Jump to content

1635 წ. 12.02. - სოფლის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა შირვანის ბეგლარბეგ ფარუხანასადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Ad-624



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან როსტომ, ესე წიგნი მოგართუით თქუენ, შირვანის ბეგლარბეგს, ბატონს ფარუხანს, ასრე რომე, ჩუენი სახასო სოფელი კავთისჴევის ბოლოს, ხანდაკი, სამართლიანის საქმითა თქუენთუის მოგუირთმევია სამკუიდროდ და საბოლოდ ყოვლის კაცისაგან შემოუცილებრად.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკგ, ქრისტეშობის თუესა ბ.

ხვეული ხელრთვა: რ ო ს ტ ო მ

გვიანდელი მინაწერი: როსტომ მეფისა (ფანქრით).


საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (323) ქრისტეშობისთვის ბ (2), რაც უდრის 1635 წლის 2 დეკემბერს.

კომენტარები

[edit]

როდესაც როსტომი ქართლის მეფედ დაადგინეს, ქვეყანაში სპარსელთა ჯარის თანხლებით შემოვიდა. ჯარს მეთაურობდა როსტომ სააკაძე, რომელიც შაჰის კარზე დაწინაურებული პირი იყო. ქართლის თავადებმა როსტომს მორჩილება გამოუცხადეს, თუმცა მასთან არ მივიდა ფარსადან ციციშვილი, რომელსაც ძველი შუღლი ჰქონდა როსტომ სააკაძესთან. ამ უკანასკნელმა ფარსადანი დასაჯა და საციციანო მოარბია, რის გამოც როსტომ მეფესა და როსტომ სააკაძეს შორის კონფლიქტი ჩამოვარდა. როსტომ მეფემ იწყინა და სარდალს კაცი მიუგზავნა: `თავად საქართველო აოხრებული არის, რაც დარჩომილა, იმასაც თქვენ ამიოხრებთო, მაშ მე რისიღა ბატონი ვიქნებიო~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 240). დაძაბულობა ირანის შაჰმა განმუხტა. მისი ბრძანებით, როსტომ სააკაძე ვანის ციხესთან საბრძოლველად გაგზავნეს, ხოლო მის ნაცვლად ქართლში გამოგზავნეს შირვანის ბეგლაბეგი, რომელსაც ყარაბაღის ლაშქრით როსტომ მეფის ქეშიკში დგომა _ დაცვა ევალებოდა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 240). აქ შირვანის ბეგლარბეგი სახელდებით არ იხსენიება, თუმცა, როდესაც საუბარია როსტომ მეფის გადაწყვეტილებაზე ლევან დადიანის დასთან 116 _ მარიამთან ქორწინების შესახებ, ფარსადან გორგიჯანიძე აღნიშნავს, რომ `შირვანის ბეგლაბეგი ფარუხან გორს მოვიდა~ (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 241). საფიქრებელია, რომ სწორედ ამ დროს გაიღო როსტომმა აღნიშნული წყალობა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც არაქართული ოლქის მმართველი მეფის სახასო მამულიდან იღებს შეწირულებას . აღნიშნული ფაქტი კარგად წარმოაჩენს, რომ როსტომი ქართლსა და შირვანს სეფიანთა ირანის ერთიანი სივრცის ორგანულ ნაწილად მოიაზრებდა.

პუბლიკაცია

[edit]