Jump to content

კვირის ნისლები

From Wikisource
კვირის ნისლები
ავტორი: ტერენტი გრანელი


სიბერე დაეცა ჩემ სურვილს საშინელს,
სიხარული დილის ოდესმე იქნება.
სარკესთან სიზმარი ვიღაცას აშინებს
და წვიმას უეცარს მოსდევს დაფიქრება.

ნელდება დღეები და სიმძიმე ქარის,
მე ღამესთან ვდგავარ, როგორც ქანდაკება.
ახლა ოდნავ ისმის მწუხარება ქალის,
ახლა ოდნავ არის ნუგეში, გაგება.

ვედრება და ნისლი მოედო ჩემს თვალებს,
ფოთლებზე ჩამოწვა სინათლე ღამისა.
სადღაც იმალება უცნობი სიმკრთალე,
ამნაირ ფიქრისგან, უფალო, დამიცავ.

რესურსები ინტერნეტში

[edit]