ-სცა, უმასპინძლა, ანადიმებდა და ანადირებდა, გარნა ჩუენებასა შინა საჭურჭლე-საგანძურისასა უძღუნა მსოლოდ სახტიანი. შემდგომად ეტყოდა თეიმურაზ ლევანს ზავ-ყოფასა ალექსანდრესსა და განტევებასა მამუკასსა თავსმდებობითა თჳსითა. ესე ინება ლევან დადიანმანცა, არამედ შორად განკიდებულ ჰყო წუწკმან.
ამისი მხილველი თეიმურაზ წარმოვიდა და მოვიდა იმერეთსავე. მაშინ ალექსანდრე მეფემან სთხოვა ძის ძე გიორგი თეიმურაზს შვილად თჳსად. მისცა ამან და ზრდიდა იგი მემკჳდრედ. არამედ შემდგომად მცირედისა მოკუდა ყრმა იგი და იგლოვეს მწარედ ზოგად მეფეთა.
ხოლო იყო მეფე თეიმურაზ იმერეთს წელსა შჳდსა და როსტომ უმეტეს განძლიერდებოდა. ამისთჳს წარავლინა რუსეთს ძის ძე თჳსი ნიკოლაოზ. ამას მისრულსა ჩერქეზს დაეცნენ მეკობრენი, მოსრნეს მისთანანი და წარგუარნეს მჴევალნი. ხოლო ყრმა ნიკოლაოზ წარიტაცეს ყმათა მისთა და მიიყვანეს თერგს, მერმე მიიყვანეს მოსკოვს.
ამისა შემდგომად იხილა თეიმურაზ, რამეთუ არღარა არს სხუა ღონე, წარვიდა თჳთცა რუსეთს ვედრებად რუსთა ჴელმწიფისად, რათა შეეწიოს ქ{რისტე}სა ჩ̃ქნვ, ქარ{თულსა} ტ̃მდ, და დაუტევა დედოფალი დედაწულით იმერეთს, განვლო თჳთ რაჭა, დიგორი, ჩერქეზი და მივიდა თერგს, მერმე აშტარხანს, მუნიდამ მოსკოვს, მისრულსა ჴელმწიფემ ალექსიმ პატივ-სცა მეფებრ და შეიწყნარა ვედრება მისი. შემდგომად უბრძანა მიზეზი, რომელი არა იყო შეწევნისა. ამისი მსმენელი თეიმურაზ გამოეთხოვა, მან მოსცა ნიჭი დიდი და წარმოვიდა. მოსრულს აშტარხანს უთხრეს სიკუდილი ძის ძისა თჳსისა ლუარსაბისა, რომელი იყო შუენიერთ, კისკასი და სატრფო, მწუხარედ გლოვისა. შემდგომად დაუტევა ნიკოლაოზ წინაშე ალექსი ჴელმწიფისა მოსკოვს, თჳთ წარმოვიდა და მოვიდა იმერეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქნთ ქარ{თულსა} ტ̃მზ და აქაცა დახუდა დედოფალი ხვარაშან მიცულილი. იგლოვა უმეტეს მწუხარედ და იყოფოდა იმერეთს, ვინაჲთგან ალექსანდრე მეფეცა მომკუდარ იყო.
სალიმხან
[edit]ხოლო კახეთს შემდგომად სიბერისათჳს როსტომისა დასუეს სალიმხახ ქ{რისტე}სა ჩ̃ქნზ, ქარ{თულსა} ტ̃მე. არამედ ზაალსვე ეპყრნა ზემოთქმულნი ქუეყანანი და კითხვითა მისითა მართვიდა სალიმხან კახეთსა. ამან სალიმხან მოიყვანნა ელნი და დასხნა შიგნით და გარეთ-კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიანი, ალავერდი და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი, რამეთუ იყვნენ არვე-მროწლეთა მათთა სადგურად და იყო ჭირიცა დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან. არამედ სალიმხან ჯდა ყარაღაჯს უზრუნველი კახთათჳს და განისუენებდა უზრუნველი მტრის ვნებისაგან. ხოლო დღესა ერთსა მღუდელი ვინმე მოვიდოდა შიგნით კახეთს, შეიპყრეს იგი თათართა და განხრწნეს სოდომურითა და განუტევეს. შეიწრებული მღუდელი იგი მოვიდა წინაშე ზაალისა მეტყუელი ესრეთ: "შენდა რწმუნებულ არს კახეთი კნინღა პყრობად, აწ შემამთხვიეს თათართა უჯერო, ამისთჳს შენვე პასუხ-უგე ქრისტესა დღესა მას დიდსა განსჯისასა". ამისმან მსმენელმან ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თჳსნი და ფშავჴევსურ-თუშნი, და ბიძინა სუფრაჯი და ერისთავი კსნისა შალვა ძმით ელიზბარ (რამეთუ სიძე იყო შალვა ზაალისა), შეკრიბნა ესე ყოველნი, წარუძღუანა ძე თჳსი და მიუჴდნენ პირველად ბახტრიანს, მოსრნეს და მოსწყვდნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა მოსწყჳდნეს, რამეთუ არცაღათუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი. არამედ ყარაღაჯს არღარა მივიდნენ, რამეთუ წარსრულ იყო სალიმხან და იჯდა მუნ მურთუზალიხან და მოიქცნენ გამარჯუებულნი ქ{რისტე}სა ჩ̃ქნთ, ქარ{თულსა} ტ̃მზ.
მურთუზალიხან
[edit]ხოლო შემდგომად ზაალ ერისთვის სიკუდილისა შეშინდნენ ბიძინა, შალვა ძმით ელიზბარით და არღარა მივიდნენ ვახტანგ მეფისა თანა. არამედ შთავიდნენ მურთუზალიხანთან ყარაღაჯს. მაშინ ხანმან შეიპყრნა იგინი და წარავლინა წინაშე ყეენისა. ხოლო ყეენმან მისცნა იგინი მესისხლეთა, რომელნიცა მოსწყჳდნეს მათ ელნი და მათ აწამეს იგინი ქრისტესთჳს, ვითარცა წერილ არს მეტაფრასსა მათსა. არამედ კახეთი თუცა ეპყრა მურთუზალიხანს, გარნა უფროს მორჩილებდენ მეფესა ვახტანგს და იყვნენ წინაშე მისსა.
ხოლო შემდგომად ალექსანდრე იმერთა მეფისა დაშთა ბატონი თეიმურაზ ციხესა შინა სკანდას ფრიად უპოვარი და შთასლვასა ვახტანგ მეფისასა იმერეთს ეზრახა თეიმურაზ ვახტანგს, რათა წარავლინოს წინაშე ყეენისა და მივიდეს მის თანა. მან სიხარულით აღუთქუა და მისრულსა თეიმურაზს პატივ-სცა ვახტანგ დიდად და წარმოუძღუანა ამილახორი გივი და მოიყვანეს ტფილისს ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲა, ქარ{თულსა} ტ̃მთ.
ხოლო მო-რა-იქცა ვახტანგ იმერეთიდამ, წარავლინა თეიმურაზ ისპაანს და წარატანა გივი ამილახორი, მისრული თეიმურაზ პატივით შეიწყნარა ყეენმან შააბაზ და ანადიმებდა და ანადირებდა თჳსთა თანა და ნიჭვიდა მრავალსა. დღესა ერთსა ეტყოდა თეიმურაზს შააბაზ, რათა დაუტეოს ქრისტე. ხოლო თეიმურაზ არცაღა-თუ ისმინა. კუალად ნადიმობასა შინა ეტყოდა ჭამასა ჴორცისას, რამეთუ იყო მარხუა, არცა ესე ინება თეიმურაზ. განრისხნა შააბაზ და შეაქცია თასითა ღჳნო პირსა ზედა ჴელითა თჳსითა თეიმურაზს. იწყინა კადრება ესე თეიმურაზ. არამედ დამშჳდდა შააბაზ მეტყველი: "ჰკადრებს ძე მამასა უკადრსა, გარნა არა განრისხნების მამა". მეორეს დღეს წარვიდა შააბაზ აშრაფს და თეიმურაზ წარავლინა ასტარაბადს პატიმრად.
ხოლო წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲბ, ქარ{თულსა} ტ̃ნ, მოვიდა ძის ძე თეიმურაზისა დავითის ძე ნიკოლაოზ, რომელსა ეწოდა ერეკლე, თუშეთს, რამეთუ ამას ზრდიდა რუსთა ჴელმწიფე ალექსი, ვითარცა ძესა. გარნა ზოგნი იტყჳან მოწოდებითა ზაალ ერისთვისათა, რათა ჰყოს მეფედ. ხოლო სხუანი იტყჳან მოწოდებითა მამიდისა თჳსისა დარეჯანისათა, რათა ჰყოს იმერთა მეფედ. ამას მიერთნენ კახნი.
ესე სცნა შანაოზ მეფემან და წარმოავლინა სპითა მუხრანის ბატონისშვილი პაატა და ერისთავი ოთარი. ესენი მოვიდნენ ურიათუბანს. ეწყო მუნ ერეკლე კახ-თუშითა და შემდგომად ბრძოლისა იძლია ერეკლე და ლტოლვილი შევიდა თორღის ციხესა შინა. ხოლო ქართველნი გაბრუნდნენ და აუწყეს შანაოზს. მან შემოიკრიბნა სპანი და შთამოვიდა კახეთს და მოადგა ციხესა თორღისასა. მაშინ შემჭირდნენ მეციხოვნენი, რამეთუ იყო დედით ერეკლე მუნ. ამისთჳს ევედრა დედა ერეკლესი შანაოზ მეფესა, რათა მისცეს გზა და განუტეოს: მან უსმინა და განუტევა ფარულად და მივიდა კუალად თუშეთსვე. ხოლო შანაოზ დაიპყრა კახეთი და წარვიდა ტფილისს ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲგ, ქარ{თულსა} ტ̃ნა. არამედ ერეკლე იმყოფოდა თუშეთს მწირობასა შინა, ვერ წარმსლველი რუსეთს და ვერცა მდგომი მუნ. ხოლო მისრული ასტარაბადს ბატონი თეიმურაზ მასვე ზამთარსა გარდაიცვალა შემონაზონებული და სქემოსანი ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲგ, ქარ{თულსა} ტ̃ნა. შემდგომად ევედრნენ ყეენსა კახნი მუნ მყოფნი, რათა წარმოიღონ გუამი თეიმურაზისა კახეთს. ხოლო ვინაჲთგან მეფესა ვახტანგსაცა მოეთხოვა ყეენისათჳს, ამისთჳს ყეენმანცა ნება სცა, წარმოიღეს და მოიღეს ალავერდს. მაშინ შეკრბნენ კათალიკოს-ეპისკოპოზნი ქართლკახეთისანი ბრძანებითა მეფისა ვახტანგისათა და დაფლეს ალავერდს ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲდ, ქარ{თულსა} ტ̃იბ, თათრულს ქ{ორონი}კ{ო}ნს , ჩ̃ობ.
თ̃. მეფე არჩილ ი̃ა წელი მეფა
[edit]ხოლო ამასვე ქორონიკონსა მოსცა შააბაზ კახეთი ძესა ვახტანგ მეფისასა არჩილს და მოვიდა დიდითა დიდებითა, მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი კახნი, დაჯდა მეფედ და დაიპყრა ყოველი საზღვარი კახეთისა.
ესე არჩილ იყო ახოვნებითა, შუენიერებითა, სიმჴნითა და ყოვლითა სამკვდრო-სანადიმო ზნითა სრული, რომლისა ისარი ი̃ბ მუჭი სიგრძითა, შემმართებელი, ძლიერი, ლაღი და ამაყი, მონადირე და მოასპარეზე წარჩინებული და საღმრთოთი აღმატებული. ამან განასხნა თათარნი ურჩნი თჳსნი და განაგებდა კეთილად. არამედ მეორესა წელსა იწყო კირთება განზრახჳთა კახთათა ერეკლემ კახეთისა. მცნობელი შანაოზ მოვიდა ძისა თჳსისა თანა სპითა დიდითა და დადგა აწყუერს. ხოლო ერეკლე ეერ წინააღმდეგი წარვიდა კუალად თუშეთს და დასცხრა კირთებისაგან. იხილა ესე შანაოზ და განუტევნა სპანი. ესე აცნობეს კახთა ერეკლეს და მოუწოდეს თავს დასხმად შაჰნაოზისად. ამისთჳს ერეკლემ შეიკრიბნა თუშნი და წარმოსრულს მიირთუნენ კახნი, მომწეველნი მისნი და დაესხნენ ბნელსა ღამესა შინა, და იქმნა რა იგი აღვწერეთ.
არამედ ერეკლე წარიტაცეს თუშთა და მიიყვანეს კუალად თუშეთსვე. მაშინ შაჰნაოზ შეაფიცნა სრულიად კახნი ძესა თჳსსა არჩილს და დაუტევა იგი კახეთს და თვთ წარვიდა ქართლს. ხოლო ერეკლეს შესჭირდა მწირობა თუშეთს და წარვიდა კუალად რუსეთსვე და არჩილ, მყოფი კახეთს, ნადირობდა და ნადიმობდა და შენდებოდა კახეთი, ვინაჳთგან იყო სიმშჳდე და უმტრობა და ნიჭვიდა და სწყალობდა ყეენი არჩილს, რამეთუ ვერცაღათუ ლეკნი იკადრებდნენ ჴდომასა.
არამედ განმსუენეთა კახთა ეძჳნებოდათ თეიმურაზის ძის დავითის ასულის ქეთევანის წინდად ყოფნა სამცხეს და საქმობითავე დარეჯან დედოფლისათა იხილეს არჩილ უცოლო, ეტყოდნენ სიკეკლუცესა და შუენიერებასა ქეთევანისასა, რათა შეირთოს ცოლად. მსმენელი არჩილ ეტრფიალა, და ევედრა მამასა. რათა მოგუაროს ცოლად იგი, რამეთუ უმეტეს მკვდრად დავიპყრობ კახეთსა. შემდგომად დიდისა უარყოფისა შაჰნაოზ მეფემან წარავლინა ტფილისელი მაჭარი და დაიჴსნა ქეთევან ც̃ თუმნად, მოიყვანა ტფილისს და უქმნა ქორწილი დიდებული ქ{რისტე}სა ჩ̃ქჲზ, ქარ{თულსა} ტ̃ნე, შემდგომად მოიყვანა კახეთს.
ამან არჩილ ჰყო სასახლე თელავს და განაახლნა ეკლესიანი ყოველნი კახეთისანი და დასხნა ეპისკოპოზნი, მატა სჯულსა და შენობასა ქუეყნისასა და იყო შუებასა და ნადირობა-ნადიმობასა, ზოგჯერ მამისა თჳსისა თანა ქართლს და უმეტეს კახეთს.
ხოლო შემდგომად იწყეს ლეკთა ჭურმუტთა ავაზაკობით კირთება გაღმა მჴართა და ელისენთა შინა, შეიკრიბნა არჩილ სპანი, მოიყვანნა ქართველნი, წარავლინნა და მიუჴდნენ ჭურმუტს, შემუსრნეს სიმაგრენი, მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს და მოვიდნენ გამარჯუებულნი. ამისთჳს მარადის ემატებოდა და შენდებოდა კახეთი და იყვნენ შეერთებულნი ქართველთა თანა ყოვლითურთ.
ხოლო შემდგომად უქმნა არჩილ ქორწილი ძმასა თჳსსა ლუარსაბს ლილოსა ზედა, რევაზ ერისთავის ასულსა ზედა, არამედ მუნ მოუღეს ჭარელთა ცხენით ყინული, შეიპყრნა და სტანჯნა იგინი, აჰკიდა კუალად ტჳრთად და მოაღებინა კუალად მუნიდამეც ტჳრთითავე ყინული. ხოლო წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ქოდ, ქარ{თულსა} ტ̃ჲბ მოვიდა ყეენისაგან მოწოდებული რუსეთიდამ კუალად ერეკლე თუშეთს წარსლვად წინაშე ყეენისა (რამეთუ მოკუდა შააბაზ რა, შიხალიხან განუზრახა შაჰსულეიმანს მტერობითა ვახტანგ და არჩილ მეფისათა მეტოქად მოყვანა ერეკლესი, რათა დაამდაბლონ გაძლიერებული ვახტანგ), თუშეთიდამ მოიწვია არჩილ და ისტუმრა სიყუარულითა დიდითა ერეკლე, ანადიმა, ანადირა მრავალდღე, მერმე უძღუნა და წარატანა კახნი და წარავლინა ისპაანს.
ხოლო კახნი იყვნენ ამ ჟამებთა შუებასა, განცხრომასა, განსუენებასა და მშჳდობასა შინა. კუალად მოიჴსენეს ხუანჯი და ხრიკი. ეტყოდნენ არჩილს იმერეთის დაპყრობასა, ვითარცა ეპყრა პირველ. "რამეთუ სახელი არს დიდი შენდა, იყო რა ქრისტიანედ და მისცე მოყუარესა სამკჳდრო თჳსი, რამეთუ რა სცნობს ყეენი დატევებასა შენგან კახეთისასა, მასვე ჟამსა მისცემს ერეკლეს და გამოუტევებს კახეთს".
ხოლო არჩილ მოძულე მაჰმადიანთა და მოძულემან მაჰმადიანობისამან სათნო იყო განზრახუა ესე და მოვიდა თიანეთს ქ{რისტე}სა ჩ̃ქოე, ქართ ტ̃ჲგ, უცნობელად მამისა თჳსისა. შემდგომად მუნიდამ წარვიდა ახალციხეს, ევედრა მამა არა ყოფად ამისად, არამედ არა უსმინა, ხოლო შემდგომად არჩილის წარსლვისა მორჩილებდნენ კახნი შანაოზ მეფესა. არამედ ყეენი ეტყოდა დატევებასა ქრისტესსა ერეკლეს და წარმოვლინებასა კახეთს. გარნა მან არა დაუტევა ქრისტე. მერმე წარვიდა ჩოლაყაშვილი რევაზ წინაშე ყეენისა, იქმნა მაჰმადიან, ამას მიათუალეს კახეთი და გამოუტევეს. არამედ ვინაჲთგან არჩილ იწყო ქართლისა პყრობად და კუალად იყო ქართლს, განაზრახეს ყეენსა, რათა არა მიერთნენ არჩილსვე კახნი. ამისთჳს წარმოავლინეს ბეჟანხან, ესე მოვიდა და დაჯდა ყარაღაჯს ქ{რისტე}სა ჩ̃ქოზ, ქარ{თულსა} ტ̃ჲვ.
ბეჟან ხან, ვ̃ წელი იყო
[edit]მიერთუნენ ყოველნი კახნი. ამან ქმნა სასახლე სპარსთა რიგისა ყარაღაჯს და უბრძანა კახთაცა მუნ სახლთა გებანი. ხოლო ჟამთა ამათ მოშენებულ იყო კახეთი და მთავრობდნენ მთავარნი და არა ნებისაებრ მისისა მსახურებდნენ ხანსა. იხილა რა სიამაყე ესე კახთა ხანმან, იწყო მოწამლვით და რომელთამე ცხადად სიკუდილი. ამისთჳს კახთაცა იწყეს კრძალვა და ფრთხილობა.
ხოლო გიორგი მეფემან არა მნებებელმან ამისმან შემოუჩინა კაცი ხანსა, ჰკრეს თოფი და მოსტეხეს მჴარი. არამედ დაეხწა სიკუდილსა. მერმე წარმოუვლინა გიორგი მეფემან დოსტაქარი. მაშინ ხანი იტყოდა: "უმჯობეს იყო არცა სიკუდილი და არცა კურნება", ამისთჳს განბოროტებულმან ხანმან მისცა ნება და ძალი ლეკთა და უწყეს კახეთს კირთება და ტყუევნა, არათუ ლაშკრით, არამედ ავაზაკობით.
კუალად აღაზავნა უმეტეს ჭარელნი და ელი ფადარი დასხმულნი ხანთაგანვე, რამეთუ თუცა მოელიან კახნი ლეკთა ანუ თათართა შერისხვიდა ხანი, ანუ მოაკუდინებდა ანუ მიაცემინის სისხლი, მეტყუელი: "რამეთუ არა ჯერ არს გაურთაგან მუსულმანის სიკუდილი და თუცა მოჰკლიან თათართა კახი არა რაჲ ავნის, რამეთუ ესრეთ ჯერ არს და იყო ამით ჭირი დიდი. გარნა კახნი უდგნენ მაგრად და სრვიდნენ სადა ვინ მოაჴელიან.
ამ ჟამებთავე თაობდნენ კახეთს ჩოლაყაშვილი რევაზ, მოურავი ქისიყისა აბელ, მოურავი ელისენისა მერაბ და სხუანიცა, და განეგებოდა ხანისაგან კახეთი ამათით. კუალად მოკუდის თუ ეპისკოპოზი, ამათითვე და ეპისკოპოზთაგან აღრჩევით მისცის ხანმან ეპისკოპოზობა და წარუვლინიან ქართლის კათალიკოზსა მცხეთას და მან აკურთხის და გამოუტევის. ხოლო შემდგომად ვედრებითა კახთათა და ნებითა ხანისათა წარმოავლინა ყეენმან სხუა ხანი და იგი წარიყვანეს, ესე მოვიდა და დაჯდა ყარაღაჯს ქ{რისტე}სა ჩ̃ქპგ, ქარ{თულსა} ტ̃ოა.
ხანი, ე̃ წელი იყო
[edit]არამედ ესეცა ვიდოდა კუალთა წინათთა ხანთათა. შემდგომად ეზრახა გიორგი მეფე სამთა ამათ წარჩინებულთა ქ{რისტე}სა ჩ̃ქპჱ, ქარ{თულსა} ტ̃ოვ, რათა ჰყონ ერთმთავრობა მის თანა, მოკლან ხანი და იავარჰყონ სიმდიდრე მისი. ხოლო კახთა ამისთჳს მისცეს პირი მტკიცე, მგონებელთა, რამეთუ რაჟამს ჰყონ ესე, წამსვე წარმოავლენს ყეენი ერეკლეს. არამედ განუდგა რა გიორგი მეფესა თამაზ სპასპეტ, ვერღარა მყოფელთა დაიდუმეს ესე. ამისმან მცნობელმან ხანმან იწყო უფროს მტერობა კახთა. არამედ ესმა კუალად ყეენსა ვერ-თავსდება კახთაგან ხანისა. ამისთჳს მისცა კახეთი განჯის ბეგლარბეგს აბაზყულიხანს და მოეიდა ესეცა ყარაღაჯს ქ{რისტე}სა ჩ̃ქპჱ, ქარ{თულსა} ტ̃ოვ.
აბაზ-ყულიხან, ვ წელი იყო
[edit]ხოლო ესე აბაზ-ყულიხან იყო ფრიად მდიდარი, რამეთუ განჯაცა ამასვე ეპყრა და ნიჭვიდა კახთა მრავალსა და მეგობრობდენ გიორგი მეფე და აბაზ-ყულიხან. გარნა ეპყრა ერწო-თიანეთი არაგჳს ერისთავსავე.
ამისა შემდგომად მოვიდა ერეკლე მეფედ ქართლისად და ამას ნებითა ხანისათა მიეგებნენ რომელნიმე კახნი ყაზახსა შინა, ვინაჲთგან მიეცა ყეენსა თუშნი და ქისიყელნი ტალად ერეკლესათჳს და კახეთი სრულიად ეპყრა აბაზ-ყულიხანს. გარნა უსმენდა განდიდება-დამცირებასა აბაზ-ყულიხან ერეკლე მეფესა კახთასა და ვიეთნიმეცა იყვნენ წინაშე მისსა, და შენდებოდა კახეთი ქართლიდამ. არამედ ლეკნი კუალადცა ეკირთებოდნენ მარადღე და, სადაცა შეხუდიან კახნი, მოსწყუედდენ.
შემდგომად ეზრახა მეფე გიორგი კოჟრიდამ კახთა, რათა ჰყონ არჩილვე მეფედ. ამისთჳს კახთაცა მისცეს პირი მტკიცე და მოვიდნენ ქართველნი ნინოწმიდას დაპყრობად კახეთისად. არამედ დუშია მოურავმან აოტნა რა იგინი, მისთჳს განადიდა იგი აბაზ-ყულიხან და ჰყო თავ კახთა. ამისთჳს განვიდა სახლეულით თჳსით ჩოლაყაშვილი სახლთხუცესი რევაზ და რომელნიმე მიმდგომნი მისნი გიორგი მეფისა თანა.
ამისა შემდგომად ეზრახა ერეკლე მეფე ბრძანებითა ყეენისათა აბაზ-ყულიხანს და მოვიდა ერეკლეცა ყარაღაჯს და დაასკუნეს წართმა ერწო-თიანეთისა, და ამა პირსა ზედა ერეკლე მეფე წარვიდა კუალად ტფილისს. ხოლო აბაზ-ყულიხან წარავლინა კახნი და დაიპყრეს ერწო-თიანეთი და იქმნა რა იგი აღვსწერეთ.
შემდგომად მოვიდა აბაზ-ყულიხან კახითა და განჯის სპითა მეშუელად ერეკლე მეფისა თანა ჯუარს ბრძოლად გიორგი მეფისა. არამედ ვერა რაჲსა ვნებისა შემდგომად გიორგი მეფისა მოვიდნენ ერეკლე და აბაზ-ყულიხან ტფილისს. ხოლო მომკუდარ იყო შასულეიმან და დაჯდა შასულთან უსეინ ქ{რისტე}სა 1692, ქარ{თულსა} ტპ. ამას შეასმინა ერეკლე მეფემან აბაზ-ყულიხან: "რამეთუ მეგობრობს გიორგი მეფესა და ამაგრებს და არცა ნებავს ბრძოლა მისი". მსმენელი განრისხნა ყეენი და უბრძანა ერეკლე მეფესა პატიმარ-ყოფა აბაზყულიხანისა, წართმა ქონებათა და წარგზავნა წინაშე მისსა. ხოლო ერეკლე მეფემან აღასრულა ბრმანებული. არამედ კახეთი დაშთა უპატრონოდ და ვიეთნიმე იყვნენ წინაშე ერეკლე მეფისა, ვიეთნიმე წინაშე გიორგი მეფისა და ვიეთნიმე თჳსად. გარნა უფროს მორჩილებასა შინა იყვნენ ერეკლე მეფისასა. ამ ჟამებთა წარვიდნენ თუშნი და რომელნიმე კახნი წინაშე ერეკლე მეფისა და მოსრნის ჭაპალას სპათა გიორგი მეფისათა. ესენი კუალად აცნობა ერეკლე მეფემან ყეენსა.
ქალბალი-ხან, ჱ წელი იყო
[edit]ხოლო მან წარმოავლინა ქალბალი-ხან სარდლად და მისცა განჯის ბეგლარბეგობა და კახეთი და, მოვიდა რა იგი ყაზახსა შინა ქ{რისტე}სა 1695, ქარ{თულსა} ტპგ, მუნ მიეგებნენ სრულიად კახნი შეკრებულნი სპითა, მან პატივით შეიწყნარნა და წარიყვანნა სრულიად სპითა გიორგი მეფესა ზედა და იქმნა რა იგი აღვსწერეთ.
ხოლო შემდგომად კლდეკარისაგან გიორგი მეფის წარსლვისა ჩამოვიდნენ ტფილისს ერეკლე მეფე და ქალბალი-ხან. მაშინ ევედრნენ კახნი, რათა ნება სცეს ჭარელთა ზედა და შემუსრონ იგინი, ვინაჲთგან იგინი უმეტესად მძლავრობდნენ ენისელს გაღმა მჴარსა და იყვნენ მესადგურე ეტიკნი დაღისტნელთა და იყო ამათ მიერ ტყუევნა, ოჴრება და კლვანი კაცთა, მზირობით, ავაზაკობითა და პარვითა, შემდგომად არჩილ მეფისა ვიდრე აქამომდე. არამედ არა აუფლებდა ქალბალი-ხან აწ ყოფად ამისად. კუალად ერეკლე მეფეცა ეტყოდა: "გვაცადეთ, ვიდრე გიორგი მეფის ზავ-ყოფადმდე და მერმე მოვიდე მეცა და უყოთ, ვითარცა გნებავთ". არამედ კახთა არა ინებეს, მეტყუელთა: "რად გვნებავს მათ ზედა მეშუელნი, ჩუენ გვეცით ნება, რამეთუ არს კახეთი მათგან ოჴერ". მაიძულებელთა ნება სცეს და შეიკრიბნენ სრულიად კახნი და მივიდნენ ენისელსა შინა, ევედრნენ ჭარელნი და აღუთქმიდენ მორჩილებასა და ხარკსა, რათა არა მოსწყჳდონ. ესე არა ინებეს კახთა და შეუჴდნენ, ვერ წინააღუდგნენ ჭარელნი და ამათ მოსწყჳდნნეს, მოსტყუევნნეს და შემუსრნეს სიმაგრენი მათნი და ნაალაფევნი, დადგნენ ჭარსა შინა, რამეთუ განეზრახათ სამდღე მუნიდამ რბევა და ტყუევნა მარად დღე. არამედ გლეხთა რა იხილეს ალაფი დიდი აღიტჳრთვნენ და წარმოვიდნენ. აღუძნდათ ესე მთავართა ფრიად, გარნა არღარა უსმინეს. ამის მხილველთა ჭარელთა უწყეს თჳთოეულმან ცემა თოფთა, მოკლეს დუშია და მრავალნი წარჩინებულნი, და ივლტოდნენ კახნი და მოსწყუედდნენ ლეკნი, მერმე აღიღეს ალაფი თჳსი და უმეტესი კახთა, და კახნი მოვიდნენ თჳს-თჳსად ქ{რისტე}სა 1695, ქარ{თულსა} ტპგ.
ესმა ესე ქალბალი-ხანს, განიხარა, ვინაჲთგან ენება დამდაბლება კახთა. არამედ ერეკლე მეფე დამძიმდა ფრიად და ამისა შემდგომად იწყეს უმეტესი კირთება, ტყუევნა და რბევა კახეთისა ლეკთა. ხოლო შთასლვასა ქალბალი-ხანისასა განჯას მარადის იყოფოდნენ წარჩინებულნი კახნი მის წინაშე და ევედროდენცა შეწევნასა ლეკთა ზედა. არამედ იგი უზრუნველ იყო, რამეთუ აძლევდნენ მას ხარკსა და მორჩილებდენ, და კახთა ეტყოდა ტკბილად და ნიჭვიდა მრავალთა. გარნა კახნი კუალად მჴნედ უდგნენ მარადის ლეკთა და მოსრულთა მძლე-ექმნებოდიან და მოსრვიდიან, ვინაჲთგან ამ ჟამებთა აღივსებოდა ქართლიდამ კაცით კახეთი და აღშენდებოდა მრავალნი უშენნი დაბნები და აგარაკები. გარნა ჟამთა ხანებთათა შემოჴდა უმეტეს პირველისა ქცევა და ზნენი ყიზილბაშთა და დაუტევებდნენ ქართულთა; იწყეს კეკლუცობა, განცხრომა, მათებრ სმა-ჭამა, სიბილწე, ტყჳს სყიდვა, მრუშება ვიდრე სოდომიადმდე, რამეთუ პატივისათჳს და როქთათჳს იქმნებოდიან მაჰმადიან და მიიღებდიან ყეენისაგან როჭიკსა. გარნა თუ მარადის ბრძოლა-ჴდომათა შინა იყვნენ, არამედ ჟამიცა აქუნდათ განსუენებისა ხანებთა გამო ქცეულებისათჳს ეგრეთისა. შემდგომად ამისა ქ{რისტე}სა 1703, ქარ{თულსა} ტჟა, მისცა ყეენმან ერეკლე მეფესა კახეთი და ყულარაღასობა თჳსი და გამოვიდა ტფილისიდამ მარტყოფს, მოიყვანა დედოფალი თჳსი ანნა, რამეთუ ესე ანნა იყო, ოდეს ერეკლე მყოფობდა ისპაანს, მოითხოვა კახეთიდამ ქალი და არავინ წარჩინებულთაგანმან ინება წარვლინება, რამეთუ ჰგონებდენ ხარჭად. არამედ რომელი ვაჴსენეთ ალავერდელი, მისგან იყო ჩოლაყაშვილი და მან წარუვლინა ასული თჳსი ანნა[1]. ხოლო ერეკლემ შვა მისგან ძე დავით და ასული ელენე და შემდგომად, რა განუგრძდა ყოფა ისპაანს, უიმედომან წამოსვლისამან იქორწინა მუნ მის თანა და, წარმოავლინეს რა ქართლს ერეკლე, ესე ანნა დაუტევა მუნავე ძით და ასულით გამაჰმადიანებულნი ყოველნი ერეკლეს თანა და დავითს უწოდეს იმამ-ყული და ელენეს ბანჯანუმ. ხოლო იმამ-ყული და მაჰმადყული იყვნენ საჭურისთა თანა ყეენისათა და მუნ იზრდებოდნენ. შემდგომად ანნა და ასული ელენე წარმოუვლინეს ქართლს და უშვა ერეკლეს ტფილისს ანნამ ძე თეიმურაზ[2].
ესენი დაუტევა კახეთს და მივიდა ტფილისვე და მერმე წარვიდა ისპაანს. მისრული კეთილად შეიწყნარა ყეენმან. შემდგომად ევედრა ერეკლე მეფე ყეენსა, რათა მისცეს ძესა მისსა დავითს კახეთი და განუტეოს, რამეთუ სცნა თჳსი არღარა გამოტევება. უსმინა ყეენმან და მისცა დავითს იმამ-ყულიხანს კახეთი და წარმოგზავნა ნიჭითა დიდითა წელსა ქ{რისტე}სა 1703, ქარ{თულსა} ტჟა, თათრულსა ჩრიე.
- ↑ [ვარიანტი Rdy]: მოშიშობდენ გამახმადიანობასა ქალისასა, ამისათჳს რომელ ჰსცხოვრებდა ერეკლე ისპაანს და ამისათჳს ჰსთხოვა ძმათა მისთა ჩოლაყასშვილთა დაჲ მათი ანნა, ასული გარსევანისა
- ↑ [ვარიანტი Rdy]:ჰშუა კუალად ანნასაგან ძეჲ ლუარსაბ. ამის შემდგომად მისცა ყაენმან ქართლი ერეკლეს და წარმოგზავნა ქართლს მეფედ. ხოლო ესე ანნა დაუტევა მუნვე ძეებით და ასულით რეცა მძევლად ყაენისა. ხოლო დაშთობასა ანნასა ისპაანს მოკუდა ძე მისი მუნ ლუარსაბ და დედოფალიცა ელენე, დედა მეფის ერეკლესი, და ძენი დავით, ხოლო კოსტანტინე ხარჭისაგან, ესე ორნი შეიყუანნა საჭურისთა თჳსთა თანა ყაენმან და მუნ აღზარდნა და შემდგომად დედოფალი ანნა და ასული ელენა წარმოუგზავნა მეფესა ერეკლეს ქართლს. და უშუა მეფეს ერეკლეს ტფილისს დედოფალმან ანნამ ძეჲ თეიმურაზ
ი. მეფე დავით გ, ით წელი მეფა
[edit]მოვიდა დავით იმამ-ყულიხან წლისა კე, დაჯდა ყარაღაჯს მეფედ და დაიპყრა სრულიად კახეთი. არამედ იყო ესე დავით პირშუენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, არა ძლიერი და მიქცეული სრულიად წესსა ზედა და სჯულსა მაჰმადისასა, რამეთუ არარაჲ სწამდა ქრისტეანეთა, უმეცარი ზნეთა და სამჴედროთა საქართველოჲსათა. არამედ წიგნნი და ენანი უწყოდა ორნივე წარჩინებულად. ამან დაამშჳდა ჭარი და აღუთქუეს მოცემა ხარკთა. გარნა იწყო ზნეთა ქართლისათა სწავლა, რამეთუ მოღობა ასპარეზი და მას შინა ასპარეზობდა უხილაობისათჳს კაცთა და ნადიმობდა კახთა თანა. არამედ თჳთ არა სმიდა ღჳნოსა მაჰმადიანობისათჳს, რამეთუ იყო, ვითარცა სჯულისთავი მათი. გარნა სენიცა იყო მის თანა, რომელ აწყინებდა, და ცოლიცა ესუა შამხლის გუარისა ისპაანს მამა-პაპით აღზრდილი, ტომითაც მაჰმადიანი.
ხოლო ამას აზრახეს კახთა, რათა მოვლოს საზღვარი თჳსი და მიიღოს მიხმულნი კახეთისა. სთნდა ესე კახთაგან და მოვლო ერწო-თიანეთი და მივიდა ჯუარს, მუნიდამ განვიდა და იხილა მცხეთა. ხოლო მცხეთას მოვიდა ვახტანგ განმგებელი ქართლისა და დარბაზობდენ ურთიერთს. ზავ-ჰყვეს ამათ სიყუარულსა ზედა, მერმე წარმოვიდა ჯუარიდამ და მოვიდა მარტყოფს, მუნიდამ ყარაღაჯს.
ამ ჟამთა მოვიდა ამყრელი ყეენისაგან, რომელნი შთამოსრულ იყვნენ კახეთს ქართველნი, რათა მიაქციონ ქართლსავე. შეუძნდათ ესე კახთა და ევედრნენ ყეენსა, არამედ არა უსმინათ, და წარმოავლინეს უმეტესი მძლე. ამან აჰყარნა სრულიად ჩამოსრულნი ქართლისა აზნაურნი და გლეხნი, თჳნიერ რომელთა დაიჴსნეს თავნი ანუ მოიყიდეს თუ კახთა და მისცეს ქართველთავე.
არამედ ვინაჲთგან ლეკნი დაუცხრომელად მტერობდნენ და უმეტეს ჭარელნი., განუზრახეს იმამ-ყულიხანს კახთა, რათა შემუსროს ჭარი და დააცხროს ჭირი ესე კახეთისა, მერმე დაიპყრას საზღვარი კახეთისა. მან უსმინა და შემოიკრიბნა სრულიად სპანი კახეთისანი თუშ-ფშავ-ჴევსურთა, განვიდა და დადგა ვარდიანს ქ{რისტე}სა ჩ̃ღვ, ქარ{თულსა} ტ̃ჟდ, რათა მუნიდამ ბრძოს მარადისი მოერთუნენ მუნ ჭარელნი და ევედრნენ მოუწყუედელობასა და მისცენ ხარკნი ნეშტნიცა და დამორჩილდენ, ვითარცა ნებავს.
ესე ინება იმამ-ყულიხან მათთა მაჰმადიან-ყოფისათჳს, არამედ არა აუფლეს კახთა, ვინაჲთგან აქუნდა შური დიდი. მერმე შეუჴდნენ ჩარდახს, მოსწყჳდნეს იგინი და გარემონი დაბნები მოწუეს ცეცხლითა და მოსტყუევნნეს ვიდრე კავკასამდე და ვერვინ წინააღუდგათ.
არამედ ჭარელთა სამოც-ოდენ კაცთა იხილეს მეფე მცირედითა სპითა, რომელსა უცემდენ ქოს-დაფდაფ-ბუკთა, მოეპარნენ და უწყეს ცემა თოფთა, მსინჯველთა თუ რაჲ ჰყონ, რამეთუ არა ვითარ ჰგონებდენ ლტოლვასა, არამედ, ვინაჲთგან გამოუცდელ იყო იმამყულიხან, არა იპყრნა თჳსთა თანა სპანი რჩეულნი, გარნა უგვანნი, და ამ ჟამსა ვერა რაჲსა მყოფელთა შექმნეს შფოთება და მათ უმეტეს უწყეს ცემა თოფთა. ხოლო ამათ იწყეს ლტოლვა.
განრისხნა დავით და მცდელობდა ბრძოლასა. არამედ რა იხილეს თუშთა ლტოლვანი, გამოიტაცეს დავით და მოიყვანეს ყარალაჯს. ამისნი მსმენელნი ივლტოდენ კახნი.
მაშინ შემოერივნენ ლეკნი და სრვიდნენ უწყალოდ, მოკლნეს მრავალნი წარჩინებულნი და უმრავლესნი გლეხნი და სხუანი ტყუეყვნეს, აღიღეს სიმდიდრე იმამ-ყულიხანისა და ალაფი კახთა მრავალი და ამის მიერ განძლიერდნენ და ქმნეს სიმაგრე ჭარელთა. შემდგომად გამოვიდნენ და დაიპყრნეს გარემონი თჳსნი და იწყეს უმეტესი კირთება, რბევა, ტყუევნა, ოჴრება და კლვანი გაღმა-მჴართა და კახეთს განუსუენებლად.
ხოლო იმამ-ყულიხან სრულიად კახითურთ მწუხარემან აუწყა ყეენსა და მან წარმოევლინა ნიჭი ნუგეშინის ცემისა. არამედ ლეკნი თუცა მძლავრობდნენ, გარნა კახნიცა, სადა ვის მოუჴდიან ჴოცდენ და მოსწყუედდენ, რამეთუ არა ძალ-ედვათ მინდორთა დამართება კახთა ლეკსა. შემდგომად მოვიდა ყარაღაჯს კათალიკოზი დომენტი, რამეთუ მიეცა ყეენსა მცხეთის შეწირულობა, რა იგი არს კახეთსა შინა. პატივით მიიღო იმამ-ყულიხან და მისცა ყოველი ნებასა მისსა და განუტევა. არამედ ლეკთა ოდესმე ზავ-ჰყვიან და ოდესმე იწყიან მტერობა. გარნა შემდგომად დაიპყრეს ელისენი და იწყეს ლაშკრობა და მოაოჴრნეს მრავალნი დაბნებნი, ესრეთ რამეთუ დაუტევა იმამყულიხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თჳსი თელავს და მანავს, და იყოფოდა ზამთარს მუნ, ხოლო ზაფხულს მაღაროს. არამედ ნიჭვიდა ყეენი და უვლინებდა ესეცა ტყუეთა კახთა წარჩინებულთა ძეთა და ასულთა, და ითხოვდა შეწევნასა (არა თუ ამან დასდვა ტყუენი, არამედ იყო გიორგისაგან და ლევანისაგან და უმეტეს ემატებოდა).
ხოლო იმამ-ყულიხანს უქეს აბანო ტფილისისა, არღარა რაჲ გამოიკითხა და მივიდა უცნობელად ვახტანგისა. აგრძნა ვახტანგ და წარმოუდგა კოჟრიდამ, უთხრეს ესე იმამ-ყულიხანს და წარმოვიდა მსწრაფლად და, გარდაჴდა რა, მოვიდნენ მოციქულნიცა ვახტანგისა და ამანაცა წარუვლინა ბოდიშით. არამედ, თუმცა მოსწეოდნენ, მისცემდენ სირცხჳლსა დიდსა. შემდგომად მოკუდა მეფე ერეკლე ქ{რისტე}სა ჩ̃ღი, ქარ{თულსა} ტ̃ჟჱ, ისპაანს.
ხოლო შემდგომად გლოვისა აღირჩია იმამ-ყულიხან წარსლვა წინაშე ყეენისა ანუ მოიცეს ძალი ანუ ეგოს მუნ, რამეთუ უმჯობეს სჩნდა მუნ ყოფა. ამისთჳს ევედრა ყეენსა, რათა მიუწოდოს. უსმინა ყეენმან და მიუწოდა მესტუმრით. ხოლო წარსრული იწვია ვახტანგ ტფილისს ქ{რისტე}სა ჩ̃ღია, ქარ{თულსა} ტ̃ჟთ. პატივით ანადიმებდა და განუსუენებდა, იმძახლეს და მოსცა ვახტანგ ასული თჳსი თამარ ცოლად თეიმურაზს, ძმასა დავითისასა (არამედ თეიმურაზს განატევებინეს ასული ბაინდურ ერისთვისა სათნო-ჩენითა სამღუდელოთათა და ჰყვეს ესრეთ. მერმე სიყუარულ-ერთობის ყოფისა მოსცა ვახტანგ საჩუქარი და წარვიდა იმამ-ყულიხან ისპაანს. არამედ თეიმურაზ დაუტევა კახეთს განმგედ. გარნა იყო დედოფალი დედა მათი ანნა მოქმედი.
ამ ჟამთა იწყეს გლეხთა მძლავრებისათჳს ლეკთა ლტოლვად და მისლვად ლეკთა თანა, რამეთუ იკლიან რაჲმე მეპატრონეთა თჳსთაგან, და მუნ მისრულნი ეტიკობდნენ და დაესხმიან დაბნებთა, არვე-მროწლეთა, კაცნი მოსრნიან, ტყუენი და საქონელნი წარიყვანიან. ხოლო კახნი ეწეოდნენ მდევრობით, ხან მათ სძლიან და ოდესმე ამათ და იყო მარადღოვანი ესევითარი ჴდომა. გარნა დაზავდიანცა და კუალად იწყიან უძჳრესნი ჴდომანი.
ამ ჟამთა წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღიბ, ქარ{თულსა} უ̃ წარვიდა თეიმურაზ ტფილისს დიდებით, რამეთუ წარსლვად იყო ვახტანგ ისპაანს, იქორწინა და დიდითა დიდებითა და ზითვითა მოიყვანა თამარ მანავს და ქმნა კუალად ქორწილი ჯეროვანი.
შემდგომად იწყეს, ვითარცა წესი არს კახთა, კერპობა ერთმანმეორისა და მტერობა ურთიერთთა და არა განიხილვიდნენ რისხუასა. არამედ თჳთცა ამასვე ჰყოფდენ, რამეთუ განძლიერდნენ ლეკნი ქურდობა-ავაზაკობით და აწ უმეტეს იწყეს ლაშკრით სლვა თჳთ კახთაგანვე, ვითარცა ჰყო ქისიყის მოურავმან რევაზ, რამეთუ დაასხა ელისენთ მოურავს მერაბს სპანი ლეკთა. ხოლო მერაბ ივლტოდა სახლის ერდოდამ და წარიღეს ლეკთა ალაფი მისი. არამედ მერაბცა უყო რევაზს ეგრეთვე. ამითი გაგულოვნდნენ ლეკნი და აოჴრებდნენ ქუეყანათა. გარნა თუცა დაზავდიან კუალადცა იწყიან ლაშკრობა და აცნობებდიან კახნი უპირობასა. არამედ იგინი მოუთხრობდნენ ჯეილთა ჰყვეს (ესე არს ყრმათა ჰყვეს). და უკეთუ კახნი მძლე ექმნებოდიან, მოჰყვნიან იგინი, ესენი წაურთმევდნენ ნატყუენავსა და მისცემდიან. ამით მოუძლურდნენ კახნი და განძლიერდნენ ლეკნი.
კუალად იყო ტურა რამაზაშვილი, ესე ავაზაკობდა ლეკთა შინა და ავნებდა მათ. ამან მოიყვანა ნატყუენავი, განწყრა პაატა მანდატურთ-უხუცესი და დაადგინა კაცი, რათა მისცეს სრულიად. ხოლო იგი ევედრა მცირედ დაცადებასა, რამეთუ ეშვა ცოლსა მისსა და მოკუდებოდა. არამედ არა ინება პაატამ მტერობითა. ამისთჳს განგულისებული განვიდა ტურა ჭარსა შინა და იწყო მან თავობა ლეკთა და კირთება ლაშკრობით კახეთს, ვინაჲთგან უწყოდა ადგილნი და სიმაგრენი და მისავალ-წამოსავალნი. გარნა ეტიკობითა მისითა მრავალგზის სძლეს ჭარელთა. მერმე კუალად მოუჴდა ტურა და წარუდგა ამას პაატა მოთავედ კახთა, იხილა ტურამ, ივლტოდა და მზირ-უყო სიმაგრეთა ტყეთასა და, რა მოვიდა სიმარჯუესა პაატა, მიეტევა ტურა თოფთა ცემითა, ივლტოდნენ კახნი და ჩამოვარდნილი პაატა მოკლა ტურამ თჳსითა წიხლითა. ხოლო სხუანი მოსრნა და წარვიდა ალაფითა.
არამედ იყვნენ დედოფალი და თეიმურაზ თელავს, მანავს და მაღაროს მჭმუნვარენი და თავობდა ალავერდელი ნიკოლაოზ, რომელი უჩნდათ დიდ-სათნოდ, რამეთუ იყო ფრიად ხუანჯიანი.
ხოლო იმამ-ყულიხან იყო ისპაანს წელსა ხუთსა წინაშე შაჰსულთან-უსეინისა ვერა რაჲსა მყოფელი, თჳნიერ აცილებდნენ ვახტანგს, რათა იქმნეს მაჰმადიან. შემდგომად ქ{რისტე}სა ჩ̃ღიე, ქარ{თულსა} უ̃გ წარმოავლინეს კახეთსვე და მოსრული ყაზახსა შინა ისტუმრა იესემ ტფილისს, ანადირებდა და ანადიმებდა და განუსუენა, იმზახლნენ და მისცა ელენე დაჲ თჳსი ცოლად იესეს ბრძანებითა ყეენისათა; შემდგომად მოსცა საჩუქარი და წარმოსრული მოვიდა თელავს.
მაშინ მისცა ქისიყის მოურაობა და კახთა სპათა თავობა ყიასავეზირს. ამან დააწყნარნა ლეკნი მცირე ჟამს, მერმე მანავს მყოფის იმამ-ყულისხანისათჳს წარმოევლინა იესეს მენიშნენი, მანდატურთუხუცესი ზურაბ, ავალიშვილი ზაზა და რევაზ ყაფლანისშვილი. მაშინ გამოვიდნენ ჭარელნი რბევად. ესე ესმა კახთა, წარვიდნენ და წარჰყვნენ მენიშნენიცა; მისრულთა აოტნეს ლეკნი და მიჰყვნენ წყუეტით კახნი. არამედ აოტნეს ლეკთა ერთკერძი და მოსწყჳდნეს. მხილველნი სხუანი კახნიცა ივლტოდენ, მოჰყვნენ ლეკნი, მოკლეს ელისეთ მოურავი მერაბ, ზაზა და რევაზ და კუალად სხუანი წარჩინებულნი კახნი და გლეხნი მრავალნი, აღიღეს ალაფი და წარვიდნენ.
ამისთჳს კახნი შემჭირვებულნი განიზრახვიდენ თუ რაჲ ჰყონ; ვინაჲთგან არავინ შეეწივნენ, განიგულეს ხრიკი განზრახჳთა ალავერდელისათა და დაასკუნეს, რათა მისცენ ეტიკი ლეკთა და უწყონ ჴდომა და ოჴრება ქართლს, ყაზახს, შამშადილუს და ყარაბაღს და შირვანს, რამეთუ მორჩების ამით ქუეყანა ჩუენი ოჴრებისაგან, და მათ ქუეყანათა მრისხანედ უწყონ მტერობა ჭარელთა.
ამავ წელსა მოვიდა იესე მარტყოფს, ქმნა ქორწილი ქრისტიანულ-მაჰმადიანური, წარიყვანა ელენე დიდებითა და წარვიდა ტფილისს. შემდგომად მოტყუევნისა ხუნანისა ჭარელთაგან ითხოვა იმამ-ყულიხან შეწევნა იესესაგან და მან წარმოუვლინა სპასპეტი ლუარსაბ სპითა საბარათიანოთი. მოვიდნენ და დადგნენ მაღაროს კახთა სპითურთ შესლვად ჭარს. მაშინ გამოვიდნენ ჭარელნი მორბევად.
მცნობნი ქართველნი და კახნი აღიჭურნენ და წარვიდნენ მათ ზედა. არამედ ლეკთა მზირ-უყვეს და ესენი არღარა ლამოდნენ ბრძოლასა. გარნა ვიეთთამე ჭაბუკთა ქართველთა და კახთა შეუტივეს და, ვითარ ვერღარა მოაქცივნეს, მიჰყვნენ ესენიცა, რათა განუმაგრონ ზურგი. ამისნი მხილველნი ლეკნი მცირენი მოეტევნენ მეწინავეთა და აოტნეს იგინი; ეცნენ ესენი დიდთა მათ რაზმთა, ვერღარა დაუდგნენ და ივლტოდნენ სრულიად, მიჰყვნენ ქისიყის ბოლომდე და მოსრვიდნენ უწყალოდ. მერმე აღიღეს ალაფი დიდი და წარვიდნენ. ხოლო ქართველნი მწუხარენი მივიდნენ ტფილისს.
შემდგომად კუალად წარმოავლინა იესემ ამილახორი ავთანდილ ზემო ქართლის სპით. ესენი მოვიდნენ და დადგნენ საგარეჯოს რაოდენიმე თთუე, მერმე წარვიდნენ უქმნი. არამედ კახეთი იყო მარადის ჴდომა-ბრძოლასა შინა.
ხოლო წელსა ქ{რისტე}სა ჩ̃ღივ, ქარ{თულსა} უ̃დ მოკუდა გაზაფხულს დედოფალი ანნა, მოვიდნენ იესე და ელენე მოტირლად პატარძეულს და დაფლეს ანნა ალავერდს.
ამავ ქორონიკონს მოვიდა იესე ხიზნად თელავს. ესე ისტუმრა პატივით და წარავლინა კაცი და ევედრა ყეენსა, რათა მიუწოდოს იესეს წინაშე მისსა, და უკუნ-აქცივა ყულიცა ყეენისა, ბაქარისაგან წამოვლინებული, ამისთჳს მოვიდა მორდარი ყეენისა და წარიყვანა იესე, რამეთუ ვერღარა სიტყუა-უგო იმამ-ყულიხან და წარჰყვა ცოლიცა თჳსი ელენე და წარატანა თეიმურაზ ლილომდე პატივისათჳს.
ამ ჟამთა მოადგნენ ლეკნი შილდა-ყუარელს. ხოლო განმაგრდნენ მდაბიურნი და მოსრნეს მრავალნი ლეკნი, შემდგომად შემუსრნეს და წარუხუნეს სიმაგრენი ლეკთა და გამოსწუნეს სულნი მრავალნი კოშკებთა შინა, მოსტყუევნნეს და წარვიდნენ, არამედ ვერღარა მიუსწრეს კახთა მდევართა. მაშინ დაამტკიცეს განზრახუა ალავერდელისა წინთქმული, მისცეს კახთა ეტიენი ჭარელთა, მივიდნენ და მოსწყჳდნეს ბოლნისები და თჳთ ზავ-ჰყვეს მათ თანა. კუალად ყარაბაღს, შაქს, შირვანს მარადის არბევდნენ. მერმე წარვიდნენ და მოსტყუევნეს არდაველი და მოვიდნენ ალაფითა დიდითა.
შემდგომად შეიპყრა ყიასა ვეზირი იმამ-ყულიხან, წარუღო ქონება და პატიმარ-ჰყო პანკისს. არამედ განივლტო ყიასა და მივიდა ტფილისს, შეიწყნარა ბაქარ, მისცა სასახლე მისი და არღარა მოსცა იმამ-ყულიხანს. ამისთჳს იქმნა მათ შორის შური და დამართვიდნენ წინაშე ყეენისა. ხოლო კახთა და ლეკთა ზავთა შორის, ამ ჟამთა წარვიდნენ თუშნი, მოსრნეს რაოდენნიცა ჰპოვეს ლეკნი და მწყემსნი და წარმოიღეს არვე დიდძალი, ეწივნენ ჭარელნიცა. არამედ მოსრნეს თუშთავე და აოტნეს იგინიცა და მოვიდნენ მშჳდობით. ამისთჳს მოგზავნეს ჭარელთა: "არს მშჳდობა ჩუენ შორის, რად ჰყვეს თუშთა ესე". განრისხნა იმამ-ყულიხან და ბრძანა მიცემა მონაღებისა. ხოლო თუშთა არა ინებეს. კუალად წარავლინა მოურავი მათი და არცა მას უსმინეს, ამჴედრდა თჳთ იმამ-ყულიხან და მივიდა და უბრძანა ცემა თოფთა, არამედ მათ რა იხილეს იმამ-ყულიხან, შეაქციეს ზურგი და დადგნენ უსაჭურველონი და მსროლელთაცა არღარა თუ იკადრეს მიხედვად. ამისთჳს შეიწყალა მეფემან და არღარა მოსრნა: გარნა წარუხუნა ნატყუენავნი და მისცა ლეკთა არვითურთ.
შემდგომად მოვიდა მეფე ვახტანგ საფურცლეს ქ{რისტე}სა ჩ̃ღით, ქარ{თულსა} უ̃ზ, დეკემბერს, რამეთუ ემცნო ყეენსა განგება საქმისა ლეკთასა და მივიდა იმამ-ყულიხანცა საგურამოს და დადგა არაგჳს პირსა ზედა. იხილეს ურთიერთი, განაახლეს სიყუარული და ჰქმნეს პირი, და მოსცა სპანი ვახტანგ და წარვიდნენ თჳს-თჳსად. გაზაფხულს წარმოავლინა ერასტი ყაფლანისშვილი სპითა საბარათიანოსათი, მოვიდა და დადგა კარდანეხს, დაყვეს თთუე ოთხი. გარნა გამოვიდნენ ლეკნიცა და არა აბრძოლნეს კახთა. არამედ შემდგომად წარვიდნენ უქმნი. კუალად ამავე ზამთარს წარმოავლინა ყეენმან შირვანის ბეგლარბეგი შემუსრვად ჭარისა. ამან მოუმცნო იმამ-ყულიხანს, ვითარ ჯერ არს მისლვა, რათა აუწყოს. არამედ განზრახჳთა კახთათა არა რაჲ აუწყა და არცა მისცა ეტიქნი: "რამეთუ უკეთუ ევნოს რაჲ, ჩუენ არარაჲ გვაბრალოს ყეენმან". ხოლო იგი მოვიდა შაქს სპითა შირვანისათა. დღესა ერთსა დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ბეგლარბეგი და მოსწყჳდნეს სპანი მისნი და აღიღეს ალაფი და იავარი ურიცხუნი, რამეთუ აქლემს ყიდდენ ჭარელნი ოთხ მილანთუნად. ესე ესმა რა ყეენსა, მოუწერა ვახტანგს, რათა წარვიდეს და შემუსროს ჭარი.
მცნობნი კახნი წარვიდნენ, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი, და ევედრნენ ვახტანგ მეფესა, რათა ჰყოს ბრძანებული ყეენისა. მან აღუთქუა და წარმოვიდა სპითა დიდითა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკა, ქარ{თულსა} უ̃თ, იანვარს. ამასვე ღამეს მოვიდნენ ლეკნი ხაშმს, ვიდრე უჯარმამდე, უჯერო ჰყვეს, რამეთუ არა აცნობეს ვახტანგს ესრეთ განმზრახთა, რამეთუ უკეთუ ესენი მოსრას, დაშთების ჭარი უვნოდ, მგონეთა უკუნქცევად. კუალად განზრახჳთ მოიყვანეს ორმოცდახუთ დღე მაღაროს, რათა დასახლდნენ და მოშენდეს ქუეყანა და შემდგომად შევიდნენ ჭარს. ხოლო მაღაროდამ მოვიდა ხილვად იმამ-ყულიხანისად ვახტანგ, რამეთუ სნეულებდა დავით და განიზრახეს რა იგი ჯერ იყო. არამედ ეზრახნენ ვახტანგს ჭარელნიცა დამორჩილებად. გარნა ბრძანებითავე ყეენისათა უკუნ-იქცა და იქმნა ჭმუნვა დიდი კახთა შინა, რამეთუ აღიყრებოდიან და ჰყოფდენ ციხე-სიმაგრეთა და გამაგრდებოდიან მათ შინა თელავს, ალავერდს, ლალისყურს, შილდაყუარელს, გავაზს, ვეჯინს, საგარეჯოს, ხაშმს და სხუათა ადგილებთა შინა და ოჴრდებოდა ქუეყანა რბევა-კირთებითა.
ხოლო ამ ვითარებასა შინა მოკუდა მეფე დავითცა ქ{რისტე}სა ჩ̃ღკბ, ქარ{თულსა} უ̃ი, წარიღეს და დაფლეს ყუმს. მაშინ განიყვნენ პახნი, ზოგთ ინებეს თეიმურაზ და ზოგთ მაჰმად-ყულიხან, გარნა მართვიდა თეიმურაზ სათნოთი იმამ-ყულიხანისა ცოლისათა კახეთს. ხოლო იმამყულიხან დაუტევნა ორნი ძენი მაჰმად-მირზა და ალი-მირზა და ასული ერთი.
ამ ჟამთა მოვიდნენ ლეკნი და მოსტყუევნეს თიანეთი; ამათ წარმოუდგა თეიმურაზ კახითურთ და ლეკნი დადგნენ სიმაგრესა ერთსა, და მისრულთა სრვიდენ მრავალთა, მოკლეს ხარჭაშნელი ფილიპე ჩოლაყაშვილი. შემდგომად შეუჴდნენ კახნი, შემუსრეს სიმაგრე, მოსრნეს და მოსწყჳდნეს ლეკნი, რამეთუ მცირედნიღა განერნენ. ხოლო კახთა აღიღეს ნატყუენავი და მოვიდნენ გამარჯუებულნი. არამედ კუალადცა მარადის იყო ესევითარი კირთება ლეკთაგან კახეთსა შინა.
ია. მეფე კოსტანტინე ბ, ვ წელი მეფა
[edit]წელსა ქ{რისტე}სა 1723, ქარ{თულსა} უია, წარმოავლინა ყეენმან მაჰმადყულიხან ძე ერეკლე მეფისა, ნაშობი მჴევლისაგან, რომელსა ეწოდა კოსტანტინე, მეფედ კახთა. ესე მოვიდა და დადგა ყაზახსა შინა, რამეთუ მიეცა ყეენსა ერევანი, შამშადილო და ყაზახი და წარვიდნენ კახნი წინაშე მისსა. ხოლო იყო ესე მაჰმად-ყულიხან ფრიად მაჰმადიანი, ლაღი და ამაყი, მდიდარი და მესისხლე, რამეთუ არა რიდებდა მცირესა ზედა კაცთა სიკუდილსა.
ამისა შემდგომად მისცა მეფესა ვახტანგს ყეენმან სარდლობა ადრიბეჟანისა. ამას წარმოევლინა ყაზახსა შინა ხანი, და ესე არა უტევა მაჰმად-ყულიხან. არამედ აუწყა ვახტანგს: "რამეთუ მოცემულ ჩემდა არს". მანცა ნება-სცა და მოუმცნო, რათა მისცეს სპანი. ამისთჳს ჰყვეს პირი მტკიცე ორთავ, რათა შეკრბნენ ხუნანს, ზავისა და სიმტკიცისათჳს. ხოლო მოვიდა რა ვახტანგ სპითა ხუნანს, წარემართა მისლვად მაჰმად-ყულიხანცა; ამას მოგზაურს მოერთუა წიგნი იესესი და რომელთამე ქართველთა, რათა არა მივიდეს ვახტანგისა თანა: "რამეთუ გიდგებისო ღალატად სიკუდილსა", ამისთჳს უკუნ-იქცა, განვლო მტკუარი, ყარაია ღამითვე და მივიდა საგარეჯოს. მუნიდამ წარუვლინა თეიმურაზ კუალად ზავისთჳს, თჳთ ეზრახა ლეკთა, დაიზავნა ჭარელნი და მოიყვანნა რაოდენნიმე, და იყვნენ წინაშე მისსა. მერმე მოვიდა თეიმურაზცა, რამეთუ ებრალა ვახტანგს ტეხა პირისა და ემცნო აწცა კუალად ერთობისა პირი. არამედ შემდგომად მოსრნეს გოგჯალულს ელთა რაოდენნიმე მებარგულნი ქართველთანი და არცაღა წარუვლინა მაჰმად-ყულიხან სპანი ყაზახთა ვახტანგს.
ამისთჳს წარმოავლინნა სპანი ვახტანგ მეფემან ყაზახსა შინა. ესე სცნა მაჰმად-ყულიხან და ამანცა წარავლინნა კახნი და ბრძოდნენ ყაზახს. კუალად მოიყვანა ლეკნი, წარუძღუანნა კახნი და მოსტყუევნეს სრულიად ლილოები.
ამისა შემდგომად მოსწყჳდნა ვახტანგ გოგჯალონი და წარიღეს ქონება მაჰმად-ყულიხანისა ერევნიდამ მონაქონნი. ესე აღუძნდა მაჰმად-ყულიხანს და მისცა ჭარელთა განძი, მოიყვანნა იგინი და წარუძღუანნა კახნი. ამათ განვლეს ყურყუთას ღამით და დილას დაესხნენ წინწყაროს, მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს და წარმოიღეს ჯოგიცა სამეფო, აღიღეს ალაფი დიდი, გამოვლეს ხუნანს მტკუარი და მოვიდნენ. მერმე მოვიდნენ ბაქარ და იესე მცხეთას და არბევდიან საგურამოს. ხოლო მაჰმად-ყულიხან წარავლინა თეიმურაზ და აქუნდათ ბრძოლა მცირეხანს. შემდგომად ზავ-ჰყვეს მათ ნებითა მაჰმად-ყულიხანისათა და წარიყვანეს თეიმურაზ და კახნი ეპისკოპოსნი და მთავარნი ტფილისს; მუნ უმეტეს ზავ-ჰყვეს და ფიცით აღუთქუეს ვახტანგს არღარა ორგულება, არამედ სიმტკიცე სიყუარულსა ზედა და ერთობასა. მერმე ანადიმნა, ანადირნა, მისცათ ნიჭნი და წარმოავლინნა და მოვიდნენ მაჰმად-ყულიხანისა თანა. განიხარა ამანცა შემტკიცებისათჳს და მშჳდობისად. არამედ შლილობათა ამათ შინა დამართვიდიან ვახტანგ და მაჰმად-ყულიხან წინაშე ყეენისა ურთიერთთა, რამეთუ აღიღეს ისპაანი და იყო შასთამაზ, ამან განმზრახთა თჳსთაგან აღირჩია მაჰმად-ყულიხან და მოსცა ქართლი.
ამისთჳს შემოიკრიბნა მაჰმად-ყულიხან კახნი, თუ რაჲ ჰყოს, რამეთუ ეტყოდა: "ფიცვართ და ვჰგონებ იმყოფის ამით შფოთი დიდი. აწ მნებავს, რათა წარუგზაენო რაყამი და ვაცნობო ვახტანგს (ვითარცა ჰყო მანცა), ამითი იქმნას უმეტესი სიმტკიცე ჩუენ შორის, მერმე ვაუწყოთ ყეენსა ზოგად სიმტკიცე ჩუენი". არამედ კახთა მსმენელთა და უმეტეს ალავერდელმან უარჰყო ესენი, ჰგონებდენ დაპყრობასა ქართლისასა და მერმე ამითი შემუსრვასა ლეკთასა და განთავისუფლებასა მათგან; უსმინა მაჰმად-ყულიხანცა და მივიდა და დადგა ავლაბარს, და იქმნა რა იგი აღვსწერეთ. არამედ კახეთი იყო მარადის ჴდომა-ტყუეობა-ოჴრებასა შინა ლეკთაგან.
ხოლო შემდგომად შეპყრობისა მაჰმად-ყულიხანისა ოსმალთაგან ტფილისს გამოივლტო ციხიდამ, გამოვლო მცხეთის ჴიდი და მოვიდა მარტყოფს, აჰყარა მუნ სახლეული და დედაწული თჳსი და მივიდა თელავს და ეზრახოდა ლეკთა და ოსმალთა ზავსა.
არამედ მოუჴდნენ ოსმალნი მარტყოფს ქ{რისტე}სა 1723, ქარ{თულსა} უია, მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს, ხატნი და ჯუარნი შემუსრნეს, მოსწუეს და მოაოჴრეს და წარვიდნენ ტფილისსვე. არამედ გაზაფხულს იყო ლაშკრობა ლეკთაგან ძლიერი, ჴდომანი, სრვანი, ტყუევნანი, ოჴრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა. ამის მიერ ვერღარა მდგომი მაჰმად-ყულიხან თელავს წარვიდა დედოფლით და დედაწულით და წარჩინებულით თიანეთს. ამას მოუდგნენ ლეკნიცა. არამედ ვინაჲთგან არღარა იყო სხუა ღონე, ეზრახა მაჰმადყულიხან ჭარელთა მეგობრობისა და კეთილისათჳს წინასა. მათ უსმინეს, მოვიდნენ და წარიყვანეს ქისიყს. ხოლო თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (არამედ რომელსა ეტჳრთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგუსა შინა და წარიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ).
ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მოადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კახთა ანანური და ვერ ავნეს ლეკთა და უკუნ-იქცნენ. გარნა დაშთა თეიმურაზ ანანურს ცოლით და სახლეულით თჳსით, და კახნი წარვიდენ წინაშე ვახტანგისა.
შემდგომად მცირედისა შეკრბნენ ჭარელნი მოსლვად ქისიყსა ზედა. ესე იხილა მაჰმად-ყულიხან არა კეთილად თჳსად, ივლტოდა და მოვიდა ქისიყს. მაშინ ჭარელნი შემოესივნენ დედოფალსა და ქონებასა მისსა და ვერ მპოვნელნი მაჰმად-ყულიხანისა წარვიდნენ ალაფითა თჳსად. მერმე წარმოიყვანა დედოფალიცა მაჰმად-ყულიხან და დადგა თელავს. მუნიდამ ეზრახა ჭარელთა: "სტუმარმონდობილ ვიყავ თქუენდა, არა ჯერ იყო ესე თქუენგან". ხოლო მათ პასუხუგეს, რამეთუ უცნობელად ჩუენდა ჰყვეს ჯეილთა, გარნა ვსტანჯოთ იგინი", გარნა მოსცეს რაიმე ნაალაფევნი და მოუთხრეს: "ჩუენ კუალად ვართ მეგობარნი შენნი მტკიცედვე". არამედ იყო მარადის ლაშქრობა ლეკთაგან და ოჴრება კახეთსა შინა.
ხოლო წელსა ქ{რისტე}სა 1724, ქარ{თულსა} უიბ, იანვარს წარავლინა მაჰმად-ყულიხან თეიმურაზ ბაქარისა თანა, ვინაჲთგან ეზრახოდნენ ურთიერთს, და შემდგომად მივიდა თჳთცა მცხეთას, ყვეს პირი ერთობა-სიყუარულისა და წარმოვიდა თელავსვე. ამისთჳს წარავლინა სალთხუცესი საზუერელი მაჰმად-ყულიხან წინაშე ყეენისა და აცნობა ესე და მოითხოვა ნიჭნი საგანძურთა, რათა ბრძოდნენ ორნივე ოსმალთა, უკეთუ შეეწიოს. ამისა შემდგომად წარვიდა კახთა და ლეკთა სპითა ყაზახსა შინა.
ამისნი მცნობელნი ოსმალნი მოვიდნენ და დაესხნენ ხილხილას მდგომს, ივლტოდა მაჰმად-ყულიხან და წარიღეს მისნი ყოველნი ხარჭებითურთ ოსმალთა, ხოლო მაჰმად-ყულიხან მოვიდა განჯას და განჯელთა არა შეუშუეს ქალაქსა შინა (რამეთუ იჯდა ძმისწული მაჰმად-ყულიხანისა მაჰმად მირზა მის წილ, რამეთუ მიუხუნა რა ერევანი, ყეენმან მოსცა მის წილ განჯა), ვინაჲთგან ეშინოდათ განჯელთა ოსმალთაგან. გარნა უძღუნეს დიდნი გარექალაქისა; მერმე წარმოვიდა კახეთს. არამედ აქუნდა შიშიცა ლეკთაგან და ივლტოდა ღამე მტკურის კიდესა ეტიკობითა ტურასითა და მოვიდა საგარეჯოს. მაშინვე მოადგნენ ლეკნი და ვერღარისა მყოფელი განივლტო ღამით და მივიდა თელავს და განამაგრა იგი.
ხოლო ლეკთა დაიპყრეს კახეთი, მაჰმადიან ჰყვნეს და დაუდგინნეს მოლანი მათნი დაბნებთა, ციხე-სიმაგრეთა შინა. არამედ შემდგომად ვახტანგ მეფის წარსლვისა რუსეთს ეზრახნენ ქართველნი მაჰმად-ყულიხანს, რათა მივიდეს სპითა კახეთისათა, განაძონ ოსმალნი და იყოს მეფედ მათდა. ესე ირწმუნა მაჰმად-ყულიხან და შემოიკრიბნა კახნი, თუშნი, ფშავნი და ჴევსურნი (და თეიმურაზ იყო ანანურსავე) და წარვიდა და მივიდა მუხრანს, მუნ მოეგებნენ არაგუ-კსნის ერისთავნი. მერმე მივიდა თედოწმიდას და მუნ მოერთუნენ ზემოქართლ-საციციანონი სრულიად და იქმნა, ვითარცა აღვსწერეთ.
შემდგომად მუნით ლტოლვილი მოვიდა ახალგორს და მიიყვანა დედოფალიცა თჳსი, რამეთუ ვერღარა შთავიდოდა კახეთს ლეკთა გამო, ვინაჲთგან მათ დაიპყრეს. ხოლო მოვიდა საზუერელი და მოართუა რომელიცა მოენიჭა ყეენსა იგ - ათასოთხასი დრაჰკანი, და წარაგო მაჰმად-ყულიხან მუნ მრავალნი, რამეთუ დაუძჳრეს ყოველნი საზრდელნი კსნის-ჴეველთა. ამისთჳს შემდგომად წარმოვიდა, რამეთუ ვერღარა იტჳრთა უპატიურობა შანშესაგან და მოვიდა ფშავს და წარიყვანა ძმაცა თჳსი თეიმურაზ დედაწულითურთ, და იყოფებოდნენ მუნ წელსა ერთსა იწროებითა დიდითა. გარნა თუცა დაიპყრნეს ლეკთა კახეთი, არამედ იყვნენ მკრძალველნი და მოფრთხილენი მათგან კუალადცა. ამისთჳს შეკრბენ ჭარელნი და მოიყვანეს დაღისტნელნიცა და მოადგნენ თელავს სპანი დიდნი და ბრძოდეს კვირა ერთი. მისჭირდათ თელაველთა და განწირნეს თავნი და გამოვიდნენ განზრახჳთა ვისმე ხუცისათა, რომელი ეტყოდა ძლევასა ლეკთა ზედა; ეკუეთნენ თელაველნი და მოსრნეს ბანაკნი მათნი, აოტნეს და აღიღეს ალაფნი მათნი. ამის მხილველთა კახთა მოსრნეს ყოველნი თჳსთა შინა მყოფნი ლეკნი და განთავისუფლდნენ და კუალად სიმაგრეთა შინა მყოფნი დაადგრნენ მტკიცედ.
მერმე მოუწოდეს მაჰმად-ყულიხანს, ჩამოვიდა და დაემორჩილნენ ყოველნი თელავსმყოფს. მაშინ ზავ-ჰყო მაჰმად-ყულიხან ლეკთა თანა, ვინაჲთგან იხილეს მათცა მაგრობა კახთა და ქართლი უპატრონოდ და მდიდრად. ითხოვეს ყოლაუზი მაჰმად-ყულიხანისაგან, დაუტევეს კახეთი და ბრძოდენ ქართლსა მარადის.
გარნა არცაღა თუ კახეთი იყო მათგან მშჳდობით. ამისთჳს ჰყვეს ციხე მაღაროს ქისიყელთა და შევიდნენ მას შინა. არამედ ქართლისა ნატყუენავის წილს მოსცემდნენ ლეკნი მაჰმად-ყულიხანს ხუთისთავსა ეტიკობისათჳს და უწოდდა თავთა მათთა მეგობრად, ძმად და მეყჳსად. ამისა შემდგომად მოუვლინეს ოსმალთა, რათა ულაშქროს მათ ერისთავთა ზედა ქართლისათა. არამედ ვინაჲთგან მტერ იყო მაჰმად-ყულიხან შანშესი უპატიოყოფისათჳს წინთქმულთა, ამისთჳს შემოიკრიბნა სპანი კახთა და წარიყვანნა ნიჯადად ლეკნი მრავალნი, და მივიდა თიანეთს; და რა მოადგნენ ოსმალნი დუშეთს, და ვერღარა დაუდგა რევაზ ერისთავი და წარვიდა მთიულეთს.
ხოლო მაჰმად-ყულიხან შევიდა ანანურს, გამოიღო ზარბაზნები და წარმოგზავნა თელავს და დასუეს ერისთავად მუნ პაპუა ოსმალთა. მერმე მოვიდნენ ვანათს, შემდგომად ლიახუსა ზედა მუგუთს და იქმნაცა, ვითარცა აღვსწერეთ. არამედ უკუმოიქცნენ რა მუნიდამ, ინებეს ოსმალთა ღალატით შეპყრობა მაჰმად-ყულიხანისა და მიუწოდეს გორს. ამისი მცნობი მაჰმად-ყულიხან წარმოვიდა ღამით და მოვიდა თელავს და იყოფოდა მუნ ზავითა ოსმალთა და ლეკთა თანა.
კუალად ამისა შემდგომად წარმოვიდა უსუფ-ფაშა ხილვად სულხავისად, რამეთუ მოსლვად იყო იგიცა ყარაღაჯს და მიუწოდა მაჰმად-ყულიხანს უსუფ-ფაშამ, რათა დაუმტკიცოს ხონთქარისაგანცა კახეთი და მივიდეს მის თანა და მწეცა ეყოს ლეკთა ზედა. ესე არა ინება კოსტანტინემ წინათქმულთა ღალატობისათჳს მისლვა მის თანა, არამედ ლტოლვა კუალად ფშავსავე. გარნა დაარწმუნებდა ალავერდელი და თარხანი ლუარსაბ ფიცით, რამეთუ ესენი იყვნენ შუამავალნი: "და უკეთუ არა მივიდეს მაჰმად-ყულიხან, მოვიდეს მუნით სულხავი და აქათ ოსმალნი და მოსრან კახეთი და მერმე ჴელთ გიგდონ შენცა". ამისთჳს შემოიკრიბნა სპანი და მივიდა უსუფ ფაშას თანა ბეჟანბაღს. მან პატივ-სცა და წარმოავლინა, რათა მზა ჰყოს სპანი და მივიდეს კუალად. არამედ აღმჴედრდებოდა რა, განგვრიმა მაჰმადბეგ მესაჭურჭლემან ისაყ-ფაშისამან და მოკლეს მაჰმად-ყულიხან ქ{რისტე}სა 1729, ქარ{თულსა} უიზ. მერმე მოეტევნენ ოსმალნი კახთა, მოსწყჳდნეს და ტყუე-ყვნეს მრავალნი, შეიპყრეს ალავერდელიცა და რევაზ ერისთავი, რომელიცა ლტოლვილი მაჰმად-ყულიხანისა თანა იყო და წარჰკუეთნეს თავნი წინაშე უსუფ-ფაშისა, ეგრეთვე მაჰმადყულიხანს და სხუათაცა მრავალთა, და წარუვლინეს ისაყ-ფაშას და მან წარგზავნა წინაშე ხონთქარისა.
ხოლო უსუფ-ფაშა მივიდა სულხავისა თანა, იხილა იგი და პატივ-სცა, მერმე წარმოავლინა იგი შიგნით-კახეთსა შინა, თჳთ უკუნიქცა და მივიდა ტფილისს. ხოლო სულხავი მოვიდა და მოადგა თელავს, გამოიყვანა ცოლშვილი მაჰმად-ყულიხანისა ნებითავე მათითა. მერმე შემუსრა შილდა, ყუარელი და გავაზი, მოსრნა, მოსტყუევნნა, წარიყვანნა მრავალნი სულნი და წარვიდა თჳსადვე. ამათი მხილველი თეიმურაზ წარვიდა ფშავს და იყოფებოდა მუნ.
შემდგომად ამისა მოვიდნენ ოსმალნი ყარაღაჯს, აღაშენეს ციხე, განამაგრეს ზარბაზნებითა და შეაყენნეს გუშაგნი, და სპანი დაუდგინნეს და სხუანი წარვიდენ. ესე აღუძნდათ ჭარელთა და მრავალგზის ეკირთებოდნენ. გარნა ვერა რაჲმე ავნეს. ამისთჳს შეიკრიბნენ ჭარელნი, წარვიდნენ და მოსტყუევნნეს ბოლნისები. ამათ წარმოუდგა ისაყ-ფაშა და მოეწიათ ყარაის ბოლოს მეწინავენი, გაბრუნდნენ ლეკნი, ჰგონებდნენ სიმცირესა მათსა. მაშინ მეწინავენი იგინი ივლტოდნენ. ამათ მოჰყვნენ ლეკნი და მიიყვანეს სისქესა შინა ოსმალთასა, მოსრულთა მოეტევა ისაყ-ფაშა და მოსწყჳდნეს ურიცხუნი ლეკნი, აოტნეს და მოყვნენ ჴოცითა და სრვითა დღე და ღამე ალაზნადმდე, ვითარ მცირედნიღა გარდაეხუეწნენ, და უკუნ-იქცა გამარჯუებული ისაყ-ფაშა ტფილისსვე. არამედ ჭარელთა მიერითგან ვერღარა იკადრეს რბევად და კირთებად და დაიპყრეს ყარაღაჯს მდგომთა ოსმალთა ელიფადარი, ართმიდიან ხარკსა და ალაშკრებდიან.
ხოლო თეიმურაზ იყო ფშავს ფრიად უპოვარი და მოინება წარსლვა რუსეთს, არამედ არა უტევებდნენ კახნი. მერმე ჩამოიყვანეს კუალად თელავსვე ქ{რისტე}სა 1731, ქარ{თულსა} უით.
იბ. თეიმურაზ ბ, იგ წელი მეფა
[edit]მაშინ თეიმურაზ ეზრახა ისაყ-ფაშას უვნებელობისათჳს, რამეთუ ძესა მისსა უსუფ-ფაშას აქუნდა კახეთი მიცემული ხონთრისაგან, გარნა სახელითა ოდენ და ვერა რის მოქმედებითა. ხოლო ისაყ-ფაშამ აღუთქუა უვნებელობა თეიმურაზს და მიუწოდა ტფილისს და განზრახჳთა და იძულებითა კახთათა მივიდა მის თანა ტფილისს. მან კეთილად შეიწყნარა და წარმოავლინა კუალად კახეთსავე, რათა დაადგრეს ერთგულებასა ზედა და იყოფებოდეს თელავს. არამედ იყო კუალადცა კახეთი ესევითარსავე ბოროტებასა შინა და სიმაგრეთ გამო მაგრდებოდიან ჟამითი-ჟამად. შემდგომად რა მოვიდა თამაზხან და აღიღო შირვანი, მერმე შეუჴდა კულმუხს და მუნიდამ გამარჯუებული მოადგა განჯას ქ{რისტე}სა 1734, ქარ{თულსა} უკბ.
ამისმან მცნობმან ისაყ-ფაშამ წარმოავლინა სპანი ოსმალთა და მოვიდნენ ესენი ქისიყს. მაშინ შეითქუნენ კახნი აბელ მოურავისა თანა და ღამით დაესხნენ ოსმალთა, მოსრნეს მრავალნი, აღიღეს ალაფნი დიდძალნი და წარმოვიდნენ ღამითვე. ხოლო დილასა აღიყარნენ ოსმალნი და წარვიდნენ მოსწრაფედ ტფილისს.
ამ ჟამთა წარმოავლინა თამაზხან განჯიდამ კაცი და მოითხოვა ასული იმამ-ყულიხანისა, რამეთუ ძმაცა მისი მაჰმად-მირზა წარწყმდა მის თანა ბრძოლასა შინა თოფალ-ფაშისასა და ამითი ჰგონეს ამათ ნამსახურ-ყოფნა და წარუვლინეს ქალი იგი. ამისა შემდგომად შემოიკრიბნა თეიმურაზ კახნი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი და წარვიდა წინაშე თამაზხანისა. არამედ მოსრულსა თეიმურაზს და კახთა არა წესისაებრ პატივ-სცა თამაზხან, გარნა მცირედითა ნიჭითა.
ხოლო აღვსებასა მოვიდა დესპანი რუსთ ჴელმწიფისა მთავარი სერგი გალიცინი მოსმენად წირვისად თეიმურაზისა თანა. რამეთუ არა იყო სხუა ეკლესია მუნ თჳნიერ მისის კარვისა. ესე ისტუმრა თეიმურაზ და მერმე მანცა ისტუმრა, და მოუძღუნა თეიმურაზს არმაღანი მუნებური. შემდგომად მოსცა თამაზხან სპანი დიდნი და წარმოავლინა შემუსრვად ჭარისად, ამის მცნობთა ოსმალთა დაუტევეს ყარაღაჯის ციხე და ივლტოდნენ ტფილისს.
იხილეს ესე კახთა, მივიდნენ და შემუსრეს ციხე ყარაღაჯისა, წარმოიღეს ზარბაზნები და რომელნიმე შემუსრნეს და დაუტევნეს. მერმე შეკრბნენ და მიეგებნენ თეიმურაზს, შეუძღუნენ ყიზილბაშთა ჭარსა შინა და შეუჴდნენ. არამედ განმაგრდნენ და წინააღუდგნენ ჭარელნი. გარნა სძლეს ყიზილბაშთა და კახთა და მოსწყჳდნეს მრავალნი, შემუსრნეს კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოსტყუევნნეს, აღიღეს ალაფი დიდი და წარმოვიდნენ. ხოლო შემდგომად სძლო რა ქოფრულსა თამაზხან, მიუწოდა თეიმურაზს ერევანს, წარვიდა თეიმურაზ და, მივიდა რა მცირეს ხანს უკან, შეიპყრა და წარმოგზავნა ტფილისს, რათა მოიყვანოს ცოლიცა თჳსი თამარ მუნ. არამედ მოვიდა რა ყურყუთას თეიმურაზ, გამოივლტო და მოვიდა თელავს და მოვიდაცა ტფილისს თამაზხან. მერმე ესმა მოსლვა დარუბანდს თათარხანთა, წარმოვიდა კახეთსა ზედა. ამისთჳს წარვიდა თეიმურაზ ყოვლითა დედაწულითა თჳსითა ფშავს და თამაზხან მოვიდა კახეთს და დაამშჳდა კახეთი. მერმე წარმოავლინა მარბიელად სპანი და აჰყარნა სულნი მრავალნი და სხუანი მოსრნეს. ხოლო ტყუენი წარგზავნა ხორასანს და წარვიდა თჳთცა დარუბანდს, გარნა ავნეს დიდი სპათა თამაზხანისათა ჭარელთა.
არამედ წარყვანებულთა კახთა ტყუეთა რომელთამე ქართველთა თანა იცეს ჟამი მარჯუე, მოსრნეს მტარვალნი თჳსნი, განთავისუფლდნენ და მოვიდნენ კახეთსავე, და ქართველნი ქართლს და სხუანი რომელნიმე წარიყვანეს ხორასანსავე. ხოლო გაჴელმწიფდა რა თამაზხან მუღამს, მერმე წარვიდა შანადირ ისპაანს, შთამოვიდა თეიმურაზ კახეთს და დაიპყრა კახეთი. მაშინ ეზრახა ხანი ტფილისისა თეიმურაზს ფიცით, რათა მივიდეს მის თანა და ჰყონ ზავი და დაუმტკიცოს კახეთი ყეენისაგან და გამოუტეოს ნიჭითა უვნოდ. ესე კახთ გამო ირწმუნა თეიმურაზ, წარვიდა და მივიდა გორს: ხოლო ხანმან პირველ კეთილად შეიწყნარა, მერმე შეიპყრა ღალატად, და წარგზავნა ქართველით პყრობილითურთ წინაშე შანადირისა ისპაანს ქ{რისტე}სა 1737, ქარ{თულსა} უკე.
ხოლო მისრულსა შანადირ არა რაჲ ავნო, ვინაჲთგან ნებითა თჳსითა მისრულ იყო და ღალატით შეეპყრა ხანსა. არამედ მისცნა ნიჭნი მცირენი და წარიყვანა ყანდაარს. მუნ ყანდაარს ყოფასა შინა სთხოვა თეიმურაზს შანადირ ძე და ასული, რათა მიიყვანოს იგინი მის თანა და თეიმურაზ გამოუტევოს კახეთსავე. ესე აღუძნდა ფრიად თეიმურაზს, გარნა არა რაჲ იყო სხუა ღონე მიყვანისაგან კიდე, მოავლინა კაცი და წარიყვანა ერეკლე ძე თჳსი და ასული თჳსი ქეთევან. ხოლო შანადირ წარიყვანა ერეკლე ინდოეთს და ქეთევან მისცა ძმისწულსა თჳსსა ალი-ყულიხანს ცოლად და გამოუტევა თეიმურაზ კახეთს.
არამედ ძე იმამ-ყულიხანისა ალი-მირზა, რომელი დაუტევა შანადირ ტფილისს, ვითამ ვალი, შთავარდა ამასა და ხანს შორის შური დიდი, ვერღარა დადგა ტფილისს ალი-მირზა, წარმოვიდა და მოვიდა კახეთს. ამან ალი-მირზამ ინება განზრახჳთა აბელ მოურავისათა განდგომა ყეენისა და თჳთ დაპყრობა კახეთისა და ამისთჳს ეზრახაცა თამარს, რათა ჰყონ ესე. არამედ თამარ არა ინება, რამეთუ ვინაჲთგან იყვნენ ქმარი მისი თეიმურაზ და ძე მისი ერეკლე ყანდაარს წინაშე შანადირისა.
ესე აცნობა თამარ ქისიყელთა და თუშთა არა-ყოფად ამისა ესრეთ. მაშინ იგინი მტკიცედ დაადგრენ ერთგულებასა ზედა თამარისასა გივის ჩოლაყაშვილის მიერ და ამისთჳს მივიდა თამარცა ქისიყს. ხოლო მათ რა იხილეს ესე ესრეთ ვერღარა რაი იკადრეს ქმნად, რამეთუ ვინაჲთგან იქმნებოდა შფოთი დიდი და სისხლის დანთხევა კახთა შორის, განიფანტნენ და წარვიდნენ თჳს-თჳსად. ამისთჳს ალი-მირზა ვეღარ დამყოფელი კახეთსა შინა წარვიდა წინაშე შანადირისა ყანდაარს და წარჰყვა ინდოეთს და მუნ მოკუდა.
ამის ქმნისა შემდგომად მოვიდა თეიმურაზცა კახეთს ყანდაარიდამ ქ{რისტე}სა 1738, ქარ{თულსა} უკვ, მოეცა შანადირს კახეთი, არამედ მორჩილებასა შინა ტფილისს მჯდომის ხანისასა. ხოლო შემდგომად წელსა ქ{რისტე}სა 1739, ქარ{თულსა} უკზ წარმოემართა სპასალარი ერანისა და ძმა შაჰნადირისა, რომლისთჳსცა ერწმუნა ადრიბეჟანი, ვითარცა მპყრობელად შემუსრვად ჭარისა. ამან მიუწოდა სპითა კახთათა თეიმურაზს და ქართველთაცა.
ხოლო თეიმურაზ წარვიდა მსწრაფლად სიხარულითა შეკრებული კახთა სპითა და მივიდა წინაშე სპასალარისა, შეუჴდნენ ჭარს, მოსრნეს, მოსწყჳდნეს, მოსტყუევნნეს, მოაოჴრნეს და მოსწუნეს. მერმე შევიდნენ პატარას ჭარსა შინა და მასცა ეგრეთვე უყვეს და გამაგრებული კოშკები შემუსრნეს და მოაოჴრნეს ვიდრე კავკასამდე. არამედ განეგულა სპასალარსა სამ დღე მუნ დგომა და ოჴრება და რბევა მათი. გარნა რა იხილა მოსრვა მათი და წინააღმდგომი არღარა ვინმე მტრად, ამისთჳს არღარა ინება მოცდა და ბრძანა წამოსლვა სპათა. ამას უშლიდნენ ბეგლარბეგნი და ბეგნი, არამედ არა ისმინა მათი და გამოუტევა სპანი და თჳთ მცირედითა კაცითა დაადგრა და მომავალი სპასალარი გარდაჴდა ღელოვანსა ერთსა ველსა ზედა შუენიერსა, რათა მოსწიოს ყალიონი და სუას ყავა. იხილეს მზირყოფილთა ლეკთა და სცნეს სპასალარობა მისი, შემოეპარნენ, ჰკრეს თოფი და მოკლეს სპასალარი მუნვე, და მის თანა მყოფნი ივლტოდნენ მკჳრცხლად. ხოლო ჭარელნი შესხდენ ცხენთა მათთა, ეწივნენ დიდთა მათ სპათა და სრვიდნენ უწყალოდ. კუალად მლტოლვარენი ეცნენ სხუათა მათ სპათა ყიზილბაშთა და ივლტოდნენ სრულიად ყოველნი. მოჰყვნენ ლეკნი და მოსწყუედდენ შეუწყალებლად. ვიდრე ალაზნადმდე. მერმე აღიღეს სიმდიდრე სპასალარისა და ალაფი სპათა და იავარი დიდძალი. არამედ კახნი და ქართველნი წარმოვიდნენ უვნოდ შოებულნიცა ყიზილბაშთა ალაფისა. გარნა კუალად ამით ჭარელთა იწყეს მაგრება და განძლიერდნენ. ხოლო კახეთს იყო კუალადცა დაღისტნელთა ლეკთაგან ტყუევნა, კლვა და ოჴრებანი. და მცდელობდნენ მათ ზედაცა კახნი სიმაგრით გამო წინააღდგომობასა, ნაცვალგებასა. ხოლო მერმე, მორაიქცა შაჰნადირ ინდოეთიდამ, წარმოავლინა ერეკლე ნიჭითა კახეთს, მოვიდა მშობელთა თჳსთა თანა და განიხარეს სიხარულითა დიდითა და მოგუარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანისშვილისა. გარნა მიზეზითა რითამე განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდამ ასული ზაალ ფხეიძისა და იქორწინა მის თანა.
შემდგომად მოვიდა შაჰნადირ არდაველს ქ{რისტე}სა 1741, ქარ{თულსა} უკთ, მიუწოდა მუნ თეიმურაზს, მივიდა რა თეიმურაზ, მოსცა სპანი და წარმოავლინა ჭარსა ზედა. ესენი შეუჴდნენ კუალად ჭარს, შემუსრნეს, მოსწყჳდნეს კნინღა დაბოლოებამდე მათთა, წარმოიყვანეს ტყუენი მრავალნი, რომელნიცა დასხნა შაჰნადირ დედანი ჭარელთა როსკიპად სპათა შორის თჳსთა. ხოლო თეიმურაზ მოვიდა კახეთს და იყოფებოდა თელავს. მერმე წარმოავლინა შაჰნადირ ქართველნი დარუბანდიდამ და მოსცა გივს ამილახორს ვექილობა. ეს გივი ეზრახა თეიმურაზს, რათა უკუდგნენ შაჰნადირისაგან. არამედ თეიმურაზ არა უსმინა ესე. ამისთჳს შეასმინა გივმან თეიმურაზ ტფილისის ხანსა, ვინაჲთგან მოსლვად იყო ხანი ლეკთა ზედა დაღისტანსა შინა და მიუწოდა თეიმურაზს, რათა წარუძღვეს იგი. არამედ არა მივიდა მუნ თეიმურაზ, გარნა მიუთხრა: "ოდეს მოხვალ კახეთს, მაშინ მოვიდე". განრისხნა ამისთჳს ხანი და წარმოავლინა სპანი. ესენი მოვიდნენ და მოსტყუევნეს და მოსწყჳდნეს საგარეჯო. მერმე შეასმინაცა შაჰნადირს ხანმან თეიმურაზ უკუდგომით ყოფა მისი. არამედ თეიმურაზ შფოთისა ამისთჳს წარვიდა წინაშე შაჰნადირისა. ხოლო შაჰნადირს რა ესმა უკუდგომა თეიმურაზისა, მიუწოდა წინაშე თჳსსა და მივიდა თეიმურაზცა დარუბანდს. მაშინ ვითარ სცნა შაჰნადირ, რამეთუ მიწოდებისა მისისაგან პირველვე წარვიდა თეიმურაზ წინაშე მისსა, ამისთჳს პატივ-სცა და ანიჭნა ბოძნი. გარნა მოუთხრა, რათა მოიყვანოს ცოლიცა თჳსი თამარ, შეუძნდა ფრიად თეიმურაზს. გარნა არა იყოღა სხუა ღონე, მიიყვანა იგიცა დარუბანდს. ხოლო შაჰნადირ პატივ-სცა კეთილად და მიანიჭნა ნიჭნი და წარმოავლინა კახეთსვე, წარმოვიდა, გამოვლო დაღისტანი უვნოდ და მოვიდა თელავს. ამისა შემდგომად უბრძანა შაჰნადირ თეიმურაზს მზა-ყოფა სპითა, რათა მოვიდეს მთით კავკასიიდამ დაღისტანს ზედა და გამოუტევა.
მაშინ შეჰკუეთეს ხარკი კახეთს, ვითარცა იყო ქართლსა შინა, და დაადგინეს მით ხუთასნი ნოქარნი კახნივე და როქსა მისცემდნენ ხარკთაგან კახთასა. არამედ მორჩილებასა და ბრძანებასა შინა იყვნენ ესე ნოქარნი თეიმურაზისასა. ხოლო შემდგომად უკუნ-იქცა რა შაჰნადირ სპარსეთად, თეიმურაზ იყო კახეთს. მაშინ მოხედნა რისხუამან და შეიძრა ქუეყანა ქ{რისტე}სა 1742, ქარ{თულსა} ულ, და დაირღუა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია, კუალად ციხე ხოდაშენისა. არამედ ესეოდენს ძრვასა შინა არა რაი შეიმუსრა თჳნიერ მათთა. ხოლო შემდგომად ბრძოლასა შაჰნადირისასა ბაღდადის კერძოდ ოსმალთა ზედა მოსულს, უკუდგნენ რა შაჰნადირისაგან ასტარაბადი, შირაზი და შამახია, არამედ შამახიელთა მოიყვანეს შეწევნითა ლეკთათა შაჰსულთან უსეინის ძედ წოდებული ვინმე [რ{ომლ}ისათჳს პირველივე დაეკუეთნეს ცხჳრი და ყურნი ძესა შაჰნადირისასა] და დასუეს ყეენად.
სცნა ესენი შაჰნადირ და წარმოავლინა ძე თჳსი სპითა. ამას მიეგებნენ ლეკნი მტკუარს იქით, ეკუეთნენ სპარსნი და მოსრნეს სრულიად ლეკნი, რამეთუ ვერვინ განერა მატყვიცა და დაიპყრა შამახია ძემან შაჰნადირისამან, და ყეენის ძედ წოდებული იგი ივლტოდა დაღისტანსა შინა. ხ{ოლო} შ{ემდგომა}დ ამისა მოკლეს ყმათა მისთა ბეჟან ერისთავი არაგჳსა, მერმე საერისთონი იგინი მოერთუნენ თეიმურაზს.
ესე ამცნო შაჰნადირს თეიმურაზ. მაშინ მოსცა თეიმურაზს საერისთო ესე და შევიდა თეიმურაზ მუნ მათ შინა.
მხილველი ამისი ამილახორი გივი ივლტოდა და თეიმურაზ მოადგა ციხეთა მისთა კსანსა ზედა. ხოლო რევაზ ბიძაშვილმან გივისამან მოსცნა ციხენი თეიმურაზს და თჳთ რევაზ ჩამოვიდა ყმითურთ კახეთს. არამედ ვინაჲთგან უმეტესი ჭირი იყო ქართლს ყიზილბაშთაგან და ლეკთაგან, ამისთჳს ჩამოვიდოდიან მრავალნი მთავარნი, აზნაურნი და გლეხნი კახეთს და აღშენდებოდა დაბნები.
ამისა შემდგომად ყეენის შვილი იგი ლტოლვილი დაღისტანსა შინა ვერღარა დაადგრა მუნ და წარმოვიდა კახეთსა ზედა, რათა მივიდეს ოსმალთა შინა. ესე შეაცთუნა ეტიკმან მისმან გზისაგან მისისა, წარმოიყვანა და მოგუარა სამოც-ოდენ კაცითა თეიმურაზს ტინს მდგომსა. ამან შეიპყრა იგი ყმითურთ და წარუძღუანა ძე თჳსი ერეკლე და წარავლინა შაჰნადირისა წინაშე.
ამისი მხილველი შანადირ მადლიერ იქმნა თეიმურაზისაგან ფრიად, უწოდა დოვლათშარიქი და მოსცა ნიჭი დიდი. მერმე შემდგომად უსუფ ახალციხის ფაშის მოსლვისა ქართლს შინა გორს და არაგუსა ზედა ერეკლესაგან მოწყუედისა ოსმალთა და ყოფილისა, რომელნიცა იგი აღვსწერენით ქართლსა ზედა, მოსცა შაჰნადირ თეიმურაზს ქართლი და ძესა მისსა ერეკლეს კახეთი. მაშინ მივიდა თეიმურაზ და დაჯდა ტფილისს ქ{რისტე}სა ჩ̃ღმდ, ქარ{თულსა} უ̃ლბ. ხოლო ძე თეიმურაზისა ერეკლე დაჯდა კახეთს.
მთავართათჳს კახეთისათა | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა |