Jump to content

1635 წ. - მამულის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა გიორგი სააკაძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Ad-1010



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმ(რ)თისათა, ჩუენ, მეფეთ-მეფემან პატრონმა როსტომ, და თანამეცხედრემან ჩუენმა დედოფალთა-დედოფალმან პატრონმა მარიამ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერდგულთა და მრავალფერად თავდადებით|6 ნამსახურთა ყმათა, სააკაძეს გიორგის და თქუენთა შვილთა: ივანეს, ზურაბს, პაპუასა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და ატენს მირზიას ნაქონს მამულს გუიაჯენით, ჩუენცა მოკითხული ვქენით და ძველითგანც მეფეთაგან მირზიას მამული ს ი ო ნ თ ა ღმრთისმშობლისათვის შეწირული ყოფილიყო და მისი აღაპი და კანდლის ზეთი ბეგრად ედვა.

აწე, შეგიწყალეთ და ამა წესით გიბოძეთ, რაცა მირზიას ს ი ო ნ თ ა ღმრთისმშობლის ვენაჴი და საჴნავ-სათესი ჰქონებოდეს, შესავალი და გამოსავალი, ასრე რომე, რაც იმისი აღაპი და ზეთი იმ მამულს ედვას, საყდარს მიართვემდეთ და სამამულოდ თქუენთვის და თქუენთა შვილთათვის გუიბოძებია, სამკუიდროთ და საბოლოვოდ, ასრე რომე, არა მოგეშალოს არა ჩუენგან და არცა შემდგომათ სხუათა მეპატრონეთაგან. გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბრძანებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანო და სხუანო მოსაქმენო, ატენის ტარუღანო და მოჴელენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას მოუშლით და შეეცილებით.

დაიწერა ბძანება და ნიშანი ესე ქორონიკონს ტკგ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა თუმანიშვილის ბირთველისათა.

ხვეული ხელრთვა: რ ო ს ტ ო მ

გვიანდელი მინაწერი ვერსო-ზე: ატენის მამულის წიგნია სააკაძე გიორგისა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკგ (322), რაც უდრის 1635 წელს.

კომენტარები

[edit]

გიორგი სააკაძე - ატენის მოურავი, ივანეს ძე. დიდი მოურავის განაყოფი შტოს წარმომადგენელი. მას მირზასეული ვენახი თეიმურაზ I-მა უწყალობა (იხ. დოკუმენტური წყაროები, ტ. I, გვ. 266).

პუბლიკაცია

[edit]