Jump to content

სიშორეზე

From Wikisource
სიშორეზე
ავტორი: ტერენტი გრანელი


ახლა შენს საფლავს ხომ ნელა ათოვს
და ჩემი გრძნობა ლექსში იღვრება.
სადღაც წევს ქალი მიწასთან მარტო,
მას ახლა გველი თუ ესიზმრება.

გაქრა წარსულის შავი ხაზები
და სადღაც ქალზე ელავს ოცნება.
და საუბრობდნენ შორს ვიღაცები
და ბოლოს დარჩა უსიამოვნება.

ღამეს ამნაირს წამება მოსდევს
და სადღაც ქალი გადის ეზოდან.
ალბათ ვიღაცას იქ ეძახოდნენ
და ეს ძახილი მე არ მესმოდა.

ახლა სადღაც შორს თეთრი ნისლი დგას,
მე გამიტაცეს ძველმა ფიქრებმა.
ისევ იცლება გული სისხლისგან
და ჩემი გრძნობა ლექსში იღვრება.

რესურსები ინტერნეტში

[edit]