Jump to content

სიცოცხლე (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

From Wikisource
სიცოცხლე
ავტორი: ტერენტი გრანელი


დგას შემოდგომა, ქრიან ფოთლები,
ფოთლების გუნდა თამაშობს ქართან.
მე ახლა ბევრი მყავს მეგობარი,
მე სხვა არ მინდა ლექსების გარდა.

ახლა ჩემ სულში სხვა გრიგალია,
ღმერთო, მიშველე! ღმერთო, დამიცავ!
დგას ისე, როგორც ლურჯი გალია
ეს მოლი, ცა და ეს დედამიწა.

ვეძებ ვიღაცას და უფრო წმინდას,
არ ვფიქრობ, ვინმე რომ დამეწიოს.
უარვყოფ სიკვდილს, ხელახლა მინდა
ისევ სიცოცხლის გზები ვეძიო.

რესურსები ინტერნეტში

[edit]