კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა
Appearance
კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა ავტორი: ტერენტი გრანელი |
კითხვა ასეთი: ყოფნის რაობა,
სევდა მეტია, მე დღესაც ვნაღვლობ.
ეს ნიკოლოზის სასაფლაოა
და ცირეკიძე მარხია ახლოს.
სული - თოვლია და ხორცი - ლეში,
ჩემი გონება ისევ საღია.
დაფიქრებული მე ვზივარ მზეში,
ირგვლივ მზე არის და ბალახია.
და ნაზი ხმები შეწყდა სრულიად,
და გაღმა ჩნდება ღია ფანჯრები.
ჩემთვის წამება სიხარულია
და მიხარია, რომ ვიტანჯები.