Jump to content

შემეძლო მეტის მოცემა

From Wikisource
შემეძლო მეტის მოცემა
ავტორი: ტერენტი გრანელი


შემეძლო მეტის მოცემა,
მე დავსნეულდი უდროოდ.
შორს გამიტაცა ოცნებამ,
სულში სიჩუმე მყუდროობს.

მიდის ეს მტკვარი - მდინარე
და მოიღრუბლა ცა უფრო.
ძვირფასო, აბა, ვინ არი?
ისევ მარტოკა ვსაუბრობ.

ასეთი განწყობილება, -
სამარე უკვე მზად არი.
ეს შემოდგომა ილევა
და მოდის თეთრი ზამთარი.