Jump to content

1355 წ. - სიგელი დავით მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 334.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 85 (დაკარგულია).
  2. 1449-1623 - პირი გადაწერილია 1912 წ. ს. კაკაბაძის მიერ დედნიდან;
  3. E-073/21 - პირი გადაწერილი XVII ს. მხედრულად გადაწერილი პირიდან ს. ტაბიძის მიერ 1848 წ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 344

საბუთის ტექსტი

[edit]

---დიდისა დედაქალაქისა მცხეთისა შესავალნი მოვიკლენით და სხუათაი სხუითა განვაჩინეთ და ხუედურული ასრე განვაჩინეთ: რაიცა ღმრთივ გუირგუინოსანთა სანატრელთა მეფეთა, ჩუენთა ჩამამავალთა ხუედურეთს მცხეთისათუის მოუხსენებია, იგი ორბოძლელთაგან მიჰმძლავრებოდა და მიზეზისა ამისთუის დასჭირვოდა, რომელ ორბოძლელსა თეთრი ქორი მიუგურია დიდის დავით მეფისათუის და მათ ხუედურეთს მცხეთისა გლეხნი ორბოძლელისათუის უბოძებია. ასრე რომე, ოდესცა ქართლის კათალიკოზმან და მცხეთელთა თორმეტი ათასი თეთრი ორბოძლელსა მისცენ, მათ გლეხთა თანა ორბოძლელსა არაი საქმე ედვას. ესე ჟამთა შლილობისაგან არცა მეფეთა მოეკლო, არცა ქართლისა კათალიკოზსა და მცხეთელთა დაეხსნა, და ორბოძლელსა, რაიც ამათ გლეხთა აქაით მცხეთისაი ხუედურეთისხევს და იმერხევს არის: გლეხები, ზუარი, ქუაბნი, ფარდახტნი და რაიც არის, ყველა მიმძლავრებით დაეჭირა.

ჩვენ მოვიკითხეთ და ორბოძლელისა ნიშანნიც ვნახენით და მართლად შევიგენით, რომ მიმძლავრებით და უსამართლოდ ეჭირა და მიუბოძეთ ორბოძლელსა მცხეთისა გლეხთა სახსარი, პაპის მამისა ჩუენისა დავით მეფისაგან გაჩენით ნაბოძები თეთრი თორმეტი ათასი, და შევსწირეთ ახლად და დაუმტკიცეთ წმიდასა და ცათა მობაძავსა დედაქალაქსა მცხეთასა, მას შინა ღმრთივ აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და ღმერთმყოფელსა მიჰრონსა, რაიც ხუედურეთისხევს და იმერხევს მცხეთისაი არს და ყოფილა: გლეხები, ზუარი, ხოდაბუნნი, ფარდახტნი, ქუაბნი. მთაი, ჭალაი, სათიბე, წისქუილი, სანადიროი, მზღვარი და მიმდგომო, მათი სამართლიანი სახმარი და უხმარი.

ჰქონდეს წმიდასა დედაქალაქსა მცხეთასა ხუედურეთისხევს და იმერხევს, რაიც ძუელითგან მცხეთისა ყოფილა: ქუაბნი, გლეხები, ზუარი, ხოდაბუნნი, ფარდახტნი, ქუაბნი. მთაი, ჭალაი, სათიბე, წისქუილი, სანადიროი, ზღვარი და მიმდგომო მათი სამართლიანი, სახმარი და უხმარი; და წესისაებრ იხმარებოდეს მღდელთმთავართ-მთავარი, ქართლისა ქათალიკოზი და მოურნენი წმიდისა დედაქალაქისანი. და სამართლად გასაქმებულან ორბოძლელნი ამის მცხეთისა საქონებლისაგან და მიჰხვდა მისახუედრებელი თეთრი თორმეტი ათასი და სხუაი მოსაქმე და მოსარჩლე არცვინ ჩანს და ნუცვინ გამოჩნდების და ურჩთა პატივი ურჩებისაი მიეხადების და ნუმცავინ იკადრებს ამის ახლად ჩუენგან დახსნილ-შეწირულთა ადგილთა ცილებად. და თქუენ, შემდგომად ჩუენსა მომავალნო მეფენო, ვითა ძუელად ჩუენთა ჩამომავალთაგან შეწირულსა და აწ ჩუენგან დამტკიცებულსა ჰმართებს, აგრე დაუმტკიცეთ.....

დაიწერა ბრძანება და გახსნითი ესე ჩუენი ქრონიკონსა მგ, ხელითა საწოლის მწიგნობრისა ჩუენისა გიორგი ეგანისძისაითა."

საბუთის პერსონალია

[edit]

შენიშვნები

[edit]
ყველა გამოცემაში სიგელის გამცემად დავით მეფეა მითითებული, მიუხედავად იმისა, რომ საბუთის თავნაკლულ ტექსტში მეფის სახელი არ იხსენიება. საბუთის პირველმა გამომცემელმა თ. ჟორდანიამ იმ დროს მიღებული მეფეთა ქრონოლოგიით საბუთის გამცემად მას დავით ულუს შვილიშვილის შვილი, გიორგი ბრწყინვალეს ძე დავით მეფე მიაჩნია.
პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც საბუთის გამცემად დავით IX მიჩნეული. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ სიგელის გამცემი იყოს იგივე დავით მეფე, რომელმაც გასცა 1365 წ. ეზოს ჩუხჩერეხ პიპოსადმი და 1382 წ. ოქონის ხატისადმი სიგელები, ანუ ანდრონიკე მეფის ძე დავითი, მით უფრო, რომ ამ უკანასკნელი საბუთით იგი 1354 წელსაა გამეფებული.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]

1897 წელს თედო ჟორდანიამ - ქრონიკებში - წ. II სიგელი გამოაქვეყნა დედნისა და მისი ძველი პირის მიხედვით.

საბუთი ქვეყნდება პირის მიხედვით 1449-1623.