ღმერთმან უმაღლესის ხელმწიფის ჭირი ყაფლანისშვილებს ვახტანგს, ზაალს, იმისს შვილებს და ლუარსაბს მოგვცეს!
ამას მოვახსენებთ ჩუენს ყოვლად მოწყალე ხელმწიფეს.
1. დავით სარდალს სამოცის წლისა ყმის და მამულის გამოსავალსა ვთხოვთ, ამის მიზეზისათვის: ერასტი მდივანბეგი რომ მიიცვალა, შედგომად სახლისკაცებს ქაიხოსრო სარდრისათვის მიუციათ თავეთი სახლის ბატონობა, ყმა და მამული, აშენებული და გამდიდრებული საყაფლანისშვილო. წელიწადი არ გამოსულა, ამ სახლის ბატონმა საერთო სოფლები ჩამოართვა და სახლისკაცები შიგ აღარ გაატარა. მამაჩემი მიიკრა და მამულში იმას ამოქმედებდა.
მერე სახლისკაცები მოვიდნენ და მამა ჩემს უთხრეს: ამდონი სული რომ გამოგვრეკა მამული[დან], შენ ერთი ხარ და შენ უფრო მოგერევა. მოდი და ჩვენ ერთობა გვიყავ და ძმობა, ფაშასთან უჩივლოთ, ჩვენს მამულს უსამართლოდ ძმისაგან დაჯაბნით ნუ წავირთმევთ.
მამაჩემსაც ჭკვამ გაუჭრა და სახლისკაცებს გაუერთდა. ჩამოვიდნენ ქალაქსა და ფაშასთან ჩივილს უპირებდენ. ერთად შეიყარნენ და დემეტრე ეშიკაღასბაში მაჰმადბეგს მოციქულად მიუგზავნეს, ქრთამს დაჰპირდნენ, მამულს ნუ წაართმევინებ ჩვენს ძმასაო.
მაჰმადბეგ ქაიხოსრო სარდლისა დიდი მეგობარი იყო და ჰამფალა. მაჰმადბეგ დიდად გაუწყრა დემეტრე ეშიკაღადბაშსა, თქვენ ქაიხოსრო ბეგს როგორ უჩივითო, წადი, ყაფლანიანთ ასე უთხარ, ხვალ ყველას დაგიჭერო.
ეს ამბავი ეშიკაღასბაშმა სახლისკაცებს მოუტანა, რასაკვირველია, შეწუხდებოდნენ.
ქაიხოსრო სარდალმა, მაჰმადბეგის შემწეობით, სხვა სახლისკაცები კი აღარ დააჭერინა და მამა ჩემი დააჭერინა, ამ მიზეზითა, რომ მაშინ მამულში ვასაქმებდიო, და დემეტრეს ხელით ორი ათასი ყურუში და ერთი ალმასის ბეჭედი ფაშას მოვართვიო. მამა ჩემი აღარ გაიკითხეს, ორი ათასი ყურუში და ათასი ყურუშიც ბეჭდის ფასად – ეს სამი ათასი ყურუში წაართვეს.
სახლისკაცები რომ დაჰფანტა და მამაჩემს ეს შარი მოუგონა, მასუკან მოიყვანა ტერ–შიმშონაშვილი მოსესა და საყაფლანისშვილო და საბარათისშვილო იმას დააქცევინა. იმისი მნახავი და გამგონი ბევრნი გახლავან.
წელიწადი არ გამოვიდა, საუფლისწულოებიც წაართვა ყველას სახლისკაცებსა. ეშიკაღაბაში ხომ თქვენს საფარველს ქვეშ ცხოვრობდა, სხვანი ეყარნენ დმანისის ციხეში უყმო, უმამულო და უსარჩოო.
პაპუნა მზეჭაბუკის მამას ერთი გაკეთებული ყმა ჰყუანდა, თავისი საუფლისწულო, ბატონყმობის რიგით ვერ მივიდოდა ქაიხოსრო სარდლის შიშითა. მოწყალების სათხოვნელად მივიდა, სოფელში არ შეუშვეს, ქვითა და ლოდით გააგდეს. სარდალი შეგვიტყობს და აგვიკლებსო, შენ რომ აქ პური გაჭამოთო.
მამა ჩვენს კი ვერ წაართვა საუფლისწულო ვერც ოსმალობასა და ვერც ყიზილბაშობაში, ამ მიზეზით, რომ კარზედ მეგობრები ჰყვანდნენ.
მამაჩემმა საუფლისწულოს ნაკლებობაზედ უჩივლა ისაყ ფაშასთან სარდალსა; ფაშისა და უსუფბეგის ბრძანება მიუტანა, შვიდის სოფლის ნუსხა მისცა, ეს უნდა დამიდვა ჩემს საუფლისწულოზედაო.
ამ ბრძანების შიშით მაშინვე აიღო ის შვიდი სოფელი და მამაჩემს მოსცა იმ წიგნის ძალითა, რომელიც თქვენს ბედნიერს ყურს მრავალჯერ მოუსმენია, ახლაც მზასა მაქვს აქა.
მოწყალევ ხელმწიფევ! ეს ჯავრი მკლავს: მამა ჩემმა უსუფბეგის ბრძანებით შვიდი სოფელი გამოართო პაპა მაგისს, და მე ერთი მეცხვარე ვერ დამიხსნია მაგის ხელიდამ თქვენისთანა მაღლის ხელმწიფის ბრძანებით.
ეს კმარა საჩივრად, მაგრამ, რადგან მართლმადიდებელი და მოსამართლე ხელმწიფე ბძანდებით, მონისაგან ყველა უნდა მოგხსენდეს ჩვენი საჩივარი.
2. რამდენსამე ხანს უკან ოსმალო წავიდა და ყიზილბაში მოვიდა. ვერც მაშინ წაართვა საუფლისწულო მამაჩემსა, ამ მიზეზითა: ნადირშა რომ ქალაქს მობძანდა, ორასი ნოქარი სთხოვა სომხით–საბარათაშვილოსა; ის მამაჩემს ნადირშამ მოაბარა, თვითან წაბძანდა, და სეფიხან სარდალი აქ სარდლად დააგდო. სეფიხან სარდალმა მამაჩემი დიდათ მიიჩნივა, ეშიკაღაბაშობა მოუტანინა ნადირშადამა, ორმოცდაათის თუმნის ჯამაგირით. მას უკან საერისთო დაიჭირა და ისიც მამაჩემს მიაბარა.
მერე მამაჩემმა თქვენი ჭირი წაიღო. ჩვენ წვრილები დავრჩით. მოგვყო ხელი, მე და ჩემი ორი პატარა ძმა დაგვიჭირა და იმანყულიხანს მიგვცა დასახოცლად. ყაფლანმა გაასწრა და დაღისტანში ნადირშასთან წავიდა. ამ მიზეზით იმანყულიხანმა ჩვენ ვეღარ დაგვხოცა და გაგვიშვა.
მემრე დმანისს გვიღალატა. ოთხნი ძმანი ერთათ დაგვიჭირა. ღმერთმან შეგვიბრალა, სანამ ჩვენ მოგვასხემდა, იმანყულიხან გამოცვალა, ყოჯახან მოვიდა. მე და ყაფლან ხელხუნდით ჩამოგვასხა და ჩემი წვრილი ძმები იღლიით დაჰყავდათ, დასახოცლად ყოჯახანთან მიგვასხა. ყოჯახანმა შეიტყო, რომ შურით ვიყავით იმისგან დაჭერილნი. ჩვენ ხელხუნდი აგვყარა, გაგვიშვა და ის დატუქსა. და უბძანა: ამათ თავეთი მამული უნდა მისცეო. იმის ბძანების ძალით ჩვენ ჩვენს მამულში მივედით.
მასუკან მოვიდნენ ორნი მამა–შვილნი ქვეშის ციხეში. ჩვენ დმანისს გახლდით. გამოგვისია რევაზ და ოთხნი ძმანი კიდევ დაგვიჭირა. იმჟამად ყოჯახან აღარ იყო, ალიხან იყო ქალაქში ბეგლარბეგათ. მოგვიყვანა და ოთხნივე ძმანი იმას მიგვცა დასახოცლად. დმანისიდამ რომ ქვეშს ჩამოგვასხა, იქ ერთი თვე მეტი შეგვინახა.
გუდელისის ნახევარი და ტაბახმელის მეოთხედი ჩვენი ნასყიდი იყო და ერთი საკომლო ხრამში ანდრის ჰქონდა ნასყიდი. ეს სამივე სიგელი პატრონისაგან მოცემული მიგვატანინა და ჩვენც სიგელი დაგვაწერინა და გამოგვართვა. რა ილაჯი გვქონდა? ქვეშის კლდეზედ გადაყრას გვიპირებდა.
მასუკან ალიხანს მიგვცა ოთხნივ ძმანი დასახოცლად. ალიხანმა ის ორი ჩემი წვრილი ძმები გაუშვა. დიაღ, წვრილები იყვნენ და ჩვენ ორნი ძმანი მოედანზედ გამოგვასხეს დასახოცლად. იაჰიაბეგზედ რომ გამოეგზავნა ნადირშას გორის ციხისა და ყორჩაყალის ასაშენებლად, ის იაჰიაბეგ რიზაყულიმირზის სოღბათიასაულლი იყო, ერთის ბატონის ყმანი ვიყავით და ჩემი მეგობარი იყო. საწყალობელმა დედაჩემმაც იცოდა იმისი და ჩემი მეგობრობა; მიჭრილიყო და მუხლს მოხვეოდა: მიშველე, შვილებს მიხოცენ უსამართლოდაო.
მაშინვე იაჰიაბეგ წასულიყო და ალიხანისათვის ეთქვა: ოროლს თავადისშვილს რათა ჰხოც უსამართლოდაო? არ გიჯობსო. იმის შიშით და ხათრით გაგვიშვა, აღარ დაგვხოცა.
მერე ალიხანმა სოღბათიასაულათ დამაყენა მე და მწყალობდა. გახლდა თორმეტი დღე. რასაკვირველია, სარდლის შიშით მამულში ვეღარ მივიდოდით.
მერმე ჩემმა ძმამ მითხრა: რა ვქნათ, ზაალ, რომ ამ კაცმა საუკუნოდ ჩვენის სამკვიდროს მამულიდამ გამოგვყარაო? მე უთხარ, დასტური მამეც, ნასრულა–მირზა შირვანს არის, ალიხანს გავეპარები და იმასთან ჩავალ–მეთქი, ხელი მამიმართვა.
ორის მსახურით გავეპარე და ჩაველ, ნასრულა–მირზასთან მიველ ურდოში. და ბაბახან იმასთან ყულებში პირველი იყო, მიველ და იმის კარავში ჩამოვხე. მივიდა და მირზას მოახსენა, რიზაყულიმირზის ყული ზაალ გხლებიათ აქაო. მაშინვე დავეძახნე, მიმიყვანა, მოწყალების თვალით მამხედა და დიდხანს მელაპარაკა; მერმე ბაბახანს მიმაბარა.
მეორეს დღეს ბაბახანის პირით ებძანა, ჩემთან დადექო და მოჰბათს გიზამთო. მე მოვახსენე, ცოლ–შვილის პატრონი ვარ და არ შემიძლიან დგომა მეთქი.
ებძანა, მაშ შენი მათლაბი მოგვახსენეო. მოვახსენე, მამული მაქვს წართმეული და მამის სახელო ეშიკაღაბაშობა. მამულისა რაყამი მიბოძა ალიხანზედ; თავისი მამული გამოურთვი და მოეცო; და სახელოსი ასე ებრძანა. უმამოთ სახელოს ვერ გავსცემო. წადი მამაჩემთან. მირზა მეთიხანს მიგიწერო, შენს საქმეს ის კარგად გამართავსო.
მუსაბეგ იყო თალიში, კარგი, პატიოსანი კაცი, მამისაგან ლალათ ჰყვანდა მიცემული, იმას უბრძანა: მირზა მეთიხანს ჩემს მაგიერ მისწერეო – ეს ჩემის ძმის მირზაყულიმირზის ყული არისო, და ამისი საქმე შენ გამართე კარგათაო.
თქვენმა სიმაღლემ, ცხვირმოჭრილი რომ ჩაიყვანეთ და მიჰგვარეთ, ეს ამბები მასუკან იყო.
იმ ჟამად მე რომ იქ გახლდი, მაჰმად უსეინბეგ იედიგარაშვილი გამოგზავნილი იყო მირზასთან ნეტარხსენებულის ბატონისაგანა.
იმ ჟამად რაყამი მიბოძა, ინამი და ხალათიც მიბოძა და გამისტუმრა თავის მამასთანა. მე და მაჰმად უსეინბეგ განჯამდინ ერთათ მოვედით. ის რაყამი და ზოგიერთი რამ ჩემს ძმას გამოუგზავნე მამად უსეინბეგის ხელითა.
და ნადირშასთან წავედი. ნადირშა ბაღდადიდამ დაბრუნებულიყო და აჰმადანს აქედამ შევეყარე. მიველ, მეთიხან ვნახე და რაც მათლაბი მქონდა, ყველა აღმისრულა.
ალიხანმა აღარ მომიკითხა და რევაზ სარდალი თურმე გულით მეძებდა და მკითხულობდა: დმანისს მიკითხევდა, ეტყოდნენ ქალაქს არისო, და ქალაქს მიკითხევდა, ეტყოდნენ დმანისს არისო. მივიდა დმანისს, მიკითხა, რომ არ ვიყავ იქა, გული დააჯერა, რომ ქართლში აღარ ვიყავ. მაშინვე პაპუა გერმანოზისშვილი გაისტუმრა, ალიხან სარდალს მისწერა: ზაალ გაიქცა სეფი მირზასთან ყარსსა, ყაფლან დაიჭირე, თორემ ეგეც გაიქცევაო. შუაღამისას მოსულიყო და ალიხანისათვის არზა მიერთმია. ალიხანს ეთქვა: გათენდება და დავიჭერ ყაფლანსაო.
გათენდა, ყაფლან მოაყვანინა, ჰკითხა: ზაალ სად არისო? მოახსენა: თავის ბატონთან წავიდაო. ჰკითხა: ვინ არისო იმის ბატონიო. მოახსენა: ნასრულა მირზააო. უბძანა: სტყუიო. მერე მოიტანა ნასრულა მირზას რაყამი და მიართვა. სხვა ვეღარა თქვა რა. თუ კი ნასრულა მირზასთან მივიდა, რატომ არ შემატყობინა, რომ მართებულად გამესტუმრებინაო.
3. ახლა ეს მოხსენდეს მათს სიმაღლეს, ელიზბარ ასე მოაკულევინა: სახლისკაცებსა სიგლახაკით ილაჯი გაუწყდათ. იმ ჟამად გივი ამილახვარიც უკუდგა. დიამბეგისშვილები გივი ამილახვარის მოყვრები იყვნენ. ვახტანგ, ელიზბარის ძმა, სულხან და დავით, იმის ბიძაშვილები, გაიქცნენ და გივის ამილახვართან წავიდნენ.
ორს ოსმალს ორი საპალნე მიჰქონდათ ყარსსა, წინ შეეყარნენ; ის ერთი მოკლეს, ენდრო იქ გაყარეს. ის ორი ხარი წაიყვანეს, წავიდნენ და გივს ამილახვართან მივიდნენ.
ის, რომელიც ოსმალო გარდარჩა, წავიდა დაღისტანში, ყეენთან მივიდა და მოახსენა. ყეენმა ფათალიბეგ ბეგზადა იასაულად მოსცა და ქაიხოსრო სარდალს რაყამი მოსწერა: ეს შენს ქვეყანაში მომხდარაო და პასუხი უნდა მისცეთო. რაყამი მოუტანა ქაიხოსრო სარდალსა. ქაიხოსრო სარდალმა ელიზბარ მისცა ხელში, ამისი ძმა და ბიძაშვილები არიან მაგ საქმის მქნელნიო.
ელიზბარმა ეს პასუხი მისცა: ყმა შენ გიჭირავს და მამული, მე საიდამ მივსცე, აიღე და ჩვენის მამულიდამ მიეცო.
ეს სიტყვა ქაიხოსრო სარდალმა, დიაღ, შორს დაიჭირა და კიდევ იმას მიუსია. ამაში ის იასაული, დიაღ, მოიმდურეს ორთავე.
ამ ჟამად ნადირშას ქართველები დაებარებინა დაღისტანში, სხვა ილაჯი არა ჰქონდა და ელიზბარიც ამათ გაჰყვა.
ამაში იმანყულიხანს პირობა გამოართო ქაიხოსრო სარდალმა: მე რომ წავიდე, ყაფლან და ზაალ დაიჭირე და დახოცეო. რომ წავიდნენ, ყაფლან კი დაიჭირა; და მე გავექეც და ამათ განჯას მოვეწიე.
ქაიხოსრო სარდალმა რომ მნახა, დიდათ ეწყინა და შეწუხდა. მაშინვე მოსწერა იმანყულიხანს: ყაფლანს ნურას ერჩი, გაუშვიო; იმ კაცს დააბარა: ყაფლანის წიგნი მოუტანე ზაალსა, რომ გამიშვაო.
დარბანდს რომ მივედით, ის კაცი მოგვეწია და ყაფლანის წიგნი მომიტანა. მივედით დაღისტანში ნადირშასთან. ფათალიბეგ დაწინაურდა და ნადირშასთან მივიდა. ნადირშამ მაშინვე იმ ოსმალოს ამბავი ჰკითხა და ქაიხოსრო სარდალი და ელიზბარიც დიდათ დააბეზღა. არც იასაულობა მაქნევინეს და არცა რას შემეპოვნენო.
უბძანა, ელიზბარს ხმალი შემოხსენო. ჩვენც მივედით და ქეშიკხანაში დავსხედით. მოვიდა ფათალიბეგმა და ელიზბარს ხმალი შემოხსნა.
ცოტა ხანი გამოვიდა. დაგვიძახა, შევედით, უბრძანა სარდალს: შენს ქვეყანაში ამისთანა საქმე რატომ მომხდარა? სარდალმა ყეენთანაც ელიზბარს დაადვა დანაშაული. მაშინვე ბრძანა და ელიზბარ დაარჩვეს. სარდალს უბძანა, შენ იყავ სასიკუდილო და ეგ მოკვდა.
იასაულს უბძანა, ახლავ წადი, იმის შვილს ჩაუდეგ, ხუთას ორმოცდაათი თუმანი წაართვი და ამ ოსმალოს მოეცო. მოვიდა და სარდლის შვილს ჩაუდგა.
მე ელიზბარ იქავე დავმარხე. და სარდლის საჩივარს შევუდეგ ყეენთან ჩემის მამულის გამოსატანათ. აბდულაბეგ და სხვა ქართველები შემომიყენა და ყეენთან აღარ მაჩივლა. ჩემის მეოთხედის წიგნი მომცა აბდულაბეგის და ქართველების პირობითა.
ფათალიბეგ რომ მოვიდა, ოსმალო მოიყვანა. რევაზმა ოსმალოსი და ფათალიბეგის საქმე ას ოთხმოც თუმნად გარდასწყვიტა. იმდენი თქვენი წყალობა მაქვს; რამდენი ხუთას თუმანზედ მეტი მამულიდამ იმან მოკრიფა.
მე ქაიხოსრო სარდალს ვახლდი. დაღისტნიდამ წამოვედით და ქალაქს მოვედით. ორნივე ძმანი გაგვაგზავნა და დმანისს დაგვაყენა. იქ ვიყავით და, რაც შეგვეძლო, ქვეყანას უვლიდით.
სარდალი მობძანდა ქვეშსა, კაცი გამოგვისია, გვიღალატეს და ოთხნი ძმანი კიდევ დაგვიჭირეს, ქვეშის ციხეში ჩამოგვასხეს და დიდის ტანჯვით დაგვატუსაღეს. ოთხსავ ძმას კლდეზედ გადაყრას გვიპირებდა.
დმანელი თურმე იმ ჟამად იქ დახვდა, შეხვეწნოდა: შენის ხელით ნუ დახოც, თათრებს მიეც, რაც უნდა უყონო. მაშინვე ტაბახმელის და გუდელისის სიგლები იქ მიგვატანინა, გამოგვართო და ჩვენც იქ დაგვაწერინა სიგელი. მასუკან წაგვასხა და ალიხანს მიგვცა დასახოცლად, როგორც ზემო წერილი აცხადებს.
ეს სახლისკაცების მოვლა და ყმისა და მამულის მოვლაც ახლა მოგხსენდებათ.
4. ქ. ერთს აღებაზედ ოთხასსა და ხუთასს თუმანს აიღებდა. თავის დღეში ერთი ყარაული არ გაუყენებიათ და არც ერთი თოფი სადმე უსროლიათ ლეკისათვის.
ერთი მსახური იყო ჩვენი, წისქვილში თურმე იყო, სამი ლეკი მიხდომოდა, იმას თოფი ესროლა, ერთი კი წაექცია და ორნი გაქცეულიყვნენ. იმ ლეკის თოფ–იარაღი და თავი რევაზ სარდალს მიართვა დმანისს.
რევაზ სარდალმა უთხრა: ამას ბევრი ოქროები ექნებოდა, უნდა მომიტანოო. შეჰფიცა, არა ჰქონია რაო, თორემ ამ ტანისამოსსა და თოფ–იარაღს ზედ ეტყობაო. არ დაუჯერა; ჯერ ისე უმოწყალოდ სცა მრავალი, მერე დაჰკიდა და ისე აცემინა. მერე წნელის ჩრჩოლი გაუკეთა, თავზედ ჩამოაცვა და სოლებით გაუჭედა. ვინ იყო მშველელი და გამკითხველი? ოქროები ხომ ვერ მიუტანა. მერე აიკლო, ნაცარი დაუნიავა, და რაც ებადა, სულ წაართვა.
მერე ღმერთმან საქართველოს მოხედა. თქვენი საფარველი დაგვეფარა, და ქართლი ნეტარხსენებულს ბატონს უბოძა ნადირშამა. ნადირშას ბძანებით და თქვენის მოწყალებით ჩვენ ჩვენს მამულს მივემთხვივენით და სახელოებსა.
5. მერმე ჩემო ხელმწიფევ, ორს–სამს წელიწადს უკან არბაბი მოვიდა. დაგვიძახეთ ორთავე ბატონებმა ქართველთა: ნადირშას უკუ–უდექით, ყველამ თქვენი ქვეყანა გაამაგრეთო.
სარდალმა ქაიხოსრომ და რევაზ გაუშვეს თავისი მამული, ყმა, სახელო, გამოიქცნენ; ქართლშიაც აღარ მოიცადეს, ახალდაბის ციხეში ავიდნენ, ის გაამაგრეს და იქ დადგნენ.
მე ჩემმა ძმამ ცოლ–შვილით ნეტარჰხსენებულს ბატონს მაახლო ანანურსა. თითონ თავის ცოლ–შვილითა, დედითა და ორის ძმით თავის ქვეყანას მიეშველა. ასეთს დროს მოვიდა დმანისს, რომ ბარგი აკიდებული ჰქონდათ, იფანტებოდნენ. რომ ნახეს ყაფლან ცოლ–შვილით მოვიდაო, მაშინვე სიხარული შეუდგათ, და ბარგი ჩამოხადეს და შემოეხვივნენ.
ოთხმოცი ლეკი იყო დმანისის ხევშია და აოხრებდენ. ოცდაექვსი ტყვე ჰყავდათ ნაშოვნი, და ერთი ჩაჩიკაშვილი იასონ. გაგზავნა კაცნი და ის ლეკები შემოირიგა. რაც ჰქონდა, იმ ლეკებს მისცა, და იმათაც ის ჩაჩიკაშვილი იასონ უფასოდ მოსცეს. ის ოცდაექვსი ტყვე ხულუტის ციხეში დააყენა და ლეკები და თავისი კაცები მოუყენა. თავისი კაცები დაარიგა: ეცადენით, ეს ტყვეები გააპაროთო. ჩვენმა კაცებმა ის ოცდაექვსი ტყვე გააპარეს, ყაფლანმა ქვეყანა გაიმაგრა.
ახალდაბას სარდალმა შეიტყო, ყაფლანმა ქვეყანა გაიმაგრაო. შურმა აღძრა, წამოვიდა ახალდაბიდამ და ანანურს მოვიდა. აბდულაბეგიც იქ იყო, ქალი მისცა იმის შვილსა, და ყაფლანზედ შემწეობა სთხოვა.
ნეტარხსენებულს ბატონს დაეთხოვნენ და წამოვიდნენ საბარათაშვილოსკენ. აბდულბეგ სამშვილდეს მივიდა. სარდალმა საბარათაშვილოს ჯარი შემოიყარა და ქვეშს მივიდა. დემეტრე ეშიკაღაბაშიც თაფანს მივიდა.
აბდულბეგმა ყაფლანს ლაპარაკი დაუწყო. უნდოდა თავისთან მიეტყუებინა. ყაფლან წამოვიდა აბდულაბეგთან. ერთმა ბარათაშვილმა შემოუთვალა ეშიკაღაბაშს: ვიცი, ყაფლან გიყვარსო, შეატყობინე, აბდულაბეგთან არ მივიდეს, თორემ მაშინვე თვალებს დასთხრისო. ეს პირობა აქვს სარდალთანაო.
ეშიკაღაბაშმა მაშინვე ზაალ მკერვლისშვილი გაუგზავნა ყაფლანსა: ნუ ენდობი აბდულაბეგსაო, თორემ თვალებს დაგთხრისო; თავის კაცითა და ლეკით რომ მოვიდოდა აბდულაბეგთან ყაფლან, მაშინ შემოეყარა ზაალ და ეს ანბავი უამბო.
ყაფლან, რასაკვირველია, გაფრთხილდა. მოვიდა და სამშვილდის პირდაპირ ჩამოხდა. რაც ლეკი და ქართველი ჰყვანდა, იქ დააყენა და შეუთვალა: ამაღამ ეშიკაღაბაშს ვნახამო და ხვალ მანდ გიახლებიო. წავიდა ყაფლან და ეშიკაღაბაში ნახა. ეშიკაღაბაშმა უფრო გაამაგრა, რომ აბდულ–ბეგთან არ მისულიყო.
მეორეს დღეს თავისი კაცნი წაასხა და დმანისს წავიდა. ქვეშის ახლო რომ მივიდა, სარდალი წინ გადმოუდგა, ომი მოინდომა. ბარათიანნი არ აჰყვნენ, ასე უთხრეს: ბატონის ბრძანება არა გვაქვს, ბატონზედ დანაშაული არა აქვს რა, ან რაზედ ამოვსწყდეთ, და ან რაზედ ამოვსწყვიტოთო? სარდალი იქ დარჩა და ყაფლან დმანისს მივიდა.
იმითი რომ ვერა გააწყო რა სარდალმა, ადგა და ანანურს წამოვიდა. მე იქ გახლდი, ის რომ ანანურს მოვიდა, ყაფლანც უკან გამოსდგომოდა, იქ მოვიდა, და თქვენი სიმაღლეც იქ ბრძანდებოდა.
6. მერე ნეტარხსენებულმა ბატონმა ყეენთან წასვლა ბრძანა. ყაფლან დმანისს გაისტუმრა: ლეკი არ დაიფანტოს, არ წაახდინონ რაო. ენისელთ მოურავი სარდალს გაუგზავნა, მივალ და თან უნდა წამომყვეო. სარდალმა უარი მოახსენა, არ შემიძლიან, ვერ გიახლებიო.
მერმე მე დამიძახა და ყაფლანს ოქმი მისწერა: ან შენ უნდა წამოხვიდე და ან ზაალ უნდა გამომატანოო. მე წაველ ჩემს ძმასთან, რომ თადარიკი გვენახა და ორში ერთი ვხლებოდით.
ეს ჩვენი მზადება სარდალმა შეიტყო. მერე კიდევ შეეხვეწა. მე გიახლებიო, და ის იახლა.
ჩვენ გახლდით აქა. მაინცადამაინც მამულის წილი არა დაგვიდვია რა, სულ იმას ეჭირა.
ამდენი ღმერთმან თქვენი წყალობა მოგვცეს, რამდენი იმათგან ჩვენზედ ნაუსამართლოევი არზის გაგრძელებისათვის ამაში არ დაგვეწეროს.
ამას ვევედრებით თქვენს ღმერთის მოყვარებას: როგორც ნეტარხსენებულის ბატონის მამის თქვენის ოქმი და ბრძანება იყოს, ან როგორც ჩვენ ერთმანეთსი გარიგებისა და პირობის წიგნი მიგვეცეს, იმ ოქმის ძალზედ და იმ ჩვენის ერთმანერთში მიცემულის წიგნების ძალზედ სამართალი გვაღირსოთ.
ღმერთი თქვენს ხელმწიფობას უმეტესად აღამაღლებს, მოწყალევ ხელმწიფევ.
მინაწერი: საჩივარი, რაც ძვირი შეუმთხვევიათ მამის ჩემისათვის ასლანის შვილებს.
პუბლიკაცია
[edit]"ქართული სამართლის ძეგლები" - ტომი VIII - სასამართლო არზა-ოქმები და კერძო-სამართებლივი აქტები - ტექსტები გამოსაცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ - თბილისი 1985 – № 332
-
გვ.347
-
გვ.348
-
გვ.349
-
გვ.350
-
გვ.351
-
გვ.352
-
გვ.353
-
გვ.354
-
გვ.355
შენიშვნები
[edit]- ერასტი მდივანბეგი გარდაიცვალა 1731 წ.
- ოსმალობა ყიზილბაშობით შეიცვალა 1735 წლის აგვისტოში.
- სეფი ხანი ქართლის სარდლად დაინიშნა 1736 წლის გაზაფხულზე.
- სეფი ხანმა ქსნის საერისთაო დალაშქრა 1737 წლის სექტემბერში.
- იმამ ყული ხანი ქართლის მმართველი იყო 1740–1742 წწ.
- ყოჯა–ხანი ქართლის მმართველია 1742 წ ბოლოდან 1743 წ. მარტის ბოლომდე
- ალი–ხანი ქართლი მმართველია 1743 წ. მარტის შედგომიდან 1744 წ ივლისამდე.
- თეიმურაზ II–მ შაჰზადა ნადირშაჰს გაუგზავნა 1744 წ. იანვარში.