Jump to content

მატარებლიდან (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
მატარებლიდან
ავტორი: ტერენტი გრანელი


ვხედავ ბეღურა დაჯდა მდელოზე
და სულში ქარი უფრო გამეფდა.
ახლა მივდივარ სამეგრელოსკენ
და თბილისიდან მომდევს წამება.

იშლება ფიქრი და გზები შორი,
ეს წამი ჩემთვის უცნაურია.
დიდი ხანია დებს ჩამოვშორდი
და დების ნახვა ძლიერ მწყურია.

ველოდი... შუქმა იელვა ადრე,
მზე მაღლა იწევს და ნისლში ცურავს.
ვნახავ სახლს, სადაც მე დავიბადე
და ვნახავ დედის უძველეს სურათს.

შორს ვხედავ მინდვრებს, ცქერით ვერ ვძღები,
ზღვას და ჩემს შორის არის მსგავსება.
აგერ ურიას მოაქვს კვერცხები,
მატარებელი ხალხით სავსეა.


ჩემს წინ ჩამოჯდა ვიღაც ბებერი,
ჩემს წინ ბებერი კაცი ზის ვიღაც.
მივდივარ და ეს მატარებელი
დაღამებამდე დებთან მიმიყვანს.

რესურსები ინტერნეტში

[edit]