ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, 1635 წ. როსტომ მეფემ აჯანყებული არაგვის ერისთავის დათუნას მოსაკლავად გაგზავნა თურქისტანიშვილი და გაბაშვილი (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 439). მათ მეფის დავალება შეასრულეს და მოკლული ერისთავის თავი მეფეს მიართვეს. ვახუშტი ბატონიშვილი მათ სახელებით არ იხსენიებს. საფიქრებელია, რომ სწორედ ლეონ თურქისტანიშვილი ყოფილიყო როსტომის ბრძანების შემსრულებელი, რადგან დათუნა ერისთავის თანადროული მოღვაწე იყო და მეფის ერთგული, რის სანაცვლოდაც ზემომოყვანილი საბუთით ჯილდოდ ყმა-მამულის წყალობა მიიღო.