Jump to content

სიშორის ცეცხლი

From Wikisource
სიშორის ცეცხლი
ავტორი: ტერენტი გრანელი


სიშორის ცეცხლი
გაეშურა ვაჟთან.
და საღამო მკრთალი
სიზმარივით გაჩნდა.
გადაეშვა ქარი

და ბურუსი ადგა.
და უცნობი მკვდარი
ასვენია სადღაც.
სიჩუმეა სულის

და ოცნება ხშირი.
და მიყვება გული
როიალის ტირილს.
აელვარდა გუშინ

უიმედო მინა.
და წამებულ სულში
საოცრებას ძინავს.
ყოველივე მორჩა

მგლოვიარე კართან.
ეშაფოტი მოსჩანს
საფლავების გარდა.
მწუხარებას მალავს

ეს თვალები ერთობ.
მეც მომეცი ძალა,
შენ, წმინდაო, ღმერთო!

რესურსები ინტერნეტში

[edit]