მოდის ახალი ფიქრთა კრებული
Appearance
მოდის ახალი ფიქრთა კრებული ავტორი: ტერენტი გრანელი |
მოდის ახალი ფიქრთა კრებული,
მე ვერ ვიპოვი ნამდვილ მეგობარს.
მივდივარ ნელა, გაჩუმებული,
და ქარი მიწევს წინააღმდეგობას.
ეს ჩემი სული მან ვერ გაიგო,
მაინც დღეები ასე მიჰქრიან.
მე ახლა ისეთ რამეზე ვფიქრობ,
რაზედაც არვის არ უფიქრია.
დაო, შენ სახელს მუდამ დავიცავ,
ისევ გამოჩნდნენ ფიქრის ნავები.
მთვარე ანათებს ჩვენს დედამიწას
და ციმციმებენ შორს ვარსკვლავები.
შენი სახელი ისევ ვახსენე
და მწვერვალიდან ისევ დავეშვი.
ასეთ ღამეში რა მომასვენებს,
რა დამაძინებს ასეთ ღამეში.