[თემურ ლენგის პირველი ლაშქრობა საქართველოში]
[edit]"იმ ზაფხულს მისი უავგუსტოესობა ძლევამოსილი სულთანი თავრიზის მიდამოებში იმყოფებოდა და შემოდგომაზე ნახჭევანის გზით გარმისა[1] და სარმალუსაკენ[2] ილაშქრა რა, [ისინი] აიღო და ყარსის ციხისაკენ წავიდა. ფირუზ ბახტი, რომელიც იმ ადგილის ციხისთავი (ქუთვალი) იყო ბევრი მცდელობის შემდეგ, მორჩილებით გარეთ გამოვიდა. იმის შემდეგ თბილისს ალყა შემოარტყა, აიღო და ბაგრატ ქართველი ისლამის რჯულზე მოაქცია. იმის შემდეგ ჯეჰანშაჰი საქართველოს დასაპყრობად, მოჰამედ დერვიში შაქის გასათავისუფლებლად, არღუნ შაჰ და რამზან ხოჯა თანქაღუთის[3] ელის და მოჰამედ ბეგ ბენ მუსა აყ-ჯაბის[4] ელის დასალაშქრავად გააგზავნა და თავისათვის ელბრუსის მთის კალთები განისაზღვრა და დაუმორჩილებლები გაანადგურა და ამირებმა შირვანში ილღარი (გააკეთეს რა), იქიდან ყაბალაში ურდოს შეუერთდნენ".
- ისქანდერის ანონიმი - ლენინგრადის ხელნაწერი - [ფ.281 ბ]
- ↑ ციხის სახელი დამახინჯებულია. ხონდემირი მას გარნის უწოდებს.
- ↑ მდინარე არეზზე მდებარე ციხე
- ↑ ივ. ჯავახიშვილის მიხედვით "ტენკაღუტის" სანახები საქართველოს აღმოსავლეთით და შაქის მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით არის საგულისხმებელი.
- ↑ ივ. ჯავახიშვილის მიხედვით "აყ-ჯაბის" მხარე განჯის გუბერნიის შუშის მაზრაში არსებული აღჩაბედია.
[თემურ ლენგის შემდეგი ლაშქრობა საქართველოში]
[edit]თემურ-ლენგმა საქართველოზე საღვთო ომით გაილაშქრა, ყარაყანხალიყის[1] ციხე აიღო, ხიმშიას ხეობა[2], გორი და ლორე დაარბია და უკან დაბრუნდა, ხოლო როდესაც გაზაფხულდა, კვლავ გაიმეორა საქართველოზე ლაშქრობა და აფხაზეთამდე დაარბია ქვეყანა.
- ისქანდერის ანონიმი - ლენინგრადის ხელნაწერი - [ფ.293 ბ]
[თემურ ლენგის მომდევნო ლაშქრობა საქართველოში]
[edit]თემურ-ლენგმა კვლავ გაილაშქრა საქართველოზე. მიმა მომხრეებმა ამჯერად ისე ააოხრეს ქვეყანა, რომ არც ერთი კეთილმოწყობილი სოფელი და დათესილი მინდორი და ქართველების და სომხების ქალაქები აღარ დარჩა.
გიორგი მეფემ თავი აფხაზეთს შეაფარა. თემურმა აფხაზეთიდან აღბუღას ვილაიეთისაკენ მოაბრუნა ლაშქრობის აღვირი, რადგან "ცნობილი იყო, რომ აღბუღას სამეფო საჯინიბოს შესაფერისი ცხენი ჰყოლია და თუ მის ციხეს არ აიღებდნენ, იმ ცხენის ხელთგდება შეუძლებელი იყო".
- [ისქანდერის ანონიმი - ლენინგრადის ხელნაწერი - [ფ.296 ბ]
[მომდევნო ლაშქრობა საქართველოზე]
[edit]"საქართველო უკიდურესად ვრცელი ფართობისაა. დედაქალაქ თბილისიდან უკიდურეს აფხაზეთამდე ერთი თვის (განმავლობაში მიღწევა) საეჭვოა, მისი სიფართე ერზინჯანიდან ელბრუსის მთის კალთებამდე და ლეზგისთანამდე აღწევს. მათ შორის მაღალი მთები, ფართო ხეობები, დიდი მდინარეები და გაშლილი ყანებია, და იმ ციხეთა რიცხვიდან, რომელიც მათ აქვთ, უმცირესი ციხეც კი არასდროს არ აღებულა".
"ძლევამოსილმა სულთანმა ამჯერად მათი ციხეები აიღო (გაათავისუფლა) და დაიწყო (შეუდგა) თუზალის ციხის აღებას, რომელიც უსაზღვროსდ მტკიცე (მაგარი) იყო. როდესაც მათი უავგუსტოესობის ამალა იმ ციხეს გარს შემოერტყა, ჩამოხტა. ბედისწერისაგან ოთხივე მხრიდან იმ ციხეს საშინელი დამღუპველი მთები (ერტყა) და ურიცხვი უსწორ-მასწორო ხეობები და ძნელად სავალი მთის კალთები იმგვარი იყო, რომ კარვის გასაშლელად შესაფერისი მიწის ადგილი ან გასაჩერებლად (გამოსადეგი არ იყო".
თემურ-ლენგს ბჭობა ჰქონდა თავის სარდლებთან ციხის აღების შესახებ, ხოლო ციხის სიმტკიცით გათამამებული ციხისთავი სიმღერა-ლხენაში იყო, ამავე დროს კი კარიბჭიდან თავს ესხმოდა მტერს.
თემურის სარდლებს ციხის აღება ძალზე საეჭვოდ მიუჩნევიათ. თემურ-ლენგის მრჩეველთა შორის ვხედავთ ამ დროს შეიხ იბრაჰიმ შირვანელს, კონსტანტინეს, სეიდ აჰმედ შაქელს და ივანე ქართველს. სწორედ ზემოხსენებული პირნი ეჭვობდნენ და ძალზე სათუოდ მიიჩნევდნენ ციხის აღებას. თემურ-ლენგს დიდი მცდელობის შემდეგ ციხე მაინც აუღია.
- [ისქანდერის ანონიმი - ლენინგრადის ხელნაწერი - [ფ.298 ა]-[ფ.299 ა]