ნელა ქრებიან სულის ლანდები
Appearance
ნელა ქრებიან სულის ლანდები ავტორი: ტერენტი გრანელი |
ნელა ქრებიან სულის ლანდები,
ჩემი თვალები ხომ დახრილია.
მივალ და მიმაქვს ქვეყნის დარდები,
მარტი გათავდა, დღეს აპრილია.
წინათ იყავი მხოლოდ შენ ერთი,
ახლა ჩემი ხმა ზეცას მოიარს.
მე მივდიოდი, უცებ შევჩერდი
და ფანჯარასთან ვუსმენ როიალს.
და მწუხარება უფრო ინთება,
ვიგონებ წარსულს გულისტკივილით.
ამ საუკუნეს ხომ გასცილდება,
ჩემი ტანჯული სულის ტკივილი.