მას შემდეგ, რაც ავღანეთის სულთანმა მაჰმუდმა[2] 1722 წელს ირანის შაჰ ჰუსეინთან ბრძოლაში მისი დედაქალაქი ისპაჰანი დაიკავა, ხოლო შაჰი მოკლა, ირანის სახელმწიფოში საშინელმა არეულობამ დაისადგურა. შაჰის ხელისუფლების არქონის გამო, სახელმწიფოს ცალკეული ოლქების ხანებმა დაიწყეს ერთმანეთთან ბრძოლა, რის გამოც იტანჯებოდა მოსახლეობა, ხოლო მიწები მიტოვებულ უდაბნოებს დაემსგავსნენ. სომეხი ხალხი, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ირანელების ხელქვეით ცხოვრობდა, მათ მიმართ გამოვლენილი სისასტიკის გამო დიდ შევიწროებას განიცდიდა. ხალხი იტანჯებოდა არა მხოლოდ ერთმანეთთან მებრძოლი ბეგებისა და საყოველთაო შიმშილის გამო, არამედ აგრეთვე მეზობელ არაბბთა და ლეკთა თავდასხმებითაც განიცდიდნენ განადგურებასა და დატყვევებას.
იმ უბედურებების დასაწყისში, რომლებზეც კიდევ გვექნება საუბარი, შაჰის ვაჟი თამაზი, რომელმაც მოახერხა გაქცეოდა თავისი დაღუპული ძმების ხვედრს და თავი შეაფარა ქალაქ ეკბატანს (რომელიც ახლა თავრიზის სახელითაა ცნობილი), ცდილობდა როგორმე თავი მოეყარა ჯარისათვის, რომლითაც ავღანთა სულთანს შეებრძოლებოდა და ისფაჰანსა და მამამისის ტახტს გაათავისუფლებდა. ამას გარდა, მას სურდა მიემხრო სხვადასხვა პროვინციების ბეგები. მან მოახერხა 33-ათასიანი არმიის შეკრება, ჩაუყენა სათავეში სარდალი ფრავდონი (ფარიდუნი ?) და გაგზავნა ავღანთა სულთნის წინააღმდეგ, ხოლო თვითონ კი თავრიზში დარჩა.
როცა არმიამ ჰამადანს მიაღწია, გზაზე მათ შემოუერთდათ სხვადასხვა ჯარები და მათი რიცხოვნობა 55 ათასამდე გაიზარდა. ჰამადანიდან ჯარი ისპაჰანისკენ დაიძრა და მის მახლობლად დაბანაკდა. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ავღანელები, გაიმართა სასტიკი ბრძოლა და მალე ბრძოლის ველი დაღუპულების ცხედრებმა დაფარა. ფრავოდონი გაანადგურეს, მისი ჯარის ძირითადი ნაწილი დაიღუპა, თვითონ კი 500 მეომრით ძლივს გადარჩა და თავრიზში შაჰ თამაზთან დაბრუნდა[3].
შესაძლო უბედურებებით შეშინებულმა თამაზმა, რომელსაც 500 მეომარზე ნაკლები ჰყავდა დარჩენილი, დახმარების თხოვნით ელჩები გაგზავნა მცხეთის თავად ვახტანგთან[4]. თამაზი სწერდა: "სასტიკმა ავღანელმა გამოილაშქრა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, თავს დაესხა მამაჩემს, აიღო ქალაქი ისპაჰანი, დახოცა მამაჩემი და ჩემი ძმები და ჩვენ ქვეყანას უდაბნოდ აქცევს. მოდო ჩემს დასახმარებლად და ჩვენ გავდევნით მას, ვინც წინაღუდგა ჩვენს მბრძანებლობას". ვახტანგმა უპასუხა, რომ არ შეუძლია თავისი ქვეყნის დატოვება, რადგან მას თავს ესხმოდნენ მისი მტრები და ამის გამო არ შეეძლო მას დახმარებოდა. ასეთი პასუხის გამო შაჰ თამაზი საშინლად განრისხდა და უბრძანა ერთ-ერთი ქართული მიწის გამგებელს თავად მეჰმედ ყული-ხანს[5] გაელაშქრა და ძალით ჩაეყვანა მასთან ვახტანგი.
როცა ამის შესახებ შეიტყო, ვახტანგი მრავალი ახალგაზრდით შემდგარი ჯარით გამოვიდა ქალაქიდან მეჰმედ ყული-ხანის შესახვედრად და გაშლილ მინდორზე დაბანაკდა, მაგრამ რადგან ის აგვიანებდა თვითონ დაიძრა და შეხვდა მას ადგილთან, რომელსაც თურქულად ჰქვია სინიკ ქერფიუ ("გატეხილი ხიდი"). აქ ვახტანგმა ბრძოლაში დაამარცხა მეჰმედ ყული-ხანი და დაბრუნდა თავის ქალაქში[6].
ვახტანგისგან გაქცეული მეჰმედ ყული ხანი გაემართა ლეკებთან და მალე დაიძრა ვახტანგის წინააღმდეგ 6 ათასიანი ლეკების ჯარით. მეჰმედ ყული-ხანს ეგონა, რომ ღამით დაესხმებოდა ქალაქს, რომლის კარიც ღია დახვდებოდა, შეიჭრებოდა შიგ თავისი ჯარით და სწრაფად გაანადგურებდა მას, ხოლო ქართველთა კათოლიკოსი ამ გეგმის განხორციელებაში დაეხმარებოდა, რადგან მეჰმედ ყული-ხანმა კათოლიკოსს აღუთქვა კახეთი, თუკი ის მცხეთის დაპყრობაში დაეხმარებოდა. კათოლიკოსს კი, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა მხარეები ემორჩილებოდნენ, სურდა კახეთის მისი სამფლობელო გამხდარიყო.
ზემოხსენებული კათალიკოსი მეჰმედ ყული-ხანთან თავისი 1172 (1723) წლის 2 მაისის საიდუმლო წერილში იმედს გამოთქვამდა, რომ შეხვდებოდა მას ქალაქში, რომლის კარებიც ღია დახვდებოდა. ვახტანგმა ამ ღალატის შესახებ არაფერი იცოდა და როცა ვიღაცამ აცნობა მას ამ ყველაფრისა და იმის შესახებ, რომ ქალაქში მეჰმედ ყული-ხანი შემოიჭრებოდა, იქ მყოფმა კათალიკოსმა ისეთი დარწმუნებით თქვა, რომ ეს ტყუილი იყო, რომ ვახტანგმა დაუჯერა და აღარაფერი უმოქმედია, თუმცა თავისი ჯარი მაინც მზად ჰყავდა.
გამუსულმანებული მეჰმედ ყული-ხანისა და კათოლიკოსის საიდუმლო მოლაპარაკების თანახმად, კათალიკოსს თავი მოჰქონდა მეჰმედ ყული-ხანის მტრად და ვახტანგის მეგობრად, რითაც შეცდომაში შეჰყავდა ეს უკანასკნელი. დანიშნულ დღეს, გამთენიისას, ლეკები მოადგნენ ქალაქ მცხეთას და უეცრად შეიჭრნენ შიგ. ისინი გაიფანტნენ ქალაქში, დაიწყეს ყველა შემხვედრის ხოცვა-ჟლეტა და ოქრო-ვერცხლისაგან ქალაქის ძარცვა. ლეკებს ტყვეები არ აჰყავდათ და როდესაც ქალაქის დამცველებმა სცადეს მათ შებრძოლებოდნენ, ლეკებმა მოიკიდეს ნაძარცვი და ამჯობინეს ქალაქიდან გაქცევა.
ამ არეულობას ვახტანგმა ვერაფერი დაუპირისპირა, თავისი ცოლ-შვილით დატოვა ქალაქი და მოსკოვიაში გაიქცა[7].
რაც შეეხება მოღალატე კათოლიკოსს, როგორც კი ლეკებმა დაიწყეს ქალაქის დატოვება, ის გაჰყვა მათ და შეუერთდა მეჰმედ ყული-ხანს. ამის მერე მათ დაიწყეს კიდევ უფრო მეტი მეომრის შეგროვება, რათა კიდევ ერთხელ დასხმოდნენ მცხეთას.
ვახტანგის ერთი შვილი, სახელად შაჰნავაზი[8] მამასთან ერთად კი არ გაიქცა, არამედ გადაკვეთა ოსმალთა სამფლობელოების საზღვარი და თავი შეაფარა ერზრუმის ფაშას. ფაშამ შეიტყო რა შაჰნავაზისაგან ყოველივე, მაშინვე აცნობა სტამბოლში სულთან აჰმედს[9], რომ მასთან იმყოფებოდა ვაჟი იმ ქართველი თავადისა, რომელმაც ლეკების შემოსევის გამო დატოვა თავის ქვეყანა და წავიდა მოსკოვიაში. ამიტომ სულთანს შეუძლია გაგზავნოს ჯარი, დაიპყროს მცხეთა და შეუერთოს თავის სამფლობელოს.
სულთან აჰმედმა ერზრუმის ფაშა მთელი იმ მხარის ჯარების მთავარსარდლად დანიშნა და უბრძანა, რომ ვახტანგის შვილთან ერთად გაელაშქრა და დაეპყრო მცხეთა. ამის გამო მუსტაფა-ფაშა[10] 12-ათასიანი ჯარით დაიძრა მცხეთაზე და 1723 წლის ივნისში დაიპყრო ქალაქი. ამის შემდეგ, ფაშის ბრძანებით, ვახტანგის შვილი გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ მცხეთაში ერთ სახლში შეასახლა და ექვსი მეომარი მიუჩინა მცველად. შაჰნავაზის მცველთაგან ერთი მეომარი ქართველი იყო, რადგან ვახტანგის შვილმა თურქული არ იცოდა და ფაშის ბრძანებით სწორედ ის ემსახურებოდა შაჰნავაზს.
ეს მცველი დაუახლოვდა დატყვევებულ უფლისწულს და დაიწყო ფიქრი მის გათავისუფლებაზე. ბოლოს, ერთხელ, როცა სხვა მცველებს ეძინათ, ამ ქართველმა გამოიყვანა უფლისწული და ერთად გაიქცნენ მოსკოვიაში. ფაშამ, როგორც კი გაიგო მათი გაქცევის ამბავი, მდევარი დაადევნა მათ, მაგრამ მათი მოძებნა ვერ შეძლეს.
ოსმალების მიერ ერევანის დაპყრობა
[edit]1723 წლის ივნისში მცხეთის დაპყრობის შემდეგ, ოსმალები დარჩნენ ამ მხარეში. ამ დღეებში სარა მუსტაფა-ფაშამ დაასკვნა, რომ ავღანთა სულთანი ქალაქ ისპაჰანის დაპყრობის შემდეგ დაიძვრებოდნენ ჰამადანისკენ, იქიდან კი დაიძრებოდნენ ამ მხარეებისაკენ. აცნობა რა ეს სულთან აჰმადს, გამოთქვა მოსაზრება, რომ ავღანელებს შეიძლება გაელაშქრათ ერევანზე, ხოლო იქიდან მცხეთაზე და წაერთმიათ ის ოსმალებისათვის. ამასთან დაკავშირებით ფადიშაჰმა მაშინვე დანიშნა სარდლად აბდულა ფაშა, რომელსაც ეძახდნენ ლაკაბ ქეფრულუ[11], გადასცა 75 ათასი მეომარი და გაგზავნა ერევანზე.
ამის შემდეგ ქრონიკაში მოთხრობილია, რომ ოსმალებმა აბდულა ფაშას მეთაურობით 1724 წლის 7 ივნისს აიღეს ერევანი, ხოლო 31 აგვისტოს ერევნის ციხეც უბრძოლველად დანებდა მათ.
ოსმალების მიერ ქალაქების ხოის და თავრიზის აღება
[edit]1725 წლის თებერვალში ოსმალებმა გაილაშქრეს ქალაქ ხოიზე და 40 დღიანი ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი. ამის შემდეგ აბდულა ფაშა დაიძრა თავრიზზე, დაამარცხეს ირანელები და 60 დღიანი ალყის შემდეგ აიღეს ქალაქი. მაგრამ მალევე ოსმალთა ჯარში გაჩენილმა შავმა ჭირმა ბევრად შეამცირა მათი რიგები. ამის გაგებაზე ავღანთა არმია დაიძრა თავრიზისაკენ და გზაში მათ აიღეს ქალაქი ფახლანი და ქეჩი-კალეს ციხე და ამოჟლიტეს იქ მყოფი ირანელები.
ჰამადანის აღება
[edit]ამის შემდეგ ავღანელები თავს დაესხნენ ქალაქ ჰამადანს, მაგრამ მიუხედავად ხანგრძლივი ალყისა, ირანელებისათვის ქალაქის წართმევა მაინც ვერ შეძლეს და უკან გაბრუნდნენ. ამის გაგებაზე ოსმალებმა დიდი არმია გამოგზავნეს ამ მხარეში, ალყა შემოარტყეს ჰამადანს, ორ თვეზე მეტი ხნის ალყის შემდეგ შესძლეს ქალაქის აღება და დახოცეს იქ მყოფი ირანელები. ეს მოხდა 1724 წლის 31 აგვისტოს. ამის შემდეგ ავღანელებმა გამოილაშქრეს ჰამადანზე. ოსმალებმა ჰამადანის დამცველებს დიდი არმია დაახმარეს, მაგრამ 1726 წ. ჰამადანის სიახლოვეს ბრძოლაში ოსმალები დამარცხდნენ და იძულებული გახდნენ ავღანელებს დაზავებოდნენ.
ისპაჰანის აღება შაჰ თამაზის მიერ ყული ხანის დახმარებით და მამის ტახტზე ასვლაა
[edit]ამის შემდეგ შაჰ თამაზმა თავის მთავარსარდლად დანიშნა თამაზ ყული-ხანი და მისი მეშვეობით ჯერ განიმტკიცა მდგომარეობა ირანში, ხოლო 1729 წლის 29 ნოემბერს გაწმინდა ავღანელებისაგან ისპაჰანი და ავიდა მამისეულ ტახტზე. ამის შემდეგ შაჰ თამაზმა ყული ხანის დახმარებით დაიბრუნა შირაზი, გაწმინდა ირანი ავღანელებისაგან და ოსმალებს მოსთხოვა დაკავებული ქალაქების დაბრუნება, ხოლო რუსებისგან დაკავებული გილანის დაბრუნებისათვის 80 ათასი თუმნის გადახდა ივალდებულა.
ჰამადანის აღება ირანელების მიერ
[edit]მალე ამის შემდეგ, ყული-ხანმა ალყა შემოარტყა ჰამადანში მყოფ ოსმალებს, რომლებმაც თითქმის უბრძოლველად მიატოვეს ქალაქი, რომელიც 1730 წლის 18 ივნისს ყული ხანის ხელში გადავიდა.
თავრიზის აღება ირანელების მიერ
[edit]მალე ამის შემდეგ, 1730 წლის 12 აგვისტოს ყული-ხანმა აიღო თავრიზი და გაჟლიტა იქ დარჩენილი ოსმალები.
ჰერათის ალყა და აღება
[edit]ამის შემდეგ, ყული-ხანმა მიიღო ცნობა ავღანელების მომძლავრების შესახებ, გაბრუნდა ხორასნისაკენ, დაამარცხა ავღანელები და ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო ქალაქი ჰერათი.
ჰამადანის აღება ოსმალების მიერ
[edit]ამის შემდეგ სულთნის ბრძანებით ბაღდადის ფაშა 26 ათასიანი არმიით დაიძრა ჰამადანისკენ. ოსმალთა წინააღმდეგ შაჰ თამაზმა გამოილაშქრა 100 ათასიანი არმიით და ხორასანში მყოფი ყული-ხანის აკრძალვის მიუხედავად შეებრძოლა ოსმალებს, მაგრამ სასტიკად დამარცხდა და გაქცეული ჰამადანის ჩაბარების პირობით 1732 წელს ოსმალებს დაუზავდა.
ყული-ხანის მიერ შაჰის დამხობა და მმართველობის ხელში აღება
[edit]ჰამადანის დათმობით განრისხებულმა ყული-ხანმა, რომელმაც ამასობაში ხორასანში ავღანელები გაანადგურა, ჯარი შაჰის დასამხობად და ძალაუფლების საკუთარ ხელში ასაღებად ისპაჰანისკენ დასძრა. ყული-ხანმა მოახერხა მოტყუებით შაჰ თამაზის ხელში ჩაგდება, მისი დები და ცოლები თავის ჰარემში შეიყვანა, ახალ შაჰად შაჰ თამაზის 6 თვის ვაჟი აბას III გამოაცხადა, ხოლო თამაზი დედასთან ერთად ხორასანში გაგზავნა პატიმრობაში 1732 წლის 22 აგვისტოს.
გალაშქრება ბაღდადზე
[edit]მალე ამის შემდეგ, ყული-ხანმა აღკვეთა ბახტიარების ტომის თარეში და გაემართა ბაღდადისაკენ. გზაში მან აიღო რამდენიმე ქალაქი და დაბანაკდა ბაღდადიდან 1 საათის სავალზე.
ბაღდადის ალყა
[edit]ყული-ხანმა ალყა შემოარტყა ბაღდადს, მაგრამ ცხრა თვიანი ალყის მიუხედავად ქალაქის აღება ვერ შესძლო. მაჰმუდ სულთანმა ბაღდადის დასახმარებლად თოფალ ოსმან-ფაშა გამოგზავნა 250 ათასიანი არმიით. ბრძოლები ირანელებსა და ოსმალთა შორის გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოს, 1733 წლის ბოლოს ყული-ხანმა შესძლო კერკუკთან თოფალ-ფაშის არმიის განადგურება. თოფალ-ფაშა ბრძოლაში დაეცა და მისი თავი ყული-ხანმა ბაღდადის გამგებელ აჰმედ-ფაშას გაუგზავნა და მალე მასთან საზავო ხელშეკრულება დადო[12].
ყული-ხანის ლაშქრობა ბახტიარებსა და შირაზზე
[edit]ოსმალეთან დაზავების შემდეგ ყული-ხანმა გაილაშქრა ხელახლა აჯანყებული ბახტიარების ტომის წინააღმდეგ, დაამარცხა ისინი და მიმოფანტა მთელს ირანში. ამის შემდეგ ყული-ხანმა გაილაშქრა აჯანყებული შირაზის გამგებელ მეჰმედ-ხანის წინააღმდეგ, დაამარცხა ის და დასთხარა თვალები.
ირანელების მოთხოვნები ოსმალებისა და რუსების მიმართ
[edit]ამ დროს რუსეთის მეფემ მოითხოვა გილანის დაბრუნების სანაცვლოდ შაჰ თამაზის მიერ აღებული ვალდებულების შესრულება და 80 ათასი თუმნის გადახდა, მაგრამ ყული-ხანმა უარი განაცხადა ვალის აღიარებაზე და თვითონ ერევნის დასაპყრობად დაიძრა.
ერევნის, განჯის, შირვანისა და შემახის დაპყრობა
[edit]1735 წლის 3 ოქტომბერს ყული-ხანმს ოსმალებმა უომრად ჩააბარეს ერევანი. შემდეგ ყული-ხანმა განჯასთან დაამარცხა ოსმალები და აიღო ქალაქი, რასაც მოჰყვა შირვანისა და შემახის დაპყრობაც.
ყული-ხანის ლაშქრობა საქართველოზე
[edit]მოსკოველი ელჩების გათავისუფლების შემდეგ ყული-ხანი გაემართა საქართველოსაკენ. ქართველი უფლისწულები და თავადები მას დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ ქალაქ მცხეთაში[13]. ხანიც კარგად შეხვდა მათ და საპატიო ტანსაცმლით დაასაჩუქრა. აქვე მოიწვია მან კახელი თავადებიც, მათაც კარგად შეხვდა, დაასაჩუქრა ძვირფასი საჩუქრებითა და ჯიშიანი ცხენებით, რადგან ირანელებს დაუმორჩილებელი კახელები ძალზე ძლიერები იყვნენ და ყული-ხანის არ ეშინოდათ.
მას შემდეგ, რაც ყული-ხანმა დაასაჩუქრა კახელების წინამძღოლები, მოიხმო ერთ-ერთი მათგანი, სახელად ზოჰრაბი და მოსთხოვა ასულის მითხოვება. ზოჰრაბმა უპასუხა, რომ ის სიხარულით მიათხოვებდა თავის ქალიშვილს იმ შემთხვევაში თუ ყული-ხანი მას თავისი ქვეყნის მმართველად დანიშნავდა. მიუხედავად იმისა რომ ყული-ხანი დათანხმდა ამაზე, მაინც დაეჭვდა, რომ შეიძლება ზოჰრაბი ღამით გაპარულიყო, რადგან მას, როგორც ქრისტიანს, არ ენდომებოდა თავისი ასულის მისთვის მიცემა. ამიტომ მას საიდუმლო მეთვალყურეობა დაუწესა.
რამდენიმე დღის შემდეგ ყული-ხანმა იხმო ზოჰრაბი და ჰკითხა, თუ რა მოიმოქმედა თავისი სიტყვის შესასრულებლად. ზოჰრაბმა ასულის ჩამოსაყვანად გაშვება ითხოვა, მაგრამ ყული-ხანმა უთხრა, რომ წერილით მოეთხოვა მისი ჩამოყვანა. მაშინ ზოჰრაბმა გაგზავნა სახლში ღია წერილი, რომლითაც ბრძანა, რომ დედასთან ერთად ჩამოეყვანათ მისი ქალიშვილი, რომელსაც ყული-ხანი შეირთავდა ცოლად. თუმცა მან ასევე გაგზავნა საიდუმლო წერილი, რომელშიც წერდა: "უნდა იცოდეს ჩემმა ქრისტიანმა ხალხმა, რომ ამ კაცმა მე დამატყვევა და მაიძულებს ჩემი ასულის მიცემას. მე კი სულაც არ მინდა ჩემი შვილი ურჯულოს გავატანო".
როცა კახელებმა ეს გაიგეს, ძალიან გაჯავრდნენ და განაცხადეს, რომ თავის სიცოცხლეს არ დაიშურებდნენ ოღონდაც ამ ურჯულოს განზრახვას წინ აღდგომოდნენ და მათ ხელცარიელი გააბრუნეს ქალის წასაყვანად ჩამოსული ყული-ხანის ელჩები. როცა ელჩებმა მოახსენეს ყული-ხანს, რომ კახელებმა უარი განაცხადეს ასულის მიცემაზე და თვითონაც ძლივს გადაურჩნენ, ის განურისხდა ზოჰრაბს და სიკვდილით დაემუქრა. ზოჰრაბმა უპასუხა: "მე ხომ გთხოვე, რომ დამნიშნე ჩემი ქვეყნის მმართველად, რომ ისინი მე დამემორჩილონ, მე კი შენ დაგიმორჩილებდი. ასე კი რისი გაკეთება შემიძლია". მაშინ ყული-ხანმა გაგზავნა ზოჰრაბი კახეთში მმართველად, რადგან შემდგომში თვითონ დაემორჩილებინა. ზოჰრაბი დაბრუნდა თავის მხარეში ყული-ხანის ბრძანებითა და მისი ორი დიდებულით. როგორც კი ჩავიდა კახეთში, შეკრიბა თავისი დიდებულები და წაუკითხა მათ ყული-ხანის ბრძანება ზოჰრაბის კახეთის მმართველად დანიშვნის შესახებ. ამაზე თავადები საშინლად აღშფოთდნენ, მათ მოკლეს ზოჰრაბთან ერთად ჩამოსული ერთი დიდებული, მეორე კი ამბის მთხრობლად გააბრუნეს ყული-ხანთან.
დაბრუნებულმა მოახსენა ყული-ხანს იმის შესახებ, რომ მმართველად დანიშნული ზოჰრაბი აუჯანყდა მას და თავისი ხელით მოკლა მეორე დიდებული. მაშინ ყული-ხანმა შეკრიბა თავისი ჯარი და გაილაშქრა კახეთზე, მაგრამ სასტიკად დამარცხდა და იძულებული გახდა მცხეთაში დაბრუნებულიყო. ამის მერე მას კახელებზე აღარ ულაშქრია და გაემართა ერევნისკენ[14].
ომი ოსმალებთან. ყული-ხანის ტახტზე ასვლა. ზავი ირანსა და ოსმალებს შორის
[edit]ამის შემდეგ, 1735 წლის 14 ივნისს ნადირ-შაჰმა ყარსის სიახლოვეს ბრძოლაში გაანადგურა ოსმალთა უზარმაზარი არმია აბდულა-ფაშას მეთაურობით. შემდეგ 1736 წლის 3 იანვრიდან 23 თებერვლამდე მუღანში გამართულ ყურულთაიზე თავი ირანის შაჰად გამოაცხადა და 1736 წლის 2 სექტემბერს დადო ზავი ოსმალებთან.
- ↑ ლაპარაკია ირანის შაჰ ჰუსეინ I-ის (1694-1722) მესამე შვილ თაჰმასპ-მირზაზე, მომავალ შაჰ თამაზ II (1722-1732), რომელმაც შესძლო 1722 წლის ივნისში ავღანელებისაგან ალყაშემორტყმულ ისფაჰანიდან გაქცევა და 1722 წლის ნოემბერში ყაზვინში თავი შაჰად გამოაცხადა.
- ↑ მირ-ვეისის შვილმა მაჰმუდმა (1717-1725) ისპაჰანი აიღო 1722 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო 25 ოქტომბერს კი ირანის შაჰის ტახტი დაიკავა
- ↑ მალე შაჰ თამაზი, თავრიზის თურქების მიერ დაპყრობის შიშით არდებილში გაიქცა.
- ↑ ვახტანგ-ხანი 1703-1711 წწ. იყო ქართლში მეფისნაცვალი, 1711-1714 წწ. იყო ქართლის მეფე და იმავდროულად საქართველოში ირანის შაჰის ნაცვალი. 1714 წ. უარი თქვა ისლამის მიღებაზე, რის გამოც წაართვეს სამეფო ტახტი, მაგრამ როცა 1719 წ. ჩაუტარეს წინადაცვეთა და გახდა "მააჰმადიანი", კვლავ დაიბრუნა ქართლის ტახტი.
- ↑ მეჰმედ (მუჰამად) ყული-ხანი იყო კახეთის მეფე კონსტანტინე III, რომელიც თავგამოდებული შიიტი და ვახტანგისა და რუსეთის პირადი მტერი იყო. 1723 წელს მისი თხოვნით შაჰ თამაზმა გადააყენა ვახტანგი და მეჰმედ ყული ხანი გახდა ქართლის მეფე, შაჰის ნაცვალი საქართველოში და ერევნის მმართველი.
- ↑ ვახტანგ VI და მეჰმედ ყული-ხანს შორის ბრძოლა მოხდა კაზახთან, წითელი ხიდის მახლობლად.
- ↑ 1723 წ. გაზაფხულზე მეჰმედ ყული-ხანმა ლეკების დახმარებით ორჯერ მიიტანა იერიში მცხეთაზე, ქალაქი აიღეს, გაძარცვეს და დაანგრიეს. ვახტანგმა ქართლი დატოვა 1724 წლის 15 ივლისს. იგი გარდაიცვალა ლტოლვილობაში რუსეთში 1737 წ.
- ↑ ვახტანგ VI-ის ვაჟი ბაქარი ატარებდა ირანულ სახელს შაჰნავაზს. 1716 წ. ის იყო ქართლის მეფის მოვალეობის შემსრულებელი, ირანში 1719 წლამდე მყოფი მამამისის ნაცვლად. თურქებთან მცირე ხნით თანამშრომლობისას შაჰნავაზ-ბაქარს დაარქვეს იბრაჰიმ-ბეი. შაჰნავაზი გაექცა თურქებს ოსეთში, იქიდან კი მოსკოვში გადავიდა.
- ↑ ოსმალეთის სულთანი აჰმედ III მართავდა ქვეყანას 1703-1730 წწ.
- ↑ ავტორს ეშლება, აქ ლაპარაკია სარდალ იბრაჰიმ-ფაშაზე.
- ↑ აქ ლაპარაკია არიფ აჰმედ ფაშაზე, რომელის დაინიშნა სარდლად იბრაჰიმ ფაშის ნაცვლად.
- ↑ 1733 წლის 9 დეკემბერს ნადირ-შაჰსა და აჰმედ-ფაშას შორის დადებული საზავო ხელშეკრულებით ირანს უნდა დაბრუნებოდა ერევანი, განჯა, შირვანი, თბილისი და კახეთი. უნდა აღდგენილიყო 1639 წლის ხელშეკრულებითს საზღვრები, უნდა გაცვლილიყო ტყვეები, მხარეებს უნდა დაებრუნებინათ ხელში ჩაგდებული ზარბაზნები. ირანელ მლოცველებს არ უნდა შექმნოდათ დაბრკოლება წმინდა ადგილების მონახულებაში. ეს ხელშეკრულება დაამტკიცა ოსმალთა სულთანმაც.
- ↑ ეს მოხდა 1735 წლის 6 ოქტომბერს.
- ↑ შემდგომში ზოჰრაბმა (კახეთის მეფე თეიმურაზ II) ნადირ-შაჰს გაუგზავნა თავისი ვაჟი ირაკლი და ასული ქეთევანი).