Jump to content

შორეული ყვავილები

From Wikisource
შორეული ყვავილები
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე უფსკრულთან მივედი,
ყოფნა ისევ მომბეზრდა.
ჩემი თეთრი იმედი
დაიკარგა ოდესღაც.

და ცრემლები ფერადი
დარჩა ღამის უბეში.
სადღაც მიდის ბარათი
დატვირთული ნუგეშით.

ჩამორეკეს ზარები
და ქალწული ატირდა.
ფიქრი ჩადგა ქარივით
შემოდგომის ნაპირთან.

ღამე ასე გაივლის
და ლანდები სურვილთა.
და ცისფერი ყვავილი
გამოჩნდება სულიდან.

მიდის ჩემი სინაზე,
როგორც ნისლი დილების.
და თბილისის წინაშე
სანთელივით ვილევი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]