ქმნულება და ცხოვრება კახეთისა და ჰერეთისა
[edit]ხოლო რაჟამს მოვიდა ჰეროს წილსა თჳსსა ქუეყანასა, აღაშენა ქალაქი ორთა ალაზანთა შესაკრებელთა შორის და უწოდა სახელითა თჳსითა ჰერეთი და დაიპყრა ქუეყანა წილხდომილი თჳსი. სამჴრით ხორანთისაგან მტკურამდე და კავკასამდე საზღვარი მოვაკანისა, ჩდილოთ ხუნანიდამ გულგულამდე და კავკასამდე, აღმოსავლით კავკასი, დასავლით მტკუარი. ამათ შორისი ქუეყანა არს ჰერეთი, რომელსა შინა დაეშენა და შემდგომად განითესნენ ნათესავნი და ძენი მისნი ქუეყანასა ამას შინა და იყვნენ თჳთ იგი და ნათესავნი მისნი მორჩილებასა შინა ქართლოსისასა და მცხეთელ მამასახლისისასა, ჟამად-ჟამად განდგომილნი, ვითარცა აღვსწერეთ, ეგრეთვე კახოს და კუხოს და ნათესავნი მათნი, ვიდრე პირველისა მეფისა ფარნაოზისამდე.
ხოლო მეფემან ფარნაოზ დასუა კახეთისა და კუხეთის ერისთავი ერთი და შემდგომად დასუეს ჰერეთის ერისთავი სხუა და თუშთა, დიდოთა და ხუნზახთა სხუა, ვითარცა იწერვის ჟამსა შინა მ̃დ მეფისა არჩილისასა. არამედ ოდესმე დასმიდნენ ძეთა თჳსთა მეფენი, ვითარცა მისცა მირიან რევს და ბაქარ რევის ნათესავთა და შთამომავალთა. ხოლო ვახტანგ გორგასალ მისცა ძესა თჳსსა დაჩის და შემდგომად ადარნასე ხოსროვანი ერისთობდა ჰერეთს, ჟამსა შინა მეფისა გურამ კურადპალატისასა. გარნა იყვნენ მარადის ესენი მორჩილებასა და მსახურებასა შინა მეფეთა ქართველთათა.
ხოლო შემდგომად იოანეს და ჯუანშერის გარდაცვალებისა განდგა გრიგოლი მთავარი და დაიპყრა კახეთი და გარდაბანი; და ესე იყო პირველი განდგომა თავადად და ამის განდგომილებიდამ დავით აღმაშენებელის ერთმეფობამდე ისხდნენ მთავარნი კახეთს და მეფენი ი̃დ. არამედ ჰერეთი დაიპყრეს ძმისწულთა ადარნასე ბრმისათა, რომელთა დასწუნეს თუალნი მამის ძმასა, და არჩილ მოწამემან მიუბოძა ამას შაკიხი და ცოლი აბუხოსროსი; და ამის ძეთა დაიპყრეს შაკიხიდამ გულგულამდე და შემდგომად ჯუანშერის სიკუდილისა დაიპყრეს სრულიად ჰერეთი და იწოდეს მეფედ და დასხნეს ერისთავნი, ვითარცა იწერვის: ერისთავი შტორისა, ერისთავი ხორნაბუჯისა, ერისთავი ვეჯინისა, ერისთავი მაჭისა. გარნა არა არს უწყებული, თუ რავდენნი მეფენი ისხდნენ და სახელნი მათნი, ვიდრე კჳრიკეს ვ̃ ქორიკოზისამდე. არამედ ამ შლილობაებთა შინა იყვნენ იგინი მშჳდობით და ოდეს მოვიდიან მძლავრნი, მისცემდიან ხარკთა და დაიმშჳდიან. ხოლო წელსა ქ{რისტე}სა შ̃იზ, ქარ{თულსა} რ̃ლზ მოიჴსენების სახელი ადარნასე პატრიკისა და ძისა მისისა დინარ დედოფლისა ქრმისა და ძისა მათისა იშხანიკისა, რომელნიცა აღვსწეროთ რიგოვანად თჳს რიგსა ზედა.
მთავართათჳს კახეთისათა
[edit]ა. გრიგოლი, ლზ წელი მთავრა
[edit]ხოლო წელსა ქ{რისტე}სა ღპზ, ქარ{თულსა} ზ მოკუდა ჯუანშერ ერისთავთერისთავი და შემდგომად მისსა განდგა გრიგოლი მთავარი და ამან დაიპყრა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი. ამანვე მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად, და ბრძოლასა შინა აშოტ კურადპალატისასა იძლია გრიგოლი და დაშთა გრიგოლის კსნის აღმოსავლეთის მჴარი და ესე გრიგოლი მთავრობდა ლ̃ზ წელთა მეგობრობასა შინა ჰერეთის მეფეთათა, რამეთუ ჰერეთი დაიპყრეს ჟამთა ამათვე ადარნასეს ძმისწულთა და გამეფდა მუნ: ხოლო შემდგომად მოკუდა მთავარი გრიგოლი ქ{რისტე}სა, ყკზ, ქარ{თულსა} მზ.
ბ. ვაჩე, იბ წელი მთავრა
[edit]და შემდგომად გრიგოლისა შეითქუნენ გარდაბანელნი და განაჩინეს ვაჩე ქობულის ძე და უწოდეს ქორიკოზად კახეთისად; და ესე ვაჩე ქორიკოზობდა კეთილად კახეთს. შემდგომად მოკუდა ქ{რისტე}სა ყლთ, ქარ{თულსა} ნთ.
გ. სამოელი, კბ წელი მთავრა
[edit]შემდგომად ვაჩესა გამოირჩიეს გარდაბანელთა და დასუეს სამოელ დონაური. ეს სამოელ შეება გავაზს ხალილს. ამან უშუელა მაჰმედს, ამანვე გარდაუყენნა გარდაბანელნი ბუღა თურქს ჯუარის ბოლოს, შემდგომად მოკუდა, ქ{რისტე}სა, ყჲა, ქარ{თულსა} პა.
დ. გაბრიელ, კ წელი მთავრა
[edit]შემდგომად სამოელისა დაჯდა ქორიკოზად გაბრიელ დონაური, ძმისწული მისვე სამოელისა და ესე ქორიკოზობდა ისე შიხის ძის ჟამსა შინა, ამასვე მიუღეს გარდაბანი, შემდგომად მოკუდა ქ{რისტე}სა ყპა, ქარ{თულსა} რა.
ე̃ ფადალა, ი̃ე წელი მთავრა
[edit]მერმე დაჯდა ქორიკოზად ფადალა არელმანელი ბრძენი, გონიერი და საქმისა მეცნიერი. ამან კუალად დაიპყრა გარდაბანი. შემდგომად მოკუდა ქ{რისტე}სა ყ̃ჟგ, ქარ{თულსა} რ̃იგ, არამედ იგონების ამას ქუეითნი მპყრობელნი კახეთისანი ამისი ძენი და შთამომავალნი არიან, ვითარცა სახელით წარმოიჩინებიან.
ვ̃. კჳრიკე, კ̃ვ წელი მთავრა
[edit]შემდგომად ფადალასა დაჯდა კჳრიკე ქორიკოზად. ჟამსა ამისსა შემოვიდა კახეთს ამირ აგარიანი. ამ ამირ აღიღო უჯარმა და ბოჭორმა. ხოლო კჳრიკე მივიდა წინაშე ამირისა. არამედ აქამომდე ჰერეთთა მეფეთა სახელნი არა არიან წარმოჩენილნი და ქმნულებანი მათნი, და არა მოიჴსენნა, ვინაჲთგან იყვნენ მშჳდობით და თჳსად. ხოლო აწ შეემტერა რა ესე კჳრიკე ქორიკოზი კახეთისა ადარნასე პატრიკსა, ჰერეთის მპყრობელსა; და ვინაჲთგან შეიწყნარა კჳრიკე ამირ აგარიანმან, და მოიცა ამირისაგან კჳრიკემ ძალი. არამედ ადარნასემ ამით ვერღარა იკადრა მეფობით წოდებად თავისად, გარნა პატრიკად. ხოლო შემდგომად მტერად ადარნასესა მოიყვანა კჳრიკემ მეფე აფხაზთა კოსტანტინე ქ{რისტე}სა შ̃იე, ქარ{თულსა} რ̃ლე. მერმე დაზავდნენ ვეჯინს, ვითარცა აღვსწერეთ, და დაშთა ჰერეთი ადარნასე პატრიკსა, ხოლო კახეთი კჳრიკეს. შემდგომად მოკუდა კჳრიკე ქორიკოზი ქ{რისტე}სა შ̃იჱ, ქარ{თულსა} რ̃ლჱ. ხოლო ადარნასე პატრიკმან მოგუარა ცოლი ძესა თჳსსა ასული ადარნასესი და დაჲ გურგენ ერისთავთერისთავისა ძის ძის ძისა აშოტ კურადპალატისა სახელით დინარ, და ამის ძის იხშანიკისამდე იყო ჰერეთი მწუალებელი ქასრეს ჟამითგან აქამომდე. ხოლო ამან დინარ დედოფალმან მოაქცია ჰერეთი სომეხთა წუალებისაგან მართლმადიდებლობისა აღმსაარებლად.
ზ̃. ფადალა, ი̃ა წელი მთავრა
[edit]ხოლო კუალად კახეთს შემდგომად კჳრიკესა დაჯდა ძე მისი ფადალა ქორიკოზად. ჟამსა ამისსა მოვიდნენ სარკინოზნი საჯნი და მოსტყუევნნეს კახეთი და წარიღეს საჯთა ჯუარი დაჭრილი. არამედ რა იხილა შეავება ფადალასი ძემან ადარნასესამან და ქმარმან დინარ დედოფლისამან, კუალად დაიპყრა კჳრიკესა და კოსტანტინე მეფისაგან მიღებულნი ჰერეთისა თჳთვე და იწოდა კუალად მეფედ. ხოლო ამან ფადალა ქორიკოზმან უშუელა აფხაზთა მეფესა გიორგის, რაჟამს მოადგა უფლისციხეს ძესა თჳსსა და შემდგომად ამისა მოკუდა ფადალა ქორიკოზი ქ{რისტე}სა შ̃კთ, ქარ{თულსა} რ̃მთ.
ჱ̃. კჳრიკე, მ̃ზ წელი მთავრა
[edit]და დაჯდა კახეთს ქორიკოზად კჳრიკე ძე ფადალასი. ამას განუდგნენ გარდაბანელნი და მოიყვანეს გიორგი მეფე აფხაზთა; შეიპყრა კჳრიკე გიორგი მეფემან და დაიპყრა კახეთი თჳთ. ხოლო შემდგომად გიორგი მეფის სიკუდილისა და ლეონ ძისა მისისა სიკუდილისა დაიპყრა კჳრიკემვე კახეთი. შემდგომად ამან კჳრიკემ მისცა ადარნასე ძმასა მისსა დიმიტრის აფხაზთა მეფესა. კუალად ამანვე კჳრიკემ გამოიყვანა უფლისციხიდამ მეფე ბაგრატ და დედა მისი გურანდუხტ. ესევე კჳრიკე დაეზავა დავით კურადპალატსა. შემდგომად ამისა მოკუდა ქ{რისტე}სა შ̃ოვ, ქარ{თულსა} რ̃ჟვ.
თ̃. დავით, ლ̃დ წელი მთავრა
[edit]შემდგომად კჳრიკესა დაჯდა ძე მისი დავით ქორიკოზად. ესე დავით ქორიკოზი და მეფე ბაგრატ შეიბნენ და იძლია ბაგრატისაგან დავით. არამედ შემდგომად კეთილ-ქორიკოზობისა მოკუდა დავით ქ{რისტე}სა, ჩ̃ი, ქარ{თულსა} ს̃ლ.
ი̃. კჳირიკე დიდი, კ̃ წელი მეფა
[edit]ხოლო შემდგომად დავითისა დაჯდა ძე მისი კჳრიკე ქორიკოზად. ესე კჳრიკე შეიპყრა მეფემან ბაგრატ და დაიპყრა კახეთი თჳთ. ხოლო ჰერეთს მომკუდარ იყო იშხანიკ და არღარავინ იყო მკჳდრი, თჳნიერ დინარ დედოფლისა. მოვიდა ბაგრატ მეფე, დაიპყრა თჳთ ჰერეთი და წარიყვანა დინარ დედოფალი და დასხნა ერისთავნი თჳსნი. ხოლო შემდგომად ბაგრატ მეფის სიკუდილისა ამან კჳრიკემ დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა. გარნა თუ ისხდნენ ერისთავნი ჰერეთს. არამედ ამან კჳრიკე მეფემან უფროს განამტკიცნა და დასხნა სამი კახეთს და ოთხი ჰერეთს; და კახეთისა ერთი რუსთავს, და მისცა სრულიად კუხეთი, რომელ არს ნაგები, ყარაია, ჩადივარ, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხერკი და თიანეთი, არაგჳს კერძო ჟინვანამდე. მეორე დასუა კუეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთი ორთა მთათა შორისი, რომელ არიან კახეთისა და კუხეთისა, ვიდრე კავკასამდე და გარდაღმად. ესე არს ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღჳ. მესამე პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღვრის ზეითი კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ.
ხოლო ჰერეთს დასუა პირველი ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქისიყი და გარეთ-კახეთი კუხეთის საზღვრამდე, ალაზანსა და მტკუარს შიგნით და ჰერეთის მთისა. მეორე ვეჯინს და მისცა ქისიყის საზღვარს ზეითი თურდოს ჴევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნითი, რომელ არს აწ შიგნით-კახეთი. მესამე მაჭისა და მისცა მაჭის წყლის ქუეითი და ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ და ხუნზახითურთ. მეოთხე დასუა შტორისა და მისცა შტორის ჴევიდამ მაჭის წყლამდე ალაზნის აღმოსავლეთი დიდოეთითურთ, რომელ არს აწ გაღმა-მჴარი, და ამანვე შეაერთა კახეთი და ჰერეთი.
კუალად ამანვე ჰყო სასახლე თიანეთს ჴელოვანი, ამანვე ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა. განმდიდრდა კჳრიკე და მოირჭმა ყოვლითურთ და ამისთჳს ეწოდა დიდი კჳრიკე, რამეთუ გამეფდა ესე პირველად და ყვნა ესენი, რომელი დავსწერეთ.
ამანვე უშუელა მეფესა ბაგრატს რანთა ზედა, ამასვე კჳრიკე მეფესა მოუჴდა ოვსთა მეფე ურდურე. ამან ურდურე გარდმოვლო გზა ძურძუკთა და ღლიღუთა და შთამოვიდა თიანეთს და მოაოჴრა კახეთი. ამას ეწყო კჳრიკე მეფე შეკრებული სპითა და ბრძოლასა ძლიერსა იძლივნეს ოვსნი და მოჰკლეს კახთა ურდურე, მეფე ოვსთა, და მოსწყჳდნეს ოვსნი. არამედ შემდგომად კეთილ-მმართველ მეფობისა იყო კჳრიკე მეფე ნადირობასა შინა განმსუენე ფიდართ გორთან და მოკლა ვინმე ოვსმან მონამან დიდი კჳრიკე მეფე კახთა, სისხლთათჳს ოვსთა მეფისა ურდურესა ქ{რისტე}სა ჩ̃ლთ, ქარ{თულსა} ს̃ნთ.
ი̃ა. გაკი, ი̃თ წელი მეფა
[edit]ხოლო კჳრიკე მეფესა არა ესუა ძე, არამედ გაეშვილა დისწული თჳსი სომეხთა მეფის სამშჳლდელის დავითის ძე გაკი, და შემდგომად სიკუდილისა კჳრიკე მეფისა დაჯდა ესე გაკი კახთა მეფედ. ამან გაკი უშუელა ბაგრატ მეფესა ტფილისის მოდგომასა ზედა, ესევე გაკი შეება მეფესა ბაგრატს მიქელ გაბრიელის მთასა ზედა. ესევ მოვიდა წინაშე ბაგრატ მეფისა დარბაზობად, რაჟამს აღიღო ტფილისი ბაგრატ, ესევ გაკი შუელოდა ლიპარიტს ბაღუშს ბაგრატ მეფესა ზედა. არამედ ჟამად ეპყრა მეფესა ბაგრატს ჰერეთი და გაკის კახეთი. ხოლო შემდგომად მოკუდა გაკი ქ{რისტე}სა ჩ{ვე}ნჱ, ქარ{თულსა} ს̃ოჱ.
ი̃ბ. აღსართან, კ̃ვ წელი მეფა
[edit]შემდგომად გაკისა დაჯდა ძე გაკისა აღსართან მეფედ კახთა. არამედ ჟამსა ამისსა დაიპყრა მეფემან ბაგრატ უმეტესად ჰერეთი და შემდგომად მოსლვისა სულტანისა მივიდა აღსართან წინაშე სულტნისა და იქმნა მაჰმადიან. ამისთჳს მისცა სულტანმან კახეთი და ჰერეთი სრულიად ნაქონები ბაგრატ მეფისა. ამასვე აღსართანს მოგუარეს ფადალა განძისა ლტოლვილი და იქმნა რა იგი აღვსწერეთ.
ამანვე აღსართან უშუელა გიორგი მეფესა ლიპარიტსა და სარკინოზთა ზედა, ხოლო შემდგომად გიორგი მეფის მოსლვისა სულტნიდამ და სპათა შემოცლისა ვეჯინის ციხისაგან წარვიდა ესევე აღსართან წინაშე სულტნისა და უმეტესად დაიმტკიცა და წინადაიცვითა რჯულითა მაჰმადისათა, ამისთჳს მოსცა მასვე სულტანმან ჰერეთი და კახეთი. მერმე მოვიდა და დაიპყრა ორივე და მართვიდა თჳთ. არამედ შემდგომად მოკუდა აღსართან ქ{რისტე}სა ჩ̃პდ, ქარ{თულსა} ტ̃დ.
ი̃გ. კჳრიკე, ი̃ჱ წელი მეფა
[edit]დაჯდა შემდგომად აღსართანისა ძე ამისი კახთა მეფედ კჳრივე. ესე კჳრიკე იყო მჴნე, ახოვანი და მეფობისა ღირსი და ჭეშმარიტი ქრისტიანე. ამას კჳრიკეს მიუღო დავით აღმაშენებელმან ციხე ზედაძნისა, არამედ შემდგომად კეთილ-მეფობისა მოკუდა კჳრიკე ქ{რისტე}სა ჩ̃რბ, ქარ{თულსა} ტ̃კბ.
ი̃დ. აღსართან, გ̃ წელი მეფა
[edit]გამეფდა ძე კჳრიკესი აღსართან, არამედ იყო ესე უგვანი, ცუნდრუკი, ხელადმქცევი და შეუმგზავსი მეფობისა. ხოლო შემდგომად სამისა წლისა ამ აღსართანის მეფობისა შეიპყრეს წარჩინებულთა ჰერ-კახთა უგუნურებისა მისისათჳს ესე აღსართანი და მისცეს მეფესა დავით აღმაშენებელსა. მაშინ დავით აღმაშენებელმან დაიპყრა სრულიად ყოველი ჰერეთი და კახეთი და ამიერ ჟამითგან იყო ერთმეფობასა შინა, ვიდრე ო̃ჱ მეფის გიორგისამდე წელი ტ̃ჲგ. არამედ ესე აღვსწერეთ მოკლედ, ვინაჲთგან ერთობისა ქარტასა შინა აღგვიწერია, გარნა აქა წარმოვაჩინეთ უცხადესად.
აღწერა ჰერეთისა, კახეთისა და კუხეთისა, კუალად თუშეთისა და დიდოეთისა | ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი |
ცხორება აწინდელთა მეპატრონეთა კახეთისათა |