დავსხედით ჩუენ, მეფე პატრონი ბაგრატ და შემოვისხით გარე დარბაზის ერნი ჩუენი და ჴელ[ნ]ი, ერთად შევდეგით ქუეშე სამართალსა უფლისასა ჩუენისასა, და დავიდევით დიდი შიში დღისა იმ დიდისა, რომლისა განიკითხებიან სამართლითა ცრუნი და მართალნი.
თუ წადგეს ერისთავი პატრონი ნუგზარ და პატრონი ბაინდურ თორმეტის აზნაურშვილითა და ასრე შეჰფიცოს მუხრან ბატონებსა , რომე მლაშე სამუხრანო არ ყოფილიყოს და საერისთო ყოფილიყოს, დაუდვას მუხრან ბატონებმან ერისთავსა.
და თუ ერისთავმან ვერ შეჰფიცოს, წადგეს პატრონი თეიმურაზ და პატრონი ქაიხოსროვ თორმეტის აზნაურშვილითა და ასრე შეჰფიცოს, რომ მლაშე საერისთო არ ყოფილა, მუხრანბატონისა ყოფილა, ერისთავი არას ემართლების და დაუდვას მუხრანის ბატონებსა.
კიდევე, რაც ერთმანეთისა ნაცარცვი და ნაქურდალი მათსა მამულშიგა იყოს, ჩუენ ორნი საბატონო კაცნი უჩინოთ, რაცა ჩნდეს, ის უკლებლად ერთმანეთსა შეაქცევინონ. და რაც არა ჩნდეს, რა რიგადცა იმ ორმან საბატონომ კაცმან უთხრას და გაუჩინოს, იმრიგად გარდასწყვიტონ.
რომელიც ამ პირობას გარდაჰხდენ, თავადამც მღრთისა და ბედნიერის ყაენისა შემცოდე იყოს და მერმე ჩუენისა მეფობისა და ჩუენის დარბაზის ერთა მტერია.
2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.137-138
1. ნუგზარ ერისთავი - არაგვის ერისთავი XVII საუკუნის პირველ ოცეულში. არაგვის საერისთავო კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ნუგზარი მეფე ალექსანდრე II-ს ემიჯნებოდა და როგორც დამოუკიდებელი ხელისუფალი, კახეთში მიმავალი რუსი ელჩებისაგან ძღვენს თხოულობდა. დაპირისპირებული იყო ჩერქეზ ბატონთან. ნუგზარი არ ეპუებოდა არც მეფე ლუარსაბ II-ს და არც თეიმურაზ I-ს. ნუგზარის ასული ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძეს. შეთქმულებისგან გამოქცეულმა გიორგი სააკაძემ სწორედ ნუგზარს შეაფარა თავი ცოლშვილიანად, ხოლო შემდეგ ერთად წავიდნენ შაჰ აბასის კარზე (ბერი ეგნატაშვილი, 1959: გვ. 391). შაჰმა ნუგზარი წყალობით აავსო და იგი მამულს დაუბრუნდა. ნუგზარი განჯაში ეახლა საქართველოს ასაოხრებლად წამოსულ შაჰ აბასს. სავარაუდოდ, მან მონაწილეობა მიიღო ამ ლაშქრობაში, ვინაიდან არაგვის საერისთავო არ აუოხრებიათ. ნუგზარ ერისთავი 1618 წლის ახლო ხანებში გარდაიცვალა.
2. თეიმურაზ მუხრანბატონი - ვახტანგ მუხრანბატონის ძე, მუხრანის თავადი 1580-1624 წწ. მონაწილეობდა 1609 წ. ოსმალთა და თათრების ლაშქრობის წინააღმდეგ ბრძოლებში. იგი დაიღუპა 1625 წელს მარაბდის ბრძოლაში. "მხნედ მებრძოლი მოკლეს თეიმურაზ მუხრან ბატონი და განჴდა ხმა. ჰგონეს ყოველთა კახბატონის სიკუდილი" (ბერი ეგნატაშვილი, 1959: გვ. 409).