Jump to content

1634-1636 წწ. - უვნებლობის ფიცის წიგნი როსტომ მეფისა ყაფლანბეგ ბარათაშვილისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი: - Hd-1919



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. არსება-დაუსაბამოსა ღ(მრ)თისა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა; თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმინდისა დედოფლისა ჩუენისა ღ(მრ)თისმშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისით; წმინდათა ზეცისა ძალთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა: მიქიელ და გაბრიელისითა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომლობითა, ესე წყალობისა ფიცი, პირი და წიგნი გიბოძეთ ჩუენ, მეფემან, პატრონმან როსტომ, დედოფალმა, პატრონმან მარიამ, თქუენ, ბარათაშვილს, პატრონს ყაფლან-ბეგს.

ასრე და ამა პირსა ზედა, რომე, ამა საქმეზედა შენ ჩუენგან და არცა ჩუენის სიტყვის მომსმინოს კაცისაგან, არცა სიკუდილითა, არცა გახეიბრებითა, არცა ჴელთ-დაჭერითა, არცა მამულის დამცრობითა, არცა სხვარიგათ უპატიოდ მოპყრობითა არა დაგიზიანდეს-რა. ამისად გასათავებლად, თავდებად მოგვიცემია თავად ღ(მერ)თი, ყოველი მისი წმიდანი ზეცისა და ქუეყანისანი, ჴორციელი და უხორცონი.

ხელრთვები: როსტომ, მარიამ

ვერსო-ზე მინაწერი გვიანდელი ხელით: როსტომ მეფის საფიცრის წიგნი.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა. დათარიღებისათვის ქვედა ზღვრად აღებულია როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ქორწინების წელი (1634), ზედა ზღვრად – ყაფლან ბარათაშვილის მდივანბეგად მოხსენიების პირველი წელი (1636). ამრიგადაა მიღებული საბუთის თარიღი – 1634-1636 წლები.

კომენტარები

[edit]

ყაფლან (ყაფლანბეგ) ბარათაშვილი _ ფლობდა მდივანბეგისა და სახლთუხუცესის თანამდებობებს. ყოველთვის გამოირჩეოდა პროსპარსული ორიენტაციით. როდესაც 1619 წელს, მისმა ბიძამ _ ბარათა ბარათაშვილმა სათავადოს ერთპიროვნული მმართველობის მოპოვების მიზნით სახლიკაცები გაანადგურა, მან ირანს შეაფარა თავი (ვახუშტი ბატონიშვილი, 1973: 428). ქართლში დაბრუნებულმა სიმონ II-ის მხარე დაიკავა და მისი წყალობითაც სარგებლობდა. ზემომოყვანილი საბუთი ცხადყოფს, რომ მეფე როსტომი დაინტერესებული იყო მისი მხარდაჭერით და თავის ერთგულ პირად მიიჩნევდა.

პუბლიკაცია

[edit]