Jump to content

1634 წ. 06.17. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა დავით ელიოზისძე-გედევანიშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Qd-38 ბ



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი, შეუშლელი და შეუცვალებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა მკუიდრსა და მრავალფერად ერდგულობით ნამსახურსა ყმასა, ელიოზიძეთა - გედევანისშუილთა: დავითს და გაბრიალს და პეტრეს, და ძმისწულთა: პაპუნას და ქაიხოსროს, შუილთა და მომავალთა სახლისა თქუენისთა, ყოველთავე.

ასრე და ამა პირსა ზედან, რომე, რისაც მამულისა და ან სახელოს და ან სამკუიდროსა და ან ნაწყალობევისა ნასყიდობის მქონებელნი თქუენ და თქუენი მამა-პაპანი ყოფილიყვნეთ, ჩუენც უკლებრივ ყოვლის კაცისგან უცილებლად და შემოუსარჩლელად გუიბოძებია. უჩვენომ კაცმან, ვერც მამულისმან და ვერც სახელოსმან, ვერვინ დაგამცროს, ვერცა დიდმან და ვერცა მცირემან, ესე ასრე ყოველს ჟამს გაგითავდეს.

აწე, უზედესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გიბრძანებთ, დიდნო და მცირენო ერთობილნო, მერმე ამ ელიოზიძეთა, ვისგანაც მამულები ეყიდოს, ნურას კაცს ჴელი ნუ გაქუს, რარიგადაც ამ წიგნში ეწეროს, თქუენცა ამრიგად გაუთავეთ, ნუროდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით.

ქორონიკონს ტკბ, თიბათვესა იზ, ჴელითა მწიგნობრისა ყორღანაშუილის მერაბისთა. ესე ასრე გაუთავდეს.

ხელრთვა: როსტომ მსხლის ფორმის ბეჭედი როსტომის ლეგენდით: ყაენის ფერჴთა მტუერი, როსტომ მეფე ვამტკიცებ.

საბუთის ტექსტის (თითქმის შუაში) დასმულია ორი მცირე ზომის სპარსული ბეჭედი: 1. ოთხკუთხა, წარწერით: - "ალის ფეხთა მტვერი მანუჩარი"; 2. ოვალური, წარწერით: - "ო, უძლურთა შემწევ."

კომენტარი

[edit]

ელიოზისძე-გედევანიშვილები - მცხეთიშვილები, იყვნენ საეკლესიო აზნაურები, მოგვიანებით გათავადდნენ. კათალიკოსის კარზე მოღვაწეობდნენ და ფლობდნენ მაღალ თანამდებობებს. დავითი იყო სვეტიცხოვლის ჯვრისმტვირთველი და სარდალი. ისინი სარგებლობდნენ კათალიკოსთა წყალობით. მოცემული საბუთით დავითს კუთვნილი მამულები და სახელო მეფე როსტომმა განუახლა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტკბ (322), თიბათვის იზ, რას უდრის 1634 წლის 17 ივნისს.

პუბლიკაცია

[edit]