Jump to content

სიზმარი (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)

From Wikisource
სიზმარი
ავტორი: ტერენტი გრანელი


თითქოს ნისლია, არაფერს ვხედავ
და თითქოს მქონდა შავი ნიღაბი.
და მიცვალებულს ვხედავ მე დედას
და მეკითხება: შენ სად იყავი!

იყო და გაჰქრა შავი ნიღაბი,
ჩამოწვა ნისლი, არაფერს ვხედავ.
მას ვუპასუხე - მე სად ვიყავი
და სადღაც ნელა მივყავარ დედას.

მინდა ეს წამი რომ მოვითმინო,
რომ ხელში მქონდეს იმედის საჭე.
"შვილო მითხარი: რატომ სვამ ღვინოს,
ან და ერთი თვე რად მოგისაჯეს!”

და ბოლოს უცებ წამიღო ნისლმა
და თითქო შველა მე არ მეღირსა.
ეს იყო წუხელ, რომ დამესიზმრა
და დილას უცებ გამომეღვიძა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]