მატარებლიდან (ტერენტი გრანელის მეორე ლექსი)
Appearance
მატარებლიდან ავტორი: ტერენტი გრანელი |
თან მატარებელს მისდევს ქარები,
მეც მატარებლით მივექანები.
მატარებლიდან ჩნდება მაღლობი,
აგერ ზესტაფონს მივუახლოვდით.
მივდივარ ჩქარა, შავი ღამეა,
ვერ ვასწრებ თვალის დახამხამებას.
ცა გაიხსნება, არ ვიცი როდის,
მივალ, ღამეა და თოვლი მოდის.
მატარებლიდან ჩნდება ველები,
ალბათ შენ ისევ მომეშველები.
მე ძვირფას დებთან მივდივარ მარტო,
ამის წინ თოვდა და ახლა არ თოვს.
გაფანტულია თოვლი მდელოში,
ნელა შევდივარ სამეგრელოში.
მივდივარ, მომდევს სხვა მოგონება,
ეს ლექსებია ჩემი ქონება.
საით წავიდე, როგორ ჯობია,
აგერ წყალი დგას და ჭაობია.
თან მატარებელს მისდევს ქარები,
მეც მატარებლით მივექანები.