Jump to content

სულს ლაჟვარდოვან ცისკენ ვაგზავნი

From Wikisource
სულს ლაჟვარდოვან ცისკენ ვაგზავნი
ავტორი: ტერენტი გრანელი


სულს ლაჟვარდოვან ცისკენ ვაგზავნი,
ისევ ქარია ბედის მხლებელი.
დილას წავედი, ვნახე ვაგზალი,
ვნახე ცისფერი მატარებელი.

გაზაფხულია, არ მოდის ქარი,
გაზაფხულია და დღეა თბილი.
უკვე დარეკეს მეორე ზარი,
მიდიან სადღაც, ტოვებენ თბილისს.

ეს დღე ჩუმია, ეს დღე კარგია
და მიმზერს ქალის ლურჯი თვალები.
ჩემს წინ გაშლილი ლიანდაგია
და ისმის ოხვრა ორთქლმავალების.

სულს ლაჟვარდოვან ცისკენ ვაგზავნი,
ისევ ქარია ბედის მხლებელი.
დილას წავედი, ვნახე ვაგზალი,
ვნახე ცისფერი მატარებელი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]

[Category:Georgian]]