აწ, სომხური წელთაღრიცხვის "პღა" (1442) წელს, ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტეს "რნხდ"-ს (1444), ედემიდან ადამის გამოსვლიდან "ცოხბ"-ს (6642), ასრულდა ღმრთის კაცის საჰაკ მამამთავრის ხილვა, რომელმაც იხილა ოთხკუთხა ტაბლა მასზე აღმართული ნათელმოსილი ჯვრითა და ვერცხლის ჭურჭლით, აგრეთვე [იდო მასზე] ერთი მტკაველი ეტრატი, ოქროს "ჱ" (7) სტრიქონით თავში, შუაში წარხოცილი, წაშლილი იყო, ხოლო ბოლოში ერთი სტრიქონი ოქროთი და ნახევარი სინგურით ეწერა. ოქროს "ჱ" (7) სტრიქონი არის განმანათლებლიდან ღმრთის კაც საჰაკამდე, შუა [ნაწილი], რომელიც წარხოცილი, წაშლილი იყო და საყდარი ზღვისფერი, პირქუში, შავი ტილოთი დაფარული, [არის] საჰაკიდან ჩვენს კათალიკოსებსა და ეპისკოპოსებამდე, რომლებიც იყვნენ გახრწნილნი და უზნეონი, რამეთუ ვერცხლეულობაში ისხდნენ და ქვეყანა წყევლა-კრულვით აავსეს. ეს იყო შავი ტილო, რომელიც გადაფარებოდა ჩვენს ნათესავს.
ამჟამად წყევლა გაქრა წმ. განმანათლებლის ლოცვით, შავი ტილო აღიგავა, კვლავ განახლდა განმანათლებელი საყდარი, ძველი მოისპო და სავსებით ახალი შეიქმნა, ძველი წყევლა იყო, ხოლო ახალი [არის] კურთხევა წმ. მამათა მიერ, რომელნიც შეიკრიბნენ აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანვარდგესში, ნორ-ქალაქში, ვაღარშაპატს, წმ. ეჩმიაძინში, რომელიც ყოველთა ეკლესიათა დედაა და სომეხთა ნათესავის მშობელი და მანათობელი. სომხებმა დიდი ხანია უგულებელყვეს ის და ისინიც უგულებელყო ღმერთმა, რამეთუ ღვთის წყალობა და ზრუნვა მოეშალა ჩვენს ნათესავს, ვითარცა იტყვის ღმერთი: არ დარჩეს სული ჩემი მათ შორის, რამეთუ მათ მიატოვეს სახლი ჩემი. ხოლო ამჟამად შემოქმედი ღმერთი მოწყალე გახდა, შეიბრალა სომეხთა საცოდავი ნათესავი და შემოკრიბა მრავალი ბრძენი და უმწიკვლო, მჭევრმეტყველი მოძღვარი, მართლმორწმუნე ეპისკოპოსნი, ძაძითმოსილი მოწესენი, კეთილგონიერი მღვდლები, ღვთისმოსავი წარჩინებულნი და ხალხი, რომლებიც ყოვლადწმინდა სამების ნება-სურვილით აირჩიეს მშვიდი, გონიერი, სიბრძნისმეტყველი... ჩვენი მამამთავარი, სულიერი უფალი კირაკოსი, ვისაც თავის დღეში არც ხორცი უჭამია, არც ღვინო დაულევია, ტყუილი არ უთქვამს, ფიცი არ გაუტეხია, არც წყევლა-კრულვა ამოსვლია პირიდან. "ხჱ" (47) წელი უდაბნოში იყო და ხორ-ვირაპის წმ. ცხოველ თაღს ემსახურებოდა.
ის ამოირჩია სული წმინდამ სომეხთა ნათესავის მეთაურად, წინამძღოლად, მწყემსად, ზედამხედველად და პატრიარქად; ესაა ოქროს სტრიქონი, რომელიც ეტრატის ბოლოს ეწერა. აი ასე ასრულდა ღმრთის კაცის საჰაკის წინასწარმეტყველება.
იმავე ხანებში მოხდა სამშვილდის უცოდველი ქრისტიანების ჟლეტა, რომლებიც ეწამნენ ქრისტესათვის და გახდნენ მარტვილნი, რამეთუ სატანამ აღძრა სკვითთა ნათესავი, ჯაჰანშაჰ მირზა, რომელმაც იახლა მრავალი ლეგიონი და გარს შემოერტყა ციხეს "დ" (4) თვეს, შეავიწროვა ციხეში მყოფნი, ისე რომ ბევრი მოკვდა ტანჯვით. ურჯულოებმა შეფიცეს ცხოველ ღმერთს, რომ ციხეში მყოფთ არაფერს ავნებდნენ. ისინი მიენდვნენ მათ ცრუ ფიცს და გახსნეს ციხის კარები; ურჯულოები შევიდნენ შიგ, იშიშვლეს მახვილი და შეუბრალებლად გაწყვიტეს "ვ" (3000)-ზე მეტი [სული]. მოთქმა, ვაება, უბედურება და ტანჯვა არ შემიძლია აღვწერო, რამეთუ ზოგი ხმლით დაკლეს, ზოგი ჩაქოლეს, ზოგი კეტებით დალეწეს, ზოგიერთს თავები მოკვეთეს და "გ" (3) მინარეთი ააშენეს. ნახავდით ჭირისუფალთა შემზარავ ტირილსა და ვაებას; ტიროდა დედა შვილს, და ძმას, პატარძალი ნეფეს, არავინ ანუგეშებდა მათ, არც ღმერთი და არც კაცი.
ტყვეთა რიცხვმა "ქ" (9000)-ს გადააჭარბა, ისინი გაინაწილეს ერთმანეთში. ნახავდით გაუბედურებულ მშობელთა და ნაშობთ, რამეთუ დააცილეს დედა შვილს და შვილი დედას, ძმა ძმას, პატარძალი ნეფესა და ნეფე პატარძალს, ჩვილი ბავშვები უწყალოდ მოგლიჯეს დედების კალთიდან და მდინარეში გადაყარეს, ხოლო მტირალი დედები, რომლებსაც გულ-მუცელი ეწვოდათ, ტყვეებად წაასხეს. ზოგი მათგანი წაიყვანეს აღმოსავლეთში, ხორასანში, ზოგი დასავლეთში, რუმში, ზოგიერთი სამხრეთში, არაბსტანში, ზოგიც ჩრდილოეთში, ლაკსტანში. ძველი ისრაელებივით ქვეყნის "დ" (4) მხარეს გაიფანტნენ. დაშორდა მამა ძეს, ასული დედას, შეყვარებული შეყვარებულს, მეგობარი მეგობარს, წავიდნენ ისინი ტაჭიკთა ქვეყანაში და აღარასოდეს დაბრუნდებიან. გოდებდნენ სომხეთის ეკლესიები, ვითარცა იერემია ელკოსელი, რომელმაც თქვა: წახვედით, წახვედით და მე დავრჩი გაჩანაგებული, თქვენ გეუბნებით, თქვენ გეუბნებით გზას გამდგარნო, იხილეთ ჩემი ვაება და უბედურება და დამიტირეთ მე, რამეთუ დავრჩი გაუდაბურებული და მიტოვებული ჩემი შვილებისაგან.
მაგრამ არ გვმართებს ღმერთის მიმართ სასოწარკვეთა, არამედ რწმენით ვევედროთ მას, რომ უკან დააბრუნოს ტყვეები, ვითარცა ძველი ისრაელები, ყველა წმინდანთა მეოხებით, ამინ.
ამ სასტიკ, უკუღმართ, მუხთალ და წარღვნისებურ დროში [ცხოვრობს] ერთი კეთილმსახური კაცი, ღვთისმოსავი და მოწყალე, ღვთისმოყვარე, ქრისტეს აღმსაარებელი, მართლმადიდებელი, ბრძოლებში შემმართებელი, წარჩინებულთა შორის მამაცი და მთავართა შორის გამორჩეული, აზქანაზიანთა მოდგმის ტომიდან, პარონი შალუე, დიდი მთავრის, ღვთისმოყვარე პარონ სარგისის ძე და პარონ ბუღლახის შვილიშვილი... [მან] დიდად მოწადინებულმა შეიძინა ეგ [წიგნი] თავისი ალალ-მართალი მონაგებით, გადააწერინა ის, რამეთუ იყოს მეოხი განკითხვის დღეს, მიუდგომელ სამსჯავროში, სამარადისოდ მოსახსენებლად პარონ ბუღლახისა, მამის პარონ სარგისის, დედის პარონ თამსას, ძმის პარონ გრიგორის, რომელიც ამ [წიგნის] გადაწერისას უდროოდ გარდაიცვალა ამ ქვეყნიდან და დიდად დაამწუხრა და დაადარდიანა თავისი ძმა, ჩემმა უფალმა ღმერთმა განუსვენოს მას აბრაამის კალთასთან და იზრუნოს მასზე, მეორე ძმის პარონ ფანველის, დების სით-ხათუნისა და თენეკის, მისი მეუღლის პარონ დოვლათ-ხათუნის, მისი მეორე ცოცხალი თანამეცხედრის პარონ გულფაშას, მათი ჭაბუკი, ახალგაზრდა შვილის, პარონ დავითის, რომელიც უფალმა ღმერთმა დაიცვას უშფოთველად და მტკიცედ ღრმა მოხუცებულობამდე, ამინ.
აწ, ვინც მიემთხვიოთ ამ [წიგნს], წაიკითხოთ, გადაწეროთ ან მოსმინოთ, თქვენს სიწმინდით გაცისკროვნებულ და ცადაღმავალ ლოცვებში მოიხსენეთ ყველა ზემოაღნიშნულნი. ასევე, გევედრებით მოიხსენეთ უფლის მიმართ ჰოვანეს ეპისკოპოსი, მეტსახელად ოსკიაფორი, რომელიც ამ საქმეში ჩვენი მასწავლებელია.
დაიწერა ეს [წიგნი] არარატის ქვეყანაში, სოფელში, რომელსაც ჰქვია სერკევილი, წმ. ჰოვანესისა და სხვა სიწმინდეთა მფარველობით, მამაცი და უშიში უფალ გაბრიელის მამამთავრობისა და მთავრობისას, ჯაჰანშაჰის ხანობისას, საქართველოში ვახტანგის მეფობისას, ჩვენს მხარეში პარონ ალიბეგისა, ამ წიგნის უფლის პარონ შალუეს, პარონ ვაჩ[უტი]ს, პარონ ქურთის [და პარონ სა]რგისის მთავრობისას. კვლავ გევედრებით, ქრისტეს სიყვარულის გამო მოიხსენეთ ამ სოფლის მოწესენი და ხუცესნი...
ხოლო მე, უღირსმა და უმეცარმა, სიკეთეს მოკლებულმა და ყოველგვარი ბოროტებით აღსავსემ, მარტოდმყოფის სახელის უღირსმა ოჰანესმა, საქართველოს გავარიდან, მაგარი ციხე თმოქიდან, ჩემი უღირსობის კვალობაზე დავწერე ეს [წიგნი], რამეთუ ჩვენი წილიც იყოს მასში. ვინც წაიკითხოთ ან გადაწეროთ, თქვენს ცადაღმავალ ლოცვებში მომიხსენეთ მეც...
ბ
...[მოიხსენე] მათთან ერთად თანსუხიც და თერძი გორგასალი[1], აგრეთვე მათი მშობლები და სამარადისო დიდება, ამინ.
- ↑ თუ არ ვცდებით, სახელი "გორგასალი" სომხურში მხოლოდ აქ გვხვდება. იმავე სოფელში წარჩინებულის სახელად "შალვას" დადასტურებაც იქნებ შემთხვევითი არ იყოს და ეს მონაცემები აირარატის პროვინციის ამ მხარის, არაგაწოტნის ოლქის საქართველოსთან კავშირზე მიუთითებდეს. შესაძლოა, სოფელ სერკევილში წინა საუკუნეებში ქართველი კოლონისტები დამკვიდრდნენ და მათი შთამომავალნი XV ს-ის შუა ხანებისათვის უკვე გასომხდნენ. ამ სოფელში თმოგველი გადამწერის მოღვაწეობაც, ეგების, იქ ქართული გავლენის კვალის არსებობით იყოს გამოწვეული.