სულს მარტოობა უნდა
Appearance
სულს მარტოობა უნდა ავტორი: ტერენტი გრანელი |
სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი.
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის.
და სანთლებივით დგანან
თეთრი ჭადრები ბაღში.
ანდა ცუდია განა -
დავრჩე ბოლომდე ბავშვი?
ეს შორეული ქარი
ჩემთვის ძვირფასი გახდა.
ნელა ჩაივლის ქალი
ალექსანდროვის ბაღთან.
ვფიქრობ: სიცოცხლე არ ღირს,
ცისკენ მიფრინავს თვალი.
თეთრი აუზი ბაღის
უკვე აივსო წყალით.
სულს მარტოობა უნდა,
მარტო ვიქნები აწი.
სადღაც გაისმის მუდამ
ჩუმი შრიალი ნაძვის.
რესურსები ინტერნეტში
[edit][Category:Georgian]]