Jump to content

1633 წ. 03.23. – ზემო ქართლის სარდლობის წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ბეჟან ამილახორისადმი

From Wikisource

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:


საბუთის ტექსტი

[edit]

2021 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი II - N 1
1633 წ. 23 მარტი. წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ბეჟან ამილახორისადმი


ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან რ ო ს ტ ო მ , ესე წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და მოგახსენეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა, ამილახორს, პატრონს ბეჟანს, მას ჟამსა, ოდეს ლიეხუს ზედათ ქართლის ქუეყანა თქუენის სახლისკაცის სასარდლო ყოფილიყო.

აწე, ჩუენცა შეგიწყალეთ და ლიეხუს ზედათის თავადისა, აზნაურისშვილისა, ბერისა და ერთობილთ ყოვლის კაცისა, რარიგადცა ამას წინათ თქუენის სახლისკაცი სარდარი ყოფილა, იმავე რიგითა და წესითა, სარდლობა თქუენთვის გუიბოძებია. როდისცა ჩუენი წიგნი და ბძ(ანე)ბა მოგივიდეს, რარიგადცა მოგახსენოთ, იმრიგად შეიყარეთ და სადაც ჩუენი ბძანება იყოს, იქ შემოგვეყარენით. რაც კაცი დაგაკლდეს და ჩუენი ბძანება გატეხოს, რითაც სამართლით ემართლებოდეთ, გაუწყერით, გარდააჴდევინეთ და ჩუენი ბრძანება და სამსახური გაათავეთ.

ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკა, მარტს კგ.

verso-ზე მინაწერები:

# 1633 წ. ადაწერილია; # სასარდროსა არის; # სასარდლობა ამ ზემო ქართლის სარდლობისა.


სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[edit]

ის (ღმერთი) არის ყოვლად მოწყალე

გამოვიდა მაღალი ბრძანებულება მასზე, რომ რადგანაც ძველითგანვე სიდიადის თავშესაფარის, კეთილშობილი, დიდებული და ბედნიერებით მოსილი ბეჟან-ბეგ ამილახვარის მამა-პაპა სარდლები იყვნენ, ჩვენც, მივეცით რა მას ალამი, იმავე წესით გავხადეთ ის სარდლად. საჭიროა, რომ ის ხალხი, რომელიც ძველი დროიდანვე ხსენებულის წინაპართა ხელქვეითი იყო და მათი დროშის ქვეშ ეწეოდა თავდადებულ სამსახურს, - იმავე წესით [და რიგით] ხსენებულ [ბეჟან-ბეგმა] ისე დასაჯოს ის და გარდაახდევინოს, რომ სხვებისათვის გაკვეთილი იქნეს ეს. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ, ნაბრძანებს წინააღმდეგობა არ გაუწიონ და ყოველ წელს ახალ ბრძანებას ნუ მოითხოვენ. და როცა ბრძანება მაღალი ბეჭდით აღიჭურვება - ერწმუნონ მას. დაიწერა 1042 წლის კურთხეულ რამაზანის თვეში.

ბოლოში უზის როსტომის სპარსული ბეჭედი, შემდეგი წარწერით:

ქვეყნისა და დროის ხელმწიფემ, დიდსულოვანმა შაჰ სეფიმ, წყალობა მოიღო მის მონაზე და როსტომ-ხოსრო მიწოდა.


საბუთის დათარიღება

[edit]
 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტკა (321), მარტის კგ, რაც უდრის 1633 წლის 23 მარტს.

სპარსული საბუთის თარიღი 1042 წლის რამაზანი შეესაბამება 1633 წლის 11 მარტი - 10 აპრილი.

კომენტარები

[edit]
2021 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი II - გვ.47-48

ბეჟან ამილახვარი - ქართველი დიდებული. ცხოვრობდა ირანში. 1633 წელს იგი ქართლის მეფედ დანიშნულ როსტომს ჩამოჰყვა ირანიდან. ირანიდან გამოყოლილ წარჩინებულთა შორის ფარსადან გორგიჯანიძე ბეჟანს პირველ ადგილზე ასახელებს (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 239). როსტომმა იგი დაუპირისპირა იოთამ ამილახორს, რომელმაც მხარი თეიმურაზ I-ს დაუჭირა. ამიტომ იოთამს ჩამოართვეს ამილახორობა და სხვა საგვარეულო სახელოებთან ერთად გადასცეს ბეჟანს - ზემო ქართლის სარდლობა და გორის მოურავობა. ზემომოყვანილი საბუთი ცხადყოფს, რომ ბეჟანი საამილახოროს მეთაურად როსტომს ქართლში გამეფებისთანავე, 1633 წელს, დაუნიშნავს. (გვრიტიშვილი, 1955: 402).

პუბლიკაცია

[edit]