Jump to content

მე ეს შეცდომა ისევ მაწვალებს

From Wikisource
მე ეს შეცდომა ისევ მაწვალებს
ავტორი: ტერენტი გრანელი


მე ეს შეცდომა ისევ მაწვალებს,
შენ ჩემი თვალი რისთვის გეძებდა.
ყველას დავტოვებ, ყველანი წავლენ
და ბოლოს ვრჩები მე ჩემს ლექსებთან.

მივალ და მიმაქვს მე დიდი ძალა
და ელვარებენ მზეზე ბაღები.
თავს შევაფარებ მტვერიან ქალაქს
და სადმე მტვერში დავიმარხები.

ფიქრები უფრო მალია ქარზე
და სინანული ასე გვიანი.
და წერტილივით შორეულ მთაზე
გამოჩნდა ერთი ადამიანი.

მე ჩემი ცეცხლი ისევ მაოცებს
და ვიცი, მტრები აქაც არიან.
ახლა ვისვენებ სასაფლაოზე,
ვისვენებ ახლა და მიხარია.