«
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა.
ის წაიყვანა იქ ფანატიზმმა.
იქ ხომალდები ჰომერისაა.
იყო ფიქრები ასე სხვადასხვა.
ახალგაზრდობის იყო ეს ვადა.
ოქროს დროებამ იგი გადასვა
იქ, სადაც ძველი არის ელლადა.
ის სიყმაწვილე აღარ მოვიდეს,
დროთა სიავეს მიაქვს ფაფარი, -
ერთად ვთარგმნიდით მაშინ ოვიდეს,
შენ წიგნი გქონდა და წინსაფარი.
გამოიცვალა ის ზნე და ჰავა.
შავი არშია დღეებს ავლია.
ზღვაზე ზვირთები მოვა და წავა,
ცხოვრება ასე შემისწავლია...
»