Jump to content

რა ვქნა, არა მყავს დედა

From Wikisource
რა ვქნა, არა მყავს დედა
ავტორი: ტერენტი გრანელი


რა ვქნა, არა მყავს დედა.
კვდება იმედი თვალწინ.
ახლა ბაღიდან ვხედავ
გაღმა ქალაქის ნაწილს.

და სარკესავით ელავს
ზღვა მოგონების ლანდი.
და სადგურიდან ნელა
მატარებელი გადის.

გუშინ მივსდევდი ცხედარს,
დღეს ქარიანი დღეა.
აქ აკაციას ვხედავ,
იქ - აყვავებულ ტყემალს.

რა ვქნა, არა მყავს დედა,
კვდება იმედი თვალწინ.
ახლა ბაღიდან ვხედავ
გაღმა ქალაქის ნაწილს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]