Jump to content

ირას (ტერენტი გრანელის მესამე ლექსი)

From Wikisource
ირას
ავტორი: ტერენტი გრანელი


საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძირავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძლიერ,
მენატრები და სადა ხარ, ირა?

საღამოა და ბედია მწველი,
ზეცა მინდა და ვშორდები მიწას.
შენ დატოვე საქართველოს ველი
და რუსეთის ბედისწერა გიცავს.

საღამოა, ვგრძნობ შორიდან ზამთარს,
ვარ მწუხარე და მივფრინავ ცისკენ.
რა ვქნა, ირა, - შენი სახე მწამდა,
რა ვქნა, ირა, - მაგონდები ისევ.

საღამოა, თანაც მეტი ოხვრა,
მოდის ფიქრი და ფიქრია შავი.
ალბათ, ირა, ჩემ საფლავთან მოხვალ
და მომიტან უფრო ცისფერ ყვავილს.

საღამოა, ვგრძნობ მწუხარე იერს,
გულს ცხოვრება სამარეში ძირავს.
დღეს გიგონებ და ვღონდები ძლიერ,
მენატრები და სადა ხარ, ირა!

რესურსები ინტერნეტში

[edit]