Jump to content

მგლოვიარე სერაფიმები (ტერენტი გრანელი)

From Wikisource
მგლოვიარე სერაფიმები
ავტორი: ტერენტი გრანელი


მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

რაღაც მოდის ფარდებით,
რაღაც მოდის კივილით.
საღამოა დარდების,
საღამოა ტირილის.

ჩაიარეს ბინდებმა,
თუმცა არ მიხარია.
გულში ცეცხლი ინთება
და სიჩუმის ქარია.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

სადღაც ელავს ლამპარი
ჩემი თეთრი სულივით.
ღამეებმა დაფარეს
უამრავი სურვილი.

ეს წამება გაივლის,
თუ აისმა ინათა
და ცისფერი ყვავილი
დაეცემა მინასთან.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

არ თავდება თარეში
მოგონების და ნისლის.
ღამე დაქრის თვალებში
და წვალებას განვიცდი.

ეს ბედია მხლებელი
და სიჩუმე მძინარე.
ფიქრი დაულეველი
მოდის, როგორც მდინარე.

მწუხარე ეს ოცნება,
მწუხარე ეგ სანთელი.
და ისევ საოცრება
და ისევ განსაცდელი.

რესურსები ინტერნეტში

[edit]