Jump to content

მე ვატყობ, ქარი უფრო გამეფდა

From Wikisource
მე ვატყობ, ქარი უფრო გამეფდა
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ვატყობ, ქარი უფრო გამეფდა
და პოეზია მხოლოდ გულია.
დამიფასდება მე ეს წამება,
თუ ყველაფერი დაკარგულია?!

მე ხომ ვისვენებ, სხვები მიდიან,
რა ვქნა, მე შენი ლანდი თუ მივლის.
და საუბარზე უფრო დიდია
ეს დაფიქრება და ეს დუმილი.

ახლაც მარტო ვარ, ქრიან წამები,
ციდან ქვეყანას ეცემა სხივი.
და ისევ დღეა გულის წამღები
და ისევ დღეა ჩვეულებრივი.