ისევ წინ მიდის პოეტის მკერდი
Appearance
ისევ წინ მიდის პოეტის მკერდი ავტორი: ტერენტი გრანელი |
ისევ წინ მიდის პოეტის მკერდი,
რას ისურვებდი, შენ, ჩემო გულო!
ბნელი ღამეა, მივდივარ ერთი,
მივდივარ მარტო და ლექსს ვკითხულობ.
ახლა ეს ფიქრი უფრო შავია
და სასიკვდილო არიას ვუსმენ.
ჩემი ლექსები ხომ უკვდავია
და უკვდავ სახელს ვატარებ ისევ.
გადავრჩი ისევ, წუხელ არ მოვკვდი,
რას ისურვებდი, შენ, ჩემო გულო!
ისევ ღამეა, მთვარე ამოდის,
მარტო მივდივარ და ლექსს ვკითხულობ.