Jump to content

1635 წ. 06.14. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა თაყა თუმანიშვილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: ხეც Ad-972.

პირები:

ხეც Hd-14676 2 ფრ.;
ხეც Qd-9037(რლ);
სეა 1450-03/197.


საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმან როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან პატრონმან მარიამ, ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და შეუშლელი და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ , ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად და წესისებრივ ნამსახურთა ყმათა, თუმანიშუილს თაყასა და ძმათა თქუენთა, მდივანს ბირთველსა და მანუჩარს და დავითს, შუილთა თქუენთა ბაინდურს და გიორგის, ნასყიდასა და მამუკასა, შუილთა და შვილისშუილთა სახლისა ჩამომავალთა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუიაჯენით, ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სომხითს ამოვარდნილის რამაზასი და გოჩიას კერძი მამული, რისაც მქონებელნი ჯილიზას სოფელში ყოფილან, ყოვლის მისის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა და ვენახითა, ნასყიდითა და უსყიდითა, საძებრითა და უძებრითა, ყოვლის მისის სამართლიანითა, უნაკლულოთ, ვიდრე მთითა ბარამდის. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულათ სამსახურსა შიგან.

აწე, უზედესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გიბრძანებთ, დიდნო და მცირენო და კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სომხითის ტარუღანო და მელიქნო, და სხუანო მოსაქმენო, დღეს ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ დღეის წაღმა ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე, ესე ჩუენგან ნაბოძები მამულის წიგნი და სიგელი თქუენცა ასრე დაუმკუიდრეთ და დაუმტკიცეთ, რომე, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანში ეწეროს. და ნუოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით. არაოდეს არ მოგეშალოს არა ჩუენგან და არც შემდგომად სხუათა მეფეთა და მეპატრონეთაგან.

ვინ იცის, ან ამას წინანდელი და ან ამას უკანდელი ამ მამულის წიგნი გამოჩნდეს, ამა ჩუენგან ნაბოძებს სიგლით გაგუიცუდებია და მტკიცე ოდენი ესე არის, თუივინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკგ, თიბათვის იდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა ყორღანაშუილის მერაბისითა., ესე ასრე გაგითავდეს.

ხვეული ხელრთვა: როსტომ

გვიანდელი მინაწერები:

ქ. ამ წყალობის წიგნის ასლი, მე, თუმანისშვილს, მდივნის გორჯასპის შვილს, მანუჩარსა მაქვს.
ამა წყალობის ფარვანზე თათრული ბრძანება და წყალობა ეწერა და ეგრეთვე ბეჭედიც იჯდა.
ქ. მეფესგან ნაბოძები წყალობის წერილის ასლიდგან უმეტნაკლებო გადმოვწერე. უღირსი მღვრდელი ტერ-სვიმონ ტერ-ოსეფოვი მოღნინის ეკლესიისა.
როსტომ მეფისაგან ნაბოძები წყალობის წიგნის პირი არის, ჯილიზის სოფლისა.


სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[edit]

ის (ღმერთი)

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ ბედნიერების საფარველთა: ბირთველის, თაყას, მანუჩარისა და ჯემშიდის მიმართ მაღალი ყურადღების მიპყრობის გამო, ჩვენ, ბირთველსა და ზემოთხსენებულ მის ძმებს ღორის წლის დასაწყისიდან თიულად დავუმტკიცეთ ის, რაც წინათ [სოფელ] ჯილიზაში გ ო ჩ ა ს და რ ა მ ა ზ ი ს თიული იყო. სოფელ ჯილიზას გ ო ჩ ა ს და რ ა მ ა ზ ი ს წილმა გლეხებმა ისინი [დასახელებული თუმანიშვილები] თავის თიულდარად უნდა ცნონ, სომხითის ოლქში მოქმედი წესისა და რიგის მიხედვით მალუჯათი და სახელმწიფო გადასახადი გადაუხადონ, არაფერი დაუკავონ. და როცა ეს ბრძანება მაღალი ბეჭდით აღიჭურვება, დაემორჩილონ მას.

დაიწერა 1045 წლის კურთხეული მოჰარამის თვეს.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს აქვს თარიღი: თარიღი: ქორონიკონი ტკგ (323), თიბათვის იდ, რაც გვაძლევს 1635 წლის 14 ივნისს. სპარსულ ტექსტშია 1045 წლის მოჰარამი, რაც შეესაბამება პერიოდს 1635 წლის 16 ივნისი - 15 ივლისი.

კომენტარები

[edit]

თუმანიშვილები _ ქართლის თავადები, სამეფო კარის მდივან-მწიგნობრები. ამ თანამდებობაზე მათი საგვარეულოს წარმომადგენლები უკვე XV საუკუნიდან ჩანან. ისინი მამულებს ფლობდნენ შიდა ქართლში, რომელსაც მეფისადმი გამოჩენილი ერთგულების გამო იღებდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ სვიმონ II-ს და ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც მის გვერდთ იდგნენ (იხ. დოკუმენტური წყაროები, 2019: 196-197). თაყა თუმანიშვილი მხოლოდ 1607 წლის საბუთში ჩანს მდივან-მწიგნობრად. ბირთველ თუმანიშვილი მოღვაწობდა მეფეების: სვიმონ II-ის, როსტომისა და ვახტანგ V შაჰნავაზის კარზე. იგი იყო მდივან-მწიგნობარი, შემდეგ მდივანთუხუცესი. მას აქვს მკვეთრად გამორჩეული ხელწერა და დამახასიათებელი კალიგრაფია. მდივანი იყო მანუჩარიც, ამასთანავე ფლობდა მერიქიფეთხუხუცესისა და მორდალის სახელოებს. ნიშანდობლივია, რომ თუმანიშვილებისადმი ბოძებულ საბუთებს სხვა გვარის წარმომადგენელი წერდა, მოცემულ შემთხვევაში, მერაბ ყორღანაშვილი. ისევე, როგორც ყორღანაშვილები თვითონ არ წერენ მათთვის ბოძებულ წყალობის წიგნებს. .

პუბლიკაცია

[edit]