Jump to content

მოგონება ქარში

From Wikisource
მოგონება ქარში
ავტორი: ტერენტი გრანელი


ქარია მძლავრი და საღამოა,
ცაზე ყვითელი ღრუბლები რბიან.
იმას არ ველი, ის აღარ მოვა,
იმაზე წუხელ არ მიფიქრია.

მზე დაიმალა ყვითელი ფერით
(არც ეს ბედია ქარზე ნაკლები).
მთაზე ჩამოწვა ლურჯი ღრუბელი,
ღრუბელი, მსგავსი მაღალ აქლემის.

ქარია ისევ და საღამოა,
ქარმა ჩემ სურვილს ფრთები მოსტეხა.
ის არ მოსულა, ის აღარ მოვა,
ის დადიოდა ბაღში ოდესღაც.

ღამდება და მეც ვცილდები საზღვარს,
საღამოს დარდი უფრო მწარეა.
ის ალბათ თეთრი თოვლია სადღაც,
ის შორეული სიმწუხარეა.

ო, ყოველივე როგორ მომბეზრდა,
ქარია ისევ და საღამოა.
ის დაიკარგა ქარში ოდესღაც.
იმას არ ველი, ის აღარ მოვა.

რესურსები ინტერნეტში

[edit]