Jump to content

1772 წ. 01.15. - წყალობის წიგნი მეფე სოლომონ I-სა დავით იაშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ქიმ-815



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. სახელითა სახიერისა, არსება დაუსაბამოსა ღვთისა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, წმიდისა ღვთის მშობელისა და მარადის ქალწულის მარიამისათა, ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველს მყოფელისა ჯვარისათა და ყოველთა წმიდათა ზეცისა და ქვეყანისათა, ხორციელისა და უხორცოსათა, რომელიცა წმიდისა სვინაქსარისა შინა სწერია და წლითი წლად მოიხსენებიან; მათის მინდობითა, თავდებობითა და შვამდგომელობითა.

ესე საბოლაოდ გასათავებელი, ჟამთა და დროთა შეუცვალებელი, მტკიცე წყალობის წიგნი დაგიწერეთ და გიბოძეთ ჩვენ, ღვთივ გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან სოლომონ და თანამემცხედრემან ჩემმან, დადიანის ასულმან, დედოფალთ-დედოფალმან მარიამ და სასურველმან პირშომან ძემან ჩვენმან, ბატონისშვილმან ალექსანდრემ შენ, მღვდელს იაშვილს დავითს და შვილს შენსას მღვდელს გიორგის, მათეს და გრიგოლს და ბასილს, სვიმონს და ბეჟანს და სხვათა შვილთა და მომავალთა სახლისა შენისათა.

ასე და ამა პირსა ზედა, რომ შამოგვეხვერწეთ და ვისმინეთ შეხვეწა თქვენი და აღმოგიწერეთ საური საუკუნოდ არც ჩვენგან და არც შემდგომად ჩვენისა სხვათა მეპატრონეთაგან, თქვენს კაცს საური არ ეთხოოს და თქვენ დაიდევით თქვენს სახლში, რამდენიც რომ მწირველნი იქნებით, ჩვენის სულის საოხად წელიწადში თორმეტის საუფლოს ... საუკუნოდ აწ და უკუნისამდე ეს წყალობის წიგნი ჩვენ გვიბოძებია და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს ერდგულობაში. თუ თქვენ ჩვენი ერდგული იქნეთ და ბრძანების მორჩილი, არას დროს ეს ჩვენგან ბოძებული წყალობა თქვენ არ მოგეშალოს.

აწ რამაც კაცმან ეს ჩვენი ბოძებული წყალობის დაშლად ხელყოს, მეფემან ანუ კათოლიკოზმან, ბატონის შვილმან ანუ უფლისწულმან, დიდმან ანუ მცირემან, ისემც შეიშლების შჯულის ქრისტაიანობისაგან, მასამც რისხავს თავად დაუსაბამო ღმერთი და ყოველნი მისი წმინდანი ზეცისანი და ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი; მასამც ედების კეთრი გეზისა, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისი; წყეულ და შეჩვენებულიმც იქნება შვიდთა კრებათაგან, ათორმეტთა მოციქულთაგან, ოთხთა პატრიარხთაგან, ბატონისშვილის კათალიკოზის იოსებისაგან, ქუთათელ მიტროპოლიტის მაქსიმესაგან, მთავარებისკოპოსის ანტონისაგან და ყოველის სამღვდელო დასთაგან.

კაცთაგან არის ამისი მოწამე წულუკიძე პატა, ბერი და გიორგი. გამრიგე მისი სახლთ უხუცესი აბაშიძე დავით, მესხი თამაზა, მდივანი დავით და სულ ერთობით იმერელნი დარბაზის ერნი.

მე ავალიანს სვიმონს დამიწერია და მოწამეცა ვარ, ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდათორმეტს, თვეს იანვარს ი ე.


დამტკიცებულია სოლომონ მეფის რვაკუთხა, მცირე ზომის მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე - "მეფე იმერეთისა სოლომონ" - ასომთავრულით.

მინაწერი: "ქ. მე, ყოვლად სამღვდელო დადიანის კაციას ძე ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე ვამტკიცებ წიგნსა ამას ნებითა ღვთისათა“;

მინაწერი დამტკიცებულია მიტროპოლიტის დიდი ზომის ოთხკუთხა მურის ბეჭდით. წარწერა ბეჭედზე: „ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე“ - წარწერა შესრულებულია მხედრული ხვეული კალიგრაფიით.



საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის თარიღიანია. "ქრისტეს აქეთ ათას შვიდას სამოცდათორმეტს, თვეს იანვარს ი ე", რაც უდრის 1772 წ. 15 იანვარს.

პუბლიკაცია

[edit]