Jump to content

სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია

From Wikisource
სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია
ავტორი: ტერენტი გრანელი


სადღაც სდუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

სადღაც სდუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა.
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცებ ზეცა ნახეს თვალებმა.
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.

რესურსები ინტერნეტში

[edit]