ჭყონია ალექსანდრე
ბიოგრაფია
[edit]ალექსანდრე მირიანის-ძე ჭყონია დაიბადა 1855 წ. ახალციხეში. სწავლა მიიღო ქუთაისის გიმნაზიაში და შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში, სადაც 1875 წ. დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი კანდიდატის ხარისხით. ამის შემდეგ ცოდნის გასაფართოებლად იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ და ორი წელი დაჰყო პარიზში; აქ იგი სპეციალურად სწავლობდა ისტორიას. 1877 წ. ა. ჭყონია დაბრუნდა სამშობლოში და როგორც იურისტმა სამსახური დაიწყო სასამართლოს ორგანოებში. 1881 წ. იმან თავი დაანება სახელმწიფო სამსახურს და შემდეგ მუშაობდა ნაფიც ვექილად.
ა. ჭყონია კარგად მომზადებული კაცი იყო, იცოდა ევროპული ენები, ჯეროვნად შესწავლილი ჰქონდა ლიტერატურა და ისტორია. ქართულ პრესაში თანამშრომლობა მან ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო (გაზ. „დროებაში“ 1874 წ.) ა. მაჭახელაძის ფსევდონიმით (მისი ფსევდონიმი იყო აგრეთვე „ა. ჭ-ა"). ამის შემდეგ იგი აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ხალხის კულტურულ ცხოვრების ყოველ დარგში. მისი შრომებიდან, გარდა საგაზეთო და საჟურნალო წერილებისა სხვადასხვა საკითხებზე, აღსანიშნავია ცალკე წიგნად გამოცემული „ისტორიული ნარკვევი ანუ საისტორიო ქრესტომატია" (1890 წ.), რომელსაც დღესაც არ დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
ალ. ჭყონიას თვალსაჩინო დამსახურებას შეადგენს ის გარემოება, რომ მან პირველმა სთარგმნა და გააცნო ქართველ საზოგადოებას ევროპელ მოგზაურთა და მისიონერთა ცნობები საქართველოს შესახებ. იგი ამ ცნობებს სთარგმნიდა ფრანგული და იტალიური ენებიდან. მათ შორის აღსანიშნავია შრომა არქანჯელო ლამბერტისა „სამეგრელოს აღწერა", შემდეგ პიეტრო დელლა ვალეს „მოხსენება საქართველოს შესახებ 1627 წ.“ („ივერია" 1879 № 3); „იტალიელი მოგზაურები საქართველოში-იოსაფა ბარბარა და ამბროზიო კონტარინი"- („მოამბე", 1894 № 11); „ტავერნიეს მოგზაურობიდან მე-17 ს.“) („მოამბე“, 1898 წ. № 6) და სხვ.
ა. ჭყონია იყო აქტიური მონაწილე და ხელმძღვანელი მუშაკთაგანი ყველა ქართული კულტურული ორგანიზაციისა — წერა-კითხვის საზოგადოების, ბანკის, დრამატიული საზ-ბის, სტუდენტთა დამხმარე საზ-ბის და მრავალი სხვა დაწესებულებისა. 1894 წლიდან იგი რედაქტორობდა ერთად-ერთ ქართულ თვიურ ჟურნალს „მოამბეს“. გარდა ორგანიზაციული და რედაქციული ხასიათის შრომისა, იგი ლიტერატურულ მუშაობასაც ეწეოდა ჟურნალში, სადაც ბეჭდავდა პუბლიცისტურ წერილებს და შინაურ მიმოხილვებს. „მოამბეს" იგი რედაქტორობდა 1905 წლამდე, ე. ი. იმ დრომდე, როდესაც უსახსრობის გამო ჟურნალი დაიკეტა. ა. ჭყონია 1903 წლამდე რედაქტორობდა აგრეთვე გაზეთ „სახალხო ფურცელს“. განუწყვეტელი შრომით ადრე დასნეულებული ალ. ჭყონია გარდაიცვალა 1907 წლის 8 ოქტომბერს. იგი დაკრძალულია თბილისში, კუკიის სასაფლაოზე.
ნეკროლოგი ალექსანდრე ჭყონიაზე დაბეჭდილია ექვთიმე თაყაიშვილისეულ "ძველი საქართველოს" I ტომში. აქვეა დაბეჭდილი მისი ნაშრომების ბიბლიოგრაფია.
წიგნები
[edit]- ალექსანდრე ჭყონია - ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე - ტფილისი - 1890 - 384 გვ.
- არქანჯელო ლამბერტი - "სამეგრელოს აღწერა" - თარგმანი იტალიურიდან ალექსანდრე ჭყონიასი - მეორე გამოცემა - ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით - თბილისი - 1938
ნაშრომები
[edit]- ალექსანდრე ჭყონია - "მასალა საქართველოის ისტორიისათვის" - მოგზაურის პიეტრო დელლავალლეს მოხსენება საქართველოზედ პაპი ურბანუს მერვესადმი 1627 წ. - ჟურნალი "ივერია" 1879 წ. - № 3
სტატიები ალექსანდრე ჭყონიაზე
[edit]- PDF ალექსანდრე ჭყონია (1855-1907) - ნეკროლოგი
კრებულში: 1909 - "ძველი საქართველო" - ტომი I