იდგა ღამე გვიანი
Appearance
იდგა ღამე გვიანი ავტორი: ტერენტი გრანელი |
იდგა ღამე გვიანი,
ოდეს მე მივდიოდი.
ბაღი ფოთლებიანი
და მთებია ხრიოკი.
ღამე დიდი და გრძელი,
ისევ უამინდობა.
სხვაგან ვეღარ გავძელი,
ისევ შენთან მინდოდა.
და მზიანი დღე მიჰქრის,
და მე ასე ვეწამე.
გავიარე ეს ფიქრი,
გავიარე ეს ღამე.
იდგა წამი გვიანი,
ოდეს მე მივდიოდი.
ბაღი ფოთლებიანი
და მთებია ხრიოკი.