Jump to content

შენს გაქცევას

From Wikisource
შენს გაქცევას
ავტორი: ტერენტი გრანელი


ძველ ბაღებს დაეცნენ ქარები ყაჩაღივით
და აიკლეს ფოთლები.
თავზე დამსტირის ბებერი მზის მწუხარე სხივი,
ო, ლოცვით მელის ბოდვები.
შენს ძვირფას სახელს ამ ტირილში მე არ ვეხები,
და ვარ კაინივით გმობილი.
ძაღლებმაც იგრძნეს მამაჩემის კოჭლი ფეხები,
აკალდამებში ძირს ჩაწყობილი.
ვოცნებობ შენზე, როგორც ბავშვი შიშით დაღლილი,
თან მდუმარებაც მიზიდავს ტყეში.
ო, ეს საღამო, ჩემს ნაზ სულში რჩება დაღივით,
მაგრამ ვიქნები მაინც საფრთხეში.

რესურსები ინტერნეტში

[edit]