Jump to content

მარადისობის ლაჟვარდები (ტერენტი გრანელის პირველი ლექსი)

From Wikisource
მარადისობის ლაჟვარდები
ავტორი: ტერენტი გრანელი


ცრემლი არ მოდის, მაინც მე ვტირი
და შორეული სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

ალბათ იქ ჩემზე ვიღაც ნაღვლობდა,
მაშინ, როდესაც მე არ ვიცოდი.
ასე მგონია, სულთან ახლოა
ცისფერი შუქი მარადისობის.

ცოტა ხნის შემდეგ სისხლიც გაშრება,
ვხედავ სიკვდილის ყვითელ მანტიას.
მე ვიფერფლები, გულის გარშემო
მსოფლიო სევდის ცეცხლი ანთია.

უკვე დაღამდა, ისევ მე ვტირი
და უხილავი სივრცე მიტაცებს.
სული გაფრინდა თეთრი მტრედივით,
სხეული დარჩა ცოდვილ მიწაზე.

რესურსები ინტერნეტში

[edit]