Jump to content

ჯეკი

From Wikisource
ჯეკი
ავტორი: ტერენტი გრანელი


 
დღეა და ძაღლი ისვენებს ჯერ კი,
ისვენებს იგი და თანაც ნაღვლობს.
როს დაღამდება მოხუცი ჯეკი
მეგობარივით დაწვება ახლოს.

ეს ძაღლი ხშირად კაცი მგონია,
ალბათ მას ტანჯავს ფიქრების წყება.
ჯეკი ძლიერი ხმის პატრონია,
სდუმს, უმიზეზოდ არ იცის ყეფა.

და ღამეები მას არ დაღლიან,
დაბერდა, შვებას ის აღარ ელის.
ჯეკი პატარა თეთრი ძაღლია,
ყავს მეგობარი და საყვარელი.

ალბათ მას ახსოვს ლანდი კამეჩის,
იცის დუმილი და შეწუხება.
წუხელ ქარიან შუაღამეში
ჯეკმა ვიღაცას დიდხანს უყეფა.

ბედნიერ დღეებს იგი არ ელის,
ალბათ სიხარულს გრძნობს გიტარაში.
ახლა ჯეკია ჩემი მფარველი,
ახლა ჯეკია ჩემი დარაჯი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]