ანალები
[edit]წიგნი II
[edit]55. ამასობაში გნეუს პიზონი[1], რომელიც ჩქარობდა განზრახულის განხორციელებას შედგომოდა, მისი შმაგი შეჭრით დამფრთხალ ათენელთა სახელმწიფოს სასტიკი სიტყვით ლანძღავს, ხოლო გადაკვრით გერმანიკუსსაც კიცხავს, წინააღმდეგ რომის სახელის დიდებისა ნამეტანი ალერსით რომ პატივი სცა არა იმდენი უბედურებებით განადგურებულ ათენელებს, არამედ [სხვადასხვა] ხალხთაგან [შეყრილ] ამ ბინძური ნაძირალების ბრბოს; ვინაიდან ხომ ესენი იყვნენ მითრიდატის მოკავშირენი სულას წინააღმდეგ, ანტონიუსის მოკავშირენი ღვთაებრრივი ავგუსტუსის წინააღმდეგ.
...საქმეთა ეს ვითარება იცოდა გერმანიკუსმა[2], მაგრამ მისი გადაუდებელი საზრუნავი იყო არმენიელებისათვის მიეხედა.
56. ამ ერს[3], ადამიანთა ბუნებისა და ქვეყნების მდებარეობის მიხედვით, ადრიდანვე ორაზროვანი (ორბუნებოვანი) ხასიათი ჰქონდა, რადგან, მართალია, დიდ მანძილზე ეკვრის ჩვენი პროვინციების საზღვრებს, მიდიაშიც დიდ მანძილზე იჭრება. ასე რომ ისინი, ორ უზარმაზარ სახელმწიფოს შორის მოქცეულნი, რომლებთანაც, რაკი რომაელები ეზიზღებათ, პართელებისა კი შურთ, ხშირად არიან მათთან უთანხმოებაში. იმ ხანად მეფე არ ყავდათ, ვონონის[4] მოშორების შემდეგ, მაგრამ ხალხის სურვილი პონტოს მეფის პოლემონის ძის ზენონისაკენ[5]იხრებოდა; რადგან ამ უფლისწულმა, ადრე ბავშვობიდანვე სომხური წესრიგისა და ჩაცმულობის მიმყოლმა, ერთნაირად მოინადირა მაღალი და დაბალი ფენების გული ნადირობის, ქეიფისა და ბარბაროსთათვის სხვა საყვარელი დროსტარებებით. ამიტომ ქალაქ არტაქსატაში[6], წარჩინებულთა თანხმობით, დიდძალი ხალხის წინაშე გერმანიკუსმა თავს დაადგა სამეფო გვირგვინი. სხვებმა (ე. ი. არა რომაელებმა) თაყვანი სცეს და მიესალმენ, როგორც არტაქსიას. ეს სახელი კი ქალაქის სახელის მიხედვით დაარქვეს.
60. ... შემდეგ [გერმანიკუსმა] ნახა ძველი თებეს[7] უზარმაზარი ნაშთები. ნანგრევებზე კიდევ იყო შემორჩენილი ეგვიპტური წარწერები (ასოები), რომელნიც ძველი დიდების [ამბავს] შეიცავდა. როცა ერთ მოხუც ქურუმს უბრძანეს, გადმოეთარგმნა თავის მშობლიური ენიდან, მოუთხროთ, რომ ოდესმე ამ ქალაქში ბინადრობდა სამხედრო ასაკის შვიდასი ათასი კაცი და ამ ჯარით მეფე რამზესმა[8] დაიპყრო ლიბია, ეთიოპია, მიდიელები და სპარსელები, ბაქტრიელები და სკვითები და ის ქვეყნები, სადაც სირიელები და არმენიელები და მათი მეზობელი კაპადოკიელები ცხოვრობდნენ და ეპყრა მთელი [ტერიტორია] იქით ბითინიის ზღვიდან აქეთ ლიკიის ზღვამდე[9]. კიდევ ამოიკითხებოდა ამ ხალხებისათვის განკუთვნილი ხარკის სიაც — ვერცხლისა და ოქროს რაოდენობა, იარაღისა და ცხენების რიცხვი. ტაძრებისათვის შესაწირავი სპილოს ძვალი და ნელსურნელებანი, აგრეთვე ხორბლეულისა და სხვა სახმარის რაოდენობა, რაც ყოველ ერს უნდა გადაეხადა — ხარკი არა ნაკლებ საგრძნობი, ვიდრე ის, რომელსაც ახლა იღებენ ძალით პართელები ანდა რომაელთა ხელისუფლება.
68. ამ დროს ვონონმა[10], რომლის წაყვანის ამბავი კილიკიაში უკვე მოვიხსენიე, მოისყიდა მცველები და სცადა გაქცეულიყო არმენიაში, მერე ალბანებთან, ჰენიოხებთან და თავის ნათესავ სკვითიის მეფესთან. სანადიროდ წასვლის საბაბით დასტოვა სანაპირო, შევიდა დაბურულ ტყეში, მიენდო ცხენის სისწრაფეს და მიაშურა მდინარე პირამოსს, სადაც მისი გაქცევის ამბის შემტყობმა იქაურმა მცხოვრებლებმა ხიდი ჩაშალეს, ფონით გასვლა კი არ შეეძლო. ამიტომ მდინარის ნაპირას იგი შეიპყრო მხედართა პრეფექტმა ვიბიუს ფრონტონმა. მერე რემიუსმა, რომელიც წინათ მეფის მცველთა უფროსად იყო, მახვილი გაუყარა, ვითომცდა გაბრაზებულმა, რითაც უფრო მეტი სარწმუნო ხდება, რომ დანაშაულის შეგნებისა და სასჯელის შიშით მოკლა მან ვონონი[11].
- ↑ გნეუს კალპერნიუს პიზონი — კონსული ძვ. წ. 7 წ., სირიის პროკონსული ახ. წ. 17 წ. გერმანიკუსის მტერი.
- ↑ გერმანიკუსი (ძვ. წ. 15 — ახ. წ. 19) — იგულისხმება მხედართმთავარი იულიუს კეისარი გერმანიკუსი — დრუზუს უფროსის ძე, იმპერატორ ტიბერიუსის ძმისწული. გერმანელთა წინააღმდეგ რამდენიმეჯერ წარმატებით ილაშქრა.
- ↑ აქ ტაციტუსი უბრუნდება არმენიის ამბებს, რომელიც ამავე წიგნის მე-4 თავშია მოთხრობილი.
- ↑ ვონონი — მეფე ფრაატ IV-ის ძე, მძევლად მიცემული ავგუსტუსისათვის. თვით ფრაატ IV პართიელთა მეფე იყო არშაკიდების გვარისა ძვ.წ. I ს. II ნახევარში.
- ↑ ზენონი — პონტოს მეფის პოლემონ I-ის ძე, რომელიც სომხეთის ტახტზე დასვა გერმანიკუსმა და სომხებში არტაქსიას სახელით იყო ცნობილი.
- ↑ არტაქსატა ანუ არტაშატი — ე. წ. დიდი არმენიის დედაქალაქი, რომელიც მდ. არაქსის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობდა.
- ↑ აქ იგულისხმება ეგვიპტის ძველი ქალაქი თებე, რომელიც მარკუს სილანუსისა და ლუციუს ნორბანის კონსულობის დროს, ე. ი. ახ. წ. 19 წელს დაუთვალიერებია გერმანიკუსს.
- ↑ ეგვიპტის ფარაონის რამზესის (რამზეს II, მეფობდა დაახლ. ძვ. წ. 1307-1240 წწ. იგი აგრეთვე სესოსტრისის სახელითაც არის ცნობილი) ლაშქრობის შესახებ ჩრდილოეთი- სა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, კერძოდ სკვითიასა და კავკასიაში, მოგვითხრობენ ჰე- როდოტე (II, 103), იუსტინუსი (I, 1, 4) და პლინიუს უფროსი (XXXIII, 52).
- ↑ ბითინიისა და ლიკიის ზღვებში უნდა იგულისხმებოდეს შავი და ხმელთაშუა ზღვების ის ნაწილები, რომლებიც სწორედ ბითინიისა და ლიკიის სანაპიროებს ეკვრის.
- ↑ ვონონი სკვითიის მეფის ნათესავად იმ აზრით არის ნახსენები, რომ არშაკადების დინასტია, რომელსაც იგი ეკუთვნოდა, თავის წარმოშობას, უკავშირებდა არშაკ I-ს, სკვითების ტომის — დაების — ბელადს.
- ↑ აქედან ჩანს, რომ ვონონის ერთი მკვლელთაგანი მისი გაქცევის ხელისშემწყობთაგანიც ყოფილა და რათა თავისი ბოროტმოქმედება დაეფარა, იმიტომაც მოუღია ბოლო ლტოლვილი უფლისწულისათვის.
წიგნი IV
[edit]5. იტალიის ორივე მხარეს ზღვას მიზენუმსა და რავენაში მდგარი ორი ფლოტი, ხოლო გალიის უახლოეს სანაპიროს ცხვირებიანი ხომალდები იცავდნენ, რომლებიც აქციუმის [ბრძოლებში] გამარჯვების მემდეგ ხელთ იგდო ავგუსტუსმა და ქალაქ ფორუმიულიუმს გაგზავნა მძლავრი ეკიპაჟებითურთ. მაგრამ მთავარი ძალა, რვა ლეგიონი, რაინთან იდგა გერმანელებისა და ვალებისაგან თანაბრად დასაცავად. ახლახან დამორჩილებული ესპანეთის[1] სამ [ლეგიონს] ეჭირა. მავრები მეფე იუბამ[2] მიიღო, როგორც რომაელი ხალხის ძღვენი. დანარჩენ აფრიკას იცავდა ორი ლეგიონი და ამდენივე — ეგვიპტესაც; ამის შემდეგ ოთხი ლეგიონი იცავდა სირიიდან მოყოლებული მდინარე ევფრატამდე უზარმაზარ ტერიტორიაზე რაც ქვეყნებია მოქცეული, მეზობლად იბერთა, ალბანთა და სხვა მეფეებისა, რომელნიც ჩვენი ძლევამოსილებითა და დიდებით უმკლავდებიან უცხო ძალაუფლებას [3]. თრაკია რემეტალკოსსა [4] და კოტისის შვი ლებს ეჭირა, ხოლო დანუვიუსის ნაპირი — ორ ლეგიონს პანონიაში, ორს კი მეზიაში...
- ↑ ესპანეთის დამორჩილება ახ. წ. 19 წელს იგულისხმება, როცა რომაელებმა ომი დაამთავრეს კანტაბრებისა და ასტურების ტომებთან.
- ↑ აქ იგულისხმება იუბა II, ძე ნუმიდიის მეფე იუბასი, რომელიც ძვ. წ. 46 წელს დაამარცხა იულიუს კეისარმა თაფსასთან.
- ↑ იბერიის მეფეთა ასეთ კონტექსტში მოხსენიება სრულიად ეთანხმება სხვა წყაროების, მათ შორის უფრო გვიანი ხანის ვესპასიანუსის მცხეთურ წარწერას, რომლის მიხედვითაც იბერია რომის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებაში მყოფ ქვეყნად ითვლებოდა, რაც გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებდა ორივე მხარეს, განსაკუთრებით გარეშე ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში.
- ↑ რემეტალკოსი, რესკუპორიდის ძე, მეფობდა თრაკიის ნაწილში ახ. წ. 19 წლი- დან. ამის შესახებ იხ. აგრეთვე ანალები II, 62 და III 38.
წიგნი VI
[edit]31. გაიუს ცესტიუსისა და მარკუს-სერვილიუსის კონსულობის დროს[1] პართი დიდებულები მოვიდნენ ქალაქს მეფე არტაბანის[2] ნამალავად. მან, გერმანიკუსის შიშით ერთგულმა რომაელებისა და სამართლიანმა თავისიანებისადმი, მალე გამოიჩინა ამპარტავნობა ჩვენდამი და სისასტიკე ხალხის მიმართ, რადგან იგი გააამაყა მეზობელი ხალხების წინააღმდეგ წარმატებით ჩატარებულმა ომებმა და ტიბერიუსის, როგორც ომისათვის უძლურის მოხუცებულობამ; და ცდილობდა არმენიის დაპყრობას, რომლის ტახტზეც, მეფე არტაქსიას[3] სიკვდილის შემდგომ, თავისი უფროსი ძე არშაკი [4] დასვა. ამას დაურთო შეურაცხყოფაც და გაუგზავნა მოთხოვნა, დამიბრუნე ვონონის მიერ სირიასა და ქილიკიაში დატოვებული განძი, ამასთანავე აღადგინე სპარსელთა და მაკედონელთა ძველი საზღვრებიო; თანაც თავხედურად იმუქრებოდა, შემოვიჭრები ჯერ კიროსისა და მერე ალექსანდრეს მიერ დაპყრობილ ადგილებშიო. მაგრამ საიდუმლო მოციქულთა გამოგზავნის ყველაზე უფრო თავგამოდებული მოწადინე პართებში იყო სინაკესი, წარჩინებული ოჯახიშვილი და მდიდარი, და მასთან უახლოესი — აბდუსი, კაცობას მოკლებული. ოღონდ ეს არ ითვლება სამარცხვინოდ ბარბაროსებში და უფრო მეტი ძალაც აქვთ. მათ სხვა წარჩინებულნიც მიიმხრეს და რადგან არ შეეძლოთ დაესვათ ტახტზე არშაკიდების ვინმე ჩამომავალი, ვინაიდან უმრავლესობა არტაბანმა გასწყვიტა, სხვები კი უასაკონი იყვნენ, რომიდან ითხოვეს ფრაატი, მეფე ფრაატის[5] ძე: საჭიროა მხოლოდ სახელი და ხელის შემწყობი, რათა კეისრის ნებით არშაკის შთამომავალი იხილონ ევფრატის ნაპირზეო.
32. ტიბერიუსსაც ეს უნდოდა: მოამზადა ფრაატი და დანიშნა მამეულ ტახტზე, ერთგულმა თავისი წესისა — უომრად, თათბირითა და ეშმაკობით, მოეგვარებინა საგარეო საქმეები. ამასობაში არტაბანმა შეიტყო შეთქმულების [ამბავი] და ხან შიშით იკავებდა თავს, ხან კი შურისძიების წყურვილით იწვოდა. ბარბაროსებში ყოყმანი მონურ, ხოლო სწრაფად აღსრულება მეფურ ქცევად ითვლება. მაგრამ მაინც იმდენად სძლია სარგებლიანობის ფიქრმა, რომ მეგობრობის ნიშნად აბდუსი ლხინზე მოიწვია და ნელა მოქმედი შხამით მოაწამლინა, სინაკესი კი დააბრკოლა თავის მოჩვენებით, საჩუქრებით და აგრეთვე საქმეებითაც. სირიაშიც ფრაატი, რომელმაც ამდენ წელს ნაჩვევ რომაული ცხოვრების წესრიგს მოკლებულმა პართთა ზნეჩვეულებანი მიიღო. მშობლიურ ადათებს კი ვერ გაუძლო, ავადმყოფობით გარდაიცვალა. მაგრამ ტიბერიუსი არ მოეშვა დაწყებულ საქმეს: არტაბანის მოქიშპედ იმავე სისხლის შთამომავალ ტირიდატს [6] ირჩევს ხოლო სომხეთის დასაბრუნებლად იბერიელ მითრიდატს[7] და თანაც შეარიგებს ძმა ფარსმანთან, რომელსაც საგვარეულო სახელმწიფო ეპყრა; ხოლო ყველაფრის, რაც აღმოსავლეთში ხდებოდა, გამგებლად ლუციუს ვიტელიუსი [8] დანიშნა. იმ კაცის შესახებ, მე ვიცი, ავი ხმა დადიოდა და ახსოვდათ ბევრი [მისი] ცუდი; თუმცა პროვინციებში გამგებლობის დროს კი ძველებური სიქველით უძღვებოდა საქმეს. იქიდან დაბრუნების შემდეგ, გაიუს კეისრის შიშითა და კლავდიუსის მახლობლობით, იგი საზიზღარ მონად იქცა და შთამომავლობაში პირმოთნეობის საძაგელ ნიმუშად ითვლებოდა. პირველი ადგილი შემდეგდროინდელმა [მისმა საქმეებმა) დაიჭირა და კარგი ახალგაზრდობა სამარცხვინო მოხუცებულობამ წაშალა.
33. უფლისწულთა შორის პირველად მითრიდატმა წააქეზა ფარსმანი. ხერხითა და ძალით ხელი შეეწყო მისი ცდისათვის და გამონახული მექრთამეები ბევრი ოქროთი არშაკის მსახურთ დაიყოლიებენ ბოროტმოქმედებაზე; ამასთანავე იბერიელები დიდძალი ლაშქრით არმენიაში შეიჭრებიან და ქალაქ არტაქსატას დაიპყრობენ. ეს რომ არტაბანმა შეიტყო, შურის საძიებლად ძეს, ოროდს ამზადებს: აძლევს პართთა ლაშქარს და გზავნის [კაცებს] დამხმარე ჯარის დასაქირავებლად. საწინააღმდეგოდ, ფარსმანმა მოირთო ალბანები, მოუწოდა სარმატებს, რომელთა სკეპტუქოსები, იღებენ რა საჩუქრებს (სასყიდელს, ქირას?) ორივე მხრიდან, მამაპაპური ჩვეულების თანახმად, ორივე მხარეს ემხრობიან. მაგრამ ადგილების მფლობელი იბერები კასპიის გზით[9] სასწრაფოდ შეუშვებენ არმენიელების წინააღმდეგ სარმატებს; ხოლო მათ, ვინც პართებთან მიდიოდნენ, ადვილად აჩერებდნენ, რადგან სხვა გასასვლელები მტერმა ჩაკეტა, ხოლო ერთადერთი დარჩენილი (გასასვლელი) ზღვასა და ალბანთა მთის კიდეს შორის[10] ზაფხულში გაუვალია, ვინაიდან პასატის ქარები წყლით ფარავენ (მეჩეჩოვან) ნაპირს, ხოლო ზამთარში სამხრეთის ქარი უკან ერეკება ტალღებს და როცა წყალი დაიწევს, სანაპიროს ვიწრო გასასვლელი შიშვლდება.
34. ამასობაში მოკავშირეებს მოკლებულ ოროდს დამხმარე გაძლიერებული ფარსმანი საბრძოლველად იწვევს და რაკი იგი თავს იკავებს, თავს ესხმის: ამხედრებული მიადგება ბანაკს, არბევს საფურაჟე ადგილებს და ხშირად ალყის მსგავსად არტყამს საგუშაგოებს, ვიდრე პართებმა ვეღარ აიტანეს შეურაცხყოფა, შემოეხვივნენ მეფეს და მოითხოვეს ბრძოლა. მათი ერთადერთი ძალა მხედრობა იყო, ფარსმანი კი ძლიერი იყო ქვეითითაც, ვინაიდან იბერები და ალბანები, რაკი მთაგორიან ადგილებში ცხოვრობენ, ატანასა და მოთმენას უფრო მეტად არიან შეჩვეულნი. ამბობენ, რომ თესალიელებისაგან არიან წარმოშობილნი[11] იმ დროს, როცა იასონი მედეას წაყვანასა და მასთან შვილების გაჩენის შემდეგ დაბრუნდა უკან აიეტის ცარიელ სასახლესა და თავისუფალ (უმეფო) კოლხებში. ბევრიც მოგვაგონებს მის სახელსა და ფრიქსოსის ორაკულს[12]; არც ვინმე სწირავს ვერძს, რადგან სჯერათ, რომ მან ჩამოიყვანა ფრიქსოსი, იყო ის პირუტყვი თუ ხომალდის ნიშანი. როდესაც დასტები ორივე მხარეს საომრად განეწყვნენ, პართმა ბევრი ილაპარაკა აღმოსავლეთზე მბრძანებლობასა და არშაკიდების ბრწყინვალებაზე; თანაც დაუპირისპირა მდაბიო იბერიელს [მისი] როქის სპით. ფარსმანმა კი უთხრა თავისიანებს: პართთა ბატონობა არ გვიწვნევია და, რაც უფრო ვეცდებით, მით მეტ სახელს მოვიხვეჭთ გამარჯვებით; ხოლო თუ [მტერს] ზურგი ვუჩვენეთ, სირცხვილსა და ხიფათში ჩავცვივდებითო. ამასთანავე თავიანთ მრისხანე საომარ წყობასა და მიდიელების ოქროში დაკაზმულ რაზმებზე მიუთითა: აქ ვაჟკაცები არიან, იქ კი საშოვარიაო.
35. მაგრამ სარმატებში მარტო სარდლის სიტყვა არ [გაისმის], თვითონაც აქეზებენ ერთმანეთს, რომ მშვილდოსნებს ბრძოლა არ დაანებონ, არამედ დაასწრონ შეტევით და ხელჩართული ბრძოლით. ამიტომ მებრძოლთა სხვადასხვა სახეობანიც იყო: მაშინ როდესაც პართმა, ერთნაირად ნაჩვევმა დევნას ანდა გაქცევას, გაშალა მხედართა რაზმები და ეძიებდა შესატევ სივრცეს, სარმატებმა თავი მიანებეს მშვილდს, რომლითანაც უფრო ახლო მანძილზე მძლავრობენ და შუბებითა და მახვილებით ეძგერენ. ცხენოსანთა ბრძოლის წესის მიხედვით ხან პირდაპირ უტევდნენ, ანდა ზურგს უბრუნებდნენ, ხან კი შეჯგუფებული დასტები სხეულისა და იარაღის ძალით აწვებოდნენ მტერს, ანდა მისგან განიცდიდნენ მოწოლას. უკვე ალბანებმა და იბერებმა დაუწყეს ხელის ტაცება და ჩამოყრა და საეჭვო გახადეს ბრძოლის [ბედი] მტრებისათვის, რომელთაც ზემოდან მხედრები, უფრო ახლოს კი ქვეითები აყენებდნენ ჭრილობებს. ამასობაში ფარსმანი და ოროდი, რომელნიც მამაცებს აგულიანებდნენ, ხოლო შემკრთალთ შეეწეოდნენ, შესამჩნევნი და ამით შეცნობილნი, ყიჟინითა და შებების [სროლით] ცხენდაცხენ მიაშურებენ ერთმანეთს. ოღონდ ფარსმანი უფრო ფიცხად — რადგან ჩაჩქანი გაუხეთქა და დასჭრა (ოროდი] ოღონდ დარტყმის მონაცვლება ვეღარ შესძლო, ვინაიდან ცხენმა გაიტაცა დაჭრილი და თანაც უმამაცესმა მხლებლებმა დაიფარეს. მაგრამ მოკვლის შესახებ გავარდნილმა ყალბმა ხმამ, რომელიც ირწმუნეს, დააფრთხო პართები და დასთმეს გამარჯვება.
36. მალე[13] არტაბანი მთელი სამეფოს ძალით წამოვიდა შურის საძიებლად. ადგილმდებარეობის ცოდნის წყალობით იბერები უკეთ იბრძოდნენ. [არტაბანი] მაინც არ დაიხევდა უკან, რომ ვიტელიუსს თავი არ მოეყარა ლეგიონებისათვის და ხმა არ დაეგდო, მესოპოტამიაში შეჭრას ვაპირებო, და [ამით არტაბანს] რომაელებთან ომის ატეხისა არ შეშინებოდა. მაშინ დატოვეს არმენია და არტაბანის ბედი უკუღმა დატრიალდა, ვინაიდან ვიტელიუსი ჩააგონებდა [მის ქვეშევრდომებს], მიეტოვებინათ მშვიდობიანობის დროს სასტიკი და ომიანობის დროს [მათი] დამღუპველი უბედური მეფე. ამიტომ სინაკესმა, რომელიც როგორც წინათ მოვიხსენიე, განაწყენებული იყო, ღალატში ჩაითრია მამა აბდაგეზესი და სხვანი, რომელნიც [უწინ] ზრახვებს მალავდნენ, ახლა კი, განუწყვეტელი მარცხების შემდეგ, უფრო გათამამდნენ. ნელ-ნელა [მათ] შემოუერთდნენ ისინი, ვინც უფრო მეტად შიშით, ვიდრე კეთილი ნებით მორჩილებდნენ [მეფეს] და როცა წამქეზებლები გამოჩნდნენ, [უფრო] მოიცეს გული. (გამხნევდნენ), არტაბანს აღარც აღარავინ შემორჩა გარდა უცხოელი პირადი მცველებისა, თავიანთი სამშობლოდან გამოძევებულებისა, რომელთაც ვერც სიკეთე შეუგნიათ და არც ბოროტებას დაგიდევენ, ქირით კი ხელს უწყობენ ბოროტმოქმედებებს. წაიყვანა რა ესენი, სასწრაფოდ გაიქცა შორეულ, სკვითიის მომიჯნავე [მხარეში], დახმარების [შოვნის] იმედით, ვინაიდან ჰირკანიელებთან და კარმანიელებთან დანათესავებული იყო; ხოლო ამასობაში პართები, რომელნიც შორს მყოფ [ხელმწიფეებს] იწყნარებენ, იქ მყოფთ კი აუხირდებიან ხოლმე, იქნებ მონანიებისკენ გადახრილიყვნენ.
37. მას შემდეგ რაც არტაბანი გაიქცა და ხალხის განწყობილება ახალი მეფისაკენ გადაიხარა, ვიტელიუსმა დაარწმუნა ტირიდატი, შემზადებული [ტახტი] დაეპყრო და ლეგიონებისა და მოკავშირეთა რჩეული ჯარი ევფრატის ნაპირს მიაყენა. მდინარის დასაწყნარებლად მსხვერპლის შეწირვის დროს, როცა ეს (ე. ი. ვიტელიუსი) რომაული ადათისამებრ ცხვარ-ღორ-ხარს წირავდა, ის (ე. ი. ტირიდატი) კი ცხენს უძღვნიდა, იქაურებმა შეატყობინეს, ევფრატმა სრულიად უწვიმრად თავისთავად მოიმატა უზომოდო. ამასთანავე თეთრი ქაფით დიადემისებურ წრეებს იკეთებს და [ეს მისი] წარმატებით გადალახვის ნიშანიაო. ზოგი უფრო ჭკვიანურად განმარტავდა, რომ პირველი ცდა წარმატებული და არც თუ ხანგრძლივი იქნება, ვინაიდან ის [ნიშნები], რომელთაც მიწა და ზეცა გვიწინასწარმეტყველებენ, უფრო სარწმუნონი არიან, მდინარეთა დაუდეგარი (ცვალებადი) ბუნება კი გამოჩენისთანავე წარიტაცებს [კეთილ] ნიშნებსო, მაგრამ როცა ნავების ხიდი გამართეს და ჯარი გადაიყვანეს, პირველად ბანაკში ორნოსპადესი მოვიდა მრავალი ათასი მხედრითურთ. იგი ოდესმე გადმოხვეწილი იყო, ტიბერიუსს დალმატიის ომის დამთავრებაში წარმატებით მოეხმარა და მას რომის მოქალაქეობა ებოძა; შემდეგ მალე კვლავ მოიპოვა მეფის მეგობრობა, დიდი პატივი მის წინაშე და პრეფექტობა [იმ] ველისა, რომელსაც სახელოვანი მდინარეები ევფრატი და ტიგრი ჩამოუდის აქეთ-იქიდან და სახელად მესოპოტამია ეწოდება. მცირე ხნის შემდეგ სინაკესი ამრავლებს ჯარს და ჰურიის სვეტი აბდაგეზესი სამეფო ხაზინასა და მოკაზმულობას უმეტებს. ვიტელიუსმა ჩასთვალა რა საკმაოდ რომაული იარაღის წარმოჩენა, მოაგონა ტირიდატს და უპირველესთ — ამას (ე. ი. ტირიდატს) რათა მოეგონებინა პაპა ფრაატი და გამზრდელი კეისარი და რაც ორთავეს მშვენიერი [მოეპოვებოდათ], იმათ კი — შეენარჩუნებინათ მორჩილება მეფისადმი, პატივისცემა ჩვენდამი და თავიანთი სინდის-ნამუსი, ამის შემდეგ ლეგიონებიანად სირიაში დაბრუნდა.
- ↑ გაიუს ცესტიუსისა და მარკუს სერვილიუსის კონსულობა უწევს ახ. წ. 35 წ.
- ↑ არტაბან III — პართიელთა მეფე არშაკიდების დინასტიიდან, რომელიც კასპიისგადაღმა მხარის დაჰებში აღიზარდა და ახ. წ. 16 წ. ზემოხსენებულ ვონონს წაართვა სამეფო ტახტი. ამ პიროვნების შესახებ ლაპარაკია კიდევ ამავე თხზულების წინა ნაწილშიც (II, 3).
- ↑ არტაქსიას სახელით, როგორც ითქვა, ახ. წ. 18-35 წლებში სომხეთში მეფობდა პონტოს მეფის პოლემონის ძე ზენონი, რომელიც სწორედ გერმანიკუსმა დასვა ტახტზე. შდრ. აგრეთვე, სტრაბონი XII, 3, 29.
- ↑ ეს არშაკი მეორეა, არშაკ I-ად მიჩნეული საერთოდ პირველი არშაკიდი, რომე- ლიც ვითომ არტაქსია I-ამდე მეფობდა, ისტორიულ პირად არ ითვლება. არშაკ მეორე სომხეთიდან მალევე გააძევა მითრიდატე იბერიელმა, ფარსმან I-ის ძმამ, რის შესახებაც იხილე აგრეთვე აქვე, VI, 33
- ↑ მეფე ფრაატში აქ იგულისხმება ფრაატ IV, რომელიც ძვ. წ. 37-2 წლებში მეფობდა და რომელმაც რომს გაგზავნა თავისი ოთხი ვაჟიშვილი, მათ შორის აქ მოხსენებული ფრაატიც (შდრ. აგრეთვე, ანალ. II, I).
- ↑ . ტირდატი — ფრაატ IV-ის შვილიშვილი, რომელმაც რომაელთა ჯარის შემწეობით სცადა ახ. წ. 35 წ. პართიის სამეფოს ხელში ჩაგდება, მაგრამ მარცხი განიცადა. იხ. აქვე, VI, 41.
- ↑ მითრიდატე იბერიელი — ძმა იბერიის ანუ ქართლის მეფე ფარსმან I-ისა. სომხეთის ტახტზე იჯდა ახ. წ. 35-37 და 45-51 წლებში, შუალედი ხანა კი რომის იმპერატორის კარზე იმყოფებოდა. შდრ. აგრეთვე, დიონ კასიოსი, VIII, 26. 3. 4.
- ↑ ეს ლუციუს ვიტელიუსი, იმპერატორ ტიბერიუსის ლეგატი სირიაში, არის მომავალ იმპერატორ ვიტელიუსის მამა, რომელსაც ტაციტუსი ძალიან ცუდ ფერებში ხატავს, როგორც პირმოთნე და საძაგელ პიროვნებას.
- ↑ აქ, რასაკვირველია, იმდენად მკაფიოდ არის აღწერილი ეს გზა, რომ ძალიან მცირე ადგილი რჩება ეჭვისათვის, რასაც ВДИ-ის კომენტატორი იჩენს (იხ. ხსენებული ჟურნ. 1949, № 3 (29, გვ. 211). აქ სწორედ დარიალის ხეობაზე უნდა იყოს ლაპარაკი, რომელსაც პლინიუსი „კავკასიის კარს" (VI, 30) ხოლო პტოლემაიოსი (გეოგრაფ., V, 8, 11), „სარმატთა კარს" უწოდებს. ამასთანავე ნიშანდობლივია, რომ პლინიუსი დასძენს კიდეც, ზოგი მწერალი ამ კარს შეცდომით კასპიის კარს უწოდებსო. თვით ტაციტუსი კი მეორე გასასვლელს, ახლანდელ დარუბანდის მიდამოებში რომ ივარაუდებოდა, ცალკე ახსენებს. ძნელი დასაჯერებელი ჩანს აქ ის გადასასვლელი იგულისხმებოდეს რომელიც, სტრაბონის მიხედვით (XI, 8, 9), ვითომდა დასავლეთ საქართველოდან არმენიაში არსებობდა კასპიის მთებში.
- ↑ „გასასვლელი ზღვასა და ალბანთა მთის კიდეს შორის" დარუბანდის გასასვლელს უნდა გულისხმობდეს და პლინიუს უფროსი სწორედ ამას უწოდებს კიდეც კასპიის კარს (VI, 40).
- ↑ არგონავტთა მითის ეს ვერსია, რომლის მიხედვითაც, ვითომ იასონი შემდგომში კვლავ დაბრუნდა კოლხეთის მეფის სამფლობელოში და დაეპატრონა მის საბრძანებელს სხვადასხვა სახით სხვა მწერლებსაც აქვთ მოთხრობილი. მაგ., სტრაბონს (XI, 4, 8) და პლინიუს უფროსს (VI, 38), ოღონდ ეს უკანასკნელი იასონისაგან წარმოშობილად თვლის კავკასიის ალბანელებსაც.
- ↑ კოლხიდაში ფრიქსოსის ორაკულისა და საკურთხევლის შესახებ, სადაც აკრძალული ყოფილა მხსვერპლად ვერძის შეწირვა, აგრეთვე ფრიქსოსის მიერ აგებული ლევკოთეის ტაძრის შესახებ მოთხრობილი აქვს სტრაბონს (XI, 2, I7).
- ↑ ეს ამბავი ხდება ახ. წ. 47 წ.
წიგნი XI
[edit]8. ამავე დროს მითრიდატი[1], რომელიც, როგორც მოვიხსენიე, არმენიაში მეფობდა და გაიუს კეისრის[2] [ბრძანებით] ბორკილდადებული იყო, კლავდიუსის ჩაგონებით სამეფოში დაბრუნდა, დაიმედებული ფარსმანის შემწეობაში. იბერთა ეს მეფე და თანაც ძმა მითრიდატს ატყობინებდა: პართებში არეულობაა, უმაღლესი სახელმწიფო ხელისუფლება (ე. ი. სამეფო ტახტი) ორჭოფულ [მდგომარეობაშია], მცირე საქმეები კი უყურადღებოდ არის დაყრილიო. ვინაიდან გოტარზმა სხვა მრავალ სისასტიკეთა შორის ძმის, არტაბანისა და მისი ცოლ-შვილის დახოცვაც ჩაიდინა, შიშმა შეიპყრო დანარჩენი [ხალხი] და ვარდანი მოიწვიეს. მან, როგორც დიდ და სახიფათო საქმეებში ფიცხმა, ორ დღეში სამი ათასი სტადიონი გადალახა და გაოგნებული და დამფრთხალი გოტარზი[3] განდევნა. დაუყოვნებლივ უახლოესი ოლქებიც ხელთ იგდო, ოღონდ მარტო სელევკიელებმა უარჰყვეს მისი ბატონობა. მათ, როგორც აგრეთვე მისი მამის წინააღმდეგ განდგომილებს, უფრო მეტად განურისხდა, ვიდრე ამჟამად საქმის ვითარება ითხოვდა და ჩაება ძლიერი, მდინარითა და გალავნით გამაგრებული და სურსათიანი ქალაქის[4] წინააღმდეგ ალყაში. ამასობაში გოტარზი დაჰებისა და ჰირკანების შემწეობით ომს ანახლებს და ვარდანი იძულებული ხდება სელევკიას თავი დაანებოს და ბაქტრიის ველზე დასცეს ბანაკი.
9. ახლა ვინაიდან აღმოსავლეთის ძალები დაქსაქსული იყო და ბუნდოვანი ჩანდა, რომელი მხარე გაიმარჯვებდა, მითრიდატს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცა არმენიის დასაპყრობად — რომაელთა სამხედრო ძალით ხელთ იგდო მთის ციხე-სიმაგრეები, ხოლო იბერიელთა ჯარი კი ბარად დათარეშობდა; აღარც არმენიელებს გაუწევიათ წინააღმდეგობა მას შემდეგ, რაც სარდალი დემონაქტი[5], რომელმაც ხელის გამოღება გაბედა, ივლტო. ცოტაოდენი შეფერხება გამოიწვია მცირე არმენიის მეფე კოტისმა[6], რომელსაც ზოგიერთი წარჩინებული მიუდგა. მერმე ისიც დაემორჩილა კეისრის[7] წერილს და მთელი [არმენია] მითრიდატის ხელთ გადავიდა, რომელიც უფრო სასტიკად იქცეოდა, ვიდრე ეს მის ახალ ხელისუფლობას შეშვენოდა. ამასობაში, პართთა ხელმწიფენი რომ საბრძოლველად ემზადებოდნენ, ანაზდად შერიგდებიან, როცა შეიტყობენ ხალხის შეთქმულების ამბავს, რომელიც გოტარზმა აცნობა ძმას. ერთმანეთს რომ შეხვდნენ, ჯერ ყოყმანით, მერმე კი უფრო მტკიცედ გაუწოდეს მარჯვენა ხელი ერთურთს და ღმერთების საკურთხევლის წინაშე დაიფიცეს, ღალატისათვის შური ეძიათ მტრებზე და ერთმანეთში შეთანხმებულიყვნენ. რაკი სამეფო ხელისუფლების შესანარჩუნებლად ვარდანი უფრო ძლიერ პიროვნებად იქნა მიჩნეული, გოტარზი, რათა ქიშპობას გასცლოდა, შიდა ჰირკანიაში გაერიდა. ვარდანი რომ დაბრუნდა, განდგომის მეშვიდე წელს მას დაემორჩილა სელევკია, პართთა სამარცხვინოდ, რომელთაც ერთი ქალაქი ამდენ ხანს მასხარად იგდებდა.
10. შემდეგ [ვარდანმა] უძლიერესი პრეფექტურები მოიარა; არმენიის ხელახლა დაპყრობისაკენ ისწრაფოდა, ომის მუქარით რომ არ დაებრკოლებინა ვიბიუს მარსუსს — სირიის ლეგატს. ამასობაში გოტარზე თავს უყრის ლაშქარს, რადგან ნანობს სამეფოს დათმობას, თანაც საომრად მოუწოდებენ წარჩინებულნი, რომელთაც მშვიდობიან დროს უფრო უმძიმთ მონური მორჩილება; მერე მდინარე ერინდესთან დახვდება. ეს მდინარე ვარდანმა დიდი ბრძოლით გადალახა, წარმატებით გადახდილი ბრძოლების შედეგად დაიპყრო ხალხები, რომლებიც მდინარეებს — ერინდესა და სინდეს — შორის ცხოვრობენ (სინდე დაჰებსა და არიელებს ჰყოფს ერთმანეთისაგან). იქ საზღვარი დაედო წარმატებებს, რადგან პართელები, გამარჯვებათა მიუხედავად, უარჰყოფდნენ ომს შორეულ მიწაზე. ამრიგად, ძეგლები აღმართა რა თავისი ძლიერების დასტურად და იმის აღსანუსხავად, რომ ადრე არც ერთ არსაკიდს არ დაუხარკავს ის ტომები, [ვარდანი] უკან დაბრუნდა, დიდებით მოსილი, ხოლო მით უფრო აღვირახსნილი და გაუსაძლისი ქვეშევრდომთათვის. იგი მოკლეს ნადირობით გატაცებული, ისე რომ არც კი შეუწუხებია ფიქრს მისთვის წინასწარ განმზადებულ მზაკვრულ საფრთხეზე. მოკლეს თუმცაღა მთლად ჭაბუკი, მაინც ისეთი ბრწყინვალე სახელი უნდა ჰქონოდა, როგორიც ცოტას ღირსებია მხცოვან მეფეთაგან, ისევე რომ ეძია თავისი ხალხის სიყვარული, როგორც ლამობდა შიშისზარის გავრცელებას მტრებში. ვარდანის მოკვლის შემდეგ[8] პართელებში არეულობა დაიწყო, ვერ გადაეწყვიტათ, ვისთვის მიეცათ სამეფო ძალაუფლება; ბევრნი გოტარზესკენ იხრებოდნენ, ზოგნიც — ფრაატეს შთამომავალ მეჰერდატესკენ, მძევლად რომ მოგვცეს. ბოლოს გოტარზემ სძლია, მაგრამ სამეფო ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ თავისი აღვირახსნილობითა და მძვინვარებით პართელები აიძულა ფარულად შევედრებოდნენ რომაელ პრინცეპსს, რომ ნება დაერთო მეჰერდატესთვის მამისეული პატივისა და ღირსების მისაღებად.
- ↑ მითრიდატეს შესახებ ლაპარაკია აგრეთვე „ანალები-ს" წინა ნაწილშიაც — VI, 32 და სხვ.
- ↑ როგორც ეტყობა გაიუს კალიგულას მიერ მითრიდატეს ბორკილებში ჩასმა მოთ- ხრობილი უნდა ყოფილიყო ანალების ამ დაკარგულ ნაწილში. ამ ამბავს ეხებიან აგრეთ- ვე დიონ კასიოსი (X, 8) და სენეკა, თავის თხზულებაში — „სულის სიმშვიდისათვის" (XI, 12).
- ↑ გოტარძი — პართიის მეფის არტაბან III-ის ძე, ძმა სხვა არტაბანისა და ვარდანისა, რომელიც ახ.წ. 4O-5I წწ. მეფობდა პართიაში.
- ↑ აქ იგულისხმება ქალაქი სელევკია, რომელიც მდ. ტიგრზე მდებარეობდა. ერთ ხანს ითვლებოდა სელევკიდების სატახტო ქალაქად და დაარსებულია სელევკოს ნიკატორის მიერ ძვ. წ. 301 წელს.
- ↑ დემონაკტი მარტო ტაციტუსის ამ ადგილიდან არის ცნობილი, როგორც პართელების მხედართმთავარი არმენიაში.
- ↑ კოტისი — იგულისხმება თრაკიის მეფის კოტისის ძე, რომელსაც იმპერატორმა გაიუს კალიგულამ ჩააბარა მცირე არმენია ახ. წ. 37 წ., დიონ კასიოსი, IX, 12
- ↑ იგულისხმება იმპერატორი კლავდიუსი.
- ↑ იგულისხმება ახ. წ. 45 წ.
წიგნი XII
[edit]15. როცა ძალაუფლების დაკარგვის[1] შემდეგ მყარ საფუძველს მოკლებულმა მითრიდატე ბოსფორელმა შეიტყო, რომ დიდიუსი[2] — რომაელი სარდალი — მთავარი ძალებითურთ წავიდა, ხოლო ახალ სამეფოში დარჩნენ სიჭაბუკის გამო ჯერ გამოუცდელი კოტისი და მცირერიცხოვანი კოჰორტები რომაელი მხედრის იულიუს აქვილას მეთაურობით, — არად შერაცხა ისინი, იწყო ხალხთა აღელვება და ლტოლვილთა გადმობირება. ბოლოს შეკრიბა ჯარი, დანდარიდების მეფე განდევნა და ხელთ იგდო მისი სამფლობელო. მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი ცნობილი გახდა და უკვე საფიქრებელი იყო, რომ მითრიდატე შეიჭრებოდა, კოტისი და აქვილა არ ენდვნენ საკუთარ ძალებს და თავად მათაც გარეთ ეძიეს შველა იმის გამო, რომ სირაკების მეფე ზორსინემ განაახლა მტრული მოქმედება. ელჩები იქნენ გაგზავნილი ევნონესთან, რომელიც [ჯარის სათავეში მდგომი] აორსების ტომზე ბატონობდა. არც გასჭირვებიათ მასთან კავშირის დამყარება, რაკი აჩვენეს რომის ძლიერება მეამბოხე მითრიდატეს ძალთა საპირისპიროდ. ამრიგად, შეთანხმდნენ, რომ ევნონე ცხენოსანი ჯარით ჩაებმებოდა ბრძოლაში, ხოლო რომაელები ალყას შემოარტყამდნენ ქალაქებს.
16. მაშინ დაეწყო ლაშქარი და გაემართა; წინა ხაზზე და ზურგში აორსები იყვნენ, შუაში — კოჰორტები და ჩვენი იარაღით შეჭურვილი ბოსფორელები. ასე უკუაქციეს მტერი. მერე დანდარიკის ქალაქ სოზას მიაღწიეს, რომელიც მითრიდატემ დათმო მოქალაქეთა ცვალებადი განწყობილების გამო. განიზრახეს დაეპყროთ სოზა და შიგ დამცველი ჯარი დაეტოვებინათ. აქედან სირაკებისაკენ მიიწევენ, გადალახავენ მდინარე ბანდას და გარს შემოერტყმიან ქალაქ უსპეს, რომელიც მაღლობზე მდებარეობდა, თან გამაგრებული იყო კედლებითა და თხრილებით; მაგრამ ქვის კედლები კი არ ჰქონდათ ამოყვანილი, არამედ წნელებით ამოეწნათ და მიწით ამოევსოთ, — ამის გამო მომხვდურთა წინაშე უძლური აღმოჩნდნენ ქალაქის კედლები; მათზე უფრო მაღლა აღმართული კოშკები მუგუზლებითა და შუბებით თავზარს სცემდნენ ალყაში მოქცეულებს. და ღამეს რომ არ შეეწყვიტა ბრძოლა, იმ დღით დაწყებული იერიში იმავე დღეს დამთავრდებოდა ქალაქის აღებით.
17. მეორე დღეს მოიერიშეებს ელჩები გაუგზავნეს, რომლებმაც თავისუფალ მოქალაქეთა შეწყნარება ითხოვეს და ათი ათასი მონა შესთავაზეს. გამარჯვებულებმა უარჰყვეს ეს პირობები, რადგან დანებებულთა გაჟლეტა მძაფრი მძვინვარება იქნებოდა, ამდენის მოვლა და დარაჯობა კი სამძიმო იყო; სჯობდა ომის წესით დაცემულიყვნენ და მოლაშქრეებს, რომლებმაც შიგ შეაღწიეს კიბეების საშუალებით, ხოცვა-ჟლეტის ნიშანი მიეცათ. უსპელთა მოსრვის გამო სხვები შიშის ზარმა აიტანა, აღარაფერი არ ეგულებოდათ საიმედოდ, რაკი ვეღარ უძლებდნენ მტერს სიმაგრეები, იარაღი, მიუვალი ადგილები თუ სიმაღლენი, მდინარეები და ქალაქები. ზორზინემ, რომელიც დიდხანს ყოყმანობდა, არ იცოდა — მითრიდატეს გასაჭირზე ეზრუნა თუ მამისეულ სამეფოზე, ბოლოს თავისი საგვარტომოს კეთილდღეობა ამჯობინა, მძევლები გაიღო და ძირს განერთხა კეისრის გამოსახულების წინაშე, რითაც სახელი და დიდება განუმრავლა რომაელთა ჯარს; როგორც ცნობილი იყო, სისხლის დაუღვრელად გამარჯვებული რომაელები მდინარე ტანაისიდან სამი დღის სავალზე გაჩერდნენ. მაგრამ უკან დაბრუნებისას მათ სხვა ბედი ეწიათ: რამდენიმე ხომალდი (რასაკვირველია, ზღვით ბრუნდებოდნენ უკან) ტავრების სანაპიროებს მიადგა; რომაელებს გარს შემოერტყნენ ბარბაროსები, მოკლეს კოჰორტის პრეფექტი, აგრეთვე მაშველი ჯარის დიდი ნაწილი გაანადგურეს.
18. ამასობაში მითრიდატე, იარაღს რომ ვეღარ იგულებდა საყრდენად, ფიქრობდა — ვისი გულმოწყალება უცადა. ოდესღაც გამცემს, შემდეგ მტრად ქცეულ ძმას — კოტისს — უფრთხოდა; რომაელთაგანი არავინ ჩანდა იმდენად გავლენიანი, რომ მისი დაპირებები დიდად ანგარიშგასაწევი ყოფილიყო. ბოლოს ევნონეს მიმართა, რომელსაც მისდამი პირადი სიძულვილი და მტრობა არ ჰქონდა, ამავე დროს გავლენა მოეპოვებინა ჩვენთან ახლად დამყარებული მეგობრული კავშირის წყალობით. და აი, თავისი მდგომარეობისდა კვალად განსაკუთრებით შესაფერის სამოსელში გამოწყობილთ ასევე შესაფერისი გამომეტყველებით შედის სასახლეში და, მეფის მუხლებთან დამხობილი, მიმართავს მას: „მითრიდატე გეახელ ნებით. ეგზომ დიდხანს დევნილი რომაელთაგან ზღვასა და ხმელზე. როგორც ინებებ, ისე მომექეც დიდი აქემენეს ნაშიერს; ესღა დამრჩენია, რაიც ვერ წამართვეს მტერთა“.
19. ევნონესაც შეძრავს და ააღელვებს ვაჟკაცის ბრწყინვალე სახელი, გარემოებათა ცვალება და კეთილშობილური ვედრება. წამოაყენებს მომუდარეს და მოუწონებს, რომ აორსების ტომთან კავშირი და ევნონეს შემწეობა ირჩია მან, რათა ითხოვოს პატიება და შერიგება; მაშინვე უგზავნის კეისარს ელჩებს და ასეთ წერილს სწერს: „რომაელთა იმპერატორებსა და დიდ ხალხთა მეფეებს პირველად მეგობრობა აკავშირებს ერთნაირი ბედისა და მდგომარეობის გამო, თავად მას და კლავდიუსს კი გამარჯვებაც მოუპოვებიათ ერთად. ომის ბოლო შესანიშნავია, როცა შეწყნარებით სრულდება. აი, დამარცხებულ ზორზინეს არაფერი წაართვეს. ხოლო მითრიდატესთვის, რაკი იგი უფრო მძიმე ხვედრს იმსახურებს, [ევნონე] აღარც ძალაუფლებას თხოულობს, აღარც სამეფოს, არამედ იმასღა ევედრება, რომ ასცდეს მას ტრიუმფატი და თავით არ გადაიხადოს სასჯელი“.
20. თუმცა კლავდიუსი ლმობიერი იყო უცხო წარჩინებულთა მიმართ, მაინც ვერ გადაეწყვიტა, რა უფრო სწორი იქნებოდა: დახსნის პირობით მიეღო ტყვე, თუ ისევ იარაღით დაემორჩილებინა იგი; აქეთ უბიძგებდა ურვა შეურაცხყოფის გამო და შურისძიების მძაფრი სურვილი. მაგრამ ამის საწინააღმდეგოდ სხვა აზრიც უტრიალებდა თავში; უვალ ადგილას მოუხდებოდა ომი, — ზღვაზე, სადაც არ ეგულებოდა ნავთსაყუდელი; თანაც მეფეები მამაცნი იყვნენ, ხალხნი — მომთაბარენი, მიწა — უნაყოფო, დაყოვნება სავალალო იქნებოდა, აჩქარებითაც მრავალ საფრთხეს უნდა გადაჰყროდა, გამარჯვებულებს არც თუ ისე დიდ ქებას მიუძღვნიდნენ, ხოლო დიდი უპატიობა ერგებოდათ დამარცხებულთ. რა მოხდებოდა, რომ მიეღო, რასაც სთავაზობდნენ, და დაეცვა დევნილი; იგი, უმწეო, რაც უფრო დიდხანს იცოცხლებდა, მით მეტ წამებასა და დამცირებას გადაიტანდა. ამ გარემოებათა გამო ევნონეს მისწერა, რომ, მართალია, მითრიდატემ უაღრესად სამაგალითო სასჯელი დაიმსახურა და თავად მას, კლავდიუსს, შესაძლებლობა აქვს დასაჯოს იგი. მაგრამ ასე დაუწესებიათ წინაპრებს — რაოდენი შეუპოვრობაც საჭიროა მტრის წინააღმდეგ, იმდენად შემწყნარებლობა გვმართებს მავედრებელთა მიმართ, რადგან სატრიუმფო მსვლელობა გვმართებს მავედრებელთა მიმართ, რადგან სატრიუმფო მსვლელობის უფლებას იძლევა დიდი გამარჯვება ძლიერ ხალხთა და დაურღვეველ სამეფოთა ზედა.
21. ამის შემდგომად მითრიდატე რომაელებს გადასცეს და იგი რომს ჩაიყვანა იუნიუს ცილონემ — პონტოს პროკურატორმა. როგორც ამბობდნენ, კეისრის წინაშე უფრო ქედმაღლურად ულაპარაკია, ვიდრე მის ხვედრს შეფეროდა, ხალხში კი ამ სიტყვებით გავრცელდა მისი ნათქვამი: „მე არავის არ წარმოვუგზავნივარ შენთან, თავად მოვედი. და, თუ არ გჯერა, გამიშვი და იძიე". მერე უშფოთველი გამომეტყველება შეინარჩუნა, როცა დარაჯებით გარშემორტყმული გამოიყვანეს როსტრაზე, რათა ხალხისათვის ეჩვენებინათ. ცილონეს კონსულის სახელი და პატივი მიენიჭა, აქვილას კი — პრეტორისა.
44. ამავე[3] წელს არმენიელებსა და იბერებს შორის ამტყდარი ომი პართებსა და რომაელებს შორის სასტიკი განხეთქილების მიზეზიც გახდა. პართებზე ვოლოგეზი[4] ხელმწიფობდა, დედით ბერძენი ხარჭის შვილი, რომელსაც მეფობა ძმების თანხმობით ჰქონდა მიღებული. იბერებზე ფარსმანი მეფობდა ძველთაგანვე, არმენიელები მის ძმას მითრიდატს ეპყრა ჩვენი შეწევნით. ფარსმანს ჰყავდა ძე, სახელად რადამისტი[5], ლამაზი, წარმოსადეგი, შესანიშნავი ძალ-ღონის პატრონი, მშობლიურ ხელოვნებებში გაწვრთნილი, მეზობლებშიაც დიდი სახელის მქონე. იგი ისე გაცხარებით და ხშირად ლაპარაკობდა, მამის მოხუცებულობის წყალობით იბერია უმნმიშვნელო სახელმწიფოდ რჩებაო. რომ გულის წადილის დაფარვას ვერ ახერხებდა. ამიტომ უკვე თავისი ხანშიშესულობით შეფიქრიანებულმა ფარსმანმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მოსურნე და ხალხის მხარდაჭერით შეგულიანებულ ჭაბუკს სხვა იმედი შთააგონა და არმენიისაკენ მიუთითა, გაიხსენა რა პართების გაძევების შემდგომ თვით მანვე რომ მისცა იგი მითრიდატს; ოღონდ [შვილს ურჩია], ძალის ხმარებისაგან თავი შევიკავოთ, უფრო მზაკვრობა გამოვიყენოთ, რათა უდარდელად მყოფი [მითრიდატი] ანაზდეული [თავდასხმით] დავამარცხოთო. ამგვარად რადამისტი, რომელსაც ვითომდა მამასთან უთანხმოება მოუვიდა, რადგან დედინაცვლის სიძულვილს ვეღარ გაუძლო, ბიძას მიაშურებს. მითრიდატმა დიდი ალერსით მიიღო იგი, როგორც საკუთარი შვილი, ამან კი არმენიელთა წარჩინებულებს დაუწყო შეგულიანება სახელმწიფო გადატრიალების მოსახდენად ისე, რომ მითრიდატმა არათუ ვერაფერი შეატყო, არამედ კიდევ უფრო მეტი პატივითაც ეპყრობოდა.
45. ვითომდა შერიგება მიანდო, რადამისტი მამასთან დაბრუნდა და აცნობა; რაც მზაკვრობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გაკეთებულია, დანარჩენი იარაღით უნდა აღსრულდესო. ამასობაში ფარსმანმა ომის საბაბიც მოიგონა: ალბანთა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში რომაელებს დასახმარებლად რომ მოვუწოდებდი, ძმამ წინააღმდეგობა გამიწია და ამ წყენინებისათვის ვილაშქრებ მის დასარბევადო, და ამასთან ერთად ვაჟიშვილს დიდი ლაშქარი მისცა. მისი ანაზდეული თავდასხმით შეშინებულმა და დაბლობიდან გაძევებულმა მითრიდატმა ციხე-სიმაგრე გორნეაში[6] შეასწრო, ადგილმდებარეობით უშიშარსა და მეციხოვნე ჯარით დაცულში, რომელსაც პრეფექტი ცელიუს პოლიონი[7] და ცენტურიონი კასპერიუსი სარდლობდნენ. ისე უბირნი არაფერში არიან ბარბაროსები, როგორც მანქანების საქმესა და ციხე-სიმაგრეთა აღების ოსტატობაში, ამიტომ რადამისტი ფუჭად და ზარალიანად ციხე-სიმაგრის აღების ცდის შემდგომ, ალყას შეუდგა და რაკი ძალით ვერა გააწყო რა, ანგარ პრეფექტს მოისყიდის, რომელსაც კასპერიუსი[8] ეხვეწებოდა, ნურც მოკავშირე მეფეს და ნურც მისთვის რომაელი ხალხისაგან მინიჭებულ არმენიას ბოროტმოქმედებით ფულის გულისთვის ნუ დაღუპავო. დაბოლოს, ვინაიდან პოლიონი მტრის მრავალრიცხოვნებას, ხოლო რადამისტი კი მამის ბრძანებას იმიზეზებდნენ, კასპერიუსმა ზავი დადო, რათა თუ ფარსმანი ომს ვერ გადაათქმევინებდა, სირიის გამგებელის უმიდიუს კვადრატუსისათვის[9] მაინც შეეტყობინებინა, რა მდგომარეობაში იყო არმენია.
46. ცენტურიონის წასვლით თითქმის დარაჯისაგან გათავისუფლებულმა პრეფექტმა მითრიდატს დარწმუნება დაუწყო, ზავი დადეო. თან მოაგონებდა მათ ძმურ ნათესაობას, ფარსმანის ხნით უფროსობას და სხვა ნათესაურ კავშირებს მისი ასული რომ ცოლად ჰყავდა, აგრეთვე თვითონაც რომ რადამისტის სიმამრი იყო. იბერებიც უარს არ ამბობენ ზავზე, თუმცა ამჟამად ისინი უფრო ძლიერები არიანო; ხომ საკმაოდ იცი არმენიელთა გაუტანლობა და სხვა სახსარი ან თავშესაფარი რომ არ გაგვაჩნია ამ უსურსათო ციხე-სიმაგრის გარდაო; განა უსისხლოდ საქმის გარიგება არ გირჩევნია იარაღის ძალით საქმის გადაწყვეტის საეჭვო ცდასაო? მითრიდატი ამაზე ყოყმანობდა და ეჭვით უყურებდა პრეფექტის რჩევას, ვინაიდან [პრეფექტმა] გააუპატიურა მეფის ხარჭა და ყოველნაირი ანგარებიანი საქმისადმი დიდი მიდრეკილება ჰქონდა; ამასობაში კი კასპერიუსმა ფარსმანამდე მიაღწია და მოსთხოვა, იბერიელებს ალყა მოეხსნათ. ფარსმანი საჯაროდ ბუნდოვნად და უფრო ხშირად ალერსიანად უპასუხებს, საიდუმლო შიკრიკებით კი რადამისტს აქეზებს, ყოველის ღონისძიებით დააჩქარე შეტევაო. სამარცხვინო საქმის საზღაური დიდდება და პოლიონი საიდუმლოდ მოისყიდის რა ჯარისკაცებს, აგულიანებს, რათა ზავი მოითხოვონ და დაემუქრონ, ციხე-სიმაგრის დაცვაზე ხელს ავიღებთო. ამ [უკიდურესი] გასაჭირით [იძულებული] მითრიდატი ხელშეკრულების დადების დღესა და ადგილს დათანხმდა და ციხე-სიმაგრიდან გამოვიდა.
47. პირველად რადამისტი, ვითომდა პატივისცემით, გულმხურვალედ მოეხვია მას — სიმამრსა და მშობელს უწოდებდა; თან ეფიცებოდა, არც მახვილის, არც შხამის ძალას არ გამოვიყენებ შენს წინააღმდეგო. ამასთანავე იქვე ახლო კორომში შეიტყუებს — ეუბნება, აქ შესაწირავი მსხვერპლია გამზადებული, რათა ღმერთების წინაშე დავამტკიცოთ ზავიო. მეფეთა ჩვეულება გახლავთ ხელშეკრულების დადების დროს ყოველთვის მარჯვენა ხელები და მათი ცერები ერთმანეთს მიადონ და მაგრად შეჰკრან კვანძით. მერმე როცა სისხლი ფრჩხილებში მოაწვებათ, მსუბუქი ჩხვლეტით სისხლს დაიდენენ და ერთმანეთს აულოკავენ[10]. ასეთ კავშირს იდუმალი თვისება აქვს, თითქოს საერთო სისხლით არის განმტკიცებული. მაგრამ მაშინ კაცი, რომელიც უკრავდათ [ხელებს], ვითომდა წაიქცა, მითრიდატს ფეხებზე მოეხვია და ისიც ძირს დასცა. მაშინვე მოცვივდა კიდევ ბევრი ხალხი და ბორკილები დაადეს მას. მერმე იგი ფეხებზე დადებული ჯაჭვით წაათრიეს, რაც დიდ სირცხვილად ითვლებოდა ბარბაროსებში. მყის მდაბიო ხალხმა, რომელიც მძიმე პირობებში იყო მის ხელქვეით, ლანძღვა-გინება დაუწყო და ცემა დაუპირა. ოღონდ პირიქით, ისეთებიც გამოერივნენ, რომელთაც ბედის ასეთი შეტრიალებისათვის იგი ებრალებოდათ. უკან პატარა შვილებით [გარშემორტყმული] მისი მეუღლე მისდევდა და იქაურობას ტირილით იკლებდა. ისინი ცალკცალკე დახურულ ურმებში ჩასვეს, ვიდრე ფარსმანის ბრძანებას შეიტყობდნენ. ფარსმანს სამეფოს ხელში ჩაგდების წადილმა ძმა და ქალიშვილი [დაათმობინა] და გულში უკვე მზად იყო ბოროტმოქმედების [ჩადენისათვის]. ის კი ივარაუდა, რომ ეს საქმე მის თვალწინ არ მომხდარიყო და ისინი მის წინაშე არ დაეხოცათ. რადამისტმაც, აქაოდა [დადებული] ფიცი მახსოვსო, [მართლაც] არც მახვილი და არც შხამი არ იხმარა დისა და ბიძის წინააღმდეგ, არამედ მიწაზე დააწვენინა ისინი და ზემოდან მრავალი მძიმე სამოსის დაყრით მოაშთობინა. დახოცეს მითრიდატის ვაჟიშვილებიც, რომლებიც მშობლების დაღუპვას ხმამაღლა ტიროდნენ.
48. ხოლო კვადრატუსმა რომ შეიტყო, მითრიდატს უღალატეს და სამეფო ხელთ იგდეს მკვლელებმაო, საბჭო მოიწვია, მოახსენა მომხდარი ამბები და რჩევა ჰკითხა, შური ვიძიოთ და დავსაჯოთ ისინი თუ არაო. სახელმწიფოს სახელი და პატივი ცოტას აწუხებდა, უმეტესობა მშვიდობის სასარგებლოდ მსჯელობდა: უცხოთა ყოველ ბოროტმოქმედებას სიხარულით უნდა შევეგებოთ. სიძულვილის თესლიც კი უნდა დავთესოთ, როგორც ხშირად რომის ხელმწიფენი იმავე არმენიას უხვი წყალობის სახით ბარბაროსთა შორის შუღლის ჩამოსაგდებად გასცემდნენ ხოლმე. დაე რადამისტი შეძულებული, სახელგატეხილი ფლობდეს ბოროტად მოპოვებულ ხვედრს; ვინაიდან ეს უფრო ხელსაყრელია ჩვენთვის, ვიდრე ის, რომ მას სახელიანად და დიდებით ჰქონდეს მიღებული [ძალაუფლებაო]. ეს აზრი კიდეც მიიღეს. ოღონდ, რათა ამ ბოროტმოქმედების მოდასტურედ არ მიეჩნიათ ისინი, თანაც [იმ შემთხვევისათვის] თუ კეისარი სხვაგვარად გადაწყვეტდა [ამ საქმეს], ფარსმანს მოციქულები გაუგზავნეს, რომ იგი სომხეთიდან გასულიყო და შვილიც თან წაეყვანა.
49. კაპადოკიის პროკურატორად იულიუს პელიგნუსი იყო, სულით მდაბალი და სხეულის სიმახინჯითაც ასევე საზიზღარი, მაგრამ კლავდიუსის ძალიან ახლობელი, როცა [კლავდიუსი] ტაკიმასხარებთან და მლიქვნელებთან ატარებდა უქმად დროს, იმ პელიგნუსმა პროვინციებში დამხმარე ლაშქარი შეკრიბა, ვითომდა არმენიის უკან დასაბრუნებლად, ოღონდ რაკი მოკავშირეებს უფრო არბევდა ვიდრე მტერს, თავისიანებმა მიატოვეს და რაკი ბარბაროსთა თავდასხმებისაგანაც თავშესაფარი სჭირდებოდა, რადამისტთან მივიდა. [რადამისტის] საჩუქრებით მოსყიდული თვითონვე არწმუნებს მიიღოს სამეფო ნიშნები და ამ მიღების დროს თვითონაც ესწრება, როგორც ხელისშემწყობი და [საქმის] თანამონაწილე. როცა ამის შესახებ საზიზღარი ხმა გავარდა რათა სხვა [რომაელებიც] პელიგნუსის მსგავსად არ მიეჩნიათ, გაგზავნეს ლეგატი ჰელვიდიუს პრისკუსი ლეგიონითურთ, რათა ვითარების შესაბამისად მოეგვარებინა საქმე. ამიტომ სასწრაფოდ გადალახა რა ტავროსის მთა, უფრო ზომიერი მოქმედებით, ვიდრე ძალით, უკვე ბევრი რამ გაარიგა, როცა უბრძანეს კვლავ სირიაში დაბრუნებულიყო, რათა პართების წინააღმდეგ ომი არ გამოეწვია.
50. ვინაიდან ვოლოგეზმა მიიჩნია, რომ დადგა ხელსაყრელი შემთხვევა არმენიის დასაპყრობად, რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნოდა, ახლა კი უპატიოსნოდ ჩაეგდო ხელთ უცხო მეფეს. ამიტომ მან შეკრიბა ჯარი და ემზადებოდა ტახტზე თავისი ძმის ტირიდატის[11] დასასმელად, რათა მისი სახლის არც ერთი წევრი არ დარჩენილიყო სამეფოს გარეშე. პართების შემოჭრის შემდგომ იბერები უბრძოლველად იქნენ განდევნილი და სომხეთის ქალაქები არტაქსატი და ტიგრანოკერტაც დამორჩილდნენ. შემდეგ სასტიკმა ზამთარმა, სურსათის ნაკლებობამ და ორივე ამ მიზეზის გამო მოდებულმა სენმა ვოლოგეზი იძულებული გახადა თავი დაენებებინა ახლა ამ საქმისათვის. დაცარიელებული არმენია კი კვლავ რადამისტმა დაიპყრო, კიდევ უფრო გამძვინვარებულმა [არმენიელებზე], როგორც განდგომილებზე, რომელთაც თუ [ხელსაყრელი] დრო დაუდგებოდათ, კვლავ აჯანყდებოდნენ.
მართლაც არმენიელებს, თუმცა მონობას ძალიან ნაჩვევთ, მოთმინების ფიალა აევსოთ და იარაღით შემოერტყნენ გარს მეფის სასახლეს.
51. რადამისტს ცხენების სისწრაფის გარდა სხვა აღარაფერი უშველიდა და ცოლითურთ კიდეც გაიქცა. მაგრამ მისი ფეხმძიმე მეუღლე პირველად თუ მაინც ასე თუ ისე იტანდა ჭენებით სიარულს მტრის შიშით და ქმრის სიყვარულით, მერმე შეუსვენებელი სირბილის გამო გულმუცელი და შიგნეული რომ ენჯღრეოდა, ევედრებოდა ქმარს, ტყვეობის სირცხვილისაგან პატიოსანი სიკვდილით დამიხსენიო. პირველად რადამისტი ეხვეოდა, იჭერდა და ამხნევებდა; ხან მის გულადობას ჰკვირობდა, ხან შიშისაგან სასო ეკვეთებოდა, რომ დავტოვო, სხვა ვინმეს არ ჩაუვარდეს ხელშიო. დაბოლოს სიყვარულით გახელებულმა და ბოროტმოქმედებაში არცთუ გამოუცდელმა იძრო მახვილი და [დასცა ქალს]; დაჭრილი არაქსის პირას მიათრია და მდინარეში ჩააგდო, რომ მისი გვამიც წყალს წაეღო. თვითონ თავქუდმოგლეჯით მიაშურებს იბერიას, მშობლიურ სამეფოს. ამასობაში ზენობიას (ასე ერქვა ქალს) წყნარ ყურეში შეამჩნევენ მწყემსები. იგი ჯერ კიდევ სუნთქავდა და სიცოცხლის აშკარა ნიშნებს ამჟღავნებდა. მისი ღირსეული გარეგნო- ბის მიხედვით ივარაუდეს, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო; შეუხვიეს ჭრილობა, შინაურული წამლებით უწამლეს და როცა მისი ვინაობა და ამბავი შეიტყვეს, ქალაქ არტაქსატს მიიყვანეს. იქიდან კი ხელისუფალთა ზრუნვით, ტირიდატს მიჰგვარეს, რომელმაც ალერსით მიიღო იგი, როგორც მის სამეფო ღირსებას შეეფერებოდა.
- ↑ ბოსფორის მეფის, მითრიდატე VII-ის ძალაუფლების დაკარგვისა და კოტისის გამეფების შესახებ ამბავი იყო „ანალების" დაკარგულ ნაწილში. ახ. წ. 49 წლის ამბები კი უფრო წინ, ანალების XII, 15 და შმდ. თავებში არის მოთხრობილი.
- ↑ ავლუს დიდიუს გალუსი, ახ. წ. 40 წ. ყოფილა მიზიის „ ლეგატუს პრო პრეტორე". მას ჩამოუგდია ტახტიდან მითრიდატე და მის მაგიერ დაუსვამს მისი ძმა, კოტისი. იგი წყაროებით ცნობილია, აგრეთვე, როგორც სიცილიისა და აზიის პროკონსული და ბრიტანეთის ლეგატი.
- ↑ იგულისხმება ახ. წ. 51 წ.
- ↑ ვოლოგეზი, ანუ ვალარშ I, ვონონ II-ის ძე. პართიაში მეფობდა დაახლოებით ახ. წ. 51-77 წლებში. მის შესახებ იხ. აგრეთვე დიონ კასიოსი, XII, 19
- ↑ რადამისტი — ფარსმან იბერთა მეფის უფროსი ძე. მას მარტო ტაციტუსი ახსენებს. შდრ. აგრეთვე, დიონ კასიოსი, XI, 6,6 სადაც. იბერიაში მომხდარ იმდროინ- დელ ამბებზეა კიდევ ლაპარაკი.
- ↑ გორნეა — ციხე-სიმაგრე, რომელსაც თანამედროვე გარნისთან აიგივებენ. იგი მდ. გარნი-ჩაის ხეობაში მდებარეობს და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ რომაული ხანის საინტერესო ნაგებობების ნაშთია მიკვლეული. ჩანს, ბუნებრივი მდებარეობითაც მაგარ ციხე-ქალაქს წარმოადგენდა.
- ↑ პოლიონს ამ სახელით დიონ კასიოსიც ახსენებს (XI, 6,6).
- ↑ კასპერიუსი მარტო ტაციტუსის თხზულებიდან არის ცნობილი ისტორიაში.
- ↑ უმიდიუს დურმიუს კვადრატუსი რომის იმპერატორის ლეგატად ყოფილა სირიაში დაახლოებით ახ. წ. 5I წლიდან 60 წლამდე.
- ↑ ხელშეკრულებათა დადების დროს სისხლის გამოშვებისა და ხელშეკრულების დამდებ მხარეთა წარმომადგენლების მიერ მათი შერევის ადათის შესახებ ჰეროდოტეც ლაპარაკობს, (IV, 70) ოღონდ კვითებთან კავშირში.
- ↑ ეს ტირიდატი მხოლოდ 66 წელს იქნა დამტკიცებული არმენიის ტახტზე ნერონის დროს. შდრ. აგრეთვე დიონ კასიოსი, XIII, 5,2
6. წლის დამლევს მოვიდა შემაშფოთებელი ამბავი, რომ პართელები კვლავ შეესივნენ არმენიას და მიიტაცეს. განდევნილ იქნა რადამისტი, რომელიც ხშირად იპყრობდა ხოლმე იქ სამეფო ძალაუფლებას და მერე გარბოდა; მაშინაც მიეტოვებინა ომი და მითქმა-მოთქმის მოყვარულ ქალაქში ყველა ცდილობდა მიმხვდარიყო — პრინცეპსი, რომელმაც ძლივს გადააბიჯა ჩვიდმეტ წელიწადს, როგორ შეძლებდა კისრად ედო ის მძიმე ტვირთი და თავი გაერთმია, რა საშველი უნდა ეძიათ მასში, ვინც დიაცის რჩევა-დარიგებას მისდევდა, ან კიდევ შესაძლებელი იყო თუ არა, რომ მოძღვართ[2] წარემართათ ბრძოლები, იერიშები ქალაქთა ასაღებად და ომთან დაკავშირებული სხვა საქმეები. მაგრამ ზოგნი ასეთ ვითარებას უმჯობესად შერაცხავენ იმასთან შედარებით, სიბერისა და სულმოკლეობის გამო დაუძლურებული კლავდიუსი რომ მოიწვიონ სამხედრო საქმეების საწარმოებლად და მონებისათვის ჩვეული ნებასურვილის დასამორჩილებლად; ხოლო ბურრუსი და სენეკა ცნობილი არიან დიდი გამოცდილებით. როგორ არ ეყოფა იმპერატორს სიმტკიცე, როცა თვრამეტი წლის გნეიუს პომპეიუსმა და ცხრამეტი წლის ოქტავიანუს კეისარმა სამოქალაქო ომები გადაიხადეთ უმაღლესი წოდებისა და პატივის პირობებში საქმეებს წარმართავენ უფრო ხშირად აუსპიციები[3] და განზრახვანი, ვიდრე შუბები და ხელები. რაკი პრინცეპსი უგულებელჰყოფს მოშურნეობას და სარდლად უმალ შეარჩევს შესანიშნავს, ვიდრე შეძლებულს, რომელსაც ძირს უმაგრებს მოსყიდვის გზით მოპოვებული გავლენა, — ცხადია, თავად დაამტკიცებს, პატიოსანი მეგობრები ჰყავს, თუ პირიქით.
7. სანამ ასეთ ამბებს ავრცელებენ, ნერონი ბრძანებს — უახლოეს პროვინციებში მოიძიონ ახალგაზრდები და გაგზავნონ აღმოსავლეთის ლეგიონების შესავსებად, თვით ლეგიონები კი არმენიასთან უფრო ახლოს იქმნენ განლაგებულნი; ორ ნაცად მეფეს — აგრიპას და ანტიოქუსს — სალაშქროდ უნდა მოემზადებინათ ჯარები, რომლებითაც პართელთა საზღვრებში შეიჭრებოდნენ, ამავე დროს ხიდები უნდა გადებულიყო მდინარე ევფრატზე; მცირე არმენიას არისტობულუსს გადასცემს, სოფენეს ოლქს — სოჰემუსს, თან სამეფო პატივს და ღირსებასაც ანიჭებს. დროზე გამოუჩნდა ვოლოგეზეს მეტოქე — ძეჲ ვარდანი; და განვიდნენ არმენიით პართელები, თითქოს ომი გადადესო.
8. ხოლო სენატში ყველაფერი მეტად გაზვიადებულ იქნა იმათი წინადადებების წყალობით, ვინც მოითხოვა პარაკლისები და იმ დღეებში — პრინცეპსის სატრიუმფოდ შემოსვა, რომ იგი შესულიყო ქალაქში ვითარცა ტრიუმფატორი, აგრეთვე მისი ქანდაკება, სიდიდით — შურისმაძიებელი მარსის ქანდაკების სწორი, დაედგათ მარსისავე ტაძარში. გარდა იმისა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მლიქვნელობა, უხაროდათ კიდევაც, რომ დომიციუს კორბულონი ჩაუყენა ჯარს სათავეში არმენიის შესანარჩუნებლად და, როგორც ჩანდა, გზა გაეხსნა ღირსებას. აღმოსავლეთის ჯარები იმგვარად გაანაწილეს, რომ მაშველი ძალის ნაწილი, ასევე ორი ლეგიონი დარჩენილიყო სირიის პროვინციაში მის ლეგატ ქვადრატუს უმიდიუსთან ერთად, კორბულონს ეყოლებოდა თანაბარი რაოდენობის მოქალაქეები და მოკავშირენი, ამავე დროს კაპადოკიაში მოზამთრე კოჰორტები და სხვა ნაწილები. მოკავშირე მეფეებს ებრძანათ დაჰმორჩილებოდნენ მას, ვისი დაქვემდებარებაც მიზანშეწონილი იქნებოდა ომის პირობების მიხედვით, მაგრამ თავიანთი განწყობილებით ისინი უფრო კორბულონისკენ იხრებოდნენ. იგი გაეშურა დიდების მოსაპოვებლად, რაც უძლიერესი იარაღია ახლად წამოწყებულ საქმეებში, და კილიკიის ქალაქ ეგეესთან შეხვდა ქვადრატუსს, რომელიც იქ ჩასულიყო, რათა კორბულონს, თუ ის სირიაში შევიდოდა ჯარების მისაღებად, საყოველთაო ყურადღება არ მიექცია, რადგან, ტანად გოლიათს, დიდებულ მჭევრმეტყველს, გამოცდილებასა და სიბრძნესთან ერთად გარეგნული ბრწყინვალებით ზემოქმედების დიდი ძალაც ჰქონდა.
9. ორივემ მოციქულები გაუგზავნა მეფე ვოლოგეზეს, რომ დაიყოლიონ — ზავი არჩიოს ომს, მძევლები გაიღოს და, წინამორბედთა ჩვეულებრისამებრ, პატივი არ მოუშალოს რომაელ ხალხს. ვოლოგეზეც [მძევლებად] გადასცემს მათ არსაკიდების გვარის უწარჩინებულეს პირებს, რათა ხელსაყრელ პირობებში მომზადებულიყო ომისათვის ან, შეიძლება, იმ მიზნით, რომ მეტოქეობაში ეჭვმიტანილნი თავიდან მოეშორებინა ვითარცა მძევალნი. მათ ჩაიბარებს უმიდიუსისგან გამოგზავნილი ცენტურიონი ინსტეიუსი, რომელიც საამისოდ პირველი მიდის მეფესთან. როცა ეს კორბულონმა შეიტყო, უბრძანა კოჰორტის პრეფექტს, არიუს ვარუსს წასულიყო და მძევლები წაერთმია. ამ მიზეზით პრეფექტსა და ცენტურიონს შორის აღძრული დავა უფრო დიდხანს რომ არ გაგრძელებულიყო გარეშეთა დასანახად, საქმის გადაწყვეტა მიენდოთ მძევლებსა დ ელჩებს, რომლებსაც ისინი მიჰყავდათ, და მათ წინ დააყენეს კორბულონი, ახლად შემოსილი დიდებით, როგორღაც მტრებსაც რომ იზიდავდა. აქედან წარმოიშვა უთანხმოება სარდლებს შორის: ერთი მხრივ, უმიდიუსი ეძიებს წართმეულს, — იმას, რაც თავისი კეთილგონიერების წყალობით განუხორციელებია, მეორე მხრივ, კორბულონი ამტკიცებს, რომ მეფეს მანამდე არ უფიქრია მძევლების გაღება, სანამ თვით მხედართმთავრად არჩეულმა კორბულონმა იმედი ძრწოლად არ შეუცვალა. მოწინააღმდეგეთა დასაზავებლად ნერონმა ბრძანა გამოეცხადებინათ სახალხოდ, რომ ქვადრატუსის და კორბულონის მიერ მოპოვებული გამარჯვებებისათვის საიმპერატორო ფასციებს დაფნაც ემატებოდა. აქ მე დავურთე, რაც სხვა კონსულების პერიოდზედაც ვრცელდებოდა[4].
34 ...არმენიაზე ბატონობისათვის დუნედ დაწყებული და მანამდე გაჭიანურებული ომი პართელებსა და რომაელებს შორის იმავე წლის დამდეგს გაცხარდა, რადგან, ერთი მხრივ, ვოლოგეზე ვერ დაუშვებდა, რომ მის ძმას — ტირიდატეს — ან დაეკარგა თავად ვოლოგეზესგან მიღებული სამეფო, ან ჰქონოდა როგორც უცხო ხელისუფლების მიერ ბოძებული სამფლობელო, ხოლო, მეორე მხრივ, კორბულონს მიაჩნდა, რომ უნდა დაებრუნებინა ის, რაიც ოდესღაც ლუკულუსმა და პომპეუსმა მოიპოვეს[5] — ასე მოითხოვდა რომაელი ხალხის სიდიადე და ღირსება. ამავე დროს უნდობლად განწყობილი არმენიელები ორივე ძალას უხმობდნენ, თანაც პართელებთან უფრო ახლოს მდგომნი ადგილმდებარეობით, ზნე-ჩვეულებათა მსგავსებით, მათთანვე აღრეულნი ქორწინებათა წყალობით, სწორედ პართელებისადმი დამონებისაკენ უფრო იხრებოდნენ თავისუფლების შეუცნობლად.
35. მაგრამ კორბულონისათვის უფრო სამძიმო იყო მხედართა სულმოკლეობის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიდრე მტერთა ვერაგობის დაძლევა, რადგან სირიიდან გადაყვანილი ლეგიონები, მოდუნებულნი ხანგრძლივი ზავის შედეგად, მოვალეობას მეტად უხალისოდ ასრულებდნენ. ცნობილია, რომ იმ ლაშქარში საკმაოდ იყვნენ ვეტერანები, რომლებიც სადარაჯოზე არ მდგარან არც დღისით, არც ღამით; სანგარსა და თხრილს ისე უყურებდნენ, როგორც არნახულსა და საკვირველს: უმუზარადოდ, უაბჯროდ იხდიდნენ სამხედრო სამსახურს ქალაქებში, მოკოპწიავენი და ხარბები, კორბულონმა გაუშვა ისინი, რომლებიც სიბერის ან სნეულების გამო დაძაბუნებულიყვნენ და შევსება მოითხოვა. შეკრიბეს ჯარი გალატიასა და კაპადოკიაში, აგრეთვე გერმანიიდან გადასროლილ იქნა ლეგიონი[6] მეშველი ცხენოსანი და ქვეითი ჯარებითურთ. მთელი ლაშქარი [ტყავის] კარვებში იდგა, თუმცა ისეთი მკაცრი ზამთარი იყო, რომ მიწაზე გადაკრული ყინულის აუყრელად ადგილი აღარსად ჩანდა კარვებისათვის. ყინვისაგან ბევრს დამზრალი ჰქონდა სხეულის ასონი, ზოგიც სადარაჯოზე დგომისას დაიხოცა. როგორც გადმოგვცემენ, ერთ მეომარს, რომელსაც ფიჩხის კონა მიჰქონდა, ისე გაეთოშა ხელები, რომ მკლავთაგან დასწყდა და ტვირთთან ერთად დასცვივდა, ფიჩხზე დაკრული. თავად კორბულონი, მსუბუქად ჩაცმული, თავშიშველი, მხედრებთან ერთად იყო ხშირად ომსა თუ შრომაში, თავგამოდებულთ ქებას ეტყოდა, უძლურთ ნუგეშს მისცემდა და ყველას მაგალითს უჩვენებდა. შემდეგ მრისხანება პოვა წამლად, რადგან ჰავისა და სამხედრო სამსახურის პირობათა სიმკაცრის გამო ბევრნი არ ემორჩილებოდნენ და გარბოდნენ. სხვა მხედართმთავართგან განსხვავებით, პირველად ჩადენილ შეცდომებსაც არ აპატიებდა ხოლმე; ბანაკიდან გაქცეული მეომარი მაშინვე თავით იხდიდა სასჯელს. ეს წესი სასარგებლო აღმოჩნდა და შემწყნარებლობაზე მეტად მოქმედებდა, რამდენადაც ამ სამხედრო ბანაკს უფრო ცოტანი ტოვებდნენ, ვიდრე იმ ბანაკებს, რომლებშიც მეომრებს ეპატიებოდათ.
36. კორბულონს ლეგიონები ბანაკში ჰყავდა, სანამ გაზაფხული ძალას შეიმატებდა; ამავე დროს მოხერხებულ ადგილებში განალაგებს მაშველ ძალთა კოჰორტებს და აფრთხილებს, არ გაბედონ, რომ პირველებმა დაიწყონ ბრძოლა. ამ დამცველი ჯარების მეთაურობას მიანდობს პაქციუს ორფიტუსს, უფროსი ცენტურიონის პატივის მქონეს. პაქციუსი სწერს, რომ ბარბაროსები არ ფრთხილობენ და ამით შემთხვევა ეძლევათ წარმატებით აწარმოონ ბრძოლა, მაგრამ იღებს ბრძანებას დარჩეს გამაგრებულ სადარაჯო პოსტებზე და უფრო მნიშვნელოვან ძალებს დაელოდოს. ბრძანება მაინც დარღვეულ იქნა: როცა პაქციუს ორფიტუსთან მცირერიცხოვანი ცხენოსანი რაზმები მოვიდნენ უახლოესი სიმაგრეებიდან და გამოუცდელობის გამო ბრძოლა მოითხოვეს, იგი შეება მტერს და დამარცხდა. მისი ზარალით თავზარდაცემული რაზმები, რომლებსაც დახმარების გაწევა ჰქონდათ დავალებული შეშფოთებით გარბოდნენ და თავთავიანთ ბანაკებში უკუიქცნენ. მძიმე იყო კორბულონისთვის ამის გაგება; ბრძანა გაკიცხული პაქციუსი, პრეფექტები და მეომრები სანგრებს გარეთ დაბანაკებულიყვნენ. ამგვარად შეურაცხყოფილებმა მხოლოდ მთელი ჯარის ვედრების შედეგად დააღწიეს თავი იმ დამცირებას.
37. ტირიდატეს მისმა ძმამ ვოლოგეზემაც დაუჭირა მხარი, იმათ გარდა, ვისაც თავად მფარველობდა [ტირიდატე] უკვე არა მალულად, არამედ აშკარად ესხმოდა თავს არმენიას და მოსვენებას არ აძლევდა; ვისაც კი იგულებდა ჩვენდამი ერთგულად, — სპობდა, თუ ჯარები წარემართებოდნენ მის წინააღმდეგ, გაურბოდა შეყრას. ხან ერთი მხრიდან წამოუქროლებდა, ხან — მეორიდან და დარხეული ხმები უფრო თავზარდამცემი იყო, ვიდრე ბრძოლა, ასე რომ კორბულონი დიდხანს ცდილობდა პირისპირ შებმას, მაგრამ ამაოდ. ხოლო, როცა იძულებული შეიქნა ყველა მიმართულებით განევითარებინა საომარი მოქმედება, მტრების მაგალითისამებრ, — ძალები იმგვარად გაანაწილა, რომ ლეგატები და პრეფექტები ერთდროულად შეჭრილიყვნენ სხვადასხვა მხარეში; ამასთან, მეფე ანტიოქუსს ჩააგონა ხელთ ეგდო ის პრეფექტურები, რომლებიც ახლოს იყვნენ მის სამფლობელოსთან. ფარასმანემ ხომ მოკლა ძეჲ, რადამისტი[7], გამცემი ვითომ, — რათა ამით დაედასტურებინა ჩვენდამი ერთგულება; მას შემდეგ უფრო ამწვავებდა ძველითგან მომდინარე მტრობასა და სიძულვილს არმენიელების მიმართ. პირველად მაშინ გადმოიბირეს მოსხები — ხალხი, რომელიც სხვებზე უმალ ერთგულ მოკავშირეობას უწევს რომაელებს. მოსხები არმენიის უვალი მხარეებისაკენ გაეშურნენ. ასე რომ ტირიდატეს გეგმები ეფუშებოდა; წარავლინა მოციქულები, რომლებიც თავად მისი და პართელების სახელით მოითხოვდნენ ახსნას. რატომ უნდა წართმეოდა [ვოლოგეზეს] არმენიის ძველი სამფლობელო, როცა ცოტ ხნის წინათ გასცა მან მძევლები[8] და განაახლეს მათ მეგობრობა, რომელიც თითქოს ასპარეზს გადაუშლიდა ახალ სასიკეთო საქმეებს. თავად ვოლოგეზეს აქამდე იმიტომ არ უმოქმედია, რომ მოლაპარაკება ერჩიათ ძალის გამოყენებას. ხოლო, თუ კორბულონი მაინც არ დაიშლიდა და ომში ჩაითრევდა, სიმამაცე ეყოფოდათ არსაკიდებს და ბედიც ნაცადი ჰქონდათ, რადგან უკვე მრავალგზის დაემარცხებინათ რომაელები. კორბულონმა კარგად იცის, რომ ვოლოგეზეს ჰირკანიის ჩამოშორება აკავებს და პასუხად ტირიდატეს არწმუნებს თხოვნით მიმართოს კეისარს: მას შეუძლია სამეფო ძალაუფლება მტკიცედ შეინარჩუნოს და სისხლის ღვრის გარეშე მოაგვაროს საქმე, თუ დათმობს შორეულ იმედს, რომელიც გვიანღა გაუმართლდება, და ეძიებს ნამდვილს, თანაც უმჯობესს.
38. ამის შემდეგ, რაკი მოციქულების მისვლა-მოსვლით ზავის დადება არ ხერხდებოდა, გადაწყდა დაენიშნათ დრო და ადგილი, რათა თავად მათ მოელაპარაკათ. ტირიდატე აცხადებდა რომ ათას ცხენოსანს იახლებდა მცველად; რამდენი მეომარი უნდა ჰხლებოდა კორბულონს და რომელი ჯარიდან, არ განუსაზღვრავს, ოღონდ ზავის ნიშნად და დასტურად მუზარადმოხდილნი უაბჯროდ უნდა მოსულიყვნენ. ყოველი მოკვდავი, მით უმეტეს გამოცდილი და წინდახედული სარდალი, ვერაგობას ადვილად მიუხვდებოდა ბარბაროსებს; ვერაგობის მიზეზით იყო, რომ მეომართა რიცხვი ერთი მხარისათვის მკაცრად ისაზღვრებოდა, ხოლო მეორეს ნება ეძლეოდა მეტი მეომარი წაეყვანა, რათა მახე დაჰგებოდათ. თუ ისრის ტყორცნაში ნაცად მხედრებს წინ დაუდგებიან უიარაღო ჯარისკაცები, სიმრავლე მათ ვეღარას უშველის. კორბულონმა მაინც არ შეიმჩნია გულისხმაში ჩავარდნა და უპასუხა, რომ უფრო სწორი იქნებოდა მთელი ჯარების თანდასწრებით განეხილათ ის, რაზედაც უნდა ემსჯელათ ვითარცა სახელმწიფო საქმეზე. შეარჩია ადგილი, რომლის ერთ მხარესაც აღმართულიყვნენ ბორცვები, კარგა დაფერდებულნი, ისე რომ ქვეითი ჯარი მოხერხებულად განლაგდებოდა, მეორე მხარეს კი ივაკებდა, ამდენად ეს ადგილი ხელსაყრელი იყო ცხენოსანი რაზმების გასაშლელად. დათქმულ დღეს კორბულონმა პირველმა დააწყო იქ ჯარები: ფრთებზე განალაგა მოკავშირეთა კოჰორტები და მეფეების მაშველი ძალები, შუაში — მეექვსე ლეგიონი, რომელსაც შეუერთა ღამით სხვა ბანაკიდან გამოწვეული სამი ათასი ჯარისკაცი მესამე ლეგიონისა, თანაც ერთი არწივით წარმოადგინა, თითქოს ერთი და იგივე ლეგიონი ყოფილიყოს. როცა უკვე საღამოვდებოდა, მოვიდა ტირიდატე და იმ სიშორეზე გაჩერდა, რომ მისი დანახვა უფრო შეიძლებოდა, ვიდრე მოსმენა. ამრიგად, რომაელი სარდალი ტირიდატეს არ შეხვედრია, ისე უბრძანა ჯარებს უკან დაბრუნებულიყვნენ თავ-თავიანთ ბანაკებში.
39. მეფეს ან ეჭვი ჰქონდა თვალთმაქცობაზე, რადგან ჯარი ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა მხარეს მიემართებოდა, ან იმ მიზნით წავიდა სწრაფად, რომ გზა გადაეკეტა ჩვენი სურსათისათვის, რომელსაც ვღებულობდით პონტოს ზღვით და ქალაქ ტრაპეზუნტიდან. მაგრამ ვერც სურსათის შესაწყვეტად იღონა რაიმე, რადგან ჩვენი ჯარების მიერ დაკავებულ მთებზე გადმოდიოდნენ და ისე მოჰქონდათ; კორბულონმა კი, რათა ფუჭი ომი აღარ გაეჭიანურებინა და არმენიელები იძულებულ გაეხადა თავდაცვაზე გადასულიყვნენ, ციხე-სიმაგრეთა განადგურება განიზრახა; თავად იმ პრეფექტურაში ყველაზე ძლიერ სიმაგრეს ირჩევს, ვოლანდუმად წოდებულს, ნაკლებად მნიშვნელოვან ციხეებს კი ანდობს ლეგატ კორნელიუს ფლაკუსს და ბანაკის პრეფექტს ინსტეიუს კაპიტონს. როცა ყოველმხრივ დაათვალიერებს სიმაგრეებს და წინასწარ აწონ-დაწონის ყველაფერს, რაც საჭიროა იერიშის მისატანად, მოუწოდებს მეომრებს განდევნონ ამ ადგილებიდან მტერი, რომელიც მერყევია და მოუმზადებელი როგორც ზავისთვის, ისე ბრძოლისათვის, ხოლო გაქცევით ააშკარავებს თავის მზაკვრობას და სულმოკლეობას, — ამასთან, ერთნაირად უნდა იზრუნონ დიდებისა და ნადავლისათვის. მაშინ ლაშქარს ოთხად ჰყოფს, მეომართა კუსებრი წყობით მიჯრილ რიგებს სანგრების გადასათხრელად წარმართავს, ზოგს კედლებთან კიბეების მიზიდვას უბრძანებს. დიდ ნაწილს კი ავალებს მუგუზლები და შუბები დააყარო6 მტერს სატყორცნი იარაღების საშუალებით. ადგილი მიუჩინა ქვისმსროლელთ და მეშურდულეებს, რომ შორით ეწარმოებინათ სროლა, რათა რომელიმე ნაწილს დახმარება ვეღარ გაეწია გაჭირვებაში მყოფთათვის, რაკი რომაელები ერთნაირად იმოქმედებდნენ ყოველი მხრიდან. მოლაშქრენი, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, იმდენად იყვნენ აღგზნებული, რომ მესამედი დღის განმავლობაში კედლები გაწმენდილ იქნა მცველთაგან, ჭიშკრებიდან გამოსასვლელი გზები დაუხშეს, მოახერხეს ასვლა და ხელთ იგდეს სიმაგრენი; მოწიფული — ყველა დახოცეს, თავად არც ერთი მეომარი არ დაუკარგავთ, რამდენიმე დაიჭრა მხოლოდ. ვისაც ომში ვერ გამოიყენებდნენ, მონებად გაყიდეს, დანარჩენი ნადავლი გამარჯვებულებს ხვდათ. ასევე წარმატებით სარგებლობდნენ ლეგატი და პრეფექტი; მას შემდეგ, რაც ერთ დღეში სამი ციხე-სიმაგრე აიღეს, სხვები უკეე დათმობაზე მიდიოდნენ, რადგან მცხოვრებლებს ეშინოდათ, დანარჩენი ციხე-სიმაგრენიც ხალხის სურვილის თანახმად ჰნებდებოდნენ. აქედან დაიბადა გაბედული ზრახვა ამ ქვეყნის დედაქალაქ არტაქსატაზე წასვლისა. უმოკლესი გზით მაინც არ წაუყვანია სარდალს ლეგიონები; ხიდით რომ გადაეყვანა მდინარე არაქსზე, რომელიც ქალაქის კედლებს რეცხავდა, მტრის დარტყმას მიიღებდნენ; ამიტომ შორს გავიდნენ და, სადაც მდინარე უფრო ფართო იყო, ფონით გადალახეს იგი.
40. ტირიდატეს სირცხვილი აწუხებდა და ეშინოდა, რომ, თუ მტრისაგან ალყის შემორტყმას დაუშვებდა, თავისი უძლურება არ ეჩვენებინა, ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევდა, თავად ცხენოსანი ჯარითურთ გაუვალ ადგილებში არ გახლართულიყო; ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა ლაშქარი გამოეყვანა და დანიშნულ დღეს ბრძოლა დაეწყო ან, ვითომ ლტოლვილს, დრო ეხელთა მტრის ხიფათში გასაბმელად. და ასე უეცრად გარს შემოერტყა რომაელთა ჯარს, თუმცა მოუმზადებელი არ დაჰხვედრია ჩვენი მხედართმთავარი, რომელსაც სამგზავროდ და ამავე დროს ბრძოლისათვის დაეწყო ლაშქარი. მარჯვენა მხარეს მესამე ლეგიონი მიდიოდა, მარცხნივ — მეექვსე, შუაში — მეათე ლეგიონის რჩეული ჯარისკაცი; მოლაშქრეთა რიგებს აღალს ჰქონდა გზა მიცემული, ზურგს კი ათასი ცხენოსანი იფარავდა, რომლებსაც ებრძანათ მომხვდურთათვის ხელჩართული ბრძოლა გაემართათ, მაგრამ გაქცეულებს არ დასდევნებოდნენ. ფრთებზე განლაგებული იყვნენ ქვეითად მავალი მშვილდოსნები და ცხენოსანთა დანარჩენი რაზმები; მარცხენა ფრთა უფრო შორამდე იშლებოდა ბორცვების ძირას, რომ მტრის კვეთების შემთხვევაში ერთდროულად შეეტიათ წინიდანაც და გვერდიდანაც. ტირიდატე მიუხდებოდა ხოლმე მოწინააღმდეგეს, მხოლოდ იმდენად უახლოვდებოდა, რომ ნატყორცნი ისარი იქამდე ვერ მიაღწევდა, მაგრამ ხან ემუქრებოდა, ხან თავს ისე აჩვენებდა, თითქოს ეშინოდა, რათა შესაძლებლობა მისცემოდა დაერღვია რომაელთა რიგები და ნაწილ-ნაწილ ეოტებინა. როცა უკვე მწუხრი ახლოვდებოდა, ტირიდატე წავიდა, რადგან რომაელები წინდაუხედავობით არ მოდუნებულან და არც გაფანტულან; ცხენოსანთა დეკურიონის მეტს არავის წაუწევია წინ, ის კი, მეტად უშიშარი, ისრებით იქნა განგმირული და თავისი მაგალითით სხვებს მორჩილება განუმტკიცა.
41. კორბულონმა იმ ადგილას გაშალა ბანაკი, თან ფიქრობდა, ღამით ხომ არ წაეყვანა საბრძოლოდ მომზადებული ლეგიონები არტაქსატაზე და ალყაში ხომ არ მოექცია. რაკი, მისი აზრით, ტირიდატე იქით წავიდა. შემდეგ, როცა მზვერავებმა აცნობეს მეფის შორეული ლაშქრობის ამბავი, ხოლო მედიელებს ემუქრებოდა იგი თუ ალბანელებს, გაურკვეველი იყო, კორბულონი გათენებას დაელოდა, მერე კი წინასწარ გაგზავნა მსუბუქად შეიარაღებული ჯარი, რომელიც კედლებს გარს შემოევლებოდა და შორიდან დაიწყებდა იერიშს. მაგრამ მოქალაქეებმა ჭიშკარი ნებით გაუღეს, თავად ჩაბარდნენ რომაელებს და თავიანთი ქონებაც მათვე გადასცეს, — ამან იხსნა ქალაქის მცხოვრებნი; არტაქსატა ცეცხლს მივეცით, განადგურდა და მიწასთან იქნა გასწორებული, რადგან ძლიერი ჯარის ჩაუყენებლად, მაშინ როდესაც სიმაგრეებს დიდი ადგილი ეკავათ. შეუძლებელი იყო ქალაქის შენარჩუნება, ხოლო ჩვენ ძალები არ გვყოფნიდა საიმისოდ, რომ გაგვენაწილებინა დაცვის გასამაგრებლად და ომის საწარმოებლად, — თუ კიდევ მეციხოვნეთა გარეშე ხელუხლებლად დავტოვებდით არტაქსატას, ვერავითარ სარგებლობას ვერ ვნახავდით და ვერც დიდებას მოვიხვეჭდით იმით, რომ ხელთ ვიგდეთ ქალაქი. ამას ზედ დაერთო თითქოს ღმერთების ნებით მოვლენილი სასწაული: არტაქსატის კედლებს გარეთ ყველაფერი განათებული იყო მზით, ხოლო ზღუდეშემოვლებული ადგილი უეცრად ისე დაიფარა ღრუბლით და გამოეყო აელვარებულ სივრცეს, რომ იწამეს, თითქოს ღმერთების მტრული განწყობის გამო ქალაქი დასაღუპად იყო განწირული.
ყოველივე ამის წყალობით აღიარებულ იქნა იმპერატორი ნერონი, რომელსაც მიესალმა ჯარი; სენატის დადგენილებით, სუპლიკაციები მოეწყო, აღმართეს ქანდაკებანი და თაღი, პრინცეპსს კონსულობა ელოდა, დღესასწაულად უნდა შეერაცხათ ის დღე, როცა გამარჯვება მოიპოვეს, აგრეთვე — რა დღითაც ამცნეს და რა დღითაც გამოცხადდა მის შესახებ; სხვა ამგვარი გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული და ისინი იმდენად სცილდებოდნენ ზომიერების ფარგლებს, რომ გაიუს კასიუსმა, რომელიც დანარჩენ პატივთა მიზღვაზე თანახმა იყო, აღნიშნა, თუ ბედის წყალობისათვის ღმერთებს შესწირავდნენ მადლს, მთელი წელიწადიც კი არ ეყოფოდათ სუპლიკაციებისათვის, რის გამოც უნდა განესხვავებინათ საუქმო და სადაგი დღეები, როცა ღვთისმსახურებას აღასრულებდნენ და ადამიანურ საქმეებშიც ხელი არ შეეშლებოდათ.
- ↑ ამ წიგნში მოცემულია 54-58 წლების ამბები.
- ↑ 49 წელს ნერონის აღმზრდელად დაინიშნა სენეკა, რომელიც დაბრუნდა მაშინ გადასახლებიდან.
- ↑ აქ — ღმერთების კეთილგანწყობა იმპერატორის, როგორც მხედართმთავრის მიმართ.
- ↑ ე. ი. მომდევნო, 55 წლის კონსულების პერიოდზე.
- ↑ მითრიდატე ევპატორთან III ომის დროს (ძვ. წ. 74-65 წწ-ში).
- ↑ XII ლეგიონი, რომელიც ადრე სირიაში იყო, შემდეგ მონაწილეობდა ბრიტანეთის ექსპედიციაში, ხოლო ბოლოს მდ. რაინის ნაპირებზე იყო დაბანაკებული.
- ↑ რადამისტის მოკვლევინება, როგორც ჩანს, რომაელი სარდლის, კორბულონის მიერ პართელებზე გალაშქრებაზე ადრე, ე. ი. ახ. წ. 58 წ-ზე უწინ უნდა მომხარიყო.
- ↑ ამის შესახებ იხ. XIII წიგნის მეცხრე თავი.
წიგნი XIV
[edit]23. მას შემდეგ, რაც არტაქსატა განადგურებულ იქნა[1], კორბულონმა გადაწყვიტა ესარგებლა შიშის ზარით, რომელმაც ახლად მოიცვა მოწინააღმდეგე, და დაეპყრო ტიგრანოკერტა: მისი მოსრვითა და განადგურებით მტრებს კიდევ უფრო შეაძრწუნებდა ან, დანდობის შემთხვევაში, გულმოწყალე მბრძანებლის სახელს განიგდებდა. იქით მიიწევს ისე, რომ თავდასხმებს არ აწყობს, რათა შეწყნარების იმედი არ წაერთვათ, მაგრამ არც სიფხიზლეს კარგავს, რადგან იცნობს ამ ხალხს, რომელსაც ორპირობა სჩვევია და იმდენადვე მძიმეა საფრთხეში, რამდენადაც გაუტანელი — ბედკეთილობის ჟამს. ბარბაროსთაგან, თავ-თავიანთი ხასიათის და ზნე-ჩვეულებების შესაბამისად, ზოგნი ვედრებით მიმართავენ, ზოგნიც ტოვებენ სოფლებს და უდაბური ადგილებისაკენ მიილტვიან; იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც უძვირფასესი ნივთები თან წაიღეს და გამოქვაბულებს შეაფარეს თავი. ამდენად, რომაელი სარდალიც სხვადასხვა ხერხს ხმარობდა: შემწყნარებელი იყო მავედრებელთა მიმართ, სწრაფად აოტებდა დევნილთ, ულმობლად უსწორდებოდა მათ, ვინც თავშესაფრებში ჩაიკეტებოდნენ: გამოქვაბულთა შესასვლელ-გასასვლელს ფიჩხით ამოავსებდა ხოლმე და ცეცხლში დანთქამდა. ხოლო მარდთა საზღვრების ახლოს რომ მიემართებოდა, მას თავს დაესხნენ თარეშსა და რბევაში გაწვრთნილი მარდები, რომლებსაც მთები იცავდნენ შემოსევისაგან: კორბულონმა იბერები მიუშვა მათ წინააღმდეგ, გააცამტვერა მტერი და მის სითამამეზე უცხო სისხლით იძია შური.
24. თუმცა თავად მას და ლაშქარს არავითარი ზიანი არ განუცდიათ ბრძოლისაგან, მაინც ილაჯი გაუწყდათ გაჭირვებისა და დიდი სიძნელეების გამო იძულებულნი იყვნენ მარტოოდენ ხორცით მოეკლათ შიმშილი; ამასთა6 უწყლობა, ზაფხულის ხვატი, შორი გზების გადალახვა — უმსუბუქდებოდათ მხოლოდ სარდლის მოთმინების წყალობით, — სარდლისა, რომელიც უბრალო ჯარისკაცის გასაჭირს და კიდევ მეტსაც ითმენდა. შემდეგ დასახლებულ მხარეს მიადგნენ და მოსავალი აიღეს. ორი ციხე-სიმაგრიდან, სადაც არმენიელებს შეეფარებინათ თავი, ერთზე იერიში მიიტანეს და ხელთ იგდეს; ისინი, რომლებმაც პირველი შეტევა მოიგერიეს, ალყაში იქნენ მომწყვდეულნი. აქედან ტავრანიტების ქვეყანაში გადასული კორბულონი მოულოდნელ საფრთხეს გადაურჩა: მისი კარვის ახლოს ნახეს შუბოსანი ბარბაროსი, წარჩინებული გვარისა, და წამებით გაამჟღავნებინეს ბარბაროსების მიერ მოწყობილი მზაკვრობა, მან იკისრა შეთქმულების მოთავეობა და მოკავშირეებიც გასცა. მხილებულ იქნენ და დაისაჯნენ მახის დამგებნი, რომლებსაც მეგობრობის ნიღაბი ჰქონდათ აფარებული. მცირე ხნის შემდეგ ტიგრანოკერტიდან გამოგზავნილი ელჩები აუწყებენ, რომ ციხე-ქალაქის კარები გახსნილია და მოქალაქენი მზად არიან ბრძანებათა შესასრულებლად. ამასთან, ელჩებმა ოქროს გვირგვინი მოართვეს ვითარცა სამასპინძლო ძღვენი. პატივისცემით მიიღო კორბულონმა, არც რაიმე ზიანი მიუყენებია ქალაქისათვის, რათა უვნებლად დაცულ მოქალაქეებს მით უფრო ერთგულად შეენახათ მორჩილების გრძნობა.
25. ლეგერდის ციხე-სიმაგრე, რომელშიც ჩაიკეტა შეუპოვარი ახალგაზრდობა, უბრძოლველად არ აუღიათ; მეციხოვნეებმა ციხის კედლების წინ შებმაც გაუბედეს და, სიმაგრეში უკუქცეულთ, მაშინღა დაყარეს იარაღი, როცა მოლაშქრენი შიგ შეიჭრნენ და შეუტიეს; ეს კი შედარებით ადვილად მოხერხდა იმის გამო, რომ პართელები ჰირკანებთან ომში იყვნენ ჩაბმულნი. ჰირკანებმა მოციქულები გაუგზავნეს რომაელ პრინცეპსს მოკავშირეობის სათხოვნელად, თან უთითებდნენ, რომ თავად ისინი მეგობრობის საწინდრად აკავებდნენ ვოლოგეზეს. უკან მიმავალ მოციქულებს კორბულონმა მცველები აახლა, რომლებმაც წითელი ზღვის ნაპირებამდე ჩაიყვანეს, რათა ევფრატის გადალახვის შემდეგ მტრის მოდარაჯე რაზმებს არ შეეპყროთ. მერე კი, თავი დააღწიეს რა პართელთა საზღვრებს, მშობლიურ ადგილსამყოფელს დაუბრუნდნენ.
26. როცა ტირიდატე მედების მიწაწყლის გავლით არმენიის მოსაზღვრე მხარეებში შეიჭრა, წინასწარ გაგზავნილ იქნა ლეგატი ვერულანუსი მაშველ ჯარებთან ერთად, თავად კორბულონიც გაეშურა ლეგიონებითურთ და აიძულა ტირიდატე შორს გასცლოდა, ომის იმედგადაწყვეტილი. ვისზედაც კი შეიტყო, როგმ მტრულად იყო განწყობილი ჩვენდამი, [კორბულონმა] ყველანი ცეცხლითა და მახვილით აღგავა პირისაგან მიწისა და არმენიის სამფლობელო ხელთ ეპყრა, როცა მოვიდა ტიგრანი, ნერონისაგან გამორჩეული — ძალაუფლების დასაპყრობად, კაპადოკიელ წარჩინებულთაგანი, მეფე არქელაუსის შთამომავალი, მაგრამ დიდხანს მძევლად ნამყოფი რომში და ამის გამო დამდაბლებული მონურ ქედმოხრილობამდე. ერთპირობით არ მიუღიათ იგი, რადგან ზოგი კვლავ დიდად თანაუგრძნობდა არსაკიდებს, ხოლო უმეტესთ, მოძულეებს პართელთა მზვაობრობისა, რომაელებისაგან გამოგზავნილი მეფე ერჩიათ. აახლეს მცველებიც — ათასი ლეგიონერი, მოკავშირეთა სამი კოჰორტა და ორი ცხენოსანი რაზმი, რომელიც ლეგიონის ფრთებს დაიფარავდა. ამასთან, ტიგრანს რომ უფრო ადვილად შეენარჩუნებინა ახლად მიღებული სამეფო ტახტი, ნაბრძანები იყო არმენიის გარკვეული ნაწილები დამორჩილებოდნენ ფარასმანეს, პოლემონს, არისტობულუსს და ანტიოქუსს იმის მიხედვით, თუ ვის სამფლობელოს ესაზღვრებოდნენ. კორბულონი წავიდა სირიაში, რომელიც ლეგატ უმიდიუსის სიკვდილის შემდეგ უგამგებლოდ დარჩა და მას ჩააბარეს.
27. იმავე წელს აზიის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ქალაქი ლაოდიკეა მიწისძვრის შედეგად განადგურდა და ჩვენგან სრულიად დამოუკიდებლად საკუთარი ძალებით აღდგა.
- ↑ 23-26 თავებში მოთხრობილია 59-60 წლების ამბავი.
წიგნი XV
[edit]1. როცა პართელთა მეფემ — ვოლოგეზემ — შეიტყო კორბულონის საქმენი, შეიტყო, რომ არმენიის მეფედ დასვეს უცხოქვეყნელი ტიგრანი და განდევნილ იქნა მისი ძმა — ტირიდატე, წასვლა ინება არსაკიდთა შეურაცხყოფილი ღირსებისათვის შურისსაძიებლად, მაგრამ თან ყოყმანობდა, რადგან იმხანად რომი ხელახლა გაძლიერდა და სამუდამო ხელშეკრულების დარღვევა საფრთხილო იყო, — ასე რომ სხვადასხვა საზრუნავი აწუხებდა ვოლოგეზეს, ბუნებით ფრთხილს და ხანგრძლივი ომით შებოჭილს ძლიერი ტომის — ჰირკანების — ჩამოშორების შემდეგ. ამგვარად გაორებული, გარდამეტებით ააღელვა უპატიობისა და შეურაცხყოფის ახალმა ცნობამ: არმენიის საზღვრებიდან გამოსულმა ტიგრანმა მეზობელი ხალხი — ადიაბენები — გაანადგურა. ეს თავდასხმა ყაჩაღურ რბევასა და თარეშთან შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიაზე მოხდა და მეტ ხანს გასტანა. მძიმედ განიცდიდნენ დიდგვაროვანნი: უპატიობამ იქამდის მიაღწია, რომ თავს ესხმოდნენ და შემოსეულთ არამცთუ რომაელი სარდალი არ უძღოდათ წინ, არამედ ახირება ამოქმედებდათ მძევლისა, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მონურ საკუთრებას შეადგენდა. წარჩინებულთა მწუხარებას ამძაფრებდა მონაბაზუსი, რომლის ხელშიც იყო ადიაბენთა გამგებლობა: იგი ეძიებდა, რა დახმარებას გაუწევდნენ ან საიდან; არმენია უკვე დათმეს, უახლოეს ქვეყნებსაც იტაცებს მტერი და, თუ პართელები არ დაიცავენ, — რომაელთა მონობა ნებით დამორჩილებულთ უფრო ეადვილებათ, ვიდრე დაპყრობილთ. დიდგვაროვანთ კიდევ უფრო მძიმე ტვირთად ეწვათ სამეფოდან დევნილი ტირიდატე, მდუმარე ან მორიდებულად მოჩივარი: დიდი სახელმწიფოები ხომ ვერ ძლებენ უმოქმედოდ; ვაჟკაცთა და მეომართა საქმეა ბრძოლა; ღირსებისა და პატივის უმაღლეს საფეხურზე ის უფრო სამართლიანია, რასაც მეტი ძალა აქვს; ქება შეჰფერის კერძო სახლს, როცა იგი თავისას იცავს, ხოლო სამეფო სასახლე სადიდებელია მაშინ, როცა იბრძვის სხვათა სიმდიდრის მოსაპოვებლად.
2. ამით წაქეზებული ვოლოგეზე თათბირს მოიწვევს, ტირიდატეს გვერდით მოისვამს და შემდეგი სიტყვებით იწყებს: „აჰა, მამის ჩემისგან ჩემთანავე შობილს, რაკი მან უმაღლესი ღირსება დამითმო უმრწემესობით. მივეც არმენიის სამფლობელო; ეს ძალაუფლების მესამე საფეხურად ითვლება, რადგან მედებს უფრო ადრე დაეპატრონა პაკორუსი. ასე წარმოვდექ: ძმათა ძველი მტრობისა და ურთიერთშეტაკებების წინააღმდეგ[1], შესაფერისად ვაამე ჩვენი სახლობის მფარველ ღმერთებს. რომაელები წინ გვეღობებიან, მაგრამ ზავი დარღვეულია არა მათდა სასიკეთოდ, სრულიადაც არა, კვლავ თავიანთი თავის დასაღუპად არღვევენ მას. არ დავიწყებ უარყოფას: ვამჯობინე წინაპართა მონაპოვარი უფრო სამართლიანობით დამეცვა, ვიდრე სისხლით, უფრო სამართლის ძალით შემენარჩუნებინა, ვიდრე იარაღით, თუ დაყოვნებით დავაშავე, სიმამაცით გამოვისყიდი. ხოლო თქვენი ძალა და დიდება მოუკლებელია, ამას ემატება კეთილგონიერებითა და თავდაჭერილობით მოპოვებული სახელიც, მოკვდავთა შორის უმაღლესი მბრძანებლებისაგანაც რომ არ არის უარსაყოფი და ღმერთებიც რომ აფასებენ დიდად". მაშინ დიადემა შემოახვია თავზე ტირიდატეს, საბრძოლოდ მომზადებული ცხენოსანთა რაზმი, რომელიც, ჩვეულებრივ, განუშორებლად თან ახლდა მეფეს, ჩააბარა წარჩინებულ კაცს — მონეზეს, შეუერთა ადიაბენების მაშველი ძალებიც და მიანდო ტიგრანის განდევნა არმენიიდან, სანამ თავად ბოლოს მოუღებდა ჰირკანებთან უთანხმოებას, აამოქმედებდა ძირითად ძალებს, უზარმაზარ ლაშქარს — და საფრთხეს შეუქმნიდა რომაელთა პროვინციებს.
3. როცა ეს სარწმუნო ცნობების საშუალებით კორბულონს ეუწყა, ტიგრანის დასახმარებლად გაგზავნა ორი ლეგიონი ვერულანუს სევერუსის და ვეტციუს ბოლანუსის წინამძღოლობით და საიდუმლოდ დაავალა საერთოდ უფრო მშვიდად ემოქმედათ, და არა აჩქარებით, რადგან საომარ ვითარებაში ყოფნას არჩევდა ომის წარმოებას; კეისარს კი მისწერა, რომ საჭირო იყო იშვიათი სარდალი, რომელიც არმენიას დაიცავდა: ვოლოგეზეს შეჭრა სირიაში ამ ქვეყანას უფრო მძიმე საფრთხეს უქმნიდა. ამასობაში დანარჩენ ლეგიონებს ევფრატის ნაპირას განალაგებს, პროვინციების მცხოვრებთაგან სახელდახელოდ შეყრილ ჯარს საჭურველს აასხამს და დამცველი რაზმებით მტრის თავდასხმებს მოიგერიებს. რადგან ეს ქვეყანა უწყლოა, გასამაგრებლად წყაროების ახლოს მდებარე ადგილებს ირჩევს; ზოგ ნაკადულში ქვიშას ჩაყრის და მით დაფარავს წყალს.
4. სანამ კორბულონი თადარიგს იჭერს სირიის დასაცავად, მონეზეს სწრაფად მიჰყავს წინ ლაშქარი და იმისათვის, რომ თავისსავე ამბავს დაასწროს, ეკვეთება ტიგრანს, მაგრამ [ტიგრანი] მაინც უფრო ადრე იღებს ცნობას მოსალოდნელი შეტაკების შესახებ და წინდახედულად იქცევა; იკავებს ტიგრანოკერტას. ეს ძლიერ გამაგრებული ქალაქია, რადგან მრავალი მცველი ჰყავს და მაღალი კედლები იფარავს; ამასთან სიმაგრეთა ერთ ნაწილს გარს უვლის სიგანით არც თუ მცირე მდინარე ნიკეფორიუსი, იქ კი, სადაც მდინარის საფარი სანდო არ არის, უშველებელი თხრილია გაყვანილი. ქალაქში იმყოფებოდნენ მეომრები, ადრევე მოემარაგებინათ სურსათი, რომლის მოზიდვის დროსაც რამდენიმე ჯარისკაცმა სხვებთან შედარებით უფრო გახარბებულად წაიწია წინ და მოულოდნელად მტრებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, — ამის გამო დანარჩენები უფრო რისხვამ მოიცვა, ვიდრე ძრწოლამ. მაგრამ პართელს ალყის პირობებისათვის სრულიადაც არ ჰყოფნის გაბედულება ხელჩართულ ბრძოლებში: იშვიათად გასროლილი ისრებით ვერც საფარში მყოფთ აშინებს, თავსაც იტყუებს ამაოდ. როცა ადიაბენებმა კიბეებისა და საალყო მანქანების ახლოს მოზიდვა იწყეს, ადვილად ოტებულ იქნენ, მერე კი ჩვენები ერთბაშად თავს დაესხნენ და გაჟლიტეს.
5. მაგრამ კორბულონი, წარმატებათა მიუხედავად, ფიქრობდა ზომიერად მიეღო ბედის წყალობა; მან ვოლოგეზესთან გაგზავნა კაცნი, რომლებსაც ახსნა უნდა მოეთხოვათ: რატომ შევიდნენ ჯარები პროვინციაში და რატომ შემოერტყნენ გარს მოკავშირე და მეგობარ მეფეს, მასთან რომაელთა კოჰორტებს. ვოლოგეზეს უჯობს მოხსნას ალყა, თორემ თავად კორბულონი დაიბანაკებს მტრის მიწაწყალზე. ამ დავალებით ელჩად გაგზავნილი ცენტურიონი კასპერიუსი მეფეს შეხვდა ქალაქ ნიზიბისთან, ოცდაჩვიდმეტი ათასი ნაბიჯით რომ იყო დაშორებული ტიგრანოკერტიდან და ქედმაღლურად გადასცა დანაბარები. ვოლოგეზეს ძველიდანვე ღრმად ჰქონდა ჩაბეჭდილი მორიდებოდა რომაელებთან ბრძოლას, არც საქმე მიდიოდა მისდა სასიკეთოდ. ალყას აზრი დაეკარგა, ტიგრანი ჯარითა და სურსათით უზრუნველყოფილი იყო, მოიერიშენი აოტეს, ლეგიონები გაგზავნეს არმენიაში, სხვები კი სირიის საზღვრებთან იდგნენ მომზადებულნი შემოსევისათვის; ცხენოსან ჯარს, რომელიც თავად მას ახლდა, ძალა გამოელია საკვების ნაკლებობისაგან, რადგან დიდძალი კალია გაჩნდა და აღარ იპოვებოდა აღარც ბალახი, აღარც ფოთლეული. ვოლოგეზეც ფარული შიშის გამო მეტ სირბილეს იჩენს და პასუხად ჰპირდება, რომ ელჩებს გაგზავნის რომის იმპერატორთან არმენიის მოთხოვნისა და ზავის განმტკიცების თაობაზე, მონეზეს უბრძანებს დატოვოს ტიგრანოკერტა, თავადაც უკან იხევს.
6. ბევრნი ამას აფასებდნენ როგორც მეფის შიშისა და კორბულონის მუქარის შედეგს და მეტად აზვიადებდნენ. სხვებს კი საიდუმლო შეთქმულებად მიაჩნდათ, თითქოს განზრახული იყო — რაკი ორივე მხარე უარს იტყოდა ომზე და ვოლოგეზე წავიდოდა, ტიგრანსაც დაეტოვებინა არმენია. მაშ რატომ იქნა გამოყვანილი რომაელთა ჯარი ტიგრანოკერტიდან? მშვიდობიანობის დროს რაღად დათმეს ის, რაც ბრძოლით დაიცვეს? იქნებ კაპადოკიის განაპირა მხარეს სახელდახელოდ აგებულ ქოხმახებში დაზამთრება ჯობდა ეხლახან კვლავ შენარჩუნებული სამეფოს სატახტო ქალაქში დგომას? ომი უთუოდ იმისათვის გადაიდო, რომ ვოლოგეზეს ვინმე სხვასთან ებრძოლა, ოღონდაც არა კორბულონთან, და რომ კორბულონს საფრთხეში არ ჩაეგდო თავისი დიდება, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში იხვეჭდა. დიაღ, როგორც მოგახსენეთ, არმენიის დასაცავად განსაკუთრებული სარდალი მოითხოვა და ამბობდნენ, რომ მიდიოდა ცეზენიუს პეტუსი. უკვე იქ იმყოფებოდა, როცა ჯარები გაანაწილეს: მეოთხე და მეთორმეტე ლეგიონები, აგრეთვე მეხუთე, რომელიც მეზიელების ქვეყნიდან ახლად იყო გამოწვეული, პონტოს, გალატელთა და კაპადოკიელთა მაშველ ძალებთან ერთად ექვემდებარებოდნენ პეტუსს, ხოლო მესამე, მეექვსე და მეათე ლეგიონები და ის ნაწილები, რომლებიც იმთავითვე სირიაში იდგნენ, კორბულონთან უნდა დარჩენილიყვნენ; სხვანი გაერთიანდებოდნენ ან დანაწილდებოდნენ იმის მიხედვით, თუ როგორ მოითხოვდა საქმის ვითარება. მაგრამ კორბულონი ვერ ითმენდა მეტოქეს; პეტუსი, ვის სადიდებლადაც საკმარისი იქნებოდა უახლოესი ყოფილიყო კორბულონისა, არად აგდებდა მის საქმეებს და ამბობდა ხოლმე, თითქოს არც მტერი გაეჟლიტოთ, არც ნადავლი ეგდოთ ხელთ და ქალაქთა იერიშით აღებაც ფუჭი სიტყვები ყოფილიყოს მხოლოდ; თავად კი დახარკავს დამარცხებულებს, კანონებსაც დაუდგენს და მეფის ჩრდილის ნაცვლად რომაელთა ძალაუფლებასაც აჩვენებს.
7. სწორედ იმ დროისათვის ვოლოგეზეს ელჩები, რომლებიც გაგზავნილ იქნენ პრინცეპსთან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, — უკან დაბრუნდნენ ხელმოცარულნი და პართელებმა აშკარად დაიწყეს ომი. არც პეტუსმა დაიჭირა შორს; ორი ლეგიონით, რომელთაგან მეოთხეს იმ დროს ფუნიზულანუს ვეტონიანუსი ედგა სათავეში, ხოლო მეთორმეტეს — კალავიუს საბინუსი, პეტუსი არმენიაში შევიდა, თუმცა ავად ენიშნა წინასწარ; ევფრატის გადალახვისას, ხიდზე რომ გადადიოდნენ, ცხენი, რომლითაც მიჰქონდათ საკონსულო ღირსების ნიშნები, ცხადლივ უმიზეზოდ დაფრთხა და უკან გაიჭრა. როცა საზამთროდ ბანაკს ამაგრებდნენ, სამსხვერპლო ცხოველიც იქვე ჰყავდათ და, ნახევრად რომ გაამაგრეს ბანაკი, სირბილით გაექანა და სანგარს გასცდა; მეომართა შუბები კი აღენთნენ, რაც უფრო ნიშნეულად მომასწავებელი იყო, რადგან მოწინააღმდეგე პართელი სატყორცნი შუბებით შეუტევდა მათ.
8. მაგრამ პეტუსმა, რომელიც სასწაულებს აგდებულად უყურებდა და რომელსაც ჯერ არც საზამთრო ბანაკი გაემაგრებინა შესაფერისად, არც სურსათი ჰქონდა მომარაგებული, სწრაფად გადაიყვანა ჯარი ტავრის მთებზე. რათა, როგორც ამბობდა, კვლავ ხელთ ეგდო ტიგრანოკერტა და გაეპარტახებინა ქვეყნები, რომლებიც კორბულონმა ხელუხლებლად დატოვა. დაიპყრეს ზოგიერთი ციხე-სიმაგრე. ეს გარემოება კი უმნიშვნელო არ ყოფილა დიდებისა და ნადავლის მოსახვეჭად, ან დიდება რომ ეძია ზომიერად ან კიდევ ნადავლზე ეზრუნა: შორი გზების გავლით მოიარა ის ადგილები, რომელთა შენარჩუნებაც შეუძლებელი იყო. ამასთან, გაუფუჭდა მოპოვებული სურსათი და, რაკი ზამთარიც უკვე კარზე იდგა, ჯარი უკან წაიყვანა, ხოლო კეისართან გასაგზავნად დიდებული, ოღონდ ცარიელი სიტყვებით შეთხზა წერილი, თითქოს ომი კარგად დამთავრებულიყოს.
9. ამასობაში კორბულონმა უფრო გაახშირა მცველები და სადარაჯოები ევფრატის სანაპიროზე, რომელიც არასოდეს დაუტოვებია უყურადღებოდ. გარდა ამისა, მტრის ცხენოსან რაზმებს ხელი რომ არ შეეშალათ ხიდის აგებაში (რადგან გაღმით მოსაზღვრე ველებზე მოწინააღმდეგენი უკვე დაჰქროდნენ მოზრდილი რაზმების სახით), მდინარეზე დაძრა ყველაზე დიდი, მორებით ერთმანეთთან დაკავშირებული ხომალდები ზედ აღმართული კოშკებითურთ და უკუაქცია ბარბაროსები კატაპულტებისა და სხვა სატყორცნი იარაღების საშუალებით. ამგვარად ნასროლი ქვები და შუბები უფრო შორამდე აღწევდა, ვიდრე მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამოტყორცნილი ისრები. შემდეგ ხიდი აგებულ იქნა და გაღმა ბორცვები მოკავშირეთა კოჰორტებმა დაიკავეს, მერე კი ლეგიონები დაბანაკდნენ, თანაც ეს ისე სწრაფად მოიმოქმედეს და ძალები იმგვარად დაუსახეს პართელებს, რომ მათ სირიაში შეჭრის სამზადისი გაუუქმდათ და მთელ იმედს არმენიაზეღა ამყარებდნენ, მაშინ როცა პეტუსს, რომელმაც არ იცოდა, თუ რა საფრთხე ემუქრებოდა, მეხუთე ლეგიონი შორს, პონტოში, ჰყავდა, დანარჩენებს კი ძალა გამოაცალა მეომართა უანგარიშო შვებულებებით, სანამ არ შეიტყო, რომ ვოლოგეზე უახლოვდებოდა დიდი, საომრად შემართული ლაშქრით.
10. გამოწვეულ იქნა მეთორმეტე ლეგიონი და პეტუსს იმედი ჰქონდა, რომ ამის შედეგად ჯარის გაძლიერების ამბავი გავრცელდებოდა, მაგრამ სწორედ ამან გასცა ძალთა სიმცირე. ასეც შეეძლო შეენარჩუნებინა ბანაკი და პართელს ხელიდან გაჰსხლტომოდა ომის გაჭიანურების გზით, სიმტკიცე რომ გამოეჩინა ან თავისივე გეგმების, ან სხვათა რჩევის შესრულებისას. ის კი, გაჭირვების დროს გამაგრდებოდა რა სამხედრო საქმეში ნაცად კაცთა დახმარებით, მაშინვე საპირისპიროსა და უარეს გზას დაადგებოდა ხოლმე, რომ არ ეფიქრათ, თითქოს გარეშეთა რჩევა ისაჭიროვა. ახლაც დატოვა საზამთრო ბანაკი; პირდაპირ განაცხადა, რომ მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად არც თხრილი მიუღია, არც სანგარი, არამედ მიიღო ცოცხალი ძალა და იარაღი, — და წაიყვანა ლეგიონები, თითქოს ბრძოლის გაჩაღებას აპირებდა. შემდეგ, როცა დაკარგა ცენტურიონი და მცირე რიცხვი მეომართა, რომლებიც წინასწარ გაეგზავნა მტრის ჯარების დასაზვერად, შეშფოთებულმა უკან დაიხია და, რადგან ვოლოგეზე ნაკლებად გაცხარებული სდევნიდა, კვლავ ამაოდ თავდაჯერებულმა, სამი ათასი რჩეული ქვეითი ტავრის ქედის უახლოეს უღელტეხილთან ჩააყენა, რათა მეფის გადასვლა შეეფერხებინათ; ამასთან, პანონიელი მეომარნი, ცხენოსანი ჯარის საუკეთესო ნაწილი, ველის ერთ მხარეს განალაგა. მეუღლე და ძეჲ თვისი შეაფარა ციხე-სიმაგრეს, არსამოზატა რომ ჰქვია სახელად, მცველად მიუჩინა კოჰორტა და ასე გაფანტა მეომრები, რომლებიც უფრო გაბედულად დაჰხვდებოდნენ უთავბოლოდ წამოსულ მტერს, ერთ ადგილას რომ ყოფილიყვნენ თავმოყრილნი. ამბობენ, ძლივს მიიყვანეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ კორბულონისათვის ეუწყებინა მტრის კარზე მოდგომა, და არც კორბულონი აჩქარებულა; რაც უფრო გაიზრდებოდა საფრთხე, მით მეტ ქება-დიდებას შეასხამდნენ დახმარებისათვის. მაინც ბრძანა სალაშქროდ მოემზადებინათ ათას-ათასი მეომარი სამი ლეგიონიდან, რვაასი — მოკავშირეთა ცხენოსანი ჯარიდან და ამდენივე — კოჰორტებიდან.
11. მართალია, ვოლოგეზემ გაიგო, რომ პეტუსს გზები შეეკრა აქედან ქვეითი ჯარით, იქიდან კი — ცხენოსნებით, მაგრამ სრულიადაც არ შეუცვლია განზრახვა: კვეთებით და მუქარით დააშინა ცხენოსნები და ლეგიონერები გაჟლიტა; მხოლოდ ერთმა — ცენტურიონმა ტარქვიტიუს კრესცენტმა-ღა გაბედა დაეცვა ციხე-კოშკი, სადაც ჩაეყენებინა მეციხოვნენი, უფრო ხშირად გამოუხტებოდა და მუსრს ავლებდა ხოლმე ბარბაროსებს, რომლებიც ახლოს მივიდოდნენ, — სანამ ყოველი მხრიდან მუგუზლები არ დაუშინეს. ფეხოსანთაგან თუკი ვინმე უვნებლად გადარჩა, შორეულსა და უდაბურ ადგილებს მიაშურა; დაჭრილები ბანაკში დაბრუნდნენ და შიშისაგან მთლად გააზვიადეს მეფის სიმამაცე, მოლაშქრე ხალხთა შეუპოვრობა და სიმრავლე, თანაც ადვილად აჯერებდნენ იმავე მიზეზით თავზარდაცემულთ. სარდალიც წინააღმდეგობას კი აღარ უწევდა მტერს, არამედ სრულიად უგულებელეყო თავისი სამხედრო მოვალეობა და კვლავ შეევედრა კორბულონს მალე მოსულიყო, რათა დაეცვა ნიშნები, არწივნი და შთენილი სახელი ბედუკუღმართი ლაშქრისა; თავად ჰპირდებოდა, რომ ერთგულებას შეინახავდნენ მთელი სიცოცხლის მანძილზე.
12. კორბულონმა, ვისთვისაც უცხო იყო შიში, ჯარის ნაწილი სირიაში დატოვა ევფრატზე აგებული სიმაგრეების შესანარჩუნებლად და კომაგენის მხარეში გაემართა უმოკლესი გზით, რომელიც ისე განვლო, რომ სურსათის შოვნა არ გასჭირვებია, მერე კაპადოკიას მიადგა, იქიდან, კი არმენიელთა ქვეყანაში გადავიდა. სხვა ყველაფერთან ერთად, რაც ჩვეულებრივ, საჭიროა ომისათვის, ლაშქარს თან ახლდა პურით დატვირთული აქლემების დიდი რაოდენობა, რათა მტერიც უკუეგდო და შიმშილიც. დამარცხებულთაგან პირველად უფროსი ცენტურიონი პაქციუსი შეხვდა კორბულონს, შემდეგ კი — მეომართა დიდი ნაწილი. მათ სხვადასხვა მიზეზი მოჰყავდათ ლტოლვილობის გასამართლებლად, ხოლო კორბულონი შეაგონებდა დაბრუნებოდნენ თავიანთ სამხედრო ნიშნებს და პეტუსისგან ეძიათ შეწყნარება, რაკი თავად კორბულონი არავის ინდობდა, გარდა გამარჯვებულთა. ამასთან, თავის ლეგიონებს დაუვლიდა ხოლმე, ამხნევებდა, ახსენებდა გარდასულ ბრძოლებს და ახალ დიდებას ჰპირდებოდა. არა არმენიელთა სოფლები და ქალაქები, არამედ რომაელების ბანაკი და შიგ ორი ლეგიონი იყო აღთქმული ჯილდოდ ღვაწლისა. თუ ცალკეულ რიგითს მეომრებს მოქალაქის გადარჩენისათვის იმპერატორი[2] განსაკუთრებულ გვირგვინს ადგამს თავისი ხელით, რარიგს ან რაოდენ პატივს მიემთხვევიან, ხსნის მომტანთა და გადარჩენილთა თანაბარი რაოდენობა რომ იპოვებოდეს! ამგვარი სიტყვებით ერთიანად გამხნევებულნი (ხოლო იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ძმათა ან ნათესავთა საფრთხე განსაკუთრებული ძალით შეძრავდა და აღანთებდა) დღითა და ღამით შეუჩერებლივ გზად ეშურებოდნენ.
13. ვოლოგეზე მით მეტი გამძლეობით ავიწროებდა ალყაში მოქცეულთ, ხან ლეგიონთა სანგრებს ეკვეთებოდა, ხან — ციხე-სიმაგრეს, სადაც თავს აფარებდნენ ომისათვის უსარგებლონი, უფრო ახლოდან უტევდა, ვიდრე პართელებს სჩვეოდათ, რათა ამ თავაშვებულობით მტრები საბრძოლველად გამოეტყუებინა. ისინი ძლივსღა სცილდებოდნენ საერთო კარვებს, სხვა არავითარი მიზანი აღარ ჰქონდა მათ ბრძოლას, მხოლოდ სიმაგრეებს იცავდნენ: ზოგნი — სარდლის ბრძანებით, სხვებიც — ჩვეული სულმოკლეობის გამო, ან კორბულონს უცდიდნენ; ვინიცობაა, მტერი დასცემოდათ თავს, წინასწარ ითვალისწინებდნენ კავდინის ხევსა და ნუმანციაში [მარცხის] მაგალითებს; თანაბარი ძალასანიც ხომ არ იყვნენ იტალიელი სამნიტები და პართელები — რომის სახელმწიფოს მეტოქენი. ძლიერი და ხოტბა-დიდების ღირსი ძველი ხალხებიც, როცა კი ბედის ჩარხი უკუღმა დაუტრიალდებოდათ, თავიანთი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ. ლაშქრის ასეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნამ აიძულა სარდალი ბოლოსდაბოლოს მიეწერა ვოლოგეზესთვის პირველი წერილი, ოღონდ არა სავედრებელი, არამედ ვითარცა საჩივარი. იგი სწერს, რომ [ვოლოგეზე] საომარი მოქმედებას აწარმოებს არმენიელთა გულისათვის, რომლებიც მუდამ რომის ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ან ემორჩილებოდნენ იმპერატორისაგან რჩეულ მეფეს. ზავი თანაბარ სარგებლობას მოუტანს ორივე მხარეს. მხოლოდ ახლანდელ ვითარებას ნუ უყურებს: მან სახელმწიფოს მთელი ძალები ორი ლეგიონის წინააღმდეგ წარმართა; რომაელებს უპყრიათ ქვეყნიერების დანარჩენი ნაწილი და მხარსაც დაუჭერენ ომში.
14. ამაზე ვოლოგეზეს ისეთი არაფერი უპასუხია, რაც საქმეს შეეხებოდა. მისწერა, რომ თავად ძმებს დაუცდიდა, პაკორუსს და ტირიდატეს. ეს ადგილი და დრო დანიშნული იყო სათათბიროდ, რათა რაიმე ეღონათ არმენიის თაობაზე. ღმერთებმა მიანიჭეს ღირსება არსაკიდთა, რომ ამავე დროს რომის ლეგიონებზედაც მიიღონ გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პეტუსმა მოციქულები წარავლინა და მოლაპარაკება სთხოვა მეფეს, რომელმაც ცხენოსანი ჯარის მეთაურს — ვაზაკეს — უბრძანა წასვლა. მაშინ პეტუსი იხსენებს ლუკულუსს, პომპეიუსს[3] და იმას, თუ როგორ იქცეოდნენ კეისრები, რათა დაეპყროთ არმენია ან გაეღოთ ვითარცა საბოძვარი; ხოლო ვაზაკემ თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ მოჩვენებითად ვიცავდით ან ვუბოძებდით, ძალაუფლება კი პართელებს ჰქონდათ. დიდი სჯა-ბაასის შემდეგ, მეორე დღეს, ადიაბენელი მონობაზუსი იქნა მიწვეული იმის დასამოწმებლად, რაშიც შეთანხმდნენ. გადაწყდა, ლეგიონები გაეთავისუფლებინათ ალყისაგან, მთელი ლაშქარი უნდა გასულიყო არმენიელთა საზღვრებიდან ციხე-სიმაგრეებს და სურსათს პართელებს გადასცემდნენ: ყოველივე ამის შესრულების შედეგად კი ვოლოგეზეს შესაძლებლობა მიეცემოდა ელჩები გაეგზავნა ნერონთან.
15. ამასობაში [პეტუსმა] ხიდი ააგო მდინარე არსანიაზე (იგი ბანაკს წინ ჩამოუდიოდა) და თითქოს ამ გზით წასასვლელად ემზადებოდა. [სინამდვილეში კი] პართელებს ებრძანებინათ ხიდის აგება გამარჯვების ნიშნად და დასტურად; ხომ გამოადგათ კიდევაც, ხოლო ჩვენები აქეთ არ წასულან. მეტსაც ლაპარაკობდნენ — უღელქვეშ გაატარესო ლეგიონები და სხვა ჭირ-ვარამიც გადახდათო. მსგავსი უბედურება არმენიელებმა მართლაც დაატეხეს თავს. ისინი სიმაგრეებში შევიდნენ მანამდე, სანამ რომაელთა ჯარი გამოვიდოდა იქიდან; გზების გაყოლებით ჩადგნენ და, შენიშნავდნენ თუ არა მოწინააღმდეგის ხელში ოდესმე ჩაცვივნულ მონებს ან საქონელს, უკანვე იტაცებდნენ, ართმევდნენ აგრეთვე ტანსაცმელს. იბრუნებდნენ იარაღს; დამფრთხალი მეომრებიც უთმობდნენ, რომ ბრძოლისათვის რაიმე საბაბი არ მიეცათ. ვოლოგეზემ იარაღი და დახოცილთა გვამები ერთად დააგროვა, რათა ამით ჩვენი დამარცხება ცხადლივ დაედასტურებინა, და თავი შორს დაიჭირა სწრაფად მიმავალი ლეგიონების ყურებისაგან: ცდილობდა — ზომიერი და თავშეკავებული მბრძანებლის სახელი გავარდნოდა, მას შემდეგ რაც სიამაყე დაიცხრო. არსანიაზე გადასვლისას იგი სპილოზე იჯდა, ხოლო მეფის ახლობლებმა ცხენების საშუალებით გადალახეს მდინარე, რადგან უფრო ადრე ხმა გავრცელდა, რომ ხიდი ვერ გაუძლებდა სიმძიმეს მშენებელთა მზაკვრობის გამო; მაგრამ, ვინც გაბედა გავლა, ნახა, რომ იგი მაგარი და სანდო იყო.
16. როგორც ცნობილი გახდა, ალყაშემორტყმულებს საკმარისი სურსათი ჰქონდათ, ისე რომ შემდეგ ბეღლებს ცეცხლს უკიდებდნენ; პართელებზე კი, პირიქით, კორბულონი ამბობდა[4], რომ არ გააჩნდათ სურსათის მარაგი, ცხენების საკვებიც გადათქერილი იყო — ამის გამო აპირებდნენ ხელი აეღოთ იერიშზე; თავად კორბულონსაც სამი დღის სავალზე მეტი აღარ აშორებდა მათგან. იგი გადმოგვცემს აგრეთვე, რომ პეტუსმა სამხედრო ნიშნების წინაშე, დასამოწმებლად მეფისაგან გამოგზავნილი პირების თანდასწრებით, ფიცი დადო, არც ერთი რომაელი არ შესულიყო არმენიაში მანამდე, სანამ ნერონის წერილი არ მოვიდოდა და არ შეიტყობდნენ, თანახმა იყო თუ არა ზავზე. ეს შეითხზა იმისათვის, რომ პეტუსს მეტი უპატიობა რგებოდა წილად, მაგრამ დანარჩენ ამბებს არ აკლია სიცხადე და დამაჯერებლობა; ერთ დღეში პეტუსმა გაიარა მანძილი, რომელიც ორმოცი ათასი ნაბიჯით იზომებოდა, თან დაჭრილებს ტოვებს აქა-იქ; ლტოლვილთა ის შიში და ძრწოლა კი არანაკლებ სამარცხვინო იყო, ვიდრე — ბრძოლაში ზურგი რომ შეექციათ მტრისათვის კორბულონს, რომელიც თავისი ლაშქრით ევფრატის ნაპირას შეხვდა, არ უჩვენებია წარჩინების ნიშანთა და იარაღის ბრწყინვა- ლება, რათა თვალში საცემი განსხვავება ყვედრებად არ მიეღოთ: მწუხარებით მოცული მანიპულები, რომელთა სიბრალულსა და თანაგრძნობასაც იწვევდა თანამებრძოლთა ხვედრი, ცრემლსაც ვერ იკავებდნენ; ტირილისაგან ძლივსღა შეძლეს მისალმებოდნენ ერთმანეთს. შეწყდა ასპარეზობა სიმამაცისა და ძიება დიდებისა, ვითარცა ბედნიერ ადამიანთა გატაცება: მხოლოდ სიბრალული სუფევდა და ისიც — უფრო ქვედა ფენებში.
17. შემდეგ სარდლებმა ერთმანეთს მიმართეს მოკლე სიტყვებით; ერთი ჩიოდა, რომ უქმი აღმოჩნდა მისი შრომა და წვალება, თუმცა შეიძლებოდა ომი პართელების განადგურებით დამთავრებულიყო: მეორემ უპასუხა, რომ ორთავ სრულად და უვნებლად შეინარჩუნეს ჯარები: შემოაბრუნონ არწივები და შეერთებული ძალით შეიჭრან არმენიაში, რომელიც დასუსტდა ვოლოგეზეს წასვლის შემდეგ. კორბულონმა განუცხადა, რომ ეს არ უბრძანებია მისთვის იმპერატორს: შეძრული და აღელვებული იმ საფრთხის გამო, რომლის წინაშეც იდგნენ ლეგიონები, იგი გამოვიდა პროვინციიდან; რამდენადაც პართელთა მისწრაფებები მისთვის გაურკვეველია, სირიაში დაბრუნებას აპირებს. ამ პირობებშიც, როგორც უმჯობესი ხვედრი, სავედრებელი გაუხდა ის, რომ გრძელ გზებზე დაქანცულმა ქვეითმა ჯარმა მოასწრონ მხნე ცხენოსანთა ჯარს, რომელიც წინ მიდის, რადგან გზა ადვილად სავალ ველებზე უდევს: პეტუსმა კაპადოკიაში დაიზამთრა. ვოლოგეზემ მოციქულები წარავლინა კორბულონთან, რათა დაერღვია სიმაგრეები ევფრატს გადაღმა და მდინარე საზღვრად ექცია, როგორც უწინ იყო; ის კი გადაჭრით მოითხოვდა ამავე დროს მტრის ჯარებისაგან არმენია განთავისუფლებულიყო. ბოლოს მეფე დაეთანხმა. განადგურებულ იქნა სიმაგრეები, რომლებიც კორბულონმა ააგო ევფრატის გაღმა ნაპირზე, არმენიელებმა კი უგანმგებლოდ დატოვეს.
24. ამასობაში, ადრე გაზაფხულზე, პართელმა ელჩებმა, მეფე ვოლოგეზის დავალებით, ასეთი შინაარსის წერილი მოიტანეს: იგი ხელს იღებდა არმენიის დაპყრობაზე, რომლისათვისაც დავა კარგა ხანია მიმდინარეობდა, რადგან ღმერთებმა, რომლებიც უმამაცეს ხალხთა გამგებელნი არიან, პართიის საკუთრებად გახადეს იგი, რამაც რომს სირცხვილი არ ააცდინა. დიდი ხანი არ არის, რაც ტიგრანი ალყაში იყო, შემდეგ პეტუსი და მისი ლეგიონი, რომლის განადგურება ვოლოგეზეს შეეძლო, უვნებელნი გაუშვა. მან თავისი ძალაც საკმაოდ დაამტკიცა და შეწყალებაც. არც ტირიდატე იტყოდა უარს რომში წასვლაზე დიადემის მისაღებად, ქურუმთა წესს რომ არ შეეჩერებინა. არც იმის წინააღმდეგი იქნებოდა, გზას გადგომოდა პრინცეპსის გამოსახულებით, რომ იქ ლეგიონის თანდასწრებით მეფობა მიეღო.
25. ვოლოგეზეს ასეთი წერილის მიღების გამო (რადგან პეტუსი სულ სხვას იწერებოდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო) დაჰკითხეს ცენტურიონი, რომელიც ელჩებს მოჰყვა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო არმენია. მათ უპასუხებს, რომ იქიდან ყველა რომაელი წამოვიდა. ბარბაროსთა ასეთი დაცინვა რომ მოისმინეს, რომლებიც იმას ითხოვდნენ, რაც ძალით დაიპყრეს, ნერონმა მოიწვია სახელმწიფოს წარჩინებულნი სათათბიროდ, საშიში ბრძოლა მიეღოთ, თუ სამარცხვინო ზავი. ყველამ უყოყმანოდ ომი არჩია. ამ საქმის წარმოება დაევალა კორბულონს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კარგად იცნობდა საკუთარ ჯარებსა და მტრის ძალებსაც. მას აღარ მოუვიდოდა ის შეცდომები, რაც გამოუცდელობით დაემართა პეტუსს. ამრიგად, ელჩები იმედგაცრუებულნი დაბრუნდნენ, თუმცა დასაჩუქრებულებს იმედი აღეძრათ, რომ ამაოდ არ ჩაივლიდა ტირიდატეს თხოვნა, თუკი პირადად წამოვიდოდა სათხოვნელად. სირიის გამგებლობა გაიუს ცესტიუსს დაევალა, ხოლო ლაშქრისა — კორბულონს. მათ შეუერთდა მეთხუთმეტე ლეგიონი, პანონიიდან წამოსული, მარიუს ცელსუსის მეთაურობით. ტეტრარქებს[5], მეფეებს, პრეფექტებსა და პროკურატორებს, პრეტორებს, ვინც მეზობელ პროვინციებს განაგებდნენ, მისწერეს, რომ კორბულონის ბრძანებას დამორჩილებოდნენ. მას ისეთივე განუზომელი უფლება მისცეს, როგორიც პომპეუსს მისცა რომაელმა ხალხმა მეკობრეებთან ბრძოლისათვის[6]. უკანდაბრუნებულ პეტუსს ეშინოდა სასჯელისა. კეისარმა იგი საკმაოდ ენამახვილურად გაკიცხა: მზად ვარ გაპატიო დანაშაული, რადგან ასეთმა ხანგრძლივმა შიშმა და ღელვამ ავად არ გაგხადა".
26. კორბულონმა სირიაში გადაისროლა მეოთხე და მეხუთე ლეგიონები, როგორც ნაკლებგამოსადეგნი საომარი საქმიანობისათვის, რადგან მათი უმამაცესი მეომრები დაიღუპნენ, ხოლო დანარჩენები შიშისაგან იყვნენ დადამბლავებული, ხოლო იქიდან არმენიაში მეექვსე და მესამე ლეგიონები წაიყვანა, რომელთაც ჯერ არ გამოჰკლებოდათ [მეომრები] და ამასთანავე გამოწვრთნილები იყვნენ ხშირ და წარმატებულ ბრძოლებში: ამათ მიუმატა ის მეხუთე ლეგიონი, რომელიც პონტოში იმყოფებოდა და მარცხი ჯერ არ განეცადა, ახლახან მოსული მეთხუთმეტე ლეგიონის მხედრები, რჩეული რაზმები ილირიიდან და ეგვიპტიდან, მის განკარგულებაში მყოფი ყველა მხედარი რაზმი, მოკავშირეთა კოჰორტები და მეფეთა მიერ გამოგზავნილი მაშველი ჯარები. ამ ძალებს თავი მოუყარა მელიტენეში, საიდანაც აპირებდა ევფრატზე გადასვლას.
მას მერე რაც წესისამებრ მოახდინა მსხვერპლშეწირვა, შეჰკრიბა მთელი ლაშქარი და მას მეტად საზეიმო სიტყვით მიმართა, უთხრა, რომ ისინი თვით იმპერატორის უზენაესი ხელმძღვანელობით იბრძოლებენ, შეახსენა თავისი წარსული მოღვაწეობა და ახლანდელი წარუმატებლობის მიზეზად პეტუსის გამოუცდელობა დასახა: [ამ სიტყვაში) სიმტკიცე და რწმენა გამოსჭვიოდა, რაც ამ მამაცი მხედრისათვის მჭერმეტყველების მაგიერი იყო.
27. მალე კორბულონი ლუკულუსის მიერ ოდესღაც გაკვალულ გზას გაუდგა[7], გაწმინდა რა იგი დროთა განმავლობაში დაგროვილი ზვავისაგან. იგი დაეთანხმა ტირიდატესაგან და ვოლოგეზესაგან გამოგზავნილ ელჩებს ზავზე, შეუერთა ისინი ცენტურიონებს, რომელთაც არც თუ მკაცრ დავალებას ატანს. ჯერ კიდევ არ დამდგარა დრო, რომ საჭირო იყოს თავგანწირვით ბრძოლა. რომაელებს მრავალი წარმატება ხვდათ წილად, მეტისმეტად რომ არ გადიდგულებულაყვნენ, ზოგჯერ პართელებთანაც მიდიოდა გამარჯვება. ტირიდატესათვის ხელსაყრელი იქნებოდა მიეღო საჩუქრად დაურბეველი, უვნებელი სამეფო, ვოლოგეზესთვისაც უმჯობესი იყო პართელი ტომების საკეთილდღეოდ, ურთიერთობა რომაელებთან, ვიდრე ორივე მხარისათვის საზიანო მოქმედება. ცნობილი იყო, რა შინაგანი უთანხმოება ჰქონდათ და რა გულფიცხ, თავაშვებულ ტომებს განაგებდა ვოლოგეზე. იმპერატორს კი ყველასთან მტკიცე ზავი ჰქონდა დადებული და მხოლოდ ეს ერთი ომი ექნებოდა. ამ რჩევასთან ერთად ისიც გაახსენა, რომ მოსალოდნელი იყო საფრთხე არმენიელ დიდებულთაგან, რომლებიც პირველი ჩამოგვშორდნენ, დაამარცხეს ისინი ადგილზევე, გაუნადგურეს თავშესაფარი, თანაბრად თესდნენ შიშს მთაში და ბარში.
28. კორბულონის სახელი ბარბაროსებში არ იწვევდა მტრულ სიძულვილსა და ღვარძლს, ამიტომ ისინი ენდობოდნენ მის რჩევას. ვოლოგეზე არსებით საკითხებში დათმობაზე წავიდა, ზოგიერთ პრეფექტურებთან ზავსაც კი მიაღწია. ტირიდატემ ადგილი და დღე მოითხოვა მოსალაპარაკებლად, რომ უმოკლეს ხანში იმ ადგილას, სადაც პეტუსთან ერთად ალყაში იყვნენ ლეგიონები, დანიშნულიყო შეხვედრა. ეს ადგილი ბარბაროსებს ბევრ სასიამოვნო მოგონებას უღვიძებდა, კორბულონმაც არ გაუწია წინააღმდეგობა იმ ვარაუდით, რომ შეიძლება ბედის ამ სხვადასხვაობას დიდება მოეტანა. მას არც პეტუსის სირცხვილი აშინებდა, ეს მით უფრო გამოამჟღავნა, რომ უბრძანა თავის ვაჟს, ტრიბუნს, წაეყვანა მანიპულები და ამ სამარცხვინო ბრძოლაში დაცემულები დაემარხათ. დანიშნულ დღეს ტიბერიუს ალექსანდრე, ბრწყინვალე რომაელი მხედარი, რომელიც ამ ბრძოლაში კორბულონის თანაშემწე იყო და ანიუს ვინიციანუსი, კორბულონის სიძე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო სენატორისათვის შესაფერისი ასაკისა და რომელსაც მეხუთე ლეგიონის ელჩობა ევალებოდა, ტირიდატეს ბანაკში მივიდნენ, რომ პატივი ეცათ მისთვის და თან [ჩაენერგათ], შიში არ ჰქონოდა, რომ ასეთი მძევლები რაიმე ხიფათს შეამთხვევდნენ. ოც-ოცი მხედარი გამოჰყვეს ორივე მხრიდან. კორბულონის დანახვისას, მეფე უმალვე ჩამოხდა ცხენიდან, არც ქვეითად მყოფმა კორბულონმა დაახანა, და ორივემ მარჯვენა გაუწოდეს ერთმანეთს.
29. შემდეგ რომაელი აქებს ჭაბუკს, რომ მან ხსნა და იმედი მოიპოვა იმით, რომ ჩამოიშორა საფრთხე. ტირიდატემ კი ბევრი ილაპარაკა თავისი წარჩინებული გვარის შესახებ, დანარჩენებზე უფრო თავშეკავებულად თქვა: რომში წასვლაზე და ამით კეისრისათვის ახალი წარმატებების მოპოვებაზე, რადგან მართალია, არც ისე ცუდად იყო პართელების საქმე, მაგრამ მასთან მაინც ქედმოხრილი არსაკიდი მიდიოდა. ბოლოს ტირიდატე დათანხმდა იმაზე, რომ იგი კეისრის ქანდაკებასთან დადებდა თავის სამეფო გვირგვინს და მიიღებდა მას უკანვე თვით ნერონის ხელით. ჭამით დაამთავრეს მოლაპარაკება და გადაკოცნეს ერთმანეთი. რამდენიმე დღის გავლის შემდეგ ორივე ლაშქარი ერთმანეთის პირდაპირ იყო ჩამწკრივებული მთელი თავისი ბრწყინვალებით. ერთ მხარეს ტურმებად განლაგებული მხედრები სამამულო ნიშნებით, მეორე მხრივ ლეგიონთა რაზმი ელვარე არწივებისა და ღმერთების გამოსახულებით, ისე როგორც ტაძრებში. შუაში აღმართული იყო ტრიბუნალი, იდგა სავარძელი ნერონის გამოსახულებით. როცა, მსხვერპლების შეწირვის შემდეგ, ტირიდატე წამოვიდა წინ, მოიხსნა თავიდან დიადემა და ქანდაკებასთან დადო, ყველა ძლიერ აღელდა, რადგან ჯერ კიდევ ცოცხლად ედგათ თვალწინ რომაელთა ლაშქრის ალყა და ხოცვა-ჟლეტა. ახლა კი შემოტრიალდა ჩარხი. მთელი ხალხის თვალწინ მიმავალი ტირიდატეს მდგომარეობა ოდნავ თუ განსხვავდებოდა ტყვის მდგომარეობისაგან.
30. ამ დიდებას კორბულონმა თან თავაზიანობა დაურთო, გამართა ნადიმები. როცა მეფემ ბევრი ახალი რამ შეამჩნია (მაგ. გუშაგების ცვლას ცენტურიონები აუწყებდნენ, ნადიმის დამთავრებას ბუკის ხმა ანიშნებდათ და ავგურალის63 წინ საკურთხეველი ჩირაღდნით ინთებოდა), იკითხა ყველაფრის მიზეზი და გაოცდა, რომ ეს განდიდების მიზნით, ძველი წესების თანახმად ხდებოდა. მეორე დღეს ტირიდატე მას დაეთხოვა, რომ ამოდენა მგზავრობის წინ შეხვედროდა ძმებს და გამოსთხოვებოდა დედას. მაშინ მისცა მან კორბულონს მძევლად თავისი ასული და გადასცა თხოვნის წერილი ნერონთან.
3I. იქიდან წამოსული პაკორუსს მედებთან, ხოლო ძმაზე მზრუნველ ვოლოგეზეს ეკბატანასთან პოულობს. [ვოლოგეზემ] კორბულონს განსაკუთრებული დავალებით გაუგზავნა კაცები, სთხოვა რომ ტირიდატეს არ ეგრძნო თავი ტყვის მდგომარეობაში, ვინმეს არ ჩამოერთვა მისთვის იარაღი, რომ პროვინციის რომელიმე მფლობელს უარი არ ეთქვა მისი პატივით მიღებაზე და კარები არ დაეკეტათ მისთვის. რომ რომში ისე მიეღოთ, როგორც კონსულებს ღებულობენ. ისეთი პატივით მიგებებოდნენ, როგორც შეეფერებოდა უცხოელი სტუმრის სიამაყეს, ვისთვისაც მხოლოდ გარეგნულ ეფექტს აქვს მნიშვნელობა, და ჩვენთვის კი, იმპერიის ძალას.
- ↑ ძმათა შორის მტრობა — გულისხმობს უზენაესი ხელისუფლებისათვის ბრძოლას ერთი ოჯახის ფარგლებში, რაც განსაკუთრებით, ხშირი და მწვავე იყო საერთოდ აღმოსავლეთის (და კერძოდ პართიის) ქვეყნებში პოლიგამიის გამო.
- ↑ იმპერატორი, იგივე პრინცეპსი. იმპერატორი კალიგულას დროიდან უზენაესი მხედართმთავრობა ფორმალურად ეკუთვნოდა პრინცეპსს, ის იყო ჯილდოს გამღები, იმისდა მიუხედავად თუ გამარჯვება ომის რომელ უბანზე ხდებოდა. მანამდე კი ჯილდოს საკუთრივ იმ ლაშქრის მხედართმთავარი იძლეოდა, რომლის მონაწილეც ჩაიდენდა გარკვეულ გმირობას
- ↑ ლუკულუსი, ლუციუს ლიცინიუსი; მან 69 და 68 წწ-ში გაიმარჯვა არმენიის მეფეზე, ტიგრანე II-ზე; გნეუს პომპეიუსმა 66 წელს ტიგრანე II დაუმორჩილა რომს
- ↑ კორბულონი ამის შესახებ ლაპარაკობდა წერილებში, სადაც აღწერილი იყო, პართელთა წინააღმდეგ ლაშქრობები 55-63 წწ-ისა; ეს წერილები ჩვენამდე არაა მოღწეული, მაგრამ არაერთგზის არის გამოყენებული პლინიუსის „ბუნების ისტორიაში" (II, 70, 18O; V, 24, 83; VI, 8, 23).
- ↑ რომაელები რომელიმე სახელმწიფოს რომ დაიპყრობდნენ. მისი ტერიტორიის ¾-ს თვითონ ეპატრონებოდნენ, ხოლო 1/4-ს უტოვებდნენ რომელიმე ადგილობრივ ხელისუფალს, ჩვეულებრივ ყოფილ მეფეს. ამ მეფეებს ეწოდებოდათ ტეტრარქები (ანუ მეოთხედმთავრები).
- ↑ გნეუს პომპეუსს ძვ. წ. 67 წელს გაბინიუსის კანონის თანახმად მიეცა სრულიად შეუზღუდავი უფლებები მეკობრეებთან ბრძოლისათვის.
- ↑ ლუკულუსმა ეს გზა განვლო ძვ. წ. 69 წ.
ისტორია
[edit]წიგნი I
[edit]2. ვიწყებ თხზულებას აღსავსეს უბედური ამბებით, შემაძრწუნებელი ბრძოლებით, შეურიგებელი განხეთქილებებით, როცა თვით მშვიდობიანი დროც კი საზარელი იყო. ოთხი ხელმწიფე[1] მახვილით დაიხოცა; სამი სამოქალაქო, უფრო მეტი საგარეო და მრავალი შერეული ომი მოხდა: წარმატებანი მოვიპოვეთ აღმოსავლეთში და მარცხი განვიცადეთ დასავლეთში: აჯანყდა ილირია; შეირყა გალია, დამორჩილებულ და მყის განთავისუფლებულ იქნა ბრიტანეთი; აღდგნენ ჩვენზე სარმატთა და სვებთა ტომები: დაკიამ სახელი გაითქვა საერთო [ჩვენი და მათი] დამარცხებებით; კინაღამ პართელებიც აღიძრნენ საომრად ცრუ-ნერონის ხრიკების წყალობით.
6. გალბას შესვლა ქალაქში ამდენი ათასი უიარაღო ჯარის კაცის გაჟლეტის შემდგომ ბედითი ნიშანი იყო და თვით მათთვისაც, ვინც ჯარისკაცები დახოცა, თავზარდამცემი. რაკი ესპანეთის ლეგიონი იქნა შემოყვანილი და ის ლეგიონიც იქვე რჩებოდა, რომელიც ნერონმა მოჰკრიბა ფლოტში, ქალაქი უჩვეულო ჯარით იყო სავსე. ამათ ერთვოდა გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ილირიიდან ჩამოყვანილი ბევრი რაზმი, რომლებიც იმავე ნერონმა შეარჩია და კასპიის ბჭეებთან გაგზავნა იმ ომისათვის, რომელსაც ალანთა წინააღმდეგ ამზადებდა[2], მაგრამ ვინდექსის მიერ წამოწყებული ამბოხების ჩასაქრობად გამოიწვია უკან. გადატრიალებისათვის დიდი მიზეზი არსებობდა, ოღონდ ერთ რომელიმესკენ კი არ იხრებოდა ჯარისკაცთა კეთილგანწყობილება, არამედ მზად იყო ვინმე გამბედავს მისდგომოდა.
79. ყველას გონება სამოქალაქო ომისაკენ იყო მიპყრობილი და ნაკლებად ფიქრობდნენ გარეშე ომებისაგან მოსალოდნელ საფრთხეზე. ამით გათამამებული როქსოლანების ტომი, სარმატები, რომლებმაც გასულ ზამთარს ორი კოჰორტი გაჟლიტეს, დიდი იმედით შეიჭრნენ მეზიაში 9 ათასამდე ცხენოსნით. ეს იერიში და თავგასულობა უფრო ნადავლის მოპოვების სურვილით იყო გამოწვეული, ვიდრე ბრძოლის. ასე უდარდელად, უმიზნოდ მოხეტიალეებს უცაბედად მესამე ლეგიონი დაესხა თავს დამხმარე ძალით[3]. რომაელები მზად იყვნენ ბრძოლისათვის. სარმატები კი მიმოფანტული იყვნენ ნადავლის ძებნაში. ზოგიც საბარგო ტვირთით იყო დამძიმებული, ცხენები ციცაბო კლდეებზე ძლივს მიბობღავდნენ, და ისინი თვითონ თითქოსდა ხელ-ფეხშებორკილები იყვნენ, ისე ეცემოდნენ მტრის მახვილისაგან. საოცარია, მაგრამ სარმატების სიმამაცე თვით მათზე არ იყო დამოკიდებული. ქვეით ბრძოლაში ისინი მოუქნელნი იყვნენ, მაგრამ მათ 30 კაციან ცხენოსანთა რაზმს ვერავინ გაუწევდა წინააღმდეგობას. მაგრამ იმ დღეს, ნისლი იდგა, დნებოდა თოვლი და სარმატებს არ შეეძლოთ არც შუბების, არც გრძელი მახვილების გამოყენება, რომლებიც მათ ორივე ხელით უჭირავთ, მათი ცხენები ეცემოდნენ და თვითონაც ჯავშნები ამძიმებდათ. ეს ჯავშნები, რომლებსაც მეთაურები და წარჩინებულები ატარებდნენ, გაკეთებული იყო რკინის ფირფიტებისა და მაგარი ტყავისაგან. ის იერიშის დროს გამოსადეგი იყო, რადგან მასში მტრის იარაღი ვერ აღწევდა. მაგრამ თავდასხმისას ასეთი ჯავშნით წაქცეულებს წამოდგომა აღარ შეეძლოთ. ამასთანავე, მათი ცხენები ფაფუკ და ღრმა თოვლში ეფლობოდნენ. რომაელი ჯარისკაცები კი, მსუბუქი აბჯრით იყვნენ დაცულნი. ისინი ოროლებითა და შუბებით ესხმოდნენ მტერს თავს და როცა საჭირო ხდებოდა, ხელჩართულ ბრძოლაში მოკლე მახვილებითაც ანადგურებდნენ შეუიარაღებელ სარმატებს (რომლებიც თავისი ჩვეულების გამო, არც ფარით იყვნენ დაცული), სანამ სულ მცირენი, რომლებიც ბრძოლას გადაურჩნენ, ჭაობებში არ დაიმალნენ, სადაც მათ ზამთარმა და ჭრილობებმა მოუღო ბოლო. როდესაც ამ ცნობამ რომამდე მიაღწია, მარკუს აპონიუსი, მეზიის მფლობელი, ტრიუმფალური ქანდაკებით დაჯილდოვდა[4], ხოლო ფულვიუს ავრელიუსი იულიანუს ტეტციუსი და ნუმისიუს ლუპუსი — ლეგიონის ელჩები — საკონსულო ნიშნებით[5]. გახარებული ოტონი ამ დიდებას თავის თავს მიაწერდა, თითქოს ბრძოლაში ბედმა გაუღიმა მას და მისი ლაშქრისა და მისი სარდლობის წყალობით რესპუბლიკამ სახელი მოიხვეჭა.
- ↑ ოთხ ხელმწიფეში რომის ოთხი იმპერატორი იგულისხმება — გალბა, ოტონი, ვიტელიუსი და დომიციანუსი.
- ↑ ნერონის ეს განზრახვა ახ. წ. 68 წელს უნდა ეკუთვნოდეს კავკასიის ალბანებზე გამოლაშქრებასთან ერთად მას, შესაძლოა, იბერიის დალაშქვრაც ჰქონდა მიზნად, მაგრამ ნაადრევმა სიკვდილმა მოუსწრო.
- ↑ ესაა მესამე, გალებისაგან შემდგარი ლეგიონი, რომელიც 68 წელს გამოიძახეს იტალიაში და მესიაზე გავლისას შეებრძოლა სარმატებს.
- ↑ იმპერატორთა ხანაში ბრწყინვალე გამარჯვების მომპოვებელ მხედართმთავ- რებს ტრიუმფს კი არ უმართავდნენ, არამედ ანიჭებდნენ ტრიუმფის აღსანიშნავად მაგალითად იმას რომ დგამდნენ მის ქანდაკებას, სადაც ის დაფნის გვირგვინით იყო შემკობილი და ტრიუმფატორის ტანისამოსით მორთული. ამ დროს ტრიუმფი იმართებოდა მხოლოდ იმპერატორთა პატივსაცემად.
- ↑ ფულვიუს ავრელიუსი იყო III ლეგიონის ლეგატი, იულიანუს ტეტციუსი — VII ლეგიონის მხედართმთავარი, ნუმისიუს ლუპუსი - VIII ლეგიონის მხედართმთავარი. საკონსულო ნიშნები გულისხმობდა — ტოგას ფართო ძოწეული ზოლით კიდეზე და კურულის სავარძელს.
წიგნი III
[edit]47. არც სხვა ერები იყვნენ წყნარად. ანაზდად იარაღი აღმართა პონტოში ბარბაროსმა მონამ, რომელიც ოდესმე სამეფო ფლოტის მეთაური იყო. ის გახლდათ ანიკეტოსი[1], პოლემონის აზატი, ოდესღაც ფრიად ძლევამოსილი, ხოლო მას შემდეგ რაც პროვინციად იქცა სამეფო, ცვლილებას ვერ ითმენდა. ამიტომ ვეტელიუსის სახელით მიიმხრო ტომები, რომლებიც პონტოსთან ცხოვრობენ, აგრეთვე ძარცვის იმედით აცთუნა უღატაკესნი, არა მცირე რაზმს ჩაუდგა სათავეში და ანაზდად შეიჭრა ტრაპეზუნტში, ძველთაგანვე სახელგანთქმულ ქალაქში, რომელიც ბერძნებისაგან არის დაარსებული შავი ზღვის უკიდურეს სანაპიროზე. იქ ამოჟლიტა კოჰორტი, რომელიც ოდესღაც სამეფო დამხმარე ჯარი იყო. შემდეგ მათ რომის მოქალაქეობა და ჩვენებური დროშები და იარაღი მიანიჭეს, მაგრამ ბერძნების სიზარმაცე და თავნებობა კი შერჩათ. ფლოტსაც ცეცხლი წაუკიდა და აბუჩად აიგდო ცარიელი ზღვა, ვინაიდან რჩეული ლიბურნული ხომალდები და მთელი ჯარი მუციანუსმა ბიზანტიონს წაიყვანა. ამიტომაც ბარბაროსები თავხედურად დაძრწოდნენ სახელდახელოდ გაკეთებული ნავებით. [მათ] კამარებს უწოდებენ[2], [აქვთ] დაბალი გვერდები, განიერი მუცლები; შეკრულნი არიან ბრინჯაოს ანდა რკინის სამაგრების გარეშე და როცა ზღვა ღელავს, ტალღების სიმაღლისა-და მიხედვით, წამებსაც სიმაღლეს უმატებენ ფიცრებით, ვიდრე [სახლის] სახურავივით არ გადაიხურება. ასე დალივლივებენ ტალღებში, აქვთ რა ორივე მხარეს ერთნაირი ცხვირები და ერთნაირი მოსასმელი ნიჩბები, ისე რომ ორივე ცხვირით თანაბრად და უვნებლად [შეუძლიათ] ნაპირს მიადგნენ.
48. ამ საქმემ იმდენადაც [მიიქცია] ვესპასიანეს ყურადღება, რომ ლეგიონებიდან გამობრძმედილი სათადარიგო ჯარისკაცები და ომში გამოცდილი სარდალი ვირდიუს გემინუსი ამოირჩია. იგი თავს დაესხა გაბნეულ და ალაფობის წადილით გაფანტულ მტერს და ხომალდებზე შერეკა; [მერმე] მსწრაფლ ააგო ლიბურნული ხომალდები[3] და ანიკეტოსს მდინარე ხობის[4] შესართავში დაეწია, სადაც იგი უშიშრად იყო სედოხეზების[5]73 მეფის შემწეობით, რომელიც მოკავშირეობაზე ფულითა და საჩუქრებით დაითანხმა. პირველად მეფე მუქარითა და იარაღით იცავდა კიდეც [შეფარებულ] მავედრებელს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ღალატისათვის ჯილდო, თუ არადა ომი შესთავაზეს, ბარბაროსების ჩვეულებისამებრ რწმენამერყევი, დათანხმდა ანიკეტოსის დაღუპვას და ლტოლვილებიც გასცა. ასე მოეღო ბოლო მონათა ომს.
- ↑ ანიკეტის აპჯანყების შესახებ ვრცელი ნაშრომი აქვს ა. ი. ბოლტუნოვას — Восстание Аникета, ВДИ, 1934, N9 2. Стp. 59. აგრეთვე ს. ჯანაშიას, რომელსაც ეს ამბავი რომაელთა წინააღმდეგ ქართველ ტომთა აჯანყების ერთ პირველ შემთხვევად მიაჩნია და რასაც ის ქართულ მაშინდელ სინამდვილეს უკავშირებს.
- ↑ კამარების შესახებ სტრაბონიც ლაპარაკობს (XI, 2, 12), როგორც შავიზღვისპირეთის მცხოვრები ავაზაკი ტომის აქეების კუთვნილ ნავებზე. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ტომების კამარიტების სახელით მონათვლა დიონისიოს პერიეგეტის მიერ (იხ. მისი თხზულების 721 სტრ.) სწორედ ამ ნავების სახელთან უნდა იყოს დაკავშირებული.
- ↑ ლიბურნიული ხომალდები ლიბურნების, ილირიის სანაპიროს მცხოვრებლების, კუთვნილება იყო — მსუბუქ სანიჩბე ნავებს წარმოადგენდენ
- ↑ ხობოსის ლოკალიზაციის საკითხში საკმაოდ დიდი კამათი იყო ერთ ხანს. ჩვეულებრივ მას ახლანდელ მდინარე ხობთან აიგივებდნენ. იხ. აგრეთვე, ВДИ, 1938, № 2. გვ. 315.
- ↑ სედოხეზები ტაციტუსის გარდა სხვას არავის აქვს ნახსენები. კომენტატორებს სანებისა ან სვანკოლხების ტომების ნაწილად მიაჩნიათ, უფრო საფიქრებელია, რომ აქ ტაციტუსის.ტექსტი ძალიან დამახინჯებულია და ეს სიტყვა ლაზების რომელი- ღაცა შტოს შეიძლება გულისხმობდეს. იხ. ლათინური ტექსტის შესაბამისი ადგილის ვარიანტები.
„ისტორიის" ფრაგმენტი
[edit]7. თეოდოსიუსი... სკვითების იმ უამრავ ტომებს, რომლებისაც მთელ ჩვენს წინაპრებს ეშინოდათ, და რომელთაც ალექსანდრე დიდიც, როგორც პომპეუსი და კორნელიუსი მოწმობენ, გაურბოდა..., ესე იგი, ალანებს, ჰუნებს და გოთებს, დაუყოვნებლივ დაესხა თავს და ბევრ დიდ ბრძოლაში დაამარცხა.