სარგის კაკაბაძე - სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა
[edit]ჩვენს ისტორიულ მეცნიერებაში სჯულმდებელთა ბექას და აღბუღას ვინაობა, რომელთაც ფრიად მნიშვნელოვანი სამართლის ძეგლი დაგვიტოვეს, თითქოს გამორკვეულად ითვლება. მიღებულის აზრით სჯულმდებელი ბექა არის ათაბაგი ბექა II, რომელიც მთავრობდა ვახუშტის ქრონოლოგიით 1361 - 1391 წ., ხოლო აღბუღა - სამცხის ათაბაგი მე-XV საუკუნისა, ვახუშტით 1444 - 1451 წ. სამართლის წინა - სიტყვაობაში ათაბაგი ამირ - სპასალარი აღბუღა სწერს: "შევიყვარენით ჭოლთას მინდობილნი ღვთისანი და აწყურისა ღვთის მშობლისანი და... დავიდევით წინა პატრონისა პაპისა ჩემისა მანდატურთ - უხუცესის ბექას განაჩენი და იგი აგრევე სრულობით და უკლებლად დავსწერეთ და რაც ჟამთა სხვათა სხვანი უწესონი საქმენი შემოსულიყვნენ, მათი სამართალიცა ზედა დავურთეთ" [1]. აქ აღბუღა ბექას იხსენიებს თავის პაპად და მართლაც ვახუშტის გენეალოგიის მიხედვით ათაბაგი აღბუღა (1451წ.) იყო შვილისშვილი ბექასი, რომელიც გარდაიცვალა მისივე ქრონოლოგიით 1391 წ. ამ მხრივ მიღებული აზრი სამართლის წიგნის დამწერთა ვინაობის შესახებ სიმართლესთან ახლოს იქნებოდა, თუკი თვით ვახუშტის გენეალოგია სამცხის ათაბაგთა შესახებ მტკიცე და ეჭვმიუტანელ საბუთებს იყო დამყარებული. მაგრამ ეს ასე როდის არის. პირიქით, ვახუშტის სქემა განსაკუთრებით მე-XIV და მე-XV საქართველოს ისტორიის შესახებ - ახლა ეს გადაჭრით შეიძლება ითქვას - ყოვლად შეუწყნარებელია და ისტორიულ სინამდვილეს არ შეეფერება. მატიანეების უქონლობის გამო ვახუშტი იძულებული იყო მე-XIV-XV საუკუნის ისტორია მოკლე და მცირედი ქრონიკული ცნობათა მიხედვით დაეწერა და ეს არის მთავარი მიზეზი, მისი სქემა ჩვენი ქვეყნის ამ დროინდელ ისტორიულ ცხოვრების მიმდინარეობის შესახებ ვერ უძლებს ისტორიულ კრიტიკას. ამიტომაც ვახუშტის გენიალოგია თავისთავად საბუთად ვერ გამოდგება, რადგან ამ გენიალოგიის ფაქტები უფრო სუბიექტურ შეხედულებას არის დამყარებული, ვიდრე პირუთვნელ ფაქტებს. სჯობია ისევე სხვა საბუთები შევკრიბოთ ამ კითხვის გადასაწყვეტად და მაშინ ვნახავთ, თუ რამდენად მართალია მიღებული აზრი სამართლის წიგნის დამწერთა ვინაობის შესახებ. პირველად აღსანიშნავია, რომ ათაბაგი აღბუღა თავის პაპას ბექას უწოდებს მანდატურთ უხუცესს და არა ათაბაგს. საქართველოს ისტორიამ იცის ერთი მანდატურთ-უხუცესი ბექა, ცნობილი სამცხის მთავარი, რომელიც ცხოვრობდა მე-XIII საუკ. დასასრულს და მე-XIV საუკუნის დასაწყისს (ვახუშტით 1285 - 1306 წ.) მისი სიკვდილის შემდეგ სამცხის მთავარნი - როგორც ეს ყველა საბუთებიდან სჩანს - აღარ ატარებდნენ მანდატურთ-უხუცესის ღირსებას, არამედ ათაბაგისას. მარტო ეს მოსაზრება კმარა იმის დასარღვევად, რომ სჯულმდებელი ბექა არ უნდა იყოს ათაბაგი ბექა II. მაგრამ აქ ჩნდება ერთი დაბრკოლება. სამართლის მიხედვით აღბუღა შვილისშვილი ყოფილა ბექასი, ხოლო ჩვენმა ისტორიამ - ვახუშტით არ იცის ასეთი შვილისშვილი ბექა მანდატურთ- უხუცესისა. მაგრამ აღბუღა შვილისშვილი ყოფილა სწორედ ამ ბექასი, ეს სჩანს შემდეგ საბუთებიდან. ბ-ნ თ. ჟორდანიას მიერ ნაპოვნი სხვა ვარიანტი ბექას და აღბუღას სამართლის წიგნისა იწყება ესრედ: „სახელითა ღუთუისაჲთა, დაუსაბამოსა მამისა, ძისა და წმინდისა სულისათა, მეოხებითა წმიდისა ღუთისმშობლისათა ყოველთა წმიდათა ზეცითა და ქვეყნისათა მე ათაბაგ ამილსპასალარმან (sic) აღბუღა მოვაÃსენეთ პატიოსანსა _ _ _ (აქ ოროდ სიტყვისათვიე ცარიელი ადგილი ყოფილა დატოვებული) მაწყუÀრელსა და ბიძაძეთა ჩემთა შაშიასა[2] და მისსა ძმასა საფარის მოძღუარსა პაფნონეტეს, ხუთსავე თემსა სამცხისასა, ტაოველთა. შავშთ და კლარჯთა“ ... და სხვა[3] ამ შესავლიდან ვტყობილობთ, რომ აღბუღას ჰყოლია „ბიძაძე შაშია“. ეს შაშია მოხსენიებულია იერუსალიმის ჯვარის მონასტრის აღაპებში, რომელიც გადმოწერილი აქვს ბ-ნ ნ. მარრს და ჩვენ მისი ნებართვით გავსინჯეთ. 8 იანვარს დადებული ყოფილა აღაპი „სარგისის შვილისა შაშიასა არტანუჯლისა“. სარგისი მართლაც შვილია ბექა მანდატურთ უხუცესისა (ვახუშტით † 1306 წ.) ბექას სარგისის გარდა ჰყავდა კიდევ ორი შვილი, ყვარყვარე და შალვა. შემდგომად მიცვალებულებისა ბექასისა „დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა, უხუცესმან სარგის და შემდეგმან ყვარყვარე და უმრწემესმან შალვა“[4]. რაკი შაშია ყიფილა ბიძაშვილი ათაბაგ ამირ-სპასალარის აღბუღასი, ამიტომ აღბუღა იქნებოდა ან ყვარყვარეს, ან და შალვას შვილი, მაგრამ რომლის? აქაც იგივე იერუსალიმის ჯვარის მონასტრის აღაპები უნდა მოვიშველიოთ. 5 მაისს მოხსენიებულია აღაპი ,,ათაბაგის ივანეს დისა დედოფლისა ნათია ყოფილისა ნისიმესი“. აქ მოხსენიებული დედოფალი ნათელა ყოფილა ასული ყვარყვარე ამირ- სპასალარისა და სამცხის სპასალარისა[5] მაშასადამე, ივანე ათაბაგიც ძე ამ ყვარყვარესი. საყურადღებოა, რო ივანე იწოდება ათაბაგად. გამოდის, რომ ერთსა და ამავე ხანას ამ სამ ბიძაშვილთ უმთავრნიათ. საგულისხმოა მემატიანის სიტყვებიც: ბექას სიკვდილის შემდეგ ,,დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა“. ცხადია ბექას შემდეგ სამცხე სამ სამთავროდ გაყოფილა მის შვილებს შორის, თუმცა, როგორც საფიქრებელია, საათაბაგოს გარეგნული მთლიანობის დაურღვევლად. ამ საკითხს ჩვენ სხვა დროს დავუბრუნდებით, ხოლო ეხლა კი ავღნიშნოთ, რომ რაკი შაშია არტანუჯის მფლობელი სარგისის შვილი ყოფილა, ივანე ათაბაგი კიდევ ყვარყვარესი, ამიტომ ჩვენის აზრით, ათაბაგი აღბუღა სჯულმდებელი უნდა ყოფილიყო შვილი შალვასი, ბექას მესამე ძისა. ამ გვარად სამართლის წიგნის დამწერი ბექა უნდა იყოს ცნობილი მანდატურთ-უხუცესი ბექა, (1306 წ.) პაპა და აღმზრდელი გიორგი ბრწყინვალისა, ხოლო შვილისშვილი მისი აღბუღა ათაბაგი, აქამდის სრულიად უცნობი ჩვენს ისტორიაში, ძე შალვა ათაბაგისა. ამ ბექას შესახებ მემატიანე ამბობს: ,,...მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა, კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთე აღმატებული, საღთო საკაცობოთა საქმეთა და უმეტეს სამართლის მოქმედებითა, ეკლესიათა და მონასტერთა მაშენებელთა, სოფლისა კეთილად მორწმუნოებითა და გლახაკთა და ქვრივ - ობოლთა უზომოთა მიცემითა“.[6] „სამართლის მოქმედება“ ალბათ სხვათა შორის გამოიხატა სამართლის წიგნის დაწერაშიაც. რომ მართლაც ეს ბექა უნდა იყოს ცნობილი სჯულმდებელი, ეს სჩანს თვით სამართლის წიგნის შესავალიდან, სადაც აღბუღა ათაბაგი სწერს: ,,პატრონისა პაპის ჩემისაგან განაჩენი (დასაურვებელი) ყაზანური თეთრი იყო და ამ ჟამთა შიგან ყაზანურობა მოკლებული იყო და დიდის წარჩინებულის მეფის გიორგის ჟამისა თეთრი გავაჩინეთ, ორიანი ხუთი დანგი წმინდა ვერცხლი[7]. ყაზანი იყო მონგოლების ყაენი სპარსეთში და მოკვდა 1304 წ. ბექას დასაურვებლად ამ ყაზანყაენის, მისი თანამედროვის მიერ მოჭრილი ფული გაუჩენია, მაგრამ აღბუღას დროს ეს ფული უკვე ,,მოკლებული იყო“ და მას ,,დიდის წარჩინებულის მეფის გიორგის ჟამისა თეთრი დაუდგენია. ეს გიორგი უნდა იყოს გიორგი ბრწყინვალე, რომელიც ვახუშტით გარდაიცვალა 1346 წ., ხოლო ჩემი ქრონოლოგიით 1338 წელს. აღბუღა და გიორგი ბრწყინვალე ბიძაშვილები იყვნენ (გიორგი მეფე დედით აგრეთვე იყო შვილიშვილი ბექასი) და ერთმანეთზედ ახლო დროს ცხოვრობდნენ. ამ მოხსენებულ სიტყვებიდან საგულისხმოა, რომ აღბუღას სამართლის დაწერის დროს გიორგი ბრწყინვალე უკვე ცოცხალი არ უნდა ყოფილიყო (,,მეფე გიორგის ჟამისა თეთრი გავაჩინო“) და მართლაც აღბუღას გიორგი ბრწყინვალის შემდეგაც უცხოვრია. სპარსელი ისტორიკოსი შერიფედდინი მას ცოცხლად იხსენიებს თემურლენგის საქართველოში შემოსევის დროს 1386 წ. 1402 წელს კი იგივე ისტორიკოსი იხსენიებს აღბუღას შვილს ივანეს, მაშასადამე, აღბუღა ამ დროს უკვე მკვდარი ყოფილა. აღბუღა მოხსენიებულია კიდევ მიხ. ფანარეტის ტრაპეზონტის ქრონიკაში[8]. 1376 წელს მომკვდარი ანდრონიკე, ძე იმპერატორის ალექსი III–სა (1349–1390), დანიშნული ყოფილა ტფილისის მეფის დავითის ასულზე, გულქანხათუნზე, რომელიც ქრონიკის მიხედვით იყო დისწული აღბუღასი, როგორც კონტექსტიდან ჩანს, აღბუღა ამ დროს (1376 წ.) ცოცხალი ყოფილა. ამ გვარად სჯულმდებელი ბექა არის ცნობილი მანდატურთუხუცესი ბექა. აღბუღა მისი შვილიშვილი მართლაც ისტორიული პირი ყოფილა, თუმცა ვახუშტის გენეალოგია მას სრულებით არ იცნობს. ის მჯდარა ათაბაგად მე-XIV საუკუნის მეორე ნახევარში და ცოცხალი ყოფილა 1386 წ
- ↑ ქართული ქრისტომატია დ. ჩუბინოვისა. ს. პეტერბ. 1863 წ. I, გვ. 208.
- ↑ რადგან ტექსტი ხუცურად ყოფილა დაწერილი, თ. ჟორდანიას ვერ გაურჩევია ,,ბაშიასა“ უნდა იყოს თუ „შაბიასა“. ჩვენი აზრით, უნდა იყოს „შაშიასა“ (ხუცური ბ და შ ძლიერ გვანან ერთმანეთს).
- ↑ ქრონიკები II, გვ. 257.
- ↑ ქართ. ცხოვ. ბროსეს გამ. I გვ. 416.
- ↑ ქრონიკ.II,გვ.186
- ↑ ქარ. ცხოვ. ბროს. გამ. I გვ. 446
- ↑ დ. ჩუბინოვის ქართ.ქრისტომატია, ნაჩვენების ადგილი
- ↑ 8 ა. ხახანაშვილის გამოცემა, მოსკ. 1905 წ. გვ. 41