შეწირულების წიგნი მეფე სოლომონ I-ისა და დედოფალ მარიამისა კაცხის მონასტრისადმი - საზანოს დაბლა მცხოვრები 7 კომლი ნებიერიძეების, პავლე ხუცესის,დავით ხვედელიძე ხუცესის, ერთი სასახლის, მისი შესავალ-გასავლით, გოგიტა სამხარაძის და მისი ძმისწულების ადგილ-მამულებით მონასტრისათვის შეწირვის თაობაზე.
დაიწერა 1775 წ. 4 დეკემბერს.
დამტკიცებულია 2 ბეჭდით:
- სოლომონ მეფის დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "კეთილ ძირთაგან რტოანი მეფე ვარ ბაგრატოანი" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია "სოლომონ" - ასომთავრულით;
- დედოფალ მარიამის რვაკუთხა მურის ბეჭედი. წარწერა ბეჭედზე გარშემო: "ქ. ხმალ შენთვის ვიჴმობ ტახტთ ამით ვიპყრობ" - მხედრულით; ცენტრში ჩაწერილია - "დედოფალი მარიამ" - ასომთავრულით.
ხელრთვა: "მეფის ძე ალექსანდრე".
მინაწერი:
- "ქ. მეფე იმერეთისა და ძე არჩილისა მეორე სოლომონ დავითიანი, ნებითა ღვთისათა, ვამტკიცებ ბიძისა ჩემისა აღწერილს შეწირულობისა ამის სიგელსა"; დამტკიცებულია სოლომონ II მცირე ზომის რვაკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით;
- "ქ. ს~დ იმერთა დედოფალი, დადიანის ასული მარიამ ნებითა ღ~ისათა, ვამტკიცებ სიგელსა ამას". დამტკიცებულია დედოფალ მარიამის მცირე ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით; წარწერა ბეჭედზე: "დედოფალი მარიამ" - მხედრულით.