Jump to content

აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა

From Wikisource
ცხორება აწინდელთა მეპატრონეთა კახეთისათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი


ოსეთის რუკა

აღწერა აწინდელისა ოვსეთისა ანუ კავკასიათა შინათა

[edit]
სახელთათჳს

ქუეყანა ესე, რომელსა აღვსწერთ, წილხდომილ არს კავკასოსი, ძისა თარგამოსისა. ხოლო მოვიდნენ რა ორნი ესე ძმანი, ლეკანი და კავკასოს, ლეკან დაიპყრა წილი თჳსი და, გამოსლვასა ხაზართ მეფისასა, მისცა მამის ძმისწულსა თჳსსა ხაზართ მეფემან ტყუენი რანისა და მოვაკანისა, და ლეკანის წილი ქუეყანა, და დაეშენა თჳსითა და მით მუნ. ხოლო ხოზონის, რომელი უწარჩინებულ იყო ნათესავთა ლეკანისთა, შემოვიდა მთათა შინა და აღაშენა ქალაქი, და უწოდა სახელი თჳსი ხოზონხეთი და ხარკს მისცემდა ხაზართა. ხოლო კავკასოს დაიპყრა ქუეყანა ლეკანის საზღვრიდამ, ვიდრე პონტოს ზღუამდე, კავკასის მთის ჩდილოთი ველითურთ, და ამისგან ეწოდა მთასა კავკასი და ველსა ოსი. ბოლოს მონაწყუედი კავკასოსი, ვითამ მისი გამოსლვამდე ხაზართა. არამედ ხაზართა მეფემან მისცა ქუეყანა კავკასოსი ძესა თჳსსა ურბანოსს და ტყუენი ქართლ-სომხითისანი. ამან მოსწყჳდა ნათესავი კავკასოსი, და დაეშენა აქა თჳსითა და ტყჳთა მით და უწოდა ოვსეთი. ესე არს ხაზარულად "ზოგი თესვად", ვითამ - ზოგი მოვსწყჳდე და ზოგი დავსხი თესვად". ვითარცა უწოდეს ბარდოსის წილსა რანი, ესე არს წყლულნი, რამეთუ მუნ მოსწყჳდნეს უამრავნი, მძორთა უტევარნი.

ხოლო ძე ტინენისა, დურძუკოს, უწარჩინებულეს იყო ნათესავთა შორის კავკასოსთა, შემოივლტო კავკასის მთასა შინა, აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი. ამის გამო უწოდა არაგჳს აღმოსავლის კერძს, ლეკეთის საზღვრამდე, ძურძუკეთი, ხოლო არაგჳს დასავლით, რომელ არს მდინარე ლომეკი და აწ თერგი, რომელი დის ჴევიდამ კავკასთა შინათა, უწოდა დუალეთი, მისვე ურბანოსისაგან ხაზარულად, ესე იგი არს "ორი წელიწადი", ესე იგი არს; რამეთუ ვინაჲთგან ძურძუკეთსა შინა მცხოვრებელნი და კავკასთა შინა მცხორებელნი ხარკსა მისცემდნენ ურბანოსს, ამისთჳს ორნი წელნი უწოდეს, რამეთუ ორის წლისა შემდგომად ხარკსა გამოართმიდენ, რომელნი დღესაც ეგრეთვე მოხარკენი არიან თჳს-თჳსთა უფალთა, რომელსა უწოდებენ საჩუქარსა აწინდელს ჟამსა. ხოლო შემდგომად ფარნაოზის გამეფებისა, დარჩა ფარნაოზს ძურძუკი და დუალეთი, და სხუანი ჴევნი იგინი დაშთნენ მეფეთა ოსთასა, და იწოდნენ ჴევნი იგინი ოვსეთად, შემოსახლებითა და დამონებითა მათითა მათგანვე. ხოლო შემდგომად კუალად განიყო ძურძუკეთი ძურძუკად, ქისტად და ღლიღუად, და ისახელა ესრეთ ანუ ძურძუკოს ძეთაგან ანუ შემოსულთა ოვსთაგანვე.

არამედ დუალეთიცა განიყოფების ჴევ-ჴევად და იწოდების ჴევნი ესრეთ: კასრის ჴევად ზრამაგად, ჟღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად. ხოლო რომელნი დაშთნენ მეფეთა ოვსთა, სახელნი მათნი არიან ესენი: ჩიმი, თაგაური, ქურთაული, ვალაგირი,ფაიქომი, დიგორი და ბასიანი, და სახელნი ესენი ეწოდნენ ანუ დაბებთაგან, გარნა უმეტეს შემოსულთა ოსთაგან, რომელნი შემდგომად ჩინგიზ ყეენთა მოსლვისა, ბათო ყეენმან მოსრნა ოვსეთი და მოაოჴრნა, ხოლო ოვსნი შემოივლტოდნენ კავკასიათა შინა, და იწოდნენ სახელითა მათითა ჴეობანი ესენი ესრეთ, ვითარცა აჩენს გუარნი მათნი, რამეთუ უწარჩინებულესნი გუარით არიან ოვსნი, და გუარნი ოვსთანი ესენი არიან: ბასიანი, ბადელიძე, ჩერქესიძე, თაგაური, ქურთაული, სიდამონი და ჭახილიძე. ხოლო შემდგომად მოოჴრებისა ოვსეთისა და შემოსლვისა მათისა კავკასიასა შინა, იწოდნენ: ოვსეთი ჩერქეზად ანუ ყაბარდად, და კავკასიასა შინა მყოფნი მათ შემოსულთაგან ოვსეთად, რამეთუ აწცა გუარიანთა მათ უწოდებენ ოსად, ხოლო სხუათა უგუაროთა - კუალად დუალადვე. არამედ ჴევი, რომელი აღვსწერეთ ქართლსა ზედა, არს დუალეთისავე, გარნა ვინაჲთგან მტკიცედ დაიპყრეს მეფეთა ქართლისათა, იგი უწოდეს შეცვლილითა სახელითა ჴევად, ვინაჲთგან არს ჴევი შუენიერი. არამედ თრუსო კუალად არს დუალეთისავე, და ეგრეთ საცნობი ესეცა.

ხოლო აწინდელისა ამის ოვსეთისა საზღვარი არს: აღმოსავლით თრუსოსა და ჴევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამჴრიდამ ჩდილოდ. და დასწყდების ჴევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე, ვიდრე სეთაძე-ჩერქეზის მთამდე; სამჴრით მზღვრის კავკასი, ჴევის ყელიდამ წარსრული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე, და ზეკარა, კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიანს შორისნი კავკასნი; ხოლო ჩდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი, და ჩერქეზის კერძოდ ტყიანი და ოსეთის კერძოდ უტყეო, არამედ ღელეებთა შინა მცირეტყიანი; და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ჟღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სუანეთს შორისი.

ქუეყანისათჳს

ხოლო ქუეყანა ესე არს მაგარი და შეუვალი უცხოს მტერთაგან, მაღლის მყინვარისა და თოვლიანი მთის მიერ, რომლისა ყინულის სიმაღლე არს კ̃ და ლ̃ მყარი ზაფხულის, კუალად სივიწროვისაგან და მაღლის კლდის ქარაფოვანთაგან, და მდინარეთა დიდთა და ჩქართა მომდინარეთაგან, რამეთუ ძნიად განვალს ცხენი ფონად, თჳნიერ ჴიდისა, არამედ მცურავთაგანცა არა ძალ-იდების ცურვად. არა არს აქა ტყე, მცირეთაგან კიდე, და იგიცა უმეტეს არყნალი, გარნა მდინარეთა კიდეთა და ღელოვანთა შინა, რამეთუ სივიწროვე სიცივისა და კლდოვანობის გამო ვერ იზრდების, გარნა ვიეთნი ზიდვენ ჩერქეზის მთიდამ, და სხუანი სწვენ თივასა.

ხოლო სიგრძე ამის ქუეყნისა არს ჴევიდამ სუანეთის კავკასამდე და განი ქართლის კავკასიდამ ჩერქეზის მთამდე. არამედ ნაყოფიერება ამ ქუეყნისა არს მცირედი, ვინაჲთგან არარაჲმე მარცვალნი ნაყოფიერებენ თჳნიერ ხორბლისა, ქრთილისა და შვრივისა, სიცივისა, გვიან გაზაფხულისა და ადრე შემოდგომისათჳს, გარნა ამასაც ვერ სთესვენ მრავლად, უმიწობისა და კლდოვანობის გამო. გარნა, რა იგი დასთესონ, ფრიად ნაყოფიერებს და მრავლად, და უკეთუ მოვიდეს სუტყუა, რომელი ჴშირობს მათ შინა, მოყმდებიან ძლიერად. კუალად არარაა მოვალს, და არა უწყიან მტილისანი ანუ წალკოტნი და ხილნი, გარნა ვიეთთამე ადგილთა იპოების კოწახური, კლდის მერსენი, უელი და ასკილი. პირუტყუნი არიან: ცხოვარი უდუმოკუდიანი და მომცრო, ძროხა, ცხენი, თხა, ღორი, არამედ არა მრავლად, გარნა არიან ფრიად გემოიანნი სხუათა ადგილებთაგან უმეტეს. და ვინაჲთგან აქუთ საძოვარნი და სათიბნი მცირედ, ამისთჳს ვერ ინახვენ ცხოვართა, თჳნიერ კ̃, მ̃ და რ̃ კიდე ეგრეთვე ცხენთა და ძროხათა ი̃, კ̃ და მ̃ და უფროსი არღარა. ხოლო არიან ვეძანი, რომელ არს წყარო ანკარა მლაშე, და მრავლად ყოველსა ოვსეთსა შინა. ამას სმენ კაცნი და პირუტყუნი და ფრიად ერგებისთ, გარნა უფროს პირუტყუთა, რამეთუ პოხიერ ჰყოფს, და გემოიან, და ურბილებს მატყლსა. ფრინველნი ჰყავთ ქათამნი და სხუანი არარანი, და გარეულნიცა წურილთა სირთაგან კიდე არარაჲ არს მუნ. გარნა არს ფრინველი შურთხი სახელით, რომელი ყოველსა კავკასიასა შინა გუარობს, მგზავსი სახით კაკბისა და სიდიდით ორის ქათმისა. ეს შურთხი შეიკრებს თჳსად საზამთროდ ბალახსა მრავალსა, და ამას ზამთარს შეუჭამს ჯიხჳ, ხოლო შურთხი გამოიზრდების კურკლითა მისითა. და არს ესე შურთხი ფრიად გემოიანი. ნადირნი არიან ვიეთთა ადგილთა ირემი, არჩჳ, მშუელი, ფოცხუერი, მელი, მგელი, ტურა, მაჩჳ, დათჳ, კურდღელი, და არა მრავლად. ხოლო ჯიხჳ, რომელი მგზავსობს თხასა, არამედ არს ფრიად უდიდესი მისსა და შუენიერი სახითა და რქითა, ესე გუარობს კავკასთა ამათ შინა ყოველგან, ჯოგად და ჯოგად. ესე ვალს კლდესა ზედა ქარაფსა და მაღალსა, რომელსა ზედა ვერარაჲ ცხოველი შემძლებელ არს განსლვად: აღვალს იანვრის ტეხვრა-ქარიშხალსა შინა უმაღლესს კავკასსა ზედა, და შეაქცევს ცხჳრს ქარსა, და დაწვების ეგრეთ, და არარაჲ ვენების. არს აქა ფუტკარი და ჰყავთ, და არა ეგდენ მრავლად, რათამცა კმა ეყოსთ თაფლნი. არიან აქა ლითონნი ვეცხლისა, ბრპენისა, რკინისა, გოგირდისა, გუარჯილისა და ქვისა ბროლისა. არამედ არა უწყიან ჴელოვნება გამოღებისა, რათამცა იჴმარონ მრავლად. არა არს თევზნი აქა მდინარეთა შინა, ჩქარად დინებისაგან. თჳნიერ ვიეთთამე ადგილებთა იპოვების კალმახნი.

კაცისა და ჩუეულებისა, ზნისა და ჴელოვნებისათჳს

ხოლო კაცნი და ქალნი არიან შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ-თუალ-წარბანი, შავ-თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი, მკჳრცხლად ფიცხელნი, თჳსთა ქუეყანათა შინა მცირედ მჭამელნი, რამეთუ კმა იყოფენ თჳნიერ წყალსა და პურსა და შრატსა, სხუათა ადგილთა და სტუმრობათა შინა გაუძღომელნი, ვერ შემმართებელნი ბრძოლასა შინა, რამეთუ ეშინისთ ლაშკართაგან ფრიად. არამედ ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშქართა შინა და გამომსლველნი. უსაქციელონი, ბრიყუნი, ქუეყანათა თჳსთა ლაღნი და ამაყნი, სხუათა ქუეყანათა შინა მდაბალნი, გონიერად მოუბარნი, ქურდნი, მპარავნი, მტყუარნი, ხარბნი, მომხუეჭნი, მესისხლენი, მემრუშავნი, ტყჳს მყიდველნი, გარნა არა თჳსთა ჰყიდიან. არამედ ქალნი მათნი იცმენ ქალწულებასა ვიდრე შერთვადმდე ქრმისა, და მერმე სახელ არს მათ შორის რაოდენნიცა უვისთ კურონი რამეთუ სირცხჳლად აქუსთ დღისით ხილვა ცოლშვილთა თჳსთა ქრმისაგან.

ხოლო ცმულნი არიან ხამის პერანგით, საყელო ბერულად მოჭრილითა, და ნიფხავი ხამისავე. მას ზედა ჩოხა მოკლე მუჴლადმდე და პაიჭიცა შალისა. არამედ ჩოხა ნაოჭიანი და უგუჯასტო, ჩოხას ზეით ნაბადი მოსხმული; ფერჴთა ზედა ტყავთაგან აცვიათ, რომლისა არს ლანჩა გამობანდული დახეულის ტყავისაგანვე, და მას შინა შთასდებენ თომსა, და ჩაიცმენ ეგრეთ, რათა არა მოუსხლტეთ ფერჴი ყინულსა, კლდესა და ბალახთა ზედა. უდიდესნი იცმენ წულასა, და ბურავსთ თავსა ქუდი მგრგუალი და ბეწოსანი შალისაგანვე. ბოდიშობენ ურთიერთ და მიემშჳდებიან ქუდის მოჴდით. სხედან სკამთა ზედა. არამედ უწარჩინებულესნი მათნი იცმენ იმრიგადვე, ლეინსა, დარაიას, დარაიბაფთს, ყუთნსა და რაჲსაც ლარს იშოვიან. ეგრეთვე მგზავსად იცმენ ქალნიცა, არამედ უგრძესად, და ბურავთ მათცა ქუდი იგივე, აცვიათ წუღა-პაიჭი და არა ნიფხავი. მოირტყმენ სარტყელსა კაცნი და ქალნიცა, ვითარიცა ძალუცთ შოვნად. სარწმუნოებით არიან ძუელად ქრისტეანენი და სამწყსონი ნიქოზლისანი, და უფროს დუალნი. არამედ აწინდელთ ჟამთა დუალნი სახელით ოდენ ქრისტეანენი, რამეთუ იმარხვენ დიდმარხუასა, ხატთა, ეკლესიათა, და სამღუდელოთა პატივსა უყოფენ და თაყვან-სცემენ, და სხჳსა სრულიად უმეცარნი. არა უვისთ მღუდელი, და უნათლისღებონი არიან, თჳნიერ რომელნი ქართლსა და რაჭას მოინათლვიან. ხოლო თაგაურნი, ქურთაულნი, ვალაგირი, ფაიქომი, დიგორელნი და ბასიანელნი, რომელთა თავნი და წარჩინებულნი მათნი არიან მაჰმადიანნი, და დაბალნი გლეხნი ქრისტეანენი, გარნა უმეცარნი ორივეს რჯულისანი, რამეთუ გარჩევა მათი არს ესე: რომელნი სჭამენ ღორსა, არიან ქრისტეანენი, და რომელნი სჭამენ ცხენსა, ესენი არიან მაჰმადიანნი. გარნა ყოველთავე უწყიან მგზავსი კერპისა, რომელსა უწოდებენ ვაჩილას, რამეთუ შესწირვენ ელიას თხასა და ჴორცსა შესჭამენ თჳთვე, ხოლო ტყავსა გასჭიმვენ მაღალსა ძელსა ზედა და თაყვანი-სცემენ ტყავსა მას დღესა შინა ელიასასა, რათა არა მოუვლინოსთ ელიამ სეტყუანი და მოსცეს ნაყოფნი ქუეყანისანი.

კუალად არიან, ვითარცა ნადირნი, უწიგნონი, უცოდინარნი. ენა აქუთ ძუელი, დუალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად, ვინაჲთგან ჩერქესთა ენა სხუა არს. ვიეთთა მოთავეთა და ქართლსა და რაჭას მსლველთა უწყიან ქართულნი, ხოლო ჩერქეზსა შინა მსლველთა უწყიან ჩერქეზული და თათრული ჯაღათასი. შეირთვენ მდიდარნი ორსა და სამსა ცოლსა და დაბალნი - ერთსა, არამედ თუ მოკუდეს ძმა ერთი, შეირთავს მეორე ძმა თჳსს ძმის ცოლსა, ვინაჲთგან მისცემენ სახლის პატივად ქალის სახლეულს ი̃, კ̃, ლ̃ და მ̃ ძროხასა, ამისთჳს არღარა განუტევებენ სხჳს შერთვად, არამედ ირთვენ თჳთვე. უწყიან გუარნი, და უწარჩინებულესნი გუარითა არიან ოვსნი.

ხოლო ესე ოვსი განიყოფების ესოდენ გუარად: სიდამონად, ჭახილიძედ, თაგაურად, ქურთაულად, ბადელიძედ, ჩერქესიძედ, ბასიანად, და არიანცა ესენი უწარჩინებულესნი სხუათა ზედა. და ამათ გუართა იციან გუართა თჳსთა ნიჯადი, ერთმან მეორესა ზედა ლაშქრობა, შუელა, მესისხლობა, რამეთუ უკეთუ მოკლას ერთმან, არა დასცხრების მეორე იგი გუარი შვილით შვილადმდე უკუნისამდე, თუმცა არა მოკლას მანცა, და მკლველი მოკლულსა მათთჳს გუარსა ჩასძახებს საფლავსა შინა: .,მოვკალო მკლველი შენი", და რწამთ ესე საცხონებლად მისად. არამედ უკეთუ დაზავდნენ ბრჭეთაგან და მისცეს სისხლი, გარნა კუალადცა მოჰკლავს და უკუნ-სცემს სისხლსა, მინაცემსა თჳსსა. არამედ დუალნი უმდაბლესნი არიან გუარითა, გარნა თუ განდიდნეს ანუ განმდიდრდეს ოვსი ანუ დუალი, ანუ შეირთავს ორ სამს ცოლსა, ანუ აღაგებს კოშკსა, ანუ მოკლავს კაცსა, და უკეთუ მძლეველ ექმნას მესისხლე თჳსი, შევალს კოშკსა შინა და არღარა გამოვალს სიკუდილადმდე. კუალად უწყიან პატივი მოხუცებულთა თჳსთა ფრიადი, და უვისთ, ვითარცა პატრონნი თჳსნი ამათ მოხუცებულთაგან ჰყოფენ ბრჭობასა და ზავსა და ყოველსავე სამჭირნოსა თჳსთა განაგებენ მათით. სიმდიდრე მათი არს თოფი, ჴრმალი, ჯაჭჳ, ჯავშანი; სპილენძი და ოქრო და ვეცხლი მცირედ. არა უწყიან თეთრი, არამედ თეთრისა წილ ნაბადი, ჩოხა, ხამი, შალი, ცხუარი, ძროხა და ტყუე, და ვაჭრობენ ურთიერთსა შინა ამით. არცა უწყიან ადლი, არამედ მწყრთა; უწყიან უცხოთა სტუმართა პატივი და უვნებელობით დაცვანი, რამეთუ ვერავინ რაჲსა ავნებს ერთისა ვისმე სტუმარსა, ვინაჲთგან მოსწყდებიან მისთჳს გუარით. არამედ თჳთ გამოუხმენ, რაოდენნი ძალ-უცს სტუმარსა, და ამას უწოდებენ საჩუქარსა, რომელიცა ჯერ არს მათგან, იგინივე მიუხმენ. უწყიან ჴელოვნებანი ტყავისა, ქსოვა შალისა, თელვა, კეთება ნაბდისა კარგისა. იციან მჭედლობა, ზეინკლობა, ხეთა მუშაკობა, სახლთ შენება, არამედ არღარა ჴმარობენ ქვიტკირსა. გარნა აღაშენებენ სახლთა უსარკმელოდ, და მრავალსა ერთმანერთსა ზედა, და კოშკსა ფიქალთა ქვათაგან მიწით, მაღალს კლდე-გორიანსა ზედა, ვინაჲთგან გამოუნახავთ უმჯობესად ზუავისა კუეთებისათჳს, რამეთუ არღარა ეკუეთნეს გარნა ავიდეს რა ქაცი კოშკსა შინა, ირყევის და არა დაირღუევის, არამედ დგას მტკიცედ.

ხოლო ძუელადნი არიან ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვიტკირისანი, მეფეთაგან ნაშენნი და უმეტეს: იტყჳან თჳთ იგინივე, თამარ მეფისაგანსა. გამოიდებენ მიწიდამ ბრპენს, გუარჯილასა, გოგირდსა. ქალთა მათთა უწყიან კერვანი წმიდა და კეთილნი. არა არს ქუეყანათა მათთა შინა მარილი, სელი, კანაფი, და ბამბა და აბრეშუმი, რათამცა ყონ სამოსნი თჳსნი. ამისთჳს უმეტესნი სცხოვრებენ ცხოვართა ტყავითა, გარნა ამათაც ზიდვენ ქართლიდამ, რაჭიდამ და ჩერქეზიდამ. და ამისთჳსცა მორჩილებენ თჳს-თჳსთა მჴარეთა და კუალად უმეტესად საზრდელთათჳსცა. ჴდიან მცირედს ლუდსაცა, არამედ არა არს მათ შინა სვივა, და იგიცა მიაქუთ ქართლიდამ, რაჭიდამ და ჩერქეზიდამ. კუალად ჴდიან და აკეთებენ იყსა, ბოზასა, პურთა და ქერთაგან, და სმენ დღესასწაულსა თჳსსა და სტუმრობასა შინა. უწყიან სულთა მკუდართა მათთა საჴსრად და მოსაჴსენებლად, რომელსა უწოდებენ დოღსა, რამეთუ ცხენოსანთა კაცთა ორის სამის დღის სავლიდამ გამოუშვებენ, და რომელი მათგანი უპირველეს მივალს, მას მისცემენ ნიჭსა და გარდაივდიან პურობასა და ლხინსა დიდსა, ვის რაჲ ძალ-უცს, და ჰგონებენ ამას სალხინებელად და საცხორებელად სულთათჳს მკუდართა მათთა.

ალაგებთათჳს

ხოლო მთათა, ჴევთა, მდინარეთა, წყალთა და შენობათა აღწერანი ესენი არიან, და დავიწყებთ ჴევიდამვე. ხოლო ჴევის ბოლოს არს ლაზური. მას ქუეით, ჯარიეხს, მოერთვის ჴევის არაგუს ქისტ-ძურძუკის წყალი. მას ქუეით არს ხეთაძე.

ჩიმისათჳს

არამედ ამ ქისტის წყლის შესართავს, არაგჳს დასავლით, მაღლა მთის ძირს, არს ჩიმი, დაბა დიდი და კოშკოვანი. მოსახლენი არიან ოვსნი, სიდამონნი გუარითა, და არიან აწ თავნი მათნი მაჰმადიანნი, ჩერქეზთა შინა სლვისათჳს, არამედ არიან მისიცა უმეცარნი.

თაგაურისათჳს

ამის ჩიმის დასავლით და ჴევის დასავლით არს თაგაურის ჴეობა. ამისი მდინარე გამოსდის მყინვარის კავკასსა და ხოხისასა. სიგრძით არს ხოხიდამ ჩერქეზამდე და დის სამჴრიდამ ჩდილოთ, და მიერთმის არაგუს დასავლეთიდამ. ხოლო ამ თაგაურის მდინარეს ერთვის ჩიმითის წყალი, რომელი გამოსდის ახოტის კავკასს. ამ ჴევზედ არს ჩიმითი, დაბა დიდი და კოშკოვანი, ვითარცა ჩიმი ყოვლითავე. ამ ჴევის შესართავს ზეით თაგაურის წყალს მოერთვის ყაბანს სხუა ჴევი, რომელი გამოსდის მყინვარის კავკასს და ამ ჴევს მოერთვიან მყინვარის კავკასიდამ ჴევნი. არამედ ყაბანი არს ამ ორთა მდინარეთა შორის, დაბა დიდი, კოშკოვანი. მას ზეით თაგაურის წყალზედ არს, დასავლეთის კიდურზედ, ეკლესია მცირე, ძუელადვე აღშენებული მეფეთაგან. ამას ზეით, ამავე წყალზედ, არს ჯიბღიზი, დაბა დიდი, კოშკოვანი, და ციხე, აღშენებული მეფეთაგან, მაგარი, შეუალი მტრისაგან. მას ზეით არს ყაყიდური, დაბა დიდი, კეთილი, კოშკოვანი, და ხოხის კავკასის ჩამოსულს ძირში, გორა-კლდესა ზედა, ციხე, აღშენებული მეფეთაგან, ფრიად მაგარი. და არიან ჴევნი ესენი შენობიანნი და დაბნებიანნი.

ქურთაულისათჳს

ხოლო თაგაურის დასავლით არს ქურთაული, რომლისა წყალი გამოსდის ხოხისავე მთასა, და მოდის სამხრეთიდამ ჩდილოთ, და გასჭრის ჩერქეზის მთასა, ვითარცა თაგაურის წყალი, და მიერთვის ლომეკსა ანუ თერგსა. ხოლო სად გასჭრის ჩერქეზის მთასა, მის მთის ზეით მოერთვის ამ თაგაურის წყალსა აღმოსავლიდამ ჴევი. მას ჴევს ზეით, დასავლეთით, ამ წყლის კიდურზედ, არს ეკლესია მცირე. მას ზეით, ამ წყლის აღმოსავლით კიდურზედ, არს ქურთათა და ციხე მაგარი, ნაშენი კლდესა ზედა. აქ მოერთვის აღმოსავლიდამ ამ წყალს ჴევი. ამ ორს წყალს შუა არს ქურთათა. ქურთათას ზეით მოერთვის დასავლიდამ ჴევი ქურთაულის წყალსა. ამ ორს ჴევს შუა არს დაბა ჯაბა. ამას ზეით არს ჩიმი. ამ წყალზედვე დაბა, ორს ჴევს შუა. ამას ზეით ხოხის კავკასის მთის ჩამოსავალზედ არს კუარა, დაბა კეთილი, კოშკოვანი, და ციხე დიდი და მაგარი, შენი მეფეთა. კუარადამ გარდავალს გზა ხოხის კავკასსა ზედა, ნარასა და ზროგოს. ხოლო ქურთაულსა და თაგაურს განჰყოფს მთა, ხოხიდამ ჩამოსული ჩდილოთ კერძოდ ჩერქეზის მთამდე, ქურთაულ-თაგაურს შორისი; და თაგაურსა და ჴევსა განჰყოფს მთა მყინვარი და ახოტი, და მთა ახოტიდამ ჩამოსული ჩდილოთ კერძოდ, ჩიმსა და თაგაურს შორისი.

ვალაგირისა-ფაიქომისათჳს

ხოლო ქურთაულს დასავლით არს ჴეობა ვალაგირისა და ფაიქომისა, რომელი იწოდა დაბნებთ გამო, მუნ მყოფთა. და წყალი ვალაგირისა გამოსდის ხოხისვე კავკასსა და დის სამჴრიდამ ჩდილოთ. ამას მოერთვიან ჴევნი მცირენი. და არს ჴეობა ესე დაბნოვანი, მოსახლენი - სიდამონნი და ჭახილიძენი. ხოლო განჰყოფს ვალაგირსა და ქურთაულს მთა ხოხიდამვე ჩამოსული, ჩდილოთ მდებარე ჩერქეზის მთამდე, ვალაგირსა და კასრის ჴეობას შორისი. არამედ სამთა ამათ ჴეობათა მზღვრის: აღმოსავლით მთა, რომელი დავსწერეთ, ჴევსა და თაგაურს შორისი ჩერქეზის მთამდე; სამჴრით მთა ხოხის კავკასი, ფრიად მაღალი, და მყინვარი, და უმაღლესი ბრუცაბზელ-ზეკარისა. ამან მოიგო სახელი თჳსი ხოხვით სლვისათჳს, რამეთუ ძნიად გარდავალს ცხენი მას ზედა, გარნა მკვჳრცხლნიცა - ჭირითა და მდებარებს მთა ესე აღმოსავლიდამ დასავლეთად, მყინვარის კავკასიდამ კასრის ჴეობამდე და კუალად მზღვრის ჩდილოთ კერძ მთა ჩერქეზისა და დასავლით კასრა-ვალაგირს შორისი მთა.

კასრის ჴევისათჳს

ხოლო ვალაგირისა ანუ ფაიქომის დასავლით არს კასრის ჴეობა, რომელი იწოდების აწცა დუალეთად. და აქუს სიგრძე დუალეთს ზეკარის კავკასიდამ ვიდრე ჩერქეზამდე. და მდინარე ამისი გამოსდის ზეკარისა და ზახა-თრუსოს შორისს კავკასთა და მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ. ხოლო კასრის ჴეობასა შინა მოერთვიან ამ წყალს, დიგორისა და ამის შორისის კავკასიდამ, ჴევნი, და გარდავლენან მას ზედა გზანი დიგორს. ეგრეთვე ვალაგირსა და ამის შორისის მთიდამ მოერთვიან ჴევნი, და გარდავლენან გზანი ვალაგირსა და ფაიქომს. და არს ჴეობა კასრისა, კასრის კარიდამ ჩერქეზის მთამდე, შენობიან-დაბნებიანი. ხოლო კასრის კარი არს ქუემო ზრამაგას ქუეით, სად მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა, და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა. და არს აქ კარი კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი, მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თჳნიერ მათსა ოვსნი. და არს ჴეობა ესე ფრიად მაგარი და შეუალი. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, რომელსა სწურვენ იგინივე. კუალად არს გოგირდი ფრიად კარგი. არს ლითონიცა ვეცხლისა, არამედ არა უწყიან გამოღება. კუალად კლდის ნოტიობისაგან აკეთებენ გუარჯილასაცა.

ჟღელესჴევისათჳს

ხოლო ამ კასრის კარს ზეით მოერთვის, ქუემო ზრამაგას, ჟღელის ჴეობის წყალი დასავლეთიდამ. გამოსდის კედელის კავკასს, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ. ამ წყალს მოერთვიან აღმოსავლიდამ და დასავლეთიდამ ჴევნი მცირენი. და ჟღელესა და გლოლას შორისს კავკასზედ ამ ჴევებიდამ გარდავლენან გზანი გლოლას. ამის მდინარის სათავიდამ გარდავალს გზა კედელის კავკასსა ზედა კუდაროს, და რაჭას, და ქართლს. და არს ჴეობა ესე შენობიან-დაბნებიანი. აქა არს ქალაქას დაბას წყარო დიდი, რომელი ჟამ რაოდენმე დის, და ჟამ რაოდენმე დადგების, და არღარა გამოსდის, მერმე კუალად გამომდინარდების და კუალად დადგების. ხოლო განიყოფის ჴეობა ესე აღმოსავლეთიდამ ზეკარიდამ ჩამოსულის მაღლის მთით ქუემო ზრამაგამდე, ჟღელე-ზრამაგას შორისითა, სამჴრიდამ ჩდილოთ კერძოთ მდებარითა, და სამჴრით ზეკარა-კედელის კავკასითა; დასავლით ამასა და გლოლას შორისით კავკასითა, კუალად კედელის კავკასითა; ჩდილოთ ამასა და გლოლის შორისის კავკასიდამ ჩამოსულის მთით, რომელი შეჰკრავს კასრის კარსა.

ზრამაგათათჳს

ხოლო ქუემო ზრამაგა არს კასრისა და ჟღელის წყლების შესართავს შუა, და ციხე დიდი, ფრიად მაგარი; იტყჳან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი.

ნარასათჳს

ხოლო ქუემო ზრამაგას ზეით ერთვის ნარის ჴეობის წყალი. გამოსდის ხოხის კავკასსა, დის აღმოსავლიდამ დასავლეთად. და აქუს ამ ჴეობას აღმოსავლით ხოხის კავკასი; სამჴრით ხოხიდამ ჩამოსული მთა მაღალი, ამასა და ზროგოს შორისი; დასავლით ზრამაგის ჴევი და ჩდილოთ ხოხისავე კავკასი. ამ ჴევში არს დაბა ჱ̃ მოსახლენი. ხოლო ამის შესართავს ზეით არს ზემო ზრამაგა, დაბა კოშკოვანი და ეკლესია მცირე. აქ მოერთვის ჴევი ზეკარიდამ მომდინარე და მოერთვის დასავლეთიდამ. და ამ ორთ ჴევთ შორის არს ზრამაგა.

ზროგოსათჳს

ხოლო ამ ზრამაგას ზეით მოერთვის ზროგოს-ჴეობის წყალი. გამოსდის ხოხისავე კავკასსა და დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და აქუს ჩდილოთ ნარის მთა და სამჴრით ზახის მთა, აღმოსავლით ხოხის კავკასი და დასავლით ზრამაგის-ჴევი, და არს დაბოვან-შენობიანი.

ზახისათჳს

ხოლო ამის შესართავს ზეით მოერთვის ზახის-ჴეობის წყალი. გამოსდის თრუსოსა და ზახას შორისს კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, არამედ ბოლოს მოდრკების და მიერთვის ზრამაგის-წყალსა. ამ ზახის-წყალს მოერთვის სამჴრეთ-ჩდილოდამ ჴევნი, და არიან დაბანი კოშკოვანნი. აქა არს ეკლესია მცირე. აქიდამ გარდავალს გზა თრუსოს, მაღრან-დუალეთს და ჟბას, დიდ ლიახუზედ. ამას აქუს აღმოსავლით თრუსოს მთა; სამჴრით კავკასი ზეკარისა; ჩდილოთ ამასა და ზროგოს შორისი, ხოხიდამ ჩამოსული მთა; დასავლით ჴევი ზრამაგისა. კუალად ამ ზრამაგის-ჴევის სათავიდამ გარდავალს ზეკარაზედ გზა ქართლს დიდ-ლიახუზე.

თრუსოსათჳს

ხოლო ზახის აღმოსავლეთის მთის იქით არს თრუსო, რომელსა აქუს აღმოსავლით მთა, ხოხიდამ და ჴევის ყელიდამ ჩამოსულნი მთანი შთასავალამდე, და მთანი ესენი განჰყოფენ ჴევსა და თრუსოსა: სამჴრით კავკასი, მთიულეთსა, მაღრან-დუალეთსა და თრუსოს შორისი; ჩდილოთ მყინვარი და ხოხის კავკასნი; დასავლით თრუსოსა და ზახას შუათი მთა. და არს თრუსო სამ ჴეობად. გამოსდის ერთი ზახის მთასა, მეორე მაღრან-დუალეთის კავკასსა და მესამე ხოხის კავკასსა. ამ ჴეობაზედ, ხოხისაკენ, არს ეკლესია ყოვლად წმიდისა მცირე. და არიან ამ ჴევთა დაბნები ჱ̃. არამედ ჴეობანი ესენი, რომელნი აღვსწერეთ მაღრან-დუალეთითურთ, არიან დუალეთი. და კუალად დიდის ლიახჳსა, პატარას ლიახჳსა, კსნის ჴევისა და კუდაროს მოსახლენიცა არიან დუალნივე. ამ დუალეთიდამ გარდასულნი, რჯულითა, წესითა და ზნითა ერთნი, და დღესაც მონათესავენი ურთიერთთა.

ხოლო ამ დუალეთს მზღვრის: აღმოსავლით მთა თრუსოსა და ჴევს შორისი, და კასრის ჴევსა და ვალაგირს შორისი მთა; სამჴრით კავკასი მაღრან-დუალეთისა, ზახისა, ბრუც-საბძლისა, ზეკარისა და კედელისა (არამედ ბრუც-საბძელი ეწოდა, ვინაჲთგან არს მგზავსი საბძლისა და უქმი, ხოლო ზეკარა კარსავით მყოფისა, სადა გავლის მას შორის გზა, და კედელა - ამართებით ყოფისათჳს კედელსავით. არამედ ქართლიდამ ესე კავკასნი უმეტეს ყოველთა კავკასთაგან უმაღლესად მჩენარებენ და დიდად, და ამისთჳს უწოდესცა სპარსთა იალბუზი, ქარმყინვარე, და მარადის მყინვარედ იხილვებიან, რამეთუ ზაფხულს გზებთა ამათ ზედა ვლენენ ცხენით, გარნა ჭირითა, და თჳნიერ ზაფხულისა ვერცა ერთი სულიერი). ხოლო ჩდილოთ მზღვრის დუალეთს ხოხის კავკასის მთა და, კასრის ბოლოს, ჩერქეზის მთა; დასავლით - მთა კავკასი, კედელიდამ წამოსული, რაჭასა, გლოლასა და ამას შორისი, მერმე დიგორსა და ამას შორისი, ვიდრე ჩერქეზის მთამდე, არამედ რომელნი აღვსწერენით - ჩიმი, თაგაური, ქურთაული, ვალაგირ-ფაიქომი და დუალეთი, ამათ ყოველთა მდინარენი ჩადიან ჩერქეზსა შინა და მიერთვიან ლომეკსა ანუ თერგს სამჴრიდამ.

დიგორისათჳს

ხოლო კასრის ჴევის დასავლით არს დიგორი, რომელი განიყოფის ორად - ჩერქეზიძედ და ბადელიძედ. და არს სიგრძე ამისი რაჭის კავკასიდამ ჩერქესამდე. ამისი მდინარე გამოსდის ღებისა, გლოლისა და ამის შორისსა კავკასსა, მოდის სამჴრიდამ ჩრდილოთ კერძოდ და ჩადის ჩერქეზში, მიერთვის ლომეკს. ამას უწოდებენ რიონსავე, ვინაჲთგან მასვე კავკასსა გამოსდის აქათ და იქით - რიონი იმერეთისა. და ამ მდინარეს, ჩერქეზის მთას ზეით, ერთვის ჴევი, გამომდინარე ბასიანის მთისა, და მოერთვის დასავლეთიდამ. ამას ზეით ერთვის სხუა ჴევი. გამომდინარე კასრის ჴევისა და ამას შუათის მთიდამ, და დის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ეს ჴევი არს ბადელიძისა. ამ ჴევს რიონის შესართავს ზეით ერთვის სხუა ჴევი, სიგრძით ჩერქეზის მთიდამ მომდინარე, და მოერთვის ჩდილოდამ. ამ ჴევიდამ გარდავალს გზა ჩერქეზსა შინა. ამ ჴევს ზეით კუალად მოერთვის სხუა ჴევი სამჴრიდამ. ამათ შესართავს შუა, კლდეზედ, არს მაღლა ციხე და მცირე ეკლესია. არამედ ესენი, რომელნი დავსწერეთ ჴევნი, არიან ბადელიძენი, და არიან შენობიანი და დაბნებიანნი და კოშკოვანნი მრავლად, რომელთა შინა მოთავენი მათნი არიან ყმიანნი მებატონენი. ხოლო ამ ბადელიძის წყლის შესართავს ზეით, რიონზედ, არიან ჩერქესიძენი, და მას ქუეით, ჩერქეზის მთამდე, კუალად ბადელიძენივე. და ამ ბადელიძის წყლების სათავიდამ გარდავალს გზა კასრის ჴევში, ჟღელის ჴეობაში და ქელმაჰმადის სოფლიდამ ჩერქეზესა შინა.

ხოლო ამ ბადელიძის წყლის შესართავს ზეით მოერთვის რიონს აღმოსავლიდამ მდინარე რიონივე. გამოსდის გლოლასა და ამას შორისს კავკასსა, მოდის სამჴრიდამ ჩდილოდ. ამას მოერთვის სხუა ჴევი აღმოსავლიდამ, გამოსდის ამასა და ბადელიძეს შორისს მთას. ამაზე გარდავალს გზა ბადელიძეებში. ამას ზეით მოერთვის კუალად სხუა ჴევი აღმოსავლიდამ, მისვე მთის გამომდინარე. ამ რიონის სათავიდამ გარდავალს გზა კავკასზედ გლოლას, სადა არს, კავკასის ძირში, დიდს მაღალს კლდესა შინა, ქუაბნი გამოკუეთილნი დიდ-დიდნი. მოგზაური მივალს მას ქუაბსა და დილასა წარვალს, ჩავალს გლოლას. ეგრეთვე მუნიდამ მოსრულნი მუნ განისუენებენ და შრომიათჳს. და მეორის ამის რიონიდამ გარდავალს გზა ღებს. არამედ ამ გზებზე ზაფხულით ცხენით ვლენან, გარნა ჭირითა დიდითა, და თჳნიერ ზაფხულისა - ვერც ქუეითნი. და ამ ჴეობასა ზედა არიან დაბნები და შენობანი. და მზღვრის დიგორს: აღმოსავლით კავკასი, ამასა და კასრა-ჟღელეს შორისი; სამჴრით კავკასი, ამასა და გლოლა-ღებს შორისი; ჩდილოთ მთა, ამასა და ჩერქეზს შორისი, მაღალი და დიდი; დასავლით კავკასი, ამასა და ბასიანს შორისი.

ბასიანისათჳს

ხოლო დასავლით დიგორისა არს ბასიანი, ჴეობა დიდი, რომელსა შინა დის მდინარე, გამომდინარე რაჭისა და ბასიანს შორისის კავკასიდამ, და მიდის სამჴრიდამ ჩრდილოთ კერძოდ, სიგრძით კავკასიდამ ჩერქეზის მთამდე. ამის მდინარეს მოერთვიან ჴევნი აღმოსავლიდამ გამომდინარენი, ამასა და დიგორის საშუალის კავკასიდამ, და დასავლეთიდამ სუანეთისა და ამის შორისის კავკასიდამ. და ამ ჴუვებიდამ გარდავლენან გზანი სუანეთს და დიგორსა და ამის წყლის სათავიდამ გარდავალს გზა რაჭას, ღებს და ლუხუნზედ. და მზღვრის ბასიანს: აღმოსავლით მთა კავკასი, ბასიანსა და დიგორს შორისი; სამჴრით მთა კავკასი, ამასა და რაჭას შორისი; ჩდილოთ მთა ჩერქეზისა, ბასიანსა და ჩერქეზს შორისი; დასავლით მთა კავკასი, ამასა და სუანეთს შორისი. და არს ესე ბასიანი შენობიანი, დაბნებიანი და უმეტეს გუარიანნი სხუათა ყოველთა ოსთაგან, და არიან მებატონენი ყმიანნი. და მდინარე ესე ჩადის ჩერქეზსა შინა, მერმე მიერთვის თერგის მდინარესავე. არამედ რაოდენნი კავკასნი აღვსწერენით, სცან მარადის მყინვარედ და თოვლიანად, ვითარცა სხუა სახელდობ გამოვაჩინეთ კავკასთა მთანი. კუალად რაოდენნი დაბანი ციხოვან-კოშკოვანნი დავსწერეთ, იგინი მათ უწოდებენ ქალაქად. არამედ ვინაჲთგან არა აქუსთ მართველობა და განწყობილება ქალაქთა, აქა დაბად ვთქჳთ.

ქისტისათჳს

ხოლო აწ ვიწყებთ ჴეჳის აღმოსავლეთის კერძოთა კავკასიელთა, ვინაჲთგან შევასრულეთ დასავლეთის წილი. გარნა ჴევის ბოლოს, სადა დაივაკებს მდინარე არაგჳ ანუ ლომეკი, ამ არაგუს, ხეთაძის დაბის ზეით, ერთვის ქისტეთის წყალი და ძურძუკისა. ესე მოერთვის აღმოსავლეთიდამ, გამოსდის ძურძუკეთსა და ფშავჴევსურეთს (რომელი არს ფხოელი) შორის კავკასსა, დის სამჴრიდამ ჩდილოთ და მცირედ ჩდილო-დასავლეთ შუა. სიგრძით არს კავკასიდამ ლომეკამდე. ხოლო სად იყრებიან ორნი ესე მდინარენი, მუნ არს შუაში ჯარიეხი, კლდე დიდი, მოვლებული ველსა დიდსა გარე, ქარაფოვანი, და ამითი არს ფრიად მაგარი, და შენი არს კოშკი დიდი, ზღუდოვანი, ვითარცა ციხე, და ამ წყალსა ზედა, ჴეობაში, ამ ჯარიეხს ზეით, არს ქისტეთი დაბნებიანი, შენობიანი.

ძურძუკისათჳს

კუალად ამის სამჴრით, ქისტეთს ზეით, არს ძურძუკი, შენობიანი, დაბნებიანი, კოშკოვანნი ორნივე. ამ წყობათა მზღვრის: აღმოსავლით კავკასი, ქისტ-ძურძუკსა და ღლიღუს შორისი; სამჴრით კავკასი, ფშავ-ჴევსურსა და ძურძუკს შორისი; დასავლით კავკასი, ქისტ-ძურძუკსა და ჴევს შორისი; ჩდილოთ მთა ჩერქეზსა და ქისტეთს შორისი. და გარდავლენან გზანი ქისტ-ძურძუკიდამ ამ კავკასებთა ზედა ჴევს ფშავ-ჴევსურეთს, ღლიღუეთს და ჩერქეზთა შინა.


ღლიღჳსათჳს

ხოლო ამ ქისტ-ძურძუკის აღმოსავლეთად არს ღლიღუეთი, ღლიღოსისაგან, ძურძუკოს ძის ძისაგან, სახელდებული ანუ უმოსელობისათჳს წოდებული, რომლის მდინარე გამოსდის ფშავისა და ღლიღჳს შორისს კავკასსა, და მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ და მიერთვის... წყალსა, მერმე მიერთვის ბორაღნის წყალსა. ამ წყალზედ არს ანგუსტი, დაბა დიდი. და არს შენობიანი ჴეობა ესე და დაბნებიანი. და მზღვრის ღლიღუს: აღმოსავლით მთა ღლიღჳსა და... შორისი; ჩდილოთ მთა ჩერქეზსა და ღლიღუს შორისი; სამჴრით კავკასი, ღლიღუსა და ფშავს შორისი; დასავლით მთა, ღლიღუსა და ძურძუკს შორისი. ხოლო ანგუსტის მოსახლენი არიან მგზავსნი ჩერქეზთა, რჯულით მოჰმადიანნი, სუნნი. ხოლო ამ ღლიღუს აღმოსავლით არს... ჴეობა, რომლისა მდინარე გამოსდის ამასა და პანკის შორისს კავკასსა, მოდის სამჴრიდამ ჩდილოთ, მიერთვის ღლიღჳს წყალსა, და მერმე მიერთვიან ბორაღნის წყალს დასავლეთიდამ. და არს ჴეობა ესეცა შენობიან-დაბნებიანი. და მზღვრის ამას: აღმოსავლით თუშეთსა და ამას შორისი კავკასი; სამჴრით კავკასი პანკისსა და ამას შორისი; ჩდილოთ მთა ჩერქეზისა, ამასა და ჩერქეზს შორისი; დასავლით მთა, ამასა და ღლიღუს შორისი. არამედ ეს ჴევნი, რომელნი აღვსწერეთ, პირველ იყო ყოველთა სახელი ძურძუკეთი, ხოლო აწ ესრეთ განიყოფებიან.

კაცთა და ქალთათჳს

ხოლო არიან ჴეობანი ესენი ფრიად მაგარნი და შეუალნი მტერთაგან, მთით, კლდითა, სივიწროვითა, და მდინარითა, ხოლო ტყითა მწირი და მოუსავლიანი, მცირე-პირუტყჳანი, ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი. ეგრეთვე კაცნიცა რჯულითა, სარწმუნოებითა, ზნითა, ქცევითა, ჩუეულებითა სცან ოსთაებრ. არამედ აქუსთ ენა თჳსი საკუთარი, და ქალნი მათნი მოსილნი სხუებრ. არცა უწყიან კლვა და მესისხლობა ურთიერთთა, გარნა თუ შეიმთხუეს, მოხუცებულთა მათთა განბრჭობითა ზავ-ჰყოფენ. და არიანცა უმეტეს პირისწყლიანნი ოსთაგან, კაცით ქალამდე. არამედ იციან ორ-სამ ცოლობანი და მრუშება ქრმიანობასა შინა, გარნა ქალწულთა - არაოდეს, ვითარცა ოსთა. უწყიან ქვიტკირნი, და მით აღიშენებენ სახლთა, კოშკთა და სიმაგრეთა. ხოლო მორჩილებენ და აძლევენ ხარკთა ჩერქეზთა, მემჴრეთა თჳსთა, უსაზრდლობისა, საშიშლოსა და მარილისათჳს.

ცხოვრება

ხოლო ოდეს მოვიდა კავკასოს წილხდომილსა თჳსსა, და დაეშენა ამათ ქუეყანათა. და დაიპყრა მან, და ძეთა მისთა, და ძის ძეთა მისთა, განმრავლდენ ესენი, და იყვნენ მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისასა, და ოდესმე განდგომილნი და მტერნი, ვითარცა აღვსწერენით, გამოსლვადმდე ხაზართა მეფისა. ხოლო ოდეს გამოვიდა ხაზართა მეფე, მისცა ქუეყანა ესე ურბანოსს ძესა თჳსსა (რომელმან უწოდა ოვსეთი), და ტყუენი რანისანი და სომხითისანი. მაშინ მოვიდა ურბანოს ტყჳთა მით, და დაეშენა თჳთ, და ტყუენიცა იგი დააშენნა აქა ველსა ამას. არამედ ძურძუკოს ძემან ტინენისამან, რომელი უწარჩინებულეს იყო ძეთა შორის კავკასოსთა, ჩამოვიდა ესე ძურძუკოს კავკასიასა შინა, და ჰპოვა ადგილი ფ̃დ მაგარი, და აღაშენა ქალაქი, და უწოდა სახელი თჳსი ძურძუკი, და ხარკთა მისცემდა ხაზართა, და ეწოდა შემდგომად მისსა ძურძუკეთი ჴევის აღმოსავლეთთა ჴეობათა. ხოლო ჴევის დასაელეთისათა კავკასნი ანუ შემდგომად მისა ძურძუკეთი, ანუ დუალეთი. რომელთა შინა დაეშენნენ კავკასოს ძეთაგანნი და ნათესავთაგანნი, და იყვნენ ყოველნი ძურძუკოსის მორჩილებასა შინა, და შემდგომად მისსა ჩამომავალთა მისთა, და ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისასა, ვიდრე პირველისა მეფისა ფარნავაზისამდე: ხოლო ფარნავაზ მოიყვანა ნათესავი ძურძუკოსი ქალი ძურძუკეთიდამ, და შეირთო თჳთ ცოლად. და დაიმორჩილა კუალად უმეტესად ძურძუკეთი ამით და შემდგომად ფარნავაზ მეფისა, ვითარცა აჩენს ცხოვრება, იყვნენ მორჩილებასა შინა, და მომცემელნი ხარკთა მეფეთა ქართველთასა: ძურძუკი, ჴევი, დუალეთი, კასრის კარს ზეითი. ხოლო სხვანი იყვნენ მორჩილებასა შინა ოვსთა მეფეთასა. ხოლო მოსლვასა თათართასა ჩინგიზ ყაენთაგან, და უმეტეს ბათოსა, და ორხანისაგან მოისრნენ და მოოჴრდნენ ქალაქნი, და შენობანი მათნი, და მეფობა ოვსთა იქმნა მთავრობად. და შემოივლტოდნენ ოვსნი ამ კავკასიათა შინა, და უმეტესად უდაბნო იქმნენ, ვითარცა არს დღეს ჩერქეზი. და კუალად შემდგომად მოსლვისა ლანქ-თემურისა და აღებისა კოსტანტინუპოლისა, ემძლავრნენ ოვსთა იქით თათარხანნი და აქეთ ლაქთემურისელნი მაჰმადიანნი, და შემოივლტოდნენ კავკასიასა შინა, და დაიპყრნეს კავკასთა ნათესავნი, რ̃ლ არიან დუალნი, და ოვსეთს მიერით ეწოდა ჩერქეზი, ანუ ყაბარდი, და ამისთჳს განირყუნა და იქმნა მრავალ სამთავროდ. ეგრეთვე განყოფასა ქართლისასა სამ სამეფოდ. დაშთა ჴევი და დუალეთი ქართველთა მეფეთა, რომელნი მოსცემენ დღედმდე ხარკთა მეფეთა, და მთავართა მისთა ადგილნი ესე, ხ̃ ძურძუკს ქისტს სდებენ თჳსად კახნი და ღლიღუსაცა, არამედ არა რაჲს მორჩილებენ ხარკით, და არიან მორჩილებასა შინა უფროს ჩერქესთასა. ეგრეთვე სხუანი ოვსნიცა, გარნა დიგორი მცირედ რასამე ჰმორჩილებს რაჭის ერისთავს, ვინაჲთგან უპყრიეს მას რაჭაჲ, და არს დღეინდელად დღედმდე ესრეთ, და წარმართი უწყის ღმერთმან.


ცხორება აწინდელთა მეპატრონეთა კახეთისათა ვახუშტი ბატონიშვილი - "აღწერა სამეფოსა საქართველოსა"
ავტორი: ვახუშტი ბატონიშვილი
აღწერა საჩინოთა ადგილებთა სამცხე-საათაბაგოსი