მკითხველთა მიმართ
[edit]კოლხიდა, რამდენადაც წინად იყო ცნობილი ძველთაგან, რომელთაც ხშირი მსვლელობა ჰქონდათ ამ ქვეყანაში, იმდენად ჩვენს დროში უცნობია იტალიისათვის, რადგან ყოველივე მიმოსვლა და ვაჭრობა ამ ქვეყანასთან მოისპო. ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენსა და კოლხიდას შუა ჩადგა თურქეთი, რომელმაც თავის ბარბაროსობით და მტარვალობით ვაჭრებსა და ცნობის მოყვარეთა გზა შეუკრა ამ ქვეყნისაკენ და იქაურები გააუბედურა და მოუსპო მათ ყოველივე ის, რაც საზოგადოდ უცხო ქვეყნელებს იზიდავს და უღვიძებს სურვილს სხვა ქვეყნების დათვალიერებისა და გაცნობისას.
ყოველ შემთხვევაში, თუმცა კოლხიდისაკენ გზა ასე საშიშია და თვით ეს უხვი ქვეყანა მთლად გაოხრებულია, იქ სულს მაინც არ მოჰკლებია ხსნა ქრისტეს ძვირფასის სისხლის მადლითა. ჯვარცმულის სიყვარულით ჩვენმა მღვდლებმა, წყალობითა ღვთისითა, მიაღწიეს თავიანთ წადილს. მართალია, იქ ყველანი ქრისტიანები არიან, მაგრამ ბერძნის ტიბიკონისანი და მუდამ ბერძნების ხელმძღვანელობის ქვეშ არიან. ჩვენს მღვდლებსაც მეტად უძნელდებათ იქ თვის მოღვაწეობისაგან ის ნაყოფი გამოიტანონ, რომლის იმედი ჩვეულებრივ აქვთ სხვა ურწმუნო ქვეყნებში. ამის მიზეზი კიდევ ბერძნები არიან, რომელნიც მუდამ წინააღმდეგობას უწევენ ჩვენს სიტყვებს და მეტად მტკიცედ იცავენ თვის მიმდევართა შორის თვის სარწმუნოებას, როგორც, მაგალითად რუსეთში (Moscovia), საბერძნეთში, ბულგარეთში, გალიციაში (Russia), მოლდავეთში და ვალახეთში და სხვაგან, სადაც კი ერნი სულიერად მათ ექვემდებარებიან. ზემოხსენებულ ქვეყნებში მისიონერებმა მიუხედავად დიდის შრომისა და მეცადინეობისა, ან ვერაფერი და ან სულ მცირე ნაყოფი გამოიტანეს.
თუმცა ასე უნაყოფოა კოლხიდა, მაგრამ ჩვენების მეცადინეობამ, რამდენადაც შესაძლო იყო, საქმე იმდენად მიიყვანა, რომ ამ ჟამად ეს ქვეყანა წარმოადგენს ნამდვილს, საიმედოს და შესამჩნევს ასპარეზს სასულიერო მოღვაწეობისათვის. საქმე ის არის, რომ კოლხიდელები თუმცა ქრისტიანები არიან, მაგრამ მხოლოდ სახელით, რადგან დაივიწყეს ჭეშმარიტი წესი ნათლობისა და მასთან ერთად სხვა საიდუმლოთა წესებიც. ამ უბედურების, შეძლებისამებრ, შესამცირებლად ამ ჟამად რამდენიმე ათასი სული მონათლეს. ამიტომ, თუმცა ბევრი მათგანი ამ ცხოვრებისათვის ჯერ კიდევ მოკლებულია შეგნებას, სამაგიეროდ ყველა ისინი უეჭველად შეძენილნი არიან სამოთხისათვის.
ამისათვის დავყავი რა თითქმის თვრამეტი წელიწადი მხოლოდ კოლხიდაში და რამდენჯერმე შემოვიარე-რა მთელი ეს ქვეყანა, შეცდომები შევნიშნე ძველ მწერლებსა, რომელთაც ამ ქვეყნის შესახებ რამე უწერიათ. ცხადია, რომ მათ ეს შეცდომები მოსვლიათ იმის გამო, რომ ან ცოტა ხანი უცხოვრიათ იქ და ან ენა არა სცოდნიათ. განსაკუთრებით შემცდარია არრიანე, რომელსაც უმგზავრია კოლხიდაში ადრიანე იმპერატორის ბრძანებით. ეს მწერალი ერთს წერილში, რომელიც მიუწერია ადრიანესათვის, შეცდომით აგვიწერს იქაურ მდინარეთა მდებარეობას, რაც სრულიად არ შეეფერება სინამდვილეს და გამოწვეულია იმ გეოგრაფიული რუქებით, რომლითაც ისინი ნიადაგ სარგებლობდნენ. გარდა ამისა სტრაბონს, პოლიბიოს, თეოფრასტოს და სხვათა კოლხიდის შესახებ მოთხრობილ ამბებში აგრეთვე მრავალი შეცდომა მოსვლიათ. ბოლოს ისიც უნდა მოვიხსენიო, რომ კოლხიდის ზნე-ჩვეულებისა და ზოგი სხვა საუცხოვო რამეებისა ჩვენში სრულებით არაფერი იციან.
ამიტომაც მე გადავწყვიტე ამ ჩემის მცირე შრომის გამოქვეყნება. აქ მე მოგითხრობთ კოლხიდელების ჩამომავლობას, ჩვეულებას და ბუნების სიმდიდრეს. რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი მოჰყვა დღემდის მისიონერების მოქმედებას, ამის მოთხრობა მიმინდვია უფრო წარჩინებულ მწერლებისათვის. ჩემს მოთხრობაში მკითხველი იპოვნის მხოლოდ ფაქტებს, გულწრფელად და ჭეშმარიტად აღნუსხულს. რაც შეეხება ისტორიას და ენის სიწმინდეს, არც ერთისა და არც მეორის ზედმიწევნით ცოდნა მე არ მომეთხოვება. ბარბარიზმი დანაშაულად არ ჩაეთვლება იმ კაცს, რომელსაც ოცი წელიწადი ბარბაროსებში გაუტარებია. თვით ოვიდიუსი, თუმცა მან ჩემზე ნაკლები ხანი დაჰყო პონტოში, შემდეგ ლექსში ამბობს, რომ ენის სისწორე, არ მომეთხოვებაო:
Si qua videbuntur casu non dicta latine,
In qua scribebat, barbara terra fuit [1]
(Ovid., lib. 3 de Trist. Eleg. I)
უკანასკნელად უნდა ვაუწყო კეთილ მკითხველს, რომ ამ ჩემს აღწერაში კოლხიდის სახელით იგულისხმება ის ქვეყანა, რომელიც მდებარეობს კოდორსა და ფაზისს შუა და რომელსაc დღეს სამეგრელოს უწოდებენ. ძველად კი კოლხიდის საზღვრები უფრო ვრცელი იყო, რადგან კოლხიდელებად იწოდებოდნენ ლაზებიც, რომელნიც სახლობდნენ ფაზისის სამხრეთით და რომელთა ენა მეგრული კი არა, ქართულია[2]. aმიტომაც ლაზები უფრო ქართველებში უნდა ირიცხებოდნენ, ვიდრე მეგრელებში.
I. კოლხიდის მდებარეობა და საზღვრები
[edit]ძველის პოეტებისაგან ფრიად სახელგანთქმული კოლხიდა არის აზიის ის ნაწილი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის უკიდურესს ნაპირზე და რომელსაც მკვიდრნი უწოდებენ ოდიშს და სხვები კი — სამეგრელოს (Mengrellia).
ზღაპრულ თქმულებით ეს ქვეყანა იყო მედეას სამშობლო. აქ მოვიდა თავის არგონავტებით იაზონი, რომელმაც დაადვა უძლეველ ხარებს უღელი, დაიმორჩილა მხედრები და დააძინა ურჩხული. შემდეგ ამისა გამდიდრებული ოქროს მატყლოვანის ვერძის მოპოვებით და კიდევ უფრო მედეას მოტაცებით, დიდებულად დაბრუნდა იგი თავის ქვეყანაში.
კოლხიდა მდებარეობს იმერეთსა (აგრეთვე ბაში-აჩუკად წოდებულსა)3 და აფხაზეთს შუა. იმერეთი აღმოსავლეთით აქვს და აფხაზეთი — ჩრდილოეთით. იმერეთისაგან მას ჰყოფს სახელგანთქმული მდინარე ფაზისი, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება რიონად [1]. ეს მდინარე გამოდის კავკასიის მთებიდან. მას შეერთვის მეორე მდინარე, სახელად ცხენის-წყალი, რომელსაც ძველი ბერძნები ჰიპპოსად (ცხენი) უწოდებდნენ.
რიონი ჰყოფს აგრეთვე სამეგრელოს და გურიას და ბოლოს წყნარად შეერთვის ზღვას სებასტოპოლის მახლობლად, რომელიც ძველად წარჩინებულ ქალაქს წარმოადგენდა და დღეს კი წყალში ჩანთქმულია. კოლხიდის საზღვარია აფხაზების ანუ აბაშების მხრით მდინარე, რომელიც მკვიდრთაგან იწოდება კოდორად და ჩემის აზრით კი ძველთა კორაქსია. დასავლეთის მხრით კოლხიდის საზღვარია შავი ზღვა ანუ პონტუს ევქსინუსი, რომლის უკიდურესი ნაპირი, სტრაბონის სიტყვით, სწორედ აქ არის. ჩრდილოეთ-დასავლეთით იწყება კავკასიის მთების ზურგი.
ამ მთების ზურგზე სახლობენ ველური და ბარბაროსი ხალხები, რომელთა აღწერა და ჩვეულებათა ჩამოთვლა მოითხოვდა ძლიერ გრძელ მოთხრობას და მთელ წიგნების დაწერას. უმახლობლესნი არიან აფხაზები, ალანები, სვანები, ყარაჩაელები (Caraccioli), ჯიქები და ჩერქეზები. ესენი ყველანი ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ კანონები კი არა აქვთ, ეტანებიან ნადირობას და მტაცებლობას. მათის ენების და კილოკავის სხვადასხვაობა გასაკვირველია. თვითეული ამ ხალხთაგანი ხმარობს საკუთარს ენას, რომელიც განირჩევა მეორე ხალხის ენისაგან იმდენად, რომ არავითარი მსგავსება ბგერისა მათ შორის არ არის.
მთელი კოლხიდა უხვად არის მორწყული. იქ ხშირია არამც თუ ცივი წყაროები, არამედ უდიდესი მდინარეები, რომენლიც ჩამოდიან კავკასიის მთებიდან, სჭრიან მთელს სიგრძეს კოლხიდისას და მიიმართებიან ზღვასთან შესართავად. გარდა ფაზისისა და ცხენისწყლისა ცნობილნი არიან: აბაშა, ტეხური, ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთა[2], ოქუმი, Echaris[3], მოქვის წყალი და კოდორი ანუ კორაქსი.
ფიქრობენ, რომ მიწაში მრავალი მღვიმე არისო, რადგან მრავალ ადგილას, როცა ცხენი გარბის, მიწას ჟღერის ხმა გააქვს, რისი ახსნაც მხოლოდ იმით შეიძლება, რომ ძირს მღვიმეები უნდა იყოს.
ზღვის ნაპირი თითქმის სულ დაცულია ტყეებით და გაუვალი ჭაობებით. ეს ტყეები და ჭაობები კედლების და თხრილების მაგიერობას ასრულებენ და ამრიგად უშიშრად ხდიან ამ კუთხეს გარეშე მტრების თავდასხმისაგან.
კოლხიდა მდიდარია აგრეთვე ღვინით, მაგრამ ძლიერ ღარიბია პურით. უმეტესი ნაწილი კოლხიდისა შესდგება მშვენიერად შემოსილ გორებისაგან, თუმცა არც ნაყოფიერი ვაკეები აკლია. ნადირობა, როგორც ფრინველზე, ისე ოთხფეხზე, ძლიერ გავრცელებულია. ჰაერი ზომიერია, თუმცა მაინცა და მაინც საღი არ არის. მაგრამ ამაზე ვრცლად შემდეგში ვილაპარაკებთ და ეხლა სხვა საგანზე გადავიდეთ.
II. კოლხიდელების ჩამომავლობა
[edit]ამიენ მარცელინი, როცა კოლხიდელებზე ლაპარაკობს, ამბობს, რომ იგინი ძველ ეგვიპტელთა ჩამომავალნი არიანო(Ammian. lib. 22). ამრიგად, მას მტკიცედ და უეჭველად მიაჩნია, რომ ეს ერი ძველი ეგვიპტელების ჩამომავლობის არისო, თუმცა ეს პირველის შეხედვით შეუძლებელია იმ სიშორის გამო, რომელიც არსებობს კოლხიდას და ეგვიპტეს შუა. მათ შორის ხომ მთელი პალესტინა და უმეტესი ნაწილი მცირე აზიისა მდებარეობს. ხოლო დიოდორე სიცილიელი (Diodor Sic., lib. I, Bibl.) თავის ისტორიულ ბიბლიოთეკის პირველ წიგნში ამავე აზრს გამოსთქვამს: ეგვიპტის მეფე სეზოსტრისმა, დაიპყრა რა თავის გამარჯვებულის ჯარებით ქვეყნიერების უმეტესი ნაწილი, დაიმორჩილა აგრეთვე სკვითები და მოვიდა მდ. ტანაისამდე[4], რომელიც ევროპის საზღვარს წარმოადგენს; მეოტიის ტბის[5] ნაპირზე მან დასტოვა თავისი ჯარის რამოდენიმე ნაწილი, რომლიდანაც მომდინარეობენ კოლხიდელებიო. თვითონ კოლხიდელებიც სთვლიან თავის თავს ეგვიპტელების ჩამომავლად და ეგვიპტელებსავით ჩვეულებად აქვთ წინადაცვეთაო...
სხვები ამავე აზრს ამტკიცებენ კიდევ იმით, რომ კოლხიდელები ბევრსა სთესენ კანაფს; კანაფისაგან ქსოვენ, როგორც ეგვიპტელები, ტილოს და ავრცელებენ სხვადასხვა ქვეყნებში.
ჩვენ ჩამოვთვალეთ ის გარემოებანი, რომელიც მოჰყავთ ზემოხსენებულ ავტორებს იმის დასამტკიცებლად, რომ კოლხიდელები ეგვიპტელების ჩამომავლობისანი არიანო. ამას ჩვენ შეგვიძლიან დავსძინოთ რამდენიმე სხვა ჩვეულება, რომელიც დღემდის დაცულია სამეგრელოში და რომელიც სრულებით ემსგავსება ძველი ეგვიპტელების ჩეეულებებს და ცხადად ამტკიცებს მეგრელების ეგვიპტელებისაგან ჩამომავლობას.
ერთი ჩვეულება ის არის, რომ ეგვიპტელები ძლიერ ეტანებოდნენ სიზმრების ახსნას. მაგალითად, გამოსვლაში ვკითხულობთ (თ. 40), რომ იოსებმა საპყრობილეში აუხსნა სიზმრები ფარაონის მეღვინეს და მეპურეს. ამნაირსავე მაგალითს ვხედავთ კიდევ შვიდი პურის თავთავის და შვიდი ძროხის სიზმარში, რომელიც ნახა ფარაონმა და ახსნა იოსებმა. ამნაირადვე ძლიერ მოწადინე არიან სიზმრის ახსნისა მეგრელები, რომელნიც გათენებისთანავე, ადგებიან თუ არა ლოგინიდან, შემოუსხდებიან, ჩვეულებისამებრ, ცეცხლს და მთელი მათი საუბარი შეეხება იმ სიზმრებს, რაც უნახავთ ღამის განმავლობაში და დიდის გულმოდგინებით ცდილობენ მათ ახსნას.
გარდა ამისა, ეგვიპტელებს ჩვეულებად ჰქონდათ, რომ ტუსაღებს თმას არასდროს არ მოსჭრიდნენ; მაგალითად, იმავე იოსების შესახებ იმავე ადგილას ვკითხულობთ, რომ იგი დიდი ხანი დამწყვდეული იყო საპყრობილეში და თმა ძლიერ გაეზარდაო; როცა მეფის წინაშე უნდა წარედგინათ იგი, საჭირო დარჩა, თმა გადაეკრიჭათო. ასეთი ჩვეულება დღემდის ხელუხლებლად დარჩენილია სამეგრელოში, სადაც არც ერთს ტუსაღს არასოღეს თმას არ გადაკრეჭენ.
ეგვიპტელებს ჩგველებად ჰქონდათ, რომ ყოველ უცხო ქვეყნელს, რომელიც კი შევიდოდა საცხოვრებლად მათ ქვეყანაში, პირველად იმას ჰკითხავდნენ, თუ რა ხელობის ხარო, ამ ჩვეულებისამებრ მოეპყრენ იოსების ძმებს, რომელთაც ეგვიპტეში შესვლისთანავე ფარაონმა ჰქითხა, რა მოხელენი ხართო (გამოსვლა, 46). ესევე ჩვეულება არის დღეს სამეგრელოში, სადაც ყოველ უცხო ქვეყნელს მოსვლისთანავე ჰკითხავენ, რა მოხელე ხარო.
ეგვიპტელები იმ უცხოელებს, რომელნიც შორიდან გადმოსახლდებოდნენ, მიუჩენდნენ საკუთრად რამოდენსამე ნაკვეთ მიწას, რათა გაეშენებინათ იგი და მკვიდრად დასახლებულიყვნენ; მაგალითად ფარაონმა იოსების ძმებს მიუჩინა გევსემის ადგილი.
ამავე წესს მისდევს სამეგრელოს მთავარი. იგი ყველა უცხოელს, რომელიც კი ისურვებს სამეგრელოში დასახლებას, უხვად აძლევს მიწა-ადგილს.
თუმცა მართალია, რომ ეს ჩვეულებანი მეგრელებისა სრულებით ემსგავსებიან ეგვიპტელებისას, მაგრამ ეს მე ვერ დამარწმუნებს, რომ კოლხიდა სულ ეგვიპტელებისაგან იყოს დასახლებული და იგი სრულებით უხალხო ყოფილიყოს, როცა სეზოსტრისმა იქ ეგვიპტელები გაგზავნა დასასახლებლად. ეს გარემოება ცხადად ირკვევა პლინიუსის ბუნების ისტორიაში (PIin., lib. 33, cap. 3). პ), სადაც სეზოსტრისზე ნათქვამია, რომ მის დროს კოლხიდაში უკვე მეფობდა მეფე სელევკე. ამ მეფემ ხელუხლებელი მიწა (ე. ი. დაუმუშავებელი) ნახაო კოლხიდაში და მრავალი ოქრო და ვერცხლი ამოთხარაო. ეს ამბავი ნათლად გვიმტკიცებს, რომ სეზოსტრისის დროს კოლხიდა უკვე გაშენებული იყო და ემორჩილებოდა თავის საკუთარ მეფეს. შემდეგ შემოვიდა სეზოსტრისი და იარაღით მთელი ქვეყანა დაიპყრა. დაპყრობილი ერის მორჩილებაში დაჭერისათვის, რასაკვირველია, იქ ეგვიპტელების ჯარი უნდა დაეტოვებინა მას და კოლხიდელებმა მათგან შეითვისეს ზემოხსენებული ჩვეულებანი.
გრიგოლ კედრენოსი ამტკიცებს კიდევ, რომ კოლხიდელები ნოეს მესამე შვილის იაფეტის ჩამომავლობისანი არიანო; ეს აზრი მე სარწმუნოდ მიმაჩნია, რადგან სომხეთის მთები, სადაც ნოეს კიდობანი გაჩერდა, მხოლოდ რამდენიმე დღის სავალზეა კოლხიდას დაშორებული. ამას გარდა კოლხიდას თითქმის საზღვრავს სამცხე (აქ ახლა მთავრობენ ათაბაგები, სადაც ძველის ზეპირგადმოცემით, ნოე თავის სამის შვილით, კიდობნიდან ჩამოსვლისთანავე, დაბინავდაო. ამ მიზეზით ამ ქვეყანას დღემდი დარჩა ეს სახელი სამცხე, რომელიც ქართულად ნიშნავს სამს თავშესაფარს, ან სამს ციხეს. ასე უწოდეს ამ ქვეყანას ნოეს შვილებმა, რომელთაც ნახეს რა ასეთი უხვი ქვეყანა, ააშენეს სამი სახლი თვითეულმა თავისთვის და დაესახლნენ თავიანთის ოჯახებით. მათი სახლები ციხეებს წარმოადგენდნენ. შემდეგ მათი ჩამომავლობა გარეშემო ქვეყნებში გამრავლდა.
ეს ამბავი შეიძლება დავასაბუთოთ წმ. ეპიფანეს მოწმობით. ეს წმინდანი თავისი წიგნის, „პანარიონის" დასაწყისში (Epiphan., In Pan.), როცა ნოეს შესახებ ამბობს, შემდეგსა სწერს: „როცა წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი გაჩერდა არარატის მთებზე, სომეხთა (Armeniorum) და ქართველთა (Cardiensium) ქვეყნის შუა, ლუბარად წოდებულ მთაზე, გაჩნდა პირველი ადამიანთა საცხოვრებელი და იქ დარგო წინასწარმეტყველმა ნოემ ვენახი და შეიქმნა იქაური ბინადარიო“. აქ შესანიშნავია შემდეგი სიტყვები ეპიფანესი: „სომეხთა და ქართველთა ქვეყნის შუა".
ამ ქვეყანას დღესაც ქართლი ჰქვიან. მკვიდრნი კი თავის თავს უწოდებენ ქართველებად. ეს კუთხე არის საქართველოს (Giorgia) ერთი ნაწილი.
ამას და სომხეთს შუა მდებარეობს სამცხე, რომელიც აგრეთვე ნაწილია საქართველოსი. ვინ იცის, იქნება ძველებმა იმიტომ უწოდეს ქართველებს გიორგიანი (ეს სიტყვა ნიშნავს მიწის მუშაკს), რომ ნოემ პირველად მათ ქვეყანაში ავარჯიშა ეს ხელობა და იქნება დაბადებამ დაბადებამ ამ ქვეყნის მკვიდრთ ამისათვის უწოდა მიწის მუშაკნი! „და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქვეყანისა და დაასხა ვენახი“. (დაბად. თ. 9, მუხ. 20). აქ ბერძნულ თარგმანში სწერია: „ნოე ანდროპოს გეორგოს“. იქაურებს დღემდიც მარტო სახელი კი არა, ჩვეულებანიც თავის პირვანდელი წინაპრებისა შერჩენიათ. მართლაც მიწის მუშაობას, როგორც საქართველოში, ისე კოლხიდაში იმდენად ეტანებიან, რომ ყველას კეთილშობილურ საქმედ მიაჩნია თავის ყანის მუშაობა. სხვა რომ არაფერი იყოს, ნოესაგან მათ ჩამომავლობას ეს მათი ჩვეულება ამტკიცებს: ყოველგან ვენახებს აშენებენ და ცდილობენ ბევრი ღვინო მოიყვანონ, რომელიც ძლიერ უყვართ; ხშირად უზომოდაც სვამენ და დამთვრალნი მიწაზე დაეგდებიან ნოესავით.
- ↑ სამეგრელოს იმერეთისაგან რიონი კი არა, ცხენისწყალი ჰყოფს. რიონი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, როგორც ქვემოდ ამბობს ავტორი (მთარგმ.). ცხენისწყალი, მართალია, ამჟამად სამეგრელოს ჰყოფს იმერეთისაგან, მაგრამ ა. ლამბერტის დროს (1033 წ.), შესაძლებელია მათ შორის საზღვარს წარმოადგენდა მდ. რიონი, შემდეგში კი, ისტორიულ ვითარების გამო, ცხენის- წყალის მიდამოები იმერეთის ფარგლებში შევიდა. ზოგიერთი მეგრული გადმოცემის მიხედვით ეს მიდამოები სამეგრელოს ტერიტორიის ნაწილად სჩანს. ამ გარემოებას ადასტურებს აგრეთვე მეგრული გეოგრაფიული სახელწოდებანი: ჯიხაიში, (ქართ. — ციხისი), წყალტუბო და სხვ. (ი. ქობალია).
- ↑ ხეთა-ს სახელწოდებით მდინარე არ არსებობს (ი. ქობალია).
- ↑ ეგრისი თუ არის? (მთარგმ.) ჩვენში არსებობს აზრი, ჯერ კიდევ ქართ. საისტ. წყაროებში გამოთქმული, რომ „ეგრესის" სახელ- წოდებაში უნდა ვიგულისხმოთ „ენგური“ (ი. ქობალია).
- ↑ მდ. ტანაისი — დონი (კ. ჰანი).
- ↑ აზოვის ზღვა.
III. კოლხიდის აწინდელი მთავრების ჩამომავლობა
[edit]ყველაზე უფროსია მთავარი, რომელსაც ჰქვიან დადიანი. ასე უწოდებენ მის გვარს და არა ღირსებას[1]. მეგრული სიტყვა „ხელმწიფე" ნიშნავს იმას, რასაც იტალიური „il Re". ეს წოდება კიდეც შეეფერება დადიანის ღირსებას. ამიტომაც, როცა უნდათ მოიხსენონ მისი ღირსება, ამბობენ: „დადიანი ხელმწიფე" ხოლო მისი ჩამომავლობა მომდინარეობს არა საქართველოს მეფეებისაგან, არამედ მათი თანაშემწეებისაგან (ministri).
საქართველოს მეფეები წინად ფრიად ძლიერი იყვნენ და მათი უფლება დიდზე იყო გავრცელებული. ამის გამო სახელმწიფო მათ უნდა განეგოთ მოხელეების შემწეობით. შემდეგ კი ეს მოხელეები, რომელთა რიცხვში დადიანიც იყო, აჯანყდნენ და სრული პატრონები გახდნენ იმ მხარეებისა, რომელნიც მათ სამოურავოდ ებარათ. რაც ამის თაობაზე მეგრელებისაგან გამიგონია, ეხლა მოგახსენებთ.
იმ დროს საქართველოს სამეფო (I’imperio Giorgiano) გავრცელებული იყო ირანის მხრით თავრიზამდი და თურქეთის, ანუ უკედ ვთქვა, სამცხის მხრით — არზრუმამდი. კოლხიდისაკენ კი საქართველოს სამეფო მიდიოდა კაფამდი, რომელიც ხერსონესშია[2]. ამ მხრით საქართველო შეიცავდა თავის სამფლობელოში აფხაზებს, ანუ აბასქებს, ჩერქეზებს და ჯიქებს; ანუ ძიქებს. საქართველოს სამეფოს რომ ასეთი სივრცე ეჭირა, ამის ცხადი კვალი დღესაც იპოვება იქ. არზრუმის ქალაქის მახლობლად ახლაც მოიპოება ქართული სოფლები. უწინდელ დროში თვით ამ ქალაქში იჯდა ქართველი ეპისკოპოსი, არზრუმელად წოდებული. კოლხიდის გარედ, აფხაზების და ჯიქების ქვეყნებში, მშვენიერი ტაძრები დგანან ქართულად აშენებულები და ქართულის ზედწარწერებით; მაგალითად, ანაკოფიაში და ბიჭვინთაში არის კოლხიდის, გურიის და იმერეთის პატრიარქის საჯდომი. ირანის მხრითაც, თვით თავრიზამდი, როგორც ქართული ეკლესიების, ისე ქართული სოფლების ცხადი კვალი დღესაც სჩანს.
საქართველოს მეფემ იმ ადგილთა შორის, რომელსაც ის ფლობდა, ამოირჩია თავის სამყოფად ქუთაისი (Cotatis). ეს ქალაქი ჰაერის სიკარგით, მდებარეობის სიმშვენიერით და მიწის ნოყივრობით არ ჩამოუვარდება არც ერთ სხვა ადგილს მისის საბრძანებლისას. იქ, ქალაქის შუა გულს ჩამოურბის ფაზისი, რომელიც ორად ჰყოფს ქალაქს. მშვენიერი ხიდი კი ორთავე მხარეს აერთებს. გორაზე, რომელიც გადმოყურებს ქალაქს, დგას ეკლესია. ეს ეკლესია დაცულია უფრო ბუნებრივ მდებარეობით, ვიდრე ხელოვნურ სამხედრო სიმაგრით.
ქუთაისი კარგი სავაჭრო ქალაქია, რადგან იმისთანა ადგილზე სდგას, სადაც ყოველ მხრით ადვილად მოდიან ვაჭრები თავისი საქონლით. მთებიდან ჩამოდიან სვანები, რომელთაც ჩამოაქვთ თავისი შინაური ნაწარმოები, ნაბდები და მსხვილი შალები და ჩამორეკენ ხოლმე თხებს და ცხვრებს. ქართლიდან (da Cardueli ò Cartuli) მოდიან ქართლელები (Giorgiani) და ირანელები, რომელთაც ჩამოაქვთ ძვირფასი ირანული შალები და ინდოეთის ფერადი ქსოვილები, ტყავები, დამარილებული თევზი კასპიის ზღვიდან, ხიზილალა და სანელებელი. თურქები სამცხის მხრიდან მოდიან და ბლომად მოაქვთ თავისი სავაჭრო, მაგალითად: უნაგირები და ცხენის საკაზმავები, ხალები, ხანჯლები და თურქული ზანდუკები. სხვებზე მეტი ვაჭრები იქ სომხები არიან. სომხებს ქუთაისში თავიანთი სახლები აქვთ. ესენი დადიან თურქეთში, ირანში და ქართლში და ბლომად მოაქვთ იქიდან იშვიათი საქონელი.
მეფე ქუთაისში ბრძანდება და დანარჩენს ნაწილებს თავის სამეფოისას განაგებს თავის მოადგილეთა შემწეობით, რომელნიც იწოდებიან ერისთავებად; მაგალითად, არიან ერისთავები ქართლისა, კახეთისა, გურიისა, სამცხისა, ოდიშისა და ბევრნი სხვებიც, რომელთაც სიმოკლისათვის აღარ ჩამოვსთვლი. ყველა ერისთავებზე უფრო საყვარელი მეფისა, და პატივცემული მისგან იყო ოდიშის ან კოლხიდის ერისთავი დადიანი. დადიანები იმდენად საყვარელნი იყვნენ მეფისა, რომ მათ ხშირად ღირსებიათ მეფის ქალის ცოლად შერთვა.
მეფე, ერისთავების შემწეობით, საქართველოს დიდხანს განაგებდა, ვიდრე ერთმა მეფემ, შვილების ძლიერ მოყვარულმა, სახელმწიფოს ყოველივე სარგებლობის წინააღმდეგ, არ გაუნაწილა შვილებს თავისი სამეფო. თავისთვის მან დაინარჩუნა მხოლოდ იმერეთი, ოდიში, სამცხე და გურია, რომელნიც დასტოვა ისევ ერისთავების გამგეობის ქვეშ. ამას დაერთო შემდეგი უბედურება, რომელმაც სრულებით დაამხო ეს სამეფო. თურქთა ჯარებმა აიღეს რა არზრუმი, დაიპყრეს ქვეყანა ტფილისის ქალაქამდე, რომელიც დაშორებულია არზრუმს რვა დღის სავალზე. შემდეგ ირანელებმა დაიჭირეს თავრიზი და დაიმორჩილეს სულ ის ქვეყნები, რომლებიც მდებარეობენ თავრიზსა და კახეთს შუა. ამრიგად, ერთის მხრით სამეფოს განაწილების გამო და, მეორე მხრით იმ ქვეყნების დაკარგვის გამო, რომელიც დაიპყრო ამ ორმა ხელმწიფემ, საქართველოს მეფე ისე დასუსტდა, რომ თვითეული მისი ერისთავი ძალით მას გაუსწორდა.
ერისთავები სთვლიდნენ თავიანთ თავს მეფის თანასწორად; ყოველი მათგანი თავის მხრით ამ აზრს ანხორციელებდა და, უარჰყოფდა რა მეფის უფლებას, ცდილობდა განეგო თავისი სამთავრო თვითმპყრობელ ხელმწიფესავით. თუმცა ყოველს მათგანს თავისი აზრი ამ საგანზე უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ ამ აზრის ერთმანეთისათვის გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ და ელოდნენ, რომ როგორმე, ან დროების და ან ბედის შემწეობით, თვითეულ მათგანს სისრულეში მოეყვანა თავისი განზრახვა.
დიდ ხანს არც გაუვლია, რომ უეცარმა შემთხვევამ მართლა მისცა მათ საშუალება მათის წადილის აღსრულებისა. საქმე ასე იყო. ახალ წლის დღეს მეფე ბრძანდებოდა თავისი სატახტო ქალაქის ქუთაისის სასახლეში და გამართული ჰქონდა ნადიმი, რომელიც ჩვეულებრივ იმართებოდა ასეთს დღესასწაულებში. მეფესთან შეკრებილნი იყვნენ სამეფოს ყველა დიდებულნი, რომელთა შორის პირველი ადგილი ეჭირა ორს ერისთავს, ოდიშისა და სამცხისას, დადიანს და ათაბაგს. ასეთს დღეს ჩვეულებად აქვთ ამ ქვეყანაში (ამ ჩვეულებას დღესაც შეურყევლად მისდევენ, როგორც მეფის სუფრაზგ ისე ყველა კეთილშობილისაზე), რომ უფროსი მერიქიფე თავის ამხანაგების თანხლებით სადილის ბოლოს მიართმევს, პირველად მეფეს და მემდეგ სხვებსაც, რიგზე, თითო თასს საუკეთესო და ჩინებულ ღვინოს. ისინი დალევენ რა ღვინოს, მისცემენ მერიქიფეს საჩუქარს, თუ ფულით, თუ ნაქსოვით და თუ პირუტყვით, თვითეული თავის შეძლებისდა გვარად.
იმ დღესაც მერიქიფეებმა, შეასრულეს რა თავიანთი მოვალეობა მეფის წინაშე და მიიღეს რა მისგან ჩვეულებრივი საჩუქარი, თასი მიართვეს დადიანს, როგორც პირველს სხვათა დიდებულთა შორის. ხოლო დადიანი წინდაწინვე გრძნობდა, რომ ათაბაგი თავის უხვის გულით წააჯობებდა მას საჩუქარში, თუმცა ღირსებით კი არ სჯობდა მას. მათ შორის უკმაყოფილება რომ არ მომხდარიყო, დადიანმა არჩია წინდაწინ ეკითხნა ათაბაგისთვის, რას აჩუქებ მერიქიფესო. ათაბაგმა უპასუხა, ასი ოქრო მინდა ვაჩუქოო. დადიანმა დაუჯერა და, როცა დალია ღვინო, მერიქიფეს მისცა ასი ოქრო. მერიქიფეებმა შემდეგ ამისა მიართვეს თასი ათაბაგს, რომელიც, ასს კი არა, ათას ოქროს შეპირდა საჩუქრად. დადიანმა ნახა, რომ საშინლად მოტყუებული ვარო, გაჯავრდა ათაბაგზედ; თავი ვერ შეიკავა ვერც მეფის პატივისცემისთვის და ვერც ამდენი დიდებულების ხათრისთვის, რომელნიც ნადიმზე ისხდნენ, წამოდგა თავის ადგილიდან, ათაბაგს მოკიდა ხელი წვერზე და იქვე სულერთიანად შემოაჭრა ხანჯლით. ასეთს უეცარ შემთხვევაში ვერც ათაბაგმა, მეფის პატივისცემისათვის, სამაგიერო ვერ გადაუხადა დადიანს და ვერც მეფემ გამოუცხადა დადიანს უკმაყოფილება, რადგან დადიანს ძალა ჰქონდა იმ დროს. ათაბაგმა გულშიღა ჩაიმალა შეურაცხება და ელოდებოდა მოხერხებულს შემთხვევას, რომ სამაგიერო გადაეხადა დადიანისათვის. ბევრი ხანიც არ გასულა, რომ ასეთი შემთხვევა მართლა წარმოუდგა ათაბაგს.
ერთ დღეს დადიანი გავიდა სანადიროდ ათაბაგის სამთავროს საზღვარზე. ამ დროს ირმის დევნაში ძლიერ დაშორდა თავის მხლებლებს და შევიდა ათაბაგის სამთავროში, სადაც უეცრად შეხვდა ათაბაგის კაცებს. მათ იცოდნენ, რასაკვირველია, ის ჯავრი, რომელიც ჰქონდა მათ ბატონს დადიანისადმი და, თავის ბატონისთვის რომ ესიამოვნებინათ, დადიანი დაატუსაღეს და მიგვარეს ათაბაგს, რომელმაც ბრძანა, რომ იგი შეეპყრათ ბორკილებით და ჩაესვათ ფრიად საიდუმლო საპყრობილეში, რათა მის მხლებლებს ვერ შესძლებოდათ მისი პოვნა. ამათ მართლა ბევრი ეძებეს დადიანი ყოველგან და ბოლოს იფიქრეს, იგი ან ხრამში გადავარდა სადმე და ან რომელიმე ნადირმა შესჭამაო. ერთის სიტყვით ყველას ეგონა, რომ დადიანი მოკვდაო.
დადიანმა კი, როგორც-გამჭრიახ გონების მექონმა, საპყრობილეში ყოფნის დროს ისე წაიყვანა საქმე, რომ არამც თუ მოახერხა საპყრობილედან თავისუფლად გამოსვლა, არამედ ამ უბედურებით კიდეც ისარგებლა: ბორკილებმა და ჯაჭვებმა ასწავლეს მას, თუ რა გზით შეეძლო კოლხიდის თვითმპყრობელი გამხდარიყო, როგორ მოეყვანა სისრულეში ეს დიდი ხნის გულის წადილი. წინად, როდესაც ის თავისუფალი იყო, ეს თავისუფლება მან ვერ გამოიყენა, რომ დამოუკიდებელი მთავარი გამხდარიყო და თავის სამთავროს საზღვრები გაეფართოვებინა. ხოლო, როცა ამ თავისუფლებას მოკლებული და დაბორკილი შეიქმნა, სწორედ მაშინ იპოვა ჯაჭვებში თვითმპყრობელის სასურველი გვირგვინი. თუმცა ასეთს საბრალო მდგომარეობაში, ის უნდა ყოფილიყო უკიდურესად დაღონებული, როგორც ბედისაგან დაჩაგრული, მაგრამ გულში უღვიოდა მას დიდებული ზრახვანი და ამიტომ კეთილის და ტკბილის სიტყვებით და დაპირებით ისე იმოქმედა თავის მცველებზე, რომ იმათ მოახერხეს, რომ ათაბაგი მოსულიყო საპყრობილეში დადიანის სანახავად. ათაბაგს გული დაუჩვილდა, რა მოვიდა და ნახა დადიანი ასეთს საბრალო მდგომარეობაში. ორთავემ მოიგონეს მათი უწინდელი მეგობრობა. ათაბაგმა მაშინვე ბრძანა საჩქაროდ ბორკილებიდან დაეხსნათ დადიანი. იგინი ერთმანეთს მეგობრულად მიესალმნენ.
ამბობენ, რომ დადიანმა შემდეგი საუბარი დაუწყო ათაბაგს: — ოჰ, ძვირფასო ძმაო, ვითარ სთესვენ ჩვენ შორის უკმაყოფილებას და შფოთს, მაშინ, როცა ბედი გვიწოდს ჩვენ სხვა უფრო დიდებულ საქმეზე? ვერ ხედავ, ჩვენი მეფე რამდენად მოკლებელია უწინდელს შეძლებას და მდგომარეობას? ერთის მხრით ირანელებმა და მეორეს მხრით თურქებმა ჩამოაცალეს საუკეთესო ქვეყნები, რომელნიც მას ეჭირა. თვითონაც ხელი შეუწყო თავის დაღუპვას მით, რომ დაბრმავებულმა მამაშვილურის სიყვარულით იმ დროს, როცა უფრო უნდა დაეცვა შესუსტებული სამეფოს ერთობა, მან მოხუცებულობაში ჩამოაცალა თავის გვირგვინს საუკეთესო ნაწილები და უბოძა უმცროს შვილებს. თვითონ-ღა დარჩა მხოლოდ იმერეთი, გურია და ჩვენდამი მონდობილი ქვეყნები. ამასთანავე, ხომ ვიცით, რომ ჩვენს ქვეშევრდომებს ვუყვარვართ, როგორც მოურავები კი არა, არამედ მათი ბუნებითი ბატონები. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლიან მათი ღონე მოვიხმაროთ, როგორც გვინდა. ერთის სიტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ მოვინდომებთ, რომ მეფის უფლებისაგან განვთავისუფლდეთ და უბრალო მოურავების მაგიერ სრული ბატონები გავხდეთ, ამას ვერც თვითონ დაგვიშლის თავის სუსტის ძალით და ვერც ჩვენი ქვეშევრდომები იმ სიყვარულის გამო, რომელსაც ჩვენდამი ჰგრძნობენ. ამ საქმეს მით უფრო ადვილად მოვიყვანთ სისრულეში, თუ ჩემსა და შენს ძალას შევაერთებთ. ამრიგად ყოველივე დამოკიდებულია ჩემსა და შენის სურვილისაგან.
ათაბაგი ამ ამბავმა აღტაცებაში მოიყვანა, რადგან ამისთანა განზრახვა მას დიდი ხანია ჰქონდა გულში. ამიტომაც სიყვარულით გადაეხვია დადიანს და უთხრა: — იცოდე, ძვირფასო მეგობარო, რომ ვიდრე ჩვენი მეფე თავის შვილებს გაუნაწილებდა სახელმწიფოს, მე ყოველივე ეს უკვე გარდაწყვეტილი მქონდა გულში, მაგრამ მაშინებდა ამ განზრახვის სიძნელე და ვერ გავბედე ვისთვისმე გამემჟღავნებინა ეს ჩემი აზრი. უმთავრესი სიძნელე, ჩემის ფიქრით, ის იყო, რომ ჩემი ძალა მარტო არ კმაროდა და ამიტომ მე ხშირად ვფიქრობდი, თუ ვის მივმხრობოდი, რომ მასთან შეერთებულის ჯარებით ადვილად შეგვძლებოდა გვებრძოლა ყველასთან, ვინც-კი წინააღმდეგობას გაუწევდა ჩვენს განზრახვას. თუმცა, ერთის მხრით, ვხედავდი, რომ შენს გარდა ამისთანა საქმისათვის მეორე არავინ იყო გამოსადეგი, მაგრამ, მეორეს მხრით, იმასაც ვხედავდი, რომ შენ ემოყვრებოდი მეფეს და ამ გარემოებამ მაიძულა, შენთვის ჩემი გული არ გადამეხსნა. თუმცა ვიცოდი, რომ სახელმწიფოს ინტერესი დასძლევდა ნათესაობის ყველა კანონებს, მაგრამ, მეორეს მხრით, მაშინებდა ის გულწრფელი ერთგულება, რომლითაც შენ ისე ხანგრძლივად მეფეს ემსახურებოდი. ახლა, რაკი ვხედავ შენს კეთილშობილურს გულს, რომელიც ვერ ითმენს ვერავითარ აჩრდილს სხვის ბატონობისას; რაკი ვრწმუნდები, რომ შენ მხურვალედ ნატრობ თავისუფლებას, რომელიც ჩემთვისაც საყვარელია, და რაკი ჩვენ ერთის აზრისანი ვყოფილვართ, მე ეჭვი აღარა მაქვს, რომ ჩვენი ძალა უნდა შევაერთოთ და ამ შეერთებულის ძალით ადვილად მოვიყვანთ სისრულეში ჩვენს განზრახვას, რაც უნდა ძნელი იყოს იგი. რომ კიდევ უფრო გაგვიადვილდეს საქმე, საჭიროა, დიდის ამბით შევფიცოთ ერთმანეთს და მით განვამტკიცოთ ჩვენ შორის თანხმობა; ერთად დავიფიცოთ წმინდა ხატზე, რომ ყოველივე ღონე ვიხმაროთ, რათა მოვიპოვოთ სრული თავისუფლება და საქართველოს მეფის ბატონობა სრულებით მოვიშოროთ თავიდან და რომ ყოველთვის შეერთებულნი ვიქნებით ჩვენის ჯარებით წინააღმდეგ იმისა, ვინც გაგვიბედავს ამ საქმეში წინააღმდეგობას. — ასე დაიფიცეს ორთავემ და დადიანი განთავისუფლებულ იქმნა.
იგი უეცრად გამოცხადდა სამეგრელოში, სადაც მას ჰგლოვობდნენ, რადგან მკვდარი ეგონათ. მისმა ნახვამ მთელი ქვეყანა ასიამოვნა და საოცრად გაამხიარულა. განსაკუთრებით მაშინ იმატა სიხარულმა, როცა შეიტყვეს მისი შეთანხმება ათაბაგთან. ამის შემდეგ ორთავემ მეფეებად იწოდეს თავიანთი თავი და გახდნენ სრული ბატონები თავიანთი ქვეყნისა.
მეფემ რომ ეს ამბავი გაიგო, ძლიერ დაღონდა. კიდევ ერთი ორად შეწუხდა, როცა ამბავი მოუვიდა, რომ გურიის ერისთავმაც სხვას წაბაძა, აჯანყდა და გახდა თავისი ქვეყნის დამოუკიდებელი ბატონიო. მრავალი აზრი მოუვიდა თავში, მაგრამ არ იცოდა რომელს მიჰყოლოდა. იმ აჯანყებულების ძალით დამორჩილება ტყუილი ფიქრი იყო, რადგან თვითეული აჯანყებული ადვილად გაუმაგრდებოდა; შესაძლოც იყო, რომ თუ ომს გამოუცხადებდა, იგინი შეერთდებოდნენ და მთელს სამეფოსაც წაართმევდნენ. ამიტომ მეფემ ამჯობინა გაჩუმებულიყო და კვლავ თანასწორად ეცნო ისინი, რომელნიც წინად მისს გვირგვინს ემსახურებოდნენ. ხოლო ასეთი თანასწორობა სამუდამოდ დამღუპველი გახდა სახელმწიფოსათვის, რადგან აჯანყებულები თავისი ძლიერებით გაამაყებულნი შეიქნენ, განსაკუთრებით დადიანი, და მათ არა ერთხელ უხმარნიათ იარაღი მისი სამეფოს დასამხობად.
ამ ჟამად მთავრობს სამეგრელოში მეხუთე მთავარი შემდეგ აჯანყებისა და ამას ხშირად უომნია იმერეთის მეფესთან. ეს მთავარი, როგორც მისი წინამოადგილეებიც, მუდამ სჯობნიდა მეფეს და ოდიშში დიდის ნადავლით ბრუნდებოდა. მეფე და დადიანი ხშირად ემოყვრებოდნენ ერთმანეთს იმ აზრით, რომ მეგობრობა დამყარებულიყო მათ შორის, მაგრამ ყოველივე ეს ფუჭად რჩება და მათ შორის მაინც განუწყვეტელი ომია.
- ↑ ვახუშტი ბატონიშვილი, პირიქით, სწერს: „დადიანობა არა არს გვარი, გარდა წესი ხელობისა. არა იყო ესე ოდიშს, არამედ კარის (ყარსის-რედ.) მხარესა ზედა დადიანობდა, ხოლო შემდგომად მეფის თამარისა იქმნა ოდიშს დადიანად და იყვნენ ერისთავად“... (ვახუშტი „საქ. გეოგრ.“ ტფ. 1904 გვ. 18).
- ↑ კაფფა — ფეოდოსია; ხერსონესი — ყირიმი.
IV. აწინდელი მთავარი კოლხიდისა
[edit]კოლხიდის აწინდელს მთავარს ჰქვიან ლევან. იგი არის შემდეგ აჯანყებისა, მეხუთე დამოუკიდებელი მთავარი, შვილი მანუჩარისა[1]. მამა მისი მანუჩარ ერთ დღეს სანადიროდ გამოვიდა და, როცა ცხენით გამოუდგა ირემს, დაეტაკა მეორე ცხენოსანს, რომელიც მისდევდა თურმე იმავე ირემს. უბედური მანუჩარი ისე ძლიერ დაეტაკა, რომ სულ დაიმსხვრა, და იქავე სული განუტევა. ამ მანუჩარს მემკვიდრედ დარჩა მცირეწლოვანი ლევან, რომელიც სრული თოთხმეტი წლისაც არ ყოფილა. ამის გამო, ხალხის ჩვეულებისამებრ, მას ამოურჩიეს ხელმძღვანელი ანუ მზრუნველი, რომელსაც მასთან ერთად უნდა განეგო მთავრობა და კეთილად წაეყვანა სახელმწიფოს საქმეები. ასეთ მზრუნველად დაუნიშნეს მას მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი, კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი. ეს გიორგი განაგებდა ყველაფერს ფრიად ერთგულად და ისე მიჰყავდა საქმეები, რომ მისი გამგეობის დროს კოლხიდაში არავითარი არეულობა და აჯანყება არ მომხდარა. ყმაწვილი ლევან განავითარა ყველა იმ ვარჯიშობაში, რომელიც შეეფერებოდა მთავარს.
როცა დრომ მოაწია, ლევანმა თვითონ დაიწყო სამთავროს გამგეობა და შეირთო ცოლად აფხაზების მთავრის შარაშიას[2](Sciarapscia) ქალი. ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა-კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავის სათნოებით მან მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული. მალე ამ ქალისაგან ეყოლა მთავარს ორი ვაჟი, რომელთაც სიყრმიდანვე ეტყობოდათ, რომ იქმნებოდნენ ნამდვილი მემკვიდრე დედის სათნოებისა და მამის ახოვნებისა. ამიტომაც მოხარული იყვნენ ქვეშევრდომნი და ფიქრობდნენ, რომ ამათი ჩინებული მთავრობა დაამყარებსო მშვიდობიანობას და მყუდროებას.
ხოლო ეშმაკმა, რომელიც არის მთესველი ამბოხებისა და მტერი ყოვლის მშვიდობისა, ჩქარა ჩამოაგდო მთელ კოლხიდაში საშინელი შფოთი. ამ შფოთმა ნელ-ნელა იზარდა და ბოლოს ისე გადიდდა, რომ არია მთელი ქვეყანა და მოსპო ყოველივე მშვიდობიანობა. მთავრის ბიძას ლიპარტიანს ჰყავდა ცოლად ყმაწვილი ქალი, თუმცა თვითონ მოხუცებული იყო. ეს ქალი, სახელად დარეჯანი, იყო ჭილაძის (Cilazze) გვარისა. ჭილაძეები იყვნენ პირველი თავადები ოდიშისა. ქალი ძრიელ ლამაზი იყო და ხნით უფრო შეეფერებოდა ყმაწვილს მთავარს, ვიდრე მოხუცებულს ლიპარტიანს. მართლაც, იგი უფრო თამამად იყო დადიანთან და საიდუმლოებასაც იმას უფრო უზიარებდა, ვიდრე თავის ქმარს. ხშირად ერთად იყვნენ და ესიყვარულებოდნენ ერმანეთს. ბოლოს ცხადად გამოჩნდა, რომ მოკლე ხანსაც არ შეეძლოთ გაძლება უერთმანეთოდ. მოხუცებულს ბიძას არავითარი ეჭვი არ ჰქონდა, რადგან, ერთის მხრით, მთავარი ცოლიანი იყო და, მეორე მხრით, მათ შორის ახლობელი ნათესაობა იყო. მხოლოდ საიდუმლო ალი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა და ბოლოს იმისთანა ცეცხლად გარდაიქცა, რომ მთელმა კოლხიდამ შეამჩნია.
ამ დროს მტერი კაცთა ნათესაობისა უქმად არ იყო და ცდილობდა შფოთი გაეძლიერებინა. მაშინ, როდესაც მთავარი, გატაცებული ლიპარტიანის ცოლის სიყვარულითა, ცდილობდა თავის სურვილის დაკმაყოფილებას, სხვა მის ცოლს, დედოფალს, ეტრფიალებოდა და უსირცხვილოდ დაუახლოვდა. ეს იყო მისი ვეზირი სახელად პაპუნა (Paponia), — იგი, ვითარცა მეორე პირი მეფის შემდეგ, ყოველივეს განაგებდა სახელმწიფოში. ასეთი საქმე ხომ დიდ ხანს არ დაიმალება და, მართლაც, მალე გამოაშკარავდა მთელს კოლხიდაში და ბოლოს თვით მთავრის ყურამდისაც მიაღწია. მთავარი საშინლად გაბრაზდა. მაშინვე გააგდო ცოლი და ბერძნების სჯულისამებრ, შესარცხვენად ცხვირი მოსჭრა; მერე შეკრიბა ჯარი და ქალი წაიყვანა მის მამასთან. მამამისს შეეშინდა ამ უეცარი თავდასხმისა და მთელი თავისი ერით მთებში გაიქცა. დადიანმა მოარბია ქვეყანა, ცეცხლითა და მახვილით გაანადგურა ყოველივე და უკან დაბრუნდა თავის სამთავროში; ცოლი კი იქ დასტოვა მარტოკა.
რაც შეეხება მის ვეზირს, რადგან იგი ძლიერ პატივცემული იყო მთელს ოდიშში და ქვეშევრდომებს დიდათ უყვარდათ, ამისათვის, შინაური ომი რომ არ გამოეწვია, მთავარი უფრო გულდამჯდარად მოიქცა მის შესახებ და დაკმაყოფილდა მით, რომ დაატუსაღა და გადასცა გურიის მთავარს, თავის ბიძაშვილს, რათა შეენახა იმ დრომდი, ვიდრე მისი საქმე არ გათავდებოდა.
დადიანი, რომ უცოლო დარჩა, ბიცოლასადმი სიყვარული უფრო გაუძლიერდა და ცეცხლმა ერთბაშად იფეთქა: მთავარმა დაარღვია ყოველივე კანონი, როგორც ბუნებისა, ისე ღვთისა, და გარდასწყვიტა ძალით შეერთო ცოლად თავისი ბოცოლა. როცა მისი მოხუცებული ბიძა სრულიად დამშვიდებული იყო და არ მოელოდა ასეთს ამბავს, მთავარი მრავალის თავადებით და დიდებულებით მივიდა მისს სახლში და წამოიყვანა იქიდან დარეჯან ყველა მისი ქალებით და მოიყვანა სასახლეში, სადაც დიდის ამბით დაიწერა ჯვარი და გახადა იგი დედოფლად. ლიპარტიანმა რომ ნახა, ძმისწულმა ასე შეურაცხმყოო, ტირილის გადახდას შეუდგა იმ დროს, როცა სასახლეში დიდის ამბით სისხლის-შემრევ მეუღლეთა ქორწილს იხდიდნენ. თითქო ცოლი მართლა მოკვდომოდეს, მან ჩაიცვა და ყველა თავის მახლობლებს ჩააცვა სამგლოვიარო ტანისამოსი და, იქაურ ჩვეულებისამებრ, ორმოცი დღის განმავლობაში ტირილი გაგრძელდა დიდის ამბით. შემდეგ ტირილისა და ნადიმისა მთელი ქვეყანა დასებად განიყო: უფრო მჩატენი თანაუგრძობდნენ მთავრის აღვირახსნილობას და მიემხრნენ მას. უფრო გონიერნი და ხნიერნი კი თანაუგრძნობდნენ მოხუცებულს და იმისკენ იყვნენ.
როგორც ერთის მხრით, ისე მეორის მხრით ამზადებდნენ იარაღს, რათა ამით დაებოლოვებინათ ეს სამწუხარო დავა. მაგრამ მოხუცის უეცარმა სიკვდილმა, რომლის მიზეზი არ ვიცი, მწუხარება იყო, თუ სხვისი იდუმალი ხელი, დააცხრო ეს არეულობა და დარეჯან დარჩა მთავრის ცოლად და დედოფლად.
ამ დროს ვეზირმა, რომელიც გურიელს ჰყანდა დამწყვდეული, იფიქრა, რომ როგორც კი კოლხიდაში სიმშვიდე ჩამოვარდება, მაშინვე დადიანი ჩემზე ჯავრის ამოყრას მოინდომებსო იმ დიდ დანაშაულისათვის, რომელიც მე ბრალად დამედოო, და ამიტომ არჩია თავის სარგებლობისათვის ახალი არეულობა გამოეწვია და დადიანის წინააღმდეგ ღალატი გამოეწყო. ვეზირმა იცოდა, რომ ოდიშში დადიანმა სისხლის-შემრევი ქორწინებით და თავისი კეთილ-მყოფელის ბიძის შეურაცხყოფით ბევრი უგონიერესი კაცი მოიმდურა; რომ, სხვათაშორის, მისს სიძეს, გურიელსაც გული აუვარდა დადიანზე, როგორც თვითონ გურიელისაგან გაეგონა კერძო ლაპარაკის დროს. თავის მჭერმეტყველებით ვეზირმა გურიელი დააჯერა, რომ დადიანი ისე თავდაუჭერელი შეიქმნა, რომ, ვიდრე ის მთავრად დარჩება, მის სამთავროში მშვიდობა არ ჩამოვარდება. პირიქით, მისი დაუცხრომლის ხასიათის მიზეზით მომიჯნავე მთავრებს ხშირად თავს დაეცემა და დააზიანებსო. ამიტომაც უკეთესი იქნებაო, რომ კოლხიდის მთავრად გავხადოთ მისი ძმა იოსებიო, კაცი ბევრად უფრო სასიამოვნო, კაცთმოყვარე, ზრდილობიანი, დამჯდარის ხასიათისა და ამას გარდა ხალხისაგან მეტად პატივცემული და თაყვანსაცემიო.
ვეზირმა საქმე ისე წაიყვანა, რომ მარტო გურიელი კი არა, იმერეთის და აფხაზეთის მთავრებიც მოიმხრო და მათ შორის დააარსა საიდუმლო კავშირი, რომელსაც საგნად ჰქონდა დადიანის მოკვლა და მის მაგიერ მისი ძმის იოსების გამთავრება. ყოველივე მოისაზრეს, იშოვეს ერთი აფხაზი, რომელიც დახელოვნებული იყო ასეთს საქმეებში და მიანდეს დადიანის მოკვლა. აფხაზი თვალს ადევნებდა მთავარს და ყოველგან დასდევდა მას, სადაც კი წავიდოდა იგი თავის კარის კაცებით. აფხაზი ცდილობდა, ამოერჩია მარჯვე დრო, რომ სისრულეში მოეყვანა თავისი ბოროტი განზრახვა. კიდეც იპოვა ასეთი დრო მაშინ, როცა დადიანს არავითარი ეჭვი არ ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ბოროტ-განზრახულობა არსებობდა.
აფხაზმა გაიგო დადიანის ჩვეულება, რომ ყოველ საღამოს ვახშამს ერთსა და იმავე ადგილას მიირთმევსო; იმ ადგილას ხის ტიხარი არისო, რომელსაც დადიანი ზურგით მიაწვება ხოლმეო. გაენდო მერიქიფეს, რომელიც დიდი ერთგული იყო იოსების და სთხოვა მაცნობეო, როცა დადიანი ვახშმის დროს ჩვეულებრივზე უფრო გონება გაფანტული იქნესო. მერიქიფემ შეპირებისამებრ ანიშნა. აფხაზი ზურგში მიეპარა დადიანს და ტიხარიდან მახვილი ისე ჩასცა, რომ მის წვერს პირდაპირ გულში გაევლო. მაგრამ დადიანი, როგორც კი იმან იგრძნო მახვილის წვერი, პირქვე დაემხო სუფრაზე. ამგვარად გადარჩა სიკვდილს და მხოლოდ მსუბუქი ჭრილობა მიიღო. აფხაზმა მაშინვე თავს უშველა, მარდად შეახტა ცხენს და ბნელის ღამის წყალობით ისე გაიპარა, რომ შემდეგ მისი სახსენებელიც ვერავინ ვერ გაიგო.
ამ შემთხვევამ ზარი დასცა ყველა კარის კაცებს. მათ ხელი მოჰკიდეს მთავარს და სასახლეში შეიყვანეს. სასახლიდან ხალხი დაითხოვეს, კარები ჩაკეტეს და გულმოდგინედ შეუდგნენ ჭრილობის ექიმობას. ეს ამბავი იმავე ღამეს მოეფინა მთელს კოლხიდას: ღამის სიბნელემ, შემთხვევის მოულოდნელობამ და ცრუ ხმებმა, რომელიც ყოველგნით გავრცელდა, უფრო მეტი ზარი დასცეს მეგრელებს. იმდენად იყვნენ დაშინებულნი, საერთო უბედურება რამ გვეწვიაო, რომ ყველა შეიარაღდა თავის დასაცველად და დილა ადრიანად სასახლესთან შეიკრიბა მრავალი ჯარი, რომელიც მზად იყო მოქმედებისათვის, თუ რამე აჯანაყება მოხდებოდა ან მთავრისა და ან სამშობლოს წინააღმდეგ. მთელი ეს ხალხი მინდორში დალაგდა, იქ ბანაკი გაიკეთეს და გადასწყვიტეს, რომ აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე მთავარს უშიშარ-ყოფილს არ დავინახავთო. მთავარი ჩქარა კარგად შეიქმნა, რადგანაც ჭრილობა მძიმე არ აღმოჩნდა და ექიმობაც კარგი ჰქონდა. ლოგინიდან ადგა თუ არა, მთავარი შეჯდა ცხენზე და ეჩვენა ხალხს, რომელიც დაღონებული უცდიდა მისს მორჩენას.
მორჩენის უმალ მთავარი შეუდგა იმის გამორკვევას, თუ ვის ჰქონდა მონაწილეობა შეთქმულობაში. პირველად დაიჭირეს მერიქიფე, რომელიც მთავარს ემსახურებოდა იმ საღამოს, როცა აფხაზმა დასჭრა. როგორც კი მერიქიფეს წამება დაუწყეს, იმან მაშინვე რიგ-რიგად ჩამოსთვალა შეთქმულები. ესენი, რასაკვირველია მაშინვე დაიჭირეს და აწამეს. დადგა სასტიკის მსჯავრის დღე. მერიქიფე და ორი მისი ძმა, რომელნიც მონაწილენი იყვნენ მისნი, ერთნაირად დასაჯეს. ორივე თვალი ამოთხარეს და ცალცალი ხელი და ფეხი მოსჭრეს. ამ საქმის მოთავე ვეზირი ჯერ ღამით დაახრჩეს და მერე დღისით ერთ დიდ ზარბაზანში ჩასდეს, ცეცხლი მისცეს და ამ გვარად მისი სხეული, ნაკუწ-ნაკუწად ქცეული, ჰაერში გაიბნა. თავის ძმას იოსებს მთავარმა თვალები დასთხარა და ყოველივე ქონება ჩამოართვა და დაუტოვა მხოლოდ სულ მცირე რამე, რაც საკმაო იყო საწყლად ცხოვრებისათვის. შემდეგ თავის სიძის გურიელის წინააღმდეგ გაილაშქრა, დაატყვევა იგი და ღირსეული სასჯელი მიაყენა: დასთხარა თვალი, წაართვა ცოლი, შვილი და სამთავროც, მისი სამთავრო დადიანმა გადასცა გურიელის ბიძას მალაქიას. გურიელი ღირსი იყო ასეთის საშინელის სასჯელისა იმიტომ კი არა, რომ შეთქმულობა მოახდინა დადიანის წინააღმდეგ, არამედ იმიტომ უფრო, რომ თავისის მამის წინააღმდეგ საშინელი სისასტიკე გამოიჩინა. თვითონ რომ მთავრად გამხდარიყო, იმისთვის სიყმაწვილეში თავისი მამა მოჰკლა. ამ გვარად ღვთის განგებამ არ ინება, რომ ასეთი მისი ბოროტება დაუსჯელად დარჩენილიყო, და მან ერთად დაჰკარგა სამთავრო, ცოლი, ერთადერთი შვილი, თვალთა ხედვა და თავისუფლებაც.
კოლხიდაში ხმა გავრცელდა, რომ ამდენის მკვლელობის შემდეგ დადიანის გული იმდენად გაბოროტდა, რომ თავისი შვილები, რომელნიც პირველის ცოლისაგან ჰყავდა, მოწამლაო. ჰფიქრობდნენ, რომ დადიანმა ასეთი სისასტიკე ახალის ცოლის ჩაგონებით ჩაიდინაო. ამ ქალს, რასაკვირველია, უნდოდა, რომ დადიანის მემკვიდრეობა მიეღოთ მის საკუთარს შვილებს და არა აფხაზის ქალისას. ამბობენ, მეორე ცოლი თურმე დადიანს ხშირად მოაგონებდა, დარწმუნებული არ უნდა იყო იმაში, რომ პირველი ორგული ცოლის ნაშობი ვაჟები შენი კანონიერი შვილები არიანო. ერთის თვის განმავლობაში პირველი ცოლისგან შენაძენი ორივე შვილი მოკვდა. თუმცა მათ საფლავზე ბევრი ცრემლი დაიღვარა, მაგრამ იქ მამის ცრემლი არ დაღვრილა; მათ არც თავის წინაპრებთან ერთად სამეფო აკლდამაში დაკრძალვა ღირსებიათ.
დადიანმა რომ ამგვარად თავისი საქმე შეასრულა და სამთავროს საქმეები მოარიგა, მაშინ განიზრახა აფხაზების დამორჩილება. აფხაზები ბუნებითაც მოუსვენარნი არიან და, ამას გარდა, დადიანისგან თავს შეურაცხყოფილად სთვლიდნენ, რადგან ამან გააგდო ცოლი, მათის მთავრის ქალი. ამის გამო აფხაზები ისე ბრაზმორეულნი იყვნენ დადიანზე, რომ იმ დროს, როცა დადიანი გართული იყო თავის ძმისაგან დაწყებული ამბოხების დაცხრომის საქმეში, სულ თავს ესხმოდნენ სამეგრელოს საზღვრებს, რომელიც თითქმის სრულიად გააოხრეს, მცხოვრებლები დაატყვევეს და აფხაზეთში გადაასახლეს. დადიანმა, როგორც კი შინაურ საქმეებისაგან მოიცალა, საჩქაროდ გაილაშქრა აფხაზების წინააღმდეგ და მალეც დაამარცხა იგინი. აფხაზებმა მორჩილება განუცხადეს, ხარკი იტვირთეს, მაგრამ რადგან ეს ხალხი მოქალაქობას და ვაჭრობას მოკლებულია და არც ფული გააჩნია, არც საქონელი ხარკის გადასახდელად, — დადიანმა მათ ხარკად დაადვა რამდენიმე მწევარ-მეძებარი და მიმინო, რომლებითაც აფხაზები ნაქებია.
დაიმორჩილა თუ არა აფხაზეთი და გურია, დადიანმა იმერეთის დაჭერაც მოისურვა, რომლის მფლობელი ძველად მისი მეფე იყო. ამ განზრახვით დადიანს განუწყვეტელი ომი ჰქონდა იმერეთთან. თუმცა აქამდინ თავისი წადილი ვერ შეისრულა, რადგან იმერეთის მეფე გამაგრდა ქუთაისის ციხეში და მის სიმაგრეს დადიანმა ვერ სძლია, მაგრამ მაინც ისე დაასუსტა იმერეთის სამეფო, რომ სამეგრელოს ბევრად ჩამოუვარდება ძალ-ღონით.
ასეთი იყო დადიანის ღვაწლი ომისა და აჯანყების დაცხრომის საქმეში. არა ნაკლებ შესანიშნავია მისი ღვაწლი მშვიდობიანობის დროს. მართლაც, მისი საქმეები ცხადად გვიჩვენებენ, რომ ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყნებში რომ აღზრდილიყო და ჩვენის საუკეთესო მასწავლებლებისაგან სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით, შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე-ჩვეულება. საჭმელში ისეთი ზომიერია, რომ ხშირად რაიმე საქმის გამო ან ნადირობისათვის ისე ადგება სუფრიდან, რომ ან სულ არას სვამს, ან ცოტა რასმეს მოსციცქნის. არასოდეს იგი ღვინით დამთვრალი არ უნახავთ, თუმცა მის ქვეყანაში სიმთვრალე საერთო ნაკლულევანებას შეადგენს.
უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით, მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველ-გვარის ვარჯიშობისათვის. ლაშქრობაში იგი მარდია, ჩუმი და მხნე. ამიტომაც ყოველ ომში იგი იმარჯვებს. ისე უყვარს თვისი ქვეშევრდომები, რომ, როდესაც კი მათ რამე მწუხარება შეემთხვევა, ან ანუგეშებს მამობრივის სიყვარულით, ან და აღმოუჩენს კიდეც შესაფერს შემწებას მათს გაჭირვებაში. ისე ტკბილად და ზრდილობიანად ექცევა თავის კარის კაცებს, რომ თვითეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სხვებზე დაახლოვებული მე ვარო. დადიანი ისე მოხერხებულად იქცევა, რომ ყველა ერთნაირად არის ამაში დარწმუნებული. ამის გამო ყველას ისე უყვარს მთავარი, რომ არც ერთი მისთვის სიცოცხლეს არ დაზოგავს.
მეხსიერება ისე ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის არ იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაც.
ქვეშევრდომების შემწეობისათვის ისე მოწადინებულია მუდამ, რომ ამ მხრივ მისი მოქმედება მომაგონებს ისაიას სიტყვებს შესახებ იმ მთავრისა, რომელსაც სურს თავიდან აიშოროს მთავრობა და ამბობს: „არა ვიყო მე თქუჱნდა წინამძღვარ, რამეთუ არა ვარ მე მკურნალი და არა არს სახლსა ჩემსა პური, არცა სამოსელი" (ისაია, თ. 3 და 7). ამ ადგილიდან სჩანს, რომ ძველად მთავარის მოვალეობა იყო ეზრუნა თავისი ხალხის საზრდოსა, ტანსაცმლისა და ექიმობისათვის. ეს ჩვეულება ჩვენს ქვეყნებში სრულებით განდევნილია, მაგრამ დადიანი თავის ქვეყანაში კი მტკიცედ მისდევს ამ ჩვეულებას. მართლაც, იმისათვის რომ ექიმობა გაუწიოს თავის ხალხს, კითხულობს სხვადასხვა საექიმო წიგნებს, რომელიც გადმოთარგმნილია ლათინურიდან მათს ენაზე, შესწავლილი აქვს მრავალი სანელებელი, სამკურნალო ბალახები მცენარის ძირები და აკეთებს მრავალს წასაცხებს და სასმელს წამალს. ასეთის წამლებით სავსე აქვს ყუთები, რომელთაც თან დაატარებს და საჭიროებისამებრ ყველას ურიგებს. ამ წამლებს ისე თხოულობენ, თითქოს თვით გალენი[3] ურიგებდეს მათ.
რაც შეეხება პურს ან საზრდოს, დადიანი ამაზე ისე ზრუნავს თავის ქვეშევრდომების სასიკეთოდ, რომ მისს სასახლეში ყველას ეძლევა საზრდო სრულიად უფასოდ. ვინც უნდა მივიდეს, კარის კაცი, თუ უცხო ვინმე, მაშინვე თავის ულუფას მიართმევენ. სუფრაზე რომ დაჯდება დადიანი, გარშემო მსხდომ სტუმრებს სულ თავის ხელით უთავაზებს საჭმელებს, ისე რომ ხშირად მას აღარა რჩება. თავის ხალხის შესამოსად დადიანი განსაკუთრებით ცდილობს. იბარებს კონსტანტინეპოლიდან და ირანიდან ქსოვილებს თავისი კარის კაცების შესამოსად და სხვებისათვის დასარიგებლად. ვისაც ოქრომკედის და აბრეშუმის ქსოვილი არ ეკუთვნის, იმისათვის შალებს ამზადებინებს და თავისი ხელით ურიგებს სუსხიან ზამთარში. ამიტომაც საფუძვლიანად შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ სწორედ ამას ეკუთვნის სამთავრო, რათა ჰკურნოს თავისი ქვეშევრდომნი და მოუპოვოს მათ პური და სამოსელი.
დადიანი ფრიად მოყვარულია მართლ-მსაჯულებისა. მან სასტიკის ზომებით ალაგმა მეგრელების ონავარი ბუნება. ამ ჟამად ვეღარ გაიგონებთ მის სამთავროში ისეთს ქურდობას და მტაცებლობას, როგორც წინათ იყო. უწინ უძლიერესი მებატონენი კანონებს არ ემორჩილებოდნენ, უძლურებს ყველაფერს ართმევდნენ და უცხოელს, რომელიც კი კოლხიდაში მოვიდოდა, სცარცვავდნენ. ამ მთავრის დროს კი ისე შეშინებულნი არიან, რომ ვერც უცხოელებს აწყენინებენ და ვერც უძლურებს აწიოკებენ.
დადიანი საკვირველ პოლიტიკას ადგას თურქეთის მიმართ. იგი კარგად იცნობს თურქეთის მტარვალობას და აგრეთვე იცის, რამდენი სამეფო ჩაუნთქავს მის მტარვალობას, რამდენი მომიჯნავე ქვეყანა დაუპყრია. თურქეთმა რომ მისი სამთავროც არ გასრისოს, დადიანი ცდილობს მეგობრობა დაიმსახუროს თურქეთისა, მაგრამ ისე კი, რომ ამით მთავრის ღირსებას არა მოაკლდეს-რა. ასეთი მეგობრობის დასაცველად დადიანი ყოველ წელიწადს სულთანის ვეზირებს ფეშქაშებს უგზავნის და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სულთანს ხარჯს აძლევს. ამნაირად დადიანი თავის ნებით გახდა თურქეთის მოხარკე, ხოლო მთავრის ღირსებას ისე შეუბღალავად იცავს, რომ არასოდეს არავითარს ბრძანებას თურქეთიდან მოსულს არ ასრულებს.
რამდენიმე წელიწადია მას აქეთ, სულთან მურადმა, აწინდელმა ხელმწიფემ თურქეთისამ, როცა იგი ომობდა ირანის შაჰ-სეფის წინააღმდეგ და ერევანის ქალაქს მიადგა ასაღებად, შემოუთვალა დადიანს, შენ ჩემი მოხარკე ხარ და რადგანაც ერევანი შენი სამეფოს მახლობლად არის, რიგია მოხვიდე და დამეხმაროო. ამაზე დადიანმა უპასუხა, არასოდეს არც მე და არც ჩემს წინაპრებს ვალად არ გვედო თქვენი და თქვენის წინაპრების ომში სამსახურიო და ამიტომაც არც ახლა გიახლებითო. ამასთანავე გაიხსენეთ, რომ ხარკს იმიტომ კი არ გაძლევთ, რომ პირდაპირ თქვენი ბატონობა მეცნოსო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ჩემს საზღვარში ჯარით არ შემოხვიდეთო. და თუ ამას იზამთ, მე მყისვე მოგისპობთ ხარკს და ადვილად შევიძლებ ჩემის ჯარით დავიცვა სამთავროო.
სულთანმა არავითარი პასუხი არ გასცა დადიანს არც წერილით და არც საქმით, რადგან დარწმუნებული იყო, ერთის მხრით, რომ ეს პასუხი სამართლიანი იყო და მეორეს მხრით, რომ დადიანის სამთავროს ისეთი მაგარი საზღვრები ჰქონდა ბუნებით, რომ მისი დაპყრობა შეუძლებელი იყო. ყოველ შემთხვევაში სულთანი დარწმუნებული იყო, რომ კიდეც გარდავწყვიტო სამეგრელოს დაპყრობა, ამისათვის იმდენი ჯარი უნდა ვიხმარო და ხარჯი გავსწიო, რომ ამ ხარჯათ დაპყრობილი სამთავრო არ ეღირებაო. სულთანმა ისიც კი იცოდა, რომ მეგრელები არაფრად აგდებდნენ თურქების ძალას, რადგან როცა კი თურქეთის ჯარი ან ზღვით ან ხმელეთით მიადგებოდა სამეგრელოს, მეგრელები ყოველთვის მზად იყვნენ თვითონ დაეწვათ თავიანთი სახლები, აბარგებულიყვნენ თავიანთი საქონლით და ავეჯით და მთებში გახიზნულიყვნენ. მერე იქიდან ხშირად ჩამოვიდოდნენ და, ადგილობრივი ჩვეულებისამებრ, ჩასაფრებულნი სროლას დაუწყებდნენ თურქების ჯარს, და ამ გზით ჩქარა დაამარცხებდნენ მათ. ამ საქმეში მეგრელებს ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ მათი ქვეყანა გაუვალი ტყითა და ჭაობით იყო დაფარული.
მეორე პოლიტიკური ხერხი, რომელსაც ხმარობს დადიანი თურქეთის მიმართ, ის არის, რომ ცდილობს მტკიცედ დაარწმუნოს თურქები, რომ სამეგრელოზე უფრო ღარიბი და უბედური ქვეყანა დედამიწაზე მეორე არ მოიძებნება. ამისათვის, როცა თურქეთიდან ელჩები მოვლენ, დადიანი საზღვარზე თავის კაცებს დაახვედრებს, რომელთაც სამუდამოდ ნაბძანები აქვთ, გვერდი აუხვიონ კარგს პირდაპირს გზებს, მშვენიერს და კარგს ადგილებს და სანახავებს, და გამოატარონ ციცაბო კლდეებზე, ტალახიან გზებზე, დაბურულ ტყეებით და ცუდი ადგილებით; მდინარეებში გასვლის დროს უნდა ამოერჩიათ უფრო ღრმა ფონი, ღამით უნდა დაებინავებინათ რომლისამე ღარიბი გლეხის სახლში, სადაც ლოგინათ დაეგოთ მხოლოდ თივა და საჭმლად ეშოვნათ ყველი და მწვანილი.
ელჩები ფიქრობდნენ, რომ მთავრის სასახლეში როცა მივალთ, მაშინ მაინც კარგათ მოგვასვენებენო. მაგრამ მთავარი აქაც ახირებულად დახვდებოდა: დამჯდარი ხის ქვეშ, ძველს ხალიჩაზედ, ღარიბულად ჩაცმული მიიღებდა ელჩებს. გარეშემო მრავალი მხლებელი ჰყავდა, მაგრამ ყველანი ცუდად ჩაცმულნი. აქ რომ მიიღებდა ელჩებს და მოისმენდა სულთანის უსტარს, მიუჩენდა მათ მოსასვენებლად, უფრო ხშირად ერთ დიდ ფიცრულ სახლს, თითქმის უკაროს და უსახურავოს, რომელშიაც კაცი ერთს კუთხესაც ვერ იპოვიდა, რომ წვიმის დროს თავი შეეფარებინა. საჭმელად ყოველ დღეს მიართმევდნენ თხის ხორცს, რაც შეიძლებოდა უარესს. პური საზოგადოდ ცოტაა ამ ქვეყანაში და ელჩებსაც ისე გამოზოგვით მიართმევდნენ ხოლმე, რომ იგინი შიმშილსაც ვერ იკლავდნენ. რაც შეეხება ღვინოს, თუმცა ელჩებს დიდი სურვილი ჰქონდათ თავისი კანონი დაევიწყნათ და წინააღმდეგ ამ კანონისა, დაელიათ ყურძნის წვენი, მაგრამ ისეთს საძაგელს ღვინოს მიართმევდნენ ხოლმე, რომ ძალაუნებურად უნდა მტკიცედ დაეცვათ თავისი კანონი და წყურვილი მარტო წყლით დაეკმაყოფილებინათ.
აგრე შევიწროვებულნი და გაჭირვებულნი იყვნენ დადიანის კარზე ელჩები. ამიტომაც იგინი სწყევლიდნენ იმ წამს, როდესაც მოვედით ამ დაწყევლილს და ჯოჯოხეთზე უარეს ქვეყანაშიო. ყველა ამ ღონისძიებას ხმარობდა დადიანი იმისთვის, რომ კონსტანტინეპოლში ცუდი აზრი ჰქონოდათ ამ ქვეყნის შესახებ და ხონთქარს აზრადაც არ მოსვლოდა არც ხარკის მომატება და არც ამ ქვეყნის სრულად დაპყრობა.
სამძიმო საქმეში დადიანმა არ იცის აჩქარება. აი მაგალითი: ერთი დიდიკაცი სამის წლის განმავლობაში ცდილობდა ხალხის აჯანყებას და თვით დადიანის მოკვლას. დადიანმა, თუმცა ეს მისი ბოროტ-განზრახულობა კარგად იცოდა, მაინც იმას ცდილობდა, მოფერებით და წყალობით მოეგო მისი გული და არასოდეს არ უფიქრია იმისი დასჯა, სანამდის არ დარწმუნდა, რომ ამ კაცზე არაფერი სიკეთე არ გადისო და სულ უფრო და უფრო ცდილობსო სისრულეში მოიყვანოს თავისი ბოროტი აზრი. მხოლოდ შემდეგ ამისა შეიპყრა დადინმა ეს კაცი და ორივე თვალი ამოთხარა და მასთან ერთად თავიდან მისი სულელური აზრიც ამოგლიჯა. დადიანმა სრულებით განაახლა ქვეყანა იმით, რომ მრავალი უცხო ხალხი მოიწვია, განსაკუთრებით სომხები და ებრაელები, რომლებიც ძლიერ ეტანებიან ვაჭრობას. მათ აძლევდა ცხენებსა და ფულს და გზავნიდა ირანსა და თურქეთში, რათა იმ ქვეყნებიდან მოეტანათ ოდიშში მრავალი სავაჭრო, რომლის სახელიც არ იცოდნენ წინად მეგრელებმა. ვაჭრობაში ფულის ხმარება სრულიად არ იცოდნენ მეგრელებმა და თავიანთ ნაწარმოებს ერთსა მეორეზე ცვლიდნენ. ახლა კი მთავარს ზარაფხანა აქვს გაკეთებული, სადაც ყოველ წელიწადს სჭრიან რამდენსამე ათას მანეთს. თავის სამთავროში ხალხის გამრავლებისათვის დადიანი დიდის წყალობით იზიდავს უცხოელებს, განსაკუთრებით ხელოსნებს. მოსული რომ აღარ წავიდეს აქედან, მთავარი აძლევს სახლს, მიწა-ადგილს და ყოველსავე, რაც კი შეეფერება მოსულის წოდებას და მდგომარეობას.
ღვთის მსახურების და ეკლესიის საქმეშიც გამოიჩინა დადიანმა თავი. არ არის ოდიშში ახლა არც ერთი ეკლესია, სადაც მისი ღვთის მოყვარეობის ნიშანი არ იყოს; რომელიც დანგრეული ეკლესია იყო, ხელახლავ ააშენა; რომელსაც სახურავი არ ჰქონდა, იმას სახურავი გაუკეთა; რომელსაც ორნამენტები შემოსცლოდა, ისევ გაამშვენიერა და შეამკო. ამასთანავე ყველა ეკლესიას ფრიად შეუმატა შემოსავალი. უთვალავი ოქრო ვერცხლის ხატი გააკეთებინა თვალმარგალიტებით შემკობილი ათი წლის განმავლობაში ოცზე მეტი ოქრომჭედელი ჰყავდა, რომელნიც განუწყვეტლივ აკეთებდნენ საეკლესიო ჭურჭელს.
მათ შორის უნდა მოვიხსენიოთ: ძვირფასის ქვებით შემკული ფიალი, რომელიც ფასობსო, ამბობენ, თორმეტ ათას სკუდოთ (Scudi); ღვთის მშობლის ხატი, ხალასი ოქროსაგან გაკეთებული და ძვირფასის ქვებითვე შემკული, რომელსაც აფასებენ ხუთი ათას ოქროდ (ducati), და მრავალი ამისთანა, რომელიც დადიანმა თავის სამთავროს ყველა ეკლესიებს დაურიგა. ასეთია ეს დიდსულოვანი და კეთილშობილი მთავარი, რომელსაც საუცხოვო ნივთები სურს გააკეთოს, მაგრამ მისი სურვილი სურვილად რჩება ხელოვანთა სიმცირის გამო.
- ↑ მანუჩარ დადიანი გარდაიცვ. 1611 წ.; ლევან დადიანი გარდაიცვ. 1657 წ
- ↑ მეგრ. შარაშია-შარვაშიძე.
- ↑ გალენი — ძველი ბერძნების გამოჩენილი ექიმი. დაიბ. 131 წ. (ჩვ. ერ.) პერგამში და გარდაიცვ. 200 წლ. მახლობლ.; იგი ბერძნულად სწერდა, მაგრამ ლათინური თარგმანი გამოვიდა ორგინალზე ადრე, სათაურით „Galeni Pergamensis medicorum om— nium principis opera“
V. სამეგრელოს წოდებანი
[edit]კოლხიდის ან ოდიშის ერი შესდგება, როგორც ქვეყნიერების ყველა ერი, აზნაურების და გლეხებისაგან. თვითეული ამ წოდებათაგანი კიდევ განაწილდება: აზნაურის წოდებას შეადგენენ აზნაურები და თავადები, ანუ ადგილობრივ სახელწოდებით ჟინასკვები (Ginasquà)[1] და ჟინაჯები (Ginagi)[2], გლეხთა წოდებას შეადგენენ მსახურები და მოინალები[3].
მხოლოდ თავადებს შეუძლიანთ თავის ხელქვეით იყოლიონ აზნაურები. აზნაურებს ემორჩილებიან მსახურნი და მოინალები. მსახურებს მარტო მოინალები შეუძლიანთ იყოლიონ ხელქვეით.
თავადებს ისეთი უფლება და მნიშვნელობა აქვთ სამეგრელოში, როგორიც არ მოეპოვება არც ერთს თავადს ევროპაში. ხშირად მთავარი უმოყვრდება მათ, ისე რომ თითქმის ყველა მათგანი ენათესავება დადიანს, რომელიც ამის გამო დიდად პატივსა სცემს მათ. სასახლეში მოვლენ, თუ სამგზავროდ წავლენ, თუ საომრად გავლენ, მუდამ თავადებს ახლავთ მათი აზნაურები.
არავის არ შეუძლიან გამოვიდეს იმ წოდებიდან, რომელშიაც იგი დაბადებულა, ისე რომ აზნაურს არ შეუძლიან თავადი გახდეს, მსახურს — აზნაური და მოინალს — მსახური. ყოველი კაცი უნდა დარ ჩეს თავის წოდებაში, თუნდაც სიმდიდრით გაუსწორდეს კოლხიდის უდიდებულეს კაცს.
აზნაურებსაც მაღლად უჭირავთ თავი მსახურთა და მოინალთა მიმართ. ემსახურებიან თავიანთ აზნაურს იმავე წესით და რიგით, როგორც მთავარს ემსახურებიან მისი ხელქვეითები. თვითეულ აზნაურს ჰყავს, თუმცა რიცხვით ნაკლები, მაგრამ იმავე სახელწოდების მოსამსახურეები, როგორც მთავარს: თვითეულს ჰყავს თავისი სახლთხუცესი, მესტუმრე, მოლარე, მერიქიფე, მეჯინიბე, ხაბაზი, მზარეული, მემარნე და ბაზიერი, როგორც მთავარს.
მსახურები ანუ გლეხები ჩვეულებისამებრ, მტკიცედ ასრულებენ თავის სამსახურს და იხდიან იმ ბეგარას, რაც თავიანთ ბატონის ძველიდან ჰმართებიათ. ამ მხრით ისეთი მტკიცენი არიან, რომ მოკვდებიან და არ გადაიხდიან ერთი იოტით იმის მეტს, რაც ჩვეულებით დადებულია. ჩვეულებრივი მათი მოვალეობა ის არის, რომ საკუთარ ოჯახში დარჩნენ და ოჯახის ერთ-ერთი წევრი, მორიგობით, ბატონს მის სახლში ემსახურებოდეს. ლაშქარსა და მგზავრობაში მსახური თან უნდა ეახლოს ბატონს ცხენით, თუ ცხენი ჰყავს, ან ფეხით, თუ ცხენი არა ჰყავს. ხვნა-თესვისა და მოსავლის დროს მსახური ვალდებულია თავის ჯალაბით, თოხით, გუთნით და ხარებით მიეხმაროს თავის ბატონს.
მოინალებს კი, გარდა ზემოხსენებული ვალდებულებისა, კიდევ უფრო სათაკილო ტვირთი ადევთ. მათი მოვალეობაა ზამთრისათვის ბატონს შეშა მოუმზადონ და არასოდეს ცეცხლი არ გააქრონ სასახლეში. როცა ბატონი სხვაგან წავა, მისი ბარგი, ჭურჭლეულობა იქნება, თუ სასმელ-საჭმელი თუ ლოგინი, მოინალმა უნდა უზიდოს თავის ზურგით. ნება არ აქვს ცხენით ეახლოს, კიდეც რომ ჰყავდეს ცხენი. აგრე უნდა სდიოს უკან ბატონს, სადაც წაბრძანდება იგი.
გარდა პირადი სამსახურისა, ყოველი გლეხი ვალდებულია ბატონს, მისის მოთხოვნისამებრ, აჭამოს წელიწადში ერთხელ, ორჯელ ან სამჯერ, ჩვეულებისა და იმის მიხედვით, თუ რამდენი მიწა-ადგილი აქვს გლეხს. ვინც უფრო შეძლებულია, ძროხა უნდა მოუყვანოს და ურმით ღომი, პური, ღვინო და ქათმები. ვისაც კი ნაკლები მიწა-ადგილი აქვს, უნდა მოუყვანოს ერთი ღორი, სამი თუ ოთხი გუდა ღვინო და ერთი ტომარა ღომი თავის პურით და ქათმით. გარდა ამისა ყველანი მზად უნდა იყვნენ მიიღონ თავიანთ სახლში და შეძლებისამებრ გაუმასპინძლდნენ უცხო კაცს, რომელსაც ბატონი მათთან დასადგომად გამოგზავნის. როცა ბატონს სტუმრები მოუვა, ყოველი ყმა ვალდებულია ძღვნად მოართვას პური, ღვინო, ქათმები, ყველი და ხილი. დიდ დღესასწაულებში ჩვეულებად არის მიღებული, რომ ყმა ბატონს გაუმასპინძლდეს. უფრო ჩვეულებისამებრ, ვიდრე ვალდებულების ძალით, ყმა უმასპინძლდებოდა ბატონს აგრეთვე შობის მარხვაში და დიდ მარხვაშიც, რასაკვირველია, შესაფერის სამარხო საჭმელებით. გარდა ამისა, ყოველთვის, როცა ბატონი მოისურვებს, შეუძლია მივიდეს თავის ყმასთან ვახშმად ან სადილად და ყმა ვალდებულია გაუმართოს კარგი მასპინძლობა.
აქაური ბატონის უფლება ბევრად აღემატება ჩვენი იტალიელი თავადების უფლებას, რადგან აქაურ ბატონს შეუძლია გაასამართლოს თავისი ყმა და ყმას ნება არ აქვს მის განაჩენზე იჩივლოს თვით მთავრის წინაშეც. ბატონს შეუძლია არამც თუ დაატუსაღოს თავისი ყმა, არამედ აწამოს და სასტიკად დასაჯოს, მაგალითად მოსჭრას ხელი, ფეხი, ამოსთხაროს თვალები, წაართვას ყოველივე ქონება და მოუსპოს თვით სიცოცხლეც. გარდა ამისა თუ რომელიმე ყმა უშვილოდ გადავიდა, მისი ყოველივე ქონება რჩება ბატონს. ზოგჯერ, როცა ყმას მარტო ერთი მცირეწლოვანი შვილი რჩება, ბატონი ამ შვილს ჰყიდის ხოლმე თურქეთში და მისს მემკვიდრეობას თვითონ დაიჩემებს. ამრიგად მეგრელების სიმდიდრე ყმების სიმრავლეზეა დამოკიდებული, რადგან ყოველიფერი ამ ყმებისაგან შემოუდით. ამიტომაც ვისაც მეტი ყმა ჰყავს, იგი უფრო მდიდრად მიაჩნიათ, ვისაც ნაკლები ჰყავს, ის ნაკლები მდიდარია; ვისაც კი იმდენი ყმა ჰყავს, რომ ყოველ დღე ხარჯის გაუღებლად მოსდის საჭმელ-სასმელი, იგი მეტად მდიდარ კაცად მიაჩნიათ.
VI. მეგრელების სახლები
[edit]ხუროთ-მოძღვარი სახლის აგების დროს უნდა ეცადოს, რომ მისგან აშენებული სახლი იყოს დასატევი, მტკიცე და ლამაზი. სახლი რომ კარგად დასატევი იყოს, საჭიროა ჰქონდეს რამდენიმე ოთახი, რაც შეიძლება დიდი და რიცხვით მეტი; გარდა ამისა ოთახები უნდა ისე იყოს მოწყობილი, რომ ერთ ოთახში მოთავსებული ადამიანი სხვა ოთახებში მყოფს არ აწუხებდეს. სიმტკიცისათვის სახლი ისე მაგრად უნდა იყოს აშენებული და ისეთის კარგის ქვისაგან, რომ მიწის ძვრამ და ქარიშხალმა მას ვერა ავნოს-რა. სიმშვენიერისათვის კარგი ხუროთ-მოძღვარი სახლს გაუკეთებს ხოლმე ქანდაკებას, ორხამენტებს, კარნიზებს, სვეტებს, აივანს და სხვადასხვა მხატვრობას. ყოველი, გონიერი ხუროთ-მოძღვარი ცდილობს, რომ ჩამოთვლილი სამი პირობა დაცული იყოს სახლის აშენების დროს.
ხოლო მეგრელები ჩვენის ხუროთმოძღვრების კანონებს სრულიად არ მისდევენ და მათი სახლები არც დასატევია, არც მაგარი და არც მშვენიერი. პირველად ყოვლისა მეგრელის სახლში კაცი ვერ მოთავსდება კარგად, რადგან სახლი წარმოადგენს მხოლოდ ერთს ოთახს, სადაც ბატონებიც, მოსამსახურეებიც, კაცებიც და ქალებიც ერთად შემწყვდეულან. ამ ოთახის შუაგულში ზამთრობით მუდამ ცეცხლია გაჩაღებული და ლაპარაკის და ერთმანეთში ბაასის გამო ისეთი ხმაურობაა, რომ შეუძლებელია კაცმა აქ მოისვენოს; რომელიმე წევრი ოჯახისა დაღლილობისაგან ძალაგამოლეული თუ ერთ-ერთ კუთხეში მიიკუნჩხვის და იქ მიიძინებს, თორემ სხვა ღონე არ აქვს მოისვენოს. რაც შეეხება სახლების სიმაგრეს, ამის თაობაზე საკმაოა ვთქვათ, რომ სახლები სულ ხისგან შენდება და ისლით ჰხურავენ. აქ არავინ არ არის დარწმუნებული, რომ მისი სახლი საღამომდე მთელი იქნება, რადგან ქარი რომ ამოვარდება, გადააგლეჯს ისლს და სახლი დარჩება უსახურავოდ, ან და შემთხვევით ნაპერწკალი მოხვდება და სახლი ერთიანად გადაიწვის. სიმშვენიერეს ხომ სრულიად მოკლებულია მათი სახლები, რადგან ფანჯრები არ აქვთ და სინათლე შედის მხოლოდ კარის შემწეობით და რადგან კარი პატარაა, სინათლეც სულ ცოტა შედის სახლში. არამც თუ არავითარი მხატვრობა არა აქვს სახლს, არამედ გამუდმებული კვამლის გამო ისე გაჭვარტლული და გაშავებულია სახლი, რომ იფიქრებთ, ბუხარში ვარო და არა პატიოსან სადგომში. ხოლო რამდენად მოკლებულნი არიან მეგრელები ხელოვნებას სახლების აშენებაში, იმდენად ბუნებას უხვად დაუბერტყია სამეგრელოსათვის თავისი კალთა და მიუცია მოხერხებული და მშვენიერი მდებარეობა. სამეგრელო მდიდარია ამწვანებულის გორაკებით, ვრცელის ველებით, კეკლუცის ჭალაკებით, მდინარეებით, ღელეებით და წყაროებით, რომელიც ყოველის მხრით ჩამოუდის. ვფიქრობ. რომ ამ ბუნების სიმშვენიერეა მიზეზი, რომ მეგრელები არ ცდილობენ მაგარი და მშვენიერი სახლები ააგონ, რადგან ჰსურთ დროს შესაფერად სხვა-და-სხვა ადგილას გადავიდნენ და ყველგან შესაფერის სიამოვნებით დასტკბნენ. კარგად და მდიდრულად აშენებული სახლი ხომ ერთს ადგილას იჭერს კაცს. მეგრელები, რათა ყოველივე ადგილის სიამოვნება იგემონ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიან. ამიტომაც ადვილად და მცირე ხარჯით იშენებენ ნაირ-ნაირ სახლებს, ცალკ-ცალკე სოფლად, ვისაც სად ურჩევნია; არა აქვთ მათ არც ქალაქი და არც დაბა, რომ შეჯგუფულად სცხოვრობდნენ. ზოგი იშენებს სახლს გორაზე, ზოგი ვაკეზე, ზოგი პატარა ტყეში და ზოგიც წყლის პირად. ვინც კი უფრო შეძლებულია, ყოველგან თითო სახლი აქვს, რათა დროს შესაფერად შეეძლოს ხან ერთ ადგილზე და ხან მეორეზე იცხოვროს. ზამთარში თავს იფარებს ტყეში, სადაც შეშას ბლომად შოულობს და ცეცხლს განუწყვეტლად ანთებს სახლში; თან ხშირი ხეები ქარისაგან იფარავს და თან გარეული ღორისა და ირმის სიმრავლისა გამო ნადირობასაც მუდამ შეექცევა. აქ გადმოჰყავთ თავიანთი წვრილ-ფეხი და მსხვილ-ფეხი საქონელი, რომელიც აქ სიცივისაგან თავს იფარავს და მშვენიერ საბალახოსაც ჰპოულობს.
ზაფხულობით კი მეგრელები მიდიან სადგომად მთა ადგილებზე, სადაც მრავალნაირი ხილია და მახლობლად ანკარა წყაროები ჩამოჩუხჩუხებენ; მერე რამდენი საჩრდილობელი ხეებია იქ, რომელთა ქვეშაც შეუძლიანთ განცხრომას მიეცნენ და დასტკბენ გრილის ნიავით. გაზაფხულსაცა და შემოდგომასაც შესაფერ ადგილებს არჩევენ. მხოლოდ ზღვის პირას არა აქვთ სახლები, როგორც ცუდის ჰაერის მიზეზით, ისე მეზობელ ბარბაროსების თავს-დაცემის შიშით.
მთავარს ორმოცდაათზე მეტი სასახლე აქვს, რომელთა შორის უმშვენიერესია ზუგდიდის სასახლე. იგი აგებულია საუცხოვო ქვისაგან და შესანიშნავია, როგორც სიდიდე-სივრცით, ისე ფანჯრების, აივნების და ირანული მხატვრობის სიმშვენიერით. შემდეგ მთავრისა ყველა დიდებულთ მეტ ნაკლებ რამდენიმე სასახლე აქვთ და ერთიდან მეორეში გადადიან, როგორც ზემოდ ვთქვით.
აღვწეროთ ეხლა მეგრელების კარ-მიდამო. ავღნიშნოთ ჯერ, რომ ყოველ მეგრელს ისე დიდი ეზო აქვს, რომ უფრო მინდორს წარმოადგენს. ეზოში იზრდება მხოლოდ კარგი ბალახი და სარეველას ვერ ნახავთ. ყოველ მოსახლეს თავი მოსწონს ეზოს სიწმინდით. ეზოს არტყია გარშემო თხრილი და ღობე. ყოველი მოსახლე სცდილობს, რომ, რაც შეიძლება, მშვენიერი ღობე გააკეთოს. ამ ღობეს წარმოადგენს მიწაში დასობილი ერთმანერთზე წკნელით მიკრული მაგარი სარები. შესავალთან სდგამენ დიდს ალაყაფის კარებს, რომელიც გამაგრებულია კოჭებით და დიდის ხეებით; ზედ გამოქანდაკებულია სხვადასხვა სახე პირუტყვებისა ან სხვის რისამე. თუმცა ყოველივე ეს ტლანქად არის გაკეთებული, მაგრამ რაღაც სოფლურ სილამაზეს მაინც აძლევს ნაწარმოებს.
საჩრდილობლად რგავენ ეზოში სხვადასხვა ხეს, უფრო ხშირად კი რცხილას (Carpeno)[1]. ეს ხე ისე უშველებელი იზრდება კოლხიდაში, რომ ყველა სხვა ხეს აჭარბებს სიმაღლით და თვით ბუნებამაც ისეთი მშვენიერი სახე მისცა, რომ, ცხადია, ხელოვნებას არ შეუძლიან რაიმე დასძინოს თავის მხრით: ძირს რაც ტოტები აქვს, ფრიად გაშლილია ირგვლივ და მერე ნელ-ნელა რაც ზემოდ მიდის, უფრო ვიწროვდება და ბოლოს წვერში სულ გაწვრილდება და მთლად დაემსგავსება ფიჭვის (Pigna) ნაყოფს. ასეთს ხეებს სხვა-და-სხვა რიგად რგავენ: ზოგიერთებს სიგრძეზე მწკრივად გააყოლებენ, რათა დღის განმავლობაში კაცს შეეძლოს, როცა მოისურვებს, ჩრდილს ქვეშ გაისეირნოს; ზოგიერთებს კი ირგვლივ, წრესავით რგავენ, რათა მრავალს კაცს ერთად შეეძლოს ჩრდილს ქვეშ მოთავსდეს და პური სჭამოს ან მოისვენოს, თუ მოისურვებს. აი, ამ ხეების ჩრდილის წყალობით მეგრელები მთელს ზაფხულს გაურბიან აკვამლებულ სახლს და მუდამდღე თუ სახლში ჯდომას წვიმა არ აიძულებს, დროს გარედ ატარებენ და დაღამებამდინ სულ ეზოში არიან: დასეირნობენ, საქმეებს არიგებენ, სჭამენ და სძინავთ კიდეც.
შემოღობილ ეზოში სახლს და სხვადასხვა საჭირო შენობებს ირგვლივ სდგამენ ისეთ მანძილზე ერთმანეთზე, რომ, ვინიცობაა, ერთს რომელსამე შენობას ცეცხლი გაუჩნდეს, დანარჩენები არ გადიწვას.
ალაყაფის კარებში რომ შეხვალთ, პირველად წარმოგიდგებათ ყველაზე უფრო დიდი შენობა, რომელსაც მეგრულად ოხორო (Ochórs) ჰქვიან და რომელიც სტუმრების მისაღებად არის დანიშნული. როგორც კი შინაურები შენიშნავენ, რომ ვინმე უცხო შემოვიდაო ეზოში, მაშინვე მიეგებებიან და შეიყვანებენ ოხოროში, სადაც სტუმარი, თუ ზამთარია, ცოტაოდნად ცეცხლს მოითბობს, მოისვენებს და მერე სახლის პატრონთან მიიყვანებენ. ოხოროში ზამთრობით პურსა სჭამენ და ერთ კუთხეში სახლის პატრონის საუკეთესო ცხენი აბია, რათა ხელად ჰყავდეს, თუ უეცრად დასჭირდა.
ოხოროს იქით სხვა შენობები დგას: ერთ სახლში ცხოვრობენ და იძინებენ. ეს სახლი, როგორც ნათქვამია ზემოდ, ერთის ოთახისაგან შესდგება და ცალკ-ცალკე განყოფილება მას არა აქვს. მეორე შენობა მარანია, მესამე ტანისამოსის შესანახი შენობაა და მეოთხე სურსათის საწყობი. ტახისამოსის შესანახი შენობა უფრო მაგრად აშენებულია, მაღალია და წარმოადგენს ხის კოშკს. ასე მაღალს აშენებენ ამ შენობას იმისათვის, რომ ტანისამოსი დაიფარონ სინოტიესა და ქურდებისაგან. სადგომ სახლში კი ნოტიო არის და ქურდებიც ადვილად შედიან და შინაურების ძილში ადვილად იპარვენ, რაც მოხვდებათ ხელში, რადგან სახლი უსაძირკვლოდ ზედ მიწაზე დგას და ქურდს ადვილად შეუძლიან მიწა გამოსთხაროს და ქვეიდან შევიდეს სახლში.
თავადებს კი ეზოს შუაგულ ადგილზე უდგიათ პატარა ეკლესია, რათა სოფლის ეკლესიის სიშორის გამო, დღესასწაულებსა და მარხვაში არ დარჩნენ წირვა-ლოცვას მოკლებულნი. მეგრელები სწორედ ბედნიერები არიან, რომ სოფლად ასე ერთმანეთზე მოშორებით დგანან და მათი სახლები ისე შეჯგუფულნი არ არიან, როგორც ქალაქებში და დაბებშია. ბედნიერნი არიან იმით, რომ სრულიად თავისუფლად გრძნობენ თავს. ქალაქის მცხოვრებმა კი ისე უნდა ჩაიცვას, როგორც სხვები იცვამენ, თუნდაც შეძლება არ'შესწევდეს და ის უნდა სჭამოს და იმ დროს, რასაც და როდესაც სხვები სჭამენ, თუნდაც მის ხასიათსა და გემოს ეს არ შეეფერებოდეს. მეგრელები კი სოფელში თავისუფლად ცხოვრობენ: იცვამენ. როგორც უნდათ; სჭამენ, რაც უნდათ; ცხენზე ჯდებიან და სანადიროდ მიდიან, როდესაც ქეიფი მოუვათ და მოისვენებენ, როცა კი მოესურვებათ.
- ↑ Carpeno ნიშნავს რცხილას, თუმცა დასავლეთ საქართველოში ეზოში რცხილას არ რგავენ და არც აღწერილობით ჰგავს ავტორისაგან დასახელებული ხე რცხილას (მთარგმ.).
VII. ტანისამოსი
[edit]რაკი მოსახლეობა ავწერეთ, ეხლა საჭიროა გამოვხატოთ, თუ როგორ იცვამენ მეგრელები. მდაბიო ხალხის შესახებ არც კი ითქმის, რომ მას ტანს აცვიაო, რადგან მისი სიღარიბე იქამდია მიღწეული, რომ სამოსელი ძლივს ნახევარ ტანს უფარავს. მართლაც კაცების ტანისამოსს შეადგენს რაღაც შალის ნაგლეჯი, რომელიც ძლივს მუხლამდი უწვდება, და სულ უბრალო თოკი სარტყლად აქვთ. სხვას არა ზრუნავენ: არც პერანგის, არც შარვალის, არც წინდების და ფეხსაცმელის დარდი არა აქვთ. იმისთანებიც არიან, რომ ამ შალის ნაგლეჯსაც ვერ შოულობენ და სოფლად სულ შიშვლები დადიან. რადგან ოდიშის სინოტიე ხელს არ უწყობს ცხვრის გამრავლებას და ცხვარი ძვირია, მეგრელებსაც უძნელდებათ მცირეოდენი ტანისამოსის შეძენაც, რომ შიშველი ტანი დაიფარონ. ამიტომაც, თურქთა გემები როცა კი მოადგებიან სამეგრელოს ნაპირებს (ისინი მოდიან ყოველ წელს), მეგრელები დაიძვრიან ხოლმე თავიანთი სახლებიდან და მოაწყდებიან ამ გემებს შალის საყიდლად; მაგრამ, რადგან ფული არა აქვთ, გამოიტანენ კანაფს, თაფლს, ცვილს, სელს, ან სელის თესლს და ამაებს უცვლიან თურქებს შალზე. თოკი სარტყლად აქვთ მარტო ღარიბებს კი არა, შეძლებულებსაც. ყოველ მეგრელს თოკი არა თუ სასარგებლოდ, არამედ მიუცილებელ საჭიროებად მიაჩნია, განსაკუთრებით გზაში. მართლაც: თუ ცხენის მოპარვა უნდა მეგრელს, თოკი სჭირია; თუ ცხენისთვის თივა ეჭირვება, თოკით უნდა შეჰკრას და მოიტანოს; თუ წყალში უნდა გაიყვანოს ცხენი, უთოკოდ ვერ გაიყვანს; თუ ომში ტყვე დაიჭირა, უთოკოდ შინ ვერ წამოიყვანს; თუ ქურდი დაიჭირა და უნდა დასაჯოს, თოკი უნდა ჰქონდეს, რომ ხელები შეუკრას და ხეზე მიაბას. ერთის სიტყვით თოკი ისე საჭიროა ამ ქვეყანაში, რომ ყოველს მეგრელს იგი წელზე აქვს და დიდად აფასებს და ადიდებს მას. გარდა თოკისა აზნაურებს და შეძლებულ გლეხებს არტყიათ ტყავის ქამარი, რომელიც შემკულია ვერცხლის ფოლაქებით. ამ ქამარზე ჩამოიკიდებენ ხოლმე სხვადასხვა რასმე, რაც კი გზაში დასჭირდებათ, ქამარზე ჩამოიკიდებენ პირველად ხმალს ფართო ღვედით, რომელსაც სიგრძე აქვს სამი, ოთხი თუ ხუთი მტკაველი, ისე რომ, როცა დადიან, ხმალს მიწაზე მიათრევენ გრძელ კუდსავით. ქამარზე ჩამოიკიდებენ კიდევ დანას თავისი სალესით; პატარა საფულე ქისას, რომელშიაც ან სულ არაფერია და ან სულ ცოტა რამე ჰყრია; მეორე ქისაში უდევთ კვესი, კაჟი, წუმწუმა და აბედი; მესამე ქისაში აქვთ ნემსები სხვადასხვა ნაირ ძაფებით; ჰკიდიათ აგრეთვე სავარცხალი, მახათი, წვრილი საბელი, ცხენისათვის სისხლის გამოსადენი რკინა, სულ პატარა ქისა ტყავისა დანაყილის მარილით სავსე, ერთი ქისა კიდევ პილპილით, ან სხვა რაიმე სანელებელით სავსე. პატარა თაფლის სანთელიც ჰკიდიათ, ვინიცობაა ღამე გზაში დავრჩეთო და შემთხვევისამებრ დაგვჭირდესო; ასი სხვა რამე წვრილმანი ჰკიდიათ, მაგრამ სიმოკლისათვის არ ჩამოვთვლით. ერთის სიტყვით მათ წელზე ჰკიდია მთელი მაღაზია. ფეხსაცმელს ოდიშში უმეტესს ნაწილად ჰკერავენ მოუქნელის ტყავისაგან, როგორც ჩვენი მთიული გლეხები; ბევრი ამ ფეხსაცმელს ისე შნოიანად ჰკერავს, რომ ბატონებიც კი იცვამენ სანადიროდ რომ მიდიან, უფრო მარდად სიარულისათვის. ქალები და კეთილშობილები ირანულ ქოშებს ატარებენ სამ გოჯიან ქუსლებით. ეს ქოშები სხვადასხვა ფერის ტყავისაგან იკერება. ასეთი ტყავისაგან ჰხურავენ იმ წაღებსაც, რომელსაც ქალები იცვამენ ცხენოსნობის დროს. ეს წაღები მაღალ ყელიანი როდია, მხოლოდ წვივებამდე უწვდებათ ყელი, რომელიც ოქროთი და ძვირფასი თვლებით არის მორთული. რაც შეეხება ღარიბს დედაკაცებს, მათთვის კაბა და პერანგი ერთი და იგივეა; პერანგის ამხანაგი კი ფეხებამდის უწვდებათ და ფეხები მუდამ შიშველი აქვთ.
თავად-აზნაურობა საკმაოდ კარგად იცვამს. პერანგს იკერავენ სხვადასხვა ფერის აბრეშუმისაგან. პერანგის ყელსა და ქობას ჰქარგავენ სირმით, ძვირფასის ქვებით და მარგალიტებით. ეს შემკულობა რომ ყველამ ცხადად დაინახოს, პერანგი შარვალს გარეთ აქვთ გადმოფარფაშებული. პერანგზე აცვიათ ახალუხი, რომელიც მუხლებამდინ უწყდებათ. ეს ახალუხი შალის ან აბრეშუმის არის და მოქარგული. პერანგი რომ არ დაფაროს, უფრო მოკლეა პერანგზე. მასზე ყელიდან წელამდე აკერიათ ნაჭედის ვერცხლის ღილები. წელზე არტყიათ სარტყელი, როგორც ზემოდ მოვიხსენიეთ, და სარტყელზე თურქული ხმალი ჰკიდიათ და, გარდა ამისა, ჰკიდიათ სახელგანთქმული თოკი. ახალუხის ზევით, სიცივეში, აცვიათ მეორე ტანისამოსი, კიდევ უფრო მოკლე, კაზაკინის მსგავსი. ეს მეორე ტანისამოსი არის ან უფრო წმინდა შალისა, ან ფარჩისა და ან ხავერდისაგან და სარჩულად აქვს სიასამურის ტყავი.
მდაბიო ხალხის ქუდი ნაბდისაგან არის გაკეთებული და უფრო ჰგავს კოთხოს, ვიდრე ჩვენებურ შაპოს, რადგან კალთები სულ არა აქვს და თავს ძლივს ფარავს. ამ ქუდს სხვადასხვა სახეს აძლევენ. თავად-აზნაურები ამ ქუდს იკერავენ ან წმინდა შალისაგან და ან აბრეშუმისაგან: ზოგიერთები აქარგვინებენ მას, ან ამკობენ თათრულად სიასამურის ტყავით, ან ირანულად აკერვინებენ წაწვეტილებს, როგორც კაპუცინების თავსახურავია და ამკობენ ვერცხლის ფერის ცხვრის ტყავით, რომელიც ირანიდან მოაქვთ. როცა იმ ქვეყანაში ჩავედით, მეგრელებმა რომ ჩვენი შაპო დაინახეს და დარწმუნდნენ, რომ ეს შაპო ძალიან გამოსადეგია წვიმის და მზის დროს, მოინდომეს მისი შემოღება. ჯერ მღვდლებმა,მერე აზნაურებმა და ბოლოს გლეხებმაც მართლა შემოიღეს იგი. მაგრამ, რადგან ასეთი შაპოსთვის საჭირო მატერიის გამკეთებელი ოსტატი არ ჰყავთ, ფორმა მაინც გადაიღეს მისი და ზოგი აკეთებინებს მას შალისაგან და შიგ მუყაოს დაუდებს, ზოგი — ხის კანისაგან და ზედ გადააკრავს ხოლმე გასანთლულ ტილოს; ზოგი კი — ხარატის დაზგაზე ამოღებული ხის კანისაგან. ამ შაპოს პირდაპირ თავზე არასოდეს არ დაიხურავენ. არამედ თავიანთ ქუდის ზევით; არც ყოველთვის ატარებენ, არამედ მარტო წვიმაში ან მზიან ამინდში.
წინდებს მდაბიო ხალხი ქსოვს ადგილობრივის მატყლისაგან და ან აბრეშუმისაგან.
გარდა ამისა მეგრელები წვეულებასა და დღესასწაულში იცვამენ კიდევ ერთნაირ ტანისამოსს, რომელიც ფეხებამდის გრძელია და ყურთმაჯები მიწამდის უწვდება. ეს ტანისამოსი მეტად მშვენიერია, როგორც მოყვანილობით, აგრეთვე მდიდრულის ქსოვილით, რომლისგანაც იკერება. ჰკერავენ ამ ტანისამოსს დამასკის ქსოვილისა, ან ხავერდისა და ფარჩისაგან; სარჩულად უდებენ სიასამურის ტყავს და მაღლიდან ქვედამდი შემკულია ოქროს ან მარგალიტის ღილებით. ყოველ თავად-აზნაურს ამისთანა ტანისამოსი რამდენიმე აქვს სხვადასხვა ქსოვილისა, რომ გარემოებისამებრ ან ერთი ჩაიცვას, ან მეორე. ეს ტანისამოსი საერთოა როგორც კაცებისათვის, ისე ქალებისათვის.
ქალები თუმცა ჩვენს ქვეყანაზე შორს არიან, მაგრამ კეკლუცობაში არ ჩამოუვარდებიან ჩვენს ქალებს, განსაკუ:ირებით თმის დავარცხნასა და თავ-დახურვაში, რაც ცხადად მოწმობს მათ თავში არსებულ სიცარიელეს. ფერ-უმარილის შემწეობით ჰსურთ, ბუნების წინააღმდეგ, თეთრად ეჩვენონ ხალხს. ხოლო, რასაკვირველია ჩვენებსავით მათ ხელოვნება არ აქვთ და არც მოწყობილობა. უმარილს ნაყავენ და ისე იცხებენ, რომ პირისახე უფრო ფქეილ-შეყრილს უგავთ, ვიდრე შეღებილს. რაც შეეხება ფერს, ამისათვის საქონელს ესპანეთიდან და მცირე აზიიდან როდი იბარებენ, არამედ ხმარობენ, რაც ხელში მოხვდებათ, მაგალითად: ლაქსა, სინგურსა და სხვა საღებავსა. მერე ლოყებზე ისე წაიცხებენ, თითქოს უცაბედად წასცხებიათ და არა ქალის მეცადინეობითაო. წარბებს კი გუნდით იღებავენ ისე, რომ აქეთ-იქით თითქმის ყურებამდე მიიტანებენ და შიგნით, ცხვირს ზევით, შეაერთებენ. იმავე საღებავით იღებავენ წამწამებსაც. წარმოიდგინეთ, რომ თვალებსაც აღარ ჰზოგავენ და რაღაც საცხებლით იყვითლებენ თვალის გუგებსაც. აგრე გამოწყობილს ან უკეთ ვთქვათ გადასხვაფერებულ ქალს მარტო ხმაზე თუ იცნობთ, თორემ სხვა ნიშნით შეუძლებელია მისი ცნობა. ასეთი შელესვა-შეღებვა ისე მოსწონთ მეგრელებს, რომ თუ მხატვარმა რომლისამე ქალის სურათი დახატა და ასე შელესილ-შეღებილი არ გამოიყვანა, მეტად აწყენინებს იმ ქალს. სწორედ აგრე მოუვიდა ერთს მხატვარს, რომელსაც მიანდვეს განსვენებულის დედოფლის სახე დაეხატა. მხატვარი იყო ნასწავლი იტალიაში, მან დახატა დედოფალი, როგორიც ნამდვილად იყო, უფერ-უუმარილოდ, მაგრამ როგორც კი სურათი დაინახეს კარის-ქალებმა, ისე იწყინეს და, ისე შეაწუხეს მხატვარი, რომ იგი იძულებული შეიქნა ხელახლა გაეკეთებინა სუ- რათი მათ გემოზე.
თმას სხვადასხვანაირად იწნავენ. გრძელ თმას დაჰყოფენ ოთხ ნაწნავად: ორს ყურებზე შემოიხვევენ და ორს, რომელიც უფრო გრძელია, ზოგი მხრებზე გადაიგდებს და ზოგი გულ-მკერდზე. ამ ორ უკანასკნელს ნაწნავს წვერებში აქვს შავი აბრეშუმის ფოჩები, შემკული ოქროთი, ძვირფასის ქვებით და მარგალიტებით. დანარჩენ თმასაც აგრეთვე შემკობილს გადაისკვნიან ყელთან და ნიკაპიდან აიტანებენ თავის კინკრიხთან, სადაც შეიკრავენ.
თავზე იხურავენ ძლიერ თხელს და თეთრს ლეჩაქს, სამ უბედ გამოჭრილს, ისე რომ ერთი უბე ზურგზე აქვთ ჩამოშვებული და დანარჩენი ორი — მხრებში. ლეჩაქს თავზე ამაგრებს ოქრომკედის თუ აბრეშუმის ერთნაირი ქუდი[1], რომელიც გვირგვინსა ჰგავს. ამ ახირებულ გვირგვინზე ჩვეულებრივ წამოაცმევენ ფრთას ან მშვენიერ ყვავილსა.
- ↑ იგულისხმება თავსაკრავი (მთარგმ).
VIII. პურის-ჭამა და წვეულება
[edit]მეგრელების საჭმელი ჩვეულებრივ საკმაოდ ზომიერია. ამის მიზეზი უფრო გაჭირვება არის, ვიდრე მათი სათნოება. ბუნებით მეგრელები სრულებით არ არიან ზომიერნი. პირიქით, უგუნურ პირუტყვსავით შეუძლიანთ ერთ ჯერზედ შეყლაპონ რამდენიმე დღის სამყოფი საჭმელი. არასოდეს მომავლისათვის არ ზრუნავენ. ყოველთვის მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, თუ დღეს როგორ დავიკმაყოფილოთ კუჭიო; მომავალში კი ის იქნება, რასაც ბედი მოგვიტანსო. ამიტომაც ხშირად მოხდება ხოლმე, რომ საჭმელი შემოაკლდებათ და ძალაუნებურად სასტიკი მარხვა უნდა შეინახონ. მათ რომ სანოვაგე გამოელევათ, ხილის დროც მოაწევს და შიმშილს იმით ებრძვიან, რომ დაუმწიფარ ხილსაც კი მიირთმევენ. მდაბიო ხალხს ჩვეულებად აქვს, რომ პირველი ხილი როგორც კი შემოვა, აღარავინ თავის ოჯახში არას ხარშავს და ყველამ თავი უნდა ირჩინოს იმ ხილით, რომელსაც იშოვის მინდვრად ან ბაღებში. მხოლოდ დიდ დღესასწაულებში ამზადებენ ღომს ან ჩვენებურ პანიკოს (panico). ღომს ჯერ გაცეხვენ საცეხველში. შემდეგ გარეცხენ, ჩაყრიან კარდალაში[1] (ჩატარა ქვაბში). დადგამენ ცეცხლზე მოსახარშავად პურის საჭმელად დაჯდომის ცოტა ხნით წინ, და როცა მოიხარშება და საკმაოდ შეიშრობს წყალს, შეუდგებიან ზელას და დაამსგავსებენ საკმაოდ რბილ ცომს. შემდეგ ამისა ჯამებით დაურიგებენ სუფრაზე მსხდომთ, რომელნიც პურის მაგიერ სჭამენ, რადგანაც პური ნაკლებად მოდის.
რაც შეეხება მაგიდას, სუფრას, ხელსახოცს, სკამს და ყველა იმ მოწყობილებას, რომელსაც ჩვეულებრივ ჩვენ ვხმარობთ, უმეტესი ნაწილი ოდიშელებისა ამათი ხმარებით თავს არ იწუხებს. სკამი რა არის, სრულებითაც არ იციან და ყველანი სხდებიან ან მიწაზე, ან ჭილოფზე და ან ხალზე. მხოლოდ ზოგიერთები, მაგიდასთან დასაჯდომად ხმარობენ ერთნაირ გრძელ სკამს, უზურგოს. მეორე ამისთანავე სკამს სდგამენ კიდევ წინ, მაგიდის მაგიერ, მაგრამ სუფრას კი არ აფარებენ. მიწაზე მსხდომთ წინ უსუფრო მაგიდას დაუდგამენ. ეს მაგიდა ხონჩის მაგივრობასაც ეწევა. ზედ აწყობენ ხორცს და ღომს. იმ შემთხვევაშიაც, როცა წვნიანი საჭმელია, მაგალითად მარხვაში, უთეფშოდ იოლად მიდიან, რადგან კოვზით ღომს ჩააღრმავებენ და იმაში ჩაასხამენ. დიდებულთა და მთავრის სახლებში მაგიდის მაგიერ აგებენ ტყავს, რომელსაც სიგრძე აქვს ოცდაათი, თუ ორმოცი მტკაველი და სიგანე — სამი მტკაველი. ხოლო ეს ტყავი იმდენად ქონიანია, რომ იმაზე პურის ჭამა მეტად საზიზღარია.
პურის ჭამის დროს შუაგულ ადგილას ის დაჯდება, ვინც ღირსებით ყველაზე უფროსია. იქით-აქეთ შემოუსდხებიან მას სხვები უფროს- უმცროსობის კვალობაზე. ქალები ჩვეულებრივ ვაჟებისაგან ცალკე სჭამენ პურსა. მხოლოდ დიდ დღესასწაულში თუმცა ერთად სჭამენ პურსა, მაგრამ ქალები ერთის მხრით სხდებიან და კაცები მეორეს მხრით. ზამთარში, შუაგულ ოთახში, სადაც პურსა სჭამენ, გააჩაღებენ დიდ ცეცხლს, რომელიც კიდეც ათბობს და კიდეც ანათებს (სანთლის უქონლობის გამო) მთელ ოთახს. ამ დროს მეგრელები უფრო საჭმელს დათმობენ, ვიდრე ცეცხლის დაუნთებლობას; ზაფხულში კი, თუ ცუდმა ტაროსმა არ დაუშალა, მუდამ გარედ, ეზოში სჭამენ პურს იმ ხეების ჩრდილს ქვეშ, რომელნიც ასე ამშვენებენ მეგრელთა ეზოებს. დასხდებიან თუ არა პურის საჭმელად, ცდილობენ დაივიწყონ ყოველივე უსიამოვნო ფიქრი, რათა მხიარულად იგრძნონ თავი ჭამის დროს. რაც უნდა ცოტა საჭმელი ჰქონდეთ, პურის ჭამა მაინც დიდხანს გრძელდება, რადგან საჭმელების ნაკლებობას ავსებს ხოლმე ღვინის სიუხვე და ლაპარაკის სიმრავლე. პურის საჭმელად როცა დასხდებიან, ხელს იბანებენ. ამისათვის მოსამსახურე ტაშტით და ხელადით ცქვიტად ჩამოუვლის ყველას (უფროსიდან დაიწყებს, რასაკვირველია) და მიართმევს ხელის დასაბან წყალს. ამ მოსამსახურეს მოსდევს მეორე და მოაქვს ერთი ხელსახოცი მხოლოდ პირველი სამი თუ ოთხი კაცისათვის, რომელნიც თავში სხედან; დანარჩენებმა კი თავიანთი ცხვირსახოცით უნდა შეიმშრალონ ხელები. ამავე ცხვირსახოცით ხელებს იწმენდენ პურის ჭამის დროს.
სამზარეულოდან საჭმელები მოაქვთ წინდაწინ დაწყობილის წესით. ყველაზე წინ მოაქვთ დიდი ქვაბით ღომი. ქვაბში გაყრილია ერთი კეტი, რომელიც მხრებზე ადევს ორ კაცს. ამათ მოსდევს ერთი კაცი, რომელმაც უნდა დაარიგოს ეს ღომი. მას მხარზე გადებული აქვს ჩოგანი (рala), რომლითაც იღებს ღომს. ამას მოსდევს მეორე მოსამსახურე პატარა კარდალით, რომელშიც კიდევ ღომია, მაგრამ უფრო თეთრი და უფრო კარგად დამზადებული. შემდეგ მოდის ხაბაზი. ამას მოაქვს ტყავის ჩანთით ხუთი თუ ექვსი პური, რომელიც უნდა ჩამოურიგოს ბატონს და უფრო პატივცემულ სტუმრებს. ხაბაზს მოსდევს რამდენიმე სხვა მოსამსახურე, რომელთაც ხონჩაზე მოაქვთ ხორცეულობა: ან ღორი ერთიანად მოხარშული ან ძროხა რამდენიმე ნაჭრად დაჭრილიდა ისე ცუდად შემწვარი, რომ სულ სისხლი ჩამოდის გზაზე. სულ უკან მოდის რამდენიმე კაცი და ხელში უჭირავთ მრავალი შამფური, რომლებზედაც აგებულია ქათმები ან სხვა შემწვარი ხორცეულობა. მარხვაში კი ხორცის მაგიერ მოაქვთ ხონჩებით სხვა-და-სხვა მწვანილი და ფხალეულობა, რომელთა შესაკაზმავად ხმარობენ მხოლოდ ნიგოზს და ზოგიერთ სხვა სანელებელს.
აგრე სჭამენ პურს უბრალო დღეებში. რაც შეეხება ქორწილს ან სხვა დიდი წვეულების დღეს, როდესაც პატიჟობენ სტუმრებს ასობით. მაშინ ბლომად ჰკლავენ ხარებს, ვინ ათს, ვინ ოცს და ვინ ოცდა ათს, იმდენსავე ღორს და ასიოდე ქათამს და ყვერულს, რომელიც ხონჩებით მოაქვთ სტუმრებთან. ხშირად ორმოცდაათამდე. დაალაგებენ ამისთანა ხონჩებს, რაც დიდკაცობის და სიმდიდრის ნიშანია. გარდა ამისი დაამზადებენ ყოველნაირ ფრინველს და ნადირს, რომელი კი იმ დროს იშოვება, და წამოაგებენ შამფურებზე. ერთ შამფურზე წამოცმულია კურდღელი, მეორეზე — ხოხობი, მესამეზე — ბატკანი, მეოთხეზე — ყვერულები, სხვებზე — ქათმები და წიწილები. ყველა ესენი ორმოცდაათის კაცის სამყოფი მაინც უნდა იყოს. მოსამსახურეებს ეს შამფურები სწორედ ისე უჭირავთ, როგორც ყარაულებს თავისი შუბები უფროსის მისვლის დროს. რამდენიმე არჩეული მოსამსახურე ჩამოართმევს შამფურებზე წამოგებულ დაკლულებს და თითო-თითოდ შესწვავენ იმ ცეცხლზე, რომელიც იქვე დარბაზის შუაგულში ანთია, და მიართმევენ ბატონს და სტუმრებს.
საჭმელს რომ მოიტანებენ დანიშნულ ადგილს, სულ მიწაზე დაალაგებენ, და მერიქიფე მუხლებზე დაიჩოქებს და ისე შეუდგება ბატონის წინ სუფრის გაშლას. თეთრის მაგიერ მას წინ გაუშლის თურქულ ჭრელს სუფრას; დაუდებს გვერდით მის დანას და სასმელისათვის ხუთს თუ ექვს ვერცხლის თასს, სხვა-და-სხვა ზომისას. ამ დროს სხვა მოსამსახურეები გაშლიან ფრიად გრძელ ტყავს იმათ წინ, რომელნიც ბატონის იქით-აქეთ დასხდებიან; დანარჩენს მდაბიო ხალხს დაუდგამენ წინ მხოლოდ ტიტველ მაგიდას. სუფრაჯი (ასე უწოდებენ მესტუმრეს) დიდის მოწიწებით და მუხლ-მოდრეკით მიართმევს ბატონს ერთ პურს და თუ იქ არის ვინმე პურის ღირსი, იმასაც უთავაზებს პატარა ნაჭერს იმ პურისას. მერე იწყებს ღომის ჩამორიგებას ის მოსამსახურე, რომელიც ჩოგანით ქვაბს მოსდევდა. იგი ქვაბიდან იღებს ღომს, დიდის სიჩქარით ჩამოურბენს დარბაზს თავიდან ბოლომდი და ყველას ჩამოურიგებს დიდ-დიდ ულუფა ღომს. ამის შემდეგ ის კაცი, რომელსაც მოჰქონდა თეთრი ღომი, ჩამოურიგებს ბატონთან ახლო მჯდომ სტუმრებს პატარა ჩოგნით ცოტაოდენს იმ თეთრ ღომს, ვითომც დასამატად იმ ჩვეულებრივის ღომისა, რომელიც მათ სხვებთან ერთად დაურიგდათ.
This page contains an image which should be extracted and uploaded to Commons (if it is free in the country of origin) or to Wikisource (if it is free only in USA).
ღომის ჩამორიგების დროს მზარეულიც სჭრის ხორცეულობას. ჩანგლები, რასაკვირველია, არ იციან. ყოველიფერს ხელით სჭამენ და, თუ დაჭრა დასჭირდათ, თავიანთი დანებით სჭრიან; უფრო დიდი ნაჭრებისათვის ხანჯალსაც ხმარობენ.
სხვადასხვა ნაჭრები მიჩენილი აქვს სხვადასხვა კარისკაცს. ბატონს ან უფრო ღირსეულს ეკუთვნის ბეჭი. სწორედ ასეთი ჩვეულება იყო სამუილის დროსაც. როცა სამუილმა მიიპატიჟა საული და მეფედ აკურთხა, უბრძანა მზარეულს, რომ მისთვის მიერთმია ბეჭი (I. Reg, cap. 7). ბატონს ბეჭს გარდა სხვა ნაკრებსაც მიართმევენ, რადგანაც, უძველესის ჩვეულებისამებრ, სანამ პურის-ჭამა არ დასრულდება, მან ყველა დამსწრეთ უნდა უთავაზოს, ხან ერთს და ხან მეორეს, სხვადასხვა ნაკრები.
ეს ჩვეულება ისეა გავრცელებული მთელ აღმოსავლეთის ერთა შორის, რომ ჩემის აზრით, იგი უძველესი ჩვეულება უნდა იყოს. ეს შეუნიშნავს ქსენოფონტეს, რომელიც ლაკედემონიის მეფე აგეზილაოსის შესახებ ამბობს: „ნადიმობის დროს იგი იღებდა ორ კერძს, რომლისაგან მხოლოდ ერთს იტოვებდა თავისთვის და მეორეს სხვას უთავაზებდა; მისის აზრით, მეფეს ორი კერძი უნდა ჰქონდეს არა გასაძღომად, არამედ იმ შემთხვევისათვის, თუ ვისიმე პატივისცემა ჰსურს".
მეჯინებეთ-უხუცესს ეკუთვნის თავი; მზარეულს — თირკმელები; ვინც ცეცხლს ანთებს, იმას შიგნეული და დანარჩენ მოსამსახურეებს — მკერდი. ერთის სიტყვით, ყველამ კარგად იცის, რა ეკუთვნის მის თანამდებობას.
რაც შეეხება სასმელს, მისი თხოვნა უზრდელობაა. ამ მხრით სტუმრები უნდა დაემორჩილონ მერიქიფის ნებას. მერიქიფე კი ხან ისე ცოტა ღვინოს მიართმევს სტუმრებს, რომ წყურვილით მოჰკლავს, და ხან ისე უხვად, რომ მისი მონელება შეუძლებელია. თუ ერთხელ კი თქვა ვინმემ ღვინის უარი, მერე აღარ მიართმევს მერიქიფე. მხოლოდ ბატონს არ ეთაკილება ღვინის მოთხოვნა, ისიც სიტყვით კი არა, არამედ ნიშნით: ხელებს და ტუჩებს გაიწმენდს, და როგორც კი ამას შენიშნავს მერიქიფე, მაშინვე მიართმევს თასით ღვინოს.
უცხოელები თუ არიან პურისჭამის დროს, მათ პატივსა სცემენ მათის ღირსების და წოდების კვალობაზე. თუ იგინი თანასწორნი არიან მასპინძლისა, მასპინძელი ფეხზე მდგომი განკარგულებებს იძლევა, რათა სტუმრებს კარგათ ემსახურონ და ყველაფერი რიგზე იყოს. თავში მასპინძელი თავის ხელითაც ემსახურება ასეთს სტუმრებს, თვითონ მიართმევს საჭმელს, დაუსხამს პირველად სასმელს და მხოლოდ შემდეგ ამისა დაჯდება პურის საჭმელად.
მეგრელებს სადღეგრძელოების სმაც აქვთ ჩვეულებად, მაგრამ მათი სადღეგრძელოები ჩვენსას არა ჰგავს. ვისაც უნდა სხვას დაულიოს სადღეგრძელო, ასე უნდა მოიქცეს: მერიქიფე რომ მიართმევს თასით ღვინოს, სადღეგრძელოს მსმელი უბრძანებს მერიქიფეს, ეგ თასი ამა და ამ კაცს მიართვიო. ეს კაცი გამოართმევს მერიქიფეს თასს, ჯერ დაბლად თავს დაუკრავს იმას, ვინც სადღეგრძელოდ მოდის; ოდნავ მიაკარებს ტუჩებს და ცოტას მოსვამს; მერე ხელით მოსწმენდს თასის იმ ადგილს, სადაც ტუჩები მიაკარა, მეორედ დაუკრავს თავს და დაუბრუნებს თასს. სადღეგრძელოს მსმელი რომ მიიღებს ამ თასს, მთლად გამოსცლის და იმავე წესით გადასცემს თასს იმას, ვისიც სადღეგრძელო დალია, და ამით მოიხდის თავის მოვალეობას.
პურის-ჭამაზე მეგრელები ძალიან დიდხანს სხედან, რაც ჩვენთვის, იტალიელებისათვის, მეტად მოსაწყენია. რადგან ჩვენ ვეტანებით სწავლას, ხელოვნებას და ვაჭრობას, ჩქარაც ვდგებით სუფრიდან, რათა მოვასწროთ ყოველივე საქმის გაკეთება. მეგრელები ხომ მოკლებულნი არიან სწავლას, ხელოვნებას და ვაჭრობას და ისე გაერთობიან ხოლმე პურის-ჭამაში, ისე დიდხანს სხედან, რომ გეგონებათ დასასრული არ ექნებაო. უბედურება ის არის, რომ საჭმელების ნაკლებობის გამო შეექცევიან უფრო ლაპარაკს და ღვინოს. დღესასწაულებში საშინლად ჩქარობენ ეკლესიიდან გამოსვლას. მათის აზრით დღესასწაულობა სუფრაზე უნდა გამოჩნდეს. რაც უფრო დიდხანს იქნებიან სუფრაზე, იმას უფრო ფასი აქვს მათ თვალში. ხშირად მოხდება, რომ სადილი შუადღეზე რომ დაწყებულა, შუაღამეზეც არ დასრულებულა. რადგან დროს გატარებას ჰხედავენ მხოლოდ სმაში, ჩვეულებად აქვთ, რომ ნადიმის დასაწყისიდან ორი საათის შემდეგ მასპინძელი ამოირჩევს რამდენიმე მსმელს, რომელნიც რიგ-რიგად უნდა ადგნენ და მის წინაშე სვან ღვინო. ერთად დგებიან ხოლმე ექვს-ექვსი ან რვა-რვა მსმელი. სტუმართა შორის მასპინძელი ამოარჩევს ყოველთვის უფრო პატივცემულ კაცებს. მათი რიცხვი დამოკიდებულია სტუმრების რიცხვზე. თუ პირველი წყება მსმელისა იქნა რვა, ამ რვას უნდა ჰყავდეს თავისი რვა მოპირდაპირე. მეორე წყება რვას — კიდევ მესამე რვა და ეგრე შემდეგ, ვიდრე არ შესრულდება დანიშნული რიცხვი.
მასპინძლის წინ გაშლილ სუფრაზე მერიქიფე აწყობს შვიდს თუ რვას ვერცხლის თასს, თავში სულ პატარას, მერე უფრო დიდს და ბოლოში სულ დიდს. მაშინ დგება პირველი წყება მსმელებისა და მიდიან დანიშნულ ადგილისაკენ. ისინი მიდიან ნელის ნაბიჯით, მძიმედ და ისეთის სახით, თითქოს მიდიოდნენ სასმელად კი არა, არამედ რაიმე სამძიმო საქმის შესასრულებლად. რომ მიუახლოვდებიან დანიშნულს ადგილს, მერიქიფე გაუვსებს თასებს და მიართმევს ჯერ პატარას და მერე უფრო და უფრო დიდებს. მაშინ რამდენიმე მომღერალი იწყებს შეუწყობელ სიმღერას. რამდენადაც ეს სიმღერა ჩვენს ყურს არ ესიამოვნება, იმდენად იქაურებს ატკბობს. ამ სიმღერის დროს მსმელები სცლიან თასებს და მერიქიფე ავსებს. ხოლო დრო გამოშვებით სმას შეაჩერებენ და სავსე თასებით ხელში მუსაიფს გააბამენ ისეთის სახით, თითქოს დიდ საქმეებზე ჰქონდეთ სჯა. ნამდვილად კი მათი მუსაიფი იმაზე ტრიალებს — კარგი ღვინოა, თუ არა, და ვინ სჯობს ღვინის სმაში. რომ გაივლის ამასობაში დაახლოვებით მეოთხედი საათი, თასებს გაუშვებენ და თვითეული მათგანი იპოვის თავის მოპირდაპირეს, რომელიც მის ადგილას უნდა დადგეს და დალიოს. ერთმანეთს მუხლმოდრეკილნი მიესალმებიან და სიყვარულით ეამბორებიან. შემდეგ ამისა პირველი წყებისანი დასხდებიან და მათი მოადგილეები დაიწყებენ სმას. ესენი რომ კარგად გაიჟღინთებიან ღვინით, იმავე წესით მესამე წყების მსმელებს გამოიწვევენ. ეს მესამენი — მეოთხეს და ასე ბოლომდი, ვიდრე ყველა დანიშნული მსმელები თავის მოვალეობას არ შეასრულებენ. შემდეგ ამისა ხელ-ახლად პირველი წყება დაიწყებს სმას და ამას იმავე წესით მოჰყვებიან დანარჩენი წყებები. ეგრე მოხდება სამჯერ, ან ხუთჯერ იმისდა მიხედვით, თუ რამდენია სტუმარი და რამდენად დიდებულია წვეულება. ბოლოს იქამდის დათვრებიან ხოლმე, რომ სრულებით გრძნობას ჰკარგავენ და სახლამდის ხელით მიიყვანებენ.
წარმოუდგენელია, რამდენი შეისმის ღვინო ასეთს შეკრებულობაში. ვინც ბევრს დალევს ისე, რომ გონება არ დაჰკარგოს, ის დიდ კაცად მიაჩნიათ. ჩემს დროს იქ იყო ერთი დიდებული, რომელიც ისე გამოჩენილი იყო სმაში, რომ მისი სახელი მთელს ირანშიც გავრცელდა. მისი ქება თვით ირანის ხელმწიფის, შაჰ სეფის, ყურამდიც მივიდა. ამ ხელმწიფემ კაცი გამოუგზავნა დადიანს და შემოუთვალა, რომ გავიგე შენს სამთავროში ასეთი გამოჩენილი მსმელი გყოლია და გთხოვ გამომიგზავნოო. დადიანმა დაუყონებლივ გაატანა იგი სპარსეთში შაჰის ახალგაზრდა საცოლოს, რომელიც იყო ათაბაგის სახლის შვილი და ისიც იყო მიემგზავრებოდა ირანში[2]. ირანში რომ ჩავიდნენ ისინი, შაჰი ერთი-ორად იყო მოხარული, რადგან მიუვიდა ახალგაზდა ცოლიც და, შესანიშნავი მსმელიც. ქორწილის გამო მრავალი წვეულება იყო, სადაც მუდამ ჰპატიჟობდნენ შედან ჭილაძეს (Scedan Cilazé). ეს იყო მსმელის სახელი და გვარი. ამან იქაც ისახელა თავი და ყველას სჯობნიდა სმაში. ამის გამო მუდამ ჯილდოს იღებდა: ხან ნაჭედი ოქროთი მოწყობილ უნაგირს, ხან მდიდრულ კაბას სიასამურის ტყავის სარჩულით, ხან ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკულ თოფს და ხან მრავალ სხვა საჩუქარს, რომელსაც უხვი შაჰი აძლევდა. საქმე იქამდი მივიდა, რომ თვით შაჰმა მოინდომა მასთან სმაში შებმა და იქამდი სვა, ვიდრე არ დასნეულდა და სული არ განუტევა. ჭილაძე კი საჩუქრებით გამდიდრებული, სამშობლოში დაბრუნდა.
მაგრამ დაუბრუნდეთ ისევ მეგრელების წვეულაბას. დიდ ნადიმებზე, სადაც მრავალი დიდებული იკრიბება და დიდ დღესასწაულებზე მთავრის თანდასწრებით, ჩვეულებად აქვთ, რომ როცა რომელიმე დიდებული სასმელად ადგება, ამასთან ერთად დგება მთელი მისი ამალა, რომელიც შესდგება აზნაურებისაგან და რომელიც ემსახურება მას: ვინ მიართმევს წაღებს და ვინ ტანისამოსს. ტანისამოსი ამ შემთხვევაში საგანგებოა და მგონია ჰგავს ძველთა საქორწინო ტანისამოსს. იგია ფეხებამდი გრძელი, ვიწრო და მიწამდი გრძელის სახელოებით, რომელიც ზურგზე გადაგდებული აქვთ. სარჩულად ამ ტანისამოსს აქვს კვერნის ან სიასამურის ტყავი და პირად ან ფარჩა, ან ხავერდი და ან დამასკის ქსოვილი. ყველა ცდილობს, რომ ასეთი ტანისამოსი სხვადასხვა ქსოვილისა რამდენიმე ჰქონდეს, რათა, რამდენჯერაც სასმელად ადგება, იმდენჯერ მისმა ხელქვეითმა უნდა გამოუცვალოს მას ეგ ტანისამოსი, რაც დიდის სიმდიდრის ნიშნად მიაჩნიათ სამეგრელოში.
IX. მიწად-მოქმედება
[edit]არც ერთი ერი ისეთ პატივს არა სცემს მიწად-მოქმედებას როგორც მეგრელები. სხვაგან ყოველგან მიწის მუშაობას ეტანებიან მხოლოდ დაბალი ხალხი და ხეპრე გლეხები. სამეგრელოში, კი რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს, თვითონ ამუშავებს თავის ყანებს და მოჰყავს თავისი საზრდო. ეს საქმე სათაკილოდ როდი მიაჩნიათ. პირიქით, ყოველი წინდახედული მეოჯახე აზნაური მეტად ეტანება ამ მუშაობას. თვითონ იღებს ხელში თოხსა და ბევრ ოფლსა ღვრის თავის ყანების შესამუშავებლად. მეგრელებს ანდაზაც აქვთ, რომ საჭმელი ყველას უნდა, აზნაურსაც და გლეხსაც, და ამიტომ ყოველმა კაცმა თავის ხელით უნდა მოიწიოს ის, რაც მას საცხოვრებლად ეჭირვებაო. მთავრიდან დაწყებული უკანასკნელ მეგრელამდი სიამოვნებით ეტანებიან მიწად-მოქმედებას და დიდის გულმოდგინებით ამუშავებენ თავიანთ ყანებს. ყველა სხვა ერებზე უფრო იმიტომ უნდა იზრუნონ მეგრელებმა საზრდოს შესახებ, რომ შიმშილობის დროს მათ იმედი არ აქვთ, რომ სხვა შორეულ ქვეყნიდან მიიღონ რამე საზრდო. თუმცა, მართალია, მათი ქვეყანა ზღვის პირად არის და მათ ნაპირებზე ხშირად მოდიან უცხო გემები იმ ქვეყნიდან, სადაც ბლომად მოდის პური, მაგალითად ტრაპიზონიდან, თართარიიდან[1], კაფიდან[2] და კონსტანტინეპოლიდან, მაგრამ პური სამეგრელოში არავის არ შემოაქვს, რადგან მეგრელები ჩვეულებრივ, პურით კი არა, ღომით იკვებებიან და უცხოელები დარწმუნებულნი არიან, პური რომ კიდეც მოიტანონ იქ, ვერ გაყიდიან. ამიტომაც ყოველი მეგრელი დიდის გულმოდგინებით ეტანება მიწად-მოქმედებას და ცდილობს მოიყვანოს იმდენი მოსავალი, რომ ეყოს შემდეგ წლებშიაც, უკეთუ მოუსავლობა იქმნა.
სათესად კი მთელი ქვეყანა ვარგა, თუმცა მეტის-მეტი სინოტიეს გამო, რომელიც ალპობს თესლს, მიწა იმდენს მოსავალს არ იძლევა, რამდენსაც ასეთი მიწა სხვაგან მოიტანდა. დიდი ნაწილი მიწისა დაუმუშავებელია მთავრის განკარგულებით, რადგან მას სურს, რომ მეტი ადგილი იყოს თავისუფალი ირმებზე და ტახებზე სანადიროდ.
მეგრელებს დიდის გულმოდგინეობით მოჰყავთ ღომი (ჩვენებურად panigo და მათი ჩვეულებრივი საჭმელი) და ამისათვის სამეგრელოში, როგორც ჩვენშიაც, ყოველგან შეხვდებით ბუჩქებს დიდ ხეების ძაგიერ, რათა ხეების ჩრდილმა არ ავნოს ღომს. ხეებს ერთიანად შემოსხეპავენ ტოტებს, ისე რომ დასტოვებენ მარტო ღერს ხისას, რომელზედაც ძლივს ადის ვაზი. შემოჭრილ ტოტებით ღობეს უკეთებენ დათესილ მიწებს, რათა დაიცვან ისინი მინდვრებში გაშვებულ პირუტყვებისაგან. ხეების გაკრეჭის შემდეგ შეუდგებიან ხვნას და დახნვენ მიწას ოთხჯერ თუ ხუთჯერ იმავე ზომის გუთნით, როგორც ჩვენი გუთანია, მაგრამ მათ გუთანს მხოლოდ წვერში აქვს სულ პატარა რკინა, ოთხი თითის დადება, და დანარჩენი ნაწილი სულ ხისაა. მათის გონივრული აზრით რკინის გუთნის გაკეთება მეტი ხარჯია, რადგან ხარებს დაამძიმებს და ამ პატარა რკინითაც იოლად მიდიან. მიწას რომ დაამზადებენ, თესვას შეუდგებიან, ისე რომ პეტრე-პავლობისათვის თითქმის ათავებენ ხვნა-თესვას. მაგრამ ამის შემდეგ უფრო დიდი შრომა იწყება: სინოტიეს გამო აქ სარეველა ბალახი სწრაფად იზრდება და დიდი შრომაა საჭირო მის მოსასპობად. თუ რამდენიმე დღე დასცალდა ბალახს ზრდა, ისე იმატებს, რომ სულ გააქრობს ნათესს. ამიტომ მიწიდან თავს იჩენს თუ არა ღომი, მაშინვე გამოთოხნა სჭირდება, რადგან საქმე საჩქაროა და პატრონი თავის კაცებით ვეღარ ერევა, მეზობლები უნდა მოიხმაროს. ვინც უკვე დასთესა ყანა და თოხნას უნდა შეუდგეს, იწვევს მოსახმარებლად იმათ, რომელთაც ჯერ თოხნის დრო არ დასდგომია. თავის დროზე სხვები ამათ მოეხმარებიან. რადგან ეს დიდი შრომა საშინელ სიცხეში უნდა აიტანოს კაცმა მისი გასაადვილებლად ისეთი ხერხი მოუგონიათ, რომ გეგონებათ, მთელი სოფელი ქეიფობსო. ამ ხერხს შეადგენს სამი რამე: ნადი, სიმღერა და უხვი საჭმელი, რომელსაც მამულის პატრონი იძლევა. ხშირად ნადი შესდგება ორმოცდაათის და სამოცის ჩარაზმულ მთოხნელისაგან. იმ დროს რომ გაამხნევოს იგინი, პატრონიც თავში ჩაუდგება თოხით და თოხნის, როგორც დანარჩენები. სიმღერა, რომელიც მოჰყვება ნადს, გამოუგონიათ მარტო ამიტომ კი არა, რომ ეს მხიარული კრება გაამხნევოს, არამედ იმისათვისაც, რომ იმათ ჩქარა იმუშაონ. ამისათვის საგანგებო სიმღერა აქვთ, რომლის ხმაზე თოხნასაც ისე აწყობენ, როგორც საკრავზე ცეკვას: რამდენადაც სიმღერას ააჩქარებენ, იმდენად თოხნასაც ააჩქარებენ. ამისათვის თავში დადგება ორი მომღერალი და იწყებს სიმღერას. ამ მეთაურებს ერთი-ორად ეძლევა ულუფა იმისათვის, რომ თოხნა დააჩქარებინოს სხვებს. საჭმელი საკმაოდ უხვი აქვთ, რადგან იგია მათი შრომის ერთად-ერთი ფასი. დღის განმავლობაში სამჯერ მიუტანებენ საჭმელს ყანაში. დაღამებისას კი პატრონის სახლში უმზადებენ ვახშამს, რომელიც მეტად უხვია. ამ დროს ყოველსავე დარდს მუშაობის შესახებ თავიდან იშორებენ, შუაღამემდის სხედან და დროს ატარებენ ჭამაში, სმაში და სიმღერაში. რა მშვენიერი სანახავია, როცა მზის ჩასვლისას თოხნას გაათავებენ და მიდიან პატრონის სახლში, თითქო ერთი დროშის ჯარისკაცებიაო, გაუდვიათ მხრებზე თოხები და ექვს თუ რვა წყებად, ნელ-ნელა მიდიან, თან მიიმღერიან და დიდის ამბით შედიან პატრონის ეზოში. აქ შემოვლენ თუ არა, დასხდებიან ირგვლივ, და მაშინვე მათ მოუტანებენ საჭმელს.
საუკეთესო ღვინოს, რომელიც კი აქვთ, შეინახავენ ხოლმე იმ დროისათვის, როცა მარგვლა აქვთ. ხოლო, რადგან მათ ხახას ვერ გადაურჩებოდა ეს ღვინო, ასეთი ხერხი მოუგონიათ: ამ ღვინოს სწიავენ წმ. გიორგის იმ პირობით, რომ პეტრე-პავლობამდი არ ახადონ თავი იმ ჭურს, რომელშიაც ღვინო არის. მართლაც ვერავინ გაჰბედავს ამ დრომდის მას ხელი ახლოს, რადგან მღვდლები ხალხს ეუბნებიან, ვინც დაარღვევს წმ. გიორგის წინაშე დადებულ აღთქმას, ის ცოცხალი ვერ გადარჩებაო; პეტრე-პავლობის დღეს კი, რომელიც მარგვლის წინ არის, დიდის ამბით უნდა მოხსნან თავი ქვევრს. ამისათვის მარანში მოიწვევენ მღვდელს, რომელიც შეიმოსება საეკლესიო ტანისამოსით, რამდენსამე ლოცვას იტყვის ქვევრის თავზე და შემდეგ ამისა მოხსნის თავს ამ ქვევრს; იქიდან პატარა დოქში გადმოასხამს ღვინოს, რომელსაც გაგზავნის შესაწირავად გიორგის ეკლესიაში. ამის შემდეგ შეუძლიანთ იხმარონ ეს ღვინო.
ასე მოჰყავთ ღომი. პური ნაკლებად მოდის და ის ცოტაც, რაც მოჰყავთ, მეტად მარცვლოვანი არის, ყოველგან არც მოდის. თუმცა, მართალია, ყოველგან იზრდება, მაგრამ ზოგგან ნიადაგი ისე რბილია, რომ როგორც კი წვიმა ცოტად იმატებს და თან ქარიც ამოვარდება, ნათესი მაშინვე მიწაზე დაეგება და დაიღუპება. ამის გამო ოდიშის ერთ ადგილას, რომელსაც გაგიდა (Gàghidas) ჰქვია, მიწას არ ხნავენ გუთნით, რათა არ დაარბილონ და ასე შეუმუშავებულ მიწაში ჩაჰყრიან პურის თესლს, რომელიც კარგად ამოდის და მშვენივრადაც იზრდება, რადგან ამ მაგარ მიწაში კარგად იდგამს ფესვებს და ქარი ისე ადვილად ვერ წააქცევს.
ჩველებრივ, კარგი მიწა სადაც არის, ასეთს წესს ადგიან: პირველ წელიწადს სთესენ ღომს, მეორეს — ფეტვს (Miglio) და მესამეს — პურსა. შემდეგ ამისა მიწას სამის თუ ოთხის წლით ასვენებენ. ოდიშის მრავალ ნაწილებში, სადაც წყალი დგას და არ შეიძლება ღომის დათესვა, სთესავენ ბრინჯს, რომელიც ისე ბლომად მოდის, რომ არამც თუ აქაურებს ყოფნის, არამედ მიაქვთ თურქეთის გემებს, რომელნიც აქ მოდიან.
ბაღებს პატარეებს აკეთებენ მებატონეთა მტარვალობის გამო, რადგან როგორც კი რომელიმე ყმა დიდ ბაღს გააკეთებს, მებატონე წაიღებს ყოველიფერს, რაც კი მოეწონება. მაინც არიან იმისთანები, რომელნიც სარგებლობენ მებატონის კეთილის განწყობილებით და მშვენიერ ბაღებს აკეთებენ. იქ შეხვდებით ისეთ დიდ ნესვებს, რომ სამ ტკაველზე მეტი იქნება. ბოსტნებში ყველა მცენარეებზე მეტად მოჰყავთ თურქული ლობიო, ეს ერთად-ერთი მათი სამარხო საჭმელი. მათში ხომ მარხვა ხშირია და გრძელი. დროს შესაფერად მარხვაში ან ახალ ლობიოს სჭამენ, ან ძველსა. რადგან სინოტიეს გამო მიწაზე გაშვებული ლობიო დალპებოდა საკმაოდ მაღალ ჭიგოებს დასმენ ხოლმე და მათზე აუშვებენ ლობიოს. ლობიო აქ იძლევა ნაყოფს უხვად და დიდი ხნის განმავლობაში, ისე რომ ივლისიდან დაწყებული სექტემბრამდის ახალ ლობიოსა სჭამენ; შემდეგ კი გაახმობენ და საზამთროდ შეინახავენ.
ლობიოს შემდეგ დიდ პატივისცემაშია ფხალი, რომელიც ყოველ ადგილას უხვად მოდის. ხოლო ფხალი მარტო ერთი გვარის იციან. ამის მიზეზი ის არის, რომ, რაც უნდა მოიტანოთ სხვა ქვეყნიდან სხვა გვარი ფხალის თესლი, მაგალითად ან კომბოსტო ფხალის ან, ყვავილოვანი ფხალისა [3], პირველ წელიწადს, რასაკვირველია, ამოვა იმავე გვარის ფხალი, მაგრამ თანდათან გადაგვარდება და რამდენიმე წლის უკან სრულებით ადგილობრივ ფხალს დაემსგავსება. თავი ამ ფხალისა მეტად დიდია, ისე რომ იწონის ათს თუ თორმეტს იტალიურ გირვანქას. ამ ფხალს ქილაში ჩასდებენ, დაამარილებენ და თავდახურულს მარხვისათვის შეინახავენ. ასე დამჟავებულ ფხალს ღარიბი ხალხი თითქმის მუდამ შეჭამანდად ხმარობს.
X. ნადირობა
[edit]მეგრელების უმთავრესი მოსაქმეობაა ნადირობა და ყოველი წოდებისა და მდგომარეობის მეგრელი მას ეტანება. ამას ხელს უწყობს მათი ქვეყნის მდებარეობა: მოსახლეთა გარშემო ბუჩქებში, გორაკებზე და მინდვრებში ხშირად მოდის სხვადასხვა გარეული ცხოველი, რომელსაც მცხოვრებნი თვალით ხედვენ და რასაკვირველია სურვილი აღეძრებათ მათი დაჭერისა, და ამის გამო ნადირობას მიეცემიან. მათ ანდაზაც აქვთ, რომელიც ამბობს, რომ ბედნიერი კაცი ის არისო, ვასაც ჰყავს კარგი ცხენი, უკეთესი ძაღლი და საუკეთესო მიმინოო.
სანადიროდ ტყეები ისეა განაწილებული, რომ თვითეულ თავადს თავისი სანადირო ტყე აქვს, რომელშიაც სხვას მის ნება-დაურთველად არ შეუძლიან ნადირობა, თვით მთავარსაც, თუმცა იგი ყველასი ბატონია, არ შეუძლიან სხვის საკუთრებაში ინადიროს,რადგანაც თვითონ აღკრძალა სასტიკი კანონით მის ჩვევებში ნადირობა და ამ კანონის დარღვევას ვერავინ ვერ ჰბედავს. მთელი ქვეყანა სავსეა სხვადასხვა ნადირითა, როგორც ოთხფეხით, ისე ფრინველით (რასაც დაინახავთ ქვემოდ მე-31 და 32 თავებში).
ნადირობის კარგად მოწყობისათვის მთავარი ისე ბევრსა ხარჯავს მწევარ-მეძებრებზე და ქორ-მიმინოებზე და ბაზიერებზე, რომ არა მგონია, მოიძებნოს სხვა მთავარი, რომელმაც გადააჭარბოს მას, ამ ხარჯში ყველა ამაების სარჩენად მიჩენილია კარგაძალი სოფლები, რომელთა მოვალეობაცაა თავის დროზე მიაწოდონ ბაზიერებს — რიგიანი საჭმელი, ქორ-მიმინოებს — ქათმები და ძაღლებს — ღორები, თხები და ღომი.
მთავარი ისე ზრუნავს ქორ-მიმინოებზე და ძაღლებზე, რომ როგორც კი სახლში დაბრუნდება, პირველად თვალი უნდა გადაავლოს ბაზიერების სადგომებს, იკითხოს ქორ-მიმინოებისა და ძაღლების ამბავი და თუ რომელიმე ავად გახდა, დიდის გულმოდგინეობით უნდა უწამლოს. როცა პურის ჭამას მორჩება თვითონ, ბრძანებს, რომ მის თვალწინ აჭამონ ძაღლებს. მაშინვე მეძაღლეები გამოვარდებიან გარედ სასადილო ოთახიდან და ყველანი ერთად მაღალის ხმით დაიწყებენ ძახილს: „რიო, რიო, რიო". ამ ხმას გაიგონებენ ძაღლები და ერთბაშად მოირბენენ, რადგან იციან, რომ საჭმელზე ეძახიან. აქ თუ კარის გაღება დააგვიანეს, ვიდრე ყველანი შეგროვდებიან, ისეთ ყეფას გააბამენ, რომ იქაურობას სულ გადააყრუებენ. გააღებენ ოთახის კარს თუ არა, ეს გროვა ძაღლებისა უცბად შევარდება და თვალის დახამხამებაში ჩანთქავს იმ ღომს, რომლითაც მოფენილია ოთახის იატაკი.
ყოველ ნადირობას თავისი დრო აქვს. ხოლო ყველაზედ უფრო მოწონებაშია ირმებზე ნადირობა, რომელსაც ორი დრო აქვს წელიწადში: ერთი ყველიერის დაწყებიდან დიდ-მარხვამდე და მეორე — სექტემბრის დასასრულიდან შობის მარხვამდი. ყველიერში ჩვენები რომ შუბით ვარჯიშობას და ნადიმებს ეტანებიან, ამის მაგიერ მეგრელები დიდის ამბით ნადირობაში ატარებენ დროს.
მთავარი ამ დროისათვის მოიწვევს ოდიშის ყველა დიდებულებს, რომლებიც ამ შემთხვევისათვის გამოცხადდებიან საუკეთესო ცხენებზე და მშვენიერად ჩაცმულები. წინა დღით, დილას, ნაღარას დაჰკრავენ და მის ხმაზე ადგებიან ყველა მონადირეები და ძაღლებით წავლენ, რომ ტყე შეჰკრან. ხმაურობით და ძაღლების ყეფით ნადირს შეაშინებენ და ძლიერ შორიდან მორეკავენ იმ ალაგს, რომელიც დანიშნულია ნადირობისათვის. შემდეგ მთავარი მათ ნებას მისცემს ხანგრძლივად შეექცენ სადილს. მეორე დღეს იგი ადრიანად შეჯდება ცხენზე და გასწევს დანიშნულ ადგილისაკენ. მას თან ახლავს ცხენოსანი - კეთილშობილები და მრავალი ქვეითიც.
როგორც კი მივლენ ადგილზე, მთავარი გაჩერდება, დაათვალიერებს თავის მხლებელებს, დააწყობს რიგისამებრ და თვითეულს მიუჩენს თავის ადგილს. ყველა თავ-თავის ადგილზე უნდა იყოს გაჩერებული და ხელში მზად ეჭიროს მშვილდ-ისარი. მონადირეები რომ შენიშნავენ, ნადირი მოახლოვდაო, კიდევ უფრო წინ გამოდევნიან ხმაურობით და ძაღლების ყეფით. როცა ნადირი საკმაოდ მოახლოვდება, თვითეული თავის ადგილიდან დაიძვრის, ცხენს გააჭენებს, მომართავს მშვილდს და გაისროლის ისარს. ვინც ნადირს პირველად დაჰკოდავს, თუნდაც სხვამ მოჰკლას, თავი იმას ეკუთვნის, მთავრისაგან დადებულის კანონით. ასე ნადირობენ საღამომდე.
სახლში რომ დაბრუნდებიან, მთავარი ჩვეულებრივ მოიწვევს ვახშმად ყველა იმ თავადებს, რომელნიც სანადიროდ ახლდნენ. ამ ვახშმის დასასრულს მოიტანებენ იმ ტახების და ირმების თავებს, რომელიც იმ დღეს დახოცეს. ზოგჯერ ასეთი თავები მოგროვდება ოცდაათიდან ორმოცდაათამდე. მათ მწკრივად დააწყობენ სტუმართა წინ. აქ მოჰყვებიან ნადირობის ამბავს, და თვითეულის თავის შესახებ იტყვიან, თუ, მაგალითად ვინ მოჰკლა ესა და ეს ირემი; ვინ იყო პირველი, რომ დაჰკოდა იგი და რა ადგილას დაიკოდა; როგორ მოინდომა ნადირმა გაქცევით თავის შველა; ვინ იყო, მეორედ რომ ესროლა ისარი, და ბოლოს ვინ მოჰკლა. ამ რიგად სულ ამ თავებზე საუბარი; ეს საუბარი მეტად სასიამოვნოა დამსწრეთათვის, რადგან ამათი პირველი და უმთავრესი საგანი ნადირობაა.
უკეთუ ამ დროს სასახლეშია რომლისამე მთავრის ელჩი ან სხვა ვინმე დიდებული კაცი, რომელიც თავის ოთახში ცალკე ვახშმობს, იმას, მოკლული ნადირების თავებზე საუბარს როცა დაასრულებენ მთავრის სუფრაზე. გაუგზავნიან საჩვენებლად ამ თავებს, თან გააყოლებენ მთავრის მერიქიფეს საუკეთესო ღვინით ვერცხლის სურაში, რათა იმ დიდებულმა კაცმა თავისი მხლებლებით მთავრის სადღეგრძელო დალიოს ამ თავებზე. ამ შემთხვევაში ჩვეულება არის, რომ ვიდრე თასს ტუჩებამდი მიიტანდნენ, ცოტაოდენ ღვინოს ამ თავებზე დაასხამენ და ღმერთსა სთხოვენ, მშვიდობით ამყოფოს და ადღეგრძელოს მთავარი, რათა შემდეგში ამისთანები ათასობით და ასი ათასობით მოჰკლასო.
სექტემბრის დასასრულს სხვანაირი ნადირობაა ირმებზე. ამ დროს ფური-ირმები მაკედ არიან და ამის გამო ხარ-ირმებს ერიდებიან და იმალებიან სხვადასხვა ადგილებში. ხარ-ირმები გაგიჟებით დარბიან იქით-აქეთ და საშინელის ბღავილით ეძებენ ფურებს. მაშინ, დღე ღამის გაყრისას მთავარი თავის მხლებლებით მიდის ტყეში, სადაც ბევრია ირმები. იქ ჩამოხტება ცხენიდან და მშვილდ-ისრით შეიარაღებული სულ ჩუმად შედის ნელ-ნელა, სადაც უფრო დაბურული ტყეა, უახლოვდება იმ ადგილს, საიდანაც ისმის ხარ-ირმების ბღავილი. რადგან ირმები გაგიჟებულნი არიან საყვარელი ფურ-ირმების დაკარგვით, ვეღარ ამჩნევენ მონადირეებს, რომელნიც უახლოვდებიან მათ და მშვილდ-ისრით მრავალს ხოცვენ. ეს ნადირობა მთავარს საუკეთესოდ მიაჩნია თავის სამთავროში. ამიტომაც, როდესაც მას მეუღლე გარდაეცვალა და მგლოვიარობის დროს არ შეჰფეროდა სანდიროდ წასვლა, ამბობდა, რომ უნადირობა დიდად მაწუხებსო. ამ დროს ირმების ბღავილს რომ გაიგონებდა, მართლა ისე შესწუხდებოდა სანადიროდ წაუსვლელობით, რომ დაბოლოს ამოარჩია ისეთი ადგილი სადაც ირმის ბღავილი აღარ ისმოდა, თავის კარის-კაცებით გადაიბარგა იქ და დარჩა, ვიდრე ირმების მყვირალობის დრო გავიდა.
ფრინველზე ნადირობითაც ისე გატაცებულია მთავარი, რომ არ მოიძებნება არც ერთი მონადირე ფრინველი, არც დიდი და არც პატარა, რომ მას არ ჰყვანდეს. ყოველ ნადირობისათვის თავისი დრო დააწესა: წეროების გადაფრენის დროს წეროებზე ნადირობა, ყარყატის (Aironi) დროს — ყარყატზე, და ზამთარში — იხვებზე (li Mallardi) და სხვა წყლის ფრინველებზე. მთავარს სხვა ფრინველებზე უფრო წეროებზე უყვარს ნადირობა. საკვირველიც არ არის რომ უყვარდეს, რადგან მართლა საუცხოვო სანახავია, რომ ასე დიდ ფრინველს, როგორიც წერო არის, ერთი თუ ორი პატარა მიმინო ძირს დასცემს. ეს ნადირობა აწინდელი მთავროს წინად არ იცოდნენ. დიდი ხანი არ არის, რაც მთავრის დიდმა მეგობარმა ირანის ხელმწიფემ, რომელმაც იცოდა, რომ სამეგრელოს მთავარს დიდად უყვარს ნადირობაო, გამოუგზავნა ამ ნადირობაში დახელოვნებული კაცები და დაგეშილი მიმინოები. იმათ რომ მთავრის კაცები გაავარჯიშეს ამ ნადირობაში და იქაური მიმინოებიც გაავარჯიშეს, მთავარს ისე შეუყვარდა მერე ეს ნადირობა, რომ წეროობის დროს ყოველთვის მეტად მხიარული და აღტაცებული არის.
რაც შეეხება ყარყატზე ნადირობას, ამაზედაც მიმინოთი მიდიან, როგორც ჩვენში, იტალიაში. ხოლო ყარყატს რომ დაიჭერენ, მოგლეჯენ თავზე რომ შავი ფრთა აქვს, და ისევ გაუშვებენ თავისუფლად. ამას იმიტომ ჩავდივართო, ამბობს მთავარი, რომ კოლხიდაში ამ საშუალებით მხოლოდ მრავლდება ყარყატი და რომ ვკლავდეთ ან სულ მოისპობოდა და ან მეტად ნაკლები იქნებოდაო.
წყლის ფრინველებზე და ხოხობზე ნადირობენ ქორით. ქორს არასოდეს არ აუშვებენ წყლის ფრინველზე, სანამ ეს წყალში ცურავს, რადგან იგი წყალში დაიმალება და ქორი გაწბილებული დარჩება. როცა შენიშნავენ, რომ ფრინველი წყალში აპირებს ცურვასო, დაუწყებენ ცემას პატარა დოლს, რომელიც თვითეულს მიკრული აქვს უნაგირზე, და როცა შეშინებული ფრინველი წყლიდან აფრინდება, მაშინვე გაუშვებენ ქორს. ქორი მას სწრაფად დაიჭერს, რადგანაც ფრენაში წყლის ფრინველი ნელია და ქორი კი მეტად ჩქარი.
ქორით ნადირობენ აგრეთვე ხოხობზე. თუმცა ხოხობი საუკეთესო ფრინველად ითვლება, მაგრამ იმაზე ნადირობას პატივს არა სცემენ არც მთავარი და არც დიდებულები. მიზეზი ამის ის არის, რომ ხოხობზე ცხენით ნადირობა შეუძლებელია და მას სულ ფეხით უნდა სდიონ ქორით ხელში, რადგან ხოხობი იმყოფება ოხრად დატოვებულ მინდვრებში და დაბურდულ ბუჩქებში. ამაებში სიარულით მონადირე ძალიან იღლება და გარდა ამისა საშინელ ეკლებში ტანისამოსსაც და ხორცსაც იგლეჯს. ამიტომაც ხოხობზე სანადიროდ თვითონ ბატონები არ მიდიან და გზავნიან თავიანთ მონადირეებს. სამეგრელოში ნადირობენ აგრეთვე კურდღლებზე, მწყერებზე და სხვა ფრინველებზე, მაგრამ რადგან ნადირობა იქაც ისე სწარმოებს, როგორც ჩვენს იტალიაში, სიტყვას აღარ გავაგძელებ და სხვა საგანზე გადავალ.
XI. მიცვალებულთა გასვენება
[edit]მეგრელები ფრიად სასტიკად ეპყრობიან მომაკვდავთ მისი სიცოცხლის უკანასკნელ წამს. როცა ავადმყოფი სულს ებრძვის, და შენიშავენ, რომ მეტად გრძელდება სულთან ბრძოლაო, ვითომ ამ წვალებისაგან გადასარჩენად, უადგილო გულმტკივნეულობით აღძრულნი, სიკვდილს უსწრაფვენ. ამისათვის ასწევენ მომაკვდავს, ბალიშებს შემოუწყობენ და უცბად პირქვე დაამხობენ და ამ რიგად დაახრჩობენ. ასეთი საზარელი და ბარბაროსული საქციელი მათ კეთილ საქმედ მიაჩნიათ.
როგორც კი ავადმყოფი სულს განუტევებს, ყველა იქ მყოფი მეგობრები და მეზობლები დიდის კივილ-ჟივილით და ტირილით მოვარდებიან. მათი კივილი შორს გაისმის და მეზობლები რომ გაიგონებენ, ყველანი მიატოვებენ თავიანთ საქმეებს და მორბიან. ყველანი აირევიან ერთად და საშინელი ფუსფუსი და ტირილი იწყება. ყველა, არამც თუ ყვირის, პირის სახესაც ისე იკაწრავს, რომ სისხლი ღვარად მოსდის და საკმაოდ სამწუხარო სანახავს წარმოადგენს. თმას იგლეჯენ და თავში იცემენ, თუ ხელის გულით თუ მუშტით.
გაათავებენ თუ არა ამ უწესო ტირილს, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება დაახლოვებით მეოთხედი საათი, გაიხდიან წელ ზევით ტანისამოსს, როგორც ქალები, ისე კაცებიც, გაიძრობენ აგრეთვე ფეხსაცმელს და მიემზადებინ წესიერი ტირილისათვის: მიცვალებულს ჩააცვამენ; ამოარჩევენ, რაც უფრო დიდი ოთახი აქვთ და მის კუთხეში ხალზე დაასვენებენ. შემდეგ ამისა ამოირჩევენ რამდენსამე კაცს, რომელთაც კარგი ხმა აქვთ და იმათგან შეადგენენ მეზარეთა ორ გუნდს. ესენი ეახლებიან ოთახის კარებიდან მიცვალებულთან თვითეულად ყოველ მოტირალს. ჯერ, რასაკვირველია, ტირილს იწყებს ყველაზე უფრო ახლობელი ნათესავი. მოტირალი ფეხშიშველი და წელს ზევით ტანშიშველი ჩადგება მოზარეთა ორ გუნდს შუა და ისე მიუახლოვდება მიცვალებულს. მოზარეები მღერიან ნელის ხმით, თითქოს კიდეც მღერიან და კიდეც სტირიანო; ხოლო სიტყვებს არ ამბობენ და იძახიან მხოლოდ: „ოჰი, ოჰი, ოჰი“.
მოტირალი რომ მიუახლოვდება იმ ადგილს, სადაც მიცვალებული ასვენია, მეზარეები ორივე მხრით დაუდგებიან და რიგ-რიგად ტირილს განაგრძობენ. მოტირალი მიცვალებულს დაუჩოქებს და ხელახლავ დაიწყებს პირის სახის ცემას და კაწვრას ისე საშინლად, რომ მხრებში რომ არ უდგნენ და ხელებს არ უჭერდნენ, ბოლო ცუდი იქმნებოდა. ცოტა ხანს რომ ასე იტირებს, მერე ადგება და როგორც არის გაშიშვლებული, ისე დაჯდება მიცვალებულის მეორე მხარეს, გულზე ხელდაკრეფილი, ნიშნად მწუხარებისა, და სულ ტირის. აგრეთვე იტირებს სამი თუ ოთხი უფრო დაახლოვებული ნათესავთაგანი და მიცვალებულთანვე ახლო დაჯდება.
ნათესავები რომ შეასრულებენ ამრიგად თავიანთ მოვალეობას და დასხდებიან მიცვალებულის ახლოს, მიახლოვდებიან მეზობლები და მეგობრები აგრეთვე ფეხშიშველ-ტანშიშვლები და იმავე მეზარეებით. ესენი რომ მიუახლოვდებიან მიცვალებულს, იქ მსხდომ ნათესავებს დაუჩოქებენ და ერთად იტირებენ. ამრიგად ეს გარეშენი ანუგეშებენ ნათესავებს.
ასეთი ტირილი არის შემდეგ დღეებშიაც, ვიდრე მიცვალებელს არ დაკრძალავენ. მიცვალებულის პატივისცემად მიაჩნიათ ამ ტირილის გაგრძელება რვა დღემდი. ცოდვაც არის მიცვლებული ასე ადრე ჩავაგდოთ მიწაშიო, ამბობენ, და სულაც არ მივაბარებდით მიწასო, რომ მიცვალებულის გახრწნის შიში არ გვაიძულებდეს ამასო.
გარდაცვალების დღესვე ამ უბედური ამბის საცნობელად კაცებს ყოველ მხრით გზავნიან. გაგზავნილები თან წაიღებენ მიცვალებულის რაიმე ნივთს, მაგალითად ხმალს, ან კაპარჭს ისრებით ან რომელსამე ტანისამოსს. ეს გაგზავნილი კაცები რომ მიუახლოვდებიან იმ ოჯახს, სადაც უნდა მიუტანონ ამბავი, დაიწყებენ ხმა-მაღლა ტირილს, ისე რომ მასპინძლები მიხვდებიან, სიკვდილის ამბავი მოგვიტანესო, და გამოვარდებიან გარედ იმის გასაგებად, თუ ვინ მომკვდარა.
სახლის პატრონი რომ პასუხს მიიღებს, მაშინვე, რაც უფრო დიდი ოთახი აქვს, იმას გააღებინებს და შეიყვანს ამბის მომტანთა, რომელნიც წელზევით გაშიშვლებულნი დალაგდებიან ხალზე ოთახის კუთხეში და ზედ დასდებენ მოტანილ ნიშანს, რათა შინაურებმა სამძიმარი გამოუცხადონ. შინაურები თითო-თითოდ ფეხს გაიძრობენ და წელს ზევით ტანს გაიშიშვლებენ და მოზარეთა გუნდებს შორის ჩამდგარნი სტირიან ნიშანის წინ სწორედ იმ წესით, როგორც ზევით ავწერეთ მიცვალებულის წინაშე ტირილი.
ამბის მომტანნი იმასაც აუწყებენ, როდის არის დანიშნული დაკრძალვის დღე. ამ დღისათვის განსვენებულის ყველა მეგობრები, ნათესავები და ნაცნობები უნდა მივიდნენ მიცვალებულის სახლში და პატივი სცენ დაკრძალვაზე დასწრებით.
ყველა ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი მხლებლები იყოლიოს, ცხენოსნები და ქვეითი. ამისათვის თავისიანებს გარდა, სხვებსაც სთხოვენ ხლებას. გარდა ამისა სატირლად ვინც მიდის, იმის მოვალეობა არის, რომ თან წაიღოს ბლომად სამარხვო საჭმელი, მაგალითად სხვადასხვანაირი თევზი, მწვანილი, ღვინო, პური და სხვა ამისთანები, რომელთაც ამზადებენ დანიშნული დღისათვის.
დაკრძალვის დღეს ყველა მოდის მრავალის ცხენოსნით და ქვეითი მხლებელით და მოაქვს ბლომად ის სურსათი, რომელიც ზემოდ დავასახელეთ. გზაში მხიარულად დროს ატარებენ და ისე გეგონებათ ქორწილში და ლხინში მიდიან და არა სატირლადო. მართალია, რომელსამე სოფელს ან სხვა დასახლებულ ადგილს რომ მიუახლოვდებიან, ცოტას წაიტირებენ, რათა აჩვენონ სხვებს, რომ სატირლად მივდივართო.
როცა მიცვალებულის სახლს მიუახლოვდებიან, ვიდრე ეზოში შევიდოდნენ, ყველანი ცხენიდან ჩამოხდებიან, ფეხზე გაიძრობენ და წელს ზევით გაიშიშვლებენ და ერთი-მეორეს შემდეგ მეზარეების თანხლებით შედიან და მიცვალებულს დაატირებენ ისე, როგორც ზევით აღვწერეთ.
მეათე საათზე, როცა ყველანი მოგროვდებიან, გაემგზავრებიან იმ ეკლესიისაკენ, სადაც უნდა დაკრძალონ მიცვალებული. ყველაზე თავშია მიცვალებული კუბოში, რომელიც ძალიან კარგად მოწყობილია სანთლებით და სხვადასხვა ქსოვილით. ამას მოსდევს მღვდელი კურთხევანით ხელში. მღვდელს ახლავს ერთი კაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ანთებული დიდი თაფლის სანთელი. შემდეგ ამისა მოდის დანარჩენი ხალხი, რომელშიაც არიან მიცვალებულის მახლობელი ნათესავები წელზევით გახდილნი და ფეხ-შიშველები.
ლოცვების ხსენებაც არ არის. აქ არის მხოლოდ უწესო ხმაურობა, ტირილი, პირისახის კაწვრა, თავში ცემა და მოზარეთა მოთქმა: „ოჰი, ოჰი, ოჰი“.
საფლავთან რომ მივლენ, მიცვალებულის ჩასვენებამდი ნათესავები დასხდებიან კუბოსთან და აქ უკანასკნელად მოისმენენ სამძიმარს იმ სახით, როგორც ნათქვამი გვაქვს. ამას რომ მორჩებიან, მიცვალებულის გვამს ჩაასვენებენ საფლავში და მღვდელი აიღებს ერთ ხელში ფიცარს და მეორეში ჯოხს, დგება საფლავზე და ჯოხით ურტყამს ფიცარს. ამ ხმაურობით ზარის მაგიერ აღდგომის კვირეში მლოცველებს იწვევენ ეკკლესიაში. მღვდელი შემდეგ ამისა რქიდან ცოტა ზეთს დაასხამს მიცვალებულს და პატარა ჭურჭლით თავზე ღვინოს დაადგამს. შემდეგ ამისა მიცვალებულს ჩაასვენებს საფლავში და გადააყრის მიწას.
გვამის დასაფლავების შემდეგ ყველანი მიცვალებულის სახლში დაბრუნდებიან, სადაც მათთვის ვახშამია დამზადებული. ყველანი მიწაზე დასხდებიან, გრძლად გამწკრივებულნი. მათ შორის ყველაზე უკეთესი და თვალსაჩინო ადგილი მიჩენილი აქვს მღვდელს, რომელმაც დაკრძალვის წესი შეასრულა. საჭმელი ამ შემთხვევაში უხვად არის, მაგრამ ყოველიფერი სამარხვოა, თვით სტუმრების მოტანილი. განსაკუთრებით ბლომად არის ღვინო. ხალხი რომ სულ დასხდება და საჭმელს დაარიგებენ, ღვინოს მაინც ვერავინ ვერ დალევს მღვდელზე წინ. მღვდელი წამოდგება და ხელში დაიჭერს ღვინოს დიდის ჯამით და დაიწყებს რა მწუხარე გალობას დაღონებულის ხმით, ცოტა ღვინოს მიწაზე დააქცევს. ხალხი იმავე ხმით პასუხს აძლევს. ამას ხუთჯერ თუ ექვსჯერ განიმეორებენ ვახშმის განმავლობაში. მიცვალებულს არც კი ახსენებენ და მხიარულად სჭამენ და სვამენ. ვახშამი გათავდება, თუ არა, დაკრძალვის წესიც დასრულდება.
მგლოვიარება მათი მარტო ტანისამოსში კი არ გამოიხატება, არამედ ყოველიფერში, ისე რომ ყოველს საგანს უნდა აჩნდეს ბეჭედი ტირილისა და მწუხარებისა. პირველად, დაკრძალვის დღესვე, განსვენებულის ნათესავები და მეგობრები მოიპარსავენ არამც თუ თმაა და წვერ-ულვაშს, არამედ წარბებსაც და შემდეგ ამისა მთელი წლის განმავლობაში სამართებელ-მაკრატელს აღარ მიიკარებენ. ასე იქცევიან როგორც ქალები, ისე მამაკაცები. ტანისამოსს პირველ ხანებში იკერვენ მსხვილ შალისაგან ფეხებამდის გრძელს. თავზე ბოხოხის მაგიერ ჰხურავთ თხის ტყავი შაქრის თავის მსგავსად. ფეხსაცმელი თხის ტყავისავე აცვიათ, და ტყავს ბალნიანი პირი გარედ აქვს. ხალხს რომ აჩვენონ მწუხარებისაგან დაღონებული და გატეხილი ვართო, ხელში წვრილ ჯოხს დაიჭერენ, ამაზე დაეყუდებიან და დადიან. რამდენიმე ხნის შემდეგ მსხვილი შალის ტანისამოსს გაიძრობენ და შეიმოსებიან ჟანგის ფერის ანუ მუქ-ყვითელ ტანისამოსში. კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ შეიმოსებიან შავ-თეთრ ზოლებიან ტანისამოში; წმინდა შავი კი ყველაზე უფრო ღრმა მგლოვიარების ნიშნად მიაჩნიათ.
როდის უნდა დასრულდეს მგლოვიარობა, გადაწყვეტილი არ არის. ეს თვითეულის ნებაზე არის დამოკიდებული, ისე რომ არიან იმისთანები, რომელნიც ახლობელ ნათესავის სიკვდილის შემდეგ სამ წელიწადსცა ატარებს სამგლოვიარო ტანისამოსს.
მგლოვიარობას საჭმელშიაც იჩენენ მარხულობით და ისე მარხულობენ, რომ ჩვენში ვერც კი წარმოიდგენენ. პირველ ხანში გარდაცვალების დღიდან სჭამენ მხოლოდ მოხარშულ შეუკაზმავ ფხალს; რამდენისამე ხნის შემდეგ მეგობართა თხოვნით და ხვეწნით ცოტაოდენ თევზსა სჭამენ და კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ იგივე მეგობრები დაითანხმებენ კვერცხი და ყველი სჭამოს და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იგივე მეგობრები დიდის თხოვნით და ხვეწნით აჭმევენ ხორცსა. მიცვალებულისამდი მეტი სიყვარულის გამოსაჩენად ბევრი არამც თუ ერთი წლის, არამედ ორის, სამის და ოთხის წლის გასვლამდი ხორცს არა სჭამს.
მგლოვიარეს საწოლი პირველ ხანებში ტიტველი მიწაა, შემდეგ დაიგებენ ცოტაოდენ თივას, მერე თივით გატენილ ლეიბს და შემდეგ საბანს იხმარებენ, მხოლოდ ლეიბიც და საბანიც თალხი უნდა იყოს და ამასთანავე სანამდი მგლოვიარე ან ერთს, ან მეორეს იხმარებდეს, საჭიროა, რომ მეგობრებმა სთხოვონ და შეეხვეწონ.
საჯდომ ცხენს პირველ დღეებში მეტად აუშნოვებენ: მას გადააცმენ შავს ტილოს და შეჰკრეჭენ ძუა-ფაფარს.
მგლოვიარეს სუფრიდან რაც უნდა დიდი კაცი იყოს იგი, განდევნილია ვერცხლისა, შუშისა და თიხის ყოველივე ჭურჭელი და ხმარობს მხოლოდ რამდენიმე ხის ჯამს და ფინჯანს.
მგლოვიარობის განმავლობაში მგლოვიარის სადგომია პატარა ჩალის სახლი, რომელშიაც სინათლე მხოლოდ კარებიდან შედის.
ერთის სიტყვით ამ დროს განმავლობაში ყოველივე ნივთი ტირილსა, მწუხარებას და ზარს უნდა აგონებდეს. ამ კანონს ვერავინ ვერ წაუვა ვერც თავის სუსტი აგებულების მიზეზით, ვერც დიდებულის მდგომარეობისა და ვერც კეთილშობილ სისხლის წყალობით. პირიქით, რამდენად უფრო დიდებულია მგლოვიარე, იმდენად უფრო ბეჯითად ასრულებს ამ წესებს, რათა მაგალითი მისცეს სხვებს.
ეკლესიაზე ორმოცი დღის განმავლობაში, შემდეგ დაკრძალვისა, ყოველ დღე, გარდა კვირა დღეებისა, იმართება ტირილი. ამისათვის ზოგიერთები მიცვალებულის სახლიდან ყოველ დღე მზის ჩასვლის ჟამს, იკრიბებიან და გააბამენ ზარით ტირილს. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ ორმოცი დღის თავზე გაიმართება მეორე საერთო დიდი წვეულება, რომელსაც ესწრება მეტი ხალხი, ვიდრე დაკრძალვის დღესა. ამის მიზეზი ის არის, რომ გარდა ერის კაცებისა მრავალი სამღვდელოებაც მოდის, რადგან ორმოცის თავზე მეტად დიდებული წირვა უნდა იქმნას გადახდილი განსვენებულის სულის მოსახსენებლად. ეს წირვა უნდა შეასრულოს იქაურმა ეპისკოპოსმა, რომელსაც წირვის ფასად ერგება ყოველივე ის, რაც კარგი და მშვენიერი ჰქონდა თავის სახმარებლად მიცვალებულს. მართლაც, ეპისკოპოსს მიართმევენ ხოლმე მიცვალებულის საჯდომ ცხენს თავისი საუკეთესო გაწყობილობით, ვერცხლეულობას, ძვირფას ტანსაცმელს და საკმაო ფულსაც, რომელიც უფრო შეძლებულებთან ადის ხუთას სკუდომდე (scudi)[1]. თუმცა ზოგიერთებს არ მიაჩნიათ ეპისკოპოსის წირვა საჭიროდ და არც უნდათ, მაგრამ ეპისკოპოსები ძალად სწირავენ და ფასსაც ძალით თხოულობენ. მთავარიც საჩქაროდ აიძულებს ამ ფასის გადახდას, რადგან მისი სარგებლობა ამას მოთხოვს. საქმე ის არის, რომ ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ მთავარს ეკუთვნის მისი მემკვიდრეობა, რომელიც, რასაკვირველია, იმდენად მეტი იქნება, რამდენად ეპისკოპოსი თავის სიცოცხლეში მეტს იშოვნის. წირვის შემდეგ დიდი ნადიმი გაიმართება როგორც ეპისკოპოსისა, ისე სხვა სამღვდელოებისათვის და აგრეთვე ერის კაცებისათვისაც. ნადიმის შემდეგ საჩუქრებს მიართმევენ არამც თუ ეპისკოპოსს, არამედ ყველა სამღვდელო პირებს, რომელნიც წირვაში მონაწილეობას იღებდნენ: ვის სხვადასხვა ძვირფასი ქსოვილის ტანსაცმელს და ვის ფულად თვითეულის ღირსების და მდგომარეობის შესაფერად.
დაბალი ხალხისათვის კი, რომელიც ამ დღეს ბლომად იკრიბება, ჰკლავენ უამრავ ხარსა და ძროხას. დაკლულებს რომ მოჰხარშამენ, ჯერ ეპისკოპოსს და მღვდლებს აკურთხებინებენ და მერე დაურიგებენ ხალხს, რათა ილოცონ ღვთის წინაშე მიცვალებულის სულისათვის. ვინც უფრო შეძლებული და მდიდარია, ის, რასაკვირველია, მეტს საქონელს დააკვლევინებს. მთავარი თავის ცოლის სიკვდილის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში აკვლევინებდა სამას-სამას თავს დღეში. ამ დროს მრავალი უძლური, დაშავებული და საწყალი ხალხი მოვიდა, რათა თავისი ულუფა ხორცი წაეღო.
ამით როდი თავდება მიცვალებულის დასაფლავების აუტანელი ხარჯი. მიცვალებულის ჭირისუფალმა, როგორც თავისი გვარის სახელისათვის, ისე მთავრის სიამოვნებისათვის, კიდევ უნდა დანიშნოს საგანგებო დღე და ამ დღისათვის მთავარი უნდა მოიწვიოს მიცვალებულის სატირლად. დანიშნულ დღეს მთავარი თავის კარის კაცებით და დიდის ზეიმით მობრძანდება ჭირისუფლის სახლში. რადგან მთავარი, ჩვეულებრივ. მოდის სატირლად მიცვალებულის დამარხვის შემდეგ, ჭირისუფალმა უნდა მოაწყოს მიცვალებულის ნიშანი, რომელზედაც უნდა გაიმართოს ტირილი. ვისაც უნდა დიდის ამბით გამართოს ტირილი, იგი სხვადასხვა კარავში სხვადასხვა ნიშანს ათავსებს: ერთში აწყობენ მიცვალებულის ტანისამოსს, მეორეში დააყენებენ საჯდომ ცხენს, მესამეში — მწევარ-მეძებრებს და მეოთხეში — მიმინოებს. ამ რიგად მიცვალებულის ხასიათის და ცხოვრების შესაფერად დააწყობენ ხოლმე სხვადასხვა ნიშნებს.
ყველა ამ ნიშნების წინ ჯერ იტირებენ ჩვეულებრივის წესით მთავრის კარის კაცები და ბოლოს თვითონ მთავარი. იგი სხვებსავით ფეხშიშველია და წელ-ზელით ტანშიშველი, თავში ხელებს იცემს და იქით-აქეთ ჰყავს მოზარეთა გუნდები, რომელნიც მორიგობით ზარს ამბობენ. ჯერ მიდის პირველ კარავთან, სადაც მიცვალებულის ნიშანია, რომლის წინ მუხლმოდრეკილი ცოტა ხანს იტირებს; მერე შედის იმ კარავში, სადაც მიცვალებულის ცხენია, რომლის წინაშე აგრეთვე მუხლმოდრეკილი სტირის. იმავე სახით სტირის ყველა ნიშნების წინ. შემდეგ ტირილისა მთავარს და მის კარის კაცებს უმართავენ ჩინებულ ნადიმს თევზეულის შეჭამადით. ნადიმი რომ დასრულდება, მთავარს მიართმევენ მდიდარ საჩუქარს. ჭირისუფალი კმაყოფილია, რომ მთავარმა პატივი მცაო და მთავარიც საჩუქრით ნასიამოვნები შეჯდება ცხენზე და სასახლეში დაბრუნდება.
გარდა ამისა მიცვალებულის სულის მოსახსენებლად დანიშნული აქვთ კიდევ აღდგომის მეორე დღე, როდესაც ასრულებენ ბერძენთა აღაპის მსგავსს. მეგრელები ამ დღეს იკრიბებიან თავის სოფლის ეკლესიაზე, სადაც არის მათი საგვარეულო სამარხი. თვითეული ოჯახი წაიღებს თავის საკურთხებს და დააწყობს თავიანთ მიცვალებულთა საფლავზე. დანიშნულ საათს მოდის ადგილობრივი მღვდელი, რომელიც აკუთრხებს თვითეულ ოჯახის მოტანილ საჭმელს.
ამ კურთხევის შემდეგ ყველანი თავიანთ კალათებს აიღებენ და საფლავზე სტოვებენ წკნელისაგან გალიასავით გაკეთებულ კოლოფს, რომელსაც გარშემო არტყია ყვავილები და სანთლები. მერე ყველანი ერთად მიდიან ეკლესიის წინ რომ ფართო მინდორია, სადაც მშვენიერი ხეებია დარგული და იქ თვითეული ოჯახი დასხდება ცალკე ხის ძირს. ამ ხეების დანიშნულება ძველის დროიდან სწორედ ის არის, რომ ასეთს შემთხვევაში კაცმა თავი შეიფაროს ჩრდილის ქვეშ. დასხდებიან ყველანი ერთბაშად, რადგან არავის არ შეუძლია სხვებზე უფრო ადრე დაჯდეს. დასხდებიან თუ არა, პირველად ერთიმეორეს თავის საჭმელს უთავაზებს და თან ამბობს, რომ ღმერთმა აცხონოს ჩვენი მიცვალებულებიო. შემდეგ ამისა შეუდგებიან როგორც თავიანთ მოტანილისა, ისე ნათავაზევის საჭმელის ჭამას, რომელიც გაგრძელდება ხოლმე შუა დღიდან საღამომდი. როცა კარგად დალევენ, დრო გამოშვებით სუფრიდან ადგებიან ხოლმე დალეულები და ხელიხელ გაყრილი მღერიან და ცეკვავენ მინდორში. ამ რიგად თვითონ მშვენიერად ატარებენ ხოლმე დროებას და თანაც ფიქრობენ, რომ ამით მიცვალებულის სულს ვასიამოვნებთო.
უფრო მიყვარულები თავიანთი მიცვალებულისა, ამ დღესაც არ სჯერდებიან. დიდ დღესასწაულებში და ყველიერში ჩააწყობენ კალათში საჭმელს თავიანთ მიცვალებულთათვის, მიიტანებენ და დააწყობენ მიცვალებულის საფლავზე, სადაც გამართავენ დიდ ტირილს. ტირილი დასრულდება იმით, რომ მღვდელი აკურთხებს მოტანილ საჭმელს, რომელსაც დაურიგებენ დამსწრეთა, და ყველანი ერთად მხიარულად სჭამენ.
- ↑ Scudo — უდრის დაახლოვებით 2 მანეთს ოქროთი (კ. ჰანი).
XII. ქურდები და ქურდობა სამეგრელოში
[edit]თუმცა ეს საშინელი სენი — ქურდობა ქვეყნიერობაზე ყოველგან გავრცელებულია, მაგრამ განსაკუთრებით სამეგრელოშია გახშირებული, თითქო აქ იპოვა კარგი ნიადაგიო. მეგრელები თითქო ბუნებით არიან ქურდები. ყველანი ცდილობენ თავის წინაპრებს არ ჩამორჩნენ ამ ხელობაში. მთელ კოლხიდაში არ მოიძებნება ისეთი კაცი, რომ ოდესმე ამ ხელობაში არ ევარჯიშნოს. ღარიბი და მდიდარი, პატარა და დიდი, მაღალი წოდება და დაბალი ხალხი, ერი და ბერი — სულ ქურდები არიან. სასჯელის შიშსაც ვერ შეულაგმავს ისინი, და ხშირად შეხვდებით, რომ ქურდობისათვის უკვე სასჯელ მოხდილი, როგორც კი შემთხვევას ნახავს, ვეღარ მოითმენს და ხელახლავ ჩაიდენს ქურდობას; მაგალითად, ქურდობისათვის ცალფეხ მოჭრილი მიკოჭლობს და მიდის ქურდობაზე; აგრეთვე ცალ ხელ მოჭრილი ეხმარება თავის ამხანაგებს ქურდობაში, და თვალმოთხრილი, სხვაფერ თუ არ შეუძლიან დახმარება, რჩევით მაინც ეხმარება ქურდებს. ქურდებს ვერ აკავებს ვერც ის ზარალი, რომელიც მოსდით მათ, თუ ქურდობაში დაიჭირეს: მათ უნდა გადაიხადონ თხუთმეტჯერ მეტი ფასი ნაქურდალისა; ამას გადაიხდიან და შემდეგ კიდევ უფრო ეტანებიან ქურდობას, რათა ერთიორად შეავსონ ის ფული, რაც გადაუხდიათ ხაზინისათვის. ამასთანავე უფრო ფრთხილადაც არიან, რომ მეორედ აღარ დაიჭირონ ქურდობაში. არ აბრკოლებს მათ არც ქურდობის გამოაშკარავებისა და სასჯელის სირცხვილი, რადგან ყველა ქურდია და ქურდობაც მოსაწონ საქმედ მიაჩნიათ. არც ღმერთის ეშინიათ, რადგან ბევრი არა გაეგებათ-რა ღმერთისა. ამ რიგად მეგრელები ვერ შეულაგმავს ვერც სხეულით დასჯის შიშსა, და ვერც ზარალის ზღვევასა, ვერც სირცხვილსა და ვერც ღვთის შიშსა, და აღვირახსნილი ეტანებიან სხვა-და-სხვა ნაირ ქურდობას.
აქ ვერ ნახავთ ქურდს, რომ ყოველნაირი ქურდობა იცოდეს. ყველას თავისი ხელობა აქვს აჩენილი. არიან იმისთანები, რომელთაც სახლების გაქურდვა აურჩევიათ, ზოგს — ცხენების მოპარვა, ზოგს — ხარებისა და ძროხებისა, ზოგს — ღორებისა და თხებისა, და ზოგს კიდევ — გოჭებისა და თიკნებისა. ამ უკანასკნელების ქურდები ყმაწვილებია, რომელნიც თავის სიყმაწვილეში ხელს იწაფავენ ამ პატარა ცხოველების ქურდობაში, რათა შემდეგ, როცა გაიზრდებიან, უფრო დიდი ცხოველების მოპარვა შეიძლონ. ყველა ქურდები თავ-თავის წესებს ადგანან. ხოლო ყველასათვის საერთო კანონი ის არის, რომ ქურდობისათვის ამორჩეული ღამე სულ ბნელი იყოს, და თუ თან მეტად ცუდი დარი იქნება, ხომ კიდევ უკეთესი, მაგალითად, რომ ძლიერი ქარი იყოს, რათა ქურდობის ხმაურობა არ ისმოდეს, ან დიდი წვიმა იყოს, რომ ქურდების კვალი მიწაზე წაშალოს. ისეთ ღამეს კი ერიდებიან, როცა ან დიდი თოვლი მოდის ან პატარა წვიმა, რადგან პატარა წვიმა მხოლოდ არბილებს მიწას და ვერ შლის კვალს მიწაზე.
ის ქურდები, რომელთაც ხელობათ აქვთ სახლების გაქურდვა, ელოდებიან ისეთ დღეს, როცა მასპინძელს დიდი წვეულობა აქვს.
ამ დღეს, როცა დაბნელდება, ქურდები შემოდიან ეზოში, მიიპარებიან სახლთან და ჭუჭრუტანებში, რომელიც ხის სახლს, რასაკვირველია, არ აკლია, უცქერენ, თუ რა ხდება შიგ, მაგალითად: სადა დგას ყუთები; სად ინახება ქვაბები, სად აწყობენ სუფრის მოწყობილობას და როდის-ღა დალაგდებიან დასაძინებლად. აქ დარაჯობენ იმ დრომდე, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ყველას კარგად დაეძინაო. მაშინ განგებ დამზადებულ რკინებით შეუდგებიან ნელ-ნელა სახლსქვეშ მიწის თხრას და გათხრიან ისეთ ორმოს, რომ კაცს ადვილად შეეძლოს იმაში ჩასვლა და მერე კარგად დატვირთული გარედ გამოსვლა. მაშინვე კი არ შედიან სახლში, არამედ მასპინძლებს რომ არ გამოეღვიძოს ნაქურდალის გამოლაგების დროს, მკვდრის ძვალით აჯადოებენ; ამ ძვალით წრეს შემოაყოლებენ სახლის ირგვლივ, რის შემდეგაც, მათის აზრით, მკვდრად გადაიქცევიან იმ დრომდე, სანამ ქურდები იპარვენ. მაგრამ ამ საშუალებას მთლად მაინც არ ენდობიან და ცდილობენ დარწმუნდნენ, მოჯადოებამ გასჭრა თუ არა. ამისათვის, როცა ორმოს ამოთხრიან, სახლს შემოუვლიან მკვდრის ძვალით და მზათ არიან სახლში შესასვლელად, ოდნავ ხმაურობას ატეხავენ და თუ სახლში მყოფთ გამოიღვიძეს, ქურდობას თავს დაანებენ და გაიქცევიან. ხოლო, თუ სახლში მიუხედავად ამ ხმაურობისა სძინავთ, ქურდები კიდევ ფრთხილად არიან და ამ საშუალებას ცდიან: ჯოხზე წამოაცმევენ გოგრას, რომელსაც დაახურავენ ქუდს და გათხრილს ხვრელით შეაფრენენ სახლში, ვითომ კაცი შეგზავნესო. თუ შინაურებმა შენიშნეს იგი და დაიწყეს ყვირილი: „ქურდები, ქურდებიო“, მაშინ დააგდებენ გოგრას და თავს უშველიან. წინააღმდეგ, თუ არც ხმაურობაზე და არც გოგრის შეძვრენაზე არავინ არ დაიძრა სახლში, ქურდები მაშინ რწმუნდებიან, რომ ყველა მთვრალია და მაგარ ძილშია, უშიშრად შედიან სახლში და გამოაქვთ რაც მოეწონებათ.
აგრე იქცევიან ისინი, ვისაც ხელობად სახლების გაქურდვა აურჩევია. არიან სხვები, როგორც ზევით ვთქვით, რომელნიც მარტო ცხენებს იპარავენ. ამათ საზოგადოდ არ შეუძლიანთ თავისი ხელობა შეასრულონ, თუ შემწედ და პატრონად არ ჰყავთ რომელიმე თავადი ან დიდებული კაცი. ამ რიგად მართლდება ისაია წინასწარმეტყველის სიტყვა: მთავარნი თქვენნი ზიარებ მპარავთა (ისაია, I). თუმცა ყოველნაირ ქურდობაში საჭიროა დიდებულების შემწეობა, მაგრამ განსაკუთრებით ეს საჭიროა ცხენების ქურდობისათვის, როგორც ცხენების სხვა ქვეყნებში გადასაყვანად, ისე მთავრის წინაშე გამოსასარჩლებლად, უკეთუ თავზე ბრალი დაატყდათ. გარდა ამისა ცხენების ქურდებმა უნდა იყოლიონ მომიჯნავე ქვეყნებში თავისი მონაწილეები. მაგალითად თუ ქურდს უნდა სამეგრელოში კარგად აწარმოვოს თავისი ხელობა, უნდა იყოლიოს იმერეთში, ქართლში, კა- ხეთში, გურიაში, აფხაზეთში და სვანეთში თავისი რწმუნებულნი, რომლებთანაც შეეძლოს საჭიროებისამებრ მოპარული ცხენები უშიშრად გაგზავნოს. ცხენების მოპარვა აქ არც არის ძნელი, რადგან დღე და ღამე ცხენები გაშვებულია საბალახოდ მინდორში. ქურდებს ერთი სიფრთხილე ჰმართებთ: რადგან ყველა ცხენები სამეგრელოში დადაღულები არიან, ქურდმა უნდა ამოარჩიოს ისეთი ცხენი, რომლის დაღი ადვილი წასაშლელი იყოს. ამისათვის ქურდებს ჰყავთ მზვერავები, რომელთაც უნდა გამონახონ პატარა დაღიანი ცხენი, რათა ადვილად შეიძლებოდეს ამ დაღის წაშლა და ან მეორე დაღის მასზე დასმა. ამ შემთხვევაში ქურდებს შიში აღარა აქვთ. ქურდები კიდევ ამ ხერხს ხმარობენ: შეიყრება ღამე სამი თუ ოთხი ამხანაგი; ორი მათგანი თოკს გაჭიმავს და შუაგზაზე დადგება, დანარჩენები კი ცხენებს იმათკენ გამოდენიან. შეშინებული ცხენები გაჭენდებიან და ეცემიან თოკს. ამ ცხენებს ქურდები მაგარად ჩააბამენ თოკს, შემდეგ შეასხდებიან და გააჭენებენ საზღვარს იქით. რამდენიმე დღით მალვენ ამ ნაქურდალ ცხენებს და შემდეგ შეარჩევენ დროს და გადასცემენ თავის მონაწილეებს, რომელნიც ან სამაგიერო ცხენებს აძლევდენ ან ფულს, რომელსაც ამოიგებენ იმ მოპარულ ცხენების გაყიდვით.
რაც შეეხება ხარებისა, ძროხებისა და ღორების ქურდებს, ამათ გაჭირვების და შეძენის სურვილი როდი ამოქმედებს, არამედ ღორმუცლობა. მართლაც, ძლიერ იშვიათია, რომ ქურდებმა ეს საქონელი შეინახონ. თითქმის ყოველთვის მოპარვის უმალ დაჰკლავენ და შესჭამენ. მაგალითად თავადებისა და დიდებულების ახალგაზრდა ვაჟებს სირცხვილად არ მიაჩნიათ, რომ როგორც კი შეიტყობენ ამადა ამ ადგილს მსუქანი ძროხა ჰყავთო, მოიპარონ და მხიარულად შესჭამონ ამხანაგებთან ერთად. ამ პირუტყვების ქურდობის დროს ხმარობენ იმავე ხერხს, რასაც ხმარობენ სახლების გამქურდავები, რადგან აქაც საჭიროა მიწის გათხრა, სახლში შესვლა, შიგნიდან ჩაკეტილი კარების გაღება და იქედან პირუტყვის გამოყვანა. ხოლო, თუ საქონელი დღისით საბალახოზე გაშვებული როგორმე დაიბნა, ქურდი მას ბაწრით მიაბამს რომელსამე მიყრუებულს ტყეში და როცა დაღამდება, წაიყვანს სახლში, დაჰკლავს და შესჭამს. შიგნეულობას და ძვლებს მიწაში ჩაფლავს, რათა არავითარი კვალი ნაქურდალისა არა ჩნდეს.
მეტი სიფრთხილე ჰმართებს ღორის ქურდს, რადგან ეს პირუტყვი ისეთის ბუნებისაა, რომ, როგორც კი ვინმე ხელს ახლებს, მაშინვე ისეთ ჭყვირილს გააბამს, რომ ყველას გააგონებს. ამის წინააღმდეგ აი რა საშუალებას ხმარობენ ქურდები: მიუახლოვდებიან იმ ადგილს, სადაც ღორები ყრიან და წაუგდებენ დიდ ლუკმა ჭადის ცომს. იმ დროს, როცა ღორი ამ ცომის გადაყლაპვას დააპირებს, ქურდები დინგზე სტაცებენ ხელს; უფრო ურჩს თოკით შეუბოჭვენ როგორც დინგს, ისე ფეხებსაც, შიგ გაუყრიან კეტს, რომლის შემწეობითაც ორი მათგანი გაიდებს მხრებზე და გააქანებენ სახლისკენ. როგორც კი მივლენ სახლში, მაშინვე დაჰკლავენ და შესჭამენ.
ჩვენ ჩამოვთვალეთ ყველანაირი ქურდები, რომელნიც კი მოიპოვებიან სამეგრელოში. გარდა ამისა, არიან აქ ისეთი ქურდებიც, რომელნიც იპარავენ კაცებს და ყმაწვილებს და ჰყიდიან ჩუმათ თურქეთში. გურიელის სამთავროში, ზღვის პირად, სახელდობრ ქობულეთში, მუდამ ტყვეებით ვაჭრობენ. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ახლო ქალაქებიდან — რიზე, გონია და ტრაპიზონიდან მოდის მრავალი თურქი ვაჭარი. მათ მოაქვთ ბლომად ფული და ტანისამოსი, რაც ფრიად ეჭირვება აქაურ ხალხს. თურქები კი სამაგიეროდ მხოლოდ ტყვეებს თხოულობენ. ამიტომაც აქ მოყავთ თურქებზე ტყვედ გასასყიდად ქართლელებიც, კახელებიც და აფხაზებიც. ყველანი ისე არიან დახელოვნებულნი ამ ხელობაში, რომ ადვილად იპარავენ როგორც მამა-კაცებს, ისე დედა-კაცებს, დიდებსაც და პატარებსაც. ზოგჯერ ასეთი ავაზაკები ღამე თავს დაესხმიან მეზობლის სახლს, შეტეხენ ძალით სახლის კარს, შებოჭვენ ვისაც კი შინ იპოვიან და პირდაპირ ქობულეთში გააქანებენ. ზოგჯერ კი მოტყუებით მიიბირებენ თავის სახლში, სადაც დაატყვევებენ და შესაფერ დროს ქობულეთშივე წაიყვანებენ თურქებზე გასასყიდად. თურქები, რასაკვირველია, ფასს აძლევენ და მაშინვე მოიყვანებენ თავის ქვეყანაში, რომელიც ძალიან ახლოა.
XIII. დამნაშავეთა დასჯა
[edit]ეხლანდელს მეტად გულკეთილ მთავარს ჩვეულებად არა აქვს სიკვდილით დასჯა არც ერთის დანაშაულობისათვის, რაც უნდა მძიმე იყოს იგი. თუ სათვალავში არ ჩავაგდებთ მისი ვეზირის საქმეს. მხოლოდ ერთ შემთხვევისათვის მას აქვს დაწესებული სიკვდილით დასჯა, სახელდობრ ეკლესიის მკრეხელობისათვის, როცა ნივთებს მოიპარავენ, ან ეკლესიას გადაწვავენ. სხვა ყოველივე დანაშაულობა შეიძლება მთავარმა აპატიოს ფულის გადახდევინებით, ან ვისმე მფარველობის გამო და რაც შეეხება მკრეხელობას, ამის ჩამდენი ვერც ფულით და ვერც თხოვნით ვერ შეაბრალებს თავს მთავარს და უსათუოდ დასჯილი უნდა იქმნას სიკვდილით. ჩემსობას სხვადასხვა ეკლესიაში მოიპარეს რამდენიმე ოქროს და ვერცხლის ხატი სხვადასხვა ძვირფასის ქვებით შემკული და აგრეთვე სხვა ძვირფასი ნივთები, რომელიც იქ ინახებოდა. ბევრი უცადეს მაგრამ ქურდები დიდხანს ვერ იპოვეს. ბოლოს კი, ბევრი ძებნისა და დიდის მეცადინეობის შემდეგ, ავაზაკები ხელში ჩაიგდეს, თავები მოსჭრეს და ჩამოკიდეს იქვე, სადაც დანაშაულობა ჩაიდინეს. სხვა ქვეყნებზე უფრო აქ ჯერ კიდევ ისეთი პატივისცემა დარჩენიათ ეკლესიის მიმართ, რომ თვით სარწმუნოებას უფრო უღალატებენ, ვიდრე ასეთს დანაშაულობას დასტოვებენ დაუსჯელად. მაგალითად, როცა დადიანსა და მის მეზობელს აფხაზეთის მთავარს შუა უკმაყოფილება ჩამოვარდა, და ეს უკანასკნელი სამაგიეროს გადასახდელად მისს საზღვარზე ჯარით მივიდა და ჩვეულებისამებრ რამდენიმე სოფელს ცეცხლი წაუკიდა, ცეცხლი შემთხვევით ერთს უმთავრესს ეკლესიასაც მოედვა და გვარიანად დააზარალა. წინდახედული დადიანი ისე მოიქცა მაშინ, თითქოს არც შეეტყოს ეს ამბავი, თუმცა მეტად გაბრაზებით იყო და მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ თავის დროზე სამაგიეროს გადავახდევინებ და ასეთის დანაშაულობისთვის უსათუოდ ღირსეულს სასჯელს მივუზღავო. ამ განზრახვით, როცა მათ შორის ზავი ჩამოვარდა, დადიანმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს არავითარი უკმაყოფილება აღარ მაქვს აფხაზეთის მთავრის მიმართ და სრულიად შევურიგდიო; მაგრამ აფხაზთა მთავარი არასგზით არ დასთანხმდა დადიანის სამთავროში შესულიყო მოსალაპარაკებლად: ჩემს თავს ვერ ჩავუგდებ ხელში იმ მთავარსაო, რომელმაც მრავალჯერ საზღვრები გამიოხრა თავის ჯარითაო. თავისთავის უზრუნველყოფისათვის აფხაზთა მთავარმა მოითხოვა ამანათები. დადიანმა მაშინვე გაუგზავნა ამანათებად ოდიშის დიდებულთა სამი ახალგაზრდა ვაჟი. ამ საშუალებით აფხაზთა მთავარს ეგონა თავის თავი უზრუნველყოფილი და დიდის ამალით შევიდა ოდიშში დადიანთან მოსალაპარაკებლად. ხოლო, როგორც კი შეადგა ფეხი სამეგრელოში, მაშინვე იგი თავის ამალით დაატუსაღეს და საქმე რომ გაარჩიეს, გადასწყვიტეს, რომ მის ამალას თავისუფლება უნდა მიეცეს და თვით მთავარს თავი უნდა მოეჭრას მხოლოდ იმისათვის, რომ მისი ჯარის გამოლაშქრების დროს უცაბედად ეკლესია დაიწვაო. დადიანმა გამოსცა მანიფესტი, რომელშიაც გამოაცხადა, რომ შეუძლებელია პირობა შეუსრულოს კაცმა ისეთ ადამიანებს, რომელთაც შეურაცყვეს ღმერთი თავის სახლშიო. აფხაზთა მთავარს მართლაც თავი მოსჭრეს. სამაგიეროდ მის სამთავროში მისმა ცოლმა ამანათები შეუბრალებლად ჩამოახრჩობინა.
მე ხომ დიდი ხანი დავრჩი სამეგრელოში, და შემიძლიან დარწმუნებით ვთქვა, რომ თუ არა მკრეხელობისათვის, დადიანს არავისათვის არასოდეს სიცოცხლე არ მოუსპია.
ხოლო აგრევე არ იქცევიან მისი სამთავროს დიდებულები და თავადები. მათ სრული უფლება აქვთ სიკვდილისა. ამიტომაც ხშირადაც სარგებლობენ ამ უფლებით და ბევრ კაცს უსპობენ სიცოცხლეს, როცა ბრაზს, სისასტიკეს და ბარბაროსობას მისცემენ თავს. მახსოვს, რომ ჩემს დროს ერთი მათგანი მცირე ეჭვმა, რომ მისმა ყმამ ცოლი მომიხიბლაო, ისე გააბრაზა, რომ იგი ყმა დააკვრევინა შამფურსავით გამოჭრილ გრძელ სარზე და მერე დაანთებინა იქვე დიდი ცეცხლი და ატრიალებინა ისე, თითქოს წვადსა წვავდნენო. აგრე უწყალოდ შესწვეს საწყალი ადამიანი. მეორესა ჰყვანდა ომში ნაშოვნი ტყვე, რომელიც კარგად ემსახურებოდა მას, როგორც თერძი. კარგის კერვისათვის პატრონმა ასე დააჯილდოვა იგი: ცალი ფეხი მოსჭრა, რათა არ გამექცეს თავის ქვეყანაშიო. მრავალნი სხვები ცოტა რამე მიზეზისათვის ყმებს თავის ხელით თავსა სჭრიან ან სხვა რიგად უსპობენ სიცოცხლეს. ამათ საქმეში მთავარი არ ერევა და ამბობს, რომ ყმები მათიაო და შეუძლიანთ, როგორც უნდათ, ისე მოეპყრანო.
თუმცა მთავარი გულკეთილია, მაგრამ ისეთი მოყვარულია მართლმსჯულებისა, რომ არც ერთ დანაშაულს უსასჯელოთ არ დასტოვებს. სასჯელი კი სხვადასხვანაირია დანაშაულობის მიხედვით: ქურდებს ჩვეულებრივ მოსჭრიან ან ხელს, ან ფეხს და ან ყურს; მკვლელებს ხელსა სჭრიან, მაგრამ თუ მკვლელი მეტად გაბოროტებულია და მრავალკაცის მკვლელობა და ავაზაკობა ჩაუდენია, იმ შემთხვევაში იმას თვალებს დასწვავენ; ესევე სასჯელია მეამბოხეთათვის, რომელთაც გარდა ამისა სჭრიან ცალ ხელს და ცალ ფეხს; თუ ვინიცობაა ვინმემ ცოდვა ჩაიდინა სასახლის რომელსამე ქალთან, მათ ორთავე ცხვირს მოსჭრიან და აიძულებენ შეირთონ ერთმანეთი.
ჩამოთვლილ სასჯელთა შორის ყველაზე სასტიკად მიაჩნიათ დაბრმავება ცეცხლის შემწეობით. ამიტომაც მრავალნი სიკვდილს ამჯობინებენ, ვიდრე თვალის სინათლის დაკარგვას. ამბობენ, რომ ვინც მოკვდება, ის ტანჯვასაც გადარჩება და ბრმა კაცი კი მუდამ ტანჯვაშიაო. თვით ამ სასჯელის აღსრულების დროს ისე იტანჯება დამნაშავე, რომ სიკვდილის დროსაც არ დაიტანჯება იმდენად. ჩაასობენ მიწაში ოთხს სარს, რომლებზედაც დამნაშავეს ხელებით და ფეხებით მიაკრავენ ისე მაგრად, რომ განძრევა არ შეუძლიან; აიღებენ ორს რგვალს და პრტყელს რკინის ნაჭერს თვალზე ცოტად უფრო დიდებს, წამოაცმევენ ორ გრძელ რკინაზე; ამ გრძელ რკინებს შეაერთებენ ხის ტარით; შემდეგ რკინებს ძალიან გაახურებენ, მაგრად მიადებენ თვალებზე და ასე უპყრავთ, ვიდრე სიმხურვალე არ გამოაშრობს თვალის სისოვლეს. დამნაშავე საშინლად იტანჯება ცეცხლის გამო, რომელიც მყისვე ისე უსიებს პირისახეს, ყელს და მთელ გულს, რომ სამი-ოთხი დღის განმავლობაში ვეღარ მიეკარება ვერავითარ საჭმელს.
ხელებსა და ფეხებს სჭრიან გახურებულის ნაჯახით, რათა ცეცხლით შეაჩერონ სისხლი, რომელიც ბლომად გამოდის ძარღვებიდან ჭრილობის ადგილზე. მოსჭრიან ფეხებს და ხელებს სახსრის ზევით და შემდეგ ძვლიდან ჯოხით ამოიღებენ ტვინს, რათა შიგნით არ დალპეს.
უკეთუ მხოლოდ ერთი ძროხა, ან ერთი ხარი, ან ერთი ღორი, ან ერთი ცხენი და ან ერთი სხვა ამისთანა რამ მოუპარავს, დაჭერისთანავე მას დაუყოვნებლივ სასჯელი დაედება. ეს სასჯელი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა გადაიხადოს ნაქურდალის ფასი თხუთმეტჯერ მეტი, რომლისაგანაც ხუთი ნაწილი პატრონს ერგება, ხუთი — ხაზინას და ხუთიც — იმ მოხელეთა გასამრჯელოდ, ვინც სასჯელს დაადებს დამნაშავეს, ხოლო თუ ქურდს დანაშაულზე ვერ წაასწრეს და მხოლოდ სხვადასხვა ნიშნებით ეჭვი აქვთ ვისმეზე, მაშინ საქმის ასახსნელად ხმარობენ სამ საშუალებას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ცხადია ის ნიშნები, რომლის გამო დამნაშავეს სწამებენ ქურდობას. თუ ეს ნიშნები მრავალი და ცხადია, მაშინ დამნაშავეს აწვალებენ ადგილობრივ ჩვეულებისამებრ: თოკით ხეზე ჩამოჰკიდებენ ცალხელით. ეს წვალება თუმცა იმდენად მავნებელი არ არის, როგორც ჩვენებური, მაგრამ მაინც დიდად სტანჯავს კაცს, რადგან ტანის სიმძიმე კაცს ძლიერ ეწევა ძირს და ამის გამო იმ ადგილას, სადაც ხელია მიკრული, კანი იხევა და ბლომად სისხლი გამოდის. მეგრელებს ისე ეშინიათ ამ წვალებისა, რომ ხშირად, ოღონდ კი ხელი არ მიუბან ამ რიგად და როგორც კი ასწევენ, მაშინვე სრულიად გამოტყდებიან.
თუ კი ნიშნები იმდენად ცხადი არ არის, მაშინ დანაშაულობა ამნაირად უნდა დამტკიცდეს: ამ საგნისათვის აქვთ პატარა ქვაბი, რომელიც სიგანით ერთი მტკაველია და ირგვლივ ორი მტკაველი. ამ ქვაბს გაავსებენ წყლით და შიგ ჩააგდებენ რკინის პატარა ჯვარს. ქვაბს ქვეშ შეუნთებენ ცეცხლს. ცეცხლი უნდა დაინთოს ვაზისაგან, რომელიც უნდა მოსძებნოს და თავის ზურგით ადგილზე მოიტანოს თვით ბრალდებულმა. ქვაბს რომ ცეცხლს შეუნთებენ და წყალი კარგად ადუღდება, ბრალდებულმა შიშველი ხელი შიგ უნდა ჩაჰყოს და ძროდან ჯვარი ამოიღოს. როგორც ბრალდებული ქვაბიდან ხელს ამოიღებს, მოხელენი ამ ხელს ტილოს ტომარაში ჩაუდებენ იდაყვამდის, იდაყვთან ტომარას თავს შეუკრავენ და დაბეჭდავენ. სამი დღის შემდეგ ბრალდებულს მიიყვანენ მთავრის წინაშე, გაუხსნიან ხელს კარგად გაუშინჯავენ, და თუ ხელზე სრულიად არ ატყვია, რომ მდუღარისაგან დამწვარიაო, მაშინვე უდანაშაულოდ აღიარებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკეთუ ხელი დამწვარი აღმოჩნდა, ბრალდებულს დამნაშავედ აღიარებენ და, ვითარცა ავაზაკს, სასჯელს დაუნიშნავენ და არავითარ გასამართლებელ საბუთს აღარ მიიღებენ.
რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა სამხილებელი ნიშნები მეტად სუსტია, მაშინ ბრალდებულს შეუძლია თავი გაიმართლოს მარტო ფიცით. ფიცი უნდა მოადეს რომელიმე ძლიერი ხატის წინაშე, მომჩივანის ამორჩევით. მომჩივანმა უნდა ამოარჩიოს ეკლესიაც, სადაც ფიცი უნდა მოხდეს და ხატიც, რომელზედაც ბრალდებულმა უნდა დაიფიცოს. წინდაწინ მომჩივანი არ გაუმჟღავნებს ბრალდებულს, თუ რომელი ეკლესია და რომელი ხა ტი ამოურჩევია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალდებული მივაო, ფიცის წინა დღეს, დაუჩოქებს ამორჩეულ ხატს და შეევედრებაო: „შენ ხომ კარგად იცი, რომ ეს დანაშაულობა მე ჩავიდინე და, როგორც მრავალჯერ წინად, ეხლაც მუხლ-მოდრეკით აღვიარებ და ვამბობ, რომ ეს საქმე მე ჩავიდინე, მაგრამ ეს ჩემი აღსარება დარჩეს ჩვენს შორის. რადგან ამ ჩემის აღსარებით მე მოვიხადე ჩემი ვალი შენს წინაშე, ნუღარ გამირისხდები იმისათვის, რომ სხვების თანდასწრებით ამას სრულიათ უარს ვყოფ. რომ არ განმირისხდე ამისათვის აღთქმას ვსდებ, რომ მოგართმევ ამას და ამას: მაგალითად, ცხვარს ან ძროხას“. ასეთი იდუმალი აღსარების შემდეგ მას სვინდისი დამშვიდებული აქვს და, როცა მიიყვანებენ იმავე ხატის წინაშე, თავისუფლად დაიფიცებს ტყუილსა.
ზემო დასახელებულ სამ საშუალების გარდა იდუმალ ბოროტმოქმედთა აღმოსაჩენათ ხმარობენ კიდევ ერთს: როცა ერთი და იგივე ბოროტმოქმედება ბრალდება ორ კაცს და ხელში კი არ უჭირავთ ისეთი ნიშნები, რომლითაც შეიძლებოდეს გადაწყვეტა, თუ ბრლდებულთა შორის რომელია ნამდვილი დამნაშავე, მაშინ მთავარი ბძანებს, რომ მათი საქმე ასპარეზზე ბრძოლამ უნდა გადასწყვიტოსო. მაშინ დანიშნავენ დროს და ადგილს ბრძოლისას, ამოირჩევენ მოწმეებს და დანიშნულ დღეს გამოცხადდებიან მებრძოლნი ცხენებზე შემჯდარნი, აბჯარში ჩასმულნი და შეიარაღებულნი ფარით, შუბით და ხმლით. მებრძოლთ მოჰყვება მრავალი მათი მეგობარი აგრეთვე შეიარაღებულნი. მებრძოლნი რომ წარმოდგებიან ასპარეზზე, მათ ახლავთ მათი მოწმეები. როცა ნიშანს მისცემენ, მებრძოლნი ერთი მეორეს წანააღმდეგ გაეშურებიან შუბებით. ვინც პირველად დაიჭრება, იმას აღიარებენ დამნაშავედ და მეორე გამართლებული იქნება. თუ კი შემთხვევით ორივე დაიჭრა, ორთავეს იცნობენ დამნაშავედ და სასტიკად დასჯიან.
ზოგი დანაშაულობა, რომლისათვის ჩვენში სასტიკი სასჯელია დანიშნული. სამეგრელოში არაფრად არ მიაჩნიათ და ამისთვის არც პასუხს არავინ მოსთხოვს. ამათ შორის ყველაზე უფრო მხეცურ და ბარბაროსულ ჩვეულებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ ყმაწვილებს ცოცხლად ჰმარხავენ. უფრო ხშირად დედები ჰმარხავენ თავიანთ ახალდაბადებულ ბავშებს. ამ საშინელ საქმეს ხშირად ჩადიან ის ქვრივები, რომელნიც პირველ ქმრის ხელში დაორსულებულან და მეორე ქორწინებისთვის ვერ დალოგინებულან. მაშინ ახალი ქმარი თავიდან იშორებს საბრალო ყმაწვილს, მაგრამ, რადგან ებრალება მახვილით მისი მოკვლა, კიდევ უფრო სასტიკად ჰკლავს: ამოთხრის თავის სახლში ორმოს და ჩაფლავს ახალ დაბადებულ ყმაწვილს. აგრევე იქცევიან ისინი, რომელთაც სიღარიბისა და მრავალ-შვილიანობის გამო არ შეუძლიათ მათი რჩენა და შვილოსნობას კი ვერ მორჩენილან. როგორც კი მათ დაებადებათ ბავში, მაშინვე ცოცხლად მიწაში ჩაფლავენ. ასეთ საშინელ ბოროტმომქმედებისათვის სასჯელიც არავითარი არ არის დანიშნული. პირიქით, ჩვენები რომ სთხოვდნენ მთავარს, მიიღეთ რაიმე ზომა ამის წინააღმდეგო, მისი მუდმივი პასუხი ის იყო, რომ ამის წინააღმდეგ არავითარი საშუალება არ მაქვსო, რადგან არ შემიძლია ჩემ ქვეშევრდომთა ახალდაბადებულების ანგარიში ვიქონიოო. ესეც უნდა ვთქვაო, რომ ეს სასტიკი სიკვდილი ერთის მხრით სასარგებლოც არის ყმაწვილების სულისათვის, რადგან ზოგჯერ ჩვენება გაიგებენ ამ ყმაწვილების ბედს და, ვიდრე მშობლები მოკლავდნენ, ჩვენები ბევრს ნათლავენ. იგინი ამ რიგად სასტიკის სიკვდილით მოიპოვებენ ზეცაში სამკვიდრებელს.
XIV. საპყრობილეები
[edit]შეიძლება ვთქვათ, რომ მთელი კოლხიდა საპყრობილე არის, რადგან ბუნებით ისე შეზღუდულია, რომ კაცი რომ შევა იქ, ადვილად ვეღარ გამოვა. ხმელეთით გარემოცულია კავკასიის უმაღლესი მთებით. ამ მხრით გასვლა შეუძლებელია ამ მთების სალის კლდეებისა და მათ მცხოვრებთა ბარბაროსობის გამო. მეორე მხრით ხომ შავი ზღვაა, რომელიც მეტად მღელვარეა და გემებიც ნაკლებ დადის ამ ზღვაში. ამის გამო ეს გზაც არ ვარგა სამეგრელოდან გასასვლელად. კოლხიდას საზღვრავს კიდევ ორი მდინარე: კოდორი (Corасе) და ფაზისი. ორივე მდინარე ღრმაა და ფართო, და ამიტომ მათში გასვლა უნავოდ შეუძლებელია. ამ რიგად კოლხიდა ისე შეზღუდულია ყოველის მხრით, რომ თუ ვინმე უცხოელი, მისდა საუბედუროდ შევიდა იქ, გამოსვლა აღარ შეუძლია, თუ მთავრის ნება არ იქმნა. გარდა ამისა, ერთი ჩვეულება აქვთ კიდევ სამეგრელოში: თუ მეგრელი შეხვდება კაცს, რომელიც ტანისამოსით ან ლაპარაკით უცხოელი აღმოჩნდება, მას ნება აქვს გამოკითხოს, საიდანა ხარ, რა მოხელე ხარ და რად დადიხარო მარტო, და თუ შეჰნიშნა რამეში ჩვენების არევა და სიყალბე, მაშინვე დაიჭერს და წარუდგენს მთავარს. ამიტომაც უცხოელი მონა ოდიშში მრავალია, განსაკუთრებით უკრაინელები (Rossioti), რომელთაც არ შეუძლიანთ გავიდნენ იქიდან და დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში.
ასეთია საერთო საპყრობილე, რომელშიაც გამომწყვდეულნი არიან ისინი, ვისაც დაუკარგავთ თავისუფლება ამ ქვეყანაში მოსვლით. ხოლო ტუსაღს როდი ამწყვდევენ დაკეტილ სადგომში: როცა მთავარი მოინდომებს ვისიმე დაჭერას, ბრძანებს, რომ მას ყელზე წამოაცვით რკინის საყელო დიდის და მძიმე ჯაჭვითო და ამ სახით ჩააბარეთ დარაჯსო. სწორედ ამ სახით წარმომიდგენია მე რომში დაჭერილი წმ. პავლე, რომელიც ჯაჭვით დაბმული ჩაბარებული ჰყვანდა ერთს ჯარის კაცს, რათა არ გაქცეულიყო. ტუსაღებისა, დარაჯისა და მაძებარის მოვალეობას ერთად ასრულებენ ისინი, ვისაც ჩაბარებული აქვთ მწევარ-მეძებართა ყურის-გდება. მეგრულად ამათ ჰქვიან მეჯოღორე. ეს დარაჯები ერთსა და იმავე სახლში ამწყვდევენ ჯაჭვით დაბმულ ტუსაღებს და ძაღლებს, რომელნიც ღამეს ერთად ატარებენ ერთს და იმავე უწმინდურობაში და საშინელ ჰაერში. ხშირად მათი ჯაჭვები ერთმანეთს გადაებმებიან ხოლმე. როცა შიშობენ, ტუსაღები ღამე არ გაიქცნენო, ყელს გარდა კიდევ ფეხებზე დაადებენ მეტად მძიმე ბორკილს.
ჯაჭვით დაბმას ვერავინ ვერ წაუვა, რაც უნდა დიდებული თავადი იყოს. როცა მთავარი გაურისხდება ვისმე, ბრძანებს იმის დაჭერას და ჯაჭვით დაბმას. აგრე დაბმულს ჩააბარებს მეჯოღორეს, რომელიც ატარებს მას იქით-აქეთ. ეს კი არის, რომ კეთილშობილებს უფრო სუბუქ ჯაჭვს ჩამოჰკიდებენ და გარდა ამისა ნებას აძლევენ, რომ ცხენით იარონ, რის ნებაც დაბალ ხალსს არა აქვს. ზოგჯერ, როცა მთავარს სურს, რომ ტუსაღი კარგად მოვლილი იქმნას, ჩააბარებს იმას რომელსამე ეპისკოპოზს ან დიდებულ თავადს, და დაავალებს ამათ პირველ მოთხოვნილებამდის შემინახეთო. იმ დროს განმავლობაში, ვიდრე ტუსაღი დამწყვდეულია, რაც უნდა ბევრი ხანი გავიდეს ამასობაში, თუნდაც რამდენიმე წელიწადი, იგი თმას არ გაიკრეჭს მწუხარების ნიშნად. ეს ჩვეულება ალბად მეგრელებმა ეგვიპტელებისაგან შეითვისეს, როგორც ზემოდ აღვნიშნეთ. (იხ. თ. 2).
XV. როგორ სწარმოებს დავა
[edit]ის წესი, რომლითაც აწარმოებენ ჩვენში (იტალიაში) მართლმსაჯულებას, მეტად გვიანია და სავსეა ხრიკებით. ამით სარგებლობენ მოხელეები და ხალხი კი მეტად შეწუხებულია. ეს წესი განდევნილია აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კოლხიდაში და საქართვალოში, სადაც ჩქარა სწყდება ყოველივე დავა, რაც უნდა დახლართული იყოს, და ყველას შეუძლიან მცირე ხარჯით ამოიგოს თავისი ფული. ამის მიზეზი ის არის, რომ იქაურ მთავრებთან მისვლა ისე ძნელი არ არის, როგორც ჩვენში. ამიტომაც ჩვენში მომჩივანს არ შეუძლიან მეფის ყურამდე მიაღწევინოს თავისი სიმართლე და ხშირად ისეთ განჩინებას ეღირსება, რომელიც არ ეთანხმება მის საბუთებს. მეგრელები კი ბედნიერები არიან იმით, რომ მათი მთავარი ყოველთვის და ყოველგან მზად არის მოისმინოს საჩივარი და მოუძებნოს წამალი თავის ქვეშევრდომთა საჭიროებას. გინდ თათბირობდეს, გინდ ცხენით სეირნობდეს, გინდ გზაში იყოს, გინდ ნადირობდეს და გინდ პურის ჭამად იჯდეს, მთავარი ყოველთვის მოისმენს საქმეს და შესაფერს განჩინებას დასდებს. საქმეების გადაწყვეტის დროს როდი ხელმძღვანელობს იმპერატორებისა ან ადგილობრივ კანონებით, რომელთა აზრის გადაბრუნება და თავისებურად ხმარება ყველასათვის ადვილი მოსახერხებელია. ამ შემთსვევაში იგი ხელმძღვანელობს კეთილ-გონიერებით, რომელიც საფუძლად უდევს მთელი ქვეყნიერობის კანონებს. უფრო ხშირად მთავარი საქმეებს არჩევს, როდესაც პურის ჭამად ზის. რადგანაც იგი პურსა სჭამს სახალხოდ და დიდ ხანსაც ზის, ყველას ნება აქვს მიუახლოვდეს და მუხლმოდრეკილმა მოახსენოს თავისი გაჭირვება. მთავარი მაშინვე გამოუცხადებს თავის გარდაწვეტილებას. როცა რთული საქმეა რამე და არ ჰსურთ, მთავარი შეაწუხონ, მოდავენი ასე იქცევიან: თვითეული მოდავე ირჩევს თითო მოსამართლეს. ორივე მოსამართლე ერთად ირჩევს ერთ მომხსენებელს (Referendario) ამ კაცის მოვალეობა ის არის, რომ არჩეულ მოსამართლესთან ერთად დაჯდეს და ერთი მოდავის სიტყვები მეორეს გადასცეს.
დანიშნავენ დღეს და ადგილს, როდის და სად უნდა მოხდეს საქმის გარჩევა. ჩვეულებრივ შეიყრებიან რომელსამე კარგ ჩრდილიან ხის ქვეშ. დანიშნულ დროს ყველანი შეიკრიბებიან ამორჩეულ ადგილზე. მოსამართლეები და საქმის მომხსენებელი რომ დასხდებიან, ჯერ გამოცხადდება მომჩივანი და მუხლ-მოდრეკით მოახსენებს მათ თავის საჩივარს და წარუდგენს რაც საბუთები აქვს. ეს რომ ყოველივეს იტყვის, რაც სათქმელი აქვს, ადგება და წავა ისეთ ადგილას, რომ ვერ გაიგოს, რასაც მოპასუხე იტყვის. მერე მოსამართლეთა წინაშე გამოცხადდება და მუხლს მოიდრეკს მოპასუხე, რომელსაც საქმის მომხსენებელი სიტყვა-სიტყვით გადასცემს ყოველსავე, რაც მომჩივანმა მოახსენა მოსამართლეებს. ამის შემდეგ მოპასუხე თავის პასუხს მოახსენებს მოსამართლეებს და წარუდგენს თავის საბუთებს. დაასრულებს თუ არა თავის სიტყვას, მოპასუხე წავა. შემდეგ შემოვა ხელახლა მომჩივანი, რომელსაც საქმის მომხსენებელი გადასცემს მოპასუხის სიტყვებს. მომჩივანი კიდევ თავისას იტყვის, კიდევ წავა და შემოვა მოპასუხე. ასე გაგრძელდება, ვიდრე ორივე მხარე არ დაასრულებს თავ-თავის სიტყვას. როცა მათ აღარ ექნებათ-რა სათქმელი, მოსამართლენი ცალკე წავლენ საბჭოდ და გადასწყვეტენ საქმეს წინამდებარე საფუძველთა მიხედვით. მათ განაჩენს ორივე მხარე ყაბულდება.
ეს წესი თუმცა ბარბაროსებშია ხმარებული, მაგრამ ღირსია, რომ მიღებული იქმნას ყოველ სახელმწიფოში, რადგან როცა ორივე მხარე ერთად წარსდგება მოსამართლის წინაშე, ყოველთვის სასამართლოზე დიდი ხმაური და აყალ-მაყალია, რის გამო ხშირად სიმართლე იკარგება. ამიტომაც მეგრელები არამც თუ სასამართლოს საქმეებში, არამედ სხვა საქმეებშიაც არასოდეს პირდაპირ არ მიიქცევიან იმასთან, ვისთანაც საქმე აქვთ. ყოველთვის შუაკაცების საშუალებით არიგებენ საქმეებს. მაგალითად, თუ ვისმე აქვს ან ფული ასაღები ან სხვა რამე საქმე გასარიგებელი, იგი არასოდეს არ წავა პირდაპირ თავის მოწინაღმდეგესთან და არ ეტყვის: „ჩემი ფული მომეციო, და ან ესა და ეს საქმე ასე გავათავოთო“, არამედ ამოირჩევს ერთს ან ორს კაცს და გზავნის მოსალაპარაკებლად. მოციქულები მეტად ზრდილობიანად მოახსენებენ მინდობილ საქმეს იმას, ვისთანაც გაგზავნილი იყვნენ. იქიდან დაბრუნდებიან და პასუხს მოუტანებენ პირველს. პირველი რომ კიდევ თავისას იტყვის, მოციქულები კიდევ მეორესთან მიბრუნდებიან და უკეთუ შენიშნეს, რომ ერთ-ერთი მხარე ცოტა უკმაყოფილო არისო, მაშინვე დააწყნარებენ და ამ რიგად მშვიდობით დაასრულებენ საქმეს.
XVI. ქორწინება
[edit]ჩვენს ევროპაში როცა ცოლს ირთავენ, უმთავრეს საგნად აქვთ მზითვის მიღება. ამიტომ ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ყურადღებას არ აქცევენ არც ტანის უშნოობას, არც ხნიერებას და არც დაბალ შთამომავლობას, როცა მეორეს მხრით არის კარგი და მდიდრული მზითევი. საზოგადოდ ჰფიქრობენ, რომ ყოველსავე ნაკლულევანებას დაჰფარავს ოქრო და ვერცხლიო. ამიტომაც ხშირია, რომ დიდებულები თავს იდაბლებენ, ყმაწვილები უშნო და უკბილო ბებრებს ირთავენ. კოლხიდაში ასე როდია, იქ ქალს არავითარი მზითვი ქმრისთვის არ მოაქვს. მეგრელები ცოლში ეძებენ ფიზიკურ სიმშვენიერეს, კარგ შთამომავლობას და საუკეთესო ზრდილობას. სამაგიეროდ სასიძომ უნდა მიუტანოს ქალის მშობლებს დიდი საჩუქარი და მდიდრული ძღვენი. ამიტომაც ქორწინებას ამ ქვეყანაში თუ აბრკოლებს, ისევ ეს ვალდებულება სასიძოსი, რომ მშობლებს უნდა მიუტანოს იმდენი საჩუქარი, თითქოს სარძლო მონა არისო და მის ფასს იხდისო. ჩვეულებრივ საჩუქრად მოყავთ ხოლმე ძროხები და ხარები, ან ცხენები, ან ყმები და ან სხვა ამისთანები. ჩემს დროს მოხდა ოდიშის მთავრის და ჩერქეზთა სახელგანთქმული ქაშიაქმეფის (Chasciach Мере) ასულის დაქორწინება. ქაშიაქ მეფის მოციქულები მოვიდნენ ოდიშში და მისი სახელით განაცხადეს, რომ მეფეს სურს ეს ქორწინებაო და თხოულობსო საჩუქრად ასს ყმას, სხვადასხვა ქსოვილით და ხალით დატვირთულსო; ასს ძროხას, ასს ხარს და ასს ცხენსო. ამის აუსრულებლობა, რასაკვირველია, არ იქნებოდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება არ მოხდებოდა.
როცა საჩუქრების რაოდენობა გადაწყვეტილია, ნიშნობას გამართავენ. რადგან გადაწყვეტილი არ არის, თუ რა ხნის უნდა იყვნენ ნიშნობის დროს სასიძო-სარძლო, სულ პატარეებსა, სამი-ოთხი წლისას დანიშვნენ ხოლმე, როცა ზოგჯერ მონათლულებიც არ არიან. ნიშნობისათვის ამორჩეულ დღეს ჩვეულებად აქვთ, რომ სარძლოს მამა ან დედა მოიწვევს სასიძოს ყველა მისი ახლობელ ნათესავებიც და ამ წვეულებაში სასიძომ უნდა მიართვას ნიშნად თავის საცოლეს ან ვერცხლის თასი, ან ბეჭედი, და ან ოქროს ფული. ამით ნიშნობა სრულდება. ვიდრე სარძლო მშობლების სახლში იმყოფება, სასიძომ ყოველ მოსვლაზე უნდა მოიყვანოს თან რამდენიმე ხარი და მოიტანოს ბლომად ღვინო და საჭმელები. ყოველსავე ამას იმავე დღეს გაათავებენ, რადგან დიდ წვეულებას გამართავენ, რომელზედაც მოიწვევენ ახლობელ ნათესავებს და მეგობრებს. ამ შემთხვევაში, კარგად აღზრდილი ქალები სასიძოს კიდეც რომ შეხვდნენ პირისპირ, მაინც თვალებს არ ასწევენ და არ შეხედვენ, რათა ამით თავის მორცხვობა დაამტკიცონ. ხოლო თუ სასიძო არ მოეშვა და მოინდომა მაინც და მაინც ქალებთან მუსაიფი, ხშირად მოხდება ხოლმე, რომ ტკბილი სიტყვის მაგიერ მკვახე პასუხს მიიღებს.
როცა სასიძო-სარძლო ქორწინებისათვის ასაკში მოვლენ, აცნობებენ ყველა მეგობრებს და ნათესავებს და დანიშნავენ ქორწინების დღეს. ყველა ცდილობს, რომ ქორწილში დიდის ამბით გამოცხადდეს და მრავალი მხლებელი ჰყვანდეს. სარძლოს სახლში ამ დღისთვის იმართება დიდი ნადიმი. მაგრამ ყოველივე ხარჯი სასიძოსი არის; ამ დღისთვის მან უნდა გამოგზავნოს ბლომად ძროხები, ცხვრები, ღორები, ყვერულები, ღვინო, ყველი და სხვა საჭმელები, რასაც იქაური ჩვეულება მოითხოვს.
ყველა რომ შეიკრიბება, ვიდრე სუფრაზე დასხდებოდნენ, მოიწვევენ მღვდელს ან ეპისკოპოზს გვირგვინის საკურთხებლად. თუ იქვე არის კარის ეკლესია, მთელი შეკრებილება იქ მიიმართება. თუ კარის ეკლესია არა აქვთ, მიდიან მარანში (Cantina) რომელსაც ეკლესიასავით პატივსა სცემენ, და იქ დააქორწინებენ შემდეგის წესით. მეფე-დედოფალი ამოირჩევენ ერთ ნათესავს, რომლის მოვალეობა შემდეგია: სამღვდელო პირი რომ შეიმოსება, ხსენებულმა ნათესავმა უნდა შემოიყვანოს მეფე-დედოფალი ეკლესიაში ანუ მარანში. ხელში უჭირავთ მათ თითო ანთებული სანთელი. წინ მიდიან მეფე-დედოფალი და მათ მისდევთ სამღვდელო პირი და ის, რომელსაც ხელში უჭირავს ორი გვირგვინი მეფე-დედოფლის თავზე დასადგმელად. რაკი ყველანი შემოვლენ შიგნით, სამღვდელო პირი თავის წიგნიდან უკითხავს მეფე-დედოფალს მრავალ ლოცვას. როცა ლოცვებს დაასრულებს, აიღებს ჯერ ერთ გვირგვინს, დაადგამს მეფეს და იტყვის: „გვირგვინოსან არს მონა ღვთისა ესა და ეს“. მერე მეორე გვირგვინს დაადგამს დედოფალს, და ამბობს: „გვირგვინოსან არს მხევალი ღვთისა ესა და ეს". შემდეგ აიღებს ხელში ღვინით სავსე ჭიქას და მიაწოლებს სასმელად ჯერ მეფეს და მერე დედოფალს. ამ დროს ამორჩეული ნათესავი უკანიდან გვირგვინს იჭერს, რომ არ ჩამოვარდეს, სანამ მეფე-დედოფალი ღვინოს სვამენ. როცა ისინი ღვინოს დალევენ, ნათესავი ნემსით და ძაფით მეფე-დედოფლის ტანისამოსებს ერთმანეთს მიაკერებს. სამღვდელო პირი კიდევ იტყვის რამდენსამე ლოცვას და შემდეგ ამისა მეფე-დედოფალს გვირგვინებს ახდის და ჩამოჰკიდებს ეკლესიაში. მაშინ ნათესავი დანით გააცალკევებს მეფე-დედოფლის ტანისამოსს, ერთმანეთზე მიკერებულს, და ამით დასრულდება გვირგვინის კურთხევის წესი.
ეკლესიაში რომ ეს წესი დასრულდება, ყველანი დიდის სიამოვნებით და სიხარულით მიდიან სახლში, რათა დიდი ნადიმი გადაიხადონ. ყველანი დასხდებიან. კაცები ერთ მხარეზე და ქალები — მეორეზე. ნეფე-დედოფალი დასხდებიან გამოჩენილ და საპატიო ადგილზე: მეფე — კაცების მხრით და დედოფალი - ქალების მხრით. ჩვეულებრივ აგრე გაატარებენ მთელ ღამეს ჭამაში, სმაში და სიმღერაში.
როცა ქალს გაგზავნიან ქმრის სახლში, მშობლები მოვალედ სთვლიან თავის თავს ცარიელი არ გაუშვან და გაატანონ, რაც შეუძლიანთ. ჩვეულებრივ გაატანებენ მშვენიერ ლოგინს რამდენიმე ზანდუკით სხვა-და-სხვა ტანისამოსს და საცვალს, ორს ან სამს მოსამსახურე გოგოს, ცხენებს მისთვის და მისი მოსამსახურეებისათვის, ერთ დიდ ქვაბს და ვერცხლის თასს. ამ ბარგს დიდი ადგილი უნდა ეჭიროს, რომ ყველამ დაინახოს. ქალი რომ მიჰყავთ ქმრის სახლში, თან ახლავს მრავალი ცხენოსანი კაცი და ქალი და მშობლის საჩუქრებით დატვირთული ყმები. ეს ხალხი მთელი გზა სიმღერით და დიდის მოლხენით მიდის. როცა მივლენ ქმრის სახლში, აქ ხელახლა გააჩაღებენ ნადიმს და დაურიგებენ საჩუქრებს იმათ, ვინც ქორწილში მონაწილეობა მიიღო.
XVII. ომის წესრიგი
[edit]მეგრელები, როგორც ქვეყნიერობის დანარჩენი ერნი, ჩვეულნი არიან ომსა. იმდენად ჩვეულნი, რომ მშობლებს სულ პატარეები დაჰყავთ ლაშქარში და არ არიდებენ იმ გაჭირვებას, რომელიც იქ უნდა გადახდეთ. ბავშები ისე ატარებენ იარაღს, უკავიათ ხელში ფარი და ხმარობენ შვილდსა, თითქოს დაბადებიდან შეჩვეულნი იყვნენ ბრძოლას. ყველანი ისე გულმოდგინედ ეკიდებიან ამ ხელობას, რომ მზად აქვთ ყოველივე, რაც საჭიროა ლაშქრობის დროს: საუკეთესო ცხენს, თუ არა ლაშქრობაში, არ დაღალავენ; საუკეთესო სურსათს აგრეთვე ინახავენ ლაშქრობისათვის; ყოველი იარაღი ისე გამოწყობილი აქვთ, რომ მთავრის პირველსავე ბრძანებისამებრ შეეძლოთ ლაშქრად გასვლა. გარდა ამისა ლოგინში რომ ისვენებენ, შვილდ-ისარი, ფარ-ხმალი, აბჯარი და სამაჯეები სასთუმალთან უდევთ ხოლმე, რათა საჭიროებისამებრ საბრძოლველად მზად იყვნენ.
ოდიშში ვერავინ ვერ გაინთავისუფლებს თავს ლაშქრობისაგან, რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს, ან რაც უნდა ავადმყოფი იყოს. როგორც კი მთავარი უბრძანებს, ყოველი მეგრელი, სიტყვის შეუბრუნებლად, მზად არის გაჰყვეს. თვით მთავარიც, სხვების მაგალითისათვის, ისე ერთგულად ეკიდება თავის მოვალეობას, რომ თუმცა იგი ზოგჯერ ციებ-ცხელებით ავად ყოფილა, მაგრამ ბანაკი არ მიუტოვებია, არამედ მიუხედავად ავადმყოფობისა, შეიარაღებული შევარდნილა ხოლმე ბრძოლაში. ამ რიგად კოლხიდაში ყველა დიდი ტანჯვის და ჯაფის ატანას ეჩვევა. ლოგინში ფუფუნება რა არის, არ იციან; ყველა მიჩვეულია ჭილოფზე და ნოხზე მოსვენებას. პატარა ბავშვებს და ნორჩ ახალგაზრდობას თვით სასტიკ ზამთარშიც ფეხთ არ აცმევენ და ამ რიგად აჩვევენ თოვლში ფეხშიშველ სიარულს. საშინელ პაპანაქება სიცხეში სანადიროდ მიდიან. ხშირად შიშვლები გავლენ ხოლმე უდიდესს მდინარეებში. ყოველსავე ამას იმიტომ ჩადიან, რომ ცქვიტები და მარდები შეიქმნენ და შეეჩვიონ იმ გასაჭირს, რომელიც ჩვეულებრივ ომიანობას თან მოაქვს.
როცა მთავარს უნდა ომი დაიწყოს, მას არ სჭირდება არც დოლის დაკვრა ჯარის შესაკრებად და არც ფულისა და არც სურსათის მოგროვება ჯარის სარჩენად. საკმაოა მხოლოდ, რომ საჭიროების დროს რამდენიმე შიკრიკი გაგზავნოს სამთავროს ყოველ მხარეს ბარათებით დიდებულებთან, აზნაურებთან და თანამდებობის პირებთან და აცნობოს, რომ იგინი ამდენი დღის განმავლობაში მთელი თავის კაცებით, იარაღით და სურსათით გამოცხადნენ ამა და ამ ადგილს, სადაც უნდა შეიყაროს ლაშქარი. ამასთანავე ისიც უნდა აცნობოს, თუ რამდენი დღის სამყოფი სურსათი წამოიღონ თან. ამ ამბის მოსვლის დღიდან დანიშნულ დრომდის ყველა თავის სურსათს ამზადებს, ათვალიერებს თავის იარაღს და ცხენებს, შეაკეთებს საომარ მოწყობილებას, გასინჯავს თავის კაცებს და დანიშნულ დროს გამოცხადდება ნაჩვენებ ადგილს.
კოლხიდა ისე ნაკლებადაა ცნობილი, რომ შეიძლება არავინ დაიჯეროს, თუ ვიტყვი, რა ძლიერი და მრავალრიცხოვანი ჯარი გამოჰყავს მთავარს საომრად: სულ მცირე ხანში შეჰკრებს ხოლმე ოცდაათი ათასს მეომარს, სულ ცხენოსანს, კარგად გამოცდილს და გავარჯიშებულს. თუმცა ჩვეულებრივ მთავარი თხოულობს, რომ კომლზე ერთი კაცი გამოვიდეს ლაშქრად, მაგრამ აზნაურობა უფრო თავის სურვილით, ვიდრე კანონით, სულ ერთიანად გამოდის, ისე რომ აზნაურს თუ ხუთი ან ექვსი ვაჟი ჰყავს, ესენი ყველანი გაჰყვებიან საომრად მთავარს, უკეთუ იმ ხანში არიან, რომ ცხენზე შეჯდომა შეუძლიათ. როცა მეტი გაჭირვება არის და მეტი ჯარი არის საჭირო, მაშინ ბრძანება გამოდის, რომ კომლზე ორი და სამი კაცი გამოვიდეს ლაშქრად. ზოგჯერ გამოდის ბრძანება, რომ სახლში დარჩეს მის დასაცველად მხოლოდ ერთი და დანარჩენები, ვისაც შეუძლია იარაღის ხელში დაჭერა, გამოვიდნენ საომრადო.
ჯარი რომ შეიკრიბება, მტერთა ქვეყნისაკენ გაუდგება და მიდის იმ წესით დაწყობილი, როგორც მოსახლეობა არის დალაგებული, მაგალითად: თუ იმერეთის საზღვარს უნდა დაეცნენ თავს, ისინი, ვინც იმერეთის საზღვრად ცხოვრობენ, შეადგენენ მოწინავე ჯარს; ვინც შუა ოდიშში ცხოვრობენ — შუა ჯარს, და ვინც აფხაზეთისაკენ — ზურგის ჯარს. სულ წინააღმდეგ არიან დაწყობილნი, როცა ჯარი ან უკან ბრუნდება და ან საომრად აფხაზეთზე მიდის: ამ შემთხვევაში მოწინავე ჯარი გადაიქცევა ზურგის ჯარად და ზურგისა — მოწინავედ. ბანაკად თვითეული ნაწილი ჯარისა დგება მისთვის მიჩნეულ ადგილზე. ამ ადგილის საზღვრებში თვითეულ მეომარს შეუძლია ის ადგილი ამოირჩიოს, რომელიც მას მოსწონს და ნიშნად იმისა, რომ ასეთი ადგილი ამოირჩია, მიწაში ჩაასობს თავის შუბსა და ამის შემდეგ სხვას ნება არა აქვს მიითვისოს ის ადგილი. ამ ადგილზე მისი ამომრჩეველი დადგამს თავის კარავს ან აშენებს ფაცხას. თავად-აზნაურები იკეთებენ თავისთვის მშვენიერ კარვებს და ზოგი თავიანთ მხლებელთათვისაც სდგამს კიდევ ორს ან სამს კარავს. არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ჯარი ისე სამაგალითოდ მოწყობილი გამოდიოდეს ლაშქრად, როგორც მეგრელების ჯარი. მშვენიერი ტანისამოსები ისე ბრწყინავენ, როგორც არსად სხვაგან: თვითეულს მოაქვს ყველა თავისი ტანისამოსი და ცდილობს, რომ აქ უფრო კარგად იყოს ჩაცმული, ვიდრე ჩვეულებრივ არის. მართლა ახირებულია, რომ აქ ყოველ დღე იცვლიან თავიანთ ტანისამოსს. ვისაც ვერცხლეულობა აქვს, ერთიანად თან მოაქვს; აგრეთვე მოაქვთ საუკეთესო ირანული ხალები, რათა ამ ხალებზე დღისით დასხდნენ და ღამით დაიძინონ. პურის ჭამა ამ დროს მეტად მხიარული იციან, რადგან ამისათვის მოდენიან მრავალ ძროხებს, ხარს, ცხვარს, ხბოს, მოიტანებენ ტომრებით ღომს და ფქვილს. ყოველ დღე ახალი პურის გამოსაცხობად მოსვლისთანავე რამდენიმე თონეს აგებენ. ბანაკად რომ დგანან, დროს ატარებენ მუდამ წვეულებაში. დღეს თუ ერთმა გამართა ნადიმი და რამდენიმე კაცი მოიწვია, ესენი სამაგიეროს გაუმართავენ შემდეგ დღეებში. ასე რომ მუდამ ნადიმად სხედან და მთელ ღამეებს ქეიფში ატარებენ. სიბნელეში ისმის მრავალი შეუწყობელი ხმა, რომელიც განუწყვეტლივ მღერის. ეს ხმები და სიმღერები ერთი ორად მატულობს, როცა ჯარი შედის ისეთ ქვეყანაში, სადაც ბლომად არის ღვინო; აქ ერთიორად უმატებენ სმას და ხმასაც აღიმაღლებენ ხოლმე. იმის შიში არა აქვთ, რომ ამ დროს მტერი თავს დაგვეცემაო, რადგან ჩვეულებად არ აქვთ ღამე ბრძოლა. ამბობენ, რომ ღამე არ ვარგა ბრძოლა, რადგან მტერს შენიანისაგან ვერ გაარჩევო და მტრის ვნება რომ გინდოდეს, იქნება შენიანი მოჰკლაო ამის მიუხედავად თავი ფრთხილად უჭითავთ ამ დროსაც. თუმცა დარაჯებს არ აყენებენ ჩვენებურად, მაგრამ ამოირჩევენ ოთხასს ან ხუთასს ცხენოსანს და დაავალებენ რომელისამე თავადის ხელქვეით მთელი ღამე მზის ამოსვლამდი იარონ ბანაკის გარშემო.
როცა ორი მოპირდაპირე ჯარი ერთმანეთს შეხვდება, მთავრებს ჩვეულებად აქვთ, თუმცა მტრები არიან, ერთმანეთს გასაგრილებელი სასმელი უთავაზონ. აგრეთვე იქცევიან ერთმანეთის შორის დიდებულები. გათენებიდან მზის ჩასვლამდი უკრავენ დოლს. მათი დოლი ირანულსა ჰგავს, ესე იგი, სპილენძის არის და საკმაოდ დიდი, ქვაბის მსგავსი; ერთის მხრით გადაკრული აქვს ტყავი, როცა ჯარი მიდის, ორ-ორ დოლს ცხენზე ან აქლემზე გადაჰკიდებენ იქით-აქეთ და შუაში ჩაჯდება მედოლე, რომელიც ორი პატარა ჯოხით განუწყვეტლივ უკრავს. დოლთან ერთად უკრავენ საყვირს, რომელიც აგრეთვე ირანულია: სწორი და არა მოღუნული; სიმაღლით კაცზე უმაღლესია, ამას ორი კაცი უკრავს, ხან ერთი და ხან მეორე, მისი ხმა ყურთა სმენისათვის უფრო საზარელია, ვიდრე სასიამოვნო. საყვირის დაკვრისათვის ასეთს წესს მისდევენ: პირველად დაუკრავენ დადიანის საყვირს, მეორედ გურიელისას, და მესამედ დაუკრავს ლიპარტიანი, ოდიშის უდიდებულესი თავადი. მერე საყვირი ხელიდან ხელში გადადის და ყველანი რიგზე უკრავენ უფროს-უმცროსობის კვალობაზე. თუ შემთხვევა იქნა და დადიანი შეხვდა პირისპირ იმერეთის მეფეს, რომელიც წინად მისი ბატონი იყო, ამ პატივსა კიდევ სცემს დადიანი, რომ თუმცა მტერია მისი, მაგრამ მანამდი არ დაუკრავს საყვირს, სანამ იმერეთისას არ დაუკრავენ.
შემდეგ ამისა ბრძოლა უნდა მოხდეს. ჩვენში გამარჯვების იმედი სულ ჯარის წესიერებაზე და მისი სამხედრო დისციპლინაზეა ხოლმე დამყარებული. მეგრელები კი იმით ამაყობენ, რომ ბრძოლის დროს არავითარი წესი და რიგი არა გვაქვსო. როგორც კი მტერი გამოჩნდება, მეგრელები რაზმებად როდი დაეწყობიან, არამედ ვინც კი მოასწრობს ცხენზე შეჯდომას, იგი გაექანება პირველადვე მტრისაკენ და ესვრის შუბსა; თუ მოახვედრა და ჩამოაგდო მიწაზე, ხომ დაიჭერს; თუ არა და, მტერმა თუ დასცა მიწაზე, თვითონ იქმნება წაყვანილი. აგრეთვე მოქმედობს მთელი ჯარი. ამის გამო მათი ბრძოლა თავდება ცხენების ერთი გაჭენებით, და მეოთხედი საათის განმავლობაში ან მტრის ჯარს გაარღვევენ, ან მტერი მათ გაქელავს და ბრძოლა დასრულდება. ამნაირ ომში მეგრელებს ბედი აქვთ და ყოველთვის გამარჯვებულნი რჩებიან ბრძოლაში. თუმცა იმერლები, რომელთანაც მეგრელები ჩვეულებრივ ომობენ, ტანადაც კარგი მოყვანილნი არიან, სახითაც მშვენიერები, და მათ პირისახეზე გამოიხატება ისეთი დიდებულება და მამაცობა, თითქოს მთელი ქვეყნის დამორჩილება უნდათო, მაგრამ როდესაც კი შეებმიან ოდიშელებს, ყოველთვის დამარცხებულან პირველსავე შუბის სროლაზე. მე ბევრჯერ მიკითხავს მეგრელებისათვის, თუ რა მიზეზია, რომ იმერლები ეგრე მშვენიერები და შესახედავად მამაცები ვერ გიმაგრდებიან-მეთქი? ამაზე ის პასუხი მოუციათ, რომ ომში გამარჯვება შეხედულებაზე როდი ჰკიდიაო, არამედ მამაცობაზეო. რადგან იმერლებს შეხედულობა კი აქვთ და მამაცობა აკლიათო, ამიტომ ჩვენ, მეგრელებს ვერ გაგვიმაგრდებიანო. მეგრელები ქვეყნიერების ყველა ერთა უმამაცესნი ვართო და არასოდეს არაფრის არ გვეშინიანო. მართლაც, შემდეგ იმისა, რაც დადიანმა ბევრჯერ დიდებულად გაიმარჯვა იმერლებზე, ესენი იმდენად შეშინდნენ, რომ ვეღარ ბედავენ აშკარა ბრძოლაში მასთან გამოსვლას. დადიანი იმდენად გაამაყებულია თავისი გამარჯვებით, რომ, რადგან მეფე აშკარა ომში არ გამოდის, სამაგიეროდ დადიანი მის სამეფოს ყოველ წელიწადს თავს ესხმის, ცეცხლითა და მახვილით ანადგურებს ყველაფერს და შინ მუდამ ბრუნდება დიდის ნადავლით: იარაღით, ტყვეებით და სხვა რამეებით.
როდესაც მეფე გაიგებდა, რომ დადიანმა ჯარი შეჰკრიბა და ჩემზე მოდისო, მაშინვე იმ ზარალის თავიდან ასაცილებლად, რომელიც უსათუოდ მოელოდა, ქუთაისის (Cotatis) დიდად გამაგრებულ ციხეში შევარდებოდა და იქიდან რამდენიმეჯერ ზარბაზანს გაისროლიდა იმის ნიშნად, რომ სამეფო გაფრთხილდეს და თვითეულმა თავს უშველოსო. ზარბაზნის სროლას გაიგონებდნენ თუ არა, ყველანი დაიხიზნებოდნენ სხვადასხვა ციხეებში და ან უმაღლეს მთებზე, და ამ გზით თუ ქონებას არა, თავისუფლებას მაინც დაიცავდნენ, და მონობას, რომელიც მათ მოელოდათ, აიცდენდნენ.
ერთხელ დადიანმა მოინდომა ქუთაისის ციხიდან მეფის გამოგდება, ციხის დანგრევა და მიწასთან გასწორება. ამისათვის ერთს ფრანგს, რომელიც მაშინ ტყვედ ჰყავდა, გააკეთებინა ოცდაათიოდე ზარბაზანი და შეუდგა განზრახულ საქმეს, მაგრამ, რადგან მეგრელები უფრო გამოცდილი არიან გაშლილ ადგილზე ბრძოლაში, ვიდრე ქალაქის ალყის შეკვრაში, ამ საქმეში ვერ გაიმარჯვეს. დადიანს ეგონა, რომ როგორც იერიქონის კედლები საყვირის ხმაზე დაიქცა, ისე მხოლოდ ზარბაზნის ხმაზე ციხის კედლები მაშინვე დაინგრევაო. მას არც ის მოწყობილება ჰქონდა, რაც საჭირო იყო ზარბაზნებისათვის და არც გამოცდილი კაცები ჰყვანდა, რომელთაც შესძლებოდათ ზარბაზნების კარგად ხმარება. ამის გამო თუმცა ბევრი ყუმბარა ესროლა ციხეს, მაინც ვერაფერს გახდა და დიდათ ნაწყენი უკან დაბრუნდა ოდიშში.
ამის შემდეგ დადიანმა უბრძანა თავისიანებს, რომელნიც სახლობენ იმერეთის საზღვარზე, მუდმივის თავდასხმით შეაწუხეთ მტერიო. ესენი ასრულებენ ბრძანებას და ხშირად აოხრებენ იმერეთის სამეფოს, საიდანაც სახლში ბრუნდებიან დიდი ნადავლით, საქონლით იქნება, თუ ტყვეებით. მეგრელები მართლა ისე გათავხედდენ, რომ ხანდისხან თვით ქუთაისის ციხემდის მიდიან და იტაცებენ ქალაქის ნახირს, რომელიც მინდორში ბალახობს. სხვათა შორის ერთს დღეს ოდიშიდან გამოსულიყო ოციოდე კარგად შეიარაღებული ცხენოსანი. ამათ ქუთაისის ციხესთან ზედ მეფის თვალწინ დიდძალი პირუტყვი მოიტაცეს, წაირეკეს წინ და სწრაფად მოუსვეს სახლისაკენ.
იმერეთის მეფე დაღონდა რასაკვირველია, უფრო სირცხვილისა, ვიდრე დანაკლისის გამო, და უსაყვედურა თავისიანებს, თქვენ იმდენი გული აღარ გერჩისო, რომ მეგრელებს შეარჩენთ ასეთს თავგასულობას და უტიფრობასო. მეფის სიტყვამ იმოქმედა და ოთხმოცამდე იმერელი შეიარაღებული შეჯდა ცხენზე და სწრაფად დაედევნა მეგრელებს, რომელნიც მირბოდნენ თავის სახლისაკენ. მდევრები დაეწივნენ სწორედ იმ დროს, როცა მეგრელები შედიოდნენ თავის ქვეყანაში. ამათ სრულებითაც არ შეშინებიათ, როცა დაინახეს, რომ ასეთი უმრავლესობა თავს დაგვეცაო, თუმცა იცოდნენ, რომ რიცხვით ნაკლები იყვნენ, მაგრამ ისიც იცოდნენ, რომ მამაცობით სჯობნიდნენ. ამიტომაც ნადავლი გვერდზე გაუშვეს და მოუბრუნდნენ მდევრებს, რომელნიც შუბ-ამართულები საშინელის ჭენებით მოსდევდნენ. მეგრელები საშინლად შეეტაკნენ მდევრებს და თითქმის ყველანი ჩამოაგდეს ცხენიდან და უმეტესი ნაწილი მათ შორის ტყვედ წაიყვანეს. გამხიარულებულნი როგორც ქუთაისში ნაშოვნი დავლით, ისე ამ ტყვეების ხელში ჩაგდებით, მეგრელები დიდის ამბით შინ დაბრუნდნენ. მეორე დღეს გამოცხადდნენ სასახლეში და მთავარს წარუდგინეს ტყვეები ისე შეიარაღებულნი, როგორც იყვნენ, და მთავრისაგან, ქების გარდა, უხვი საჩუქრებიც მიიღეს.
მოხდება ხანდახან, რომ დიდი ხნის ომის შემდეგ ამ ორისავე ქვეყნის მთავრები ზავს შეკრავენ, რის შემდეგ მოისურვებენ ერთად შეყრას და მეგობრულად მოლაპარაკებას. ამისათვის ამოირჩევენ ხოლმე უმშვენიერესს და უუფართოეს მინდორს, რომელიც კი მოიძებნება მიდამოში. დანიშნულ დღეს ერთსა და იმავე დროს ორნივე მოვლენ აქ თავიანთის რაზმებად დაწყობილის ჯარებით. ჯარებს წინ მოუძღვებიან თვით მთავრები მშვენიერ ტანისამოსებში გამოწყობილნი, მდიდრულად ოქროთი და ძვირფასი ქვებით მოკაზმულ საუკეთესო ცხენებზე. ჯარები ერთმანეთს ნელ-ნელა უახლოვდებიან და თან დიდ ხმაურობას ასტეხენ დოლებით და საყვირებით. ეს ჯარები რომ მიუახლოვდებიან ერთმანეთს ნასროლი ისრის მანძილზე, თვითეული მთავარი ერთსა და იმავე დროს მიუბრუნდება თავისს ჯარს და უბრძანებს — გაჩერდოთო. ამ ბრძანებაზე ჯარები მაშინვე გაჩერდებიან და აღარ დაიძვრიან ადგილიდან. მხოლოდ მთავრები თითო მხლებელით ერთმანეთს მიეგებებიან. მხლებლებს ხელში უჭირავთ თითო ოქროსი ან ვერცხლის თასი, რომელსაც თვითეული მათგანი მიართმევს თავისს მთავარს. მთავრები ჩამოხტებიან ცხენებიდან, ერთმანეთს მუხლ-მოდრეკით სალამს მისცემენ, ერთი მეორეს ფეხთა წინ დაუგდებენ თასს და მერე სიყვარულით გადაეხვევიან ერთმანეთს. შემდეგ ხელახლად შეჯდებიან ცხენებზე და თავის ჯარების თვალწინ ერთად დასეირნობენ და მეგობრულად მუსაიფობენ ნახევარი საათის განმავლობაში. მერე მდაბლად თავის დაკვრით გამოემშვიდობებიან ერთმანეთს და თავიანთ ჯარებთან დაბრუნდებიან. მეორე დღეს ერთმანეთს მიიწვევენ და მდიდრულ საჩუქარსაც მიართმევენ. ამის შემდეგ მშვიდობა დამკვიდრებულად ჩაითვლება მათ შორის.
XVIII. თამაშობანი
[edit]სამეგრელოში დროს გასატარებლად ბევრი სხვადასხვა თამაშობაა. მათ შორის ზოგი გავრცელებულია მთელს ქვეყნიერობაზე და ზოგი საკუთრივ სამეგრელოში და საქართველოშია გავრცელებული და სხვაგან არსად. პირველთაგანია: ჭადრაკი, ნარდი და ბანქო. ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოვო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლოდ უდიდებულესი თავადები თამაშობენ მას. საკუთრად იქაური თამაშობა-კი ორნაირია: ბურთაობა და ნიშანში შვილდ-ისრის სროლა. ორივე თამაშობა სწარმოებს ამ რიგად: ფართო მინდორზე, სადაც ცხენებისათვის შესაძლოა თავისუფლად გაჭენება, შეიკრიბება რვა თუ ათიოდე ცხენოსანი საუკეთესო ცხენებით. მაგრად დააკრავენ ცხენებზე უნაგირებს ორმაგის თუ სამმაგის მოსართავებით, იმ შემთხვევისათვის, რომ, ვინიცობაა, ერთ-ერთი მოსართავი გაწყდეს თამაშობის დროს, როცა ცხენოსანი მთელის თავის ძალ-ღონით ტრიალებს უნაგირზე. თვითეულს მათგანს ხელში უჭირავს თითო ჩოგანი (racchetta), რომლის ტარსაც ოთხი თუ ხუთი მტკაველი სიგრძე აქვს. ჩოგანი ერთიანად გადაქსოვილია თოკით, როგორც ჩვენში (იტალიაში) იციან; ხოლო ერთის მხრით ხე არა აქვს და სრულიად გაშლილია, რათა ამ მხრით უფრო ადვილი იყოს ბურთის მიწიდან აღება. თამაშობა ამაში მდგომარეობს: ვინც თამაშობას იწყებს, იგი ბურთს დაადებს ჩოგანზე, რომელიც მაგრად უჭირავს ხელში, და ცხენს გააჭენებს. იმას ერთი მეორეზე ყველა დანარჩენები მისდევენ თავიანთის ჩოგნებით ხელში. პირველი მოთამაშე თავის წინ მაღლა ააგდებს ბურთს იმნაირად, რომ ბურთი როცა მიწაზე დავარდება, იმ დროს მოთამაშეც იმ ადგილას მივიდეს, და როცა ბურთი ხელახლავ ახტება ზემოთ, მოთამაშე თავის ჩოგნით უკან გადაისვრის. ყოველი მოთამაშე ამ ბურთისაკენ მიაჭენებს ცხენს და ცდილობს სხვებზე წინ დაიჭიროს ბურთი, ისე რომ ცხენიდან არ ჩამოხტეს. ვინც დაიჭერს, მაშინვე სხვების თავში დადგება და იმნაირადვე ააგდებს ზევით და მერე უკან გადაისვრის. მერე სხვები სცდილობენ ბურთის დაჭერას, და ამრიგად თამაშობენ საღამომდის. ეს თამაშობა მეტად სასიამოვნო ვარჯიშობაა და დიდად გასართობი.
ამას არ ჩამოუვარდება მეორე თამაშობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. შეჰკრავენ ორს ძლიერ გრძელ კოჭს, ანძის მსგავსს და დაასობენ ფართო მოედნის შუაგულში და გაწვრილებულ წვერზე დაადგამენ პატარა რგვალ მაგიდას, რომლის სიგანე არ აღემატება ოთხი თითის დადებას. ასეთს ყაბახს დგამენ ჩვეულებრივ ოდიშის უდიდებულესი თავადები თავიანთი სასახლის გაშლილ მინდორში და როცა მოესურვებათ ამ თამაშობით დრო გაატარონ, დასდებენ ხსენებულ მაგიდაზე ვერცხლის თასს, მოიწვევენ შვილდ-ისრით შეიარაღებულს მრავალ ცხენოსანს. ეს მხედრები ერთი მეორეზე მიაჭენებენ ცხენებს ყაბახისაკენ. როცა მხედარი ყაბახს მიუახლოვდება, მოჰმართავს შვილდ-ისარს და გაჭენებულ ცხენიდან ესვრის ვერცხლის თასს, რომელიც ყაბახის წვერზეა. ვინც მოახვედრებს თასს და ჩამოაგდებს ძირს, იგი გახდება მისი პატრონი და ქებას დაიმსახურებს ყველა დამსწრეთა მხრით.
XIX. ექიმები და ექიმობა
[edit]მთელ კოლხიდაში მეტად მიღებული არიან ექიმები და ხალხს ისე არაფერი არ ენატრება, როგორც ექიმის ხელობა. ამიტომაც შორეულ ქვეყნებიდან მოდიან აქ და სახლდებიან თურქები, ირანელები, იტალიელები და ფრანგები, რომელთაც ცოტა რამ იციან ამ ხელობისა. როდესაც მეგრელებთან ჩამოდის მკურნალობის წესების თუნდაც მცირე მცოდნე კაცი, მისთვის საკმაოა მხოლოდ ექიმის სახელი და წამლის გაკეთების ცოდნა სანახევროდ, რათა ყველასაგან პატივცემული, ქებული და მიღებული იქმნას. სხვებზე უფრო პატივსა სცემენ იტალიელებსა და ფრანგებს. ამათგან რომ ვინმე ჩავა სამეგრელოში, რათა აღარ წავიდეს, ცდილობენ ცოლი შერთონ და ამით დააბან იქ. თან აძლევენ სახლ-კარს, მიწა-ადგილს, მსხვილფეხი საქონლის ჯოგს, ყმებს და მონებს, ყველაფერს ისე უხვად, რომ მოსულის სურვილსაც აღემატება. იქაურები ყველანი მეტად მოწადინებული არიან შეისწავლონ რაიმე წამალი. ამიტომაც ცდილობენ, რომ ექიმმა მათ თვალწინ მოამზადოს წამალი. როცა შეისწავლიან წამლის მომზადებას, მაშინვე მთელ ქვეყანას ასწავლიან. უფრო ცნობის მოყვარეებს მრავალი წამალი აქვთ შესწავლილი და ჩაწერილი მათ ენაზე ერთნაირ წიგნში, რომელსაც კარაბადინი ჰქვიან. ამ კარაბადინში სწერია სხვადასხვა საცხებლები, აბები და სასმელები. ხოლო, რადგან ყველა მასალა არა აქვთ, კარგად ვერ აკეთებენ ამ წამლებს და ამზადებენ ისე, როგორც შეუძლიათ. თვითეულ დიდებულს ოდიშში აქვს ერთნაირი ყუთი, რომელშიაც ინახავს სხვადასხვა აბებს, სასმელებს და ვარდის წყალს, და ამ წამლებს საჭიროების დროს ხმარობს.
სამეგრელოში არიან ქალები, რომელნიც სიამოვნებით ეტანებიან ავადმყოფთა მოვლას. როგორც კი ვინმე ავად გახდება, რომელიმე ამ ქალთაგანი მაშინვე მივა და დაუწყებს მოვლას: საჭმელის წეს-რიგს დაუნიშნავს და გაუკეთებს რამდენიმე წამალს. წამლებად, როგორც დასალევად ისე გარედ დასადებად, ბლომად ხმარობენ ბალახებს. საჭმელის შესახებ ამ წესს ადგანან: სრულებით ერიდებიან ყოველ ნაირ ხორცეულობას და ყველა სხვა საჭმელსა, გარდა ღომისა. ღომს როდინში გასწმენდენ კანისაგან, ძალიან კარგად გარეცხენ და საკმაოდ თხლად მოხარშავენ. მიურთავენ ცოტაოდენ ქინძს და ღვინოს რამდენსამე წვეთს. თავის ტკივილის დროს ავადმყოფს შუბლს შეუხვევენ ნარეკალას (Cordiaca) ფოთლებით! ამის წვენს ასმევენ ყოველნაირ ავადმყოფობის დროს.
როცა ავადმყოფს დიდი სიცხე აქვს, მას გაახვევენ ხოლმე ძეწნის ფოთლებში. საფაღარათოს ქალები არ აძლევენ ავადმყოფობის დროს, მაგრამ თუ ვინმემ საფაღარათოს დალევა მოისურვა იმისთვის, რომ ავად არ გავხდეო, იმას აძლევენ ხოლმე ერთ თასს რძიანას (Titimaglio) წვენს, რომელიც პირიდანაც და უკანიდანაც ისე ასაქმებს, რომ სიკვდილამდი მიაყენებს. ვინც იშოვნის რევანდს, სულ რომ პაწაწა იყოს და ჭიით დახრულიც, შეინახავს, ვითარცა ძვირფას წამალს, ციების წინააღმდეგს. მერე როგორ აძლევენ ამ წამალს? არც გამოხარშავენ და არც დანაყვენ, არამედ როგორც არის, ისე მთლად ჩააგდებენ ერთი ღამით წყალში; მეორე დილას ამოიღებენ რევანდს, წყალს ასმევენ ციებიანს და რევანდს კი შეინახავენ სხვებისათვის.
ერთხელ მე ვნახე იქაური ექიმი, რომელმაც დაარწმუნა მთავარი, რომ დედოფალს გულის ავადმყოფობისაგან იაგუნდი მოარჩენსო. სთქვა ეს თუ არა, მაშინვე მოსძებნეს მშვენიერი იაგუნდი წამლის მოსამზადებლად. ექიმმა მოამზადა იგი ამ რიგად: მოატანინა მდინარიდან ერთი ქვა და ჩააგდო ვერცხლის თასში, რომელშიაც ჩაასხა ცოტაოდენი წყალი. იაგუნდი დაასველა წყალში და შემდეგ ამისა მაგრად ხეხა იგი იმ ქვაზე. გულუბრყვილო ექიმს ეგონა, რომ იაგუნდი გაილესებოდა ქვაზე. ხოლო ქვა გაილესა და არა იაგუნდი, რადგან იაგუნდი უფრო მაგარია ქვაზე. ამ უბრალო ქვის ნალესით აავსო ერთი დიდი თასი და მთლად შეასვა ავადმყოფ დედოფალს.
იქაური ექიმი რომ შეეცილოს გალენს[1], საკმაოა იცოდეს გაკეთება სამნაირი წამლისა: ერთი — საფაღარათო, მეორე — სიროფი და მესამე — კარგი გემოს კონსერვი. პირველი და უმთავრესი საფაღარათოა. რაც უფრო ძლიერი იქნება საფაღარათო, იმდენად მეტი სახელი ექნება ექიმს. საფაღარათოს აძლევენ ყოველნაირ ავადმყოფობაში, მიუხედავად იმისა, არგებს იგი, თუ აწყენს. ხშირად მომხდარა, რომ საფაღარათოს მეტად სამწუხარო შედეგი მოჰყოლია, რადგან ძლიერი საფაღარათო ძალას ულევს ავადმყოფს და სენიდან კი ვერ ჰკურნავს. ამიტომაც ავადმყოფი ხშირად კვდება. თუ ჩვენებური ექიმი მოხვდა იქ და მისცა ავადმყოფს სუბუქი წამალი, რათა ზომიერად გააფაღარათოს, როგორც მაგალითად diafenico და diacattlico, იგი ექიმობაში ვეღარ შეეთანხმება იქაურ კარგ ექიმს, რომელიც ამტკიცებს, რომ საფაღარათომ ვერ იმოქმედა კარგადაო, წამალი ტანში დარჩა და სენი ვერ გამოიტანაო გარედ.
ერთხელ სამეგრელოში ჩამოვიდა ერთი ირანელი ექიმი, რომელიც იყო შეჩვეული მეტად მაგარი აგებულების ირანელების ექიმობას და ისეთს საფაღარათოს უნიშნავდა, რომ უფრო ცხენებს შეეფერებოდა, ვიდრე ადამიანებს. მისი ექიმობის სახელი ისე გავრცელდა, რომ მთელი ქვეყანა აღტაცებაში მოდიოდა და ჰფიქრობდა, რომ ახალი ესკულაპი მოგვივიდაო. მისი სახელი მართლა ისე გავარდა, რომ ყველა მეგობრებმა ურჩიეს მთავარს, რომ ასეთის შემთხვევით ესარგებლნა და სიმრთელის შესანახად ყოველ შემთხვევისათვის ამ ექიმის წამლით გაწმენდილიყო. მთავარი უფრო თავის მრჩეველთა ხათრისათვის, ვიდრე საჭიროების გამო, დათანხმდა. მოიწვიეს ექიმი, რომელიც შეუდგა წამლობას. პირველი მისი საქმე ის იყო, რომ აღუკრძალა მთავარს ცხენზე შეჯდომა იმ დროს განმავლობაში, რაც წამლობა გასტანსო. ეს მეტად ძნელი ასატანია საზოგადოდ მეგრელებისათვის, რომელნიც მთელს თავის სიცოცხლეს ცხენზე ატარებენ. შემდეგ აღუკრძალა ყოველივე საჭმელი, გარდა ცხვრის ხორცისა. მერე დაუნიშნა საფაღარათოს მიღებამდის ყოველ დღე ორ-ორჯერ აბანოში წასვლა და იქ დარჩენა თითო საათობით მაინც. აბანოო, ამტკიცებდა ექიმი, სხეულს დაარბილებს და მერე საფაღარათოს დალევისთანავე ყოველივე გაფუჭებული წვენი სხეულიდან სულ ადვილად გამოვა გარედო.
ამ რიგად გასაფაღარათებლად ამზადებდა მთავარს ათიოდე დღის განმავლობაში და ამ დროს, ხანგამოშვებით, ბლომად მისცა აბები. ბოლოს მოაწია საფაღარათოს დალევის დღემაც და წინა საღამოს ექიმმა დაალევინა დიდი ვერცხლის თასით ცხელი რძე, წონით არა ნაკლები სამი გირვანქისა და სხვა საჭმელის ნება კი იმ საღამოს აღარ მისცა. შუაღამისას მისცა ხუთმეტიოდე აბი, თვითეული წონით თითო დრაჰმა, და გათენების წინ მისცა ვერცხლის თასით ერთნაირი სასმელი, რომელიც იწონიდა ორ გირვანქაზე მეტს. რამდენადაც მახსოვს, ამ წამალში შეაზავა ექიმმა თითქმის ერთი უნცია ღორის ქადა (Turbit), იმდენივე ნუშის ზეთი, ნახევარი უნცია რევანდი, სხვადასხვა ჯიშის ხმელი ქლიავი, ერთი დრაჰმა Scamonea და სხვა რამეები, რომელიც ეხლა არ მაგონდება. ყოველივე ეს დანაყა და ტკბილი ბროწეულისა, ვარდისა და ხმელიის მოდუღებულ წვენში ჩაყარა, მერე აურია კარგად და თბილად შეაჭამა მთავარს. მთავარი მეტად მოწადინებული იყო თავისი სიმრთელე დაეცვა და ამიტომაც საკვირველის მოთმინებით ემორჩილებოდა ექიმის ყოველ ბრძანებას. ამ წამალმა ისე იმოქმედა, რომ საღამომდი, დასაძინებლად დაწოლამდი, ორმოცდაშვიდჯერ ასაქმა და ღამის განმავლობაში კიდევ ამდენჯერვე.
ამ ექიმის სახელი მთელ სახელმწიფოში განითქვა და ყველანი კვირობდნენ ამ კაცის ცოდნას, რომ ერთი წამლით ასე გაწმინდა ავადმყოფის ტანიო. თუმცა მთავარი ისე დასუსტდა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დადგა თავის უწინდელ ღონეზე, მაგრამ ექიმის კმაყოფილი მაინც დარჩა, რადგან ფიქრობდა, რომ ყოველივე ის, რაც ტანიდან გამოუვიდა, სენი იყო. და ამ სენისაგან დიდი ხნით განთავისუფლებული უნდა ვიყოვო. ამიტომაც ექიმი უხვად დააჯილდოვა და გაისტუმრა. მე კარგად ვიცი, რომ ჩვენში ასეთი წამალი ან უნაყოფო იქნებოდა და ან სიცოცხლეს მოუსპობდა ავადმყოფს, ხოლო სამეგრელოში, იქაურების აგებულებისა, თუ ჰავის მიზეზით, ჩვენებურის ზომით რომ მისცეთ წამალი, არავითარი მოქმედება არ ექნება. საჭიროა გაორკეცება და გასამკეცება ზომისა, რომ წამალმა იმოქმედოს. ამას გარდა თვით იტალიელები რომ დარჩებიან რამდენსამე ხანს სამეგრელოში, იმათაც ძლიერი საფაღარათო ეჭირვებათ იქაურის წესით. ამ საფაღარათოს მომზადებაა უმთავრესი საგანი, რომელიც უნდა იცოდეს ამ ქვეყნის ექიმმა.
მეორედ ექიმმა უნდა იცოდეს სიროფის გაკეთება თაფლისა თუ შაქრისაგან. სიროფი ავადმყოფის სენის შესაფერი რომ არ იყოს, არა უშავს-რა, ოღონდ გემრიელი კი იყოს. როცა ვინმე ავად გახდება და ექიმს მოიწვევენ, პირველად ექიმმა სასმელი სიროფი უნდა მოამზადოს. რამდენს სხვა-და-სხვა ნაირს სიროფს მოამზადებს ექიმი, იმდენად უფრო სწავლულის სახელს მოიპოვებს იგი. ამიტომაც ამ ჯურის ექიმები ვარდებს და იას თავის დროზე ბლომად მოჰკრეფენ, გაახმობენ და შეინახავენ, რათა საჭიროების დროს თაფლით ან შაქრით შეზავებული მოხარშონ და გააკეთონ სიროფი, რომელიც აგრე უყვართ იქაურებს, არამც თუ ავადმყოფებს, არამედ კარგად მყოფსაც. სახელგანთქმულ ექიმებს ამ სასმელით სავსე ჭურჭელი ბლომად უნდა ჰქონდეს დამზადებული, რადგან, თუ ვინმე დიდებულმა გზად გამოიარა, მაშინვე მოითხოვს გასაგრილებელ სასმელს და ექიმი ცოტაოდენ სიროფს გაურევს წყალში და ამ სასმელს მიართმევს სტუმარს, რომლის გულსაც ამით მოიგებს. დიდებული სტუმარი სამაგიეროდ უხვად დააჯილდოვებს მასპინძელ ექიმს.
მესამედ, იქაურმა ექიმმა უნდა იცოდეს გაკეთება საექიმო კონსერვისა, რომელსაც იქაურები ეძახიან მაჯნუნს. ეს მაჯნუნი ირანელებს საუკეთესო წამლად მიაჩნიათ, რადგან მათის აზრით, იგი სხეულს როდი სცლის სისხლისაგან, არამედ სისხლს სწმენდს და აახლებს. ამას გარდა ძვირფასი ქვების ნამსხვრევებისა და ძვირფას სურნელოვან მცენარეებისაგან აკეთებენ ნაირ-ნაირ წამლებს, რომელსაც ინახავენ ხოლმე კოლოფებში და საჭიროებისამებრ ხმარობენ. სამეგრელოს ექიმებმა ალბად თავის მეზობელ ირანელებისაგან ისწავლეს ამ წამლის გაკეთება. მეგრელებიც მაჯნუნს ეძახიან ამ წამლებს, თუმცა მათებური წამლები ბევრად ჩამორჩება ირანელებისას, რადგან ირანელები მისდევენ არაბთა სწავლას და ამას გარდა მათი ბუნება მდიდარია ყოვლისავე სიკეთით, როგორც უბრალო საექიმო წამლებით, ისე ძვირფასის ქვებით და ინდოეთის სურნელოვან მცენარებითა. ამიტომაც იგინი აკეთებენ ძვირფასს და კაცთა სხეულისათვის ფრიად სასარგებლო მაჯნუნს. ხოლო მეგრელები მოკლებულნი არიან იმავე სიმდიდრეს და თუმცა აკეთებენ მაჯნუნს, რომელიც შეხედულებით და გემოთი ჰგავს ირანულ მაჯნუნს, მაგრამ მოქმედებით კი ვერ შეედრება მას. მიზეზი ის არის, რომ მეგრელებს არ აქვთ ძვირფასი ქვები და წამალს აკეთებენ ან სელის დანაყილი თესლისაგან, რომელსაც თაფლით შეზელენ, ან ფორთოხლის კანისაგან, ან სტაფილოსაგან, ან სხვა რაიმე ძირისაგან და ხილისაგან. ის კი არის, რომ ოღონდ წამალი კარგი გემოსი იყოს, თორემ რისგანაც უნდა იყოს, მაინც ციდან ჩამოვარდნილ წამლად მიიჩნევენ.
ჩემს დროს იქ იყო ერთი მატყუარა ბოლგარელი, რომელმაც რჯულს უღალატა კონსტანტინეპოლში და იქიდან ჩამოვიდა ოდიშში, სადაც მშვენიერად ირჩენდა თავს მხოლოდ იმით, რომ ასეთ წამლებს თითხნიდა: იგი აიღებდა ცოტაოდენ პურს, ძალიან გაახმობდა ცეცხლზე, შეურევდა თაფლს და პილპილს, ჩაალაგებდა რამდენსამე პატარა ჭურჭელში და დაატარებდა სოფელ-სოფელ. ყველას არწმუნებდა, რომ ეს საუკეთესო თერიაყი არისო, რომელიც ჩამოვიტანე ქაიროდანო, და დანის წვერზე რაც დაეტეოდა, იმდენ წამალში იღებდა გოჭს, ან ყვერულს და ან ქათამს და ყოველ საღამოს დატვირთული ბრუნდებოდა შინ.
ზემოხსენებული სამი საგნის ცოდნა მოეთხოვება იქაურ ექიმს. გარდა ამისა მეგრელები თხოულობენ ექიმისგან ისეთ რასმე, რაც ჩვენში მავნებლად მიაჩნიათ ავადმყოფისათვის. მაგალითად თხოულობენ, რომ ექიმმა ავადმყოფს ყოველ სურვილზე ნება დართოს: თუ სმა უნდა, სვას, თუ ჭამა უნდა, ჭამოს, და თუ ძილი უნდა, იძინოს. მეტისმეტი უღმერთობა იქნებაო, ამბობენ იგინი, რომ ავადმყოფს არ შეუსუბუქოს ტანჯვაო.
სამეგრელოში უმთავრესად სამი ჩვეულებრივი ავადმყოფობაა: ტყირპი, წყალმაკი და ხველა. რაც შეეხება ხველას, მათის აზრით, ხველას ვნებს ყოველივე ტკბილი. თუ, მაგალითად, გულის და ყელის დასალბობად ავადმყოფს ცოტა შაქარი მისცეს და ამის შემდეგ მას ხველება აუვარდა, მაშინვე ჩივილს დაიწყებენ, რომ ყოველივე ტკბილის ბრალიაო. წყალმაკის დროს უსმელობას ავადმყოფები ვერ ითმენენ და არც უშლიან: მანამდი სვამენ, სანამ არ დაიხჩვებიან. ტყირპსაც სრულებით ისე არ წამლობენ, როგორც უნდა წამლობდნენ.
სასაცილო საშუალებას ხმარობენ აგრეთვე იმ ავადმყოფთა მიმართ, რომელთაც სამდღეული ან ოთხდღეული ციება სჭირთ. ეს საშუალება მეგრელებმა ალბათ მათი მეზობელ აფხაზებისაგან ისწავლეს: როგორც კი ციება გამოაჩნდება ავადმყოფს და იგი დაიწყებს ციებისაგან კანკალს, წაიყვანებენ, სადაც უფრო ცივი მდინარე ეგულებათ, გააშიშვლებენ და ყელამდი წყალში ჩასვამენ. ორ კაცს ძალით უჭირავს აგრე კაი ხანს და მერე მკვდარ-ცოცხალს ამოიყვანებენ და ლოგინში დააწვენენ. ამტკიცებენ, რომ ამის შემდეგ ავადმყოფი უკეთ გრძნობს თავსაო.
- ↑ გალენი-ცნობილი ბერdენი ექიმი, ცხოვრ. მე-2 საუკუნეში
XX. მგზავრობა
[edit]მთელი სიცოცხლე მეგრელებისა განუწყვეტელი მგზავრობაა, რადგან მათ არც ქალაქები აქვთ და არც ერთ ადგილას შემჭიდროებული მოსახლეობა, თვითეული მათგანი ცხოვრობს იქ, სადაც მოსწონს. ამის გამო, ვისაც საქმე აქვს სხვასთან, უნდა წავიდეს შინიდან და მოსძებნოს ის კაცი, ვინც სჭირდება. ამიტომაც თვითეულს მზად აქვს ყოველივე ის, რაც მგზავრობისათვის საჭიროა: მუდამ მზად ჰყავს ცხენი, მომარაგებული აქვს აგრეთვე კარგი ნაბადი, რომელიც მეტად საჭიროა იქაური ხშირი წვიმების გამო, წაღები, დეზები, უნაგირი და ცხენის ყოველგვარი მოკაზმულობა. ყოველთვის ცდილობენ, რომ ცხენზე უბარგოდ იყვნენ და თან არ იკრავენ არამცთუ ხურჯინს, არამედ ნაბადსაც. თან იახლებენ ქვეითა კაცს, რომელსაც ზურგით მიაქვს, რაც საჭიროა. უნაგირი აქვთ ან ირანული, ან თურქული, რაც შეიძლება უფრო მსუმბუქი; სამკერდე, საძუე და ავჟანდი, თუმცა წვრილი და სუბუქია, მაგრამ საკმაოდ მაგარია. ღვედები ყოველთვის ორ-ორი აქვთ, რათა ერთი რომ გაწყდეს, მეორე მზად ჰქონდეთ.
მგზავრობის დროს საჭიროა კიდევ ლოგინი, რომელიც ჩვეულებრივ შეიცავს საბანს და ბალიშს. ამ ლოგინს გამოხვევენ ნოხში, შეკრავენ თოკით და ან წამოკიდებენ ზურგზე მხლებელ კაცს და ან ცალკე ცხენზე შეჰკიდებენ. გზაში სასტუმროების უქონლობის გამო საჭიროა კიდევ, რომ თან ატარონ სურსათი და სუფრისა და სამზარეულოს მოწყობილობა.
ვისაც მოყვარე ეგულება, პირდაპირ მის სახლში მიდის და, რასაკვირველია, მასპინძელი კარგად მიიღებს და მოასვენებს. ამიტომაც ყველა ცდილობს, რომ სხვადასხვა ადგილას ჰყვანდეს ამისთანა მოყვარე და, გზად რომ გაივლის, ღამე გაათიოს მისას.
სამეგრელოში სრულებით არ აქვთ ხმარებაში არც ეტლი და არც ტახტრევანდი, ისე რომ თვით ქალებიც იძულებულნი არიან, ცხენით იმგზავრონ. ცხენოსნობაში ქალები იმდენად გავარჯიშებულნი არიან, რომ ბევრი მათგანი ცხენზე თვითონ ჯდება სხვის დაუხმარებლად და უშიშრად მიაჭენებს. ცხენოსან ქალებს ჩვეულებრივ ხურავთ ირიბულად გამოჭრილი და აბრეშუმით და ოქრომკედით მოქარგული ყაბალახი (tocca а traverso) და წვერში წაწვეტილი ქუდი, რომელიც წმინდა მაუდისაა და სარჩულად აქვს სიასამურის ტყავი. დანარჩენი საცხენოსნო ტანისამოსიც ყველა მშვენიერია. წაღები მოქარგული აქვთ. როცა ოდიშის რომლისამე დიდებული თავადის ცოლი ცხენით სადმე წავა, დიდის ამბით იახლებს ცხენოსან ქალებს, რომელნიც მეტად კარგად გამოწყობილნი არიან თავის საუცხოვო მოქარგულის ყაბალახებით, წაღებით და კაბებით. ერთს მხლებელთაგანს ზურგით მიაქვს პატარა სკამი ხავერდით გადაკრული და ვერცხლით შემკული, რომელსაც თავადის ცოლი ხმარობს ცხენზე შეჯდომისა და ცხენიდან ჩამოხტომის დროს. როცა მთავრის ოჯახი ერთის ადგილიდან მეორეზე გადადის, მაშინ შეიძლება შეხვდეთ ასეთ ქალთა მთელ რაზმებს, მშვენივრად და საუცხოვოდ მორთულთ, რომელნიც ისე მარჯვედ და დახელოვნებულად სხედან ცხენზე, რომ ძველი ამორძლები მოგაგონდებათ. ყველა ესენი მთავრის მეუღლის ამალას შეადგენენ.
დაბალი ხალხი მგზავრობს ფეხით. თან მიაქვთ წვიმის შემთხვევისათვის მხოლოდ ნაბადი, რომელიც წელს ქვეით ძლივს სწვდება, და იძულებულნი არიან დიდ ტალახში ფეხშიშველი იარონ და ხშირად დიდ წვიმაში — თავშიშველი. ქუდს ინახავენ ნაბდის ქვეშ, რათა არ დასველდეს და ქუდის დასველებას თავის დასველებას არჩევენ. ხოლო სასაცილო ის არის, რომ მთელი დღე ფეხშიშველი დადიან და სახლში კი როგორც მივლენ, მაშინვე ფეხებს დაიბანებენ, ზედ ჩაიცვამენ ფეხსაცმელს და ეგრე მთელი ღამე სძინავთ. უკეთუ მეორე დღეს გზა უნდა განაგრძონ, ხელახლა გაიძრობენ ფეხსაცმელს და ისე გაუდგებიან გზას.
სიმრავლემ მდინარეებისამ, რომელნიც ყოველ მხრიდან ჩამოუდის ამ ქვეყანას, მკვიდრნი ისე გაავარჯიშა, რომ რაც უნდა ძნელი იყოს წყალში გასვლა, უკან მაინც არ დაიხევენ და გავლენ. წყალი რომ წელამდი წვდებოდეს, ხუმრობით გავლენ. თუნდაც უფრო დიდი იყოს, მაინც სრულებით არ შეუშინდებიან: მოურიდებლად ტანს გაიშიშვლებენ, თავზე დაიკრავენ თავიანთ ტანისამოსს, ერთმანეთს ხელიხელს ჩაჰკიდებენ და გაბედულად გავლენ მდინარეს. ერთხელ მე მივედი მდინარის ნაპირზე. რადგან მდინარე დიდი წვიმის გამო მეტად გადიდებულიყო, მე ვუცდიდი მის დაკლებას. ამ დროს იმავე ნაპირზე მოვიდა ოთხი მეგრელი, რომელთაც ზურგით მოჰქონდათ ერთი უშველებელი ქვაბი. როცა დამინახეს იქ მჯდომარე, მკითხეს, რას უცდი აქო. მე ვუპასუხე, რომ მდინარის სიდიდე მაბრკოლებს მეთქი, ვცადე წყალში გასვლა, მაგრამ წყალმა ცხენზე უნაგირი დამიფარა მეთქი. ჩემი ასეთი გაუბედაობა მათ სიცილად არ ეყოთ; უცბად ტანს გაიძვრეს, ტანისამოსები ჩასდვეს ქვაბში, რომელიც თავზე დაიდგეს და ხელებით დაიჭირეს, და შევიდნენ მდინარეში. წყალი ყელამდი მისწვდა მათ და ზოგჯერ პირიც დაუფარა, ისე რომ იძულებულნი იყვნენ წყალიც ეყლაპათ, მაგრამ გაღმა მაინც გავიდნენ თითქმის ხუმრობით.
მეგრელები მეტად თავაზიანები არიან, როცა გზაში ერთმანეთს შეხვდებიან. მაგალითად თუ ვისმე სახიფათო საქმე რამ შეემთხვა, ან მის ცხენს რამე გაუჭირდა, ან ტვირთი ჩამოუვარდა, და მეორე მგზავრი შეეყარა, ან წამოეწია, ეს უკანასკნელი, რაც უნდა დიდი აზნაური ან თავადი იყოს, მაინც არ ითაკილებს თავის ხელით აღმოუჩინოს შემწეობა. სწორედ აგრე მომივიდა მე, როცა ჩამოვდიოდი გურიის საზღვარზე მდებარე მთებიდან. ერთ მეტად ვიწრო ბოგაზე რომ შევდექი, რომლის ქვეშ საშინელი უფსკრული იყო, ჩემი ცხენი ისე შეშინდა, რომ მთლად უკანა ფეხებზე დადგა და ის-ის იყო, კინაღამ გადამაგდო ხრამში, მაგრამ იქვე შემხვდა ტფილელი ეპისკოპოსი (il Vescono Tibilelli), რომელიც მაშინვე ცხენიდან ჩამოხტა, მოჰკიდა ჩემს ცხენს სადავეში ხელი, გააჩერა და მშვიდობით გამიყვანა. მეორეჯერ, ჩემდა სასიამოვნოდ, შევესწარი კიდევ მეორე ასეთს საქმეს, რომელიც ჩაიდინა ქალმა, ქალმა დიდებულის გვარისამ, მეტად დაბალი გვარის მიმართ, რაც უფრო სხივსა ჰფენს მის მოქმედებას. ოდიშის დედოფალი გზად მიდიოდა ყველა თავისი მხლებელი ქალებით; ზამთარი იყო და მიწა სულ დაფარული იყო თოვლით. დედოფალმა დაინახა ერთი გლახაკი, ავადმყოფი და დასუსტებული, სანახევროდ შიშველი; სიცივის გამო ისე აკანკალებული იყო, რომ არ შეეძლო განძრევა, არამცთუ სიარული. აზნაურები და კარის კაცები, რომელნიც ახლდნენ დედოფალს, წინ წასულიყვნენ და დედოფალი თავისი მხლებელი ქალებით რომ მიუახლოვდა იმ საბრალოს, მეტად შეეცოდა იგი და ბრძანა, კარის-კაცებს დაუძახეთ და ერთ-ერთმა მათგანმა ცხენზე შემოისვას ეგ გაჭირვებულიო. ხოლო, რაკი დედოფალმა ნახა, რომ იმათ უძნელდებოდათ მისი ბრძანების აღსრულება ორის მიზეზით: ერთი — რომ ცხენი არ დავღალოთო და მეორე — ეთაკილებოდათ ის უბედური, — სრულებითაც არ განრისხდა ასეთი მათი ურჩობისა გამო, არამედ ტკბილად უბრძანა, რომ ის გაჭირვებული კაცი შემოესვა თავის ცხენზე მთავრის უკანონო ასულს, რომლის კეთილი და მოწყალე გული ცნობილი იყო. ამან შემოისვა ცხენზე ის უბედური და დიდი კმაყოფილებით მიიყვანა სასახლეში.
რაც შეეხება მდინარეში გასვლას, განსაკუთრებით სუსხიან ზამთარში, თუ რომელიმე ცხენოსანს შეხვდა ნაპირზე ქვეითი კაცი, რომელსაც უნდა გასვლა მეორე ნაპირზე, ამას ან უთავაზებს თავისს ცხენს, ან უკან შემოისვამს და ისე გაიყვანს. სხვაგვარადაც ასეთს შემთხვევაში ყოველსავე საჭირო შემწეობას აღმოუჩენენ ერთმანეთს. როცა მდინარე ისე მოდიდებულია, რომ ფონს ცხენით ვერ გავლენ და საჭიროა ნავი, ცხენებს ნავში არასოდეს არ ჩასვამენ, არამედ მოხსნიან უნაგირებს და ჯოხის ცემით აიძულებენ წყალში ჩასვლას და რომ უკან არ დაბრუნდნენ, კაცები ნაპირიდან ტაშის ცემით, ყვირილით და ქვების სროლით ისე შეაშინებენ, რომ ცხენები უცბად გასცურავენ მეორე ნაპირას, სადაც ხალხი ბლომად ელოდება, გზაზე გადაეღობება ამ ცხენებს და ადვილად დაიჭირავს.
როცა მგზავრს ან უცებ წვიმა წამოეწევა, ან წყალში გასვლა დასჭირდება და ასეთ შემთხვევაში გაიწუწება, რომელ სახლსაც არ უნდა მიადგეს სოფელში, ყველა დიდის სიამოვნებით მიიღებს, ცეცხლთან მიიყვანს გასაშრობად და პურის საჭმელად მიიპატიჟებს. არასოდეს არ შევსწრებივარ, რომ ვისმესთვის ასეთი მასპინძლობა არ გაეწიოთ. ამბობენ რომ ასეთს შემთხვევაში შემწეობის უარ-ყოფა მეტად დიდი ცოდვა არისო.
XXI. ზდილობა და ერთმანეთის პატივისცემა
[edit]მეგრელები ურთიერთ-დამოკიდებულებაში ისეთ მოხდენილ ქცევას იჩენენ, რომ ამ მხრით მათ ბარბაროსები კი არ ეთქმით, არამედ შეიძლება მათი შედარება მეტად ზრდილობიან კარისკაცებთან. თუმცა ყველა თავის მოქმედებაში მეგრელები იცავენ გარკვეულ თავაზიანობას. ამაზე უკვე ვთქვით, სადაც საჭირო იყო, მაგრამ რადგან იქ ბევრი რამ გამოგვრჩა, ეხლა აქ მათ განსაკუთრებით შევეხებით. მეგრელები უფრო ხშირად ხმარობენ მუხლ-მოდრეკას, რომელიც ფრიად კეთილშობილ ჩვეულებად მიაჩნიათ. მუხლს იდრეკენ ბევრს შემთხვევაში და განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დიდი ხნის უნახაობის შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან. ამ შემთხვევაში ცხენიდან ჩამოხტებიან და მიესალმებიან ერთმანეთს მუხლ-მოდრეკით. აგრევე მიესალმებიან და მიულოცავენ მშვიდობით ჩამოსვლას იმას, ვინც დიდი ხნის მოგზაურობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდება, და იმასაც, ვინც დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ ლოგინიდან ადგება და გარედ გამოვა: ყველა, ვინც მას შეხვდება, მუხლმოდრეკით მიესალმება და ეტყვის: მადლობა ღმერთს, რომ კარგად და მშვიდობით გნახეო. როცა ვინმე გარდაიცვლება და მისი ახლობელი ნათესავი სამგლოვიარო ტანისამოსით შემოსილი გარედ გამოვა, ამ ნათესავს ეგრე გამოუცხადებენ სამძიმარს: ჯერ დაუჩოქებენ და მერე მარჯვენა ხელით ქუდს მოიხდიან და მარცხენათი ოთხჯერ თუ ხუთჯერ გულში იცემენ, ურვისა და მწუხარების ნიშნად.
ერთმანეთთან სადარბაზოდ მაინც და მაინც ხშირად არ დადიან, ხოლო როცა შემთხვევა არის და ქალებთან სადარბაზოდ მამაკაცები მოდიან, ამათ მოსვლაზე ქალები ადგილიდან არ დაიძვრიან და თავიანთ ოთახში უცდიან: მათ შესაგებებლად გამოგზავნიან სახლიდან ყველა მამაკაცებს, როგორც ბატონებს, ისე მოსამსახურეებსა, რომელნიც შეეგებებიან მათ ალაყაფის კარებთან. სტუმარ-მასპინძლები ერთმანეთს მიესალმებიან მუხლ-მოდრეკით და მერე ერთად გაემართებიან სახლისაკენ, სადაც ქალები იმყოფებიან. ამასობაში დედაკაცები ყველა გასათხოვარი ქალებით, რაც ოჯახში არიან, მოირთვებიან, დასხდებიან ნოხებზე და აგრე ელოდებიან სტუმრებს. როგორც კი სტუმრები შევლენ ოთახის კარებში, ყველა ქალები ფეხზე წამოდგებიან და სტუმრები, ქალბატონიდან დაწყებულ უკანასკნელ გასათხოვარ ქალამდი, თვითეულს მუხლ-მოდრეკით მიესალმებიან. ქალებიც თავის მხრით აგრევე მიესალმებიან. შემდეგ ამისა დასხდებიან ნოხზე და დიდ ხანს საუბრობენ სხვადასხვა საგანზე, მერე, როცა მოისურვებენ წასვლას, ამის ნებას აღარ ითხოვენ, ადგებიან და წავლენ. ქალებთან რომ ქალები მოვლენ სადარბაზოდ, მათ ალაყაფის კარებთან შეეგებებიან არამთუ ყველა შინაური მამაკაცები, არამედ დიასახლისის ყველა გასათხოვარი ქალები, რომელთაც ყველა სტუმრები, მამაკაცები და ქალები, ეზოში შემოსვლისთანავე მუხლ-მოდრეკით მიესალმებიან. გარდა ამისა ქალები რომ მიუახლოვდებიან ერთმანეთს, ეამბორებიან ურთიერთს ორსავე ლოყაზე და შემდეგ ამისა ხელმეორედ მუხლმოდრეკით მიესალმებიან ერთმანეთს. მერე ერთად მიიმართებიან დიასახლისისაკენ, რომელიც მათ შესაგებებლად მოდის შუა ეზომდი. ამასაც იმნაირადვე მიესალმებიან სტუმრები, და შემდეგ სტუმრებს შეიყვანენ სახლში.
როცა ავადმყოფის სანახავად მივლიან ხოლმე, მაშინ იმ ცერემონიების შესრულების გარდა, რომელიც ზევით აღვწერეთ, კიდევ საჩუქარსაც მიართმევენ: ავადმყოფის ოთახში შემოსვლისთანავე იმის ლოგინზე დააგდებენ ხოლმე სამს ან ოთხს ვერცხლის ფულს (scudi d’argento), ან რომელსამე ოქროს ფულს, ან ვერცხლის თასს, დაიჩოქებენ ლოგინის წინ და ამბობენ: ღმერთმა მშვიდობით მოგარჩინოსო.
როცა ვინმე გაიგებს მეგობრის ავადმყოფობას, მაშინვე ისწრაფის მისს ნახვას და საჩუქრის მიტანას. თუ ავადმყოფი მეტად ცუდ მდგომარეობაში დაუხვდა, ჩვეულებად აქვთ რომ სტუმარმა იქ მყოფთ აჩვენოს, ვითომ ვტირიო, თუმცა სრულებით იქნება არ ეტირებოდეს ამისათვის; თვალებს იხოცს ცხვირსახოცით, ვითომ ვიმშრალებო ცრემლებს, რომელიც სრულიად არ მოსდის. მერე ნიშნად დიდის მწუხარებისა არას ამბობს და მწუხარე თვალებით შესცქერის ავადმყოფს, სწორედ ისე, როგორც იობის მეგობრები მოიქცნენ, როცა ნახეს იგი ავადმყოფი: „და არავინცა მათგანი იტყოდა სიტყვასა მისა მამართ, რამეთუ ხედვიდეს წყლულებასა მძვინვარეს მყოფსა და დიდსა ფრიადს“ (იობ. 2.). აგრე მდუმარე დარჩება რამდენსამე ხანს ავადმყოფთან და მერე გამომშვიდების დროს მიიღებს მისგან საჩუქარს და დაბრუნდება სახლში.
ამ ქვეყანაში ისე ჩვეულნი არიან საჩუქრებს, რომ მდიდრულად ასაჩუქრებენ არამთუ იმას, ვინც ავადმყოფის სანახავად მოდის, არამედ იმასაც, ვინც რაიმე მიზეზით სტუმრად მოდის, ხელცარიელს არ გაუშვებენ და ყოველთვის გამოთხოვების დროს უხვად დაასაჩუქრებენ.
მათი თავაზიანობა კიდევ უფრო შორს მიდის: მასპინძელი იმას როდი უცდის, რომ სტუმარი თავის სახლიდან თავისით მოვაო, არამედ თვითონ ჰპატიჟობს სახლიდან. ასეთს სტუმარს რომ მიიღებს და გაუმასპინძლდება, გამოთხოვებისას მდიდრულად დაასაჩუქრებს და ისე გაისტუმრებს.
თუ პურის ჭამის დროს ჭიშკართან ვინმე უცხომ გაიარა, მეგრელების ზრდილობა თხოულობს მაშინვე კაცი მიაგებონ და შემოიპატიჟონ. ამიტომაც ჭიშკარს არასოდეს არ ხურავენ პურის ჭამის დროს და ხშირადაც პურის საჭმელად შარა გზასთან სხდებიან: როცა ვინმე უცხო გაივლის, უსათუოდ მიიპატიჟებენ სუფრაზე. ხოლო გამვლელს არავითარი უარი არ გაუვა. როცა მიპატიჟებული დაჯდება სუფრაზე, მასპინძელი უნდა გაუმასპინძლდეს იმით, რაც წინ უდევს. როცა მასპინძელი უთავაზებს საჭმელს, სტუმარი მას დაბლად თავს დაუკრავს და მარჯვენა ხელს თავზე დაიდებს, — ამით იგი ამბობს, რომ ყოველივე ეს დიდი მოწყალებაა ჩემს თავზეო. რაც უნდა საპატიო იყოს შემოსწრებული სტუმარი, მასპინძელი თავის ვალად არ რაცხს უბრძანოს თავისიანებს ახალი საჭმელი მოიტანონ და სრულიად საკმაოდ მიაჩნია მიართვას სტუმარს ის, რაც სუფრაზე უდევს. სტუმარი სრულებით კმაყოფილია ამ საჭმელით, რაც უნდა მცირე იყოს იგი, რადგან მას საჭმელის სხვადასხვაობა და სიუხვე როდი ასიამოვნებს, არამედ მხოლოდ მიპატიჟება და თავაზიანობა.
ყოველი ქვეშევრდომი უფროსთან ლაპარაკის დროს მუხლს იდრეკს. აგრეთვე უნდა მოიქცეს მოციქული, როცა დაბარებულ საქმეს მოუთხრობს იმას, ვისთანაც გამოგზავნილია. თუმცა ხშირად მოხდება, რომ მოციქული უფრო დიდი ღირსებისა არის, ვიდრე ის, ვისთანაც გამოგზავნილია, მაგრამ რადგან ის კაცი, რომელმაც იგი გამოგზავნა, უფრო მაღალი ღირსებისაა მოციქულზე, მისმა მოციქულმა დაჩოქილი უნდა ილაპარაკოს, რადგან ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს გამომგზავნის ღირსებას და არა გამოგზავნილისას.
როცა ვისმეს მთავართან მისაწერი რამე აქვს, რაც უნდა იგი დიდი გვარის კაცი იყოს, მაინც არ შეუძლია პირდაპირ მთავარს მიმართოს წერილით, რადგან ასეთს საქციელს კადნიერებად ჩამოართმევენ მთავრის წინაშე. ამ შემთხვევაში ვისაც საქმე აქვს მთავართან, წერილით უნდა მიჰმართოს მთავრის ან დაახლოვებულ მოსამსახურეს, ან მდივანს და ან ვეზირს, და სთხოვოს, რომ ეს და ეს საქმე მაქვს მთავართან და მოახსენეო. მთავარი რომ ამ თხოვნას მოისმენს, მთხოვნელს პირდაპირ პასუხს მისწერს.
უზრდელობად ჩაითვლება, როცა მუსაიფის და ბაასის დროს ერთი მეორესთან ახლო დადგება, განსაკუთრებით როცა უმცროსი უფროსს ესაუბრება. ამ შემთხვევაში უმცროსი ყოველთვის საკმაოდ შორს დაიჭერს თავს და ამით პატივს უცხადებს თავის უფროსს. თუ ზოგჯერ უფროსი, თავდაბლობის და მოწყალების ნიშნად, მიუახლოვდება, უმცროსი მაშინვე უკან დაიწევს, ნიშნად პატივისცემისა. იგივე ჩვეულება აქვთ ირანელებს და თურქებს, და ალბათ იმათგან შეითვისეს იგი მეგრელებმა.
როცა ერთი მეორეს საჭმელს უთავაზებს, უზრდელობად ჩამოერთმევა მომტანს, უკეთუ იგი მირთმევის დროს ჯერ თვითონ არ სინჯავს ამ საჭმელს. აგრევე უნდა მოიქცეს ექიმიც, როცა, მაგალითად, წამალს აძლევს ავადმყოფს, მზარეულიც, როცა სუფრაზე ხორცს მოიტანს და მერიქიფეც, როცა ბატონს ღვინოს მიართმევს.
როცა ვისმე კარგს ამბავს მოუტანენ, იგი თავის ხელით ერთ კოვზს შაქარს მიართმევს ამბის მომტანს. მთავარიც აგრევე იქცევა, მაგრამ უფრო დიდებულად: როგორც კი შეიტყობს, მოამბე მოვიდაო, დიდ დარბაზში დააგებინებს ხავერდის ან დამასკის ქსოვილს კარებიდან იმ ადგილამდი, სადაც თვითონ დაჯდება, მრავალი თავად-აზნაურობის კრებულით გარემოცული, და ამ ქსოვილზე გამოატარებენ კარგი ამბის მომტანს. როცა მოამბე მიუახლოვდება მთავარს და მოახსენებს ამბავს, მთავარი თავის ხელით ჩაუდებს პირში კოვზით შაქარს, კარგადაც დაასაჩუქრებს და ისე გაუშვებს.
თუ რამდენიმე კაცი ერთად მგზავრობს და უცბად ან ტალახს და ან საშიშ გასავალს წააწყდნენ, უფრო ზრდილი მათ შორის ცხენს გააჩქარებს და პირველად გაივლის გზას, რომ ამითი სხვები გააფრთხილოს, თუ რამდენად მართლა საძნელო გასავალი არისო. დიდი სირცხვილია, ვინმემ თავისი ცხენი შეაჩეროს იმ განზრახვით, რომ ასეთი ცუდი გზა პირველად სხვებმა გაიარონ და გამოსცადონ, თუ რამდენად საფლობია ტალახი და ან ღრმაა წყალი. ასეთს შემთხვევაში მხოლოდ ქალებს აქვთ ნება უკან ჩამორჩნენ და ცუდი გზა უკანასკნელად გაიარონ.
მეგრელებს კიდევ ერთი ჩვეულება აქვთ, რომელიც მეტად უხერხულია ახალ მოსულ უცხოელებისათვის. ეს ჩვეულება შემდეგში მდგომარეობს: მოხდება, რომ რაიმე ფრიად საჭირო საქმეზე კაცს გზავნიან სხვაგან და ამ კაცმა საჩქაროდ უნდა მოიტანოს პასუხი. იგი საჩქაროდ მირბის ამ საქმის შესასრულებლად და საჩქაროდვე ბრუნდება სახლისაკენ, მაგრამ როცა სახლში მოვა, მაშინვე კი არ ჩქარობს პასუხი მოახსენოს ბატონს, არამედ ოფლს შეიშრობს, ან თუ ზამთარია, სხვებთან ერთად მიუჯდება ცეცხლს, ან თუ პურის ჭამის დროა, სხვებთან ერთად სუფრას მოუჯდება; პასუხისას კი არას ფიქრობს და სრულებითაც არას ამბობს, თუ ბატონმა არ დაუძახა და არა ჰკითხა, რა პასუხი მომიტანეო. ჩვენი მხრით უზრდელობა იქნებოდაო, ამბობენ იგინი, რომ ბატონს სხვა საქმეები გავაწყვეტინოთ და ჩვენდა მონდობილი საქმე მოვახსენოთო, რადგან ბატონმა, რაკი დაგვინახა დაბრუნებული, თვითონ უნდა დაგვიძახოს, გვკითხოს პასუხი და შეიტყოს ჩვენგან ყოველივე გარემოება საქმისაო.
როცა დიდებულები სადმე გაემგზავრებიან, განასკუთრებით, როცა სასახლეში წასასვლელად მოემზადებიან, ცდილობენ, რომ, რაც შეიძლება მეტი და ჩინებული მხლებლები წაიყვანონ. გარდა ამისა მრავალი ტანისამოსი და ბარგი უნდა წაიღონ სახმარად. ხოლო ბარგის თან წაღება ეთაკილებათ და ამიტომ თვითონ წინ წავლენ საჩქაროდ და ბარგი უკან ჩამორჩება და მერე მიუვათ. როცა სასახლეში მივლენ, პირდაპირ როდი შევლენ სასტუმრო სახლში, რომელიც მათთვის დამზადებულია, არამედ თავისი ამალას გამოსაჩენად ჯერ ნელ-ნელა შემოუვლიან სასახლის წინა მინდორს და მხოლოდ შემდეგ შევლენ სასტუმროში.
როცა ნადიმად სხედან, თუ ვისმეს რაიმე საჭმელი უთავაზეს და იმან მოისურვა, სხვას გაუზიაროს იგი, შეუძლია, თავის ტოლებში ვინც უნდა, ის ამოირჩიოს, და ისე გაუზიაროს, როგორც მას უნდა. ხოლო თუ სურს, რომ თავის უფროსს მიაწოდოს, უზრდელობად ჩამოერთმევა, უკეთუ მოსჭრის ნაჭერს და მას გაუგზავნის. ზრდილობა მოითხოვს, მთელი ულუფა ერთიანად გაუგზავნოს უფროსს და სთხოვოს, რომ მიირთვას რამდენიც ნებავს. უფროსი მორიდებას იჩენს, ამიტომ ცოტას გასინჯავს და უკან დაუბრუნებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიან უმცროსს, მოსჭრას ერთი კარგი ნაჭერი და გაუგზავნოს თავის უფროსს.
საქართველოს და სამეგრელოს ერნი მისდევენ ბერძენთა შეცდომილებას და წვალებლობას და ემორჩილებიან ბერძნის მსოფლიო პატრიარქს, რომელიც კონსტანტინეპოლში არის, თუმცა წინად ანტიოქიის პატრიარქს ემორჩილებოდნენ. ხოლო ეს მორჩილება მარტო იმაში გამოიხატება, რომ როცა ხანგამოშვებით კონსტანტინეპოლის პატრიარქი იმ ქვეყნებში თავის ბერებს გაგზავნის შემოსაწირავთა მოსაკრეფად, მათ მოწყალებას და შესაწირავს აძლევენ. გარნა ქართველებს და მეგრელებს ჰყავთ ორი თავისი პატრიარქი, რომელნიც განაგებენ მთელ სამღვდელოებას, როგორც საქართველოში, ისე კოლხიდაში. ამათ ხალხი უწოდებს კათალიკოსებს. საქართველოს კათალიკოსს ექვემდებარებიან: ქართლი (Gartuli ó Cardueli), კახეთი (Caghetti), საბარათიანო (Barattalù) და სამცხე. მეორეს ექვემდებარებიან: ოდიში, იმერეთი, გურია, აფხაზეთი და სვანეთი. ძველად ორსავე კათალიკოსს ირჩევდა საქართველოს მეფე. მაგრამ როცა დადიანმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოდიშის პატრიარქის არჩევის უფლებაც მიითვისა, ასე რომ საქართველოს მეფეს მხოლოდ მეორე კათალიკოსის ამორჩევის უფლება შერჩა.
ოდიშის პატრიარქს თავის საბძანებელში ისეთი ძალა აქვს, ისეთი სიმდიდრე და სასახლეები, იმდენი ყმები ჰყავს, რომ არამცთუ ეთანასწორება მთავარს, რომელიც მას ირჩევს, არამედ აღემატება კიდეც. პატრიარქი თავის საპატრიარქოს დასახედავად მუდამ დადის, მაგრამ მას საგნად თავისი სამწყსოს ზნის გასწორება როდი აქვს, არამედ მათი ქისების დაცარიელება. თავის სამწყოსს მხოლოდ იმისათვის ჩამოივლის, რომ ტყავი გააძროს და სისხლი გამოსწოვოს, და ამიტომაც მას მტაცებელი მგლის სახელი უფრო შეჰფერის, ვიდრე კეთილის მწყემსისა. იგი თან წაიყვანს ხოლმე ამალას, რომელიც შესდგება სამასი კაცისაგან და მეტისაგანაც. საწყალი მისი ქვეშევრდომი ხალხი იღუპება ამით: ვითარცა ჭალაში გაშვებული პირუტყვი შესჭამს მთელ ბალახს, რაც იქ არის, და მერე სხვაგან გადავა საძოვრად, ისე ეს მხლებლებიც, რაკი შესჭამენ, რაც მოიძებნება ერთ ადგილას, გადავლენ მეორე ადგილას. ოდიშის აწინდელი პატრიარქი წინანდელთან შედარებით უკეთესია და ამიტომაც წმიდა კაცად მიაჩნიათ საერთოდ, მართლაც, თუ გარეგნობის კვალობაზე შევადგენთ მის შესახებ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ იგი ღვთის წინაშეც დიდ გულმოდგინეობას იჩენს ლოცვაში და კაცთა მიმართაც ძლიერ მოწყალეა. ყოველ ღამე უსათუოდ დგება მეტად გძელ ლოცვაზე. ყველაზე პირველად ტანს იგი იცვამს და პირველადვე იგი შედის ეკლესიაში, სადაც ატარებს უმეტეს ნაწილს ღამისას და დღისასაც. რაც შეეხება მოყვასისადმი მოწყალებას, იგი ისეთი გულკეთილობას იჩენს, რომ არ მოიძებნება არც ერთი ღარიბი და არც ერთი უბედური, რომ იგი არ იცნობდეს და თავის მოწყალების კალთას არ აფარებდეს. თუ ვინმე ღარიბმა გაიარა, როცა იგი პურის ჭამად ზის, მაშინვე დაუძახებს, თავისთან დასვამს და უმეტეს ნაწილს თავის საჭმელისას უთავაზებს. თუ გაიგონა, რომ სადმე საწყალი ავადმყოფი არის, მეტად გაჭირვებულიო, სხვადასხვა შემწეობას თავის ხარჯით მიაწოდებს. გარდა ამისა იმდენად ერთგულია იერუსალმის წმინდა ადგილებისა, რომ სამჯერ იყო მათ სანახავად და ყოველთვის დიდი შეწირულობა წაუღია. მაგრამ ცუდი ის არის, რომ შეცდომით ფიქრობს, წმინდა ქალაქის ნახვა სამოთხის კარებს გამიღებსო, და რადგან იქ სამჯერ ვყოფილვარ, ცხონება არ ამცილდებაო. ნამდვილად კი ყველასათვის, ვინც თვალხილულია, ცხადია, რომ ეს მგზავრობა ჯოჯოხეთში უფრო მიიყვანს, რადგან ამ წმინდა ადგილებისათვის ფულის საშოვნელად მრავალი სიმონიას[2] სჩადის და'უსამართლოდ ათავისუფლებს თავის ყმებს სასჯელისაგან და თავის კალთას აფარებს მრავალ ავაზაკობას იმ განზრახვით, რომ ფული იშოვოს ღვთის შესაწირავად. არასოდეს არავის ეპისკოპოსად არ აკურთხებს, თუ გასამჯელოდ არ მიიღებს ხუთას-ექვსას სკუდის (scudi). ამდენსავე, ან მეტს, ფულს თხოულობს იმისათვის, რომ მიცვალებულს უწიროს. საშინელ ბევრ ფულს ართმევს აგრეთვე აღსარებისათვის, რომლის ფასს გადასწყვეტს ხოლმე იმის კვალობაზე, თუ, ერთის მხრით, რა ღირსებისაა აღსარების მთქმელი და მეორეს მხრით, რა ცოდვები ჩაუდენია მას. კერძოდ ერთი შემთხვევა მახსოვს, რომ პატრიარქმა ერთხელ აღსარება ათქმევინა ვეზირს, რომელმაც ამ აღსარებისათვის მისცა ოთხმოცი სკუდი (scudi). პატრიარქს ეცოტავა ეს ფული ასეთი დიდ-კაცისაგან, და როცა შემდეგ ამისა ვეზირი ძლიერ ავად გახდა კიდევ და მოიწვია პატრიარქი აღსარების სათქმელად, ამან აღარ დაუმალა და შეუთვალა. რომ ამას წინად ისე ცოტა მომეცი აღსარებისათვის, რომ შენ ჩემი ლოცვა-კურთხევის ღირსი არ ხარო, და ამიტომაც არ მოვალო. ვეზირი ამის გამო იძულებული გახდა მეტს დაჰპირებოდა, ოღონდ კი მობრძანდი და აღსარება მათქმევინეო. გარდა იმისა პატრიარქი მეტად აწუხებს თავის სამწყსოს სხვადასხვა აუტანელის ხარჯითა. ყოველნაირ ავაზაკობას გულგრილად უყუჩებს, ოღონდ კი ფული აიღოს იერუსალიმში გასაგზავნად. მართლაც, ყოველ სამ-ოთხ წელიწადში ერუსალიმში მიდის და მიაქვს მრავალი ოქრო, რომელიც თავის ქვეშევრდომთათვის სიმონიას, მკრეხელობისა და ყაჩაღობის ფასად წაურთმევია.
კათალიკოსს ექვემდებარებიან ეპისკოპოსები. ამ ჟამად ოდიშში ექვსი ეპისკოპოსია, რადგან დანარჩენი ექვსი კათედრა გადაკეთებულია მონასტრად. დარჩენილია შემდეგი საეპისკოპოსო ეკლესიები: პირველია დრანდის (Dândra), რომელიც მდებარეობს მდ. კოდორზე (Cotace), აფხაზეთის საზღვარზე და აშენებულია ღვთისმშობლის სახელობაზე და მის ეპისკოპოსს ჰქვია დრანდელი. მეორეა მოქვის, რომელიც მდებარეობს ფართო ვაკეზე ორ მდინარეს შუა; ეს ორი მდინარე მერე ერთად შეიყრებიან და მათ შორის მდებარე ადგილი წარმოადგენს ნახევარ კუნძულს. ეს ეკლესია აშენებულია აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობაზე და ეპისკოპოსს ჰქვია მოქველი. მესამე არის ბედიას, რომელიც აშენებულია გორაკზე, აგრეთვე ღვთისმშობლის სახელობაზე; მისი ეპისკოპოსი იწოდება ბედიელად, მეოთხე არის ცაიშის; აგრე იწოდება იმ მთის გამო, რომელზედაც იგი მდებარეობს და რომლის კალთებზე მდინარე ჩამოურბის. ეს ეკლესიაც ღვთისმშობლის სახელობაზეა აშენებული. მისი ეპისკოპოსი იწოდება ცაიშელად. მეხუთეა წალენჯიხის, აგრეთვე გორაკზე მდებარე. მისი ეკლესია ფერისცვალების სახელობაზეა აშენებული. აქ ჰმარხავენ მთავრებს. მის ეპისკოპოსს ჰქვია წალენჯიხელი. მეექვსეა მარტვილის (Scondidi), მაღლობზე მდებარე და აშენებულია წმინდა მოწამეთა (â Santi Martiri) სახელობა. მისი ეპისკოპოსი იწოდება ჭყონდიდლად. დანარჩენს საეპისკოპოსო ეკლესიები, რომელთაც წინად ჰყვანდა თავისი ეპისკოპოსები, ეხლა გადაკეთებულნი არიან მონასტრებად: პირველია ქიაჩის (Chiaggi) მონასტერი, მთაზე აშენებული, წმ. მიქელის სახელობაზე. მეორეა წიფურიას (Cippurias) მონასტერი, რომელიც აშენებულია ვაკეზე, ენგურის ნაპირად. ეს მონასტერი ეხლა ჩვენების ხელშია. აქ არის ორი ეკლესია ერთად შეერთებული, რომელთაგან ერთი ღვთის მშობლის სახელობაზეა და მეორე — წმ. გიორგისაზე. მესამეა ხოფის (Copis) მონასტერი, მარიამ ღვთის მშობლის სახელობაზე. აქ აჩვენებენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ. მეოთხეა ობუჯის (Obbûgi) მონასტერი, რომლის ეკლესია წმ. გიორგის სახელობაზეა აშენებული. აქ ძველად მთავრების სამარხი იყო, რომელიც ეხლა წალენჯიხაშია. მეხუთეა სებასტოპოლის მონასტერი, რომელიც ეხლა წყალშია ჩანთქმული. მეექვსეა ანაკრიას (d’ Anarghia) მონასტერი, რომელსაც ძველად ერქვა ჰერაკლეა (Haraclea).
აი ეს ეპისკოპოსები და საეპისკოპოსონი არიან და იყვნენ წინად ოდიშში. ეპისკოპოსები ძლიერებით, სიმდიდრით და ძალაუფლებით სჯობნიან თვითეულ იქაურ დიდებულს; მაგრამ რადგან თავის სიმდიდრეს ბოროტად ხმარობენ, თავის ქვეყანაში ყველაზე უფრო სძულთ ისინი. ამის მიზეზი ის არის, რომ, მათ არა აქვთ არც ღვთის შიში, არც სირცხვილი და არც ღვთის მოსავი უფროსები ჰყავთ (სცნობენ მხოლოდ მთავარს); თავის სიმდიდრეს და ძლიერებას ანდომებენ ყოველნაირ სიბილწეს და ავაზაკობას. ისე არასოდეს არ სწირავენ, თუ წინდაწინ არ მიართვეს სასყიდელი, რომელსაც უზომოდ თხოულობენ. აგრეთვე სასყიდელს თხოულობენ, კურთხევისათვის და მათი მწიკვლიანი ხელები არ აკურთხებენ არც მღვდელს და არც დიაკვანს, თუ დიდი საფასური არ მიიღეს კურთხევისათვის. ისე შეჩვეული არიან ხორციელ ბიწიერებას, რომ სრულებითაც არა რცხვენიათ იმისი, რომ სახლში რამდენიმე ცოლი ჰყავთ მაშინ, როცა ერის კაცებს აღკრძალული აქვთ იყოლიონ ერთი ცოლის მეტი. ეპისკოპოსის ღირსებას ის უპირატესობა აქვს, რომ შეუძლიათ აშკარად იყოლიონ სამი თუ ოთხი ცოლი. ერთი მათგანის ავაზაკობა იქამდი მივიდა, რომ ერთხელ ერთს თავის აზნაურს ცოლი წაართვა და რადგან ის უბედური ეწინააღმდეგებოდა, რაღაც დანაშაულობა დააბრალა და დაატუსაღა; მერე გურიაში გაგზავნა და თურქებს ტყვედ მიჰყიდა. ამრიგად ერთბაშად ცოლიც, ქონებაც და თავისუფლებაც წაართვა და პატიოსნებაც შეუბღალა მხოლოდ თავისი ბინძური ჟინის დასაკმაყოფილებლად. ქონების და ფულის მოყვარულნი არიან იმდენად, რომ არ მოიპოვება ისეთი სისაძაგლე, რომელიც მათ შეძენისათვის არ ჩაიდინონ. თუ კი შეიტყვეს, რომ რომელსამე მათ ქვეშევრდომს ფული აქვსო შენახული, მაშინვე რამე დანაშაულობას გამოუგონებენ, რათა ფული წაართვან. ერთხელ დიდ-მარხვაში, დაბინავებული ვიყავი ერთ ეპისკოპოსთან,რომელიც ფრიად თავაზიანად და კარგად მეპყრობოდა. შუა დიდ-მარხვა იქნებოდა, რომ ერთ დილას, გათენებისას, როცა ეპისკოპოსი ეკლესიაში იმყოფებოდა, გაისმა საშინელი ყვირილი რამდენისამე კაცისა და ხმაურობა ბორკილებისა. მე დავუძახე მოსამსახურეს, რომელიც მე მომიჩინეს, და ვკითხე, რა ამბავია მეთქი. იმან ყოველივე ამბავი იცოდა თურმე და საიდუმლოდ მითხრა, რომ ეპისკოპოსმა ეს და ეს მღვდელი დაატუსაღებინა და ბორკილებში ჩაასმევინა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იმ მღვდელს ფული ჰქონია შენახულიო და რადგან ეპისკოპოსს უსათუოდ მისგან ფული უნდაო, არას გზით არ გაანთავისუფლებს, თუ მღვდელი ქრთამს არ მისცემსო. არ გასულა ორი საათი, რომ მღვდელმა გამომიგზავნა თავისი მეგობარი, რომელმაც მიამბო მისი უბედურება და მთხოვა, რომ შემთხვევის დროს ეპისკოპოსის წინაშე ორიოდე კეთილი სიტყვა შემეწია მისთვის. მე დავრწმუნდი, რომ მართლა ფრიად კეთილი საქმე იქნებოდა მისი გამოხსნა, რადგან მღვდელი სრულებით უდანაშაულო იყო და არაფერი ისეთი არ ჩაუდენია, რომ სასჯელის ღირსი ყოფილიყო. სადილის დროც დადგა და, როგორც ჩვეულებრივ, ეპისკოპოსმა დამიძახა. როცა დამინახა, პირველი მისი სიტყვა ის იყო, რომ შემომჩივლა დატუსაღებულ მღვდლის შესახებ: ღვთის იმას არაფერი არა სწამსო, რადგან ამ დიდმარხვაში, როცა ერის კაცებიც კი ღამით ეკლესიებში დადიანო, ეს ღვთის მოსამსახურედ არჩეული ეკლესიაში არ დადის და მოსვენებულად ლოგინში სძინავსო. მერე დაუმატა, რომ ნუ გაგიკვირდება, თუ აგრე სასტიკად დავსაჯეო, რადგან ჩემი მოვალეობა არისო, რომ ღვთის-მსახურება რიგიანად სრულდებოდეს ეკლესიებშიო. აბა რა ეთქვა სხვა ღვთისნიერს და გულმოდგინე მწყემსს! ხოლო მე უკვე კარგად ვიცოდი, საქმე როგორ იყო; ვიცოდი, რომ იმას ფულის მიღება ჰსურდა და კეთილმსახურებას სრულებითაც არ დაგიდევდა. მე ჯერ ქება შევასხი მის გულმოდგინებას და მერე მხურვალედ ვსთხოვე, რომ რადგან ასეთ გულმოდგინებას იჩენთ ღვთის დიდებისათვის, მოწყალებაც გამოიჩინეთ მეთქი და აპატიეთ მღვდელს, მით უფრო, რომ მღვდელი სინანულში ჩავარდა და ქვეყანაც გაიგებს, რამდენად სასარგებლო შეიქმნა მისთვის თქვენი სასჯელი მეთქი. ამას გარდა მღვდლის მხრით აღვუთქვი, რომ არასოდეს არ დააკლდება წირვა-ლოცვას, ყოველ ღამე ადგება და ეკლესიაში ივლის მეთქი. მაგრამ ჩემმა სიტყვებმა ვერ იმოქმედა ეპისკოპოსზე, რომელსაც ფული უნდოდა და სრულებითაც ის არ აწუხებდა, რომ მღვდელი ღვთის კეთილ-მსახური არ იყო. ამიტომაც ეპისკოპოსმა ჩემი სიტყვიერი თხოვნა სიტყვიერადვე დააკმაყოფილა, და მღვდელი კი მანამდე იყო დაბორკილი, სანამდი ქრთამი არ გამოუგზავნა ეპისკოპოსს. როგორც კი მღვდელმა ფული გამოიმეტა, მაშინვე ღირსებაც დაუბრუნეს და საქვეყნოდ აღიარეს იგი კურთხეულად და ღვთისნიერად.
სხვა რაღა ვთქვა მათი ბოროტების შესახებ? როცა მოკვდება ხოლმე რომელიმე მათი ქვეშევრდომთაგანი და მემკვიდრედ მცირეწლოვანი შვილები დარჩება, ეპისკოპოსი უმოწყალოდ და საკვირველის სისასტიკით ყველა ყმაწვილებს ან გაჰყიდის თურქებზე და ან დაიტოვებს სამუდამოდ მონად თავის სახლში, და მიითვისებს მიცვალებულის ქონებას, მდიდრულ უნაგირებს ოქრო-ვერცხლისას, მშვენიერს კარვებს, საუკეთესო ნოხებს, ძვირფას იარაღს და წმინდა ქსოვილებს; ყოველივე ესე სისხლია ღარიბებისა! მთავარი თუმცა ზოგჯერ დიდ-ბოროტებისათვის სასჯელს უნიშნავს; მაგრამ ბევრჯერ ყურადღებას არ აქცევს და ელოდება, რომ ეპისკოპოსმა ბევრი სიმდიდრე შეიძინოს, რადგან ეპისკოპოსის სიკვდილის შემდეგ ეს სიმდიდრე მას დარჩება.
ამდენი ავაზაკობის ჩამდენნი კიდევ ჰფიქრობენ, რომ კეთილის მწყემსის მოვალეობას სრულიად ვასრულებთო და ჩვენი სიწმინდით ვერ შეგვედრებიან სხვა ერთა მღვდელ-მთავრებიო, რადგან ჩვენ ფრიად სასტიკად ვინახავთ მარხვასაო. მართლაც, ისე გულ-მოდგინედ ინახავენ მარხვას, რომ რაც უნდა ავადმყოფი იყვნენ, სიკვდილს არჩევენ და მარხვას არ სჭამენ. ამით ისინი იწონებენ თავს, რომ ლათინთა მღვდელ-მთავრებს და ბერებს, რომელნიც მარხვას სჭამენ, ზიზღით უყურებენ. თქვენო, გვეუბნებიან ჩვენ ისინი, ღირსი არ ხართ ღვთის-მსახურის სახელისა, რადგან ღვთის მსახური მხოლოდ მარხვის შენახვით იცნობებაო. ამაში იმდენად დარწმუნებულნი არიან, რომ არ უნდათ დაიჯერონ, რომ ჩვენმა მაცხოვარმა იესო ქრისტემ პასექის დღეს პასექის კრავი სჭამა. ამიტომაც, როცა წმიდა სერობას ხატავენ, მათის შეცდომის დასაფარავად, ყოველთვის ტაბლაზე ხატავენ თევზს, ზეთის ხილს, ბოლოკს და სხვა ამისთანებს, და ბატკანს არასოდეს. ხორცს რომ სთმობენ, მაგიერში ისე ბევრ ღვინოს სვამენ, ისე იბერებიან ღვინით, რომ გონება მუდამ დაბნეული აქვთ. ვითარცა სრულიად უსაქმო კაცები, ფიქრობენ მხოლოდ მხიარულებაზე, სუფრას თითქმის არ შორდებიან და უმეტეს ნაწილს თავის სიცოცხლისას სუფრაზე ატარებენ. რომ მეტი დრო გავიდეს სუფრაზე, გამართავენ ხოლმე სხვა-და-სხვა მხიარულებას, თამაშობას, დროს გატარებას: ხან სჭამენ, ხან სვამენ, ხან მღერიან, ხან ცეკვავენ, ხან ხტუნავენ და ყოველივე ღვინით თავდება ხოლმე. ერთხელ მე მივედი ერთ ჩემ მეგობარ ეპისკოპოსთან, რომელიც თუმცა ხნიერი იყო, მაგრამ დარბაისლობა აკლდა. სერობის ლოცვის დრო იყო, მაგრამ ეპისკოპოსი იჯდა სუფრაზე და მასთან ერთად ბევრი წვეული. ასე გაეტარებინათ სუფრაზე ხუთი საათი, ბევრი უსვამთ და ეპისკოპოსი და ყველა სტუმრები ღვინით გამხიარულებულნი იყვნენ. როცა ეპისკოპოსს ჩემი მისვლის ამბავი მოახსენეს, უეცრად წამოხტა სუფრიდან და დიდად გახარებული შემომეგება. მომისვა გვერდით და ბრძანა მისი ჯოგიდან საუკეთესო ხბო მოეყვანათ. ხბო რომ მოიყვანეს, ცოცხალი მიაბმევინა ხეზე და ჩემდა სიამოვნებისათვის და პატივის საცემლად მოისურვა თავის ხელით მოეკლა. ამისათვის მოატანინა თოფი, ესროლა ხბოს და მოჰკლა. ამით თვითონაც ისიამოვნა და მთელმა შეკრებილებამაც ტაში დაუკრა. ხბო მაშინვე გაატყავეს და წაიღეს სამზარეულოში. საჩქაროდ შეწვეს, მოამზადეს და მოიტანეს სუფრაზე და თან მოაყოლეს დიდი ქვაბით ღომი, ბევრი ღვინო და საჭმელები. რომ ნახეს ახლად მომზადებული საჭმელი, ხელმეორედ შეუდგნენ პურის ჭამას, თუმცა დასრულებელი ჰქონდათ. ეპისკოპოსი მეტად მხიარული იყო, დიდის სიმარდით წამოხტა თავის ადგილიდან და მოისურვა თავის ხელით დაერიგებინა ღომი, რაც უკანასკნელი მზარეულის საქმეა ხოლმე. ამისათვის აიღო ხელში ჩოგანი, რომლითაც ღომს არიგებენ, მარდად და სწრაფად ყველას ჩამოურბინა და ჩამოურიგა ღომი.
ზოგჯერ სუფრის გასამხიარულებლად, მოატანინებენ ღვინით სავსე სურას და დადგამენ შუა ადგილას იმ განზრახვით,რომ თვითეულმა სცადოს თავისი სიმარდე და ორივე ფეხით გაჩერდეს სურის გვერდებზე ისე, რომ სურას ყელი ფეხების შუა დარჩეს და სურა არ წააქციოს და არც ღვინო დაღვაროს. ამ შესანიშნავის სიმარდის გამოჩენას მრავალნი სცდიან. მათ შორის ფრიად ხნიერი კაცებიც არიან. ხშირად ამ ვარჯიშობაში პირველობა რჩება თვით ეპისკოპოსს. ხტომის წინ თვითეული მოვარჯიშე გაიძრობს ფეხსაცმელს. ცოტანი იმარჯვებენ ხოლმე ამ ვარჯიშობაში, რადგან ვერ ახერხებენ ორივე ფეხით ერთს და იმავე დროს შესდგნენ სურას გვერდებზე და ამიტომ ერთი მხრით რომ შესდგამს ფეხს, სურაც წაიქცევა და თვითონ მოვარჯიშეც დაეცემა ძირს, იატაკზე ღვინოს დაღვრის და გაისვრება იმითი. ამასთანავე მაყურებლები დააყრიან სიცილს და კიჟინას. სამაგიეროდ გამარჯვებულს ყველანი ქებას უძღვნიან და გარდა ამისა საჩუქრად ღვინოს დაალევინებენ მაშინვე. თუ ამან კიდევ ის სიმარდე გამოიჩინა, რომ სურაზე მდგომმა თასით მორთმეული ღვინოც დალია, მისი სახელი თითქმის უკვდავი შეიქმნება.
ზოგჯერ კიდევ დარბაზის შუა იატაკზე დასდგამენ ღვინით სავსე ვერცხლის თასს. ვინც სავარჯიშოდ მივა, ხელებს ზურგს უკან შეუკრავენ და ასე ხელშეკრულმა უნდა დაიჩოქოს და კბილებით ასწიოს თასი, თვითონ ფეხზე უნდა წამოდგეს და მერე ისე გამოსცალოს თასი, რომ ერთი წვეთი ღვინოც არ დააქციოს და შემდეგ ამისა ხელმოუკიდებლად ისევ იმ ადგილას უნდა დადგას თასი, საიდანაც აიღო.
აი სულიერი დროს გატარება ამ უბედური ეპისკოპოსებისა. ამნაირ დროს გატარებაში სჭარბობენ ეპისკოპოსები სხვა აქაურ დიდებულებს იმის გამო, რომ ერთის მხრით, უფრო მდიდრები არიან და მეორეს მხრით, ბევრი და მძიმე ფიქრი არ აწუხებთ.
მათი ეკლესიები კარგადაა მოწყობილი და შემკულია მშვენიერი ოქროს და ვერცხლის ხატებით. ამის მიზეზი მათი ღვთის სიყვარული როდია, არამედ სურვილი, რომ ამით თავიდან აიცილონ ღვთის რისხვა და რამე კეთილი ქმნან იმ ბოროტების მაგიერ, რომელსაც მუდამ დღე ჩადიან. მართლა, მათ შორის ის შემცდარი რწმუნება არის გავრცელებული, რომ კაცს ყოველივე ცოდვა ეპატიება, თუ ეკლესიას რასმე შესწირავსო. ამიტომაც, თუ ვინმემ რამე დანაშაულობა ჩაიდინა და სინიდისი აწუხებს, აღსარებას როდი სთვლის საუკეთესო საშუალებად სინიდისის გაწმენდისა და ცოდვის მონანიებისათვის, არამედ დარწმუნებულია, რომ ეკლესიას თუ ოქროს ან ძვირფას ქვებს შევსწირავ, ყოველივე ცოდვა სრულებით მეპატიებაო.
აღსარების საიდუმლოებას, როგორც ეპისკოპოსები, ისე მღვდლებიც იმდენად დაშორებულნი არიან, რომ ბევრ მათგანს მთელ თავის სიცოცხლეშიც სრულიადაც არ უთქმევინებია ვინმესთვის აღსარება. ამის მიზეზია ერთის მხრით სისასტიკე ბერძენთა სჯულისა, რომელიც ყოველი ცოდვისთვის საშინელ სასჯელს უნიშნავს, და მეორეს მხრით ისა, რომ ხალხი ცდილობს თავიდან აიცილოს აღსარების აუტანელი ხარჯი.
დარწმუნებულნი არიან, რომ ცოდვების ახსნაში აღსარების მაგივრობას გასწევს არამცთუ ბოროტი საქმის მაგიერ კეთილის ჩადენაო (როგორც ზემოდ ვთქვით), არამედ საკმაო არისო ცოტაოდენი საკმეველი რომ ცეცხლზე დაიწვასო. მართლაც, როცა ვისმე სინიდისი აწუხებს რამე დანაშაულობის ჩადენის გამო, აიღებს ერთ მარცვალ საკმეველს, თავზე შემოივლებს და ცეცხლში ჩააგდებს დასაწვავად. დარწმუნებულნი არიან, რომ ამით ღმერთი დამშვიდდება და ყოველსავე დანაშაულობას, რაც უნდა დიდი იყოს იგი, მოგვიტევებსო. ამიტომაც იგინი დიდად აფასებენ საკმეველსა და არაფერი საჩუქარი ისე არ გაუხარდებათ, როგორც რამდენიმე მარცვალი საკმეველი. ვინც უფრო ღვთის მოშიშია, იგი ყოველთვის ქისით თან ატარებს ცოტაოდენ საკმეველს, რათა საჭიროებისამებრ, მზად ჰქონდეს ეს ცოდვის წინააღმდეგი წამალი.
ეპისკოპოსების გარდა არიან სამღვდელო პირნი, რომელთაც ბერძნები უწოდებენ იღუმენებს და სამეგრელოში კი წინამძღვრებს. წინამძღვრები ეპისკოპოსების კვალს მისდევენ. ესენიც დიდად მდიდრები არიან და იმათზეც იგივე ითქმის, რაც ზემოდ ვთქვით ეპისკოპოსების შესახებ.
წინამძღვრის შემდეგ მღვდლები არიან, რომელთაც მეგრელები ეძახიან პაპებს. რა უნდა იყოს მათი ცოდნა, სიკეთე და სათნოება, ადვილი გამოსაცნობია, თუ წარმოვიდგენთ ეპისკოპოსების ცოდნას, სიკეთეს და სათნოებას. ზოგჯერ მე მომსურვებია გამომეცადა მათი ცოდნა და მიჩვენებია მათთვის მხოლოდ ქართული ანბანი (რადგან ქართულს ხმარობენ წირვა-ლოცვაში). ზოგს მათგანს პირველი ასოებიც არ სცოდნია. ამიტომაც არ არის საკვირველი თუ მათის უცოდინარობის გამო იქ სრულებით დავიწყებულია ნათლობის წესი. ამაში ყველა დარწმუნდება იმ წესის დაკვირვებით, რომელსაც ასრულებენ ბავშვების მონათვლის დროს. ეს წესი შემდეგია. ჯერ ერთი, რომ არასოდეს არ მონათვლენ ყმაწვილს, ვიდრე სამი ან ოთხი წლისა არ შესრულდება. როცა ბავშვი სამი-ოთხი წლის შეიქმნება, მისი მშობლები მოემზადებიან დიდ-წვეულებისთვის და მოიწვევენ მრავალ ნათესავებს და მეგობრებს. როცა ხალხი შეიკრიბება, სუფრაზე დაჯდომამდი ბავშვს წაიყვანენ მარანში, სადაც უნდა შესრულდეს მღვდელთ-მოქმედება ნათლიას და ყველა წვეულთა თანადასწრებით. აქ პაპა, საეკლესიო ტანისამოსით შემოსილი აკურთხებს ერთ დიდ კასრში წყალს, ბერძენთა კონდაკისამებრ, რომელსაც ისინი საზოგადოდ მისდევენ. მერე საჩქაროდ წაიკითხავს ყოველსავე, რაც ამ კონდაკში სწერია ნათლობის შესაახებ. სხვა წესებს, რომელიც ნამდვილ კონდაკებაში დაწესებულია, მღვდელი არ ასრულებს, მაგალითად, არც სულის ჩაბერვას, არც ეშმაკის წყევლას და არც წყალში ჩაყვანას. ერთის სიტყვით მღვდელი კონდაკის წაკითხვის მეტს არას დაეძებს. შეასრულებს ამას თუ არა, გაიხდის მაშინვე სამოსელს და წავა. მერე ნათლია აიღებს ჩხირს, ამოავლებს მირონში და წააცხებს ყმაწვილს, რომელსაც იქ მდგომნი უკვე მღვდელისაგან ნაკურთხს წყალში დაბანენ. აი ასეთია მათი ნათლობა, ეს დასაბამი და კარი ყველა დანარჩენი საიდუმლოებისა.
თუ როგორ ესმისთ ამ მღვდლებს მღვდელთ-მოქმედება, ამის შესახებ მე მათგანვე გავიგე შემდეგი სამწუხარო ამბავი. ერთი ბავშვი გამხდარიყო ძლიერ ავად და როცა კვდებოდა, დედამ დაიბარა ერთი პაპა და სთხოვა, ყმაწვილი მომინათლეო. გულუბრიყვილო მღვდელმა, რაკი ნახა, რომ ბავშვი კვდებაო, ბოდიში მოიხადა და უთხრა დედას, მომაკვდავის მონათვლა არ ვარგაო, რადგან ნათლობა ლხინით და ნადიმით უნდა გადაიხადოს კაცმაო და არა ტირილით და მგლოვიარობითაო. ამას ის უნდა დავუმატოთ, რომ, რადგან ბავშვი მალე უნდა მომკვდარიყო, მღვდელს არ უნდოდა დაეხარჯა მირონი, რომელიც მას ისე ვაი-ვაგლახით ნაშოვნი ჰქონდა. ბავშვი მალე გარდაიცვალა. დედა რომ მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი, მისდა სანახვად და სანუგეშებლად მოვიდა მეორე მღვდელი. ეს მეორე მღვდელი თუმცა სწავლით თანასწორი იყო პირველისა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ბავშვი მოუნათლავი გარდაიცვალაო და დედაც ამას სჩივისო, სრულებით სხვა აზრი გამოსთქვა, ვიდრე პირველმა მღვდელმა, და იმის შეცდომის გასასწორებლად შეიმოსა მაშინვე და დიდის ამბით მონათლა მიცვალებული ყმაწვილი. აი მათის სწავლის შესაფერი საქმენი!
რაღა ვთქვა იმ საზეიმო წუთისათვის შესაფერ გარემოს შესახებ, რომელშიდაც ასეთი ჯურის მღვდლები სწირავენ! მაშინ, როდესაც ჩვენ ეს მშვენიერი მუხლი საღმრთო წერილისა: „შესაბამი ადგილი ჰქონდეს სამოსელსა შენსა, საკურთხეველის მსახურო!" გვავალებს, რათა სათანადო წესით ვწირავდეთ, იმათი ტიბიკონი, როგორც სჩანს, სულ წინააღმდეგს აწესებს, და ამიტომაც იგინი არც ნაკურთხი ადგილისა და არც შესაფერი სამღვდელო ტანისამოსის შესახებ არ ზრუნავენ და არც საკურთხეველს დაეძებენ. მართლაც, რაც შეეხება ადგილს, მათთვის სულ ერთია. სწირავენ ეკლესიაში, თუ გარედ: ხშირად, როცა მღვდელს ეკლესია დაკეტილი დახვდება, გარედაც სწირავს, ოღონდ არ დაჰკარგოს სადილი, რომელიც ერთად ერთი მისი სასყიდელია. ხოლო საკურთხეველის მაგიერ ხმარობენ კარის ზღრუბლს, რომელიც ყველასაგან ფეხით გათელილია ხოლმე. აქ ტიტველ მიწაზე დადგამენ ბარძიმის მაგიერ ხის კათხას, რომელსაც გადააფარებენ სახლში ნახმარ ხელსახოცს. ეს ხელსახოცი უწევთ მათ ერთ და იმავე დროს ბარძიმის საწმენდის და დაფარნის მაგიერობას. იქვე ჯამით დადგამენ მოზდილ პურს და ღვინით სავსგოგრას. თავის დროზე ამ ღვინით გაავსებენ კათხას, სჭამენ პურსა და სვამენ ღვინოს. ამ ნაირად ეს უბედურები ცდილობენ, რომ სხეული მაინც დააკმაყოფილონ კარგი საუზმით, რადგან სულს ვერ აკმაყოფილებს ამნაირი წირვა.
ასე მოწყობილს საკურთხეველს შეეფერება მათი სამოსელი და მათი უცნაური საქციელიც. შეუძლებელია კაცმა აღწეროს, თუ რა სხვა-და-სხვაობას წარმოადგენს ამ ღირსეულ პაპათა სამოსელი წირვის დროს. საუცხოვო სანახავია, როცა ბერძენთა რჯულისამებრ მთელი კრებული შეუდგება წირვას: ზოგს წამოხურული აქვს ძველი შალი, რომელიც მას სანახევროდ უფარავს ზურგს; ზოგს, ვინც უფრო საპატიო არის, უფრო გრძელი შალი აქვს და ზოგს კი, ვინც უფრო ღარიბია, მხრებს მისი საკუთარი ცხვირსახოცი უფარავს. რამდენად აკლიათ გულმოდგინება ღვთის მსახურებისადმი და რამდენად მოურიდებელნი არიან ამ დროს, იქიდან სჩანს, რომ თუ რამე საქმე შეხვდა ამ დროს, იმის განხილვას და გაკეთებას გვერდს არ აუხვევენ. მაგალითად, ერთ მღვდელზე ამბობენ, რომ ერთხელ წირვის დროს გაიგონა ჩურჩული, რომ თურქების გემი მოსულაო (რასაც დიდი მოუთმენლობით ელოდებიან მეგრელები) მღვდელმა მოჰკრა ყური თუ არა ამ ამბავს, მაშინვე მიუბრუნდა იქ მყოფთ და ჰკითხა, მართალია თუ არა ეს ამბავიო. როცა პასუხი მიიღო, ნამდვილიაო, — მთელი წირვის განმავლობაში იქ მყოფი ხალხისაგან ყოველსავე გარემოებას ტყობილობდა: იტყოდა ზეპირად (რადგან უცოდინარობის გამო კითხვა არ შეეძლო) წირვის რამდენსამე ადგილს და მიუბრუნდებოდა ხალხს და ჰკითხავდა, როგორ ფასობს გემზე ქსოვილიო. მიიღებდა თუ არა პასუხს, წირვას განაგრძობდა. მერე გაახსენდებოდა ცვილის ფასი და იკითხავდა. როცა პასუხს მიიღებდა, კიდევ განაგრძობდა წირვას. შემდეგ კიდევ მოაგონდებოდა რამე გემის შესახებ და ისევ იკითხავდა. თითქმის ამ კითხვა-პასუხში გაატარა დრო წირვის დასრულებამდი.
მეტად საძაგელი სანახავია, როცა წირვის დროს მღვდლები სჭამენ იმ პურსა და სვამენ იმ ღვინოს, რომელიც ზემოდ მოვიხსენიეთ, — თითქოს დუქანში იყვნენო და არა ეკლესიაში. ამ მღვდლებს ყველას გრძელი წვერ-ულვაში აქვთ. როცა ბარძიმით ღვინოს დალევენ, მათი გრძელი ულვაშებიც კარგად დასველდება და მერე სახელოთი შეიმშრალებენ. სეფისკვერს რომ სჭამენ, დიდ-დიდ ლუკმებს ჰყლაპავენ და თავს არ შეიწუხებენ, რომ ნამცეცები აკრიფონ. მერე დაასრულებენ თუ არა წირვას, მიდიან სადილის საჭმელად და გზაზე იცინიან და ხუმრობენ სხვებთან ერთად.
ამიტომაც საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს ჩემი საყვედური, რომელიც მე ხშირად განმიცხადებია მათთვის, სახელდობრ ისა, რომ მათ ნათლობა დავიწყებიათ. რადგან ნათლობა კარია ყველა სხვა საიდუმლოებისა და თუ ნათლობა დავიწყებიათ, ყველა დანარჩენი საიდუმლოებაც დავიწყებული უნდა ჰქონდეთ. თვით მღვდლები არ არიან კანონიერად ნაკურთხი და არც მღვდელთ-მოქმედება ეკუთვნის მათ. ამისთანა მღვდლების ხელში რა პატივი უნდა ჰქონდეს წმინდა ნაწილებს.
წირვისათვის ჩვეულებრივი სასყიდელი არის კარგი სადილი, რომელსაც დაუმატებენ ხოლმე ერთ ტიკჭორა ღვინოს და ერთ კალათ ღომს. ხოლო მღვდლებს გამოსარჩენი წირვისაგან კი არა, სხვა რამეებისაგან უფრო აქვთ. ამ სახსართა შორის პირველი ადგილი უჭირავს მსხვერპლის შეწირვას იმ სახით, როგორც ებრაელებმა იცოდნენ. მღვდლებს ხალხი დაუჯერებია, რომ ყოველმა კაცმა თავის სიმართლის დასაცველად ხშირად უნდა შესწიროს ღმერთს მსხვერპლი, რომლის გამო მას ბევრი დაეხარჯება და მღვდელიც ცოტაოდენს გამორჩება. ამიტომაც არ მოიძებნება სამეგრელოში ისეთი ღარიბი ოჯახი, სადაც მღვდელი ხშირად არ დადიოდეს მსხვერპლის შესაწირავად. მსხვერპლად ჩვეულებრივ სწირავენ ხარებს, ძროხებს, ხბოებს, ცხვრებს, ბატკნებს და თიკნებს. მსხვერპლის შეწირვა ასე მოხდება ხოლმე: დილა ადრიანად მოიყვანენ შესაწირავ პირუტყვს იმ კაცის წინაშე, რომლისაგანაც დანიშნულია შესაწირავი. იმ პირუტყვის თავზე პაპა იტყვის რამდენსამე ლოცვას, რომელშიაც მოხსენებულია მრავალი მსხვერპლის შეწირვა ძველის აღთქმის ისტორიიდან: აბელისა, აბრამისა, სოლომონისა და სხვებისა. შემდეგ ამისა პაპა იმ სანთელით, რომელიც ანთებული უჭირავს ხელში, პირუტყვს შეურუჯავს ზურგზე ხუთ ანთებულ ბალანს ჯვარედინად. მერე ამ პირუტყვს სამჯერ შემოატარებენ შემომწირველის გარეშემო, და ყველა იქ მყოფი უსურვებს ამ კაცს სიმრთელეს, დღეგრძელობას და ბედნიერ სიცოცხლეს. ამის შემდეგ პირუტყვს წაიყვანენ სამზარეულოში, სადაც მზარეული დაჰკლავს და უბრალო წყალში მოხარშავს. ამასობაში პაპაც წირვას შეუდგება და წირვის დასრულებისთანავე შესაწირავი ხორციც მოიხარშება. ამ ხორცს ერთიანად მიიტანენ იქ სადაც პური უნდა სჭამონ და სადაც შეიკრიბებიან პაპა და ყველა დაპატიჟებულნი. მაშან მასპინძელი მიართმევს ყველას თითო პაწაწინა სანთელს და თითო მარცვალ საკმეველს. თვითეული თავის სანთელს აანთებს და პაპა შესაწირავ ხორცის წინაშე კიდევ იტყვის რამდენსამე ლოცვას, ამ დროს ყველანი ფეხზე დგანან, გარდა მასპინძელისა, რომელიც დაჩოქილია შესაწირავის წინაშე. მღვდელი რომ დაასრულებს ლოცვას, ყველა რიგ-რიგად მიუახლოვდება მასპინძელს, თავზე შემოავლებს ანთებულ სანთელს და საკმეველის მარცვალს, ღმერთსა სთხოვს მის ბედნიერებას, სიმრთელეს და დღეგრძელობას და სანთელ-საკმეველს ჩააგდებენ მაყალში, რომელიც ამისათვის იქვეა დამზადებული. შემდეგ ამისა ყველანი მხიარულად დასხდებიან სუფრაზე და შეუდგებიან პურის ჭამას. პაპას ცალკე სუფრაზე სვამენ მარტოკა. სხვები მეორე სუფრაზე დასხდებიან რიგ-რიგად. პაპას არჩივია მთელი მკერდი, მთელი ზურგი, ჭაჭები, გულ-ღვიძლი და ელენთა. მასვე ნება აქვს, რაც მორჩება სახლში წაიღოს. სხვებს შესაწირავ ხორცზე ამის ნება არ აქვთ. პაპასვე ეკუთვნის შესაწირავის თავი, მოუხარშავი ფეხები და მთელი ტყავი. ხოლო ესენი როდი ჩაეთვლება მას იმ ფასში, რომელიც ერგება წირვისათვის.
შესაწირვს გარდა დიდი შემოსავალი აქვთ მღვდლებს მომავალი საქმის გამოცდებიდან. იქაურები არავითარ საქმეს არ დაიწყებენ, სანამ არ დაუძახებენ მღვდელს, რომელიც მარჩიელობს და გამოუცხადებს მათ, კარგი ბოლო ექნება მათ საქმეს, თუ ცუდი. ავადმყოფობის, მგზავრობისა, სასამართლოში საქმის გარჩევისა, ქორწინებისა და ყოველივე მომავალი საქმის შესახებ მღვდელმა უნდა უწინასწარმეტყველოს მათ. გარდა ამისა ვისმე რომ რაიმე უბედურება შეემთხვევა, მღვდელმა უნდა ახსნას, თუ ღმერთმა რა მიზეზით მოუვლინა ეს უბედურება. მეგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ უფრო ერთი უბედურება, განსაკუთრებით ავადმყოფობა, არის შედეგი მათის ცოდვებისა, რომლის გამო განრისხებულ ღმერთს ან რომელსამე წმინდანს ჰსურს მათი სიკვდილი ან სრულიად დაღუპვა. ამიტომაც ყოველი ავადმყოფობისა და უბედურობის დროს მღვდელმა უნდა აუხსნას მათ, თუ რა ცოდვა ჩაუდენიათ და რა საშუალებით უნდა აუცილონ თავიდან ღვთის რისხვა. ამის გამოსაცნობად მღვდელს ორი საშუალება აქვს: ერთია წიგნაკი და მეორე — ორი ვერცხლის ეჟვანი, რომელთაც ერთი მხარე ჩაჭრილი აქვს ჯვარედინად. მღვდელი რომ მოვა, მიუახლოვდება ავადმყოფის ლოგინს, წიგნაკს შემოავლებს თავზე და თან იტყვის რაღაც ლოცვებს. მერე დაჯდება, სულის შებერვით საჩქაროდ გადაფურცლავს წიგნაკს და დიდის გაკვირვებით დაადებს თითს ერთს რომელსამე სტრიქონს, გაჩერდება და იტყვის, აქ არის ჩვენი საქმეო. მერე დიდად დაფიქრებული გულმოდგინედ დასცქერის ავადმყოფს, ამ დროს ავადმყოფი და მისი ახლობლები დიდის გულისფანცქალით ელოდებიან მის განაჩენს და შესცქერიან მისი სახის გამომეტყველებას. მღვდელმა თუ შენიშნა ავადმყოფს, რომ მისი მორჩენა აღარ შეიძლებაო, იტყვის, რომ ჩემს წიგნაკში ამოვიკითხეო, რომ შენ დიდი ცოდვა ჩაგიდენიაო და ამისათვის ფრიად გარნისხებულა ეს და ეს წმინდანი, რომელსაც გადაუწყვეტია შენი მოკვლაო; ხოლო ნუ შეგეშინდებათ, რადგან წმინდანს უნდა მიიღოს ან ძროხა, ან ხბო და ან ცხვარიო და თუ შესწირავ ერთ ამათგანს კეთილის გულით, იქნება გადარჩე სიკვდილისგანო. ამ განაჩენს ისე მტკიცედ ერწმუნებიან, თითქოს ზეციდან მოვლენილი იყოსო: მოიყვანენ მაშინვე რომელსამე პირუტყვს ავადმყოფის წინაშე და სამჯერ შემოატარებენ მისი ლოგინის გარშემო. ამ დროს დამსწრენი ხმამაღლა სთხოვენ წმინდანს, რათა შეიბრალოს ავადმყოფი და არ მოჰკლას იგი; მიიღოს მსხვერპლი, რომელსაც იგი უძღვნის თავის ცოდვათა მოსანანიებლად.
აგრევე მოქმედობენ, როცა ვერცხლის ეჟვნებით არჩევენ. ამ ეჟვნებს კამათლებსავით ისვრიან კარგად გაჭიმულ ქსოვილზე და თუ გაჩერების დროს ეჟვნებს ჯვარის სახე ძირს დაურჩა, ამბობენ, რომ ეს ავადმყოფის ცოდვის ნიშანიაო.
მღვდელთა შორის ის მიაჩნიათ უფრო სწავლულად და მართლად, ვინც ისეთ ორჭოფ პასუხს გამოსთქვამს, რომლის გაგება რამდენსამე სახით შეიძლება და რომლის ან ერთი აზრი და ან მეორე უსათუოდ გამართლდება. ხოლო ზოგს მათგანს რომ იდუმალი თუ აშკარა კავშირი აქვს ეშმაკთან, რომლის შემწეობით მართლდება მათი ნათქვამი, ამაში ადვილად დარწმუნდებით შემდეგი ამბიდან, რომელიც ჩემს დროს მოხდა. ჩვენ სახლის მეზობლად იდგა ერთი აზნაური, ჩვენი პატივისმცემელი. ბევრი საუბრის შემდეგ ჩვენ მას თავიდან გამოვაცალეთ მათი მღვდლების ცრუმორწმუნოება და დავარწმუნეთ, რომ ყოველივე მათი ხერხი აშკარა სიცრუეა, რომლის მიზანი მხოლოდ მღვდლების სარგებლობააო. გაიარა რამდენიმე ხანმა და ეს აზნაური ავად გახდა. მან მარჩიელად მღვდელი დაიბარა, უფრო გასართობად და სხვების შესარცხვენად და არა იმიტომ, რომ მღვდლის მარჩიელობისა სწამებოდა რაიმე. მღვდელი მოვიდა, არჩია წიგნაკისა და ვერცხლის ეჟვნების შემწეობით და უთხრა, რომ შენი ცოდვების გამო წმინდანს მოუვლენია შენთვის ავადმყოფობა და რადგან ფრიად მძიმეა შენი ცოდვები, წმინდანს შენი სიკვდილი უნდაო. სხვა საშუალებით თავს ვერ იხსნი, თუ მსხვერპლად არ შესწირავ შენი ჯოგიდან ამ და ამ თეთრ მოზვერსაო. ამ რჩევაზე ავადმყოფმა მღვდელს სიცილი დააყარა და უთხრა, რომ ყოველივე ეს სიცრუე არისო და თქვენივე გამოგონილია თქვენის სარგებლობისათვისო; არა მჯერა, რომ წმიდანი ჩემის განკურნებისათვის ასეთს მსხვერპლს მომთხოვდაო. კარგიო, უპასუხა პაპამ, ჩემი სიტყვების დასამტკიცებლად მოვაყვანინოთ მთელი შენი ჯოგი და თუ იმაში ვერავითარი ცვლილება ვერ შენიშნო, მე მატყუარად ჩამრიცხეო; ხოლო თუ რომ აქ მოახლოვებისათანავე მთელი ჯოგი გაჩერდება და მხოლოდ ჩემგან დასახელებული თეთრი მოზვერი დაშორდება მთელ ჯოგს და პირდაპირ მოვა აქ, შენ წინაშე, მაშინ ხომ მერწმუნებიო? დიაღაცო, უპასუხა ავადმყოფმა. მოიყვანეს მართლა ჯოგი. როცა ჯოგი მიუახლოვდა ავადმყოფის სახლს, ერთიანად გაჩერდა, გარდა თეთრი მოზვერისა, რომელიც გამოვიდა ჯოგიდან და პირდაპირ ავადმყოფის ლოგინთან მივიდა. ავადმყოფი მაშინ შეშინდა, რომ მღვდლის ნარჩევი ამიხდება და მოვკვდებიო; დარწმუნდა, რომ ჩვენი სიტყვები გაცრუვდა, და ამიტომაც ირწმუნა მღვდლის რჩევა და წმიდანს შესწირა მსხვერპლად მოზვერი. ვინ იტყვის რომ აქ ეშმაკის ხელი არ ყოფილიყოს? და ვინ არ დასტირებს მწარედ ამ საწყალ მღვდლების უბედურებას? მის მაგიერ, რომ ღვთისაგან რჩეულმა მღვდლებმა მსხვერპლად შესწირონ წმიდა ხორცი და სისხლი მაცხოვრისა ჩვენისა, პირუტყვსა სწირავენ ეშმაკს, რამეთუ დაბრმავებულან ბოროტებითა, უმეცრებითა და ანგარებითა!
- ↑ რამდენად სხვა საგნების შესახებ ავტორი თანაგრძნობით აღწერს სამეგრელოს ცხოვრებას, იმდენად საეკლესიო წყობილების და სამღვდელოების აღწერაში ფანატიკოსობას იჩენს (მთარგმ.). მთარგმნელის ამ შენიშვნას, ჩვენის აზრით მეტად მართებულად უკასუხებს ი. ქობალია, როდესაც სწერს: ავტორის (ლამბერტის) აღწერაში, მე, როგორც ადგილობრივი მცხოვრები, ვხედავ მის მიერ განცდილ და ნახულ ფაქტების იმ დროის მიხედვით სიმართლესთან დაახლოვებულ ასახვას; მართალია, ეს ფაქტები თავის მოცულობით შორს არის სისრულისაგან, მაგრამ ავტორი ხომ არ ამტკიცებს, რომ მას შეუმჩნეველი არაფერი დარჩენია სამეგრელოს ცხოვრებაში“ (რედ.).
- ↑ სიმონია — თანამდეგობათა გაყიდვა.
XXIII. დღესასწაულნი და მარხვანი
[edit]როცა სამღვდელოების წესრიგი და ჩვეულება ჩამოვთვალეთ, ბევრი იმისთანა რამე აღმოჩნდა, რაც ერთს და იმავე დროს სასაცილოც და სამწუხაროც არის. სწორედ ესევე ითქმის მეგრელების დღესასწაულების და მარხვის თაობაზე, რაზედაც მათ დასცინიან თვით თურქები და ურჯულოები. მათ დღესასწაულ-მარხვანი მომდინარეობენ ებრაელთა დროიდან, რომლის შესახებ გვამცნევს იერემია, როცა იგი გოდებით ამბობს: „მხილველთა მათ მტერთა განიცინნეს გადასახვა ზედა მისსა“ (იერემია, გოდება, V ზაინ). მეგრელებს წმიდა მოვალეობად მიაჩნდათ, რომ დღესასწაულის დროს, რაც შეიძლება, დიდი წვეულება გამართონ და რაც შეიძლება, დიდ ხანს დარჩნენ სუფრაზე. არ ფიქრობენ არც ლოცვებისა და არც საიდუმლოების შესახებ: პირიქით, ჰგმობენ ღვთის და კაცის ყოველსავე წესს, ფრიად შეურაცხჰყოფენ ღვთის დიდებას და ცდილობენ მხოლოდ კარგად დროს გატარებას. ლოთობა, მკრეხელობა, უმართებულობა, ცეკვა და არეული სიმღერა, აი რითი ამკობენ ხოლმე იგინი დღესასწაულებს.
ოდიშში არავინ არ იცის, თუ აღდგომის დღისათვის აღსარების და ზიარების მიღება არის საჭირო. ყველანი მხოლოდ იმას ფიქრობენ, თუ ამ დღისათვის როგორ დავამზადოთ მეტი საჭმელი და სხვა-და-სხვა ხორცეულობა, რათა სუფრაზე მეტი დრო გავატაროთო. თუმცა ეკლესიაში ადრიანად მიდიან, მაგრამ უფრო სიმშილის გამო, ვიდრე ღვთის სიყვარულით, რადგან რაც უფრო ადრე მივლენ ეკლესიაში, მით უფრო ადრე გაიხსნილებენ, და დიდმარხვის შემდეგ დაეწაფებიან სანატრელ ხორცს. კარგი ორი საათი იქნება გათენებამდე, რომ ეკლესიაში მივლენ და თავდაპირველად იქვე სასაფლაოზე თვითეული თავის მიცვალებულის საფლავზე ბლომად სანთელს აანთებს. შემდეგ ამისა ეკლესიის გამგე, იქნება ეს მღვდელი, წინამძღვარი, თუ ეპისკოპოსი, შეიმოსება საეკლესიო სამოსელით, დაიჭერს ხელში სანთელს, შევა სამრეკლოზე და ხმა მაღლა ხალხს გამოუცხადებს ქრისტეს აღდგომას ამ სიტყვებით, რომელსაც სამჯერ გაიმეორებს:
Isminde, Isminde — ისმინე, ისმინე
Tcazo ctiso — კაცი ღვთისა
Nadiri ctiso — ნადირი ღვთისა
(Tchenzi Zchiso — (გაურკვეველია სამი სიტყვა-რედ.)
Ctqualgâ) Christi adghâ ghigârodes. — ქრისტე აღსდგა გიხაროდეს.
და ხალხი უპასუხებს: — მადლი მახარობელს.
მერე სამღვდელო ჩამოვა ძირს და შეუდგება ლიტანიას. ორი კაცი წინ მიდის და ორი ბუკს უკრავს. ამათ მოსდევს მესამე, რომელ- საც ხელში დროშა უჭირავს. მათ ანთებული სანთლებით ხელში მომდევს მთელი ხალხი, რომელიც სიარულითაც. სახითაც, მოძრაო- ბითაც და ხმითაც დიდ სიამოვნებას და სიხარულს იჩენს და გა- ლობს აღდგომის გალობას ასე:
„აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოსნი უგა- ლობენ ცათა შინა, და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირსა გვყვენ წმიდით გულითა დიდებად შენდა“.
პატრების ბინები და ეკლესია სამეგრელოში.
მარცხნივ ზევით: მეგრელ დედაკაცებს საფლავზე საჭმელი მიაქვთ. წინა პლანზე:
პატრი რისხავს ბავშვების მყიდველებს და გამყიდველებს. შუაში: მთავრის მიერ
გაგზავნილი სნეული მოდის პატრებთან. მარჯვნივ: მეგრელებს სნეული ბავშვი
მიჰყავთ პატრებთან განსაკურნავად
ქრ. კასტელის ალბომიდან (მე-17 ს.) საქართველოს მუზეუმი.
ამ გალობას ყველანი ერთად ამბობენ ზეპირად და იმავე დროს გარს უვლიან ეკლესიას. ამ ნაირად სამჯერ რომ შემოუვლიან ეკლე- სიას, მერე შევლენ შიგ, სადაც სიჩქარით შესრულდება წირვა. წირ- ვის ბოლოს გამოჩნდება ხალხში ეკლესიის შუა ალაგს შამფურზე წა- მოცმული შემწვარი ბატკანი, რომელსაც წირვის დასრულებისთანავე დაურიგებენ ხალხს. თვითეულს, რასაკვირველია, თითო პატარა ლუკმა ხვდება და ამ ლუკმას მაშინვე შესჭამს კიდეც. აი ეს არის მათი ზიარება ამ დიდებულს დღესა.
წირვის შემდეგ ყველანი მიიჩქარიან თავიანთ სახლებში, რათა მთელი დღე იქეიფონ. ამიტომაც არც მოედანზე შეხვდებიან ერთმა- ნეთს და არც ეკლესიას გააღებენ ლოცვისათვის. ხალხი ფიქრობს, რომ დიდმარხვაში მეტად დავიღალეთ ლოცვითა და მარხვითაო და, რაც აქამდი დაგვაკლდა, ეხლა ლხინით უნდა შევივსოთო. ამიტომ სრულებით ჰკეტავენ ეკლესიას. მხოლოდ აღდგომის მეორე დღეს ლოცულობენ ყველა მიცვალებულთა მოსახსენებლად, როგორც აღ- ეწერით ზემოდ, მეთერთმეტე კარში. მთელ კვირას სულ დღესასწა- ულობენ. მათი დღესასწაულობა გამოიხატება არა უქმობაში, არამედ იმაში, რომ ხორცს სჭამენ თვით პარასკევსაც, ბერძენთა რჯული- სამებრ.
ასეთსავე წესს მისდევენ სულის წმიდის მოფენის კვირაში, რის შემდეგ იწყება მარხვა, რომელსაც იმათებურად ჰქვიან პეტრე-პავ- ლობის მარხვა. ამ მარხვას იხსენიებს წმ. ათანასე, რომელიც ამბობს, რომ ბერძნები ინახავენ ამ მარხვას სული წმიდის მოფენის დღესას- წაულის შემდეგო (Ath. — Apolog de Fug.). კარდინალი ბარონიუსი (Bar. — Ann. Dიm.57) ჰფიქრობს, რომ ათანაზე ამ შემთხვევაში ჩვე- ნებურს სული წმიდის მოფენის მარხვაზე უნდა ამბობდესო, მაგრამ ეს აზრი მისაღები არ არის, რადგან ბერძენთაგან ძველადვე მიღე- ბული ჩვეულება არის, რომ სწორედ იმ კვირაში, როცა ჩვენ სულის- წმიდის მარხვა გვაქვს, ისინი დღესასწაულობენ სულის-წმიდის მო- ფენას და ხსნილსა სჭამენ მთელი კვირის განმავლობაში, თვით ოთხ- შაბათ-პარასკევსაც, და მხოლოდ შემდეგ კვირას ორშაბათიდან იწ- ყება მათი მარხვა.
პირველ აგვისტოს იწყება მესამე მარხვა, ღვთისმშობლის მი- ცვალების სახსოვრად. თუმცა ეს მარხვა გრძელი არ არის და მხო- ლოდ ორი კვირა გასტანს, მაგრამ მაინც ეძნელებათ იგი, რადგან გარდა მცენარეულობისა და ხილისა ყოველის-ფერის ჭამა აკრძალუ- ლია, მაგალითად, თევზისაც. ამ ორი კვირის განმავლობაში სამეგრე- ლოში ჩვეულებად აქვთ, რომ დაღამებისას მამაკაცები და დედაკა- ცები, დიდები და პატარები გამოვლენ სახლიდან მინდორში და აქ გაატარებენ ღამის უმეტეს ნაწილს ცეკვაში და სიმღერაში, რომლი- თაც ისეთ ხმაურობას შეჰქმნიან, რომ თუ ვინმე სახლში დარჩა, იმას არ შეუძლიან თვალი დახუჭოს და მოისვენოს.
მე თვითონ დავსწრებივარ ამ დროს გატარებას რამდენჯერმე და მომისურვებია კიდეც გამეგო, როგორ გაჩნდა ეს ჩვეულება და რაა მისი საგანი, მაგრამ ვერავისაგან ვერაფერი გავიგე: პასუხად მხო- ლოდ იმას მეუბნებოდნენ რომ ეს ასე არის უხსოვარ დროიდანო. ხოლო მე ვფიქრობ, რომ ამ ჩვეულების მომდინარეობა ადვილად უნდა აიხსნებოდეს იმის საშუალებით, რასაც მოგვითხრობს დამასკინი. იგი ამბობს, რომ, როცა ღვთის მშობელი ზეციდან მიისვენაო, მის სასაფლაოზე რამდენიმე დღე ისმოდა ტკბილი ხმა ანგელოზების გალობისაო (Damasc. — Oratio. — 2. de done. Virg.). რადგან ეს ამ- ბავი მათ შორის ძლიერ გავრცელებულია, როგორც მათი მღვდლე- ბის საშუალებით, ისე დამასკინის წიგნის შემწეობით, რომელიც ქარ- თულად გადათარგმნილია, — ადვილად შესაძლებელია, რომ ძველად ღვთისმშობლის სადიდებლად, ანგელოზების გალობათა მიბაძვით, დააწესეს გალობით ღამისთევა. ხოლო, რადგან ეშმაკი თავის შხა- მით სწამლავს ყოველსავე კეთილ საქმეს და ყოველსავე კეთილ და- საწყისს ნელ-ნელა დიდ ბოროტებად გადააქცევს, — მე ვფიქრობ, რომ ასე მოუვიდათ მეგრელებსაც: ეს გალობა პირველად დაწესებული იქნებოდა ღვთისმშობლის სადიდებლად, მაგრამ შემდეგში იგი გადა- იქცა ეშმაკის ლხინად: მართლაც, ეხლა მღერიან სულ საერო სიმ- ღერებს და ამასთანავე ღამის სიბნელეში ისეთ რასმე სჩადიან, რომ მეტად შეურაცხჰყოფენ ღმერთს.
მარიამობის მარხვის შემდეგ დადგება შობის-მარხვა, რომელიც გაგრძელდება ორმოცი დღე შობამდი. ამ მარხვაში არამცთუ ხორ- ცი აღარ იჭმევა, არამედ კვირაში სამი დღე თევზიც არ იჭმევა. როცა შობა დღე დადგება, რასაკვირველია, გახსნილდება და მეგრელები ცდილობენ დილა ადრიანად გაიხსნილონ. მაგრამ უბედურება ის არის, რომ თავის გაუმაძღრობას ღვთის მოსაობის კალთით ჰფარავენ. ამიტომაც ნაშუაღამევს ადგებიან ყველანი, მოის- მენენ რამდენსამე ლოცვას, რომელსაც მათი მღვდელი იტყვის, და მაშინვე თვითეული ოჯახის პატრონი განკარგულებას მოახდენს და დაამზადებინებს კარგ ყვერულებს, ქათმებს და ხოხბებს. ამ მზადებაში გაატარებენ დანარჩენ ღამეს. შუაგულ ოთახში უნთიათ დიდი ცეცხ- ლი. ცეცხლზე ცრიალებს მრავალი შამფური, რომლებზედაც წამო- ცმულია იმდენი ყვერული, ქათამი და ხოხობი, რამდენიც ამ საღმ- რთო ლოცვის მსურველია. ამ ლოცვას მათებურად ეძახიან ოხვამე- რი (Oquamiri) და ასრულებენ შემდეგის წესით. რი
ფრინველები რომ შეიწვება, თვითვეული აქ მყოფი თავის კერძს აიღებს, მოითხოვს აგრეთვე თბილ ხაჭაპურს, დააწყობს ამაებს ჯამზე, მივა ხატთან და იტყვის მის წინაშე რამდენსამე ლოცვას, რის შემდეგ ცალკე კუნჭულში დაჯდება და დიდის სასოებით შესშჭამს მთელს ყვერულს. ამ შემთხვევაში არ არის მიღებული, რომ ერთ- მა მეორეს თავისი არჩივიდან რამე უთავაზოს. აგრეა დადგენილი მა- თი მღვდლებისაგან და უკეთუ შემთხვევით ვინმემ რამე გითავაზათ, ეს ნათავაზები, ვითარცა ნაკურთხი, ცეცხლში უნდა ჩააგდოთ.
შობა დღე რომ გათენდება, ყველანი საუკეთესო ტანისამოსს ჩაიცვამენ და თავის დროზე ეკლესიაში წავლენ. წირვას რომ მოი- სმენენ, სახლში დაბრუნდებიან და დასხდებიან სუფრაზე ამ დი- დებულ დღის პატივის-საცემლად. მათი პურის ჭამა გრძელდება შუა- ღამემდე და ან მეორე დილამდეც.
ახალ-წელიწადს დიდ პატივსა სცემენ და ფრიად დღესასწაუ- ლობენ მეგრელები. მათის აზრით, მთელი წლის ბედნიერება ამ დღე- ზე არისო დამოკიდებული, ამიტომაც ყველა ცდილობს, რაც შეი- ძლება, უკეთესად იდღესასწაულოს ეს დღე, რომ ამით მთელი წლი- სათვის ბედნიერება დაიკვებოს. ამ დღეს ერთი ფრიად ძველ ჩვეუ- ლებას ასრულებენ. მთავარი თავის სასახლიდან (როგორც თავადები და აზნაურები თავიანთ სახლებიდან) წინა ღამით ჰგზავნის თავის კარის კაცებს მახლობელ ყმების სახლებში. მასპინძელი მოვალეა მათთვის დაამზადოს კარგი ვახშამი. ღამის კარგა ხანი რომ გაივ- ლის ჭამაში, სმაში და სიმღერაში, ცოტას მოისვენებენ და გათენე- ბისას ერთად გაემართებიან ბატონის სასახლისაკენ. ამ პროცესიაში თვითეულ მოხელეს სასახლისას მიაქვს ის, რაც შეჰფერის მის ხელო- ბას. მაგალითად, სახლთხუცესი ყველაზე წინ მიდის და მოაქვს ხონ- ჩაზე დაწყობილი ორი ოქროს გვირგვინი, ძვირფასი ქვებით შემკუ- ლი: ერთი მთავრისათვის და მეორე დედოფლისათვის. ამას მისდევს მეჯინიბეთუხუცესი,რომელსაც ხელით მიჰყავს მთავრისათვის კარგად ოქროთი და ძვირფასი ქვებით შემკული ცხენი. ვისაც ჯოგები აბა- რია, იმას მიჰყავს შებოჭილი ფრიად მსუქანი ხარი, რომელიც უნდა დაიკლას იმ დღეს სადილად. მწყემსთ მიჰყავთ საუკეთესო ბატკანი, რომელიც კი მოიძებნება ფარაში. ამათ მისდევენ: მზარეულები — მხრებზე წამოდებული მრავალი შამფურებით, რომლებზედაცა წამო- ცმულია გოჭები, ყვერულები და ხოხბები; ხაბაზი — ერთი დიდი პურით ხელში; მეღვინე — ერთი სურა საუკეთესო ღვინით; მებაღე — ერთი კალათი ხილით. ამათ შემდეგ პროცესიას უკან მოსდევს საუ- კეთესო საეკლესიო ტანისამოსით შემოსილი სამღვდელოება.
როცა ეპისკოპოსი, წინამღძვრები, მღვდლები და დიაკვნები მიიღე-
ბენ ამ პროცესიაში მონაწილეობას, ხელით მიაქვთ ოქროს და ვერ- ცხლის ხატები. მთელი ეს პროცესია მიდის მხიარულად და მთელი გზა მიიმღერის კირილეისონ კირილეისონ კირილეისონ, კირილეისონ კირილეისონ კირილეისონ, კირილეისონ კირილეისონ კირილეისონ. ერთი რომ იტყვის, სხვები პასუხს მისცემენ. სახლის შესავალ კარებს რომ მიუ- ახლოვდებიან, ერთი მათგანი ამ კარებს შემოსავს სუროთი. ამასო- ბაში ვინც სახლშია: თვით მთავარი, დედოფალი, ყმაწვილები და ქალები მოირთვებიან საუკეთესო ტანისამოსით, შეიყრებიან ერთ ოთახში, რომელიც უფრო დიდია სასახლეში, მწკრივად დადგებიან ანთებული სანთლებით ხელში და ელოდებიან პროცესიას, რომელიც შემოდის ოთახში კირილეისონ კირილეისონ კირილეისონის გალობით და წინ ჩამოუვლის ყვე- ლას. თვითეული შინაურთაგანი, მარცხენა ხელში რომ ანთებული სანთელი უჭირავს, მარჯვენა ხელს შეახებს და დიდის ყურადღებით სინჯავს იმ ნივთებს, რომელიც მოხელეებს მოაქვთ, რადგან მტკიცედ დარწმუნებულნი არიან, რომ ვინც ამ დღეს კარგად არ შეახებს ხელს ყოველსავე, იმას არავითარი სიკეთე სახლში არ ექნებაო. ის მხია- რულება, რომელსაც ყველანი გულში გრძნობენ, მცინარე პირისახე- ზედაც ეტყობათ, რადგან ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ წესის შესრულებით ბედნიერების უმაღლეს წერტილს მივაღწევთო. ამ ოთახიდან პროცესია იმავე რიგით და გალობით შემოივლის სახ- ლის ყველა ადგილებს და ყველგან მიაკრავენ სუროს ტოტებს.
აგრე ეგებება ახალწელიწადს თავის სასახლეში მთავარი. აგრეთ- ვე, თავის შეძლებისამებრ, ეგებებიან თავადები, აზნაურები და გლე- ხებიც თავიანთ სახლებში. თვით ის ღარიბი ხალხიც, რომელიც მო- კლებულია ყოველსავე შეძლებას, არ დარჩება ისე, რომ ახალ წლის შეგებების წესი არ შეასრულოს. ამისათვის იგინი გარედ გამოუშვე- ბენ თავის პატარა ოჯახს, რომ კირილეისონის გალობით შემოვიდ- ნენ სახლში და თუ სხვა არა აქვთ-რა შესატანი, მოსძებნიან სუროს და ამის ფოთლებს მიაკრავენ სახლის ყოველ კუთხეში. ამ რიგად სუროს ფოთლის სიმრავლე ჰფარავს სიმდიდრის ნაკლებობას.
ამ დღეს მიღებულია, რომ ერთმანეთს წვეულობა გაუმართონ, როგორც ჩვენშია ეს მიღებული შობა დღეს. ერთმანეთს რომ შე- ხვდებიან, დაუჩოქებენ და ეტყვიან ღორონთქ ღორონთქ ღორონთქბრელიწანამერჩას, ესე იგი ღმერთმა მრავალ წელიწადს შეგასწროსო. გარდა ამისა ამ დღეს ერთი მეორესთან ვერ მივა, რადგან მასპინძელი უცხოს სა- ხლში არ შეუშვებს უძღვენოდ.
ახალწლის შემდეგ მოაწევს ნათლისღება, რომლის წინა დღე დიდი მარხვაა. შობიდან დაწყებული ამ დღემდე მუდამ დღე ხორ- ცსა სჭამენ და ამ დღეს კი თევზსაც არა სჭამენ. ნათლისღების დი- ლას კი თვითეული სახლობა თავის სამრევლო ეკლესიაში მიიჩქარის და მიჰყავს, რაც საუკეთესო ცხენები ჰყავს. წირვა რომ დასრულდე- ბა, მთელი პროცესია მიდის მახლობელ მდინარეზე, რათა დიდის ამბით აკურთხონ წყალი. ყველაზე წინ მიდის ის, ვისაც ხელში დრო- შა უჭირავს. მას მისდევს ორი კაცი, რომელნიც ბუკებს უკრავენ. ამათ შემდეგ დანარჩენი ხალხი მიდის არეულად და უწეს-რიგოდ. ხალხის შემდეგ მიდის პაპა საეკლესიო ტანისამოსში მორთული და ბოლოს ისინი მიდიან, ვისაც ცხენები მიჰყავს. მდინარეს რომ მიუახლოვდე- ბიან, ყველანი რიგზე დადგებიან, გაღმა-გამოღმა თავიანთი დოქე- ბით წყლის ამოსაღებად. როგორც კი მღვდელი ლოცვებს წაიკითხავს
მეგრელები „სამღთოს" (ძროხას) ჰკლავენ ქრ. კასტელის ალბომიდან (მე-17 ს.) საქართველოს მუზეუმი.
და წყალს აკურთხებს, ხალხი ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა ამოიღოს დოქებით წყალი, რადგან დარწმუნებულია, რომ თუ ამო- ღება დაუგვიანდა, ნაკურთხ წყალს მდინარე წაიღებსო. ამიტომაც ვინც უწინ ამოიღებს წყალს, იგი დარწმუნებულია, რომ მისი წყა- ლი უფრო წმიდაა და უფრო სასოებითაც ინახავს ამ წყალსა. ცხე- ნოსნები კი ჩავლენ წყალში, რამდენჯერმე გავლენ და გამოვლენ მდინარეში იმის იმედით, რომ ამ ნაკურთხი წყალის მეოხებით ღმერ- თი მთელი წლის განმავლობაში აღარაფერს არ გაუჭირვებს ჩვენს ცხენებსაო. წყლის კურთხევას რომ დაასრულებენ, იმავე წესით ყვე- ლანი დაბრუნდებიან ეკლესიაში და იქიდან წავლენ თავიანთ სახ- ლებში, რათა ეს დღე იდღესასწაულონ ჩვეულებრივი ნადიმის გა- მართვით და საღამომდე ჭამა-სმაში დროს გატარებით.
ნათლისღების შემდეგ, დიდმარხვაში დღესასწაულობენ ორმოც მოწამეთა დღეს. ამ დღეს მთელი ხალხი ეკლესიაში მიდის დილის ცისკარზე. შუა ეკლესიაში დამზადებულია წყლით სავსე ქვაბი; წყალ- ში ტივტივებს ხის ჯვარი. ამ ჯვარს ბოლოებზე დაცმული აქვს ათ- ათი სანთელი, ესე იგი სულ ორმოცი მოწამის კვალობაზე, რომელ- თა სადიდებლადაც ანთებენ ამ სანთლებს. მღვდელი რომ წაიკი- თხავს მრავალ ლოცვას და აკურთხებს ამ წყალს, მიუახლოვდება ერთ-ერთი ეკლესიაში მყოფი, რომელიც ღირსებით ყველაზე წარ- ჩინებულია, სულ ერთია სამღვდელოა იგი თუ ერის კაცი, იზამს მეტანიას, აიღებს ერთ სანთელს, შემოივლებს თავზე და ჩააგდებს წყალში. აგრევე იზამენ სხვები, ვიდრე არ შესდგება ორმოცი კაცი.
ნოემბრის ოცს დღესასწაულობენ წმ. გიორგის დღეს. ხალხში ის ცრუმორწმუნოება არის გავრცელებული, რომ ამ დღეს ეს დიდე- ბული მოწამე მოიპარავს არემარეში ხარს და ღამით მოიყვანს ილო- რის ეკლესიაში, რომელიც მის სახელზე არის აშენებულიო. ამ ეკლესიას დიდ პატივსა სცემენ არამც თუ მეგრელები, არა- მედ მახლობელი ხალხები. ამიტომაც მდიდარია ეს ეკლესია ოქრო- ვერცხლით და ძვირფასი ქვებით შემკული ხატებით. თვით კარები ვერცხლის სქელი ფურცლებით არის შეჭედილი; იმდენად თაყვანსა სცემენ ამ ეკლესიას, რომ თუმცა იგი მოშორებულია და ზღვის პირად სდგას, მაგრამ ფიქრი არ არის, რომ ვინმემ გაქურდოს იგი, ან მტრის გემით მოვიდნენ და გაძარცვონ იგი; არამცთუ კარის გატეხის ში- ში არა აქვთ, არამედ მისი ძვირფასი ქვები რომ ახლო-ახლო გზაში დააბნიონ, იმასაც ხელს არავინ ახლებს. ამ წმიდანის შიში მარტო აქაურებს კი არ აქვთ, არამედ თვით აფხაზებსაც, რომელნიც სახელ- განთქმული ქურდები არიან და თურქებსაც, რომელნიც სრულიად მოკლებულნი არიან სარწმუნოების სინათლესა, ეშინიათ მისი და თა- ყვანსა სცემენ მას.
ეს შიში უმთავრესად აი საიდან წარმოსდგება: ამ ეკლესიის კედელზე მიმაგრებულია რამდენიმე ფრიად დიდი შუბი, რომელთაც რკინის დიდი ორპირი წვეტი აქვთ. მღვდლებს ხალხში ის აზრი გა- უვრცელებიათ, რომ წმ. გიორგი ერთ-ერთი შუბით უსათუოდ მოჰ- კლავს იმ კაცს, ვინც მის მიმართ უპატივცემულობას გამოიჩენსო. ამ ამბით დაშინებული ვერავინ ვერ ჰბედავს ამ ეკლესიის გაქურდვას და ან სხვანაირად შეურაცყოფას.
ოც ნოემბერს მთავარი ყველა თავის კარის კაცებით, თავად- აზნაურობით და ოდიშის ხალხით მოდის ილორის ეკლესიაში დღე- სასწაულზე დასასწრებლად და იმის სანახავად, თუ როგორ მოიყვანს წმ. გიორგი ხარს. მარტო ოდიშელები კი არა, აფხაზებიც და სვა- ნებიც ბლომად მოდიან ამ დღესასწაულზე. ეკლესიას გარს უვლის გალავანი, რომლის სიმაღლე იქნება თითქმის თხუთმეტი მტკაველი. შესავალთან დიდი კარებია და ამ კარებზე აგებულია მშვენიერი სამ- რეკლო მრავალის ზარით. წინა დღით, როცა დაბნელდება, მთა- ვარი მოვა ამ კარებთან დიდის ამალით, რომელშიაც არიან ეპის- კოპოსები, თავადები და აზნაურები, კლიტით დააკეტინებს ამ კა- რებს და გარდა ამისა, კლიტეს დაასვამს თავის ბეჭედს და წავა მოსასვენებლად. მეორე დილას გათენებამდე მთავარი ისევ მოვა იმა- ვე ამალით. რაკი დარწმუნდება მთავარი და მისი მხლებლებიც, რომ ბეჭედი მთელია და ხელი არავის უხლია მისთვის, მოხსნის ბეჭედს და გააღებს კარებს. შიგნით, გალავანსა და ეკლესიას შუაც, დაი- ნახავენ ხარს. ამის დანახვაზე მთელი ხალხი დიდის მოწიწებით მად- ლობას შესწირავენ წმ. გიორგის ამისთანა ხარის მოყვანისათვის. მა- შინვე შეუდგებიან ზარების რეკას და ყველგან გაიგებენ, რომ ხა- რი იპოვესო. ყველანი დარწმუნებულნი არიან, რომ ხარი თავის ხე- ლით იმ ღამეს შემოიყვანა წმ. გიორგიმო. ამბობენ კიდევ, რომ წმ. გიორგი სამჯერ მიიყვანა ამ ხარს ზღვიდან მთამდიო და სამჯერ — მთიდან ზღვამდი და ამ გზით ნაკურთხ ხარს ეკლესიის გალავანში დასტოვებსო ხალხის სასარგებლოდ.
ხალხში დიდ ლაპარაკს გამოიწვევს ეს ხარი იმისდა მიხედვით, თუ რა სახით ნახავენ მას. თუ დაჭერის დროს ხარი არ დანებდება და წიხლებს ისვრის, ან რქებით ირჩოლებს, იტყვიან, რომ წელს უსათუოდ ომი იქნებაო. თუ ხარი ზურგზე წამოწოლილი და მტვერ- ში ამოსვრილი იპოვეს, იტყვიან, რომ კარგი მოსავალი იქნება ღო- მისა, ბოსტნეულისა და პურისაო. თუ ხარი ცვარით დანამული იქნა, კარგი მოსავალი იქნება ღვინისაო. თუ ფერით ქერაა, ადამიანთა და პირუტყვთა ხშირი სიკვდილი იქნებაო, და თუ თეთრი და ან ჭრე- ლია, ფრიად კარგი ნიშანიაო. თუმცა ეს ნიშნები ყოველ წელიწადს გაფუჭდება, მაგრამ მაინც სწამთ, როგორც სახარება. ხოლო თუ ვინმემ გაიგო, რომ ერთ-ერთი ეს ნიშანთაგანი გამართლდა, მაშინვე ყოველ მხრით კაცებს გაგზავნის და ყველას შეატყობინებს ამ ამბავს, ვითარცა ყველასათვის ფრიად საჭიროს.
ხარს გაიყვანებენ გალავნის გარედ და დააკვლევინებენ იქაურ მცხოვრებს, რომლის ოჯახს ძველიდანვე ეკუთვნის ეს ხელობა. ამ ოჯახშივე ძველიდანვე დარჩენილია ნაჯახი, რომლითაც უნდა დაიკლას ის ხარი და რომელსაც ინახავენ, როგორც საღმრთო ნივთს და სხვაზე არაფერზე არ ხმარობენ. ის კაცი რომ დაკლავს ხარს, გაანაწილებს კიდეც: უმეტესი ნაწილი რქებითურთ ეკუთვნის მთავარს. ამ რქებს მთავარი შეამკობს ოქროთი და ძვირფასი ქვე- ბით და დიდ დღესასწაულებში იმ რქებით ღვინოს დალევს წმ. გი- ორგის სადიდებლად. იმერეთის მეფესაც კარგი ნაწილი ეკუთვნის. თუმცა მეფესთან მთავარი მტრად იყო და ომობდა კიდეც, მაგრამ ამან მისი ნაწილი მაინც გაუგზავნა მეფეს. მეფემ მომტანი უხვად დაასაჩუქრა და ხორცი ისევ გამოაბრუნა. აგრევე მოიქცა მთავარი გურიელის მიმართ. სხვა-და-სხვა ძველებურს გვარს ოდიშში თავისი წილი აქვს მიჩენილი. რაც დარჩება, დასჭრიან ძალიან წვრილ-წვრი- ლად და დაურიგებენ ხალხს. ამ ხორცს გაახმობენ კვამლზე და დი- დის სასოებით შეინახავენ ავადმყოფობის დროს მოსახმარად. დარ- წმუნებულნი არიან, რომ ეს ხორცი საუკეთესო წამალია ყოველგვარ ავადმყოფობის წინააღმდეგ. თუმცა ბევრჯერ ბედნიერი შედეგი არ ჰქონია ამ წამალს, მაგრამ ავადმყოფობის დროს მაინც ყველა სხვა წამალზე უფრო ამას არჩევენ.
საიდან წარმოსდგა ეს დღესასწაული, ამის გამორკვევა ადვი- ლი არ არის, მით უფრო, რომ მეგრელებს არ აქვთ განვი- თარებული მწერლობა და ამიტომ არ აქვთ დაცული თავისი წარ- სულის სახსოვარი. მართალია, ბევრს რასმე მოგვითხრობენ ამის შესახებ მოხუცებულთა ნაამბობისაგან, მაგრამ ბევრი ამ ნაამბობთა- განი უფრო ზღაპარს წარმოადგენს, ვიდრე მართალსა, და ამიტო- მაც ჩვენ დიდის სიამოვნებით გვერდს ავუხვევთ ამისთანა ამბებს. მხოლოდ მოვიტანთ ერთ ახსნას, რომელიც სიმართლესთან უფრო ახლოა. ამბობენ, რომ ძველად (ვფიქრობ, რომ ეს უნდა ყოფილიყო მაშინ, როცა ლათინთა და ბერძენთა ერთი სჯული ჰქონდათ) აქ ერთი უცხო კაცი მოსულა შორეულ ქვეყნიდან და რომ დაუნახავს, რა სასწაულებს ჩადიოდა წმ. გიორგი ამ ეკლესიაშიო, არამცთუ არ დაუჯერებია ეს სასწაულები, არამედ ხალხისათვის დაცინვა დაუ- წყია და უკიჟინებია, რომ ასე მჩატე გონებისა ხართ და ასე ადვი- ლად იჯერებთ სიცრუესო. მიუხედავად ამისა, ხალხი არწმუნებდა თურმე მას, რომ წმ. გიორგის ყოველივე სასწაული მართალიაო და ურჩევდა, მიიღე ჩვენი სარწმუნეობაო. მაშ კარგიო, უთქვამს უც- ხოს, ასე ვქნათო: მე ჩემს სახლში, რომელიც არის აქედან თითქმის ორასი ვერსის სიშორეზე, მეგულება ამ და ამ სახის ხარი; თუ თქვე- ნი წმ. გიორგი მართლა სასწაულის მომქმედია, იმისათვის ძნელი არ უნდა იყოს მოიყვანოს ის ხარი ჩემი სახლიდან ამ ეკლესიაში და მოიყვანოს ამაღამვე. თუ ხვალ დილას იმ ჩემს ხარს აქ დავინა- ხავ, მაშინვე დიდის სიამოვნებით თქვენს რჯულს აღვიარებო. პირო- ბა მიღებულ იქმნა და მეორე დილას, ადრიანად, რომ გააღეს ეკ- ლესიის კარები, შიგ ნახეს ურჯულოს ხარი, რომელიც მან ნიშნე- ბით იცნო, რასაკვირველია, და მაშინვე ქრისტეს რჯული მიიღო. თავისი ხარი იქვე დაჰკლა და დაურიგა ხალხს, რომელიც ამ სასწაუ- ლის გაგონებაზე ბლომად შეგროვდა.
ადვილი შესაძლებელია, რომ ამ დღესასწაულს მართლა აქე- დან ჰქონდეს დასაბამი და მას აქეთ იყოს, რომ ყოველ ნოემბრის ოცს ხარს ჰკლავენ და მის ხორცს ხალხს ურიგებენ იმ პირველი სას- წაულის სახსოვრად. ხოლო, როცა ხალხში შესუსტდა სარწმუნოება და კეთილი თვისება და უმეცარმა მწყემსებმა მოინდომეს ამ სარ- წმუნოების გამაგრება, მაგრამ თავის სწავლით, მაგალითით და კე- თილის საქმეებით ვერ შეიძლეს, ხელი მიჰყვეს ისევ ცრუ სასწაულებს. ამიტომაც ავრცელებენ ხალხში, ვითომ ყოველ წელიწადს წმ. გი- ორგის თავის ხელით სასწაულებრივ მოჰყავდეს ხარი ეკკლესიაშიო. ხოლო, რამდენად დაშორებულია ეს ამბავი სიმართლეს, ამას ყოვე- ლი მკითხველი ადვილად გაიგებს შემდეგისგან.
პირველად უნდა შევნიშნოთ, რომ ამ სახით წმ. გიორგის აკუთ- ' ვნებენ ქურდის სახელს, რადგან ამტკიცებენ, რომ თვით წმიდანი იპარავს ხარს და მოჰყავს ეკლესიაშიო. აქედან მიუცილებელ საჭიროე- ბად ხდება, რომ ყველა ამ ღამეს მეტად ფრთხილად იყოს და კარგად უდარაჯოს თავის სახლს და ქონებას, რათა არაფერი არ მოიპარონ, წმ. გიორგიმ თუ არა, თვით იქაურმა მცხოვრებლებმა, რადგან ესე- ნი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ ღამეს თვითეულს ნება აქვს მი- ბაძოს წმ. გიორგის და მოიპაროს რამე. თუ წმიდანი იპარავსო, ამბობენ მეგრელები, მისი მიბაძვა ვალად გვადევს და ჩვენც უნდა მო- ვიპაროთ. ეს რომ მართალია, ამის მოწამე მე თვითონ ვარ, რად- გან სწორედ იმ ღამეს, ჩემი გაუფრთხილებლობის გამო, მომპარეს ორი ცხენი, სულ, რასაკვირველია, წმ. გიორგის მიბაძვით.
მეორედ, მართლა რომ წმ. გიორგის მოჰყავდეს ის ხარი, განა არ შაუძლია,რომ ოდიშის შორეულ კუთხიდან და ან სულ სხვა ქვეყნიდან მოიყვანოს ხარი, როგორც მოიყვანა პირველი სასწაულის დროს. ხოლო, ყველამ იცის ოდიშში, რომ აქ მოყვანილ ხა- რებს თავის პატრონები ცნობილობენ და ყოველთვის რწმუნდებიან, რომ შორიდან მოყვანილები არ არიან, არამედ არე-მარედან, არა- უშორეს ნახევარი დღის სავალისა. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმ. გიორგის როდი მოჰყავს ეს ხარები, არამედ თვით მეგრე- ლებსა, რომელნიც მოკლე ხანში წავლენ ხარის წამოსაყვანად და მო- იყვანებენ კიდეც.
მესამედ, თვით ბერძნებმა, რომელნიც მათი თანამორწმუნენი არიან, მაგრამ უფრო გულწრფელნი, დამარწმუნეს, რომ ერთ ღამეს ვფხიზლობდითო ეკლესიის გალავანის სიახლოვეს და ნაშუაღამევს დავინახეთ რამდენიმე მეგრელი, რომელთაც თოკით ხარი შეიყვანეს გალავანშიო.
ხალხში რომ დარჩეს ეს ცრუ მორწმუნოება, თითქოს მართლა წმ. გიორგის მოჰყავდეს ის ხარი და მასთან არავინ გაბედოს გალა- ვანთან უდარაჯოს ხარის მოყვანას, მღვდლებს გაუვრცელებიათ ის აზრი, რომ წმ. გიორგის არ ჰსურს ვინმემ დაინახოსო, როცა ხარი მოჰყავსო და ვინც ამ სურვილს მისას ეწინააღმდეგებაო, იმას წმ. გი- ორგი მოჰკლავს ერთი იმ შუბთაგანით, რომელიც ეკლესიის კედელ- ზე ჰკიდიაო. ამის შემდეგ, რასაკვირველია, ვერავინ ვერ ჰბედავს, სიკვდილის შიშით, ცნობისმოყვარეობა გამოიჩინოს და იმ ღამეს ყველანი მოშორდებიან გალავანს და თავისუფლად დასტოვებენ გზას იმათთვის, ვინც უნდა ხარი მოიყვანოს. გარდ ამისა, ზოგიერთი უფ- რო გულწრფელი ეპისკოპოსიც არ მალავს, რომ ეს სასწაული ტყუი- ლიაო, მაგრამ ამტკიცებს, რომ ჩვენ იძულებულნი ვართ ჩავიდინოთ იგი იმისათვის, რომ მეგრელები მტკიცედ იდგნენ სარწმუნოებაზე, რადგან, თუ ესეთი სასწაულები არ ვუჩვენეთო, იგინი მიიღებენ მუ- სულმანთა რჯულსო, რომლის მიმართ მიდრეკილებაც აქვთო, და სრულიად მიატოვენ ქრისტეს რჯულსაო. ჭეშმარიტად რომ შეჰ- ფერის ასეთი მოძღვრება ამ ნასწავლ და განათლებულ ეპისკოპოსებს: უნდა მოვატყუოთ ერთი ნაწილი ხალხისა, რათა მეორე ნაწილი მტკიცედ იდგეს სარწმუნეობაზეო.
დიდმარხვას ძალიან მტკიცედ ინახავენ: არ სჭამენ თევზსაც; დღეში მხოლოდ ერთ ჯერს სჭამენ მზის ჩასვლისას. აქ შენახულა ერთი ძველი ჩვეულება, რომელიც იყო იმ დროს, როცა ქრისტეს რჯული ახლად მიიღეს (კარდინალი ბარონიუსი ამ ჩვეულებას აღნი- შნავს 57 წელს ქრისტეს დაბადებიდან) და რომელიც იმაში მდგო- მარეობდა, რომ დიდმარხვაში საჭმელს დილას როდი სჭამდნენ, რო- გორც სხვა მარხვაში, არამედ საღამოს. სწორედ ამ ჩვეულებას ად- გიან დღეს მეგრელები. თუმცა მეგრელები ბერძენთა ჩვეულებას მის- დევენ, მაგრამ დღის განმავლობაში ნებას აძლევენ თავის თავს რამ- დენჯერმე ხილი სჭამონ. ამით არ ვარღვევთ მარხვასო, ამბობენ მეგ- რელები, რადგან მარხვის დარღვევა შეიძლება მხოლოდ პურით, რამე მოხარშულით და საზოგადოდ ისეთი საჭმელებით, რომელსაც სუფრაზე ვხმარობთ და არა ხილითო. სხვაფრივ მარხვის წესს ისე მტკიცედ ინახავენ, რომ რაც უნდა ავადმყოფი, ან მოხუცებული და ან დასუსტებული იყოს მეგრელი, არასგზით ამ დროს ხორცს არ იგემებს. მე ვფიქრობ, რომ მეგრელები ამ შემთხვევაში ემორჩილე- ბიან წმ. ბასილის სასტიკ კანონს: ნურავინ ნურავინ ნურავინუარ-ჰყოფსმარხვას მარხვას მარხვას, რომელიც რომელიცსავალდებულოა სავალდებულოა სავალდებულოაყოველის ყოველის ყოველისკაცთანათესავის ნათესავის ნათესავის,ყოველის ყოველის ყოველის წოდებისა წოდებისადაყოველის ყოველის ყოველისხარისხისათვის ხარისხისათვის ხარისხისათვის (Bas — Hom. de iennio.)
ამიტომაც მეგრელი, რაც უნდა მძიმე ავად იყოს, დიდმარხვა- ში ხორცს არა სჭამს, პირველ და უკანასკნელ კვირაში კიდევ უფრო სასტიკ მარხვას ინახავს. პირველ კვირაში თითქმის ვერავის ვერ ნა- ხავთ სამეგრელოში ცხენზე შემჯდარს: თუ მგზავრობა დასჭირდათ ამ დროს, ყველანი ფეხით მოგზაურობენ. ზოგიერთები კიდევ, გან- საკუთრებით ქალები, რაც უნდა დიდი გვარისა იყვნენ, მთელი კვი- რის განმავლობაში, რაც უნდა დიდი სიცივე იყოს ამ დროს, ფეხ- შიშვლები დადიან. სხვები მთელი დიდმარხვის განმავლობაში პა- რასკეობით სრულებით საჭმელს არ სჭამენ. უკანასკნელ კვირაში, სრულებით ღვინოს აღარა სვამენ და სამს უკანასკნელ დღეს არავი- თარს საჭმელს აღარ იგემებენ.
მთელი მათი დიდ-მარხვა შესდგება სრული შვიდი შვიდეული- საგან, დიდი ორშაბათიდან დაწყებული. ხოლო შაბათობით ორჯელ სჭამენ, როგორც დომინიკელები იქცევიან. დიდ-მარხვის განმავ- ლობაში ორი დიდი დღესასწაული აქვთ მეგრელებს: პირველი ხა- რება ყოვლად წმიდა ღვთის მშობლისა და მეორე — ბზობა. ამ დღე- ებში თევზი იჭმევა და ამიტომ ბევრს დაამზადებენ, განსაკუთრებით ზუთხსა და კალმახს, და წვეულობასაც გამართავენ. მეთევზეები ამ დროს ზღვაში და მდინარეებშიც თევზაობენ, როგორც თვისი მოგე- ბისათვის, ისე მთავრის დასაკმაყოფილებლად. მთავარს გადაწყვეტი- ლი რაოდენობა უსათუოდ უნდა მიართვან ხოლმე, თორემ, წინა- აღმდეგ შემთხუევაში, მძიმედ დაისჯებიან.
ბზობას, რადგან ზეთის-ხილის ხე არ აქვთ, ხალხს ურიგებენ ბზის ტოტებს. ბზის ტოტები მთელ ტვირთს მოიტანებენ ეკლე- სიაში და როცა მღვდელი მას აკურთხებს, ყველა ჩქარობს სხვას დაასწროს მისი მოგლეჯა. ეკლესიიდან რომ გამოვლენ, ყველა ქუდზე დაიკრავს ბზის ტოტს და ისე დადის მთელ დღეს.
XXIV. მეგრელების ცრუ-მორწმუნეობა
[edit]პავლე მოციქულმა რაკი ნახა ათინელთა ცრუ-მორწმუნეობა, აღიარა და თქვა კაცნო ათინელნო! ყოვლითურთ ვითარცა ცრუ- მორწმუნეთა 30 გხედავ თქვენ (საქმე მოციქ. 17). დარწმუნებული ვარ, მას რომ ოდიშელები ენახა, იტყოდა, მათთანა ცრუმორწმუნე ხალხი ქვეყანაზე არ არისო. მართლაც, მეგრელებს იმდენი ცრუმორწმუნე- ობა აქვთ, რომ მისი სრული წარმოდგენაც შეუძლებელია. არ არის არც ერთი საქმე, რაც უნდა უმნიშვნელო იყოს იგი, რომ მის შე- სახებ მეგრელებს ცრუმორწმუნოება არა ჰქონდეთ. მე არ შემიძლია მოგითხროთ ყველა ცრუმორწმუნეობა და მხოლოდ უმთავრეს შევე- ხები. დანარჩენებს კი გვერდს აუხვევ, რადგან ზოგიერთები უკვე ჩამოთვლილია ზემოდ, სხვა-და-სხვა ადგილას, და ზოგიერთები ისე წვრილმანია, რომ ვშიშობ, მათი ჩამოთვლით თავი არ მოვაბეზრო მკითხველს.
უმთავრესი ცრუმორწმუნეობა მეგრელებისა შეეხება მთვარეს. მეგრელებს ისე ეშინიათ მთვარისა, რომ არც ეშმაკისა, არც წმი- დანებისა, არც ანგელოზებისა და არც თვით ღმერთის იმდენად არ ეშინიათ. სწამთ, როგორც სიმბოლო სარწმუნოებისა, რომ მთვარისა- განა არის დამოკიდებული ყოველივე მათი ბედი და უბედობა და გან- რისხებული მთვარე უგზავნის მათ ყოველსავე უბედურებას, სნეუ- ლობას და თვით სიკვდილსაც. ამიტომაც დიდის გულმოდგინებით პატივსა სცემენ ორშაბათ დღეს, რომელსაც მათებურად ჰქვია თუ- თაშხა, ესე იგი მთვარის დღეო. ამ დღეს ხორცს არ სჭამე თაშხა ნ, თუნ- დაც შობა დღე შეხვდეს. უცხო ვინმე რომ მოვიდეს ორშაბათს, იმასაც არ აჭმევენ ხორცს. თუ ვინიცობაა, სტუმარი ისეთი მოსა- რიდებელია რომ უარს ვერ ეტყვიან, მაშინ სახსნილო საჭმელს სა- ხლში მაინც არ მოამზადებენ, არამედ სადმე გარედ, ან მინდორში, და ან მახლობელ ბაღში.
პირველად რომ ახალი მთვარე გამოჩნდება, ერთი მეორეზე უწინ ჩქარობენ დანახვას. ერთი რომ დაინახავს, თავის ამხანაგს უჩვენებს. მის დანახვაზე ზოგი ხელებს გააშვერს მთვარისაკენ, ზოგი — ქარქაშიდან ამოღებულ ხმალს, ზოგი — დანას და ზოგი ქუდს მო- უხდის და თაყვანსა სცემს. ორშაბათ დღეს მგზავრად არ წავლენ, რაც უნდა დიდი საქმე ჰქონდესთ. ხოლო თუ გზაში უკვე არიან, ამ დღეს წყალს არ დალევენ არც მდინარისას და არც წყაროსას, თუნ- დაც წყურვილით კვდებოდნენ. ამტკიცებენ, რომ ამ დღეს მთვარე იჩენს თავის ძალას და ბოროტებასო და გველებისა და შხამიან ცხოველთა შემწეობით წყლებს ისე შხამავს, რომ თუ ვინმე დალევს, უსათუოდ ავად გახდებაო. ამ დღეს არავინ სახლიდან არაფერს გასცემს არც სანათხოვროდ, არცი საჩუქრად და არც გასასყიდად, რაც უნდა ვალდებული იყოს. დარწმუნებულნი არიან, რომ, თუ ვინ- მემ ორშაბათს თავის ხელით რამე გასცა სახლიდან, მთვარე ამას ხელს შეუწყობს და მისი სახლი ნელ-ნელა სულ დაცარიელდება და თვითონ დარჩება ღარიბი და უბედური. ამ დღეს არავითარ სამძი- მო საქმეს არ დაიწყებენ, სამგზავროდ არ წავლენ, ყანებს არ დას- თესენ, ვაზს არ დარგავენ. ერთის სიტყვით, ისე უქმობენ ორშაბათს, როგორც ებრაელები შაბათს.
მეგრელები პარასკეობითაც არ მუშაობენ ყანას. შეიძლება ესეც რაღაც ცრუმორწმუნეობის შედეგი იყოს; ან იქნება ეს ჩვე- ულება მიიღეს თურქებისაგან, რომელნიც პარასკევ დღეს უქმობენ ხოლმე და ან იქნება ეს ნაშთია იმ კანონისა, რომელიც გამოსცა კონს- ტანტინემ პარასკევის უქმობის შესახებ ქრისტეს ვნების სახსოვრად, როგორც უჩვენებს ბარონიუსი (Baron — Ann. 321). ეს მით უფრო საფიქრებელია, რომ მეგრელებმა ქრისტიანობა მიიღეს კონსტანტი- ნეს დროს და რადგან ბერძნები პარასკევს უქმობდნენ, მეგრელები ამას შეითვისებდნენ და მას აქეთ ჩვეულებად დარჩებოდათ. ამ შემ- თხვევაში, რასაკვირველია, პარასკევის უქმობა ცრუ-მორწმუნეობად აღარ ჩამოერთმევათ, არამედ რჯულის დაწესებულებად უნდა ჩაი- თვალოს.
კიდევ დიდ ცრუ-მორწმუნეობას მისდევენ, თითქმის მთელ კოლხიდაში, როცა ვისმე ვაჟი დაებადება. მშობელი მაშინვე პაპას დაიბარებს და სთხოვს ნახე შენს წიგნში და კარგად გამიგე, რა უნდა ქნას ჩემმა შვილმა, რომ მთელად იყოსო. პაპა მძიმედ და- ჯდება და რამდენჯერმე გადაფურცლავს თავისს წიგნს, რომელსაც ყოველთვის თან ატარებს; მერე დაფიქრებული დახურავს ამ წიგნს, რათა საძნელოდ გახადოს საქმე და, ბოლოს, რამე დარიგებას გა- მოაცხადებს, თუ რას უნდა ერიდოს ბავშვი მთელი თავის სიცო- ცხლეში, თუ არ უნდა, რომ თავი გაიფუჭოსო.
მაგალითად, იგი იტყვის: არასოდეს არ სჭამოს კვერცხიო; ზოგს ეტყვის, არ სჭამოს იმ პირუტყვის ხორცი, რომელსაც გატყა- ვება უნდაო, მაგალითად: ძროხის, ხარის, ხბოს, ცხვრის, თხის, ირ- მის და კურდღლის ხორციო; ზოგს სულ წინააღმდეგს ეტყვის. მხო- ლოდ ამ პირუტყვების ხორცი სჭამოსო და ერიდოს იმ პირუტყვის ხორცს, რომელსაც კანიანად სჭამენო, მაგალითად ღორისას და ქათ- მისას. სხვებს კიდევ აღუკრძალავს სხვადასხვა საჭმელს, რაც შემთხვევით მოაგონდება ხოლმე. მერე ისინი, რომლებისათვისაც პა- პას რამე საჭმელი აღუკრძალავს, ისე მტკიცედ ასრულებენ მისს ბრძანებას, რომ, რაც გინდათ, იმ სასჯელს აიტანებენ და აკრძალულ საჭმელს კი არ სჭამენ.
მეგრელებს ჩვეულებად არა აქვთ მიცვალებულის ეკლესიაში მისვენება. პირდაპირ სასაფლაოზე მიასვენებენ, და იქ დამარხავენ. მიცვალებულის სულის მოსახსენებელი წირვის შესახებ კიდევ შემდე- გი ცრუ-მორწმუნეობა აქვთ: დღეს რომ მიცვალებულს დაასაფლავე- ბენ, მხოლოდ ხვალ სწირავენ მისი სულისათვის და ეკლესიაში მიი- ტანებენ იმ ნიჩაბს, რომლითაც სამარე გაუთხრიათ. ამ ნიჩაბზე შე- ასრულებენ წირვას, თითქო იგი იყოს მიცვალებულის გვამი ანდა ბეგობი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე, როცა მიცვალებულის გვამი არ გვაქვს.
მათი ეკლესიების წინა კედლები და ხშირად შიდა კედლებიც შემკულია ირმის რქებით, ტახის ეშვებით და ხოხობის ფრთებით, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთისათვის ფრიად სასია- მოვნოა ამისთანეებით მისი სალოცავი სახლის შემკობა და თუ ნანადი- რევის ხორცი იმათ შესჭამეს და რქები, ძვლები და ფრთები ღმერთს უძღვნეს, სამაგიეროდ შემდეგში ღმერთი ხელს მოუმართავს მათ ნადირობაში და ბედნიერად ინადირებენ.
ცრუ-მორწმუნეობა აქვთ აგრეთვე თევზაობის შესახებ; თევზს, — განსაკუთრებით ბლომად იცის აქ ზუთხი, ძალიან ბევრს იჭერენ ამ ქვეყანაში. პირველი ცრუ-მორწმუნეობა შეეხება ნავს, რომელსაც ხმა- რობენ თევზის ჭერის დროს. მეგრელები დარწმუნებულნი არიან, რომ ბევრი თევზის დაჭერა მხოლოდ ნავზე არის დამოკიდებული და არა ბადის სიკარგეზე, მეთევზის სიმარდეზე და თევზის სიმ- რავლეზე. ამიტომაც ნავის გაკეთების დროს ცდილობენ, რომ შეა- სრულონ ყოველივე ის მოთხოვნილება, რაც საჭიროდ მიაჩნიათ სა- ზოგადოდ. პირველ საგნად მიაჩნიათ, რომ ხის მასალის გამომყიდვე- ლიც, ლურსმნების მჭედელიც და ოსტატიც, რომელიც აკეთებს ნავს, კარგად დაკმაყოფილებულნი იყვნენ ფასით, რომ გულნატკენი არ დარჩნენ, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ნავი უბედური იქნე- ბაო და არას დაიჭერსო. დარწმუნებულნი არიან, რომ ნავს ალღო აქვსო, რომლის შემწეობით იგი პოულობს და იჭერს თევზსაო, რო- გორც ძაღლი ნადირსაო. ამიტომაც თუ რომელიმე ნავს თავის დრო- ზე ბევრი თევზი დაუჭერია, დაძველების შემდეგაც არ გადააგდებენ, გულმოდგინეთ დააკერებენ, რადგან ამტკიცებენ, რომ თუ ნავი კარ- გად იჭერდა თევზს ახლობის დროს, სიძველის დროს უფრო მეტი უნ- და დაიჭიროსო, — თევზის დაჭერის ხელობაში გამოცდილიაო.
ნავში ჩასდგამენ ხოლმე ერთ კალათს, რომელშიაც დევს სამი თუ ოთხი გირვანქა წმინდა სანთელი და ერთი ვერცხლის ფული, რომელსაც მათებურად ჰქვია ნარდი. ამ ფულს მერე წმ. გიორგის შესწირავენ ნიშნად მადლობისა, რომ თევზი დააჭერინა მეთევზეებს. მათ რომ ამ შემთხვევაში მისცეთ სხვა ფული, უფრო დიდ-ფასიანი, არ გამოგართმევენ, რადგან წმ. გიორგის სხვა ფული, გარდა ნარ- დისა, არა ჰსურსო.
მოხდება ხოლმე, რომ ერთ და იმავე დროს ზოგი ნავი დაიჭერს თევზს და ზოგი — ვერა. მაშინვე ის, ვინც ამ ნავზე იჯდა, მივა გრძნეულთან, რომელსაც მათებურად მაზაკვალი მაზაკვალი მაზაკვალი ჰქვია, და ჰკითხავს, რა მიზეზია, ჩემმა ნავმა ვერ დაიჭირა თევზიო. ამის პასუხი ჩვე- ულებრივია: შენი ნავი ვიღაცას გაუთვალავსო. გამთვალავზედაც მი- უთითებს, მაგრამ მეტად ბუნდოვანის ნიშნებით. მაგალითად ეტყვის, რომ გამთვალავი შენი მეზობელიაო, იმის და შენს სახლს შუა მხო- ლოდ ერთი ღობე არისო. რადგან ამ ნიშნებით რამდენიმე მეზობე- ლი მოიპოვება, უბედური მეთევზე მიდის მეტად დაღონებული და ჰფიქრობს, ვინ უნდა იყოს ჩემი გამთვალავიო. ვიზედაც უფრო ეჭვს აიღებს, იმას ჩხუბს დაუწყებს ჯერ სიტყვით და მერე იარაღით და და ბოლოს საქმე თავდება დაჭრით და ან სიკვდილითაც.
არიან ისეთი უბედური მეთევზეები, რომელთა შესახებ ხალხი დარწმუნებულია, რომ შურიანი და ცუდი თვალის არიანო და თუ მათი თვალი ეცა ნავს ან ბადეს, ესენი არასოდეს აღარ დაიჭერენ თევზსაო. ამ უბედურებს ნება არა აქვთ არამც თუ სხვებთან ერთად ზღვაში სათევზაოდ გამოვიდნენ, არამედ არ შეუძლიათ ნა- პირზე გამოვიდნენ, სანამ სხვები ზღვაში თევზაობენ ნავებით. იცი- ან, რომ თუ მათდა საუბედუროდ ნაპირზე გამოჩნდნენ, გაბრაზებუ- ლი ხალხი ქვით ჩაჰქოლავს. თუ ვინმემ ეჭვი აიღო ასეთი უბედურ- ის შესახებ, რომ ნავი გამითვალაო, და ხელში ჩაიგდო, მაშინვე გააშიშვლებს, ცალი ხელით ჩამოჰკიდებს, ჭინჭრით სცემს საშინლად და აიძულებს, რომ ამ წვალების დროს დალოცოს მისი ნავი; მხო- ლოდ ამის შემდეგ დამშვიდდება ნავის პატრონი.
არა ვფიქრობ, რომ სრულიად უსაფუძვლო იყოს ის ეჭვი, რომ შურისა და მტრობის გამო მართლა აჯადოებენ ზოგიერთების ნავს; ყველა აშკარად ხედავს, რომ ბევრია ისეთი ნავი, რომელსაც თავის დღეში თევზი ვერ დაუჭერია, თუმცა, მართალია, ასეთი ნავის ბა- დეში ზუთხი ხშირად მოხვედრილა, მაგრამ ისევ უცებ ამოვარდნილა გარედ, როცა მეთევზეს მოუნდომებია ბადის ნავში ჩაგდება. ჩვენ გა- ვაკეთეთ ჩვენდა სახმარებლად ერთი ნავი, რომელიც წყალში პირვე- ლად ჩაშვების წინ დიდის ამბით ვაკურთხეთ და წმიდა წყალით ვა- სხურეთ. ეს რომ დაინახეს იქაურებმა, გაკვირვებულებმა გვკითხეს, რად შვრებით ამასო. ჩვენ ვუპასუხეთ, რომ ყოველი საქმე რომ კარგად წარიმართოს,საჭიროა, მისი დაწყების წინ ღმერთს შევევედ- როთ და მას უძღვნათ იგი საქმე, და რადგან ამის შემდეგ იმ სა- ქმის მფარველი ღმერთი იქნება, მას ვერას დააკლებს ვერც ეშმაკი და ვერც მისი მოსამსახურენი თქო. ეს სიტყვები გაიგონა ერთმა კა- ცმა, რომელსაც ჰქონდა ნავი, მაგრამ თავის დღეში ვერც ერთი ზუ- თხი ვერ დაეჭირა და ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მისი ნავი მოჯადოვებული იყო. ამ კაცმა გვთხოვა, გამომიხსენით ჩემი ნავი რაღაცა ეშმაკის მანქანებისაგან და მიკურთხეთო. ჩვენ შევი- წყნარეთ მისი თხოვნა და ვასხურეთ ნაკურთხი წყლით მისი ნავი. ის კაცი მეორე დილას ძლიერ ადრიანად გახარებული გავიდა სათევ- ზაოდ და მშვენიერი ზუთხიც დაიჭირა. შემდეგ ამისა მუდამ ბედნიერი იყო მისი თევზაობა. ეს ამბავი რომ გავრცელდა ხალხში, ყველა ერ- თი მეორის შეცილებით მოდიოდნენ ჩვენთან და გვთხოვდნენ ნავების კურთხევას.
მენავეები ზღვაში მოგზაურობენ გაშლილი იალქნებით, როცა ზურ- გის ქარია. თუ, ვინიცობა, ქარმა უმტყუნა, აჩქარებით სტვენას დაიწყებენ, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ სტვენით გამოიწვევენ- ზურგის ქარს და შეიძლებენ ხელ-ახლავ გაუდგნენ თავის გზას. ვიდ- რე ზურგის ქარი არის, ნებას არავის აძლევენ, რომ ნავში ნემსით და ძაფით რამე ჰკეროს, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ კერ- ვის დროს ნემსს და ძაფს ქარი თან დასდევსო და ქსოვილში ჩაკე- რილს აღარ შეუძლია თავისუფლად ქროლა და იალქნების გა- შლაო.
ამას გარდა მეგრელებს ძლიერ ეშინიათ წყევლისა და შეჩვენე- ბისა; უფრო ეშინიათ, ვიდრე ცემისა და ჭრილობისა. თუ ვინმემ შეიტყო, რომ ამ და ამ კაცმა შემაჩვენაო, სამაგიეროს გადახდის მა- გიერ, ცდილობს, რომ დიდის საჩუქრისა და მორჩილის სიტყვების შემწეობით დაამშვიდოს იგი და სთხოვოს, დამლოცე და სიკეთე ისურვე ჩემთვისაო. დაწყევლით მაშინ უფრო შეეშინდებათ, როცა დაინახავენ, რომ დაწყევლის შემდეგ დაწყევლილს რამე ცუდი შეემ- თხვა. ამ შემთხვევაში დაწყევლილი რწმუნდება, რომ ეს უბედურება ჩემს თავზე დაწყევლის შედეგიაო.
მაგონდება ასეთი შემთხვევა, რომ ერთი დიდად მდიდარი მო- ხუცი ავად გახდა; მაშინვე პაპა დაიბარა და სთხოვა თავისი ავად- მყოფობის მიზეზის ახსნა. პაპამ დაიწყო მარჩიელობა, გადაფურცლა თავისი წიგნი და უთხრა, რომ ავადმყოფობა მოგავლინა შენ ამა და ამ მტრის დაწყევლამაო და თუ გინდა თავი გაინთავისუფლო, ეცა- დე ან თხოვნით და ან საჩუქრით აგხსნასო მისი კრულვა და ხელ- ახლა დაგლოცოსო. მოხუცმა შეისმინა ეს რჩევა, დაუძახა თავის მო- სამსახურეებს და უბრძანა საჩქაროდ წაიყვანეთ ერთი ჩემი საუკეთე- სო ცხენთაგანი და წადით ჩემს მტერთან, რომელსაც შეუჩვენებივა- რო; ჩემის სახელით მიართვით ის ცხენი და სთხოვეთ, რომ ჩამრიც- ხოს თავის მეგობართა შორის, თვითონ მობრძანდეს ჩემს სახლში და დამლოცოსო. მართლაც, იგი მოვიდა და დიდის ამბით მიღებულ იქმნა მოხუცის მიერ და რომ მიუახლოვდა ავადმყოფის ლოგინს, დალოცა, რამდენადაც ენამ გაუჭრა. სამაგიეროდ მოხუცმა უხვად დაასაჩუქრა და იგი კმაყოფილი შინ დაბრუნდა.
მეგრელებს არამც თუ ეშინიათ სიტყვებით და ხმამაღლად და- წყევლისა, არამედ დარწმუნებულნი არიან, რომ ხშირად თვით ჰაე- რი მოწამლულია რაღაც ჯადოთი ან ავი თვალით, და ასეთი ჰაერი- საც მეტად ეშინიათ. თავი რომ დაიცვან მისგან, ხმარობენ სხვა-და- სხვა საშუალებას. უმთავრეს საშუალებად მიაჩნიათ მეთევზის ბადე, რომელსაც შემოახვევენ ავადმყოფის ლოგინს და ყმაწვილების აკვანს. ეს ბადე, ამათის აზრით, იპატიებს კაცს მოჯადოებული ჰაერი- სა და ავი თვალისაგან, რომელიც, მათის აზრით, მეტად ჰვნებს ავადმყოფსაო. გარდა ამისა ეშმაკის დასაფრთხობად ავადმყოფის სასთუმალქვეშ სდებენ ამოღებულ ხმალს, აგრეთვე შუბს და სხვა იარაღს. მე მინახავს ერთი იქაური დიდებული კაცი, რომელსაც მუდამ წინ მიუძღოდა ერთი ბიჭი. ამ ბიჭს ხელში ეჭირა ჯოხი, რო- მელზედაც ეკიდა ვერცხლის რამდენიმე პატარა ხარი სხვა-და-სხვა წმინდანებისა. დიდებული ფიქრობდა, რომ ამ საშუალებით ჩემ წინ ჰაერი გაიწმინდება და მე ვერას მავნებსო.
ყიდვის დროს მყიდველმა, გარდა გადაწყვეტილის ფასისა, უნ- და აჩუქოს კიდევ რამე გამომყიდველს, რათა ამან გაყიდული ნივთი ჩაბარებისთანავე დაულოცოს. ასე მაგალითად: ვინც მიმინოს იყი- დის, იგი ჯერ გადასცემს გამომყიდველს იმ ფასს, რომელზედაც შე- თანხმებულან, და მერე მისცემს რამე საჩუქარს, რათა გამომყიდველ- მა მიმინო დაულოცოს. გამომყიდველი აიყვანს ხელში მიმინოს, აიხედავს ცისაკენ და იტყვის: „ღმერთო ჩემო, ინებე, რომ ამ კაცმა, რომელმაც იყიდა ეს ჩემი მიმინო, დაიჭიროს იმდენი ფრინველი, რამდენიც ამ მიმინოს ბუმბული აქვსო“ და ამ სიტყვების შემდეგ მიმინოს გადასცემს მყიდველს. თუ ვინმემ იყიდა ცხენი, გამყიდველი ამ ცხენს მოჰკიდებს თავზე ხელს და იტყვის: „უფალმა ღმერთმა ინებოს ამის მყიდველი ომიდან მუდამ გამარჯვებული დააბრუნოს; ნადირობის დროს მრავალი ირემი და ტახი მოაკვლევინოს, მგზავრო- ბიდან ბედნიერად დააბრუნოს და ამ ცხენით ბარგის მოტანით გაუ- მრავლდეს სახლში ყოველივე ქონება. თუ ტანისამოსისათვის რამე სა- ქონელს ვინმე გაჰყიდის, ვალდებულია უსურვოს ყოველივე ბედნიე- რება იმას, ვინც ამ საქონელს ჩაიცვამს. ამ ნაირად ყოველ საქონლის შესახებ ჩვეულებად აქვთ თავის შესაფერად მყიდველი დალოცონ და მით ამისი გული შეაჯერონ, თორემ მყიდველი უფრო ხელს აიღებს ნაყიდი საქონლისაგან, ვიდრე ამ დალოცვას მოაკლდება.
როცა ერთს მეორესათვის რისამე გადაცემა უნდა, ყიდვა-გაყიდ- ვა იქნება, თუ საჩუქრის გაცემა, არასოდეს პირდაპირ ხელში არ გადასცემს, არამედ მიწაზე დაუგდებს ფეხების წინ. თავდაპირვე- ლად მე ვფიქრობდი, რომ ასეთი ჩვეულება წარმოსდგებოდა თავდა- ბლობისაგან, რადგან პირველ ქრისტიანების დროს იყო მიღებული, რომ მოციქულებს თუ მიუტანდნენ რასმე, ფეხებს წინ დაუგდებდნენ ხოლმე „დამოაქვნდასასყიდელი სასყიდელი სასყიდელიგანსყიდულ განსყიდულ განსყიდულთამათდადასდებ- დესფერხთათანამოციქულთა მოციქულთა მოციქულთა" (საქმე მოციქ., თ. 4). მაგრამ შემ- დეგ დავრწმუნდი, რომ ეს ჩვეულება ამ ხალხში ცრუმორწმუნეობი- საგან არის წარმომდგარი, რადგან დარწმუნებულნი არიან, რომ თუ ერთი მეორეს ხელში რასმეს გადასცემს, მთელი მისი ქონება თან გადაჰყვებაო და რომ ასეთი შედეგი თავიდან აიცილონ, გადასაცემ ნივთს ფეხთა წინ დაუგდებენ ხოლმე.
მეგობრობის დასამყარებლად ამ წესს ადგიან: ვისაც უნდა, რომ მეორე კაცი მეგობრად გაიხადოს, მოიწვევს ერთად პურის საჭმელად. რაკი იგინი ერთად სჭამენ პურსა და დალევენ ღვინოსა, მათი მეგობ- რული კავშირი დამყარებულად ჩაითვლება და შემდეგ ამისა არა- ვითარი შიში არც ერთს არ უნდა ჰქონდეს, რომ მეორე უმტყუნებს მას. ვინც მოისურვებს, რომ მეგობრობა კიდევ უფრო მტკიცე იქმნას, აგრე მოიქცევა ხოლმე: იშოვნიან ცოტა მირონს ან ნაკურთხ ზეთს და ფრთით ერთი მეორეს წასცხებენ შუბლზე. შემდეგ ამისა მათი კავშირი შეურყეველი იქნება. თუ დაკავშირებულნი ერთის ხნის არი- ან, ერთი მეორეს ძმად უწოდებს და თუ უმფროს-უმცროსი არიან — მამა-შვილად. უკეთუ სხვა-და-სხვა სქესის არიან, იმ შემთხვევაში და- მეგობრება ასე მოხდება: მამაკაცი კბილებს დააჭერს ძუძუს თავს ქა- ლისას და ამით გახდებიან ერთმანეთის დედობილ-შვილობილი ან ძმობილ-დობილი.
როცა ვინმე მივა ავადმყოფის სანახავად, უნდა ეცადოს, რომ ამის წინაშე გულზე ხელები არ დაიკრიფოს, რადგან ეს მწუხარების ნიშანია და ფიქრობენ, რომ ამით ავადმყოფის სიკვდილს ხელს შეუ- წყობს კაციო. ამის გამო ჩვენ, რომელნიც ბავშობიდან შეჩვეულნი ვართ გულ-ხელ დაკრეფას და ვფიქრობთ, რომ ეს ნიშანია თავდაბ- ლობისა, მრავალჯერ ამ მიზეზით შეურაცყოფა მიგვიღია ამ ბარ- ბაროსებისაგან: როცა დავუნახავართ, რომ გულ-ხელ დაკრეფილი ვდგევართ ავადმყოფის წინაშე, გაბრაზებულებს ძალით გაუხსნიათ ჩვენთვის ხელები.
აგრეთვე დარწმუნებულნი არიან, რომ შესაძლებელია რაიმე ცოდვის ჩადენა ისე, რომ თვით ღმერთმაც ვერ გაიგოს. მართლაც, ზოგჯერ ცდილობენ დიდის საიდუმლოებით ჩაიდინონ რამე ცოდვა, რომ ღმერთმა არ გაიგოსო. ერთხელ მე ვიყავი დამსწრე სწორედ ასეთი შემთხვევისა. ერთი დიდებული გახდა ავად შობის მარხვაში, როდესაც მათ აღკრძალული აქვთ, როგორც ზემოდ ვთქვით ხორცის ჭამა. ჩვენები ურჩევდნენ, რომ ავადმყოფობა მეტად მძიმე და საში- შია და ამიტომ ღმერთი არ გიწყენს, თუ მარხვას სჭამო; წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილი მოგელისო. დიდის ხნის რჩევის და ხვეწნის შემდეგ სიცოცხლის სურვილმა სძლია და ბოლოს დათანხმდა ხორ- ცის ჭამასა და ბრძანა ხოხობი მომიხარშეთო. ხოხობი რომ მოართვეს და ლოგინზე წამოჯდა მის საჭმელად, შემოვიდა ოთახში ერთი მისი მოსამსახურეთაგანი და მოახსენა, რომ ქათალიკოზს გაუგია თქვენი ავადმყოფობა და ერთი ძლიერი და სასწაულ-მომქმედი ხატი გამო- უგზავნია, რათა იგი მეოხ გეყოსთ და გაგკურნოს თქვენო. ამ ამბავ- ზე საშინლად დაიბნა ავადმყოფი და მეტად დაფიქრებული და შე- შინებული მიუბრუნდა თავისიანებს და უთხრა: როგორ შეიძლება იმ წმიდა ხატის აქ შემოყვანა, როცა ხორცს ვსჭამო? განა ამ ცოდ- ვისათვის განკურნების მაგიერ არ მამკლავსო? დიდი ხანი ითათბი- რა ამ სამძიმო საქმის შესახებ და, ბოლოს, აგრე გადასწყვიტა: ხოხობი გაატანინა ოთახიდან და ბრძანა დამალეთ სადმე სახლის მი- ყრუებულ კუთხეშიო. ეს რომ შეასრულეს, მერე შემოასვენეს ხატი, რომლის წინაშე მცირეოდენ ილოცა ავადმყოფმა; მერე გაისტუმრა და დიდი მადლობა შეუთვალა ქათალიკოზს. შემდეგ ამისა ხელახ- ლად შემოიტანეს ხოხობი, რომელიც ავსდმყოფმა მიირთვა მეტად დამშვიდებული სინიდისით.
დიდის გვალვის დროს, როცა ყველანი ნატრობენ წვიმას, შემდეგი ჩვეულება აქვთ ღვთისაგან წვიმის გამოსათხოვრად: რო- მელიმე ეკლესიიდან მთელი ხალხი გამოასვენებს სასწაულ-მომქმედს ხატს ოქროსას ან ვერცხლისას და მიასვენებენ მახლობელ მდინარე- სთან, რომელშიაც ამოასველებენ და შემდეგ ხელახლა წაასვენებენ ეკლესიაში. თუ წვიმა არ მოვიდა, რამდენიმე დღის შემდეგ ხატს ისევ წაასვენებენ მდინარეზე, და სულ ჩაუშვებენ წყალში. დარწმუნებულნი არიან, რომ რამდენადაც უფრო დაასველებენ ხატს იმდენად უფ- რო უხვი წვიმა მორწყავს მიწასაო. ამას იმდენჯერ გაიმეორებენ, ვიდრე წვიმა არ მოვა. წვიმა რომ მოვა, დარწმუნებულნი არიან, რომ ღმერთმა ჩვენი თხოვნა შეიწყნარაო. როცა პირიქით, ჰსურთ წვიმა მოისპოს,მაშინ მიჰმართავენ წმ. ელიას, რომელსაც შესწირავენ ხოლმე თხას. ამ თხის ხორცს შესჭამს მღვდელი და ტყავს გასტენენ ჩალით და იქვე სადმე ჩამოჰკიდებენ ხეზე. ხოლო ამ შემთხვევაში რად მიჰმართავენ წმ. ელიას და არა სხვა რომელსამე წმინდანს? მე ვფიქრობ, რომ ივინი ამ შემთხვევაში იქცევიან წმ. იაკობის კათო- ლიკე ეპისტოლეს თანახმად, რომელიც მათ მუდამ ხელში აქვთ და რომელშიაც ნათქვამია: „ელია კაცივე იყო მსგავსი ჩეენი და ლოცვა ილოცა არა წვიმად და არა ჰსწვიმა ქვეყანასა ზედა" (იაკობ, 5). აი ამ მიზეზით მიჰმართავენ ხოლმე ელიას და შესთხოვენ წვიმის მოსპობას. ტყავს ხეზე იმიტომ ჩამოჰკიდებენ, რომ ასეთი ტყავი იყო მისი სამოსელი: „კაც ფაჩვნიერი და ერტყა სარლტყელი ტყავისა წელსა მისსა" (წიგნი მეფეთა IV, თავი ა).
მეგრელები მეტად მოწადინებულნი არიან, რაც შეძლება ჩქარა დალიონ ახალი ღვინო. ისე რომ არ დააცლიან დაწმენდასაც. ხოლო პირველად ამ წესით უნდა დალიონ: გაავსებენ ღვინით თასს, მერე აიღებენ ორს შავ-ტარიან დანას და ჯვარედინად დაა- დებენ თასს. ასე დადებულ დანებს ხელით მაგრად დაიჭერენ და ისე სვამენ ღვინოს. ამ წესის აზრი მე ვერ შევიგნე და არც თვით იქაურებმა იციან: მე მიკითხავს მათთვის ამ წესის აზრი, მაგრამ პასუხად სხვა არა მომისმენია რა, გარდა იმისა, რომ ასეთია ჩვეუ- ლებაო.
თუ ვისმე რამე ამბავს მოუთხრობთ, მსმენელი არ დაგერ- წმუნებათ მის სიმართლეში, უკეთუ თხრობის დროს მარჯვენა წარ- ბი არ მოეფხანა: იგივე ნიშანი მოასწავებს, რომ მომავალ საქმეს ბედნიერი ბოლო ექნებაო. თუ კი მარცხენა წარბი მოეფხანა, ეს, პირიქით, მოასწავებს, როგორც მოთხრობილი ამბის სიცრუეს, ისე მომავალ საქმის უბედურ შედეგს.
ახალ ტანისამოს არას გზით არ ჩაიცვამენ, თუ წინ და წინ მარჯვენა ფეხ ქვეშ არ დააგდეს და არ გათელეს.
სიმოკლისათვის სხვა მრავალ ცრუმორწმუნეობის შესახებ აღარ გავაგრძელებ სიტყვას. დასასრულ ვიტყვი მხოლოდ იმას, თუ წვე- ულების დროს როგორ მკითხაობენ რაიმე საიდუმლოების ან მომავა- ლის შესახებ.
როდესაც პურის საჭმელად სხედან და სუფრაზე მოიტანე- ბენ რომლისამე ოთხფეხ პირუტყვის ბეჭს, ვისაც ეს ბეჭი ხვდება, იგი კარგად გასწმენდს იმას ხორცისაგან, დაიჭერს ხელში, გულ-მო- დგინედ დააკვირდება, რათა ამოიკითხოს რაიმე საიდუმლოება ან გამოიცნოს მომავალი. როცა იგი თავის აზრს წარმოსთქვამს, ბეჭს სხვას გადასცემს, ისე რომ ეს ბეჭი ხელიდან ხელში გადადის, სანამ ყველა სუფრაზე მყოფი არ ამოიკითხავს და არ გამოაცხადებს თა- ვის აზრს. ზოგი ამბობს, რომ ამ პირუტყვის პატრონი ბედნიერი კაცი უნდა იყოსო, ზოგი — რომ, პირიქით, უბედური უნდა იყოსო. ზოგი ამბობს, რომ ამ და ამ კაცს მთავარი გაურისხდებაო და ზოგი — რომ, პირიქით მოწყალებას ან დიდ ღირსებას მიიღებს მთავ- რისაგანაო. ზოგჯერ, ომიანობის დროს, ამ ბეჭის საშუალებით გა- მოიცნობენ ხოლმე, რომ მალე მტერი უნდა დაგვეცეს თავზეო.
შესანიშნავია, რომ ამ მკითხაობისა უფრო სჯერათ, ვიდრე სახარებისა, რადგან შემთხვევით, თუ ეშმაკის მანქანებით, მართლა ხშირად მომხდარა, რომ მათი მკითხაობა გამართლებულა. მაგალი- თად, ბეჭზე ამოუკითხავთ, რომ მტერი ახლო არისო, საჭმელიც მიუ- ტოვებიათ და საჩქაროდ გაქცეულან. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, მტერი უეცრად თავს დაესხმოდათ და ტყვედ წაიყვანდა, რადგან მათი გაქცევის შემდეგ მტერი მართლა მოსულა.
ერთხელ ჩემის თვალით ვნახე შემდეგი. მე დავესწარი ერთ წვეულებას, რომელზედაც მოიტანეს ხბოს ხორცი. სადილის ბოლოს დაიწყეს ამ ხბოს ბეჭზე მკითხაობა. ბეჭი ხელიდან ხელში გადადიო- და და ყველა თავის აზრს ამბობდა. ბოლოს იგი ჩაუვარდა ხელში ერთ ახალგაზრდა აფხაზს, რომელიც ისის იყო, ტყვედ წამოეყვანათ სამეგრელოში. ამ აფხაზმა გულმოდგინედ გასინჯა ბეჭი და წარმოს- თქვა თავის აზრი: ცხადად ვხედვო, რომ ამ ხბოს პატრონისათვის მის მტრებს სახლი დაუწვავთო. ყველა იქ მყოფთ დაამტკიცეს ამ ამბის სინამდვილე და ისიც, რომ აფხაზს წინდაწინ არ ეცოდინებო- და ეს ამბავი, რადგან დიდი ხანია, რაც ამბავი მოხდაო და აფხაზი კი ახალი მოსულია ამ ქვეყანაშიო. ხოლო მე ვფიქრობ, რომ ამ მკით- ხაობის დროს იმდენი სხვა-და-სხვა აზრი გამოითქმის ხოლმე, რომ ერთ-ერთი მართლაც ახდება, უფრო შემთხვევით, რასაკვირველია, მა- გრამ ეს მაინც საკმაო ხდება იძ ცრუმორწმუნეობის დასამყარებლად, რომ ბეჭზე მომავალის ამოკითხვა შეიძლებაო.
XXV. ვაჭრობა
[edit]წინად კოლხიდაში ფული სრულიად არ იყო ხმარებაში და სა- ქონელს ერთმანეთში სცვლიდნენ. ხოლო, როცა მთავარმა დაასახლა სომხები, რომელნიც ძლიერ მისდევენ ვაჭრობას, ამათთან ერთად ფულიც შემოვიდა ხმარებაში, მაგრამ მუდამ მაინც არ ხმარობენ მას, როგორც ჩვენ ვხმარობთ, რადგან საქონელს დღესაც სცვლიან ერთ- მანეთში და ფულს დასამატად ხმარობენ მაშინ, როცა ერთი საქო- ნელი მეორეს არ უსწორდება ფასში. სომხებმა შემოიტანეს ირანის ფული — აბაზები აბაზები აბაზები 31, რომლებზედაც ამოჭრილია მხოლოდ რამდენიმე არა- ბული ასო. აბაზი უდრის ჩვენებურს სამს კარლინოს, როცა მთავარმა დაარსა ზარაფხანა, ამ ზარაფხანაში სჭრიდნენ ირანულისავე ნიშნის ფულს, რომელსაც უფრო სომხებივე ხმარობდნენ, როცა ირანში მიდი- ოდნენ სავაჭროდ, ვიდრე მკვიდრნი, რომელნიც უფრო აფასებენ უცხო ფულს, მაგალითად, უნგრულს უნგრულს უნგრულს,ცეკკინოს ცეკკინოს ცეკკინოს 32 და ესპანურ ესპანურ ესპანურ რეალებს.
საქონლის ყიდვა-გაყიდვის დროს ფასს სხვა-და-სხვა გზით გა- დასჭრიან. თუ საქონელი ძვირია, მაგალითად: ან ყმაა, ან მიწა ად- გილი, ან ვეცხლი, ან ძვირფასი ქსოვილი და ან ირანული ცხენი, — ფასად აძლევენ რამდენსამე ან ხარს, ან ძროხას, ან ცხენს და ან ტყვეს. თუ კი საქონელი შუათანა ფასისაა, მაგალითად: ან ძროხაა, ან ხარი, ან დამასკის ქსოვილი, ან არმეზინი 33 და ჩვეულებრივი ცხე- ნი, საფასურად აძლევენ რკინას, თითბერს, ქვაბს, შეღებილ ტილოს და სხვა ამისთანებს. თუ კი სულ დაბალი ფასის საქონელია, მაგა- ლითად: ქათამი, ყვერული ან კვერცხი, მაშინ საფასურად აძლევენ ნემსებს, მარილს, დანებს და საკმეველს.
საქონელის ყიდვა-გაყიდვისათვის არც დუქნები აქვთ და არც მოედნები, ისე რომ ვერსად ვერ ნახავთ, რომ ხალხი იკრიბებოდეს სანოვაგის საყიდლად. მხოლოდ სომხების ქალაქში, რომელიც აშე- ნებულია აწინდელ მთავრის დროს, არის მოედანზე რამდენიმე დუქანი, სადაც იყიდება ტილო და ირანული შალი.
რაც შეეხება ჩველებრივ სანოვაგეს, რომელიც ყველას მუდამ ესაჭიროებ,ა მისი არც მყიდველი და არც გამყიდველი არ მოიპოვება, რადგან დიდებულისათვის მათ ყმებს მუდამ დღე მოაქვთ ყოველი- ვე საჭირო სანოვაგე. სხვა წოდების ხალხიც არ ყიდულობს სანოვა- გეს, რადგან, რაც სჭირდება, ყოველივე სახლში აქვს, მაგალითად, ყველი საკუთარი ძროხისაგან აქვს, მწვანილი თავის ბოსტნიდან, კვერცხები თავის ქათმებისაგან, და თუ ხორცი უნდა, დაჰკლავს თავის ძროხას, ღორს, ქათმებს, ყვერულებს და ცხვრებს. ამრიგად ყოველ დღე რაც ესაჭიროება, ყველას უყიდლად აქვს. რასაკვირ- ველია, ვინც უფრო თავიანი მეოჯახეა, ის უფრო მდიდრულად ცხოვრობს. ხშირად წლები გადის, რომ მეგრელი არც თავისათვის და არც თავის სახლობისათვის გარედ არას ხარჯავს და თავს ირჩენს იმით, რაც თავის ოჯახში მოჰყავს.
რაც შეეხება სხვა საგნებს, რომელიც ჩვეულებრივ საჭიროა ოჯახში, მათ შესაძენად ორი საშუალება აქვთ: ერთია ბაზრობა, რომელიც იმართება სამეგრელოში, და მეორეა თურქთა გემები, რო- მელნიც ყოველ წელიწადს მოადგებიან სავაჭროდ სამეგრელოს ნა- პირებს. ბაზრობა იმართება სამეგრელოში სხვადასხვა ადგილას და სხვა-და-სხვა დროს. უმთავრესი ბაზრობა იმართება სექტემბრის პირველ კვირაში წიფურიას 34 ეკლესიასთან ეკლესიასთან ეკლესიასთან, რომელიც ჩვენების ხელ- შია.
ამ ბაზრობაზე ძალიან ბევრი ხალხი იკრიბება; ზოგჯერ შეი- ყრება ოცი ათას კაცამდე. სექტემბრის პირველ ოთხშაბათს გზავნიან წინ და წინ კაცებს წკნელისაგან კარვების გასაკეთებლად, რათა ხალხს თავშესაფარი ადგილი ჰქონდეს, ხუთშაბათს კი მოდიან ვაჭრები თავის საქონლით. სომხებს მოაქვთ აქ ნაირ-ნაირი შეღებილი და სა- ხეებიანი ტილოები და ირანულ-თურქული შალები. რომლის საფა- სურად იღებენ ყოველნაირ საქონელს, რასაც აძლევენ, ოღონდ კი დიდად სახეირო იყოს.
ვინც ისეთ ადგილზე ცხოვრობს, სადაც ღომი ნაკლებად მო- დის, იმას მოაქვს მარილი, რათა ღომზე გაცვალოს. ზოგს მოაქვს თაფლი, ცვილი, ძაფი და ადგილობრივი ტილოები; ზოგს ქვაბები, თითბერი, რკინა, ჭილობი, ხის ხონჩები, თიხის ჭურჭლები, თოხები, მატყლი, ხარები, ძროხები, ცხვრები და თხები. ყველა ამაებს სცვლი- ან ერთმანეთში, ისე რომ ფული არ სჩანს.
ბაზრობაზე შეყრილი ხალხი მინდვრებში დალაგდება, ზოგი ხის ძირში და ზოგი დამზადებულ კარავში. მთელი ღამე გაჩაღებუ- ლია მრავალ ადგილას ცეცხლი და სანთლები, რომელსაც ყველანი თავიანთ ადგილზე ანთებენ. აქ ყველანი ღამეს ათევენ ქურდების ში- შის გამო და მთელ ღამეებს ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ჭა- მაში, სმაში და სიმღერაში ატარებენ. აქ არავის ნება არა აქვს არც ყიდვისა და არც გაყიდვისა, ვიდრე მთავარი არ მოვა. მთავარი იმი- ტომ არ აძლევს ამის ნებას, სანამ თვითონ არ მოვა მრავალი ცხე- ნოსანის ამალით, რომ ჰსურს, ხალხი არ დაიშალოს მის მოსვლამდი და მან ისიამოვნოს მრავალის და ნაირ ნაირის ხალხის ყრილობით. როგორც ნებართვა გამოვა, ორ-სამ საათის განმავლობაში ყველა- ფერი გაიყიდება.
წიფურიას გარდა, ბაზრობა იმართება კიდევ წმ. გიორგის ეკლესიაზე ილორში იმ დღეს, როცა წმ. გიორგიმ ხარი უნდა მოი- ყვანოს ეკლესიის გალავანში. აქ წმ. გიორგის პატივის საცემლად თუმცა ხალხი უფრო ბევრი იკრიბება, მაგრამ სავაჭრო იმდენი არ მოდის, რამდენიც წიფურიას ბაზრობაზე, რადგან უკანასკნელი სა- მეგრელოს ყველა სხვა ბაზრობაზე უფრო დიდხანს გრძელდება. ილორის შემდეგ ბაზრობა იციან ბედიაში ბედიაში ბედიაში,კორცხელში კორცხელში კორცხელში (di capo Cozcheri) და სხვა მრავალ ადგილას. ყოველგან ერთნაირად მართა- ვენ ბაზრობას და ერთნაირი საქონელი მოაქვთ.
თურქთა გემების მოსვლის დროს მეგრელები უფრო ეტანები- ან უცხო საქონლის შეძენას ადგილობრივი საქონლის გაცვლით. თურქებს მოაქვთ კოსტანტინეპოლიდან ოდიშში შემდეგი საქონელი: მშვენიერი ნაირ-ნაირი ხალები, საბნები, თურქული ტყავები, უნაგი- რები, ცხენის მოკაზმულობა, შვილდ-ისრები, შალები და მაუდები ყოველ-ნაირ ფასისა, რკინა, თითბერი, ქვაბები, მატყლი, შეღებილი და სახეებიანი ტილოები, დამარილებული თევზი, ხიზილალა, დანები, საკმეველი. პილპილი, შაქარი და მარილი. სამაგიეროდ მეგრელები- საგან იღებენ თაფლს, ცვილს, ადგილობრივ ტილოს, ძაფს, აბრე- შუმს ხარის, კვერნის და წავის ტყავს, სელის თესლს, ბზის ხეებს და ტყავებს. ბზის ხეებში თურქები ძალიან იგებენ, რადგან სამას თუ ოთხას სკუდის მარილით ყიდულობენ იმდენ ხეს, რომელიც ხუ- თი ათას სკუდიზე მეტი ღირს. თითო ხომალდში ატევენ ხუთ-ექვს ათას ხეს და კოსტანტინეპოლში ჰყიდიან თითო სკუდად თითო ხეს. სხვა საქონელშიც დიდი მოგება აქვთ, განსაკუთრებით ტყვეებში. რადგან ტყვეები ტყვეები ტყვეები ბევრს არ იწონიან, რამდენსაც იშოვნიან, იმდენს ჩაჰყრიან ხომალდში. მეგრელებიც დიდის სიამოვნებით ჰყიდიან ტყვეებს, რადგან ერთ ტყვეში აიღებენ ყველა საქონელს, რაც სახლ- ში ეჭირვებათ. ხოლო რა სამწუხარო სანახავია, როცა ქრისტიან პატრონებს მიჰყავთ ასიოდე ქრისტიანი ბიჭი თურქებზე გასასყიდად. თურქები, როგორც კი იყიდიან ამათ, მაშინვე თურქულად ჩააცმე- ვენ, და ნიშნად მათის ცრუ რჯულის მიღებისა, ააწევინებენ საჩვე- ნებელ თითს, უარს ათქმევინებენ ქრისტეს სჯულზე და ასწავლიან თურქთა რჯულის წესს და რიგს. ამას სჩადიან ქრისტიანთა წინაშე და ქრისტიანთა ქვეყანაში, ვიდრე კოსტანტინეპოლში წავიდოდნენ! აგრევე იქცევიან ქალების მიმართ, რომელთა სასყიდლად თურქები
ბავშების გაყიდვა თურქებზე. პატრი რისხავს ამ უზნეო ვაჭრობას
ქრ. კასტელის ალბომიდან. საქართველოს მუხეუმი.
ფულს არა ზოგავენ, ოღონდ ქალი ლამაზი იყოს. მეგრელის ქალე- ბი ხომ უმეტეს ნაწილად იშვიათი სილამაზისა არიან. ზოგჯერ თი- თო ქალში იძლევიან სამას თუ ოთხას ცეკკინოს.
ყიდულობენ აგრეთვე ჰასაკში შესულ კაცებსაც. ამათ მეგრე- ლები ჰყიდიან რაიმე დანაშაულობისათვის, უფრო კი ქურდობისთ- ვის. ჩვენში ასეთებს დასასჯელად კატორღაში გზავნიან და მე- გრელები კი თურქებზე ჰყიდიან.
გარდა ამისა ზოგი ბატონი ისეთი ულმობელი და სასტიკია, რომ არ ასწონ-დასწონის თავის ყმების ღირსება-ნაკლულევანებას და ისე ჰყიდის მათ თურქებზე. იყო ერთი უპირველესი დიდებულ- თაგანი ოდიშში გვარად ჭილაძე, რომელიც შეჩვეული იყო ტყვეების გაყიდვას. და ამას ერთ წელიწადს თურქთა გემების მოსვლის დროს დასჭირდა ათი-თორმეტი ტყვე ოსმალებზე გასასყიდად, რათა სამა- გიეროდ ეყიდნა მათგან სხვადასხვა საქონელი, რომელიც სახლში სჭირდებოდა. ეს შეუტყეს მისმა ყმებმა და თავს უშველეს გაქცე- ვით, რათა ხელში არ ჩავარდნოდნენ მას და თავისუფლება არ დაჰ- კარგოდათ. მაგრამ ჭილაძემ ეს ხერხი იხმარა საჭირო კაცების მა- ხეში გასამბელად. გამოაცხადა, რომ ამ და ამ დღესასწაულს დი- დებული წირვა უნდა გადავიხადოო და ერთ-ერთ ჩვენი კარის ეკლე- სიაში უნდა მოვიდნენ მღვდლებიო, რომელთაც წირვის შესრუ- ლებისათვის უხვად დავასაჩუქრებ და მდიდრულ ნადიმს გაუმართა- ვო. ამ ცრუ დაპირებამ შეაცდინა მღვდლები და დანიშნულ დღეს თორმეტი მღვდელი გამოცხადდა. მათ დიდებულად შეასრულეს წირ- ვა, რომელსაც დიდის ღვთის მოსაობით დაესწრო ჭილაძე. წირვა რომ შეასრულეს და მღვდლებს იმედი ჰქონდათ, თავადი თავის და- პირებისამერ დაგვასაჩუქრებს და ნადიმს გაგვიმართავსო, — ჭილაძემ ეკლესიის კარები დააკეტინა, ჯაჭვები მოატანინა, თორმეტივე მღვდე- ლი ჯაჭვებში ჩასვა, თმები და გრძელი წვერები მოაპარსვინა და პირდაპირ წაიყვანა თურქთა გემებზე გასასყიდად. ამ რიგად ჭილაძემ გადასცა თურქებს სამუდამო ტყვედ თორმეტი მღვდელი და ფასად აიღო ათასი სკუდის სხვა-და-სხვა საქონელი. ეს საქციელი ჭილა- ძისა ღირსია საუკუნო ძაგებისა, რადგან ანგარებით დაბრმავებულმა ამოდენი სისასტიკე გამოიჩინა წინააღმდეგ თავისი სამღვდელოებისა, რომელსაც პატივსა სცემენ ქვეყნიერობის ყველა ერნი, დაჰგმო ყოვე- ლივე კანონი, და მის მაგიერ, რომ აესრულებინა თავისი დაპირება და დაესაჩუქრებინა ის მღვდლები, სამუდამოდ მოუსპო მათ თავი- სუფლება.
ამ მხრივ მეგრელთა ბარბაროსობა იქამდი მიდის, რომ არც ნათესაობა სწამთ და მზად არიან მეგობრობის ყოველივე კანონი ფეხქვეშ გათელონ, უკეთუ სარგებლობას და გამორჩენას დაინახა- ვენ. მე ჩემის თვალით ბევრჯერ მინახავს, რომ ქმარს თავისი ცოლი გაუ- ყიდია თურქებზე მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა ეჭვი ჰქონდა მის კუდიანობაზე, რასაც მეგრელები მრუშობაზე უფრო სდევნიან. ამ შემთხვევაში ფასი მარტო ქმარს როდი რჩება, არამედ გაანაწილე- ბენ სამად და ერთი წილი ერგება ბატონს, რომლის ყმად ითვლება ქალი, მეორე — ქმარს და მესამე — ქალის მშობლებს. აქედან სჩანს, რომ ამ საქმეში ბევრს აქვს სარგებლობა და ამიტომაც ხშირია ასე- თი ყიდვა-გაყიდვა.
ამაზე უფრო დიდი ბოროტება მოხდა ქართლში, როცა შემო- ვიდა ირანის ჯარი, დაახლოვებით 1633 წ. ერთ აზნაურს მოეწონა მშვენიერი ირანული ცხენი და რადგან სხვა არაფერი არ ჰქონდა, რომ ეყიდნა ეს ცხენი, ფასად თავისი დედა მისცა ცხენის პატრონს, რო- მელიც იყო თურქი. ამნაირად ამ აზნაურმა დაჰგმო თვით ბუნების კანონი და ღვიძლ დედას, რომელმაც მიანიჭა მას თვით სიცოცხლე, თავისუფლება მოუსპო მხოლოდ იმიტომ, რომ შეეძინა პირუტყვი. ცხადია, რომ იმან პირუტყვებზე უფრო დიდი ულმობელობა გამო- იჩინა, რადგან პირუტყვები მხოლოდ ინსტინქტის შემწეობით თავის მშობლებს ყოვლად ლმობიერად ეპყრობიან, რამდენადაც შე- უძლიათ.
ყველა ეს ხალხი, როგორც კი მათ ჩაიყვანებენ თურქეთში, მოლე ხანში მაჰმადის ცრუ სარწმუნოებას იღებს და ქრისტეს რჯულს სტოვებს. ასეთს საქმეს სჩადის ეშმაკი ამ ქვეყნებში თურქ- თა შემწეობით. თურქები ისეთ ერთგულებას იჩენენ ამ საქმეში, რომ არ ჰზოგავენ არც ჯაფას და არც ფულს, ოღონდ კი შეიძინონ ტყვეები. მართლაც, მათ მიჰყავთ მრავალი ტყვე არა მარტო სამე- გრელოდან, არამედ ჩერქეზეთიდან აფხაზეთიდან, ალანეთიდან და ჯიქეთიდან. გარდა ამისა თათრები ხშირად შედიან რუსეთში (Rusia) და პოლონეთში და იქ იძენენ მრავალ ტყვეს, რომელსაც ჰყიდი- ან თურქებზე. ,ართლაც, თითქმის ყოველ დღე დაინახავთ კოსტან- ტინეპოლში, რომ შავი ზღვით შემოდის მრავალი გემი, დატვირთუ- ლი ქრისტიან ტყვეებით. განსაკუთრებული დროშებით იცნობენ ხოლ- მე, რომ ამ გემებით ტყვეები მოჰყავთო. ეს ტყვეები ყველანი მაჰმა- დის სარწმუნოებას იღებენ. რომ ეს სარწმუნოება მიაღებინონ, ზოგს მათგანს აცდენენ საჩუქრით და ზოგს კი ჯაფის შიშით, რომელიც ტყვეს მოელის.
XXVI. კოლხიდის ბუნების სიმდიდრე და უწინარესად მისი ხალხი
[edit]ციცერონს უკვე გამოუთქვამს ის აზრი, რომ ქვეყნიერობის ხალხთა და ერთა ჩვეულებანი წარმოსდგება იმ იდგილის ბუნებისაგან, სადაც იგინი ცხოვრობენო: ადამიანთა ზნეჩვეულება დამოკიდებულია არა ჩამომავლობისა და ტომისაგან, არამედ ადგილისა და ცხოვრების პი- რობისაგანო. ამიტომაც შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ჰაერი, წყალი, მთები, ზღვა, ტყეები და მცენარეები მოქმედობენ ადამიანთა ზნე- ჩვეულებაზე. რადგან ყოველივე მათგანი სხვადასხვა ქვეყანაში სხვა- და-სხვაა, აგრეთვე სხვა-და-სხვა არის ადამიანთა ჩნე-ჩვეულებანი. უდაბურ და ყრუ ადგილებზე ადამიანებიც ველურნი და სასტიკნი არიან. ხოლო სადაც მშვენიერი მდებარეობა არის, იქ ადამიანები ლმობიერი და კეთილი არიან. მაგრამ რადგან კოლხიდაში მეტად მკაცრი კავკასიის მთებიც არის და მშვენიერი გორაკებიც, დიდი და შეუპოვარი მდინარეებიც და კეკლუცი და პატარა ნაკადულებიც, უტეხი ტევრებიც და კარგად დამუშავებული ყანებიც, წმინდა ჰაერიც მთებზე და დახუთულიც ვაკეზე, ამიტომაც სხვა-და-სხვა კოლხიდელების ზნე-ჩვეულებაც, როგორც ზემოდაც გვქონდა საუბა- რი: იგი კეთილიც არის და სასტიკიც ერთად. ხოლო მათ ყოველი- ფერს უფუჭებს ზღვა, საიდანაც მრავალი ნაირ-ნაირი ხალხი ადვი- ლად მოდის და ამ ხალხთაგან ითვისებენ მეგრელები ყოველსავე ბიწიერებას. თუ იგივე ციცერონი ამბობს კართაგენელებზე, რომ კართაგენელები იყვნენ ცბიერნი და მატყუარნი არა მოდგმით, არა- მედ იმიტომ, რომ ცხოვრობდნენ ზღვის-პირ ქალაქებში და ვა- ჭრობისა გამო შეეჩვიენ მატყუარობასო; ჩვენ ბევრად უფრო საფუ- ძვლიანად შეგვიძლია ვთქვათ კოლხიდელებზე, რომ სხვა-და-სხვა ხალხი, რომელიც მოდის მათ ქვეყანაში, ასწავლის მათ მხოლოდ ბიწიერებას და ვერაგობას. მართლაც ბერძნებს, სომხებს, თურქებს, რუსებს (Rossi) და აფხაზებს შემოაქვთ აქ უფრო ბევრი ბიწიერება, ვიდრე სავაჭრო საქონელი და მათ იმდენად მოშხამეს ეს ქვეყანა, რომ აქაური ხალხი ადამიანებს როდი ჰგავს, არამედ, ჩვენის აზრით, ბიწიერების ბოროტ ნაშიერს. მეგრელებმა შეითვისეს ბერძნებისაგან ვერაგობა, სომხებისაგან — სიცრუე, რუსებისაგან — თავ-დაუჭერლობა და ლოთობა, აფხაზებისაგან — სისასტიკე და ქურდობა და თვით თურქებისაგან — ღალატობა, ისე რომ ამ სხვა-და-სხვა ბიწიერებამ სულ გააქრო მეგრელების სათნოება. სწორედ ეს ექნებოდა შენი- შნული ჰეროდოტეს, როცა შავი ზღვის ნაპირების მცხოვრებთა შე- სახებ, რომელთა შორის მეგრელებსაც სთვლის, ამბობს: შავიზღვის ნაპირებზე ნაპირებზესახლობენ სახლობენ სახლობენმეტადველურნი ველურნი ველურნიტომნი,რომელთა რომელთა რომელთაშორის არავითარი არავითარიკვალიგანათლებისა განათლებისა განათლებისაარმოიპოვებაო მოიპოვებაო მოიპოვებაო, რადგან იმდენად, ჩაფლულნი იყვნენ ბიწიერებაში, რომ არავითარი ნიშანი სათნოე- ბისა არ მოეძებნებოდათ. მართალია, მეგრელებმა კოსტანტინეს დრო- იდან მიიღეს ქრისტეს სარწმუნოება და წმ. ნათლობის წყალში რომ განიბანეს, თან ბიწიერების მწიკვლიც მოიბანეს და რამდენიმე ხანს სუფევდა მათ შორის სათნოება. ამას დღემდი ჰმოწმობს მრავალი წიგნი, რომელიც დროთა ბრუნვას ხელუხლებლად გადარჩენია. ეს წიგნები იმ დროს არის ნათარგმნი ბერძნულით ქართულად. ხოლო შემდეგ, რაკი მეგრელები ბერძენთა მწვალებლობის ზედგავლენით მოშორდნენ ეკლესიის წიაღსა, სარწმუნეობასთან ერთად დაკარ- გეს ყოველივე სათნოება, და ამრიგად მართლდება ჰეროდოტეს სიტყვები: „შავიზღვისნაპირებზე ნაპირებზე ნაპირებზესახლობენ სახლობენ სახლობენმეტადველური ტომნიო".
მართლაც, მეგრელები იმდენად უმეცარნი არიან, რომ მათ შორის თითქმის არავის არ ესმის ის ქართული წიგნები, რომელიც დაწერილია მათის ნამდვილის ძველებურის და წმინდა ენით. ამ ენი- საგან მათი მდაბიური ენა ისე განირჩევა, როგორც ჩვენი მდაბიური ლათინურიდან განირჩევა. აქ არ თავდება მათი უმეცრება: ქარ- თული წერა-კითხვა დღეს სულ მოსპობილი იქნებოდა აქ, რომ ქა- ლებს არ შეენახათ იგი. ისე რომ თუ ვისმე უნდა კითხვა შეისწავ- ლოს, უნდა რომელსამე ქალს მიებაროს სასწავლებლად. მაგრამ მათ უმეცრებაზე ბევრი რამე ვთქვი მე-XXII კარში და ამიტომ გადავალ კოლხიდის ბუნების აღწერაზე.
XXVII. ჰავა
[edit]კოლხიდას თავის მდებარეობის გამო ისეთი ნოტიო ჰავა აქვს, რომლის მსგავსი არსად არ მოიპოვება. ამის მიზეზია ის, რომ და- სავლეთით, შავი-ზღვით, მოდის ნამიანი ჰაერი და აღმოსავლეთით აკრავს კავკასიის მთები, საიდანაც მრავალი მდინარე ჩამოდის. ამას დაუმატეთ ხშირი ტყეები, რომლის გამო ჰაერი ვერ მოძრაობს. ზღვის ქარი ძალიან ხშირია და მას მუდამ მოსდევს წვიმა და ნის- ლი. ამის შედეგია, რომ როგოც კი საღამო მოახლოვდება, თუმ- ცა ჯერ კიდევ მზე არ იყოს ჩასული, ყოველგან, სადაც მზის სხივე- ბი არ ადგია, ბალახიც და კაცთა ტანისამოსიც ისე დასველდება ცვა- რით, თითქოს პატარა წვიმა ყოფილიყოსო. მთელი ღამის განმავლო- ბაში ისეთი ძლიერი ცვარი დაედება დედა-მიწას, განსაკუთრებით როცა ცა მოწმენდილია, რომ ბაღებს მორწყვა არ უნდა, რადგან მცენარეებს ცვარის ნამიც ეყოფა. ეს ძლიერი სინესტე ჰბადებს ნისლს, რომელიც ზემოდ ადის და იქ იქცევა ხშირ წვიმად. წვიმის მოსვლის დროს ქუხილი მეტად ძვირია.
ნოტიო ჰაერი, რომელიც შეპყრობილია ტყეებსა და მთებს შუა, მეტად შხამავს ზაფხულსა და ჰბადებს მრავალ ავადმყოფობას, რო- მელიც უფრო უცხოელებს ვნებს. ზაფხულში ჩამოსული უცხოელები ხშირად კვდებიან აქ. ეს უბედურება რომ თავიდან აიშორონ, უც- ხოელებმა ზაფხულში ეს საშუალება უნდა იხმარონ: ვაკეზე არ უნდა იცხოვრონ, არამედ მაღლობზე, ზომიერად უნდა ისაზრდოვონ და სრულებით არ უნდა სჭამონ ხილი, რომელიც ასე უხვად მოდის აქ და მეტად ვნებს, ვინც ბევრსა სჭამს. კოლხიდის ჰავა ვნებს არამც- თუ უცხოელებს, თვით ადგილობრივ მცხოვრებლებს იმდენს სხვა-და- სხვა ავადმყოფობას უჩენს, რომ ძლიერ იშვიათია, რომ იქაურმა ღრმა მოხუცებულებამდი მიაღწიოს. თითქმის საყოველთაო სენია კოლხიდელებისა ტყირპი, რომელიც, თუ დროზე შესაფერი წამლებით არ მოსპეს, წყალმანკად იქცევა. ციება, რომელიც ყოველ სამ-ოთხ დღეში მეორდება, ისე ჩვეულებრივია, რომ მხოლოდ პაროქსიზმის დროს აქცევენ მას ყურადღებას, თორემ სხვა დროს მუშაობასაც არ ანე- ბებენ თავს. შემოდგომას კი ყოველ დღე სტანჯავს მათ ციება. ჰა- საკში შესულ ადამიანებს კატარი და ასტმა ჰკლავს და სხვებს კი სი- ყვითლე და ლეტარგია.
ნოტიო ჰაერს დაერთვის აგრეთვე სიცივე. აქ უფრო ცივა, ვიდ- რე ნეაპოლში და რომში, მაგრამ ისე კი არა, როგორ, ლომბარ- დიაში. თუმცა ზამთარში ბევრი თოვლი მოდის, მაგრამ ზღვის სია- ხლოვის გამო ჩქარა დნება. ზამთარი გვიან იწყება, ისე რომ ზოგ- ჯერ დეკემბერშიც არ არის სიცივე; პირიქით, ამ თვეში რთველს შეუდგებიან ხოლმე და მოჰკრეფენ ბევრ ყურძენს, რომელიც მანამ- დი ხეებზე კარგად მწიფდება. როგორც გვიან იწყება ზამთარი, ისე გვიანვე თავდება: ხშირად აქ აპრილის თვეშიც დიდი თოვლი მო- დის.
XXVIII. მთები
[edit]ბუნებას ისე მშვენიერად მოუწყვია კოლხიდა, მთებიც და ვა- კეც ისეა აქ შეზავებული, რომ ნაირ-ნაირი მდებარეობით იგი შესა- ნიშნავია წინ, ზღვის პირად, სულ ვაკეა. ამ ვაკეზე მრავალი ტყე და ჭაობია, რომელიც ბუნებას თითქოს განგებ გაუჩენიაო, რათა მტერი არ შემოუშვას ზღვითო. უკან კი არტყია უმაღლესი კავკა- სიის მთები, რომლებიც აგრეთვე მაგარ კედლად უდგას და იცავს კოლხიდას იმ ბარბაროსებისაგან, რომელიც მთების იქით ცხოვრობენ. ამ რიგად კოლხიდა ბუნებით დაცულია მტრებისაგან როგორც ზღვით, ისე მთებით.
ხოლო რაც ბუნებას დაჰკლებია, ის მთავრების მეცადინეობას და მოხერხებას დაუსრულებია. მართლაც, ზღვის მხრით ზოგან არც ტყე არის და არც ჭაობი და იქიდან მტერი ადვილად შესძლებდა შემოს- ვლას. ამ ადგილების დასაცველად აუშენებიათ რამდენიმე ხის ციხე, სადაც თოფით შეიარაღებული მცველები დგანან. ასეთივე საშუა- ლება აქვთ ნახმარი მთების მხრიდანაც: რადგან ერთ ადგილას, რო- მელსაც ოლუშე (Olusce) ჰქვია, მთები გაშლილია და მტერს ადვი- ლად შეეძლო აქედან შემოსვლა და ქვეყნის აოხრება, — დიდის ხარ- ჯით ამოუყვანიათ კედელი სიგრძით სამოცი ათასი ნაბიჯი და კე- დელში აქა იქ აუშენებიათ კოშკები, რომლებშიაც დგანან თოფებით
შეიარაღებული მცველები, რომ ამ კოშკებს დარაჯი არასოდეს არ მოაკლდეს. ოდიშის ეპისკოპოსებს, თავადებს და დიდებულებს თვის შორის მორიგობა გაუნაწილებიათ თვეობით, ისე რომ თვითეული თითო თვეს იცავს ამ ადგილებს თავის კაცებით.
როგორც ზემოდ ვთქვით, კოლხიდა ზღვის მხრით ვაკეა და კავკასიის მთების მხრით მაღალი. ვინც კი შეხედავს მას ზღვიდან, დაინახავს, რომ შუა ადგილიდან დაწყებული თანდათან აღმართი მატულობს თვით კავკასიის მთებამდი. ეს მთები სიმაღლით მეტი თუ არა, ნაკლები არ არის ჩვენი ალპებისა, რომელიც ჰყოფს საფრან- გეთს იტალიისაგან. კარგად ვიცი, რომ ზოგი ავტორი, როგორც მაგალითად, პლინიუსი და ქვინტო კურციუსი ალექსანდრე დიდის ცხოვრებაში კავკასიის მთებს უჩვენებენ ინდოეთში. მაგრამ სტრა- ბონი, პტოლომეუსი და იგივე პლინიუსი ერთ ხმად აჩვენებენ კავკასიის ყელს კასპიის და შავი ზღვის შუა. სტრაბონი თავის თხზულების მეთერთმეტე წიგნში (Strab lib. XI) იმასაც გვეუბნება, თუ ქვინტო კურციუსი რად უჩვენებს კავკასიას ინდოეთშიო: ამას ათქმევინებს. ქვინტო კურციუსს არა საქმის ნამდვილი გარემოება, არამედ ალექ- სანდრეს მიმართ პირმოთნეობაო.
ამ მაღალ მთებში ცხოვრობენ სხვა-და-სხვა ველური ხალხი, რომელთაც ერთი მეორესაგან ისეთი განსხვავებული ენა აქვთ, რომ ერთმანეთისა არა ესმით რა. სტრაბონი და სხვა მწერლები მრავალს სხვა-და-სხვა ხალხს ასახელებენ აქ. ხოლო კოლხიდელებთან უფ- რო ახლო ცხოვრობენ: სვანები, აფხაზები, ალანები, ჩერქეზები, ჯი- ქებო ყარაჩაელებთ (Caraccioli).
ყველანი ესენი მხოლოდ სახელით არიან ქრისტიანები, თორემ არც სარწმუნოებით და არც მოქმედებით ქრისტიანობა მათ სრუ- ლებით არ ეტყობოდათ. მათ შორის ყველაზე მშვიდობიანი არიან სვა- ნები, რომელნიც ღვთისა და კეთილ ცხოვრების შესახებ ქადაგებას გულმოდგნედ ისმენენ. სვანები ცხოვრობენ იმ მთებზე, რომელიც არის ოდიშის პირდაპირ და აგრეთვე იმ მთებზე, რომელნიც იმე- რეთს დაჰყურებენ.
პირველნი დადიანს ეხმარებიან ომის დროს და მეორენი იმე- რეთის მეფეს. ყველანი მეტად მაღალნი არიან, თითქმის გოლიათე- ბური მოყვანილობისანი და კარგი ტანადნი, ხოლო პირისახე შავი აქვთ და უშნო. თმა ხუჭუჭი აქვთ. ომში მამაცნი არიან და შესანი- შნავი მსროლელნი. თოფს და თოფის წამალს თვითონ აკეთებენ. მე- ტად ბინძურნი არიან, ისე რომ მათი ერთი შეხედვაც ზიზღს მოგ- გვრით. ეს ხალხი ძალიან ღარიბია. თუმცა პირუტყვი ბევრი ჰყავთ, მაგრამ დანარჩენი, რაც ოჯახში საჭიროა, ნაკლებად აქვთ. ამის სა- შოვნელად ზაფხულის დასაწყისს მუდამ ჩამოდიან ჯგუფ-ჯგუფად საქართველოში. აქ ჩვეულებად აქვთ ყანების მორწყვა და სვანებს მდინარეებიდან გაჰყავთ წყალი ყანებში. ამ საქმეს ადგანან სვანები მოსავლის აღებამდი. მოსავალს რომ აიღებენ, სვანები მიიღებენ თა- ვის შრომის ფასს, ფულად კი არა, რადგან ფულის ხმარება არ იცი- ან, არამედ თითბერის ნაჭრებს, ქვაბებს, რკინას, ტილოს, თაფლის სანთლებს, აბრეშუმის ქსოვილებს, ნოხებს და მარილს. ამაებით და- ტვირთული მხიარულად ბრუნდებიან სახლში. მერე, ზამთარი რომ დადგება, სვანები ჩამოდიან ოდიშში. აქ მათი ხელობაა შეშის მო- ტანა და ცეცხლის ანთება. ზამთრობით ოდიშში ყოველ ოჯახში უხვად ანთებენ ცეცხლს, რადგან სახლები ხის არის და ცუდად აშე- ნებული და ყოველის მხრით სიცივე შემოდის. სვანები დიდის გულ- მოდგინებით ასრულებენ თავის მოვალეობას. მოაქვთ თავის დრო- ზე შეშა და უდარაჯებენ, რომ ღამის განმავლობაში ცეცხლი არ გა- ქრეს არც ერთ შენობაში. ზამთარი რომ დასრულდება, სვანები აქაც თავის შრომის ფასს აიღებენ და დაბრუნდებიან სახლში. ეს ხალხი, როგორც ვთქვი, ფულს არ იღებს მეთქი. ზოგჯერ მე ვცდილ- ვარ შემეგონებინა მათთვის, რომ ფულით კაცს შეუძლიან შეი- ძინოს ყოველი ნივთი, რასაც კი მოისურვებს. მაგრამ მათ აი რა პასუხი მოუციათ ჩემთვის: „რა საჭიროა, რომ ორჯერ გავსწიოთ ჯა- ფა: ერთი ფულის შოვნაზე და მეორე ფულით საჭირო საქონლის ყიდვაზე. როცა მე რამე საქონელი დამჭირდება და ამ საქონელში პირდაპირ ჩემს საქონელს გავცვლი, ცხადია, რომ მე ჯაფა ნაკლები მჭირდება. მაგალითად, თუ მაქვს ცვილი ან თაფლი და მჭირია რკი- ნა, არა სჯობს, რომ ჩემი ცვილი გავცვალო რკინაში, ვიდრე ჯერ ჩემი ცვილი გავცვალო ფულში და მერე ფულით რკინა ვიყიდო?“
მარტო სვანები ხომ არ არიან, რომ ფულს არ ხმარობენ, არამედ იმ ხალხებმაც, რომელნიც ცხოვრობენ კავკასიის მთებში კას- პიის ზღვიდან დაწყებული აზოვის ზღვამდი (alfa Palude Meotide), არ იციან, ფული რა არის და საქონელს ერთმანეთში სოფლიან. სტრაბონი და სხვა ავტორები ამბობენ, რომ სვანები მეtად მდიდ- რები არიანო ოქროთი, რადგან მათ მდინარეებში ქვიშას ოქრო ურევიაო და იგინი ამ ოქროს ჰკრეფენო ცხვრის ტყავით. იქნება ძველად ნამდვილადაც აგრე იყო, ხოლო ეხლა კი მაგის ნიშანიც არ არის და არც მათ მეზობელ ხალხთა შორის არის ეს ამბავი ცნობი- ლი. ამ ამბავს ეწინააღწმდეგება აწინდელი მათი სიღარიბე.
შევეხოთ ეხლა დანარჩენ ხალხებს, რომელნიც ცხოვრობენ იმა- ვე მთებში. სამეგრელოს ჩრდილოეთით ცხოვრობენ აფხაზები ანუ აბაშები, რომელთაც თურქები უწოდებენ აბასად (Abbassâ). ამათი მშვენიერი და საუცხოვო ქვეყანა სულ დაყოფილია ნოყიერი გორა- კებით. რადგან ჰაერი მრთელი და მშრალია, ხალხიც არის მშვენი- ერი სისხლისა, ლამაზის სახისა და თეთრის ხორცისა, კარგად მოყვა- ნილი, ღონიერი, მკვირცხლი და მარდი, ჯაფის ამტანი და მოხერ- ხებული. ახალგაზრდობა არასოდეს უსაქმოდ არა ზის, არამედ ვარ- ჯიშობაში ატარებს დროს: ხან შუბის ხმარებაში ვარჯიშობს, ხან მძიმე რამეებს ჰაერში ისვრის და ხან თხრილებზე ხტება, რათა შეი- ძინოს ძალა და გაიწვრთნას სიმარდეში. აფხაზებს ბევრი ჯოგი ჰყავთ. მათი ყოველდღიური საჭმელია: ყველი, რძე და გარეული ნა- დირი. თევზს არა სჭამენ, თუმცა შეეძლოთ ბევრი დაეჭირათ მდი- ნარეებშიც და ზღვაშიც. კიბო საშინლად ეზიზღებათ, როგორც გვე- ლი, და დასცინიან მეგრელებს, რომელთაც ძალიან უყვართ კიბო.
აფხაზები ქალაქებში და ციხეებში როდი ცხოვრობენ, არამედ შეიყრება ერთი გვარის ათი თუ ოცი ოჯახი, ამოირჩევენ რომელ- სამე მაღლობ ადგილს, გააშენებენ იქ კარგ ისლით დახურულ ფაცხებს, შემოავლებენ ამორჩეულ ადგილს მაგარ ღობეს და ღრმა თხრილს, ღობეს და თხრილს იმიტომ აკეთებენ, რომ ეშინიათ თავდასხმისა. გარეშე ხალხი კი არა, თვით აფხაზები თავს ესხმიან და სძარცვავენ ერთმანეთს. ხოლო ართმევენ ერთმანეთს სახლის ავეჯს კი არა, რად- გან აფხაზს ასეთი ავეჯი არც კი გააჩნია, არამედ კაცებს, ქალებს და ბიჭებს. ამისათვის ჩვეულებრივ ღამე დაეცემიან ერთმანეთს და ვისაც მოახელებენ, დაიჭერენ და წაიყვანებენ. გაუფრთხილებ- ლობით რომ ეს არ დაემართოთ, აფხაზები საშიშ დროს ჯავშანს ჩაი- ცვამენ, ხელში შუბს დაიჭერენ, ფარს სასთუმალს ქვეშ დაიდებენ, შეკაზმულ ცხენს ლოგინთან დააბამენ და ისე დაიძინებენ. აფხაზის ტყვეს მეტად აფასებენ თურქები: ქალებს სიმშვენივრისათვის და ბიჭებს იმიტომ, რომ რაკი თავის რჯულზე მოაქცევენ და სამხედრო ხელოვნებაში გაავარჯიშებენ, უფრო ხშირად ისეთი კაცები დგები- ან, რომ სახელმწიფო საქმეებსაც და სამხედრო თანამდებობასაც მე- ტად კარგად ასრულებენ.
აფხაზებს აქვთ ერთი შესანიშნავი ჩვეულება, რომელიც სხვა- გან არ მოიპოვება; სახელდობრ ის, რომ მიცვალებულებს როდი მარხავენ, არამედ ჰკიდებენ ხოლმე ხეზე შემდეგის წესით. გამოღარა- ვენ ხის ღერს კუბოს მსგავსად, შიგ ჩასდებენ მიცვალებულს და ვა- ზის მაგარ ლერწებით ჩამოჰკიდებენ ხის წვერზე. ამავე ხეზე ჩამოჰ- კიდებენ ყველა იარაღს, რომელსაც მიცვალებული სიცოცხლეში სა- ომრად ხმარობდა. მისი საჯდომი ცხენიც უნდა გაუგზავნოთო, ამ- ბობენ ჭირისუფლები, რადგან საიქიოსაც ისე დასჭირდება, როგორც აქ სჭირდებოდაო. ამისათვის ცხენს გადააფარებენ აბრეშუმის ქსოვილს და იმ მინდორზე, სადაც მიცვალებულია ჩამოკიდებული, აჭენებენ იმ დრომდი, სანამ დაღლილობისაგან არ მოკვდება. თუ ცხენი ჩქარა მოკვდა, ამბობენ, რომ პატრონს ძლიერ ყვარებიაო და მალე წაიყვანაო, და თუ დიდხანს არ მოკვდა, ეს იმის ნი- შანიაო, რომ პატრონს არ ყვარებია და დაიგვიანა მისი წაყვანაო.
ალანების და ჯიქების შესახებ არას ვიტყვი, რადგან მათ ისეთივე ჩვეულება აქვთ, როგორიც მათ მეზობელ სვანებს და აფ- ხაზებს აქვთ.
გარდა ამისა კავკასიის მთებში, კასპის ზღვისაკენ გეოგრაფები (Cosmograffi) უჩვენებენ ამორძლებს (ამაზონებს), რომელთა შესახებ ამტკიცებენ, რომ თუმცა იგინი ქალები იყვნენო, მაგრამ მამაცად ომობდნენო. უკვე პლუტარქმა აღნიშნა პომპეუსის ცხოვრებაში, რომ როცა პომპეუსი გაქცეულ მიტრიდატს მისდევდაო, მას კავკა- სიის მთებში სხვა ბარბაროსთა შორის ეწინააღმდეგებოდნენ ამორ- ძლებიცაო; პომპეუსმა ეს ბარბაროსები ყველანი დაამარცხა, და- იპყრო და მრავალი მათგანი მოჰკლაო; მოკლულთა შორის ბევრი აძებნინა ამორძლები, მაგრამ ვერც ერთი მკვდარი ამორძალი ვერ ნახესო, თუმცა მათი დროშები ბლომად იპოვესო. რომ ძველი ამორძლების კვალი ამ ქვეყნებში დღესაც დარჩენილა, თუმცა არა პირვანდელის სახით, ეს ცხადი და უეჭველია. მართლაც, როცა მე კოლხიდაში ვიყავი, იქაურს მთავარს ამბავი მოუვიდა, რომ ერთი რომელიღაც ხალხი თავის სამშობლო ქვეყნიდან გამოვიდა და გაი- ყო სამ ნაწილადო: უფრო დიდი ნაწილი თავს დაესხა მოსკოვის სა- ხელმწიფოსო (La Moscovia) და დანარჩენი ორი ნაწილი წამოვიდა კავკასიისაკენ სვანების და ყარაჩაელების დასარბევადაო. ხოლო ყვე- ლა ამ ადგილებიდან უკუ-აგდეს და მრავალიც მოჰკლესო, და როცა იქაურებმა მკვდრებს ტანისამოსი გააძვრეს, მათ შორის მრავალი ქალი ჰნახესო. ამის დასამტკიცებლად დადიანს კიდეც მოუტანეს იქიდან რამდენიმე იარაღი, რომელიც ერტყათ იმ ქალებს. ეს ამბავი დიდად იამა მთავარს და დიდი სურვილიც აღუძრა მას, რომ ერთი ამ ქალთაგა- ნი ცოცხალი ჩაეგდო ხელში. ამიტომაც მთავარი დიდ საჩუქარს შეჰ- პირდა სვანებს და ყარაჩაელებს, თუ, ვინიცობაა, ის ქალები კიდევ ოდესმე თავს დაგესხმით და ერთ-ერთს ცოცხალს დაიჭერთ და მე მომგვრითო. მთავარს ძალიან ჰსურდა ენახა, თუ როგორ შეებრძო- და ქალი მისს ქვეშევმრდომებს. მთავარს რომ იარაღი მოუტანეს ისეთი ლამაზი და კოხტად გაკეთებული იყო, რომ სწორედ ქალე- ბის ნახელავი უნდა ყოფილიყო.
ჩაჩქანი სწორედ იმისთანა არის, როგორიც ხურავს ჩვენს ცხე- ნოსან ჯარის კაცებს. აბჯარი რკინის წერილი და პრტყელი ნაჭრე- ბიდან შესდგება და ადვილი ჩასაცმელი და სატარებელია. აბჯარზე მიკერებულია კაბის ქვედა-წელის მსგავსი, რომელიც მუხლებამდი წვდება. ეს ქვედა წელი კაბისა შალის არის, ჩვენებური სარჟის მსგავსი, მაგრამ ისე ღია წითელია, რომ მოგაგონებთ საუკეთესო ძოწეულსა, ფეხსაცმელი საუცხოვოა მოყვანილობით და შეკერულო- ბით: ზედაპირი სულ მოქარგული აქვს წვრილ-წვრილი ქინძისთავზე ცოტა უფრო დიდი პრტყელი თითბრის ღილებით. ეს ღილები ლამაზად და დიდის ხელოვნებით ჩაკერილია შიგნით და ერთმანეთზე გადაბმულია წვრილის, მაგრამ მაგარის გრეხილით, რომელიც თხის მატყლისაგან არის დართული. ისარი ძალიან გრძელია, თითქმის ოთხი მტკაველი სიგრძე აქვს და თავიდან ბოლომდი მოოქრულია; მისი წვერი საუკეთესო ფოლადისაა, მაგრამ წაწვეტილი როდია, როგორც ჩვეულებრივი ისარი, არამედ პრტყელია და ალესილი, რო- გორც სკალპელის (Scalpello) წვერი. სიგანე ამ წვერისა ზოგჯერ ერთი თითის დადებაა, ზოგჯერ კი მეტი — სამი თუ ოთხი თითის დადება.
აი ეს არის, რაც ამ ქვეყანაში ვნახე და გავიგონე ამ მეომარ ქალთა შესახებ. აქაურებმა, გარდა ამისა, მითხრეს, რომ ეს ქალები ჩვეულებრივ ეომებიან თათრებს ქალმუხებად წოდებუ- ლებსო.
კავკასიის ჩრდილოეთ მხარეს ცხოვრობენ აგრეთვე ყარაჩაელები (Caraccioli) ანუ ყარა-ჩერქეზები (Caracirches), ე. ი. შავი ჩერქე- ზები. აგრე უწოდებენ მათ იმიტომ კი არა, რომ მართლა შავები იყვნენ; პირიქით, ძალიან თეთრებიც არიან. ასე იქნება იმიტომ უწო- დებენ, რომ მათ ქვეყანაში ცა მუდამ მოღრუბლული და ბნელია. მათი ენა თურქულია, მაგრამ ისე ჩქარა ლაპარაკობენ, რომ ძნელად გაიგებს კაცი. მე ძლიერ გამაკვირვა ამ ამბავმა და ვფიქრობდი, რამ შეანახვინა მეთქი ყარაჩაელებს ასე წმინდათ თურქული ენა იმ ბარბა- როსთა შორის, რომელნიც გარს არტყია მათ. ხოლო როცა ამოვიკითხე კედრენ,ესის წიგნში, რომ სწორედ კავკასიის ჩრდილოეთით გამო- ვიდნენ ჰუნები, რომელთა შთამომავალნი არიან თურქები, მაშინ მივ- ხვდი, თუ როგორ მოხდა, რომ ამ ყარაჩაელებმა, იმავე ჰუნთა შთა- მავალთა და მაშასადამე თურქთა მონათესავებმა, დღემდი შეინახეს ძველებური ენა.
XXIX. მდინარეები
[edit]აზიისვ 35 ყველა მდინარეებს თავისი სათავე აქვთ კავკასიის და ტავრის მთებში, როგორც ერთხმად სწერენ ქვინტო კურციუსი და არრიანე, მათგან ზოგი შეერთვის კასპის ზღვას, ზოგიც — შავ ზღვას და ზოგიც — აზოვის ზღვას (Meotide Palude). ჩვენის საგნის მიხედ- ვით, ჩვენ ჩამოვთვლით აქ მხოლოდ იმ მდინარეებს, რომელნიც გამოდიან კავკასიის მთებიდან, გაივლიან კოლხიდას და შეერთვიან შავ ზღვას. უმთავრესი და უფრო ცნობილი არიან: ფაზისი,ცხენის- წყალი (Hippი), აბაშა წყალი აბაშა,ტეხური,ხოფი, ჭანის-წყალი (Ciani), ენგური, ხეთი (Heti) ოქუმი ხეთი ოქუმი, ეგრისი (Echaris), მოქვიდაკოდორი. სწორედ ამ რიგზედ არიან დაწყობილი დღეს კოლხიდის მდინარეები, როგორც დავასახელეთ.
ამ მდინარეთა შორის უპირველესი და უფრო შესანიშნავი არის ფაზისი. სტრაბონის სიტყვით შავ ზღვაზე უდიდესი მანძილ ფაზისი ი არის თრაკიის სრუტესა და ფაზისს შუა, რადგან ფაზისთან ხმელეთი იღუ- ნება ჩრდილოეთისაკენ. პროკოპიუსს ეგონა, ეს მდინარე ისეთი სი- ჩქარით შედის ზღვაში, რომ დიდ ხანს მისი წყალი ზღვის მარილიან წყალს არ შეერთვისო. ამიტომაც ზღვით მოგზაურებს შეუძლიათ მდინარის წყალი თვით ზღვაშივე ამოიღონ გემებზეო. სულ წინა- აღმდეგი აზრი გამოსთქვა აგრიკოლამ, რომლის სიტყვით ფაზისი სრულებით ნელა მომდინარეობსო. ხოლო არც ერთს და არც მეო- რეს არ უნახავს ეს მდინარე და ადვილად შეეძლოთ შემცდარი აზრი გამოეთქვათ. ნამდვილი კი, როგორც მე ჩემის თვალით დავ- რწმუნდი, ის არის, რომ ეს მდინარე, როცა ჩამოდის მთებიდან, სა- შინელის სისწრაფით მომდინარეობს, ხოლო როცა ვაკეში შედის, ისე მდორედ მიდის, რომ თითქმის ვერც კი შენიშნავთ, საითკენ მიიმარ- თება. თუმცა მართალია, რომ ამ მდინარის წყალი არ შეერევა ზღვი- სას, მაგრამ ეს მდინარის სიჩქარის მიზეზი როდია, არამედ იმის გამო, რომ მდინარის წყალი უფრო მჩატეა, ვიდრე ზღვის მარი- ლიანი წყალი და ამიტომაც პირველი ზევით რჩება და მეორე კი- ძირს.
ფაზისის წყალს ტყვიის ფერი აქვს. ამის მიზეზი ის არის, რო- გორც არიანე ამტკიცებს, რომ წყალში მიწა არის შერეული. ხოლო, როგორც კი ოდნავ ჭურჭელში დააყენებენ, მაშინვე ისე გაიწმინდება, რომ კარგი ღირსებით არც ერთს სხვა წყალს არ ჩამოუვარდება. ამიტომაც ძველად ზღვით მოგზაურნი როგორც კი შემოვიდოდნენ გემებით ფაზისში, მაშინვე რაც ჭურჭლები ჰქონდათ დასცლიდნენ სხვა წყლისაგან და გაავსებდნენ ამ მდინარის წყლით, რადგან ჩვენ მოგზაურობას ბედნიერად ვერ შევასრულებთო, ამტკიცებდნენ იგინი, თუ ფაზისში შევალთ და მის წყალს არ წავიღებთო.
ფაზისი ზღვას შეერთვის ორის ტოტით. ამ ტოტებ შორის არის კუნძული, რომელზედაც თურქებმა 1578 წ. ციხე ააგეს. ამის მიზეზი ის იყო, რომ იმ ხანებში თურქების სულთანი ამურატი ომობდა ირანელებთან. მან აიღო თბილისი და აპირებდა მთელი ირა- ნის დაპყრობას. ამ საქმის შესასრულებლად მას უნდოდა საქართველოს გზა გაეხსნა თავისთვის და დაეჭირა ამ გზის გასაღები — ქალაქი ქუთაისი, რათა ჯერ ზღვით და მერე ფაზისით ჩქარა და ნაკლები ზარალით გაეგზავნა თავისი ჯარები ირანისაკენ. აძ განზრახვით გა- გზავნა თავისი გალერები ფაზისში. ხოლო, როგორც კი ეს გალერები მიუახლოვდნენ ქუთაისს, მათ დახვდათ თოფებით შეიარაღებული ჯარი ქართველებისა, რომელიც ჩაესაფრა, სადაც უფრო ვიწრო იყო მდინარე, და ისე ძლიერად დაუწყო თურქებს თოფის სროლა ორსავე ნაპირიდან, რომ აიძულა იგინი მაშინვე თავი დაენებებინათ თავის განზრახვის შესრულებისათვისი უკან დაბრუნებულმა თურქებ- მა ზემოხსენებულ კუნძულზე ააშენეს ციხე. ბევრი ხანი არ არის მას აქეთ, რაც ეს ციხე დაანგრია აწინდელმა სამეგრელოს მთავარმა, რო- მელმაც წამოიღო იქიდან ოცდა ხუთი ზარბაზანი. სულთანმა ეს ამბავი არც კი იცის. მიზეზი ამისა თურქეთის მოხელეთა ანგარებაა. იგინი არ ატყობინებენ ციხის დანგრევის ამბავს სულთანს და იღე- ბენ ჯამაგირს უწინდებულად, თითქოს ციხე არსებობდეს.
ხოლო დავუბრუნდეთ ისევ ფაზისს. ჩვენ ვთქვით, რომ იგი ზღვა- ში შედის ორის ტოტით და ამ ტოტებს შუა კუნძული არისო. კუნძულის ქვემოდ მდინარეს ხუთასი ნაბიჯი აქვს სიგანე და ორსავე ნაპირზე იზრდება და წყალს დაჰყურებს მაღალ- მა- ღალი და მწვანე ფოთლებიანი ხეები, რის გამო წყალიც მწვანე ფერისა არის. აქ ყოველთვის ბლომად არიან მეთევზეები, რომელნიც უხვად იჭერენ ზუთხს. მდინარის ზემოდ არის კიდევ რამდენიმე კუნ- ძული. ორივე ნაპირი მდინარისა სულ დასახლებულია. თვითეულ ოჯახს აქვს თავისი მთლიანი ხისაგან გამოთლილი ნავი, რომლითაც გადიან და გამოდიან ერთის ნაპირიდან მეორეზე. წყლის სიმშვენი- ერის გამო ნავებს ხშირად ქალები მართავენ.
არიანე, რომელიც ადრიანე იმპერატორის ბრძანებით წავიდა ამ ადგილების დასათვალიერებლად, თავის წერილში, რომელიც მის- წერა ადრიანეს, ამბობს ფაზისის თაობაზე, რომ ამ ჟამად ფაზისის შესავალის მარცხნით მოსჩანსო კერპი რეაღმერთასი ღმერთასი ღმერთასი, რომელსაც ჰქვია ფაზისის ღმერთაო: Intrantibus antem Phasim, a siuistris Phasiana Dea apparet quam ex eius specie atque forma Rheam esse coniIcere licet. 36 რადგან ამ ღმერთას კერპი ფაზისის ნაპირად იყო აგე- ბული, რომლის კვალი დღესაც სჩანს, უადგილო არ იქნება ამის შე- სახებ შემდეგი მოვუთხრო მკითხველს. პირველად ყოვლისა უეჭველად მიგვაჩნია, რომ ამ ღმერთას კერპი ააგო და მისი თაყვანისცემა შე- მოიღო აქ იაზონმა თავის არგონავტებით. ამის თაობაზე აი რას მოგვითხრობს გრიგორიუს კედრენიუსი. იაზონმა თავის არგონავტე- ბით მოინდომა ჰელესპონტთან 37 მდებარე კიზიკის ქალაქის დაპყრო- ბა. ჰელესპონტის მეფე, რომელსაც აგრეთვე კიზიკი ჰქვიოდა, წინა- აღუდგა მას, მაგრამ შეეტაკა თუ არა არგონავტებს, დამარცხდა და მოკლულ იქმნა. მხოლოდ კიზიკის სიკვდილის შემდეგ გაიგო იაზონ- მა, რომ იგი ამის ნათესავი იყო. იაზონმა იფიქრა, რომ ამ მკვლე- ლობით ღმერთის რისხვა გამოვიწვიეო, და დანაშაულის მოსანანიებ- ლად ააგო არგონავტებთან ერთად უმშვენერიესი ტაძარი, რომე- ლიც ასწერა პლინიუსმა (Plin. — lid. 36, стр. 15). როდესაც დაა- სრულა ეს ტაძარი და საუცხოოდ შეამკო, იაზონმა მიჰმართა აპო- ლონის ორაკულს (dall’oracolo) და რჩევა ჰკითხა, ვის ვუძღვნა ეს ტა- ძარიო. მარჩიელმა უპასუხა შემდეგის ლექსით, რომელიც ბერძნუ- ლით ნათარგმნი აგრე ითქმის: „გულმოდგინედ გაიწვრთენით ქველო- ბაში და მით დაიმკვიდრეთ უმაღლესი დიდება. გავალებთ უქვენ, იყვეთ მოშიშარი და თაყვანისმცემელი ღმერთისა, რომელიც არს ცათა შინა და განაგებს ქვეყნიერობას, და აგრეთვე სამარადისო სიტყვისა მისისა, რომელიც იყო საუკუნეთა უწინარეს არა მცოდნე ქმრისა ქალწული დაბადებს ძესა, რომელიც, ვითარცა ისარი, გატყორც- ნილი ცეცხლმოსილის გრიგალისაგან, მსოფლიოს დაუმორჩილებს მამას თვისას მისი დედა-ძიძა, რომლის სახელია მარიამ, მიიღებს ტაძარს, მისთვის შეწირულს, შესაფერთა წესთა შესრულებით“.
არგონავტებმა მოისმინეს ორაკულის რჩევა, რომ აგებული ტაძარი უნდა ეძღვნას ღმერთის დედას, ანუ რეას, და რჩევისამებრ ტაძრის წინა კარებზე კიდეც ამოსჭრეს ბრინჯაოს ასოებით, რომ იგი რეას სახელობაზე არის აგებულიო. ხოლო ქრისტეს სარწმუნო- ების მიღების შემდეგ, ზენონ იმპერატორის დროს, უკეთ გაიგეს ზე- მოხსენებული რჩევა და ტაძარი უძღვნეს ყოვლადწმიდა ქალწულს. არგონავტებმა, ამბობს იგივე კედრენუსი, კიდევ ააგესო იმავე ღმე- რთას სახელზე კერპი იმ მთაზე, რომელიც დასცქერის კიზიკის ქა- ლაქს, და ეს კერპი შემდეგ კოსტანტინე დიდმა გადაიტანაო კონ- სტანტინეპოლის მოედანზე. იმავე რეა ღმერთას იაზონმა თრაკიის სრუტესთან აუგო საკურთხეველი, როგორც მოგვითხრობენ დიონი- სიუსი და გილლიუსი, იქნება ეს იყო იმ ადგილზე, სადაც ეხლა არის ღვთისმშობლის სახელობაზე ბერძენთა ეკლესია მონასტრით. ცხა- დია, რომ შემდეგში ღმერთის დედის რეას სახსოვარი გადაიქცა მა- რიამ ღვთის-მშობლის სახსოვრად. რადგან არგონავტები თაყვანსა სცემდნენ რეას, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვთქვათ, რომ არგო- ნავტების დატოვებული უნდა იყოს იმისი კერპი ფაზისის ნაპირად და მათვე უნდა შემოეღოთ კოლხიდაში რეას თაყვანისცემა. რად- გან ის კერპი ფაზისის ნაპირად იყო, მე ვფიქრობ, რომ მეგრული სახელ- წოდება ნაპირისა — რეკას აქედან უნდა სწარმოებდეს: სიტყვა რეა გა- დაუსხვაფერებიათ რეკას-ად. გარდა ამისა სხვა საბუთებიც გვაქვს ამის დასამტკიცებელი, რომ მეგრელებს ძველად ამ ღმერთასათვის მრავალი ტაძარი აუგიათ. ერთია მოწმობა გილლიუსისა (Gi1Iiი), რომელიც ამბობს, რომ ეს ღმერთა თავის სამყოფად მთებს ირჩევ- დაო და ამიტომაც ყველა მისი ტაძრები მთებშია აგებულიო. მეორეა ჩვეულებრივი გარდაცვლა სახელწოდების რეასი მარიამად. რადგან დღეს კოლხიდაში მრავალი ეკლესია მთებშია და უმეტესობა ყოვ- ლად წმიდა ქალწულის სახელობაზეა აგებული, როგორც უკვე ავ- ღნიშნეთ მე-XXII კარში, ჩვენ სრული საფუძველი გვაქვს ვაღვიაროთ, რომ ყველა ეს ეკლესიები ძველად რეას ტაძრები იყვნენ და მხო- ლოდ შემდეგში, როცა ქრისტეს სარწმუნოება დამყარდა და როცა ზენონ იმპერატორის დროს ერთი რეას ტაძარი გარდააქციეს მარიამ ღვთის მშობლის ეკლესიად. ამ მაგალითის მიბაძვით რეას ყველა ტაძრები გარდაქმნეს ეკლესიებად ყოვლად წმიდა ქალწულის საхე- ლობაზე.
მდ. ფაზისის შემდეგ უნდა დავასახელოთ ცხენის-წყალი, რო- მელსაც აგრე უწოდეს მისის სიჩქარის გამო. ყველა გეოგრაფები (CosMografi) დიდად ცდებიან, როცა უჩვენებენ ამ მდინარეს ფაზისის მოშორებით და ასახელებენ რამდენსამე მდინარეს მათ შორის. რად- გან თვითონ მინახავს, მე დაბეჯითებით ვამბობ, რომ მდინარეთა შორის, რომელნიც ფაზისს ერთვიან, პირველია ცხენის-წყალი. უა- რესი კიდევ ის არის, რომ იგივე არრიანე, რომელიც ზემოდ მოვი- ხსენეთ, თავის წერილში ადრიანეს მიმართ ცხენის-წყალს უჩვენებს, როგორც მეხუთე მდინარეს ფაზისის შემდეგ. მე ამან უჭვში შემი- ყვანა, იქნება დღეს ამ მდინარეებს ძველებური სახელები შეცვლი- ლნი ჰქონდეთ მეთქი. ხოლო სტრაბონი სიმართლეს მოწმობს, როცა ამბობს, რომ ცხენის-წყალიდაგლავკოსი გლავკოსი გლავკოსიერთადგამოდიან გამოდიან გამოდიანმახ- ლობელმთებიდან მთებიდან მთებიდანდაშეერთვიან შეერთვიან შეერთვიანფაზისსო ფაზისსო ფაზისსო. საქმე ის არის, რომ ერთ აშკარა შეცდომას სხვა ბევრი შეცდომაც მოსდევს დანარჩენ მდინარეების მდებარეობის შესახებ. ამ შეცდომების გასწორებას ვეც- დებით, რამდენადაც შესაძლო იქნება.
ცხენის-წყალი მარტო როდი შეერთვის ფაზისს. მასთან ერთად შეერთვიან აბაშა და ტეხური. აბაშა ძველად შეიძლება იყოს სტრა- ბონის გლავკოსი გლავკოსი გლავკოსი, რომლის შესახებ იგი ამბობს, რომ ცხენის-წყალ- თან ერთად ფაზისს ერთვისო. ცხენის-წყალს არიანე კი ხარენტად უწოდებს.
ტეხური შაიძლება იყოს არრიანეს სიგამე, თუმცა იმის სიტ- ყვით ეს მდინარე მეოთხეაო ხოფის შემდეგ. ხოლო, რადგან არ- იანემ შეცდომით აღნიშნა ცხენის-წყლის მდებარეობა, ადვილი შე- საძლებელია, რომ იგი შემცდარი იყოს სიგამეს მდებარეობის შესა- ხებაც. არრიანე ამტკიცებს, რომ ეს მდინარე ჩაუდის ერთ ადგილს, რომელსაც მდინარის გამო ეწოდების სიგამე. ამის მსგავსი სახელი მართლა ჰქვია იმ ადგილს, რომელსაც ჩაუდის ტეხური. ამ ადგილის სახელია სენაკი (Sinâghi). ადვილი შესაძლებელია, რომ ენის განუ- ვითარებლობის გამო სიგამე გადაიქცა სენაკ-ად (Sinâghi) და მდი- ნარემ რომ თავისი სახელი მისცა ამ ადგილს, ადგილმა შეინახა ეს სახელი და თვით მდინარემ კი გამოიცვალა ეს სახელი სხვაზედ. ტე- ხურს ანუ სიგამეს მოსდევს ხობო (Cobo), რომელსაც მკვიდრნი დღესაც მსგავს სახელს უწოდებენ — ხოფი (Сорi) ეს მდინარე მეტად მდიდარია ნაირ-ნაირ თევზებით და ნავით სავალია იმ ადგილამდი, რომელსაც ჰქვია ხოფი (Сopi). ამ ადგილის გამო თვით მდინარეს ეწოდება ხოფი. აქ არის ეკლესია, რომელიც წინად საეპისკოპოსო იყო.
ხოფის შემდეგ რომ მდინარეა, მკვიდრნი უწოდებენ მას ჭანის- წყალად და რუკებზე კი იწერება Cianeo. ეს მდინარე შეერთვის ხოფს და ამასთან ერთად შეერთვის ზღვას. ჩემის აზრით ეს სახელი იმიტომ ეწოდება ამ მდინარეს, რომ მასთან მოდის სავაჭროდ თავისი პატარა ნავებით და ჩერდება ერთი მეზობელი ხალხი, რო- მელსაც ჰქვია ჭანი.
ჭანის წყალის შემდეგ მოსჩანს ენგური, რომელიც უნდა იყოს ძველთა ასტელეფოსი ასტელეფოსი ასტელეფოსი. აგრე ვფიქრობ ორი მოსაზრებით: ერთი — რომ არიანე უჩვენებს ასტელეფოსს ასტელეფოსს ასტელეფოსს სწორედ ჭანის-წყალის სიახლო- ვეს და მეორე — რომ შესავალში ამ მდინარეს აქვს მოყვანილობა ჩან- გის ბუდისა (di una coverta di cetra), რასაც ბერძნულად ნიშნავს სიტყვა ასტელფოსი ასტელფოსი ასტელფოსი. ენგური ჩამოდის დიდის სისწრაფით სვანეთის მთებიდან. ზაფხულის სიცხეებში თოვლის დნობის დროს იგი საშინ- ლად მატულობს, და უნავოდ გასვლა მასში შეუძლებელია. რამდე- ნადაც უფრო სიცხეა ჰაერში, იმდენად მისი წყალი უფრო გრილია. წყალი რიყის ქვებს შუა იწმინდება და მეტად მშვენიერია. ამ მდი- ნარეში მრავალი ნაირ-ნაირი თევზებია, რომელსაც მკვიდრნი იჭერენ ბადითაც და ხის კავებითაც. როცა ზაფხულობით წყალი მატუ- ლობს, ამ მდინარის ზღვასთან შესართავში ძალიან ბევრ ზუთხს იჭე- რენ.
ენგურის იქით არის ხეთი (Heti), რომელსაც სიპატარავის გა- მო რუკებზე არ აღნიშნავენ, თუმცა ღირს-შესანიშნავია თევზის სი- უხვით; ზღვას შეერთვის გაგიდასთან 38 .
ხეთის იქით არის ოქუმი, რომელიც ჩაუდის ტარშენს(Tarchèn)' და რომელმაც, შეიძლება, ამ ადგილისაგან მიიღო თავისი სახელი, რადგან ეს ის მდინარე უნდა იყოს, რომელიც რუკაზე იწოდება ტარ- სუხა-დ. ოქუმის სუხა ოქუმის იქით ეგრისია ეგრისია ეგრისია (Echaris) და ეგრისის იქით მოქ- ვისწყალი. ამ მდინარეს ასე ჰქვია იმიტომ, რომ იგი ჩაუდის მოქ- ვის საეპისკოპოსოს.
ყველაზე უკანასკნელი მდინარე არის კოდორი, რომელიც უნ- და იყოს (ძველთა) კორაქსი, რადგან კოლხიდის საზღვრებია (ძველ- თა სიტყვით) ერთის მხრით ფაზისი და მეორეს მხრით — კორაქსი; როგორც ფაზისი ჰყოფს სამეგრელოს გურიისაგან, ისე კორაქსი ჰყოფს მას აფხაზეთისაგან, და როგორც ფაზისის გაღმა მეგრული იც- ვლება ქართულად, ისე კორაქსის გაღმა —მ იცვლეგა აფხაზურად. აქედან ცხადია, რომ მეგრელების კოდორი ძველებური კორაქსია, რადგან კოდორს გადაღმავე ცხოვრობენ აფხაზები თავისის განსაკუთრებულის ენით.
XXX. ზღვა
[edit]შავი ზღვა, რომელიც არტყია კოლხიდას, — საკმაოდ აწერილია როგორც ძველის მწერლებისაგან, ისე ახლებისაგან, და ცნობის მოყ- ვარე მკითხველებს შეუძლიათ მიჰმართონ იმ მწერლებს. მე კი მხოლოდ ისეთ საგნებს შევეხები, რომელთაც ან სულ არ შეჰხებიან სხვები და ან საკმაოდ არ გამოუკვლევიათ. პირველად უნდა აღვნიშნოთ ის ცი- ლობა, რომელიც აქვთ თვის შორის გეოგრაფებს (Cosmografi) კასპის ზღვის შესახებ, რომელიც მდებარეობს კავკასიის ყელის იქითა მხა- რეს. თუმცა ეს ზღვა ყოველის მხრით შეკრულია, არავითარი კავ- შირი სხვა ზღვასთან მას თითქო არა აქვს, ტბასავით ყოველ მხრით მიწა არტყია და მრავალი მდინარეც ერთვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მის წყალს გემო მაინც მარილიანი აქვს და რაოდენობა წყლისა არა მატულობს არასოდეს. საზოგადო აზრით, ამის მიზეზი ის არის რომ მისი წყალი ერთვის შავი ზღვის წყალს მიწის ქვეშე- თის არხებითო. ამის უარყოფა შეუძლებელია, თუმცა არავის არ გამოუკვლევია, თუ სად არის ეს არხები. 39 მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ზოგი ასეთი არხი კოლხიდაში უნდა იყოს. ამის დამა- მტკიცებელი ის არის, რომ კოლხიდაში მე მრავალ ადგილას შემი- ნიშნავს, გამსაკუთრებით მინდვრებში, როცა ცხენი მიჭენობს, მი- წის ქვეშ რაღაც გუგუნი გაისმის, რომელიც ცხადად უჩვენებს, რომ იქ დიდი ცარიელი სივრცე უნდი იყოს. ეს სიცარიელე უეჭველი ნი- შანია, რომ მისი შემწეობით ორსავე ზღვას კავშირი აქვს ერთმანეთ- თან. ამას ამტკიცებს აგრეთვე ის გარემოება, რომ ორთავე ზღვა- ში მრავალი თევზია ერთის და იმავე ჯიშისა: 40 მართლაც, როგორც შავ ზღვაში, ისე კასპის ზღვაშიც, მტკვრის შესართავთან, უხვად იჭერენ ზუთხს, ისე უხვად, რომ ირანის ხელმწიფე ამ ადგილას თევ- ზის დაჭერის ნებართვის გაცემისათვის იღებს წელიწადში ექვსას ათას სკუდის (scude).
პოლიბიუსი თავისი ისტორიის მეოთხე წიგნში გამოსთქვამს იმ აზრს, რომ შავი ზღვა ბოლოს გადიქცევა ტბადო და თრაკიის ბოს- ფორი ანუ თრაკიის სრუტე, რომლითაც შავი ზღვა არქიპელაგს (Eggeo) შეერთვის, უნდა შეიკრასო. მისის აზრით ასე უნდა მოხდეს იმიტომ, რომ ამ ზღვას შეერთვის მეტად ბევრი მდინარე და ამ მდი- ნარეებს მუდამ მოაქვთ ზღვაში ხეები, ფიჩხები, რიყის ქვები, ქვიშა და სხვა ამისთანები, რომელთაც ისე უნდა აავსონ ზღვა, რომ ბო- ლოს ყველა გასავალიც უნდა შეუკრანო. ხოლო ამ აზრს არღვევს სტრაბონის ავტორიტეტის შემწეობით გილლიუსი, რომელიც ამტკი- ცებს პირველად იმას, რომ შავი ზღვის დონე უფრო მაღალია არქი- პელაგზეო; ეს იქიდან სჩანსო, რომ თრაკიის ბოსფორში წყალი მი- დის დიდის სისწრაფითო. ამის გამო რამდენადაც შავი ზღვა ივსე- ბა სხვა-და-სხვა რამეებით, რომელიც მდინარეებს შემოაქვთ, იმდე- ნად უფრო ძლიერად შესტყორცნის ამაებს არქიპელაგში. ამიტომაც შავი ზღვა მუდამ დაწმენდილია, და შეუძლებელია, რომ ტბად გა- დაიქცეს, როგორც პოლიბიუსი ფიქრობსო. ამას იგივე გილლიუსი შემდეგს დასძენს. მას აქეთ რაც პოლიბიუსმა თავისი აზრი გამოს- თქვაო, გასულა რამდენიმე საუკუნე, მაგრამ შავ ზღვას არავითარი ცვლილება არ ეტყობაო. თუ ამდენი ხანი მას არავითარი ცვლილე- ბის ნიშანი არ დასტყობია, უეჭველია შემდეგშიაც არ უნდა დაეტ- ყოსო.
მე კი, იმის მიხედვით, რაც გამიგია ამ ქვეყნის მკვიდრთაგან და რაც თვითონ ჩემის თვალით მინახავს, გაბედულად ვამტკიცებ, რომ თუმცა ზემოხსენებული მწერლები ერთმანეთს ეწინააღმდეგე- ბიან, მაგრამ ორივეს აზრი სიმართლესთან ახლოა. მართლაც, ერთის მხრით, პოლიბიუსის აზრის თანახმად, ცხადად სჩანს, რომ შავ ზღვას ზოგჯერ უმატნია, თითქმის ტბად გადაქცეულა და რამდენისამე ხნით სრულიად შეკრულა, როგორც მიამბეს ზემოხსენებულ სრუტესთან მცხოვრებმა თურქებმა, რომელთაც ეს ამბავი ძველის ზეპირგადმო- ცემით იციან. მეორეს მხრით კი, თანახმად გილიუსის აზრისა, ჩქა- რის მიმდინარეობის შემწეობით შავი ზღვა ხელახლავ ხსნის გზას და დგება იმავე მდგომარეობაში, როგორშიაც ყოფილა წინად. ყოველსავე ამას ცხადად ამტკიცებს ერთი პატარა ძველი ეკლესია, აგებული კაფის მახლობლად, სახელდობრ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ქერჩი. ეს ეკლესია აშენებულია წმ. იოანეს სახელობაზე და დგას ზღვაზე კარგა მოშორებით. ამ ჟამად ამ ეკლესიის კედლები სულ გავსებულია მიკრული ზღვის ნიჟარებით. ეს უეჭველი ნიშა- ნია იმისი, რომ ეკკლესია რამდენსამე ხანს ზღვაში ყოფილა და ზღვა ჰფარავდა მას, როცა თრაკიის სრუტე ან შევიწროებული ყოფილა და ან სრულებით შეკრული. რადგან შავ ზღვას მხოლოდ ამ სრუ- ტით აქვს გასავალი, რასაკვირველია, რომ როცა ეს სრუტე შეი- კვრებოდა, ზღვის მრავალი მდინარეების გამო, რომელიც მას შე- ერთვიან, იმდენად იმატებდა და აიწევოდა, რომ იმ ეკლესიას დაჰ- ფარავდა. ხოლო როცა სრუტე ხელახლავ გაფართოვდებოდა ან სულ გაიხსნებოდა, ზღვა ისევ დაიწევდა და ეკკლესიას არამც თუ აღარ დაფარავდა, საკმაოდაც მოშორდებოდა, როგორც დღესაც მოშორე- რებულია. ამნაირად ჩვენ უნდა დავასკვნათ, რომ ეს ზღვა ხან მატუ ლობს და ხან ისევ კლებულობს.
ბევრია იმისთანებიც, რომელნიც ფიქრობენ, რომ შავ ზღვას დასაწყისი ოკეანეში აქვსო, რომ მისი მდინარება ოკეანედან გიბ- რალტარის სრუტით შემოდის ხმელთა შუა ზღვაში, შემოუვლის ჯერ ესპანეთს და მერე საფრანგეთს, შედის მერე იონიის ზღვაში, აქედან — არქიპელაგში და ბოლოს შავ-ზღვაშიო. თუმცა ამ აზრს სრულიად ეწი- ნააღმდეგება ის, რასაც ცხადად ვხედავთ: მდინარებას აქვს მიმართუ- ლება შავიზღვიდან არქიპელაგისაკენ და არა პირიქით,მაგრამ ამის წი- ნააღმდეგ ამბობენ, რომ ასეთი მდინარება ზღვის ზედაპირზეა და არა ფსკერშიო, სადაც სულ წინააღმდეგი მიმართულება აქვსო წყალს. ამის მიზეზად უჩვენებენ იმას. რომ შავი ზღვის წყალი, ოკეანეს და სხვა ზღვების წყლის შედარებით, უფრო მტკნარია იმ მრავალ მდინარეთა გამო, რომელნიც მას შეერთვიანო. ხოლო, რადგან მარილიანი წყა- ლი უფრო მძიმეა ხოლმე და მტკნარი წყალი კი უფრო მჩატე, ოკეა- ნეს წყალი, როგორც მარილიანი და მძიმე, ფსკერზე მიმდინარეობს ოკეანედან შავი ზღვისაკენ, და შავი ზღვის წყალი კი, როგორც მტკნარი და უფრო მჩატე, მიმდინარეობს ზედაპირზე და წინააღმდე- გის მიმართულებით, ესე იგი არქიპელაგისაკენ. მაგრამ, რომ ეს აზრი შემცდარია, ამას ამტკიცებს ის, რომ შავ-ზღვაში შემოაქვთ მდინა- რეებს ქვიშა, რიყის ქვები და ბზის ხეები (ეს ხეები ბლომად არის ამ ზღვის ნაპირებზე) და ყველა ესენი, როგორც მძიმე ნივთები, ძირს მიდიან. გარნა ის აზრი, რომ შავ-ზღვას ფსკერში წინააღმდე- გი მიმართულება აქვსო, მართალი რომ იყოს, იმ შემთხვევაში ზე- მოხსენებულ ნივთებს წყლის დენა ვეღარ გაიტანდა შავ ზღვიდან და მაშინ გამართლდებოდა პოლიბიუსის აზრი, — შავი ზღვა აივსებოდა და ზღვის გასავალი გზა სულ შეიკვრებოდა. რადგან ჩვენ სულ წი- ნააღმდეგსა ვხედავთ, მაშ ცხადია, რომ არ არის მართალი ის აზრი, ვითომ ამ ზღვას ფს კერში სხვა მდინარება ჰქონდეს და ზედა-პირზე სხვა. უეჭველია, რომ რაც მდინარება აქვს ზედა-პირზე, ფსკერშიც ასეთი აქვს და ამიტომაც ზღვა მუდამ იწმინდება და მისი ამოვსება შეუძლებელია.
მთელი შავი ზღვა მეტად მღელვარეა და ამიტომაც ჩვეულე- ბრივ ძლიერ სახიფათოა ზამთარში ამ ზღვით მოგზაურობა, რაიცა მე ჩემ თავზე გამომიცდია. უმეტეს ნაწილად აქ ჰქრის მთის ქარი. ამ ქარს ჩვენში მოსდევს კარგი დარი და აქ კი მოდსევს ისეთი ნის- ლი, ღრუბელი და ბნელი დღეები, რომ (ჰორაციუს) ჶლაკუსს სიმართლე უთქვამს.
იქ მუდამ შავი ღრუბლები ჰკიდია და საეჭვო ტაროსია. სწო- რედ სიშავემ ღრუბლებისამ უფრო, ვიდრე წყლისა და ქვიშისამ, და- უსაკუთრა ამ ზღვას სახელი „შავი ზღვა." შუა ზღვაში არც ერთი კუნძული არ მოიპოვება. ნაპირების მახლობლად არის რამდენიმე კუნძული, მაგრამ ისე პატარებია, რომ მათ უფრო კლდე ეთქმის, ვიდ- რე კუნძულები! დარწმუნებული ვარ, რომ ამმიან მარცელინმა ( lid. I, 22) უფრო ზღაპარი მოიტანა, ვიდრე ნამდვილი ამბავი (pin presto per favola che per istoria) როცა თქვა, რომ შავ ზღვაში არისო მოძრავი კუნძულები, რომელნიც იქით-აქეთ ხეტიალობენო. თუმცა ეს ცხადი სიცრუეა, მაგრამ მას მაინც ჰქონდა საბაბი ამის თქმისა. საქმე ის არის, რომ ზოგჯერ, თუმცა ეს იშვიათად მოხდება, შავი ზღვა მთლიანად იყინება. ასეთი შემთხვევა იყო კერძოდ 756 წ. კონსტანტინე კოპრონიმის დროს. ამ წელს მეტად სასტიკი ზამთარი იყო და შავი ზღვა ერთიანად გაიყინა და გაყინულზე დიდი თოვლი მოვიდა. ეს თოვლიც გაიყინა და კიდევ თოვლი მოვიდა. ესეც გაჰყინა და კიდევ მოვიდა თოვლი, ისე რომ ბოლოს ზღვას დაედო ყინული, რომელსაც სიმაღლე ჰქონდა ორმოც და ათი წყდა. ზაფხული რომ დადგა და ყინულმა დაიწყო დნობა, დაირღვა
რამდენიმე ნაწილად და ეს ნაწილები ზღვაში დაცურავდნენ, რო- გორც მოძრავი კუნძულები. შესაძლებელია, რომ ეს ყინულები შეხვდა უცხოელ მეზღვაურთ და ამათ გაავრცელეს ხმა, რომ შავ-ზღვაში მოძრავი კუნძულებიაო. მართლაც, ეს ყინულები ისეთი დიდები იყ- ვნენ და ქარისაგან მიდენილები ისე ეხლებოდნენ კონსტანტინეპოლის კედლებს, რომ მათი დიდი ნაწილი დაანგრია. ეს მოხდა კოსტანტინე კოპრონიმის დროს და ძველადაც რამდენჯერმე მომხდარა ასეთივე ამბავი. სწორედ ეს ამბავი უნდა იყოს მიზეზი, რომ ზემოხსენებული თქმულება მოძრავი კუნძულების შესახებ გავრცელდა.
XXXI. თევზები
[edit]თევზი მრავალია შავ ზღვაში. ელიანო ამბობს (Elian. lib. 9:. Cap. 64), რომ თევზები არქიპელაგის ზღვიდან სულ შავ ზღვაშიმოდი- ანო, რადგან შავი ზღვის წყალი უფრო მტკნარიაო. მართლაც, შავ- ზღვაში ბევრი თევზიც არის, მეტად დიდებიც და ძლიერ გემრიე- ლებიც. აქ მე არ ჩამოვთვლი ყველა იმ თევზებს, რომელიც მთელ შავ-ზღვაშია, არამედ შევეხები მხოლოდ იმ თევზებს, რომელიც მო- იპოვება კოლხიდის მახლობლად.
ელიანო გვარწმუნებს, რომ შავ-ზღვაში ბლომად იჭერენ ჩვე- ნებურ თევზს Tonno-ს მაგრამ მე, თუმცა იმდენი წელიწადი დავ- ყევი ამ ქვეყანაში, მხოლოდ ერთხელ ვნახე ეს თევზი, როდესაც იგი მოიტანეს კათალიკოზის სუფრაზე. მაშინაც მეთევზეებმა ვერ იცნეს ეს თევზი და განაცხადეს, რომ ამისთანა თევზი ჩვენს ზღვაში არა- სოდეს არ გვინახავსო. მე ვიცანი, რასაკვირველია, ეს თევზი და აუ- ხსენი, რომ ჩვენს ზღვებში მეტად ბევრია ეგ თევზი მეთქი. აქედან ცხადად სჩანს, რომ ელიანოს მოწმობა, შავ-ზღვაში უხვად იჭერენო Tunnი-ს, მართალი არ არის, თუ, რასაკვირველია,ამ სახელით ზუთხს არ ვიგულისხმებთ. ზუთხი კი მართლა ბლომად არის შავ-ზღვაში ყოველგან. კოლხიდაში თევზაობას ეტანებიან უმთავრესად ორ ად- გილას: ფაზისის და ენგურის ზღვასთან შესართავებში. ამ ადგილებ- ში შუა აპრილიდან შუა აგვისტომდი მეთევზეები ყოველსავე სხვა საქმეს თავს ანებებენ და სრულიად თევზაობას მიეცემიან. აქაური ზუთხი სამ ნაირია: ერთსა ჰქვია ზუთხი, მეორეს — ანჯაქია ანჯაქია ანჯაქია და მე- სამეს — ფორონჯი ფორონჯი ფორონჯი. პირველია ჩვენი ჩვეულებრივი Storione. იგი მე- ტად დიდი როდია და ორმოც-და-ათ გირვანქაზე მეტს არასოდეს არ იწონის. თავის ნაზის და გემრიელის ხორცით ეს თევზი ნაქებია და ამიტომაც რამდენსაც კი დაიჭერენ ამ ჯიშის თევზს, სულ ერთიანად ან სასახლეში წაიღებენ და მთავარს მიართმევენ და ან აუზში შეინა- ხავენ, რათა მოიხმარონ მაშინ, როცა მისი დაჭერის დრო აღარ იქნება. ამ აუზებში მე მინახავს ეს თევზი და მართალაც შემიმჩნე- ვია ის, რასაც ამბობს მის შესახებ ალდროვანდი, 41 სახელდობრ ისა, რომ იგი საჭმელს მხოლოდ ლოკავს და ამისათვის აუზში ირგვლივ ტრიალებს და ლოკავს იმ ამწვანებულ შლამს, რომელიც აკრავს აუ- ზის კედლებს; თუმცა აუზში უყრიან საჭმელს, რომელსაც ჩვეულე- ბრივ სჭამენ სხვა თევზები, მაგრამ ამ საჭმელს ზუთხი არც შეხედავს და განაგრძობს ზემოხსენებულ შლამის ლოკვას. ამიტომაც არის, რომ ზუთხს მხოლოდ ბადით იჭერენ და კავით კი მისი დაჭერა შეუ- ძლებელია.
ანჯაქია ანჯაქია ანჯაქია განირჩევა ზუთხისაგან თავის მოყვანილობით და გე- მოთიც. სიდიდით კი არ ჩამორჩება ზუთხს, არამედ აღემატება კიდეც. 42 ფორონჯი უფრო დიდია ანჯაქიაზე 43. ჩემს დროს დაიჭი- რეს ერთი ფორონჯი, რომელიც კამეჩზე ორჯერ დიდი იყო. გე- მოთი ფორონჯი ბევრად ჩამოუვარდება ზუთხსაც და ანჯაქიასაც. ანჯაქიას და ფორონჯს უფრო გამხმარს ინახავენ: ამისათვის და- სჭრიან რამდენსამე ნაჭრად, სიგძით ორ-ორ ტკაველას (ამ ნაჭრებს ჰქვია მორიანი), ჩასდებენ სამი დღით მარილ წყალში, შემდეგ გაა- ხმობენ მზეზე და შეინახავენ. სამთავე თევზების კვერცხებისაგან ამნა- ირად ამზადებენ ხიზილალას: კვერცხებს ცოტაოდენ მარილით ჩა- ჰყრიან ფართო ხის ჭურჭელში, რომელსაც გასდგამენ მზეში; დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჯოხით აურევენ და როცა ოდნავ გა- მაგრდება, გადაჰყრიან სხვა შესაფერ ჭურჭელში და შეინახავენ. ტა- ნით ზუთხი თუმცა დანარჩენებზე უფრო პატარაა, მაგრამ ხიზილა- ლას უფრო უხვად იძლევა. ამ თევზის ყველა ნაწილს ხმარობენ და არაფერს არ გადააგდებენ, გარდა იმ პატარა ძვლებისა, რომელიც კანზე აკრავს და ტაფაკის (padella) მსგავსია. შიგნით სრულებით არ აქვს ძვალი. მხოლოდ აქვს თავიდან კუდამდი ერთი თითის სიმ- სხო რბილი კაკნატელი, რომელიც, ძვლის მაგიერ, მთელს ტანს იკა- ვებს. ზუთხს რომ დასჭრიან და ამ კაკნატელს გამოიღებენ, იგი წე- ლებსავით იწევა. მას მზეზე გაახმობენ და შეინახავენ დიდმარხვა ში საჭმელად, როგორც გემრიელ საჭმელს. შიგნეულობისაგან აკეთე- ბენ თევზის წებოს.
მეთევზეებმა იციან, როდის შეიძლება ზუთხის დაჭერა. იმათ შენიშნული აქვთ, რომ როცა მდინარეებში წყალი ადიდდება, მაშინ ზუთხი ბლომად მოვაო. მდინარეები მაშინ ადიდდებიან ხოლმე, რო- ცა მთებიდან, წვიმებისაგან თუ თოვლის გადნობის გამო, წყალი ბლო- მად ჩამოდის; ეს წყალი ცივია და ცივი წყალი უყვარს ზუთხს, რო- მელიც, როგორც კი იგრძნობს ამ ცივ წყალს, მაშინვე ზღვიდან გა- მოემართება მდინარისაკენ და სიამოვნებით ხტის კიდეც წყლიდან, ისე რომ ზოგჯერ შეხტება ხოლმე ორ არშინ ნახევარ სიმაღლეზე წყალ ზემოთ.
მეგრელები ასე იჭერენ ზუთხს. თვითეული მეთევზე თავის ნა- ვით და ბადეთი გამოვა მდინარის იმ ადგილას, სადაც მდინარის მტკნარი და ზღვის მარილიანი წყლები შეერთვიან ერთმანეთს. აქ ნავზე მოაბამენ ბადეს, რომელიც ნავის სიგძეა, ჩვეულებრივ ორ- მოცი მტკაველია დაახლოვებით. ბადეს ჩაუშვებენ პირდაპირ წყალში და ძირში მოაბამენ ქვებს ტყვიების მაგიერ. თავში და ბოლოში, რომელნიც წყალში არიან, ამ ბადეს მობმული აქვს თოკები. ეს თო- კები ხელში უჭირავს ორ კაცს, რომელნიც დგანან ნავში, ერთი თავ- ში და მეორე ბოლოში. როცა ეს კაცები იგრძნობენ, რომ ბადეში თევზი გაებაო, უცბად ამოსწევენ ბადეს და ჩააგდებენ ნავში. ამავე დროს თევზს ლაყუჩიდან პირში გაუყრიან თოკს, ხელახლავ ჩააგდე- ბენ წყალში, მოაბამენ ამ თოკით ნავზე და ამ რიგად დაჭერილ თევზს დიდ ხანს ცოცხლად ინახავენ წყალში.
ზუთხს გარდა მეთევზეები იჭერენ და დიდად აფასებენ მეორე გვარ თევზს, რომელსაც მეგრელები უწთდებენ სვიას და თურქები კი Саlcân Baûch-ს, რაც ნიშნავს ფარს. მართლაც ეს თევზი მეომარ- თა ფარსა ჰგავს, ისეთივე ბრტყელია, რგვალი და გარემოცულია ტაფაკის (padella) მსგავსის ძვლებით. ორივე თვალი ცალ მხრეზე აქვს და ეს მხარე ნაცრის ფერია, მეორე მხარე კი, რომელზედაც თვალები არა აქვს, თეთრია. ამ თევზს იჭერენ ზღვაში. ბადე, რომ- ლითაც იჭერენ, სიმაღლით კაცის ოდენაა და სიგრძით მეტად გრძე- ლია. ბადეს ჩააგდებენ სულ ძირს, ქვიშამდი, რადგან ეს თევზი მუ- დამ ზღვის ფსკერზე ცურავს. ამ თევზს იჭერენ დეკემბრიდან მაისა- მდი.
ბლომად იჭერენ აგრეთვე კეფალს, განსაკუთრებით ზამთარში. კეფალი ორნაირია — ერთი უფრო დიდია და მეორე უფრო პატარა. ამ პატარას ჰქვია კოკობა (Cocoba). სხვა წვრილი თევზებიც არის აქ, მაგრამ მკვიდრნი მაინც და მაინც არ აფასებენ და ნაკლებად იჭერენ.
ზოგჯერ ბლომად იჭერენ ანჩოუსს (Alici). რომელ წელიწად- საც აქ ბევრი ანჩოუსი გამოჩნდება, იმ წელიწადს ზუთხსაც ბევრს მოელიან, და თუ ანჩოუსი ცოტა გამოჩნდა, მაშინ ზუთხსაც ნაკლებ მოელიან. 1642 წ. იმდენი ანჩოუსი იყო აქ, რომ მთელი ნაპირი ზღვისა ტრაპიზონიდან აფხაზეთამდი სავსე იყო ზღვიდან გამონარი- ყი ანჩოუსით, თითქოს ზღუდე გაუკეთებიათო, რომლის სიმაღლე სა- მი მტკაველი იყო. ხალხს ეგონა, რომ, ესეც არის ამდენი თევზი დალპება და რამე ჭირი გაჩნდებაო, მაგრამ ჩქარა აუარებელი ყვავ- ყორანი მოფრინდა და სულ ერთიანად შესჭამა, რაც აქ იყო.
ამ ზღვაში არის კიდევ ლოკოკინა ლოკოკინა ლოკოკინა, მაგრამ მეგრელები მას არ აფასებენ და არამც თუ არ იჭერენ, არამედ ზოგჯერ, როცა უცაბე- დად მოხვდება ბადეში, აიღებენ და ხელახლავ ისვრიან ზღვაში. ზოგ- ჯერ შავ ნიჟარაში მე მიპოვნია მარგალიტები, მაგრამ ისე მუქი ან ჟანგის ფერი. რომ არაფრად არ ვარგოდა. პლინიუსი ამბობს (Plin. lib. 9, cap. 35), რომ ასეთი მარგალიტები მინახავს თრაკიის ბოს- ფორSიo. რადგან ბოსფორი იმავე ზღვაშია, წყალს ადვილად მიაქვს იგი მარგალიტები კოლხიდამდი.
ზღვას გარდა, მდინარეებშიც ბევრი თევზიმოიპოვება, განსა- კუთრებით კალმახი კალმახი კალმახი, რომელსაც ყოველგან ბლომად იჭერენ. მეგრე- ლებს ანდაზაც აქვთ, რომ იმ მდინარეში, რომლის ნაპირზე ერთნაი- რი ეკლიანი ხე იზრდებაო, კალმახიც იბადებაო. კალმახი ორნაირია: ერთი პატარა და მეორე უფრო დიდი. პირველს მხოლოდ მდინარე- ებში იჭერენ და მეორეს ზღვაშიაც. ამ მეორეს ჰქვია ორაგული ორაგული.
მდინარეების ნაპირებთან ბევრია აგრეთვე კიბო, რომელიც ძლიერ უყვართ მეგრელებს, მაგრამ ამათ შორის ცოტანი არიან ისე- თები, რომელნიც გულმოდგინედ ეტანებიან მის დაჭერას.
XXXII. ფრინველები
[edit]მთელ კოლხიდაში მრავალ ნაირი ფრინველია. მათ შორის უფრო კეთილშობილად მიაჩნიათ და უფრო მოწონება აქვს ხოხობს (il Fagiano). ამ ფრინველმა თავისი სახელი მიიღო ფაზისისაგან 44 , რომლის ნაპირებზე იგი სცხოვრობს. ამბობენ, რომ ეს ფრინველი მხოლოდ კოლხიდის კუთვნილება იყო და არგონავტებმა ჩაიყვანეს საბერძნეთში, საიდანაც შემდეგ მთელ ქვეყნიერობაზე გავრცელდაო. ეს აღნიშნა მარციალმა თავის ლექსში (Martial., lib. 13):
Argiva primum sum transportata carina.
Ante mihi notum nil nisi Phasis erat. 45
ხოხობი ბლომად არის არამცთუ ფაზისის ნაპირად, არამედ ყოველგან ოდიშში. საზოგადოდ მეგრელები მას იჭერენ ქორით; გლეხები კი მახით.
კაკაბი თუმცა მომიჯნავე საქართველოში ბლომად არის, კოლ- ხიდაში კი სულ არ არის. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ აქ მი- სი საჭმელი არ მოიპოვება, — ოდიშის მინდვრები სულ მოფენილია ღომით, რომელიც მათი საყვარელი საჭმელია. ჩემის აზრით კაკაბი აქ იმიტომ ვერ იდგამს ფეხს, რომ აქ მეტად ბევრია ყოველგვარი მტაცებელი ფრინველი. მტაცებელ ფრინველთა სიმრავლეს ხელს უწყობს კავკასიის მთაგრეხილი, რომლის კლდეებში იგინი ბუდეებს იკეთებენ. ისიც შეიძლება, რომ ამ ქვეყნის ცას იგივე გავლენა ჰქონდეს ფრინველებზე, რაც ადამიანებზე აქვს და ფრინველებსაც ისე ქმნიდეს მტაცებლებად, როგორც ადამიანებს ქმნის დახელოვ- ნებულ ქურდებად, რის შესახებ ზემოდ გვქონდა ლაპარაკი. ხოლო კოლხიდის მტაცებელი ფრინველები ადვილი გასაწვრთნელია. მაგა- ლითად, სულ ახლად დაჭერილს მიმინოს მიმინოს მიმინოს (Spraviere) რვა დღეში ისე გაწვრთნიან სანადიროდ, რომ ამის შემდეგ გულდანდობით გა- უშვებენ მწყრის დასაჭერად. აგრე ჩქარა იწვრთნებიან მეგრელები- საგან ეს ფრინველები იმის გამო, რომ, როგორც მეგრელების ბუ- ნებით თვისებას შეადგენს ქურდობა, ისე ამ ფრინველების თვისებაა მტაცებლობა.
როცა მწყერობის დრო მოახლოვდება, ყველა იძენს მიმინოს, ისე რომ ამ დროს ვერც ერთ მეგრელს, ვერც დიდს და ვერც პა- ტარას ვერ ნახავთ, რომ ხელზე თავისი მიმინო არ უჯდეს. სარგე- ბლობენ კი მიმინოთი მხოლოდ მწყერობის დროს და როცა მწყე- რობა გათავდება, მიმინოსაც გაუშვებენ, რათა ზამთარში სარჩენათ არ გაუხდესთ.
აქ მეტად კარგი შევარდნ შევარდნ შევარდნები (Falconi) იცის. მათ შორის თუ გამოერევა თეთრი ფერის, იგი საუკეთესოდ მიაჩნიათ. შევარდენის ყოლა შეუძლიან მხოლოდ მთავარს და ქორის კი — ყველას. ქორით ადვილად იჭერენ ხოხობს და იხვს (Mallardi).
აქ თითქმის მუდამ დაინახავთ, რომ ჰაერში დაფრინავენ არწი- ვები, რომელთაც მეგრელები ხშირად იჭერენ მახით. იჭერენ მხო- ლოდ იმისათვის, რომ არწივის ფრთა მიაბან ისარს. მეგრელების შვილდ-ისარი ბევრად დიდია თურქთა შვილდ-ისარზე და ასე დიდი ისრები რომ ჰაერში პირდაპირ წავიდეს, საჭიროა, რომ არწივის ფრთა მიაბან.
კოლხიდაში ურიცხვი წყლის ფრინველია, როგორც ზღვაში მცხოვრები, ისე მდინარეებში. რადგან ეს ქვეყანა მდიდარია მდინა- რეებით, სადაც მრავალი თევზია, წყლის ფრინველებიც ბლომად არის.
ზღვაში და აგრეთვე ზღვის პირად ბევრია კიბორჩხალ კიბორჩხალი კიბორჩხალი (gavine), ი რომელიც ზოგჯერ შიგ ქვეყანაში შედის, რაც მკვიდრთა იმის ნიშ- ნად მიაჩნიათ, რომ ცუდი ტაროსი იქნებაო.
მდინარეებში, გარდა ნაირ-ნაირ იხვებისა იხვებისა იხვებისა,გედებისა გედებისა გედებისა და სხვა წყლის ფრინველისა, რომლებიც ჩვენშიაც არიან, ყოველ დღე მო- დიან ახალ-ახალი უცნობი და უნახავი, უცნაურ ნისკარტიანი, ნაირ- ნაირი ფერისა და საუცხოვო მოყვანილობის ფრინველები. რადგან მთავარი მეტად მოყვარულია ამ უცხო ფრინველებისა, მას ჰყავს ყველა მდინარეებზე საგანგებოდ დაყენებული კაცეგი და ამ კაცებს დავალებული აქვს, რომ, როგორც კი უცხო ფრინველი გამოჩნდება, მოახსენოს მას. მთავარი მიიღებს თუ არა ცნობას, რომ ასეთი ფრინ- ველი გაჩნდაო, მაშინვე წაიყვანს თავის მონადირეებს და ქორ-შე- ვარდნებს, ცოცხლად დაიჭერს უცხო ფრინველს და ჩასვამს საგანგე- ბოდ გაკეთებულ აუზში, რომელიც შემოღობილია გალიასავით. მე- ტად კარგი სანახავია ეს აუზი, რომელშიაც ნაირ-ნაირი უცხო ფრინ- ველებია.
ერთხელ მე ვიყავი სასახლეში იმ დროს, როცა მთავარს შეე- კრიბა ძლიერ საჭირო საქმეებისათვის ოდიშის წარჩინებულები. აქ იყვნენ კათალიკოზი, ეპისკოპოსები, ვეზირი და მრავალი თავადი და დიდებული. მეტად გაცხარებულ ბჭობაში რომ იყენენ მოთათბირე- ნი, მთავარს მოუტანეს ამბავი, რომ მახლობელ მდინარეში რაღაც ახალი ფრინველი გამოჩნდაო, ჯერ ენასავით, რომელიც საუცხვოვო მოყვანილობის და ფერის არისო. გაიგონა ეს ამბავი თუ არა, გა- ხარებულმა მთავარმა უეცრად მიატოვა საბჭო, მსწრაფლ შეახტა ცხენს და თან იახლა თავისი მონადირეები, მიუახლოვდა ფრინველს, დაიჭირა იგი, წაიყვანა თან, უჩვენა იმ წარჩინებულებს, რომელნიც საბჭოში ისხდნენ და შემდეგ გაგზავნა აუზში ჩასასმელად. ამ ფრინ- ველის დაჭერამ რომ ასიამოვნა მთავარი, იმდენად მგონია, ვერ ასიამოვნებდა ვერავითარი კეთილი გადაწყვეტილება მისი საბჭოსი.
XXXIII. ოთხფეხი
[edit]სამეგრელოში ყველა ის ოთხფეხი მოიპოვება, რაც ჩვენში (იტალიაში). ცხენები აქ ისე ბლომად არის, რომ ყველა კაცს, რაც უნდა ღარიბი იყოს, ჰყავს თავისი ცხენი, — ახტა (ულაყი) თუ ჭაკი. თვითეულს მოსახლეს, თავის შეძლებისამებრ, ჰყავს ბევრი თუ ცო- ტა. დაბალ ხალხს ჰყავს: ვის სამი, ვის ოთხი და ვის ხუთი ცხენი; ხოლო კეთილშობილებს ორმოცდა-ათი, ვის ასი და ვის ორასი. მთავარს კი ათასობით ჰყავს. სულ ეყოლება ხუთი ათასი ახტა და ჭაკი.
მიზეზი, რომ ასე ბევრი ცხენი ჰყავთ, ის არის, რომ ცხენის რჩენა აქ ადვილია და სარგებლობა მისგან კი ბევრია. რჩენა იმდენად ადვილია, რომ არავითარ ხარჯს არ თხოულობს: გაუშვებენ საბა- ლახოდ მინდვრებში, სადაც ბლომად არის კარგი ბალახი და წმინდა წყალი. საკვირველი ამ ცხენებისა ის არის, რომ ისე მიჩვეულნი არ- იან თავის მიდამოში ბალახობას, რომ საზღვრებს არასოდეს არ გა- დასცილდებიან. თუ, ვინიცობაა, ქურდმა სადმე წაიყვანა, ხშირად ალღოთი გზას პოულობენ და ისევ თავის საბალახოზე მოვლენ. ცხენს სჭედავენ სამეგრელოში მხოლოდ მაშინ, როცა საომრად წავლენ,რად- გან შეიძლება ქვიან ადგილებში მოუხდესო სიარული. როცა შინ არიან, მაშინ მეგრელები ცხენს არ სჭედავენ, რადგან მათი ქვეყანა ქვიანი არ არის და ცხენებს ჩლიქი არ უცვდება დაუჭედავადაც.
გარდა ცხენებისა, ყველას თავ-თავისი ხარები ჰყავს მიწის სახ- ნავად და ძროხები ყველისათვის. ცხვარი კი ცოტა ჰყავთ, რადგან სინესტის გამო ვერ მრავლდება აქ ცხვარი. რაც არის, იმის მატ- ყლი კი კარგია. აქ ცხვარი ერთ-გზობად იგებს ორს ან სამს ბატ- კანს, მაგრამ ჩვეულებრივის ავადმყოფობისაგან ხშირად წყდებიან. ცხვარი რომ ცოტა ჰყავთ, სამაგიეროდ ბლომად ჰყავთ თხები და ღორები, რომელთა ხორცს მუდამ სჭამენ, თვით ზაფხულის სიცხე- შიაც.
გარეული ცხოველიც აგრეთვე ნაირ-ნაირია და მრავალი. ირმები, ირმები, ჯიხვები ჯიხვები ჯიხვები (Caprii), ტახები, დათვები დათვები დათვები, მგლებიდაშველები შველები შველები (Damp) ყოველ ტყეშია. გარდა ამისა მთებში მოიპოვება ავაზა (ლე- ოპარდი (Leopardi), რომლის ტყავს, თურქების ჩვეულებისამებრ, ხმარობენ ცხენზე გადასაფარებელ ყაჯრად. თურქები ამ ტყავს ჰხმა- რობენ, ნაირ-ნაირ მაუდისაგან შეკერილის და ოქრომკედით და აბ- რეშუმით მოქარგულის ყაჯრის მაგიერ. მეგრელები საზოგადოდ ასე გაწყობილ მაუდის ყაჯარსა ხმარობენ, მაგრამ როცა იშოვნიან ავა- ზის ტყავს, ამ ტყავს ამჯობინებენ. სარჩულად მას დაუდებენ შალს და გადააფარებენ ცხენს ისე, რომ ოთხივე ფეხი ცხენის გვერდებზე გადადის და კუდი კი უკან გავაზე. ეს შემკულობა უცხო და კოხტა სანახავია.
ხშირად მთებში იჭერენ ერთ ცხოველს, რომელსაც შეხედულე- ბით შუა ადგილი უჭირავს ირემსა და ჯიხვს შუა. ტყავი უგავს ირემს, თუმცა ამ ცხოველს უფრო მუქი ფერი აქვს; სიდიდითაც სწო- რედ ირმის ოდენა არის. რქები კი ჯიხვს უგავს და მოღუნული აქვა შიგნისაკენ. ეს რქები მუქი ნაცრის ფერებია და სიგძით სამ მტკაველზე მეტი. ხორცი მეტად გემრიელი აქვს და უფრო მოწო- ნებაშია, ვიდრე ირმის ხორცი.ეს ცხოველი სამეგრელოს გარდა ჩერ- ქეზეთშიც მინახავს 46 .
მთებში ძალიან ბევრი დათვია. ცაიშის მთაზე (di Ciais), რო- მელიც განცალკევებულია სხვა მთებისაგან და არის შუა კოლხიდა- ში, მოიპოვება სრულებით თეთრიდათვი. ჩემს დროს აქ იპოვეს ერთი ასეთი დათვის ბელი, რომელიც აჩუქეს მთავრის შვილს მანუ- ჩარს. ეს ბელი მოშინაურდა, იგი სასახლეში ჰყავდათ სახ ჩარს ალისოდ. იმა- ვე მთაზე ერთმა დიდებულმა მოჰკლა მეორე დათვი, რომლის ტყა- ვიც მაჩვენა მე. ზემო თქმულის შემდეგ არ არის დასაჯერებელი, ვითომ თეთრი დათვი მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებში მოიპოვებაო და მა- თი სითეთრე მუდმივი თოვლისაგან არის გამოწვეულიო. ამ აზრს ეწინააღმდეგება ის, რომ ცაიშის მთა, სადაც თეთრი დათვებია, გან- ცალკევებულია სხვა მთებისაგან და თოვლი აქ ძალიან ძვირად მო- დის. კავკასიის მთებში კი არავის გაუგონია, რომ თეთრი დათვი ოდესმე ვისმე დაეჭიროს. მაშასადამე უნდა აღვიაროთ, რომ აქა- ური თეთრი დათვი ან შეადგენს განსაკუთრებულ გვარს და ან მას ტყავი უთეთრდება რაიმე გაურკვეველი მიზეზის გამო. იგივე უნდა ითქვას იმ ჯიხვის შესახებ, რომელიც მიართვეს მთავარს და რო- მელიც თავიდან შუა ტანამდი იმავე ფერის იყო, რა ფერისაც სა- ზოგადოდ ჯიხვებია, მაგრამ მეორე ნახევარი ტანისა კი თეთრი ჰქონდა, როგორც თოვლი: ვინ იცის ბუნების რა საიდუმლოება აჭრელებს ამ რიგად!
ამბობენ, რომ აფხაზეთის საზღვრებზე გარეული გარეული გარეულიკამეჩები არისო. რადგან მე ჩემი თვალით არ მინახავს ასეთი კამეჩები, არც შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რამდენად მართალია ეს ამბავი. ადვილი შესაძლებელია, რომ, რადგან კოლხიდაში შინაური კამეჩი ბლომად არის, ზოგჯერ იქნება შინაური გაიქცა ტყეში და დროს განმავლობაში სრულებით გაგარეულდა. რაც შეეხება ღორებს, ხში- რად მოხდება, რომ გარეული ღორები შეეყრებიან შანაურებს და ესენი მოიგებენ გოჭებს, რომელთაც ისეთივე წინწკლები გამოჰყვე- ბა, როგორიც გარეულ ტახებს აქვთ ჩვეულებრივ.
მგლები მეტად ბევრია. ცხენებიც რომ ბლომად არ იყოს, არც ერთი ცხენი მათ. შეუჭმელი არ გადაურჩებოდათ. მაგრამ ცხენები, როგორც კი დაინახავენ, რომ მგლები მოდიანო და თავს უნდა და- გვეცენო, წრეს გარეშემო დადგებიან, ჩაიყენებენ შუაში კვიცებს და მგლებს მიუშვერენ გავას და წიხლების შემწეობით ახლოს არ მიუ- შვებენ. ხოლო სამეგრელოს ბუნებას, რომელიც ადამიანსაც ჰქმნის ქურდად, მგონია, პირუტყვებზეც იგივე გავლენა აქვს. მართლაც, მგლები რომ ძალით ვერას იზამენ, ხერხით ცდილობენ მიზანს მიაღ- წიონ და ამისთვის, როცა მინდვრებზე მაღალი ბალახია, ამ ბა- ლახში, კვიცები და ცხენები რომ დამშვიდებული ბალახობენ, მგლე- ბი უეცრად თავს იდაესხმიან და კბილებს ჩაარჭობენ ყორყში, და- ახრჩობენ, დამხჩვალს დააგდებენ იქვე და გაიქცევიან იმ იმედით, რომ ღამე, როცა ადამიანებიც და ცხენებიც სახლში დაბრუნდებიან. აქ დამხჩვალი ცხენი დახვდებათ და დააძღებიან მას.
მელა ამ ქვეყანაში არ მოიპოვება. ამის მიზეზი, ჩემის აზრით. ის არის, რომ ეს პირუტყვი ძალიან მიხვედრილია და კარგად იცის, რომ ამ ქვეყანაში, სადაც ბლომად არის მტაცებელი პირუტ- ყვები, რომელნიც იმას ბევრად სჯობიან ძალით, იგი ვერ იშოვის საკმაო საჭმელს. ამიტომაც მელა საქართველოს საზღვრებზე არის და სამეგრელოში კი არ შემოდის.
სამაგიეროდ აქ არის ერთნაირი პირუტყვი, რომელიც მელას ჰგავს, მაგრამ ცოტა უფრო დიდია და ბალანიც უფრო მაგარი აქვს. ამ პირუტყვს ადგილობრივ ეძახიან ტურას (Tura). ტურები დადიან მინდვრებში ჯგუფ-ჯგუფად და როგორც კი დაღამდება, ყველანი საშინელ ყვირილს შეჰქმნიან. მათი ხმა სულ კაცის ხმას ჰგავს, ისე რომ გეგონებათ კაცები ყვირიანო. ყვირილს რამდენჯერმე გაანახლე- ბენ ღამის განმავლობაში. ხშირად სახლებშიც შედიან და იპარავენ ქათმებს და მინდვრებში თავს ესხმიან ბატკან-თიკნებს და სჭამენ. თუ ვინმემ მინდორში დაიძინა, კარგად უნდა შეინახოს ფეხ-საცმე- ლი, თორემ ტურა მოჰპარავს და წაიღებს შესაჭმელად.
ხშირად კიდევ კოლხიდის ყველა მდინარეებში იცის წავი, რო- მელსაც ძალიან ხმარობენ წამლად. წავი ბუდობს მდინარეების ნაპი- რებთან, სადაც თავისი მაგარი კბილებით გამოღადრავენ ხეებს სა- ცხოვრებლად. წავი მოიპოვება კოლხიდის არა თუ მდინარეებში, არა- მედ ზღვაშიაც, სადაც თევზებით იკვებებიან. ეს გარემოება თითქოს არღვევს არისტოტელეს იმ აზრს, რომ ზღვაში არც ერთი ოთხფეხი არ ცხოვრობსო (Arist lib., Hist. 8. anim., cap 5). ხოლო ჩვენ ვფი- ქრობთ, რომ არისტოტელეს იმის თქმა უნდოდა, რომ ზღვაში არ მოიპოვება ოთხფეხი თევზიო და არა ხმელეთის ოთხფეხიო, როგორც, მაგალითად, არის წავი, რომელიც ზოგჯერ სტოვებს ხმელეთს და ზღვაში შედის საცხოვრებლად და გამოსაკვებად, როგორც მდინა- რეშია ჩვეული.
XXXIV. ქვები და მინერალები
[edit]თუმცა კოლხიდაში ძლიერ ცოტაა ქვის სახლები, მაგრამ მი- ზეზი მასალის უქონლობა როდია. ქვის სახლების აშენება რომ ჰსურ- დეთ მეგრელებს, საუკეთესო მასალა აქვთ. აქ არის ჩინებული ქვა, ხე-ტყე ბლომად და საუკეთესო გამოსაწვავი კირ-ქვა. ცაიშის საე- პისკოპოსოში მშვენიერი თეთრიქვა მოიპოვება, რომელიც მეტად წაა- გავს მალტის (di маltа) ქვას: ისე ადვილი გასათლელია, რომ ვისაც რა უნდა, იმას გამოსჭრის ამ ქვაზე. ამ ქვიდან უკვე მრავალი მშვე- ნიერი ტაძარია აშენებული და რამდენიმე სასახლე.
ხოლო მეგრელებს უყვართ თავისლუფლება და ერიდებიან მუდამ ერთ ადგილას დარჩენას საცხოვრებლად, ამიტომაც არ აშენებენ ქვის სასახლეებს, რასაც ხარჯიც ბევრი დასჭირდება და დროც. უფრო კი ის აშინებს მეგრელებს, რომ ასეთი სახლები რომ გვქონ- დესო, დიდხანს უნდა დავრჩეთ ერთ ადგილას საცხოვრებლადო, რადგან შეუძლებელი იქნებოდა სახლის ერთის ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა, როგორც ეხლა აქვთ ჩვეულებად. მართლაც, რო- გორც მეგრელს მოსწყინდება ერთ ადგილას ცხოვრება და მოე- სურვება სხვაგან გადასახლება, მაშინვე შეასრულებს თავის წადილს და თავის სახლს გადაიტანს და გადადის ახალ ადგილზე. ეს მეტად ადვილია მისთვის, რადგან მეგრული სახლი ხის არის და ისლით დახურული.
საკირექვით სავსეა ეს ქვეყანა, ხე-ტყე კიდევ მეტია და მუშა- ხელი იაფი, რადგან აქ ხელფასად მხოლოდ სარჩოს ყაბულდებიან. ამ რიგად სამეგრელო მდიდარია ქვითაც, ხე-ტყითაც, კირითაც და მუშა-ხელითაც, ისე რომ მეგრელებს რომ უნდოდეთ, მშვენიერ და ჩინებულ სახლებს აიშენებდნენ.
გარდა ამისა იმ მთაზე, რომელიც არკამას არკამას არკამას (Arcamá) დასცქე- რის, მოიპოვება მეორე ნაირი ქვა-ნაცრის ფერი. ეს ქვა ძირს ჩა- მოაქვს მდინარეს, რომელიც ჩამოდის ხსენებული მთიდან. მკვიდრნი ამ ქვას ხმარობენ ხელის წისქვილისა, საცეხველისა და აგრეთვე თორნეებისათვის. ამ ქვის თვისება ის არის, რომ რაც უნდა გაა- ხუროთ, საშიში არ არის, რომ დასკდეს.
რაც შეეხება მადნებს, თუმცა ფიქრობენ, რომ კავკასიის უამაღ- ლეს მთებში ბლომად არისო როგორც ოქროსი, ისე ვერცხლის ვერცხლის ვერცხლისმად- ნები, მაგრამ ყოველსავე ამას ჰმალავენ თურქების შიშით. მეგრე- ლებს ეშინიათ, რომ თურქებმა ოქროს სიხარბით არ მოინდომონ კოლხიდის დაპყრობაო. მეგრელები უფრო აფასებენ თავისუფლებას, ვიდრე სიმდიდრეს და ამჯობინებენ, რომ მოკლებულნი იყვნენ ოქ- როს, ვიდრე თავისუფლებას მოაკლდნენ: სჯობს ვიყოთ საწყალი და ღარიბი თავისუფალი ადამიანები, ვიდრე თურქთა მდიდარი მონები გავხდეთო. მართალნიც არიან, რადგან, რომაელთა არ იყოს, Non bene pro toto libertas venditur auro. 47
რომ ძველად ამ ქვეყანაში ბევრი ოქრო-ვერცხლი იყო, ამას ამტკიცებს ოქროს საწმისის თქმულება და აგრეთვე პლინიუსი თა- ვისი ისტორიის მე-33 წიგნში, სადაც ამბობს, რომ სელევკოსი 48 როცა კოლხიდაში მეფობდაო, ნახა სრულებით დაუმუშავებელი მი- წა და იქიდან ამოიღო მრავალი ოქროo. დღესაც სამცხეში, რომე- ლიც წინად ეკუთვნოდა, ათაბაგებს და ეხლა კი თურქებს უჭირავთ, მოიპოვება ქალაქი არტაანი (citta d‘ Aradan), რომლის მახლობლად მრავალი ოქროს მადანია. ამ მადნებიდან, თუმცა იმდენ ოქროს ვერ იღებენ, რაც კაცის გაუმაძღარ გულსა ჰსურს, მაგრამ იქაურებს მაინც კარგი სარგებლობა აქვთ.
ამავე მთაში მოიპოვება კიდევ სურმა, რომელსაც მკვიდრნი არ იცნობენ. სურმის დიდი ნაჭერი ერთხელ მე გამომიგზავნა სა- ჩუქრად ფაშის ექიმმა.
იმერეთის მეფესაც აქვს, როგორც მე მითხრეს სარწმუნო კა- ცებმა, თავის სამეფოში, მთებში, ვერცხლის მადნები და ჩუმად აწარ- მოებენ ამ მადნებსო.
ხოლო დადიანი, რადგან ზღვისპირად არის, სადაც მუდამ მო- დიან სავაჭროდ კონსტანტინეპოლიდან გემები, დიდად ცდილობს, რომ თავისი მადნები სრულიად დამალული და უცნობი იყოს. ჩემს დროს იქ იყო ერთი მეგრელი, რომელსაც რჯული გამოეცვალა კო- ნსტანტინეპოლში. მან კარგად იცოდა თავისი ქვეყნის ამბავი და თურქებისათვის გაემჟღავნებინა, თუ რა მადნებია სამეგრელოში. მაგრამ რადგან მას არ დაუჯერეს, როცა იგი დაბრუნდა ოდიშში, აქედან ხელახლავ წავიდა კონსტანტინეპოლში და თან წაიღო ორი გოდორი მიწა, რომელიც ამოიღო ოდიშის ოქროს და ვერცხლის მადნებიდან. ეს მთავარმა გაიგო და, როცა ის მეგრელი მეორედ დაბრუნდა სამეგრელოში, უეცრად დააჭერინა და ბრძანა მისთვის ცალი ფეხი და ცალი ხელი მოეჭრათ. ასე დასაჯა მთავარმა ის კაცი იმისათვის, რომ გაამჟღავნა ის, რაც არ უნდა გაემჟღავნებინა.
იმერეთის მთებში არის კიდევ რკინის მადნები იმდენი, რომ ზოგ ადგილას ხალხი სხვა ხელობას არ ეტანება და მხოლოდ რკი- ნას იღებს მადნებიდან და ამ რკინისაგან აკეთებს სხვადასხვა ნივ- თებს. აგრეთვე შეეძლოთ მოქცეულიყვნენ ოდიშში, მაგრამ იქაურებს უფრო სასარგებლოდ მიაჩნიათ, რომ ქვეყანას სიღარიბის სახელი ჰქონდეს და მათი სიმდიდრე არ გამოაშკარავდეს.
გარდა ამისა ცაიშის საეპისკოპოსო მთაში მოიპოვება ჩინებუ- ლი ოხრა, მაგრამ მკვიდრნი მას არ აფასებენ, არც იცნობენ და არც მუშაობენ. იგი პირველად მაჩვენა მე ერთმა ბერძნის მხატვარმა და მერე ბევრჯელ მე თვითონ ვიპოვე მიწაში. ამავე მთაში უნდა იყოს ტყვიაც. აგრე ვფიქრობ იმიტომ, რომ მატტიოლო და სხვები ამტკიცებდნენ, რომ ოხრა ტყვიის ორთქლისაგან ჩნდებაო. 49 მაშა- სადამე სადაც თხრა არის, იქ ტყვიაც უნდა იყოს.
XXXV. ხეები და მცენარეები
[edit]რაც კოლხიდაში ხეები მოიპოვება, ყველასა სჯობს, ჩემის აზ- რით ჭადარი (il Platano), რომელიც ნიადაგის სინესტის გამო ისე მაღალი იზრდება, რომ უდიდეს ხეებს აღემატება. რამდენადაც ეს ხე მშვენიერია, იმდენად იშვიათია. ერთის მხრით სიმშვენიერისა, და მეორეს მხრით, იშვიათობის გამო ამ ხეს ყველასაგან დიდი მოწო- ნება აქვს და დიდადაც აფასებენ მას. იგი ტყეში ან სადმე სხვაგან თავისით როდი იზრდება, არამედ ვისაც უნდა იქონიოს ეს ხე, უნდა დარგოს განგებ და კარგადაც მოუაროს, რადგან მრავალთაგან ჩვე- ულებრივ მხოლოდ რამდენიმე გაიხარებს. აქედან სჩანს, რომ ეს ხე ოდიშში მკვიდრი არ არის, არამედ უცხოა და სხვა ქვეყნიდან გად- მოტანილი.
ჭადარის შემდეგ მკვიდრთა შორის მოწონებაშია რცხილა (il Carpeno), რომელიც უკვე აღვწერე მეექვსე კარმი და რომლის შე- სახებ აქ აღარას ვიტყვი.
ტყეებში კიდევ იზრდება ერთნაირი ხე, რომელიც ჩვენს ქვე- ყანაში სრულიად არ მოიპოვება და რომელსაც არც მატტიოლი, არც დიოსკორიდე და არც სხვა სწავლულები არ იცნობენ. ეს ხე სიმაღლით არ აღემატება ატმის ხეს, ფოთლები აქვს დაკბილული და ღია მწვანე ფერისა; ხე მეტად რბილია. ფოთლების წინად ყვა- ვილს გამოიღებს ისე ბლომად, რომ მთელი ხე თითქო ერთიანი თეთრი ყვავილიაო. ამ ყვავილს ნახევრად გაშლილს, მოჰკრეფენ, ძმარ- ში ჩასდებენ და ხმარობენ, როგორც კაპარს ((cappar), რომელსაც კიდეც ჰგავს. ყვავილის ჩამოცვენის შემდეგ სამკუთხიან კანში ჩნდე- ბა პატარა ცერცვის ოდენა თესლი, რომელსაც მათებურად ჰქვია ჯონჯოლი ჯონჯოლი(Giorgiolè). 50
აგრეთვე არის ერთნაირი ხე, რომელიც ჩვენს დროში გადმო- უტანიათ იტალიაში, სადაც უწოდებენ მას წმიდახეს. ეს ხე ბლო- მად მოიპოვება კოლხიდაში. იგი თავისით იზრდება ყოველ ადგილზე; არ არის ტყე, რომ ეს ხე არ იზრდებოდეს; მისი ბუჩქნარები კედ- ლებზე და შარა გზებზეც კი იზრდება. მის პაწიწინა ხილს სჭამენ ნედლადაც, მაგრამ ხმელს უფრო მოწონება აქვს, რადგან უფრო გე- მრიeლია. ამ ხილს მათებურად ჰქვია ხურმა.
ტყეები სავსეა თხილით. ტყის თხილი ნაკლებად ან სულ არ იძლევა ნაყოფს. მაგრამ რადგან მისი ხე რბილია და ადვილი მოსა- დრეკი, ამიტომაც ხმარობენ ღობეებზე სარების შესაკრავად. ბაღებ- ში გაშენებული თხილი ბლომად იძლევა ნაყოფს.
აქ მოიპოვება კიდევ ალუბლის ალუბლის ალუბლისხე გარეულიც და შინაურიც. გარეული მეტად მაღალი იზრდება და მასზე გაჰყავთ ვაზი. შინაური კი უფრო იშვიათია და ისე მაღალი არ იზრდება.
თუთის ან ბჟოლის ხე (ცელსა ó more) ისე ბლომად იზრდება, რომ იმისი მთელი ტყეებია და არ არის ადგილი, რომ იგი არ იზ- რდებოდეს. წინად ამ ხეს არაფრად არ ხმარობდნენ. მხოლოდ რამ- დენიმე წელიწადია მას აქეთ, რომ სომხებმა და ებრაელებმა ასწავ- ლეს მეგრელებს მისი სარგებლობა. ეხლა კი აბრეშუმის ჭიის საკვე- ბად ხმარობენ და დიდად სარგებლობენ.
ბზის ხეებით სავსეა მთელი ზღვის პირი და ზოგი ქვიანი მთა. უფრო ბლომად იზრდება ეს ხე მომიჯნავე აფხაზეთში. მოჭრილი ხეები მიაქვთ ზღვის პირზე და იქ სცვლიან მარილზე, რომელიც მო- აქვთ თურქთა გემებს. ეს გემები, კოლხიდისაკენ მიმავალნი, ყირიმს რომ მიუახლოვდებიან, ბალასტის მაგიერ დაიტვირთებიან მარი- ლით, რომელსაც აქ მეტად იაფად იძენენ და კოლხიდაში კი ძლიერ კარგ ფასში ჰყიდიან. რაც დარჩებათ კოლხიდაში გაუყიდველი, იმით, უკან რომ დაბრუნდებიან, იყიდიან აფხაზეთში შვიდ თუ რვა ათას- ბზის ხეს, რომელსაც მერე გაჰყიდიან კოსტანტინეპოლში თითო სკუ- დოთ (scudo) თითო ხეს.
ზეთისხილისხე აქ ძლიერ ცოტა არის. რაც არის, ისიც სხვა შორეულ ქვეყნებიდან არის გადმოტანილი. მხოლოდ აქა-იქ აქვს რა- მდენიმე დიდებულ მემამულეს ოცდა-ათ, ოცდა-ათი თუ ორმოც- ორმოცი ძირი თითოს. ხოლო იგინი ზეთს არა ხდიან და მხოლოდ ცუდად დამზადებულსა სჭამენ, რადგან არ იციან ჩვენებურად მისი გაკეთება.
თეოფრასტე (Teofrasto, lib. 4, cap. 5) ამტკიცებს, რომ პონ- ტოში არ მოიპოვებაო არც დაფნა და არც ტვია (Mirto) 51 რაც შეეხება ტვიას, იგი არც მე მინახავს. ხოლო დაფნა კი ბლომად არ- ის ცაიშის მთაზე, ნაქალაქევში და ზღვის პირად. ამიტომაც მიკვირს, რად ამტკიცებს ამას თეოფრასტე მაშინ როდესაც უფრო ფრთხილი თავის დაკვირვებაში ბელონიუსი (Bellonins, lib. 3) ამ- ბობს, რომ სხვა მცენარეთა შორის ამ ქვეყნებში დაფნაც მომიკრე- ფიაო.
შქერი შქერი (il Rododendro О Oleandro) ბლომად იზრდება როგორც მინდვრებში, ისე მთებში. იგი ორ ნაირია: ერთი ისხამს ვარდისფერ ყვავილებს და მეორე ყვითლებს, ორივე მცენარე ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს შეხედულებით, ყვავილების მოყვანილობით, გინგლიანის მოგრძო ნაყოფით და აგრეთვე იმით, რომ მათი ხე ადვილი მოსახრელია. ასეთმა მსგავსებამ მე იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ორივე ოლეანდროს გვარი მცენარეა მეთქი, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არის ფოთლებსა, ყვავილების სურნელოვანებასა და ფერში. მართლაც, ჩვეულებრივ ჩვეულებრივ ოლეანდროს ფოთლები წაგრძელებულია, მუქი მწვანე, ოდნავ მბზინავი და თითქოს გალაქული; ყვითელი ოლეანდროს ფოთლები კი ღია მწვანეა, ნაკლებ წაგრძელებული, არ ბზინავს, არამედ გინგლიანია. ჩვეულებრივი ოლეანდროს ყვავილი ვარდისფერია და ყვითელი ოლეანდროს კი ოქროს ფერია. 52 პირველს არავითარი სუნი არა აქვს და მეორეს კი მეტად სასიამოვნო სუნი აქვს. იმისი სუნი მოგაგონებსთ თუ მუშკსა და თუ ახლად ამოღებულ ცვილსა, ისე რომ თუ ყვავილების დროს გაივლით იმ ადგილებში, სადაც ოლეანდრო იზრდება, მაშინვე სუნით იგრძნობთ ამ მცენარეს.
სახელგანთქმული პონტისაბზინდა აბზინდა აბზინდა (Assenzo Pentico) სრულებით არ მოიპოვება ოდიშის ნიადაგზე. ჩვეულებრივი ჩვენებური აბზინდას რამდენიმე მცენარე მინახავს მე მდინარეების ნაპირად, მაგრამ ყოველთვის, როდესაც გადამირგავს ჩვენს ბაღში, ზამთარში გამხმარა. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ, რომ ეს მცენარე ადგილობრივი არ არის, არამედ წყალდიდობის დროს მდინარეებს მთებიდან ბარში ჩამოაქვთ. დიაღ მართალია, რომ ნამდვილი პონტისაბზინდა ყველა იმ ნიშნებისა, რომელთაც აწერენ სწავლულები, ბლომად იზრდება საქართველოში.
ენძელა ანუ კოლხური კოლხური კოლხური (L‘ Ermodactilo ó Colchico) ისე ბევრია მიდვრებში, რომ კოლხიდიდან მიიღო მან თავისი სახელი — „კოლხური“. შემოდგომის დასაწყისში გამოიღებს იგი ყვავილს, რომელიც მოყვანილობით ჩამოგავს ზაფრანის ყვავილს, მაგრამ ფერით კი არა ჰგავს.
ჭაობებში და პატარა მდინარეებში ბლომად იზრდება მატტიოლისაგან აწერილი ზამბახი ზამბახი ზამბახი (I‘ Acoro). ყველა ქართველები და მეგრელები ხმარობენ ამ მცენარეს სხვა-და-სხვა ავადმყოფობაში და მის ძირს მუდამ თან ატარებენ ქისაში, რათა საჭიროების დროს საჩქაროდ მოიხმარონ. მეგრულად ამ მცენარეს ჰქვია ნარგიზი (Narghi) და ქართულად კი კოთხონჯი (Cotcongi). 53
ეკალათი (Similagine aspra) სავსეა ტყეები. 54 მისი ნორჩი ყლორტები მეგრელებს მიაჩნიათ მეტად გემრიელ საჭმელად, რომელსაც სჭამენ დიდ მარხვაში სატაცურსავით. წლის განმავლობაშიც სჭამენ მარხვის დღეებში ძმარით დამზადებულს.
მარწყვი მარწყვი მარწყვი ისე ბლომად არის მინდვრებში, რომ თითქოს წითელი ხალი დაუგიათო. მაგრამ არავინ არც ჰკრეფავს და არც სჭამს მას, რადგან ძლიერ ეზიზღებათ იგი. მეგრელებს სწამთ, რომ მარწყვს გველები სჭამენ და სუნავენო. მე კი ხშირად მიჭამია იგი და ჩემთვის არამცთუ ვნება არ მოუტანია, არამედ დიდი სიამოვნებაც მიგრძვნია.
სატაცური სატაცური სატაცური ისე ბლომად იზრდება, რომ ზოგან ზღვის პირი იმით სულ დაფარულია. მეგრელებს თუმცა მოსწონთ საჭმელად სატაცური, მაგრამ სიზარმაცის გამო ცოტანი მიდიან ზღვის პირად იმის მოსაკრეფად. მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც ამისთვის ბატონი აიძულებს. დანარჩენები იმითაც არიან კმაყოფილნი, რომ დიდმარხვაში ხარშავენ და სჭამენ ჭინჭარს ჭინჭარს ჭინჭარს, რომელიც სახლის მახლობლად იზრდება და მაშასადამე უფრო ადვილად მოსაკრეფია, ვიდრე სატაცური.
ზღვის პირად ფაზისის გაღმა, არის აგრეთვე ძირტკბილა ძირტკბილა (Glichiriza) საკმაოდ წვრილი. ხოლო უკეთესი და უფრო ბევრი გვხვდება საქართველოში.
Centaurio maggiore მე არასოდეს არ მინახავს აქ; ხოლო ღიღილო (centaure minore) როგორც წითელ, ისე თეთრ ყვავილებიანი ბევრია ყველა მინდვრებში. აგრეთვე ბევრია თავშავა თავშავა თავშავა (Origano), ძაღლ-ნიორა (Puleggio), ცოცხ-მაგარა (Bettonica), პიტნა, გარეულიპიტნა (ომბალო) და ბარამბო ომბალო ბარამბო ბარამბო (Mellisofillo), რომელთა სიმრავლე უფრო შესანიშნავია, ვიდრე თვისება, რადგან მიწის გადამეტებულის სინესტის გამო მათ ან სულ დაუკარგავთ თავისი ძალა და ან სულ ცოტა შერჩენიათ. სხვა მცენარეებზე აღარას ვიტყვი, რადგან ან ბლომად არ მოიპოვებიან, ან ჩვენებურ მცენარეებსა ჰგვანან და განსაკუთრებული რამე არ ითქმის მათ შესახებ.
XXXVI. კოლხიდის თაფლი
[edit]ეს ჩვენი აღწერილობა დავაბოლოვოთ კოლხიდის თაფლით, რომელიც აგრე ნაძაგებია მწერლებისაგან, განსაკუთრებით სტრაბონისაგან, რომელიც შემდეგ სიტყვებით აქებს ამ ქვეყანას და მის სხვადასხვა ნაყოფს და მხოლოდ თაფლს აძაგებს: Вoна est regio fructusque eius boni melle dempto quod plerumque amaroris aliquid habet. 55 ზოგნი იმასაც ამბობენ, რომ კოლხიდის თაფლი არამც თუ მწარეა, არამედ მავნეც არისო. ამის მიზეზი ის არისო, რომ კოლ- ხიდაში ყოველგან ბლომად იზრდება ოლეანდრო, რომელზედაც ფუტკარი თაფლსა ჰკრეფავსო და რადგან იმ მცენარეს საწამლავი აქვსო, თაფლიც იმდენად მოწამლული გამოდისო, რომ ვინც სჭამს, ან იწამლება და ან გონება ეკარგება და ბრაზი ერევაო. 56 ყოველ შემთხვევაში მე კი, ჩემის მხრით, გამოცდილებით შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ მთელ ქვეყნიერობაზე საუკეთესო თაფლი კოლხიდისა არის. ამას ვამბობ იმიტომ, რომ კოლხიდის ჩვეულებრივი თაფლი ჰგავს ესპანეთის თაფლს და აკმაყოფილებს ყველა იმ პირობებს, რომელსაც მოითხოვს საუკეთესო თაფლისაგან მატტიოლი. ამის მიზეზი ის არის, რომ აქ ყოველგან ძლიერ უხვად იზრდება თავისით ბარამბო, რომელიც ყველა ვერან მინდვრებზე მოდებულია. ეს ბალახი მეტად მარგებელი და გემრიელია ფუტკრისათვის: მისი სახელი Mellisoffillo (თაფლ-ბადი) თაფლისაგან წარმოსდგება, რადგან ეს ბალახი თავის თვისებას აძლევს თაფლს და ამის მიზეზით მშვენიერი თაფლი კეთდება.
გარდა ჩვეულებრივის თაფლისა, არის კიდევ ერთნაირი თაფლი, რომლის მსგავსი არსად სხვაგან, გარდა კოლხიდისა და მის მეზობელ ქვეყნებისა, არ მოიძებნება: იგი ფრიად თეთრია და მაგარი, როგორც შაქარი, ისე რომ თუ ხელით მოტეხავთ რომელსამე მარცვალს, თაფლი ხელს როდი ეკვრის და გატეხილ ადგილზე გამოჩნდება თეთრი და მეტად რბილი ცვილი. 57
მე ვფიქრობ, რომ პლინიუსი (P1in, lib. 11, cap. 18) შემცდარია, როცა ამბობს, რომ შავი ზღვის ნაპირებზე (nel Ponto) თეთრი ფუტკარი იცისო. ასეთი ფუტკარი მე არასოდეს არ მინახავს.
მეგრელები. კი სახოგადოდ იმ აზრისა არიან, რომ ამ თაფლს განსაკუთრებულის ჯიშის ჯუტკარი როდი აკეთებსო, არამედ განსაკუთრებულის თაფლის მიზეზი ადგილის თვისება არისო. ეს იქიდან მტკიდცებაო, რომ ერთი და იგივე სკა ერთ ადგილას რომ ასეთს შაქრის მსგავს თაფლს აკეთებს, მეორე ადგილზე მხოლოდ ჩვეულებრივ თაფლს აკეთებსო. ადგილის თვისება მხოლოდ იმაში მდგომარეობს დღემდეც, რომ სადაც ასეთი თაფლი კეთდება, მეტად ბევრი შაქრის ჩალაა. აქედან ის დასკვნა გამოჰყავთ, რომ აქ ფუტკარი აკეთებს თეთრს და მაგარ თაფლს იმის გამო, რომ შაქრის ჩალისაგან იღებს საჭმელსო.
ამნაირი თაფლი დიდად მოსწონთ თურქებს. როგორც საუკეთესო ძღვენს, უგზავნიან ამ თაფლს მეზობელ ფაშებს,რადგან კონსტანტინეპოლში ვერ გზავნიან იმის მიზეზით, რომ სკებიდან იღებენ ამ თაფლს ზამთრობით, როცა გემები არ დადის შავ ზღვაზე. სამაგიეროდ, როცა ოდიშში მოდიან თურქთა გემები, სხვა საქონელთა შორის ჩვეულებრივს თაფლს, როგორც საუკეთესო საქონელს, ბლომად ყიდულობენ, მიაქვთ კონსტანტინეპოლში და დიდის მოგებით ჰყიდიან იქ.
იმათ პასუხად, ვისაც უძაგებია კოლხიდის თაფლი, მე უნდა ვთქვა, რომ სტრაბონი ან თვითონ დარწმუნდა შეიძლება ამ თაფლის სიმწარეში და ან იქნება სხვისგან გაიგო ეს ამბავი. მე ვერ უარვყოფ, რომ ზოგჯერ ეს თაფლი შეიძლება მწარეც იყოს, მაგრამ ეს თვით თაფლის ბრალი როდია, არამედ იმ ჭურჭლისა, სადაც თაფლს ინახავენ. მეგრელებს ჭურჭელი აკლიათ და ამიტომ ჭურჭლად ხმარობენ მწარე კვახს 58,რომელიც თაფლს თავდაპირველად აძლევს მწარე გემოს. ხოლო გუდაში შენახული თაფლი ყოველთვის მეტად ტკბილია. იმათ კი, ვინც ამბობს, რომ კოლხიდის თაფლი შხამიანია და კაცს ჭკუაზე შეშლისო, მე ვუპასუხებ, რომ ეს რომ აგრე იყოს, მაშინ ვინ მოიძებნებოდა ისეთი გაბედული, რომ იგემებდა ამ საწამლავს და არ შეეშინდებოდა ჭკუაზე არ შევცდეო? ოღონდაც რომ არავინ არ მოიძებნებოდა. ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ ყველანი სჭამენ ამ თაფლს და არავითარი ვნებას არა გრძნობენ. მართალია, რომ თუ თაფლს მოაგროვებენ მთებში იმ დროს, როცა იელი ჰყვავის, მაშინ ვინც სჭამს ამ თაფლს, პირს აღებინებს. ამიტომაც გლეხები ხმარობენ ამ თაფლს, როგორც საფაღარათოს. ხოლო, როდესაც ისევ სკაში ჩასდებენ ამ თაფლს, ან ჭურჭელში შეინახავენ, სრულიად ეკარგება აღნიშნული თვისება სასაქმებლისა და ამის შემდეგ ყველანი უშიშრად სჭამენ ამ თაფლს.
გარდა ამისა კოლხიდაში არის ფუტკარი ისეთი გარეული ბუნებისა, რომ მისი სკაში დამწყვდევა შეუძლებელია; ეს ფუტკარი ეძებს მეტად დაბურულ ტყეში ან უმაღლეს მთაზე ძველს გამოფუღრულს ხეს და ამ ფუღუროში დაბინავდება და აკეთებს თაფლს. მკვიდრებმა რომ იციან ეს, თოვლში და და ყინვაში მიდიან ფუტკრის საძებრად და ზოგჯერ იმდენ თაფლს და ცვილს იშოვნიან, რომ დიდი მოგება აქვთ. შინაური ფუტკარი, რომელიც შინ აკეთებს თაფლს, ვერასოდეს ამდენ თაფლს ვერ მოაგროვებს, რადგან შინაურ სკას ქურდები ჰყავს, რომელნიც ხშირად ჰპარავენ თაფლს.
აი, რაც უნდა მეთქვა მწერლებისაგან აგრე ნაგმობი კოლხიდის თაფლის სასარგებლოდ.