Jump to content

ჩანს სამიოდე ჯირკი

From Wikisource
ჩანს სამიოდე ჯირკი
ავტორი: ტერენტი გრანელი


ჩანს სამიოდე ჯირკი,
ისევ ბაღის წინ ვდგევარ.
რა სიმშვიდეა ირგვლივ,
ან რა მზიანი დღეა.

დღესაც ვიგონებ წარსულს,
როგორც - წამება დიდი.
ახლა სიცოცხლე არ მსურს
და ვურიგდები სიკვდილს.

ფიქრისთვის ძალა შემწევს,
მიმაქვს გონება საღი.
ისევ იშლება ჩემს წინ
დილის ცისფერი ბაღი.

ელავს მზიანი სივრცე,
ვხედავ შორეულ მიზანს.
დროა, გავფრინდე ცისკენ,
დროა, გავექცე მიწას.

რესურსები ინტერნეტში

[edit]